კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქცა მარანში ნაპოვნი პაპისეული ხმალი სოსო მანიჟაშვილის კოლექციის ნიმუშად და რამდენი სახეობის კოლექციის მფლობელია ის

ისტორია, ფერწერა, მუსიკა, ნადირობა, ჭედურობა, წარსული, სიძველეები, წინაპრები... – ეს იმ თემათა არასრული ჩამონათვალია, რასაც ჩვენი რესპონდენტის, ჯგუფ „ემის” მომღერლების – ეკა და ია მანიჟაშვილების მამის, ბატონი სოსოს ოჯახში სტუმრობისას შევეხეთ. ჩვენი მოლოდინი გამართლდა – ოჯახის უფროსი საინტერესო მოსაუბრე და მრავალმხრივი ინტერესების მქონე პიროვნება აღმოჩნდა. მის უამრავ ინტერესს ასეთივე მრავალფეროვანი კოლექციები ახლავს, რაც, საბოლოო ჯამში, საშუალებას გვაძლევს, გადაჭარბების გარეშე ვუწოდოთ ბატონ სოსოს კოლექციების კოლექციონერი. „თბილისელებმა” სიამოვნებით დავათვალიერეთ ყველა ეს კოლექცია. ერთი სიტყვით, ინტერვიუმ საინტერესოდ ჩაიარა და დროც შეუმჩნევლად გაგვეპარა. კოლექციების პარალელურად, არ შემიძლია, ჩემი აღფრთოვანება არ გამოვხატო ოჯახის პატარა წევრის – 2 წლის ნატალიას მიმართ, რომელიც ცდილობდა, თავისი ტიტინით ჩვენი ყურადღება მიეპყრო, რაც წარმატებით გამოსდიოდა კიდეც.

სოსო მანიჟაშვილი: თავდაპირველად დავიწყე ანტიკვარული სარკეების შეგროვება: ჯერ ერთი შევიძინე, მერე მეორე, ბაბიაჩემის ნაქონი სარკის რესტავრაციაც გავაკეთებინე. მერე კიდევ, მერე კიდევ... შემდეგ გავჩერდი, ცოტა არ იყოს, შემეშინდა.

– რის შეგეშინდათ?

– ხომ ამბობენ, ვისაც ეს სარკე ეკუთვნოდა, იმისი სული ბუდობს მასშიო. ამ ინფორმაციას, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ ვიჯერებ, მაგრამ ამის გაგებამ სარკეების შეგროვების სურვილი დამაკარგვინა.

ამის შემდეგ პაპაჩემის ნაქონი ვერცხლისტარიანი ხანჯალი ვიპოვე მარანში, აღვადგინე, გავწმინდე, მოვუარე. მამაკაცი და იარაღი ცალკე თემაა, მით უმეტეს, ჩემნაირი პიროვნებისთვის, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარს სიძველეები, წინაპრები... ყველასა და ყველაფრის ისტორია მაინტერესებს...

– თან, როგორ გაგიმართლათ – მეუღლეც ისტორიკოსი გყოლიათ.

– (იცინის) გამიმართლა რომელია... ის ჩემ გვერდითაა ყველგან და ყველაფერში. სხვათა შორის, ეს ხანჯალი მისი ნაჩუქარია. ზოგიერთი მე შევიძინე, კიდევ რამდენიმე მაჩუქეს და, მოკლედ რომ მოგახსენოთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემმა ამ გატაცებამაც კოლექციის სახე მიიღო.

ამის შემდეგ ფერწერული ტილოებით დავინტერესდი. დღეს ჩემს კოლექციაში ნახავთ ნიჟარაძის, კალანდაძის, მირზაშვილის ტილოებს. ჩუბჩიკა განსაკუთრებულად მიყვარდა.

– ამ ნატურმორტის ავტორი ვინ არის?

– ეს მე შევიძინე მშრალ ხიდზე. ფაჩოშვილის ნამუშევარია. სხვათა შორის, როდესაც გავესაუბრე, მითხრა, რომ ახალი ჩამოსული იყო მოსკოვიდან და მისი ძალიან ბევრი ნამუშევარი ალა პუგაჩოვას ჰქონია შეძენილი.

ამ ნამუშევარს დააკვირდით: მასზე ყველაწმიდის ტაძარია გამოსახული. ეს ტაძარი, საიდანაც მე გახლავართ წარმოშობით, იმ სოფლის თავზე მდებარეობს. ის ერთადერთი ორგუმბათიანი ტაძარია ჩვენში. ამჟამად მამათა მონასტერია მასში განთავსებული. თქვენი არ ვიცი და, მე ეს ნამუშევარი ძალიან მომწონს.

– მეც მომწონს. ეს დათვის ტყავი როგორ მოხვდა თქვენს ოჯახში – თქვენი, როგორც კოლექციონერის კიდევ ერთი ექსპონატია, თუ ნადირობა გიტაცებთ?

– ნადირობაზეც არ ვარ უარზე, თუმცა, ეს მურა დათვის ტყავი ჩემთან – როგორც კოლექციონერთან ისე მოხვდა. მაჩუქეს. ეს მგელია, ეს – ტურა, აი მელიაც, მის გვერდით კვერნაა, აი, ენოტიც; იხვი, რომლის ფიტულსაც ხედავთ, ლაგოდეხშია მოკლული. ეს ხოხობი, 1980 წელს ალაზანზე ნადირობისას დაიჭრა. ჩვენ ბუჩქებში ვიპოვეთ, წამოვიყვანე სახლში და ექვსი თვე ვაცოცხლე, მეტი ვერა, სამწუხაროდ...

ამით არ მთავრდება, კიდევ მაქვს რამდენიმე გატაცება.

– კერძოდ? იმედია, დაგვათვალიერებინებთ.

– სიამოვნებით. ეს არის ძველებური აბაჟურები. ჩემი პირველი მეუღლის ნათესავთან ვნახე და, რომ შეიტყო, რომ ამგვარი სიძველეები მაინტერესებდა, სულგრძელად გადმომცა. ჯერ ხომ გარეგნულად მომწონს, მერე კიდევ, განსაკუთრებით სასიამოვნოა ჩემთვის მათი აღდგენის პროცესი, ჩხირკედელაობა საინტერესოა. ათობით აბაჟური მაქვს.

რაღაც მიმართულებას ავირჩევ, ვაგროვებ ნივთებსაც, ინფორმაციასაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, სხვა რაღაცაზე გადავერთვები ხოლმე.

ბოლო რამდენიმე წელიწადია, ინსტრუმენტების კოლექციის გამრავალფეროვნებით ვარ გატაცებული, თუმცა მათი შეგროვება მაშინ დაიწყო, როდესაც მამაჩემმა პირველი გიტარა მაჩუქა. ეს ჩეხური გიტარა გოგოებისაა. ცოტა არ იყოს, სწყინთ, რომ არ გავატანე, როდესაც გათხოვდნენ, მაგრამ ეს ინსტრუმენტი ხომ მოგონებაა ჩემთვის, რომელიც აქ ინახება, თან როგორ ინახება!.. კიდევ, იცით რა? ღმერთმა დიდხანს მაცოცხლოს და, რომ გარდავიცვლები, თან ხომ არ წავიღებ, ისევ მათი არ იქნება?!..

ფანდურებიც მაქვს – საკმაოდ ძველი. ერთი გასულ საუკუნეშია დამზადებული, – პაპაჩემს ეკუთვნოდა, მეორე კიდევ უფრო ძველია. აქვეა გერმანული აკორდეონი „ველტმეისტერიც”, ნახეთ, რა ლამაზია და, რაც მთავარია, საუკეთესო მდგომარეობაშია შენახული. ეს ვიოლინოც გერმანულია. მაქვს დოლიც, კიდევ, სამი ტამტამი, რომელთაგან ორი დეიდაშვილმა ტუნისიდან ჩამომიტანა და მაჩუქა. ძალიან მიყვარს ჩასაბერი ინსტრუმენტებიც: საქსოფონი, კლარნეტი...

ცალკე აღნიშვნის ღირსია ეს როიალი – „freresdiederichs”. მოვიძიე ინფორმაცია, დიდრიხტი გვარი ყოფილა იმ პიროვნებისა, რომელსაც როიალების წარმოება დაუწყია 1811 წლიდან. თავიდან ორი ხელოსანი ჰყოლია მხოლოდ. დროთა განმავლობაში წარმოება გაუფართოებია. იგი ძირითადად პეტერბურგში საქმიანობდა, სადაც იმხანად ფორტეპიანოს 21 ფაბრიკა ყოფილა. დიდრიხტის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ორმა ვაჟმა განაგრძო მამის საქმიანობა. შემდეგ კი ეს ძმები გაიყვნენ. ერთი თავდაპირველი სახელით განაგრძობდა მოღვაწეობას, მეორე კი „გეიერის” როიალებს უშვებდა. ორივემ სახელი მოიხვეჭა. ძალიან ბევრი მედალი აქვთ მიღებული. 1917 წლიდან, ანუ რევოლუციის შემდეგ, ამ როიალებისა და მისი მწარმოებლების ხანა დასრულდა. „didrixt freSisa” და დანარჩენების შთამომავალი კი არის „კრასნი ოკტიაბრ”.

ყველაზე პატარა ზომის როიალი იწყება 1,10 მეტრიდან და შემდეგ იზრდება ზომაში. ჩემი 1.80 მეტრია, მაგრამ მაინც კაბინეტის როიალად ითვლება.

მაქვს „როინიშის” ფორტეპიანოც, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარშია დამზადებული. ყოფილა ვინმე სუზანაბჯიანი, რომელსაც თბილისში ინსტრუმენტები შემოჰქონდა და თავის საფირმო დამღას არტყამდა. ამ ფორტეპიანოსაც ეს დამღა არტყია. მისი კლავიატურა სპილოს ძვლისგანაა დამზადებული.

ძალიან მინდა შევიძინო ჩელო.

– თქვენ თუ უკრავთ ამ ინსტრუმენტებზე?

– ცოტა-ცოტას ყველა ინსტრუმენტზე ვუკრავ, მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, შემსრულებელზე უკეთესი მსმენელი ვარ. როდესაც ეკა და ია მოვლენ ხოლმე, მაშინ უნდა ნახოთ, რა ხდება ამ ინსტრუმენტებსაც უხარიათ...

– ეწყობა ხოლმე მანიჟაშვილებში სოლო კონცერტები?

– (იცინის) ჰო, ასეც შეიძლება ითქვას, სიძეებს თუ არ ეწყინებათ... ამ კოლექციის არსებობა თუნდაც მარტო ამ მომენტისთვის ღირს...

– ჩემი აზრით, სულაც არ იქნება გადაჭარბებული, კოლექციების კოლექციონერი რომ გიწოდოთ.

– მინდა გითხრათ, რომ თითოეული ეს კოლექცია ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპს მახსენებს, ის ჩემი სულის ნაწილია.


скачать dle 11.3