კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ნანობს ყველაზე მეტად ქეთევან კანტიძე და რატომ არ გათხოვდა ის თავის დროზე

ქალბატონი ქეთევან კანტიძე მარჯანიშვილის თეატრში დასის გამგე გახლავთ. ის, ასევე, მსახიობობასაც ითავსებს და სხვადასხვა სერიალსა თუ ფილმში ძალიან საინტერესო და სახასიათო როლებს ასრულებს. თუმცა, მისი ბავშვობის ოცნება მსახიობობა ნამდვილად არ ყოფილა, მას სულ სხვა პროფესია ჰქონდა არჩეული, მაგრამ, გარკვეული მიზეზების გამო, საბოლოოდ, უარი თქვა თავის არჩევანზე.

ქეთევან კანტიძე: მე პროფესიით მსახიობი არ ვარ. თეატრალური უნივერსიტეტი კი მაქვს დამთავრებული, ოღონდ, ხმის სარეჟისოროს ფაკულტეტი. შემდეგ რუსთაველის თეატრში ვმუშაობდი, რეჟისორის თანაშემწედ. მოკლედ, თითქმის მთელი ჩემი ახალგაზრდობა მსახიობებისა და რეჟისორების გარემოცვაში ვიყავი. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრ რეჟისორთან ვმეგობრობ და, როცა ფილმებს იღებენ, სულ მეძახიან და პატარა სახასიათო როლს მაძლევენ. ყოველთვის მქონდა მსახიობობის ნიჭი, მაგრამ, იმდენად მინდოდა, მუსიკოსი გავმხდარიყავი, გადავწყვიტე, კონსერვატორიაში ჩამებარებინა.

– თუმცა, კონსერვატორია არ დაგიმთავრებიათ...

– ეს ჩემთვის ყველაზე მტკივნეული საკითხია. ხუთი წელი ვცდილობდი კონსერვატორიაში ჩაბარებას, მაგრამ ყოველ წელს ნახევარი ქულა მაკლდებოდა. წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა. ბოლოს, გადავიფიქრე მუსიკოსობა. პიანინოს დანახვა აღარ მინდოდა. სასწრაფოდ გავყიდე, რომ აღარ დამენახა (იცინის).

– ამჟამად მარჯანიშვილის თეატრში დასის გამგე ხართ. თქვენს მოვალეობაში შედის მსახიობების კონტროლი. მკაცრი ხართ?

– ძალიან მკაცრი ვარ. საერთოდ, რასაც მე ვაკეთებ, ეს საქმე ძალიან ცუდია: უნდა შევამოწმო, მსახიობები მოვიდნენ თუ არა დროზე, თუ არ მოვიდნენ, მოვუხსნა ხელფასი ან დავუქვითო. თუმცა, მარტო ეს არ შედის ჩემს მოვალეობაში. მე მევალება, კარგი პირობები შევუქმნა მსახიობებს სამუშაოდ, დავიცვა მათი უფლებები.

– თქვენ ერთ-ერთ ძალიან საინტერესო როლს ასრულებთ სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”, როგორ მოხვდით ამ სერიალში?

– სანამ ამ სერიალში გადამიღებდნენ, მანამდეც მქონდა შეხება სერიალებთან. ესენი იყო „ასსა”, „ეჰ, მეგობარო”. რაც შეეხება სერიალს „გოგონა გარეუბნიდან”, როდესაც ქასთინგი გამოცხადდა მივედი, ვენერას როლის შესრულებას ვაპირებდი, მაგრამ, მითხრეს, რომ ამ როლისთვის ახალგაზრდა ვიყავი, თუმცა, ისე მოეწონათ ჩემი თამაში, რომ, ამიყვანეს და დოდოს როლი მომცეს. მართალია პატარ-პატარა ეპიზოდები მაქვს, მაგრამ მე მაინც ძალიან მომწონს.

– სურვილი არ გაგჩენიათ, უფრო სერიოზული და მთავარი როლები შეგესრულებინათ?

– სურვილი, რა თქმა უნდა, მაქვს. ახლახან ვიყავი ერთ-ერთი ფილმის სინჯებზე, რომლის რეჟისორია გიორგი ფარაჯანოვი, სადაც ძალიან სერიოზული როლი მაქვს. ასევე, ვითამაშე დიტო ცინცაძის ფილმში „მედიატორი”, კიდევ იყო რამდენიმე ფილმი და სერიალი, სადაც ძალიან საინტერესო როლები მქონდა.

– თავიდან მითხარით, რომ მსახიობი არ ვარო, მაგრამ, იმდენი ფილმი დამისახელეთ, რომლებშიც მონაწილეობა გაქვთ მიღებული, მსახიობი როგორ არ ხართ?!

– იცით რა, ძალიან მეშინია, რომ ჩემი მსახიობები არ გამიბრაზდნენ (იცინის), რადგან, ისინი პროფესიით მსახიობები არიან, მე კი – არა. ხუმრობით მეუბნებიან ხოლმე, ნუ გვართმევ ლუკმაპურსო (იცინის).

– ცხოვრებაში ყველაფერს მარტივად აღწევდით ხოლმე თუ ბევრი შრომა დაგჭირდათ თქვენი ადგილის დასამკვიდრებლად?

– არა, მარტივად არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. მე ურთულესი ცხოვრება განვვლე (იცინის). ამას ახლა ხუმრობით ვამბობ, მაგრამ, მართლაც ასე იყო. ჯერ, ერთი ხუთჯერ ვაბარებდი კონსერვატორიაში და ნახევარი ქულა მაკლდებოდა ყოველთვის. ეს იყო ჩემთვის ტრაგედია. ბოლოს, იმდენად გავმწარდი, რომ უარი ვთქვი ამ პროფესიაზე და, როგორც უკვე გითხარით, სულ სხვა სპეციალობაზე ჩავაბარე.

– საერთოდ, თუ რაღაცას ვერ მიაღწევთ, ხელს იქნევთ ხოლმე თუ ბოლომდე იბრძვით?

– არა, მებრძოლი ხასიათი არ მაქვს. ვფიქრობ, რაც შენი ბედია, იმას ყოველთვის მიიღებ. თუნდაც მსახიობობა ავიღოთ: თუ რეჟისორს არ მოვეწონე, რაც არ უნდა ვიბრძოლო, არ მგონია, ამით რამე შეიცვალოს. მაინც იმ მსახიობს აიყვანს, რომელიც მას უნდა. მე მირჩევნია, ძალით არავის არაფერი გამოვტყუო. რაც მეკუთვნის, იმას კი ყოველთვის მივიღებ. მირჩევნია, პატარა როლი შევასრულო და სამართლიანად მოპოვებული, ვიდრე მთავარი როლი და – უსამართლოდ.

– ყველაზე ბედნიერად თავს როდის გრძნობთ?

– ყველაზე ბედნიერად თავს ვგრძნობ გადასაღებ მოედანზე. ამ დროს ვარ ყველაფრისგან თავისუფალი, სრულიად დასვენებული, სულ სხვა ადამიანი ვხდები. თუ ცხოვრებაში საჭიროა, ვიყო ცოტა ავი, ბრაზიანი, გადაღებების დროს ეს პრობლემები არ მაწუხებს. არ მაქვს გასაკეთებელი არანაირი საოჯახო საქმე და ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება (იცინის). ვგიჟდები კინოსამყაროზე, ეს არის ჩემთვის ყველაფერი.

– ძალიან რთული და შრომატევადი სამსახური გაქვთ და საოჯახო საქმეებისთვის თუ იცლით?

– დილის 9-დან 10-მდე გამოვდივარ სამსახურში და ღამის 11-ზე შევდივარ სახლში. აბა, რა უნდა მოვასწრო, მითხარი და მოვასწრებ (იცინის). ერთადერთი, ორშაბათი დღეა თეატრში დასვენება, მაგ დღეს კიდევ, სულ გადაღებები მაქვს. თუმცა, სულ რომ არაფერს ვაკეთებდე, ასეც არ არის. დილით სამსახურში გამოსვლამდე სადილს ვამზადებ ხოლმე და ვტოვებ. ან – ღამით, 3 საათზე. სანამ დავიძინებ. ერთადერთი, სახლის დალაგება არ მიყვარს, საჭმლის გაკეთებას კიდევ აიტანს კაცი (იცინის).

– დეპრესიული პერიოდები გახასიათებთ? თუ, თქვენი იუმორის წყალობით, მსგავს სიტუაციებში არ ხართ ხოლმე?

– იუმორის გრძნობა ნამდვილად ძალიან მეხმარება, დეპრესიასაც კი იუმორში ვატარებ. საერთოდ, მარტში ვარ დაბადებული და თევზებს ახასიათებთ დეპრესიები, თუმცა მართალი რომ გითხრათ, ამ ბოლო დროს ისეთი დაკავებული ვარ, დეპრესიაში ყოფნის დროც კი აღარ მაქვს (იცინის).

– იუმორის გრძნობა სამსახურში თუ გეხმარებათ?

– ძალიან მეხმარება. საერთოდ, მივესალმები იმ ადამიანებს, რომლებსაც იუმორის გრძნობა აქვთ. ამ ცხოვრებაში ყველაფერს სერიოზულად თუ უყურე, ალბათ, გაგიჟდები (იცინის). როდესაც ძალიან ვბრაზდები, ვცდილობ, რამე კარგზე ვიფიქრო, ან, ჩემი იუმორის წყალობით გამოვიდე მდგომარეობიდან.

– გაკვირდებით და, ვცდილობ, ამოვიცნო აქტიური ქალი ბრძანდებით თუ პასიური. მგონი, ორივე თვისება დევს თქვენში.

– შეიძლება, ორივე იყოს პატარ-პატარა დოზით, მაგრამ, უფრო აქტიური ვარ. საერთოდ, ყველაფერში მიყვარს აქტიურობა. არ მომწონს მოშვებულად ყოფნა, სახლში ჯდომა და ტელევიზორის ყურება. სულ უნდა ვმუშაობდე, გავდიოდე, გამოვდიოდე.

– თუ გაქვთ ისეთი თვისება, რომელიც არ მოგწონთ?

– კი, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ადამიანს, მეც მაქვს უარყოფითი თვისებები. ერთ-ერთს გამოვყოფდი: ისევ ჩემი მოჭარბებული იუმორის გრძნობის გამო, ხშირად ყველაფერს არასერიოზულად ვუყურებ. გულში კი ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე, მაგრამ ხალხთან იუმორში ვატარებ და ყველას ჰგონია, რომ არასერიოზულად ვუდგები ამა თუ იმ საკითხს. თუმცა, სინამდვილეში ასე არ არის.

– ცხოვრებაში თამაში თუ გიწევთ?

– კი, ძალიან ხშირად მიწევს ცხოვრებაში თამაში. მაგალითად, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ვცდილობ, დავმალო ჩემი განწყობა, რადგან სულ არ სჭირდებათ მსახიობებსა და სხვა თანამშრომლებს, ცუდ ხასიათზე დავხვდე და მთელი დღე გაბრაზებული ვიყო. ხომ არ მოგეწონებათ სამსახურში ვიღაც გამუდმებით ჯმუხად დადიოდეს? ამიტომ, ვცდილობ, სულ გაღიმებული ვიყო.

– თქვენი წყობიდან გამოყვანა ადვილია?

– არა, ადვილი არ არის, მაგრამ, თუ გამოვედი, მაშინ უკვე მტრისას. ძალიან ფეთქებადი ვარ, არ შემიძლია ემოციების მოთოკვა. როცა უსამართლობას ვხედავ, თავს ვეღარ ვიკავებ და ძალიან ვბრაზდები.

– თქვენ განვლილ ცხოვრებას რომ გადახედოთ, შეცვლიდით რამეს თუ ყველაფერს ისე დატოვებდით, როგორც არის?

– არა, ისეთს არაფერს შევცვლიდი. ერთადერთი, ცოტა ადრე გავთხოვდებოდი და ძალიან ბევრ შვილს გავაჩენდი, იმიტომ რომ, ვგიჟდები ბავშვებზე. ველოდებოდი, როდის ავიწყობდი კარიერას და ამ ლოდინში ცოტა დამაგვიანდა გათხოვება (იცინის). მეტი, აბა, რა უნდა შევცვალო, ყველაფერი ძალიან ნორმალურად ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ჩემი ბედის უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ.


скачать dle 11.3