კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით განსხვავდება ერთმანეთისგან კამერუნული და ქართული ქეიფი და რატომ გადაწყვიტა ფრიდოლინ ბოიომომ სამუდამოდ საქართველოში დარჩენა

კამერუნელი ფრიდოლინ ბოიომო საქართველოში უკვე დიდი ხანია, ჩამოვიდა. ქართული ოჯახი შექმნა და აქ ცხოვრებით თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. ის საფეხბურთო კლუბის, ცხინვალის „სპარტაკის” მცველია. როგორია ფრიდოლინ ბოიომოს ქართული ცხოვრება, დარჩება თუ არა ის სამუდამოდ საქართველოში, ამაზე თავად კამერუნელი ფეხბურთელი გვესაუბრება.

– ფრიდოლინ, რამდენი ხანია, რაც საქართველოში ცხოვრობ?

– ივნისში გახდება 5 წელი, რაც საქართველოში ჩამოვედი. წარმოშობით კამერუნიდან ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო. მე ფეხბურთელი ვარ და ჩემი პროფესიის გამო ხშირად მიწევს მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა, ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ. მიხარია, რომ მაქვს ჩემი საქმე და ჩემი ოჯახი თავს კარგად გრძნობს.

– სანამ საქართველოში ჩამოხვიდოდი, თუ იცოდი რამე ამ ქვეყნის შესახებ?

– საქართველოს შესახებ რაღაც-რაღაცეები ვიცოდი, თუმცა ჩამოსვლის შემდეგ გაცილებით მეტი შევიტყვე. თავიდან ვთამაშობდი ბოლნისის „სიონის“ გუნდში. შემდეგ გადავედი ზესტაფონში და ახლა ცხინვალის „სპარტაკის“ მცველი ვარ.

– თავიდან არ გაგიჭირდა უცხო გარემოსთან შეგუება? სხვა ტრადიციები, სხვა კულტურა.

– მე შეჩვეული ვიყავი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობას და შესაბამისად, არ მიჭირს უცხო გარემოსთან შეგუება. მით უმეტეს, არ გამიჭირდებოდა საქართველოში ცხოვრება. ქართველები ხომ ძალიან თბილი ხალხი ხართ. ერთადერთი, ენის სწავლა გამიჭირდა ძალიან. მთელი გუნდი მეხმარებოდა და ბოლოს და ბოლოს ვისწავლე. თავისუფლად ვერ ვლაპარაკობ, მაგრამ ნელ-ნელა უფრო და უფრო ვაუმჯობესებ ცოდნას (იცინის). მთავარია, ინტერესი გქონდეს ადამიანს და შეუძლებელი არაფერია.

– საქართველოში ჩამოსვლამდე რომელი ქვეყნის გუნდებში თამაშობდი?

– ცოტა ხანი ვითამაშე სამხრეთ აფრიკაში, შემდეგ მადაგასკარში და მერე უკვე საქართველოდან მომივიდა მოწვევა. სიამოვნებით დავთანხმდი და დღემდე, როგორც ხედავთ, აქ ვარ (იცინის).

– ყველაზე მეტად რა მოგწონს საქართველოში?

– მომწონს ძალიან თბილი ხალხი. თქვენ ძალიან მეგობრული ერი ხართ. ამიტომ, არ გამიჭირდა საქართველოსთან შეგუება. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი და თქვენი ქვეყნის ტრადიციები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. რატომღაც ჰგონიათ, რომ ჩვენთან ყველაფერი განსხვავებულადაა, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ერთადერთი განსხვავება, კანის ფერია. თქვენ ყველანი თეთრები ხართ, ჩვენ – შავები (იცინის).

– ჩვენ მაგალითად დღესასწაულებს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ. ქორწილის ჩვენებური ტრადიცია გვაქვს, თქვენთან როგორ არის?

– ჩვენთანაც ზუსტად ისეა, როგორც თქვენთან. ზოგი დიდ ქორწილს იხდის, ზოგი – პატარას, საშუალებას გააჩნია. გაშლილია ლამაზი სუფრები. ყველაფერი სადღესასწაულოდაა მორთული, ზუსტად ისე, როგორც თქვენთან.

– ჩვენ თამადა გვყავს, რომელიც მთელ სუფრას უძღვება.

– ჩვენც გვყავს თამადა. რომელიც სადღეგრძელოებს სვამს, სახალისო ამბებს ყვება და სუფრა მხიარულად მიჰყავს. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ თქვენთან ძალიან ბევრს სვამენ. ჩვენ ნელ-ნელა მივყვებით სუფრას, ცოტ-ცოტას ვსვამთ, ვსაუბრობთ, ვცეკვავთ. თქვენთან კიდევ ორ წუთში უკვე ორასი მთვრალია (იცინის).

– ეს იმიტომ, რომ ღვინო გვაქვს ისეთი, შეუძლებელია, არ დათვრე.

– ღვინო ჩვენც ძალიან კარგი გვაქვს, მაგრამ თქვენგან განსხვავებით ნელ-ნელა ვსვამთ. თან, როცა ქართულ სუფრაზე ხარ, გამორიცხულია ხელიდან დაუსხლტე რომელიმე ქართველს. ბოლომდე ჩაგასხამენ მთელ ჭიქას (იცინის). სულ ვეუბნები, რა გეჩქარებათ, ცოტა ნელა, მაგრამ არაფერი გამომდის. თუ თქვენთან ქეიფი ორ საათში მთავრდება, ჩვენთან მთელი დღე გრძელდება ხოლმე.

– განსხვავებული სასმისები თუ გაქვთ. ჩვენ, მაგალითად, ყანწები გვაქვს და განსაკუთრებულ სადღეგრძელოებს ამით სვამენ.

– ჩვენც გვაქვს ყანწები, რომლებიც სხვადასხვა ცხოველის რქისგან კეთდება. ხომ გეუბნებით, ძალიან ბევრი რამით ჰგავს ჩვენი ქვეყანა თქვენსას. მაგალითად, ჩვენ სოფლებშიც ზუსტად ისე ცხოვრობენ, როგორც თქვენთან.

– ყველაზე განსაკუთრებლად რომელ დღესასწაულს აღნიშნავთ?

– უპირველესად, აღვნიშნავთ შობას, 25 დეკემბერს. შემდეგ არის 1 იანვარი. ასევე არის რელიგიური დღესასწაულები. ჩვენ ქვეყანაში სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანები ცხოვრობენ. მაგალითად, კათოლიკეები, მართლმადიდებლები, მუსლიმანები. ყველა თავის დღესასწაულს აღნიშნავს. შობას და ახალ წელს კი ყველა ერთნაირად ვხვდებით.

– ჩვენთან ძველად იყო ქალის მოტაცების ტრადიცია, მსგავსი შემთხვევები ახლაც არის. თქვენთან თუ არის ეს ტრადიცია?

– ეს ტრადიცია ჩვენთანაც იყო ძველად. როდესაც ქალს მოიტაცებდნენ, ჩრდილოეთში მიჰყავდათ. მერე ისე ხდებოდა, როგორც აქ არის. გოგოს მშობლები აკითხავდნენ და იყო მთელი ამბავი (იცინის).

– ქალს მზითევსაც ატანთ ხოლმე?

– ეგ ტრადიცია ადრე უფრო იყო. ახლა აღარ არის. აქაც აღარ არის ისე, როგორც ადრე იყო, შესაბამისად, ჩვენთანაც. კამერუნი ძალიან თანამედროვე ქვეყანაა, არ გეგონოთ, რომ ცივილიზაცია ჩვენამდე არ მოსულა.

– როგორ ყველაფერი ერთნაირი გვქონია. თქვენ შემთხვევით, საცივი და ღომიც ხომ არ გაქვთ?

– ღომი როგორ არ გვაქვს. როცა გავიგე, თქვენც გქონდათ ღომი, ძალიან გამიხარდა, მაგრამ, თქვენ სხვა რაღაცისგან აკეთებთ, ჩვენ – სხვა.

– აბა, მასწავლე კამერუნული ღომის რეცეპტი.

– კი ბატონო (იცინის). უპირველესად აადუღებთ წყალს, შემდეგ ჩაყრით მანის. კარგად ურევთ, სანამ სქელ ფაფას არ მიიღებს. ნახევარი საათის შემდეგ გადმოიღებთ ცეცხლიდან და ღომიც მზადაა.

– კარგი, აუცილებლად გავსინჯავ კამერუნულ ღომს. ტრადიციები გასაგებია, თითქმის ერთნაირი გვქონია. რაც შეეხება კულტურას. თქვენი სიმღერები, ცეკვები ხომ აშკარად განსხვავდება ჩვენისგან.

– კი, ჩვენ სხავანაირი ცეკვები და სიმღერები გვაქვს. თუმცა, ქართულიც ძალიან მომწონს. ერთადერთი, არ მიყვარს ძალიან ძველი ქართული სიმღერები. ცოტა გარემიქსებულ ვარიანტში თუ იქნება, ის ჯობია. მე უფრო რეპი მიყვარს.

– ქართული ცეკვა თუ ისწავლე?

– ბავშვობიდან არ მიყვარდა ცეკვა. ჩვენ ძალიან დიდი ოჯახი გვაქვს. 8 დედმამიშვილი ვართ – ხუთი ბიჭი, სამი გოგო. ყველამ იცის ცეკვა ჩემ გარდა. არასდროს გამომდიოდა. შესაბამისად, ქართული ცეკვაც არ ვიცი. მაგრამ, რაღაც-რაღაც ილეთებს კი ვაკეთებ (იცინის).

– როგორც ჩანს, სულ ფეხბურთს თამაშობდი და ცეკვისთვის არ გეცალა.

– არა, მე ცოტა სხვა სიტუაცია მქონდა. არასოდეს მიფიქრია ფეხბურთელობაზე. ყოველთვის მინდოდა, ექიმი გამოვსულიყავი. ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ერთხელ რაღაც თამაში ტარდებოდა. ჩემი სკოლა ხვდებოდა სხვა სკოლას. ბიჭებმა მთხოვეს მეც მეთამაშა. უარი ვერ ვუთხარი და ვითამაშე. ეტყობა, ძალიან მოეწონათ ჩემი თამაში. დამიძახეს და მკითხეს, სად თამაშობო. ვუთხარი, რომ არსად და არ დაიჯერეს. ბოლოს მითხრეს, რომ სამშაბათს მელოდებოდნენ თავიანთ სტადიონზე. მაშინ დაახლოებით 15-16 წლის ვიყავი. უარი აღარ ვუთხარი და მივედი. ზუსტად 2 თვის შემდეგ უკვე ლიგაში ვიყავი. 17 წლის ასაკში კი, კონტრაქტი გამიფორმეს და პირველი ჰონორარიც ავიღე. ის ფული მაშინვე დედას მივუტანე. გაკვირვებულმა მკითხა, სად აიღე ამდენი ფულიო. მე ვუთხარი, რომ ფეხბურთის თამაშის გამო მომცეს და ეს არ არის დიდი ფული. ზოგს ამაზე გაცილებით მეტი აქვს-მეთქი. როდესაც დედა ვნახე ბედნიერი, უარი ვთქვი ჩემ ოცნებაზე და ფეხბურთის თამაში გავაგრძელე.

– პარალელურად, რომ გესწავლა სამედიცინოზე არ შეიძლებოდა?

– ფეხბურთი იმდენად შრომატევადი საქმეა, პარალელურად ვერაფერს გააკეთებ. მთელი წლის განმავლობაში მარტო ერთი კვირა მაქვს შვებულება. ფიზიკურად ვერ მოვახერხე, თორემ ძალიან დიდი სურვილი მქონდა ექიმი გამოვსულიყავი. ახლა ფეხბურთი ისე შემიყვარდა, მის გარეშე, ალბათ, ვერ ვიცხოვრებ. ეს პროფესია მე ცხოვრების აწყობაში დამეხმარა.

– შენ უკვე დიდი ხანია, დაოჯახებული ხარ. ქართველი მეუღლე გყავს. მომიყევი, როგორ გაიცანით ერთმანეთი?

– ერთმანეთი ჩემს მეუღლესთან, სამსახურში გავიცანით. ის სალონში მუშაობს. ჩემი ძმა მასაჟისტია და იმ სალონში დაიწყო მუშაობა. ქართული არ იცოდა კარგად და მე მივყვებოდი და ვუთარგმნიდი. ასე გავიცანით მე და ჩემმა მომავალმა მეუღლემ ერთმანეთი. შემდეგ დავმეგობრდით და ბოლოს ერთმანეთიც შეგვიყვარდა.

– თქვენთან როგორ არის, როდესაც წყვილი ქორწინდება, ცალკე გადადიან საცხოვრებლად თუ ოჯახთან ერთად ცხოვრობენ?

– ჩვენთან, ისევე როგორც თქვენთან, ბევრნი ცხოვრობენ ოჯახში. ყველას დიდი ოჯახები გვაქვს. თუმცა თქვენგან განსხვავებით, როდესაც ბიჭი ან გოგო 16 წლის ხდება, მშობლები ეუბნებიან, რომ ის უკვე დიდია და დროა დამოუკიდებლად დაიწყოს ცხოვრება. თქვენთან კიდევ, 40 წლის კაცებიც ოჯახთან ერთად ცხოვრობენ.

– როგორც ვიცი, უკვე ორი შვილიც გყავთ. ბავშვებს როგორ ზრდით, ქართული ტრადიციების მიხედვით, კამერუნული თუ ორივესი ერთად?

– ბავშვებს ორივე ქვეყნის ტრადიციების მიხედვით ვზრდით. მე შავკანიანი ვარ, ჩემი ცოლი თეთრია და შვილები მულატები არიან. თავიდან მარტო ქართული ისწავლეს. ახლა უკვე ფრანგულსაც ვასწავლი ნელ-ნელა. მომავალში რა იქნება, არ ვიცი. ამიტომ, ორივე ქვეყნის ენაც უნდა იცოდნენ და კულტურაც. თუმცა, მე ძალიან მინდა, საქართველოში ავაწყო ცხოვრება და სამუდამოდ აქ დავრჩე.


скачать dle 11.3