კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ მოაქცია საქართველოს ეკლესია ორ ცეცხლშუა და რით განსხვავდება, დასავლეთის აზრით, საქართველოს პატრიარქი რუსეთის

და სომეხთა პატრიარქებისგან
ამას წინათ ინტერნეტ-გამოცემა „The National Interests-მა” სტატია მიუძღვნა საქართველოს, სომხეთისა და რუსეთის პატრიარქებს, რომლის მთავარი არსიც შემდეგნაირია: ხსენებული პატრიარქები ხელშეუხებლები არიან. კერძოდ, ჟურნალისტი წერს, რომ, თუკი სომხეთის კათოლიკოსი საკმაოდ უხმაუროდ იყენებს თავის ძალაუფლებას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მოსკოვის პატრიარქი უფრო თვალსაჩინონი არიან და ორივე შორსმჭვრეტელი პოლიტიკური ფიგურაა. იქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს პატრიარქს გამაოგნებელი რეიტინგი აქვს (90 პროცენტი), მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ 58 პროცენტი. მოსკოვის პატრიარქი კი რუსეთის 100 წამყვანი პოლიტიკური ფიგურის რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს. ჟურნალისტის აზრით, „საქართველოში ეკლესიის უწყება კიდევ უფრო ძლიერია. ილია მეორემ მშობლებს მესამე შვილის გაჩენისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ, თუ ასე მოიქცევიან, ამ ბავშვების ნათლია გახდება. შედეგად, შობადობამ იმატა.“ მეტიც, გამოცემა აღნიშნავს, რომ „რუსეთში, მიუხედავად მთელი მისი ძლევამოსილებისა, წარმოუდგენელია, რომ პატრიარქი მმართველ ელიტას საკვანძო პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუპირისპირდეს. საქართველოში ახლა ეს შესაძლებელია და პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღმოაჩინა, რომ ჰყავს ერთი პოტენციური კრიტიკოსი, რომელიც თავად კრიტიკაზე მაღლა დგას.“ მამუკა გიორგაძესთან ერთად შევეცდებით იმის გარკვევას, თუ რატომ მოექცნენ უცხოური ჟურნალისტის ყურადღების ცენტრში ეკლესიების წინამძღვრები.

– რატომ გახდა პატრიარქების გავლენა აღნიშვნის ღირსი?

– რეალობაა, რომ საქართველოს პატრიარქს უდიდესი ავტორიტეტი აქვს. თანამედროვე სიტყვებით რომ ვთქვათ, უდიდესი რეიტინგი და გავლენა. რაც შეეხება სომეხთა და რუსეთის პატრიარქებს: ეს რეიტინგი მათ შეიძლება, ჰქონდეთ, მაგრამ საქართველოს პატრიარქს ეს გავლენა თავისი შრომით აქვს მინიჭებული.

– თუმცა იმავე წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებები ეხება პოლიტიკას, განსხვავებით სომეხთა და რუსეთის პატრიარქებისგან?

– საქართველოს პატრიარქთან მიმართებაში პოლიტიკური ელემენტი ყველაზე ნაკლებია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ პატრიარქმა ღერა-ღერა აგროვა მრევლი ეკლესიაში. მან არაადამიანური ენერგია დახარჯა ამ საქმეში. ის, რომ მან იმ 45 წლის განმავლობაში, რაც მღვდელმთავარია, ამდენი სამუშაო ჩაატარა, ამდენი ენერგია დახარჯა, ამდენი სითბო გასცა, შეუძლებელია, შეფასდეს, როგორც ადამიანის რესურსი, ეს ღვთის დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამ მოვლენას სასწაული შეგვიძლია, ვუწოდოთ. მე მახსოვს პერიოდი, როდესაც სიონის ტაძარში განსაკუთრებული დღესასწაულების დროს იმდენი ადამიანი მოდიოდა, რამდენიც დღეს საკურთხეველშია ნებისმიერ წირვაზე, იმდენად იყო ხალხი გაუცხოებული ეკლესიისგან. ბოლოს და ბოლოს, თბილისში ექვსი მოქმედი ეკლესია იყო და ამ ექვსი ეკლესიიდან სუფთა ქართული მრევლი გახლდათ მხოლოდ სიონში, დანარჩენში, ძირითადად, რუსი მრევლი დადიოდა. დღეს შევხედოთ ვითარებას და ეს პატრიარქის დიდი შრომის შედეგია. ასეთი მლოცველი პატრიარქი, უბრალოდ, არ არის მსოფლიოში. პატრიარქს არ ჩაუგდია შაბათი-კვირა, ათორმეტი უძრავი დღესასწაული, უამრავი მოძრავი დღესასწაული. კვირაში სამ-ოთხ წირვას ატარებს, ეს, რასაც ჩვენ ვხედავთ, მაგრამ რასაც ვერ ვხედავთ?! შევკრიბოთ, რა რაოდენობის საათი დასჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ ეს შეასრულოს. ჩვენ ხომ ვიცით, რამდენი გაჭირვებული, სასოწარკვეთილი ადამიანი მოუბრუნებია ცხოვრებისკენ. რამდენთან პირადად მისულა ოჯახში დიდი ტრაგედიის შემდეგ. ყველას თანაუგრძნობდა და მათ ერთად მოუყარა თავი ეკლესიაში. ალბათ, ატომურ ელექტროსადგურს არ აქვს იმდენი ენერგია გაცემული, რამდენიც ჩვენს პატრიარქს, შემცდარისადმი და შეუმცდარისადმიც. თვითონ ხომ ძალიან კარგად იცის, ვინ ეფერება?! ასეთი მოფერებულისგან ბევრმა შეიძლება, გული ატკინა, ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ მაინც არ შეუწყვეტია ამ სითბოს გაცემა. სწორედ ეს განაპირობებს მის გავლენასა და რეიტინგს. თუ პოლიტიკურ საკითხებს მივაქცევთ ყურადღებას: ვერავინ მეტყვის, რომ მისი მოქმედებები არ იყო დაბალანსებული ან იმ დროის შესაბამისი. საბოლოოდ, გავიხედეთ, გამოვიხედეთ და ვნახეთ, რომ ერთადერთი ჩვენი გულშემატკივარი, პატრონი, მლოცველი და გვერდზე მდგომი არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. რაც მთავარია, მისი რეიტინგი არ არის სხვის მიერ შექმნილი. ეს არ არის სახელისუფლო რესურსით შექმნილი, როგორიც შეიძლება, ჰქონდეთ რუსეთისა და სომხეთის პატრიარქებს. რუსეთის საპატრიარქოს უდიდესი სახელისუფლო რესურსი გააჩნია, რის მეშვეობითაც ნებისმიერი ადამიანის წინ წამოწევა შეუძლია. საქართველოში ხომ ეს არ არის?! ერთი რადიოა და ტელევიზია, რომლის მფლობელი საპატრიარქო არ არის.

– აღნიშნულია, რომ სომეხთა და რუსეთის პატრიარქები არასდროს გამოთქვამენ ისეთ მოსაზრებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მათი ქვეყნების ხელისუფლებების განცხადებებს?

– სომეხთა პატრიარქის უკანაც უდიდესი საერთაშორისო რესურსია. სომხური ლობი მთელ რიგ ქვეყნებში მნიშვნელოვან პრობლემებს წყვეტს. ეს რესურსი ხომ გამოიყენება მსოფლიოში სომეხთა პატრიარქის რეიტინგის ასაწევად?! მე სხვას არ ვეხები და არც უდიერად მოვიხსენიებ სხვა ქვეყნების სულიერ წინამძღოლებს, მაგრამ არც ერთ ეტაპზე, სომხეთისა და რუსეთის სასულიერო ლიდერები არ იდგნენ თავიანთი ხალხის გვერდით, ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი. თუნდაც, ბოლო ოცი წლის პერიოდს გადავხედოთ, რამდენი დარბევა და შეიარაღებული შეტაკება მოხდა მოსკოვში, სომხეთში, მაგრამ არც ერთ მათგანს ხმა არ ამოუღია. ჩვენი პატრიარქი კი იდგა ყველგან: 1988 წლის ნოემბრის შიმშილობის ბოლო დღეს იდგა ჩვენ შორის, როგორც ერთ-ერთი რიგითი მომიტინგე; 1989 წლის აპრილში იდგა, როგორც ერთ-ერთი რიგითი მომიტინგე. ყველა მნიშვნელოვანი აქციის დროს იდგა იქ, სადაც უნდა მდგარიყო. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მშვიდობა დასადგურებულიყო. ის ეროვნული კონგრესის პირველ შეკრებაზეც მოვიდა და უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზეც და ორივეგან თქვა: არ დაგავიწყდეთ, რომ არსებობს მეორე მხარეო და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ მისულიყო საქმე ასეთ დაპირისპირებამდე.

– აშკარაა, რომ გარეგნულ ეკლესიურობას ხელისუფლებაც გამოხატავს და ოპოზიციაც, მე არ ვიცი, გულში რამდენად არიან ეკლესიურები. რამდენად გულწრფელებად გეჩვენებიან ისინი?

– უმეტესი მათგანი სარგებლობს ეკლესიის ბუნებით. რატომ ვუწოდებთ ეკლესიას დედას? სწორედ იმიტომ, რომ მას აქვს დედის ბუნება. ისევე, როგორც ყველანაირი შვილის ადგილია დედის გულში, ყველანაირი ადამიანის ადგილია დედაეკლესიაში. მაგრამ წმიდა მამები ამავე დროს გვაფრთხილებენ: ვინც დედის ამ ბუნებას ბოლომდე ვერ გაიაზრებს ან სხვა მიზნებით გამოიყენებს, მისთვის ქრისტე არ იქნება მამა. მამა კი, დედისგან განსხვავებით, ყველანაირ შვილს თავზე ხელს არ გადაუსვამს. ეკლესია არ არის მიზნის მისაღწევი საშუალება. ეკლესია ფარია, მაგრამ არ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ბინძური ხელებით შევეხოთ ამ სიწმიდეს.

– კრიტიკა ისმის იმ მიმართულებით, რომ ეკლესია და სახელმწიფო დამოუკიდებელი სუბიექტებია და ეკლესიის დიდი ავტორიტეტი ხელს უშლის, თურმე, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას? რატომ აღიქმება საფრთხედ ეკლესიის გაძლიერება?

– ვისაც გული შეგვტკივა საქართველოზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ შეიცავს არანაირ საფრთხეს, რადგან საქართველოს ეკლესიას არასდროს მოუხვევია თავისი ხალხისთვის არანაირი აზრი. როგორი ძლიერების ზენიტშიც უნდა ყოფილიყო, ის იცავდა თავის ბუნებას: მოუწოდებდა ჯანსაღი ცხოვრებისკენ, მაღალზნეობრივი საზოგადოებრივი ცხოვრებისკენ, ამიტომ სახელმწიფოსთვის არც ერთ ეტაპზე არ იქნება საშიში ეკლესია. პირიქით, ის არის ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძველთა საფუძველი. მტრებს კი ეს აშინებთ.

– გაჩნდა საინტერესო ტერმინი: „ორთოდოქსი მართლმადიდებლები“, რაც, რეალურად, ურთიერთგამომრიცხავია. რატომ დაუკავშირდა ეს ორი ცნება ერთმანეთს?

– დღეს ეკლესიის მიმართ მიმდინარეობს ბრძოლა როგორც უკიდურესი მემარჯვენეების, ისე უკიდურესი მემარცხენეების პოზიციებიდან. ეს ბრძოლა უმეტეს შემთხვევაში არის მართვადი და იმართება ერთი და იმავე ცენტრიდან. ეს უკიდურესობები მიმართულია იქითკენ, რომ გახლიჩონ ეკლესია და მისი შესაძლებლობები შეამცირონ. ჩვენ გვაქვს ფორმულა, რომელიც გიორგი მთაწმინდელმა შემოიტანა: არცა მარჯვნივ და არც მარცხნივ არ გადაგვიხვევია! შესაბამისად, მემარჯვენეები ეკლესიას ერთი პოზიციიდან აკრიტიკებენ, და ულტრამემარცხენეები – მეორე პოზიციიდან. ეკლესია ორ ცეცხლში მოაქციეს, რომ როგორმე სამეუფეო გზიდან გადავიდეს. პრობლემები ყველგანაა და მათ შორის, ეკლესიაშიც, მაგრამ ეკლესიის პრობლემების მოგვარება შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში, თუკი მოიხსნება გარედან ზეწოლა.

ჩვენ კომუნისტური ინტერპრეტაციით ვამბობთ, რომ დავით აღმაშენებელმა განდევნა ეკლესიიდან უღირსი სასულიერო პირები. მაგრამ ეს ასე არ ყოფილა, არავინ განუდევნია დავით აღმაშენებელს. დავით აღმაშენებელმა ეკლესიას მოუხსნა საერო ზეწოლა და ეკლესიის შიგნით გამოჩნდნენ წმიდა მამები, თუნდაც, უმცირესობაში, რომლებმაც ქართული ეკლესია უდიდეს სიმაღლეზე აიყვანეს. არსენ იყალთოელმა და გიორგი ჭყონდიდელმა გადაწყვიტეს ეს საკითხი და ამაში დავით აღმაშენებელი არ ჩარეულა. რას უკეთებს ასეთი ზეწოლის პირობებში საქართველოს ეკლესია თავის ერს და თქვენ წარმოიდგინეთ, ზეწოლისგან გათავისუფლებული რას გაუკეთებს?! ეკლესიას არ გააჩნია არანაირი მექანიზმი, გარდა ლოცვისა და შეგონებისა; მას არ აქვს არანაირი საშუალება, ჩაერიოს, თუნდაც, კონკორდატით მინიჭებულ უფლებებში, ამიტომ ჩვენი, ერისკაცების, ამოცანაა, მოიხსნას ეს ზეწოლა ეკლესიაზე.

– საქართველო საკმაოდ მცირე ზომის ქვეყანაა, შესაბამისად, მრევლიც მცირერიცხოვანია, ლობი ჩვენ არ გვყავს და გავლენა ჩვენ არ გვაქვს. რატომ აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში საქართველოს ეკლესია?

– მე წინააღმდეგი ვარ შეთქმულების თეორიების, მაგრამ რელიგიურად ეშმაკი ურტყამს იქ, სადაც ყველაზე მეტად ეშინია. რადგან საქართველოს ეკლესია სწორი მიმართულებით მიდის, ეშმაკი ხედავს საფრთხეს.

– რა საფრთხე შეიძლება, შევუქმნათ ჩვენ?

– ისრაელის რუკას რომ დავხედოთ, საქართველო იმასთან შედარებით ბაყბაყდევია, მაგრამ, იქ რომ მოვლენები დატრიალდა, მსოფლიოს აზანზარებს. დიდი ის ქვეყანა კი არ არის, რომელსაც ტერიტორია აქვს დიდი ან დიდი ეკონომიკა, დიდია ქვეყანა, რომელსაც ჭეშმარიტების უმაღლეს სტანდარტებამდე შეუძლია სრულყოფილების მიღწევა და საქართველო იყო ასეთი ქვეყანა. ჩვენი განვითარების ყველა ეტაპზე ამ დონეზე იყო ჩვენი მწერლობა, ჩვენი ისტორია. ჩვენ სრულყოფილებისკენ მაქსიმალური სწრაფვით გამოვირჩევით, ამიტომაც ვართ დიდი ერი. იმით კი არ ვართ დიდი ერი, თუ რამდენი წიგნი დავწერეთ, არამედ იმით, რომ, რაც დავწერეთ, მსოფლიო სტანდარტების დონის დავწერეთ.

– თუმცა ახლა ვერ ვწერთ დიდად?

– თუ დავუბრუნდებით ჩვენს ჭეშმარიტ მდგომარეობას, ამ მაღალი კრიტერიუმებით დავიწყებთ მოვლენების შეფასებას, ეს კი საშიშია მტრისთვის. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომ რუსეთი 18 მილიონი კვადრატული კილომეტრია. ერის სიდიდე არ განისაზღვრება იმით, თუ რამდენი ტერიტორია დაიპყრო. ერის სიდიდე განიზომება იმ პიროვნებებით, რომლებიც ამ მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებენ და ქართული ლიტერატურა ამ მხრივ ძალიან დიდია.

– აფხაზეთში ჩასვლა ერთი შეხედვით, ძალიან უმადური საქმეა, იმიტომ რომ შესაძლოა, ამას გართულება მოჰყვეს. რატომ გადადო თავი პატრიარქმა?

– უწმიდესმა თავი მაშინ გადადო, როდესაც ოჯახი მიატოვა და ბერად გავიდა ისეთ დროსა გარემოში, სადაც, ადამიანური კუთხით, არანაირი პერსპექტივა არ ჩანდა არა მხოლოდ სიცოცხლის გაგრძელების, არამედ საკუთარი თავის რეალიზებისაც. მაშინ გადადო თავი, როდესაც დათანხმდა პატრიარქობას: ის ხომ გვიცნობდა, ვინც ვიყავით?! ამიტომ თავის გადადება მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. ის ამისთვის ყოველდღეა მზად და სწორედ ეს მზადყოფნაა მისი რეიტინგის საფუძველი, ოღონდ ამას ვერ ხვდებიან დღევანდელი ანალიტიკოსები. თუნდაც ეს გადაწყვეტილება ავიღოთ: რამხელა მნიშვნელობის ფაქტია, რომ უნდა მოიხსენიონ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსის სტატუსით?! რატომ განაცხადა, მზად ვარ, აფხაზეთში ჩავიდეო?! იმიტომ რომ ის სეპარატისტი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ლანძღავს პატრიარქსა და ქართველებს, მაინც მისი შვილია; ის მიწა, რომელიც ენგურს იქითაა დარჩენილი, მისი მშობლიური მიწაა, ამიტომ მზადაა ამისთვის. ამქვეყნად ხომ შემთხვევით არაფერი ხდება?! ისეთი პატრიარქი გვყავს, რომელიც 11 წლის განმავლობაში აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო. საერთოდაც, ისე დაემთხვა, რომ ჩვენი პატრიარქების დიდი ნაწილი აფხაზეთის ეპარქიის მმართველები იყვნენ.

– ბესარიონ აპლია, რომელიც ახლა ეგრეთ წოდებულ აფხაზეთის ეკლესიას მეთაურობს, საქართველოს ეკლესიის მიერაა თავის დროზე ნაკურთხი სასულიერო პირად.

– დიახ, აქაური მრევლი იყო. კათოლიკოსი ამბროსი, კირიონი აფხაზეთთან იყვნენ დაკავშირებულები. ავიღოთ პატრიარქის გადაწყვეტილება მესამე და მეოთხე შვილების ნათლობის შესახებ. რომელმაც განაპირობა ის, რომ მოიმატა შობადობამ. პატარები ვიყავით, როდესაც უწმიდესმა ასეთი რამ გვითხრა: შეეცადეთ, პრობლემებს შეხედოთ, რაც შეიძლება მაღლიდან და რაც უფრო მაღლა ახვალთ, ის პრობლემა მით უფრო აღარ გამოჩნდებაო.


скачать dle 11.3