კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იყიდება საქართველოში შაქარი, საწვავი, მედიკამენტები და იმპორტირებული პროდუქცია არაადეკვატური ფასნამატით

ორიოდე კვირის წინათ „მეტეხი პალასში“ შედგა მეტად საინტერესო პრეზენტაცია. სანდრო თვალჭრელიძის, ავთანდილ სილაგაძის, გიული ქეშელაშვილისა და დავით გეგიას ავტორობით გამოიცა მონოგრაფია „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა“. ნაშრომში განხილულია საქართველოს ბუნებრივი რესურსები, დემოგრაფიული სურათი, დასაქმება და უმუშევრობა, საქართველოს სოციალური უსაფრთხოება. თავი რომ არ შეგაწყინოთ, მოკლედ გეტყვით, რომ მონოგრაფიის ავტორების პროგნოზით, ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა ოციოდ წელიწადში მოსახლეობის ერთ სულზე 20 000 ამერიკული დოლარი შეადგინოს. ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ პესიმისტური პროგნოზია. ამის მიღწევის გზებსა და საშუალებებზე მონოგრაფიის ერთ-ერთ ავტორს, სანდრო თვალჭრელიძეს, გავესაუბრეთ.

– თქვენ ასაბუთებთ, რომ პესიმისტური პროგნოზით, 20 წლის შემდეგ მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობა მოსახლეობის ერთ სულზე შეიძლება, გაიზარდოს 20 000 ამერიკულ დოლარამდე. დღეს ეს მაჩვენებელი 4 000 ლარია. საკმაოდ შოკისმომგვრელი პროგნოზია?

– რატომ არის შოკისმომგვრელი?! მაგალითს მოგიყვანთ: 1993 წელს ვინმეს ეგონა, რომ მაღაზიები და სუპერმარკეტები საქონლით აივსებოდა; რომ ჩვენთან იქნებოდა ევროპული ინტერნეტი და საბანკო სექტორი, რომ თბილისი გახდებოდა ევროპული ქალაქი და აშენდებოდა 350 ახალი სასტუმრო?!

– და რამდენია მათგან დატვირთული?

– არის პერიოდები, რომ ადგილს ვერც იშოვი, საშუალო კლასის, 3-4-ვარსკვლავიან სასტუმროებში, თუ ერთი კვირით ადრე არ დაჯავშნე. ასე რომ, ყველაფერს უნდა კეთილი ნება. ყველაზე ადვილი პოზიციაა, ხელი ჩაიქნიო, მაინც არაფერი გამოვაო და მხოლოდ საკუთარ ოჯახზე იფიქრო. ჩემი აზრით, ჩვენი ცნობიერება ოდნავ უნდა შევცვალოთ. მაგალითად, შედიხართ ნებისმიერ სადარბაზოში, ახალი სახლების გარდა და დანაგვიანებულია იქაურობა, რადგან ხალხი სადარბაზოს თავისად არ მიიჩნევს, საკუთრად მხოლოდ ბინა მიაჩნია. ჩვენ გვაქვს ოჯახური ფსიქოლოგია და არა – ეროვნული, არაფერი გამოვა, თუ ეს ჩვენი ფსიქოლოგია არ შევცვალეთ.

– რას მოუტანს საქართველოს ეკონომიკას, მაგალითად, ჩემი ფსიქოლოგიის შეცვლა, თუმცა სადარბაზოს არც ახლა ვანაგვიანებ?

– ეს გამოიწვევს იმას, რომ ხმას ქარიზმატულ პიროვნებას კი არ მივცემთ, არამედ პროგრამას. დარწმუნებული ვარ, როდესაც ადამიანი არჩევნებზე მიდის, ის არ კითხულობს არანაირ პროგრამას. მეტიც, არც ერთ პარტიას, გარდა ზოგადი ლოზუნგებისა, არანაირი ეკონომიკური პროგრამა არც აქვს. ისინი მიისწრაფიან ძალაუფლებისკენ და შემდეგ არ იციან, რა გააკეთონ ქვეყნისთვის. სხვათა შორის, ერთადერთი გამონაკლისი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, დასაწყისში როდესაც ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკაზე დაიწყეს ლაპარაკი, თუმცა ეს ორჯერ ორია. მაგრამ ეს რომ განვითარდა, აღარ იციან, არ გააკეთონ, ამიტომ ხან ტურიზმზე ლაპარაკობენ და ხან სოფლის მეურნეობაზე. საბოლოოდ კი გამოდის, რომ ერთ დღეს ერთს ვაკეთებთ, მეორე დღეს იმ გაკეთებულს ვაფუჭებთ და სხვა რამის გაკეთებას ვიწყებთ, ამიტომაც ძალიან ეკლექტური გამოდის ჩვენი მოქმედება. არადა ეკონომიკური პოლიტიკა თანმიმდევრული უნდა იყოს და გაითვალოს ქვეყანაზე და არა ძალაუფლებაზე. მე შემიძლია, მოგიტანოთ ასეთი მაგალითი: ლეშეკ ბალცეროვიჩს არავინ აირჩევს ხელისუფლებაში, მაგრამ ის რომ არ ყოფილიყო და ძალიან არაპოპულარული ზომები არ გაეტარებინა, პოლონეთი დღეს ევროკავშირის წევრი არ იქნებოდა. მან სამ წელიწადში მოახერხა ის, რასაც ჩვენ დღეს ვთავაზობთ საქართველოს საზოგადოებას. ხალხი, რომელიც გაატარებს ამ რეფორმებს, ამას გააკეთებს ქვეყნისთვის. სხვათა შორის, როდესაც ბალცეროვიჩი გარდაიცვლება, მთელი ერი მივა მის დაკრძალვაზე. იგივე დაემართა ლეხ ვალენსასაც: ის ძალიან არაპოპულარული პრეზიდენტი იყო, მაგრამ გააკეთა ის, რაც ქვეყანას სჭირდებოდა.

– თქვენი პროექტით, რაზე უნდა გაკეთდეს ძირითადი აქცენტი?

– ჩვენი საერთო მონოგრაფიის არსი ძალიან მარტივია და არ გამოგვიგონებია ველოსიპედი. იგივე მეთოდები გამოიყენა სხვა ბევრმა ქვეყანამ – მთავარი აქცენტია ადგილობრივი რესურსების გამოყენებაზე. ქვეყანაში არ იქნება ეკონომიკური აღმავლობა და ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი, როდესაც იმპორტი ექსპორტს, დაახლოებით, ათჯერ აღემატება. აი, ასეთი მომაკვდინებელი სალდო იწვევს ინფლაციურ პროცესებს. ცალსახად მინდა ვთქვა, ინფლაციურ პროცესებს არ იწვევს ის, რომ ჩინელებმა რაღაც შეჭამეს; არც ის, რომ კარტოფილი გაძვირდა და არც ის, რომ წყალდიდობაა ავსტრალიაში. საერთოდ, კონტრაქტები არასდროს ფორმდება დღევანდელი ფასით, ის ფორმდება ფიქსირებული ფასით, სულ მცირე, ერთი წლით ადრე. ანუ 2011 წელს შაქრის შემოტანაზე კონტრაქტები უნდა გაგვეფორმებინა 2010 წელს და, როგორც უნდა შეიცვალოს მყისიერად ფასები მსოფლიო ბაზარზე, ჩვენ მაინც შევიძენთ ნავთობს, გაზსა თუ შაქარს წინასწარი ფასებით. აი, ამას ჰქვია „ფიუთჩერზული“ კონტრაქტი. მე არ ვიცი, როგორ იყენებს ჩვენი მთავრობა ამ კონტრაქტების შესაძლებლობებს.

– იმას ამბობთ, რომ სწორედ ასეთი კონტრაქტები უნდა ჰქონოდათ გაფორმებული პროდუქციის შემომტანებს?

– რა თქმა უნდა. აბა, სხვანაირად ხორბალს ვერ შეიძენ. თუ გინდა, რომ ამ პროდუქციის უწყვეტი ნაკადი გქონდეს, კონტრაქტი წინასწარ უნდა გააფორმო. თუ არ გაქვს, მაშინ სოფლის მეურნეობის მინისტრი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. პირველი, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიდი დეპრესიის შემდეგ გააკეთა, იყო ის, რომ მიიღო ანტიკარტელური კანონმდებლობა, რომელიც იცავს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს ასეთი ტიპის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან. თუკი ვბაძავთ ამერიკულ მოდელს, ჩვენც შევქმნათ ანტიმონოპოლიური სამსახური.

– თქვით, რომ ველოსიპედი არ გამოგიგონებიათ. ანუ რა აღმოვაჩინეთ ჩვენს შესაძლებლობებში, რა პოტენციალია ჩვენს ბუნებრივ რესურსებში?

– აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი რესურსები არ არის გამოყენებული 5 პროცენტითაც კი. ძალიან ბევრი მაგალითის მოტანა შემიძლია, მხოლოდ რამდენიმეს მოგახსენებთ: საქართველოს შეუძლია, აწარმოოს ძალიან ბევრი ოქრო, ვერცხლი და სპილენძი, მაგრამ ბოლნისის რაიონში 37 საბადოზე ლიცენზია აქვს აღებული სააქციო საზოგადოება „მადნეულს“, რომლის 100-პროცენტიანი მფლობელია რუსული კომპანია. „მადნეული“ წელიწადში, დაახლოებით, 300 მილიონი დოლარის პროდუქციას ჰყიდის და ეს თანხა მათ ჰყოფნით ვილების ასაშენებლად კანარის კუნძულებზე, ამიტომაც არ არიან დაინტერესებული სხვა საბადოების ათვისებით. მაგრამ იმის გამო, რომ მათ 37 საბადოზე აქვთ აღებული ლიცენზია, ვერ შემოგვყავს ინვესტორი, რადგან არაფერი გვაქვს მისთვის შესათავაზებელი. ანტიმონოპოლიური სამსახურის არსებობის პირობებში კი უმოქმედო ლიცენზიები დიდი ხანია, გაუქმებული იქნებოდა და სხვა ინვესტორს მოვიყვანდით. მით უმეტეს, რომ ჩვენ 57 მილიონ დოლარად მივყიდეთ მათ ეს ბიზნესი, მაშინ, როდესაც წლიური გაყიდვები 300 მილიონი დოლარია. არ მგონია, ეს გამიზნული იყო და მთავრობაში იჯდეს სუკის აგენტი. ეს გამოუცდელობის ბრალია.

– მარტივად ვიტყვი, მიწაში დევს ოქრო და გამოუცდელობის ბრალია, რომ იმ ოქროს არავინ მოიპოვებს?!

– საქმე ის არის, რომ მათ არ იციან, როგორ გაუკეთონ კაპიტალიზაცია არსებულ რესურსებს. ყველაზე დიდ პარადოქსს გეტყვით: ჩვენ რუსეთისგან არაფერი გვინდა და მივდივართ დასავლეთისკენ, მაგრამ ჩვენთან რესურსების რუსული კლასიფიკაციაა დაკანონებული.

– ანუ ძველი, საბჭოთა დროინდელი?

– დიახ და ასეთი კლასიფიკაცია არ გვაძლევს საშუალებას, ეს ჩვენი რესურსები გავიტანოთ მსოფლიო ბაზარზე. კლასიფიკაციის შეცვლა მოგვცემს საშუალებას, ჯერ ერთი, ჩვენი საწარმოების აქციები გავიტანოთ საერთაშორისო ბაზრებზე და, მეორე, მივიღოთ იაფი კრედიტები, მაგრამ ამას სჭირდება სპეციალური კვლევები, რომლებიც დაფუძნებულია რესურსების ნორმალურ კლასიფიკაციაზე.

– ოქრო, ვერცხლი, სპილენძი გასაგებია, კიდევ?

– ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ბეტონიტური ფილები, მსოფლიოში საუკეთესო. ასკანის საბადოს ლიცენზია, რომელიც შესწავლილია და აღიარებულია მსოფლიოში საუკეთესო ნედლეულად, მივეცით ბერძნულ კომპანიას, რომელიც ფლობს გაცილებით უარესი ხარისხის იმავე ნედლეულს საბერძნეთში. ესე იგი, რას აკეთებს ეს ბერძნული კომპანია? კლავს ქართულ ბიზნესს და თავის პროდუქციას ასაღებს. შეიძლება, ლიცენზია მისცე შენს კონკურენტს?!

– ესეც გამოუცდებლობის ბრალი გგონიათ?

– ეს არის ოჯახური ფსიქოლოგიის ნიმუში: ოღონდ N რაოდენობის ფული ჩავიდო ჯიბეში. ამას გარდა, საქართველოში, თავის დროზე, მუშაობდა აგურის 58 ქარხანა, სხვა საქმეა, როგორი ხარისხის აგურს უშვებდნენ. მეტიც, საქართველოში არის არა მხოლოდ აგურისა და კრამიტის ბაზა, არამედ გვაქვს სხვა თიხებიც, რომელიც მეტლახის ფილებისა და კაფელის ბაზაა. ჩვენ კი, იმის ნაცვლად, რომ გამოვუშვათ, მეტლახსა და კაფელს ვყიდულობთ თურქეთიდან, სადაც ამ ნედლეულის ხარისხი ძალიან დაბალია. ჩვენ შეიძლება, გვქონდეს გაჯის, თაბაშირის ბრწყინვალე წარმოება. საბადოები სამეგრელოდან დაწყებული ქვემო ქართლამდე, ყველგან არის. ჰერმეტულ პასტებს, რომლითაც მუშავდება კედლები, ვყიდულობთ თურქეთში, არადა ჩვენ უნდა ვაწარმოებდეთ და თურქეთში ვყიდდეთ. შეიძლება, რომ ჭიათურის საბადო, რომელიც მსოფლიოში მეორე საბადოა ამერიკელების შეფასებით, არ მუშაობდეს და იმის ნაცვლად, რომ მართლაც ხარისხიან სილიკომანგანუმს ვაწარმოებდეთ, ეს ნედლეული აფრიკიდან, გაბონიდან შემოგვქონდეს?! აღარაფერს ვამბობ სოფლის მეურნეობაზე, შეიძლება, საქართველოში ყურძნის იმპორტი ხორციელდებოდეს?! კი ბატონო, შემოიტანე ცოტა, ძალიან ძვირად დააფასე და ზამთარში დადე გასაყიდად, მაგრამ ეს რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2-3 პროცენტს. ან სადმე ახლა იყიდით დიღმის პომიდორს?! ოღონდ ირანთან ურთიერთობა არ გაგვიფუჭდესო და ირანისგან ვყიდულობთ პომიდორს. როდესაც ეკონომიკას ასე ვეთამაშებით, აი, მაშინ იქმნება ინფლაცია.

– ერთია პოტენციალი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია გასაღების ბაზარი. ამ მხრივ როგორაა საქმე?

– უპირველესად, ნებისმიერ ქვეყანას ექსპორტზე გააქვს არა ის, რაც თვითონ სჭირდება, არამედ ის, რაც რჩება ადგილობრივი ბაზრის ათვისების შემდეგ. ჯერ შენს მოქალაქეზე უნდა იფიქრო და, რაც დაგრჩება, ის გაიტანო. თავის დროზე, „ტასისმა“ შექმნა საქართველოს ექსპორტის ხელშემწყობი სააგენტო. არ ვიცი რას ფიქრობდნენ იმჟამინდელი ვაჭრობის მინისტრები, ერთი კაცი და მეორე ქალბატონი, როდესაც ამ სააგენტოს ხელმძღვანელებად დააყენეს ირლანდიელები და დაავალეს ქართული ღვინის გატანა. ირლანდიელებმა ღვინის ხარისხის არაფერი იციან და, რასაკვირველია, ეს პროექტი ჩავარდა. ჩვენ აუცილებლად უნდა შევქმნათ ასეთი სამსახური და ამ სამსახურმა მოითხოვოს საქართველოს კვოტები საერთაშორისო ბაზარზე, რომელიც გამომდინარეობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში ჩვენი წევრობიდან. ჩილეური და ავსტრალიური ღვინო კარგად იყიდება საერთაშორისო ბაზარზე და ქართული ღვინო არ იყიდება, რომელიც ხარისხით უკეთესია?! აი, ამაზე უნდა ვიფიქროთ. ასევე, უნდა ვიფიქროთ ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე. ჩვენი სოფლის მეურნეობა დასულია ბარისა და თოხის დონეზე. თითოეულ გლეხს, შესაძლოა, ტრაქტორი არ ჰქონდეს, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ მოვემსახუროთ მათ?! გავანოყიეროთ მიწები, ჩავიდეთ სოფელში და ვიყიდოთ მოსავალი. სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უნდა იყიდო არა მაშინ, როდესაც მოსავალს იღებ, არამედ, როდესაც გლეხი მოსავალს თესავს. რადგან გლეხი, რომელიც მოსავლს თესავს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მის მოსავალს ვიღაც იყიდის. ეს რომ არ იყო, ამიტომაც იჩეხებოდა ვენახები და ითესებოდა საზამთრო. გლეხი დაცული უნდა იყოს და არ ფიქრობდეს ხვალინდელ დღეზე. მან უნდა იცოდეს, რომ აქვს ათწლიანი კონტრაქტი და მთელ მის მოსავალს იყიდიან. თვითონ კი არ უნდა დარბოდეს ქარხნებში და გრძელ რიგებში იდგეს ყურძნის ჩასაბარებლად?! ვიმეორებ, ჩვენ არ ვიგონებთ ველოსიპედს. ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა გამოვიყენოთ მსოფლიო გამოცდილება. ჭკვიანი ადამიანი სწავლობს სხვის შეცდომებზე, სულელი – თავისაზე, ჩვენ კი საერთოდ არ გვინდა სწავლა.

– ცნობილია, რომ შემოტანილი საქონელი გაცილებით იაფია, ვიდრე ადგილზე დამზადებული, იმიტომ რომ ადგილობრივი პროდუქციის თვითღირებულება მაღალია. ჩვენს საგადასახადო სისტემასაც უნდა გადავხედოთ?

– თვითღირებულება მაღალია იმიტომ, რომ თოხითა და ბარით ვამუშავებთ მიწას. წარმოიდგინეთ, როდესაც ჰექტარზე მოდის ხუთი ცენტნერი და 50 ცენტრენი. მეორის თვითღირებულება ხომ ნაკლები იქნება?! მეორე: დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულია მოსახლეობის 53,4 პროცენტი, მაშინ, როდესაც მთელ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობის 6 პროცენტი მოიწევს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან პროდუქტიულობა ძალიან დაბალია და დაბალი პროდუქტიულობის დროს, ბუნებრივია, ფასები მაღალი იქნება.

– თქვენს მონოგრაფიაში ადგილი აქვს დათმობილი წყლის რესურსსაც, რა პოტენციალი გვაქვს ამ მხრივ?

– უზარმაზარია წყლის პერსპექტივა. პარადოქსს გეტყვით, გვაქვს ორი უზარმაზარი არტეზიული აუზი, ერთი – ქუთაისთან, მეორე – თელავთან, არადა ორივე ქალაქი განიცდის წყლის დეფიციტს და მათ წყალს ვაწოდებთ ზედაპირული მდინარეებიდან.

– წყლის გატანის პერსპექტივა რეალურია?

– ეს შორეული მომავლის საქმეა, თუ იქნება სახელმწიფოებრივი მიდგომა. წყლის ტანკერებით გატანა არ შეიძლება, უნდა აშენდეს წყალსადენი. ევროპაში სუფთა წყლის პრობლემაა, განსაკუთრებით ხმელთაშუა ზღვის აუზში. ევროპელები ტბური წარმოშობის წყალს იყენებენ და ამ წყლის დალევა ონკანიდან არ შეიძლება. მართალია, არ სვამენ, მაგრამ კბილებს ხომ იხეხავენ იმ წყლით?! ამიტომაც, თუ არ აქვს პროთეზი, თითო-ოროლა კბილი აქვს შერჩენილი ევროპის ღარიბ მოსახლეობას და ეს არის წყლის ხარისხის ბრალი. წყლის პრობლემა საუკუნოვანი პრობლემაა ევროპისთვის და ჩვენ შეგვიძლია, მათ შევთავაზოთ კარგი, სუფთა წყალი და ამით საქართველოს რესურსს არაფერს დავაკლებთ. წყალი განახლებადი რესურსია.

– არსებობდა ოდესმე საქართველოში წყალსადენის პროექტი?

– დილეტანტურ დონეზე. იდეის იქით არასდროს წავსულვართ. ეს უნდა იყოს თანამედროვე პროექტი.




скачать dle 11.3