კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში ყიდის დათუნიკა სხირტლაძეს საკუთარი ჭაღარა და როგორ ააცეკვა მისმა შექმნილმა „ტაში, ბიჭო, გიორგუნამ“ მთელი საქართველო

ცეკვა „რაჭული“ რომ ყველას უყვარს, ცხადია, მაგრამ, „ტაში, ბიჭო, გიორგუნას” გაჟღერებისთანავე მთელი დარბაზი რომ აცეკვდება, განურჩევლად ასაკისა, ამაზეც არავინ დავობს, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ამ ცეკვის სულის ჩამდგმელია მისივე უბადლო შემსრულებელი, დათუნიკა სხირტლაძე, რომელიც წლების განმავლობაში მთელ რაჭაში აგროვებდა ილეთებს. რაც შეეხება სიმღერას – „ტაში, ბიჭო, გიორგუნა,” შეიძლება, ბევრს ხალხური ჰგონია, მაგრამ, სინამდვილეში, მისი ტექსტი დათუნიკა სხირტლაძის მამის დაწერილია. ასე რომ, მის ოჯახს ამ ცეკვის არსებობაში დიდი წვლილი მიუძღვის.

დათუნიკა სხირტლაძე: დავიბადე რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ხელოვანი ხალხის ოჯახში. მამა რეჟისორი, დრამატურგი და პოეტი იყო. მთელი ჩემი ბავშვობა სულ თეატრალურ გარემოცვაში გავატარე. ხელოვნების ყველა დარგის წარმომადგენელი ჩვენს სახლში იყრიდა თავს. ამიტომ ხელოვნებისადმი სიყვარული პატარაობიდან ჩამენერგა.

– ცეკვაც ბავშვობიდან დაიწყეთ?

– გენეტიკურად, შემეძლო, სხვა გზით წავსულიყავი, მაგრამ ხელოვნების დარგებს შორის ცეკვა შევარჩიე. მე არ მახსოვს, მაგრამ, როგორც მეუბნებიან, პატარა რომ ვყოფილვარ, გავიგონებდი თუ არა მუსიკის ხმას, მაშინვე ცეკვას ვიწყებდი. მოკლედ, სანახჩოზე (ხალხის შეკრების ადგილი რაჭაში, – ავტორი) ხალხის გამრთობი ვიყავი. მთელი ჩემი ბავშვობა სულ ვცეკვავდი. რაიონში ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა, რომლებმაც „მომწამლეს“ ქორეოგრაფიის სიყვარულით. ესენი არიან: შაქრო ჭოხონელიძე, ომარ ტვილდიანი და რეზო ბერაძე. უმაღლესში ჩაბარების დრო რომ დადგა, რადგან ძალიან მიყვარდა ისტორია, უნივერსიტეტზე იყო საუბარი, მაგრამ, გადამწყვეტ მომენტში მამაჩემს ვთხოვე, ქორეოგრაფიის განხრით გამეგრძელებინა სწავლა და სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურულ საგანმანათლებლო სასწავლებელში ჩავაბარე. გამიმართლა და ისეთ უძლიერეს პედაგოგთან მოვხვდი, როგორიც იყო კონსტანტინე მანჯგალაძე. მისი გაზრდილები იყვნენ ფრიდონ სულაბერიძე, ნუგზარ ჯიქური და სხვები. ის ძალიან ძლიერი „მექართულე“ იყო და ძირითადად ცეკვა „ქართულის“ მოცეკვავეებს ზრდიდა. 1977 წელს სასწავლებელი არც კი მქონდა დამთავრებული, რომ ილიკო სუხიშვილმა მიმიწვია ანსამბლში, სადაც შვიდი წელი ვცეკვავდი. მერე ჯანმრთელობის გაუარესების გამო მივატოვე ცეკვა და წამოვედი რაიონში. მერე რაჭაში ჩამოვაყალიბე სტუდია და გადავწყვიტე, ბავშვებისთვის მესწავლებინა ქართული ცეკვები.

– ძალიან პოპულარული გახდა „ტაში, ბიჭო, გიორგუნა,” ანუ – „რაჭული“. ეს არის ცეკვა, რომელიც შეიძლება, ბევრმა არ იცის, რომ თქვენ შემოიტანეთ და წლების განმავლობაში ზემო და ქვემო რაჭაში შეგროვებული სხვადასხვა მოძრაობა გააერთიანეთ მასში. დღეს ამ ცეკვას ყველა ცეკვავს, იქნება ეს რესტორანი, კონცერტი თუ სხვა თავშეყრის ადგილი.

– მართლაც ძალიან დიდხანს და ყველგან ვაკვირდებოდი რაჭველი კაცის ცეკვის მოძრაობებს, ეს ყველაფერი თავში იბეჭდებოდა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, 25 წლის განმავლობაში ვებრძოდი ჩემს თავს: ღმერთო, დამიყენე ის დრო, რომ ეს ცეკვა პროფესიონალურ სცენაზე დავდგა-მეთქი. ჩემში უკვე იმდენ მასალას ჰქონდა თავი მოყრილი, რომ ამას მხოლოდ და მხოლოდ არენა სჭირდებოდა, მაგრამ, ეს ხომ უნდა დამეჯერებინა ვინმესთვის?! ამისთვის კი რომელიმე ანსამბლი და სცენა მჭირდებოდა. პირველად ეს ცეკვა რაჭაში, ჩემს ბავშვებთან დავდგი. რადგან სახასიათო ცეკვაა, რთული შესასრულებელი იყო. ამას გოგონებმა თავი გაართვეს, ბიჭებმა კი ვერა. ერთი ბიჭი მომწონდა ამ ხასიათში – გიორგი ქემოკლიძე: გოგონების ცეკვის დროს შემორბოდა ქორივით ბიჭი და მოცეკვავე გოგონებს შორის ერთს ირჩევდა. მთელი საქართველო მოიარა ამ ცეკვამ, ყველა ფესტივალზე სრულდებოდა. ხალხს ჯერ უკვირდა – რა ხდებოდა, ვერ იგებდნენ. ახლა იმას გეტყვით, თუ საიდან დაიბადა „ტაში, ბიჭო, გიორგუნა” რომელიც, ბევრს ხალხური ჰგონია, მაგრამ მამაჩემის ტექსტია, რომლის საშუალებითაც გადმოსცემს, როგორი იყო იმ დროს რაჭის ერთ-ერთი სანახჩო. ჩემთვის საინტერესო იყო არა ტექსტობრივი, არამედ საცეკვაო მასალა. სასიმღერო მასალა რაჭაში უამრავია, საცეკვაო კი – არა. სულ ორია: „რაშოვდა“ და „ორჯო“. ავიღე საქართველოსთვის ყველასთვის ცნობილი „ქვედრულა.” მე თვითონ მესტვირეების ოჯახიდან ვარ და დადგმის ნაწილში მესტვირე შემოვიყვანე „სანახჩოზე.” მესტვირემ ჯერ ტექსტით შეკრა მოცეკვავე გოგონები და ბიჭები, მერე კი „რაშოვდას“ ნაწილით გაგრძელდა. ბევრი რაჭველი და სხვა კუთხის წარმომადგენელი მეკითხება, რატომ არის ტექსტში: „ხაჭაპურს გამოგიცხობ, ცარიელსა ქერქსაო, ღვინოს გადალევინებ, ცარიელსა თხლესაო.” რა არის, თუ ეძახი ადამიანს, თხლე რატომ უნდა დაალევინო, ან რატომ უნდა აჭამო ხაჭაპურის ქერქიო. ეს ყველაფერი იუმორის ჟანრშია გაკეთებული. თუნდაც: „ლერწამისა ხესაო, ქორი მოჯდა ხესაო, ქალი მიქნევს ხელსაო...” ესეც ვაჟის წარმოდგენაა, ნამდვილი ხომ არა? უყვარდა და ვინ დაუქნევდა ხელს, ჩაეკონა, არ მოეწონა და ესენი აჭამაო. ამით იუმორში გადატანილი უარია ნათქვამი. ამ ტექსტს გაგება უნდა, თორემ, რომელი რაჭველი მიუტანს სტუმარს ქერქს, ან მთხლეს?

მოკლედ, ეს ცეკვა დავდგი. რესპუბლიკურ ფესტივალზე ფილარმონიაში შემთხვევით შევხვდი ჩემს მეგობარს, უძლიერეს ქორეოგრაფსა და თეორეტიკოსს, უჩა დვალიშვილს, რომელიც კულტურის უნივერსიტეტში დიდი ხანი იყო, არ მყავდა ნანახი, არც ის ვიცოდი, სად მოღვაწეობდა იმ პერიოდში. ერთი ეპოზოდი ვუჩვენე ამ ცეკვიდან, მან კი შემომთავაზა, თუ დრო გექნება, ჩამოდი, ვიცი ილეთების უამრავი მარაგი გაქვს და კულტურის ინსტიტუტში ყველა კურსს ვუჩვენოთო. მეც სიამოვნებით დავთანხმდი და ყველა კურსს ვასწავლე რაჭული ცეკვის ილეთები, რომლებიც ძალიან შეიყვარეს ბავშვებმა. ასე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთებდი ყველაფერს. მერე შემომთავაზეს, კულტურის უნივერსიტეტის ანსამლ „როკვაში” დამედგა რაჭული ცეკვა. ეს დაახლოებით 20 წლის წინათ იყო. თავიდან ყველა ამბობდა, მოდი, ამ ცეკვას „ექსპერიმენტი” დავარქვათო. ამით თავს იზღვევდნენ: თუ ხალხი მიიღებდა, ხომ კარგი, თუ არა და, ექსპერიმენტად დარჩებოდა. თუმცა, შინაგანად მაინც მჯეროდა, რომ ეს ცეკვა თავის სიტყვას იტყოდა. დღეს ეს ცეკვა მარტო რაჭველებისთვის კი არა, ყველა კუთხის წარმომადგენლისთვის მისაღებია. ბევრმა არ იცის, რომ „ტაში, ბიჭო, გიორგუნა” ჩემი გაკეთებულია. სადაც არ უნდა შევიდე, ცრემლები მომდის, რადგან ამ ცეკვის ბუმია. რესტორანში შეიძლება, „აჭარული“ სამმა-ოთხმა წყვილმა იცეკვოს, მაგრამ, როგორც კი „ტაში, ბიჭო, გიორგუნა” დაიწყება, ყველა საცეკვაოდ გარბის. ბედნიერი ვარ ძალიან. ერთი უნდა აღვნიშნო: ცოტა გული მტკივა იმის გამო, რომ ყველა ქორეოგრაფი თავისას ამატებს. ამის გაკონტროლება დათუნიკას სად შეუძლია. ზოგმა გადააჭარბა – კავკასიური შეურიეს, ზოგმა სისწრაფე მისცა და ასე შემდეგ. თავის თავში მოირგეს, აბა, ყველა მე ხომ არ დამიძახებს ცეკვის დასადგმელად. ზოგი ძალიან კარგ რაღაცას ამატებს, რომელიც საერთოდ არ მომივიდოდა აზრად რაჭველ კაცს, ზოგი კი ძალიან აცუდებს. მოკრძალებულად რჩევასაც ვაძლევ ასეთებს. ეს ცეკვა სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავშიც“ დაიდგა. მე რომ აქ ვარ და თქვენ გესაუბრებით ეს ფრიდონ სულაბერიძისა და ანსამბლ „რუსთავის“ დამსახურებაა. რომ მიმიწვია, მას უკვე თითქმის მთელი ძირითადი ცეკვა დადგმული ჰქონდა, მაგრამ, მითხრა, არ მომწონს, ვხედავ, მაგრამ „რაჭული“ არ არის, რაღაც აკლიაო. მაგარი მოცეკვავეები არიან და, რასაც ვაკეთებდი, უპრობლემოდ გადაჰქონდათ ცეკვაში.

– ანსამბლ რუსთავში თქვენ ცეკვავდით „რაჭულს“?

– ილეთებს რომ ვუხსნიდი მოცეკვავეებს, ფრიდონმა მიყურა, მიყურა და მითხრა, დათუნიკა, შენ იცეკვებ „რაჭულს“ სცენაზეო. მთელი ღამეები არ მიძინია, რადგან, ვიცი ფილარმონიის ფასი, სცენის ფასი და ასე შემდეგ. „რუსთავში“ ჩემი გამოჩენა დიდი პატივი იყო, მაგრამ, ვფიქრობდი, 48 წლის კაცი არ ჩავფლავდე, სირცხვილია-მეთქი. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად გამოვიდა, გეფიცებით, ხალხი ფეხზე იდგა და ტაშს მიკრავდა. რამდენჯერ მოსულან კონცერტზე ცნობილი ადამიანები, იკითხავდნენ – დათუნიკამ იცეკვაო? მნახავდნენ და წავიდოდნენ.

– „შინში” საიდან მოხვდით?

– სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავში“ რომ გამოვჩნდი, იქ უკვე „შინის” წარმომადგენლებმა მნახეს, რომლებიც იმ პერიოდში კლასიკური ფოლკლორის მოცეკვავეს ეძებდნენ. რამდენი მოცეკვავეც გასინჯეს, არ მოეწონათ, მერე უთხრეს: ერთი კაცია, დათუნიკა სხირტლაძე და ის აუცილებლად მოგეწონებათო. ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მეცეკვა დუდუკსა და გარმონზე მიჩვეულ კაცს დასარტყამი ინსტრუმენტისა და ბას-გიტარის აკომპანემენტით. ზაზა მიმინოშვილმა რომ დამიწყო საუბარი, ვუთხარი, არ გამომივა-მეთქი. წამოდი, მაინც ნახე, არ გაინტერესებს, რას ვუკრავთო? მოვისმინე, მომეწონა და მათთან თანამშრომლობა დავიწყე. როგორიც „შინის” მელოდიები იყო, ისეთივე ცეკვა გავაკეთე, ანუ, ძველისა და ახლის ერთმანეთში შერწყმა. სრული იმპროვიზაციის უფლება მომცეს. დღემდე მართლა არასდროს ვიცი წინასწარ, რას გავაკეთებ, ვიცი მხოლოდ ის, თუ რა დროს უნდა შევიდე სცენაზე და რა დროს გამოვიდე. „პოსტსკრიპტუმში” „ეგარისთან” ერთად რომ ვიყავი მიწვეული, ჩემი ცეკვის ორი დუბლი გადავიღეთ და ორივე განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ამიტომ არც ერთი არ დაკარგეს და ერთი ანონსებში გაუშვეს, მეორე გადაცემაში. ჩემი ყველა ცეკვა ექსპრომტია.

– ერთი რამ მინდა აღვნიშნო: ჯერ იყავით „შინის” წევრი, ახლა „ეგარის” წევრი ხართ. ორივე ვოკალურ-ინსტრუმენტული ჯგუფია და მსმენელს ორივე უყვარს, მაგრამ, ვინმეს რომ ჰკითხო მათი წევრების სახელები და გვარები, შეიძლება, ვერ გიპასუხონ, აი, დათუნიკა სხირტლაძე კი მთელმა საქართველომ იცის.

– ჯგუფში ცეკვა დამატებასავით იყო, მაგრამ ხშირად მიფიქრია, ცეკვამ არ გადააჭარბოს-მეთქი. თუმცა, მთავარი ხალხია, რომელსაც ცეკვა უყვარს. იმაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს, როცა ხალხს უყვარხარ. სადაც არ უნდა ვიყო – ქუჩაში, ბაზარში თუ სხვაგან, რომ გიცნობენ, თბილად მოგექცევიან და პატივს გცემენ, თან, ეს ჩემი თეთრი თმაც მაგარი გამყიდველია.

– მართალია, საქართველოში ძალიან უყვართ თქვენი ცეკვა, მაგრამ, საინტერესოა როგორ იღებენ მას უცხოეთში?

– მიკვირს უცხოელების რეაქცია: რა იციან მათ რაჭა? მაგრამ, ტაშის დაკვრა მაშინ ორმაგდება, როცა „ტაში, ბიჭო, გიორგუნა” იწყება. სასწაულია...


скачать dle 11.3