კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად იყო სოფო ხალვაში ყველაზე მძიმე პირობებში და რატომ არ „ქმნის“ ის სკანდალებს

სოფო ხალვაში – ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა, საინტერესო, გამორჩეული სახე ქართულ შოუ-ბიზნესში. ადამიანი, რომელზეც არც ერთი ჭორი არ გამიგია და არასდროს არანაირ სკანდალში არ გახვეულა. წყნარად, უხმაუროდ შექმნა ოჯახი, გააჩინა შვილი, გაგვახარა კონკურსებზე.... მისი ხმის გაგონება ყოველთვის ყველას სიამოვნებს და მისი ამა თუ იმ ღონისძიებაზე დასწრება, იმ ღონისძიებისთვის პრესტიჟია.



სოფო ხალვაში: წლით „ვეფხვი“ ვარ, ჩემი წელი იყო 2010 და მართლაც კარგი იყო ყოველ მხრივ. თითქოს, ერთბაშად მოვამთავრე ბევრი რამ ამ წელს – როგორც იქნა, დავასრულე სტუდიის კეთება, ჩავწერე სიმღერები, მათ შორის ინგლისურენოვანიც. გასულ წელს დავიწყე კლიპის გადაღება, რომელიც მართალია, ამ წელს დავასრულე, მაგრამ საფუძველი მაინც „ვეფხვის“ წელიწადში ჩაეყარა. მოკლედ, კარგი წელი გამოვიდა. თითქოს, ბოლო დროს ჩემი სიმღერის სტილიც შეიცვალა. სულ ძიებაში ვარ, სულ მინდა, რაღაც ახალი აღმოვაჩინო და ახალი შევიტანო ჩემს შემოქმედებაში. გამიმართლა, რომ აღმოვაჩინე საქსოფონი და ნელ-ნელა ვხვეწ ამასაც. ყველასთვის მოულოდნელია ეს, მაგრამ, მგონი, მოეწონათ. სამაგიეროდ, ახლა, მოდუნების უფლება არ მაქვს – სულ ახალს და ახალს, საინტერესოს ელოდება მსმენელი ჩემგან.

– რა კლიპია?

– საკმაოდ საინტერესო, ახლა იღებს დასრულებულ სახეს. არასტანდარტული კლიპია. ჩვეულებრივი არ არის, მოკლედ. ამ სტილში საკმაოდ ბევრი რეკლამაა გადაღებული, რამდენიმე უცხოური კლიპიც. დიდი ლეიბი დევს, მასზე ვწევარ მე და ეს ყველაფერი კამერით ზემოდან არის გადაღებული. ისეთი ეფექტი იქმნება, თითქოს ჰაერში დავცურავ, ბოლოს კი ლეიბი ბათუმის სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს, ქვებზე დევს. ასე მოყოლით, ზუსტად ვერ აგიხსნით, იქ ბევრი ეფექტია, საბოლოო ჯამში, მგონი, კარგი უნდა გამოვიდეს. კლიპი კახა ოთარაშვილმა გადაიღო.

– არ გაგიკვირდა ამ ტიპის კლიპი რომ შემოგთავაზეს?

– სიმართლე გითხრა, თვითონ მინდოდა, რომ რაღაც უჩვეულო და განსხვავებული გაკეთებულიყო. იდეა რომ შემომთავაზა, ძალიან მომეწონა და გადაწყდა, ზუსტად ასეთი გაკეთებულიყო. ეს იქნება საქსოფონით ჩემი პირველი გამოჩენა.

– საქსოფონით ხელში დაწოლილი, სოფო ხალვაში, უკვე საინტერესოა.

– კი. (იცინის) ვნახოთ. გუშინ მითხრეს, სწორედ, ბოლო შტრიხები მუშავდებაო და ძალიან კარგი გამოდისო. მიხარია. ალბათ, კლიპის სატელევიზიო პრემიერა „ნანუკას შოუში“ მოხდება. პომპეზურად, მოწვეული სტუმრებით და მსგავს პრემიერას არ ვაპირებ. სატელევიზიოს ყველა ნახავს და მგონი, უფრო მომგებიანი იქნება. თუმცა, მერე რას ვიზამთ, ეს არ ვიცი.

– არ გქონია ისეთი პერიოდი, გითქვამს მოდი, ყველაფერს თავს დავანებებო.

– კი, მქონდა ასეთი პერიოდი. საკმაოდ შრომისმოყვარე ვარ, მიყვარს აქტიურობა, მაგრამ ქეთო რომ გამიჩნდა, თითქოს ცოტა მოვდუნდი. იმიტომ კი არა, რომ ბავშვი გაჩნდა და ასე უნდა მოვქცეულიყავი, უბრალოდ, მე თვითონ აღარ მინდოდა აქტიურობა. მაგრამ, ამ ეტაპმაც გადამიარა. კონკრეტულად, სტიმულს რა მაძლევს, რომ ყველაფერი ხელახლა დავიწყო, არ ვიცი. ალბათ, ისეთი სიახლეები და ცვლილებები, როგორიც ვთქვათ, საქსოფონია. მომწონს სიახლეები და მაქსიმალურად ვცდილობ, თუ რაღაცას ხელი მოვკიდე, ბოლომდე მივიყვანო, დავხვეწო. არასდროს მიმიტოვებია რაიმე შუა გზაზე. ეს ჩემს ხასიათში არ ზის. ისეთ დონეზე მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, სურვილი რომც დავკარგო რაღაცის კეთების, მაინც მივიყვან საქმეს ბოლომდე. მიხარია, რომ მთელი გასული წელი სავსე იყო კონცერტებით, დატვირთული ვიყავი. თუ ეს წელიც ისეთი აღმოჩნდა, როგორიც – გასული წლის ბოლო, მაშინ გადასარევი იქნება. მართალია, ახალი წლის ღამეს ათი და თორმეტი კონცერტი აღარ გვაქვს, როგორც ეს ადრე ხდებოდა, მაგრამ სამაგიეროდ, წინა და მომდევნო დღეებში ძალიან ბევრი კონცერტი იყო. თვითონ ახალი წლის ღამეს, მე და ვაჟა მანიამ ბათუმში, წვიმაში ვიმღერეთ. შემდეგ უკვე დიდი ბანკეტი გაიმართა, სადაც ყველანი ვიყავით.

– ბოჩელიც?

– კი და დინამიკთან იჯდა რატომღაც. წარა-მარა ამბობდა, დინამიკებში ხმას ჩაუწიეთო. კაცმა ამხელა კონცერტი ჩაატარა, ასეთ ამინდში და ბანკეტზეც ვერ დაისვენა. მართალია, ქოლგებით, მაგრამ მაინც გრანდიოზული ახალი წელი გამოვიდა. ეკრანზე რომ ვნახე, კიდევ არ ჩანდა ისეთი წვიმა, როგორც იქ იყო, თითქოს ცა გადახეთქესო.

– ყველაზე რთულ პირობებში სად გიმუშავია?

– ყველაზე რთული მაინც არ იყო ის, სადაც კლიმატური პირობები არ ვარგოდა. რთული იყო „ევროვიზია“. საშინელ გრაფიკში ვიყავით, სულ გადარბენები გვქონდა, ვერაფერს ვასწრებდით. ყოველდღე იყო რეპეტიციები, სადაც იგივე ხდებოდა, რაც კონცერტზე, კოსტიუმებით, მაყურებლებით და მთელი შოუთი. მიმდინარეობდა რეპეტიციების ჩაწერები, რომ თუ რაღაც მოხდებოდა პირდაპირი ეთერის დროს, რეპეტიციის კადრები გაეშვათ. გადაჭედილი იყო დარბაზი. შუალედებში იყო ბრიფინგები, სადაც ორმოცდაორი ქვეყნის ჟურნალისტები გაუთავებლად რაღაცეებს გეკითხებოდნენ. ასე არ გაგვიჭირდებოდა ამ რეჟიმისთვის ფეხის აწყობა, რომ გვცოდნოდა რა დაგვხვდებოდა იქ. ეს იყო პირველი და არავინ გონზე არ იყო – რა და როდის ხდებოდა. დაუგეგმავად დავდიოდით. თორემ, ისე მსგავსი რეჟიმი მომღერლისთვის ძალიან სასიამოვნოა. მიყვარს ეს საქმე და ასეთი დაღლა მსიამოვნებს. აბა, რისთვის ვარ.

– გადაღლა საშინელ ხასიათზე არ გაყენებს?

– გააჩნია რისგან. თუ ცეკვისგან დავიღლები, საერთოდ აღარაფერი მომინდება, მაგრამ სიმღერისგან არ ვიღლები. სულ გადაღებები, სულ გასტროლები, ჩაწერები... ალბათ, დასვენება მაინც გჭირდება. მერე იმიტომ არის, უცხოელ ვარსკვლავებს დეპრესიები და ნევროზები რომ ეწყებათ. დასვენება ყველას სჭირდება.

– ყველაზე დაუვიწყარი ახალი წელი როდის იყო?

– ყველაზე სასიამოვნოდ მაინც ის ახალი წელი მახსენდება, ქეთოსთან ერთად რომ გავატარე. 16 იანვარს არის დაბადებული. იმ ახალ წელს ყოველ წუთს ველოდებოდით მის დაბადებას. უჩვეულო მდგომარეობა იყო. მომდევნო წელს კი უკვე იმხელა იყო, ახალი წელი ყველაზე მეტად მას უხაროდა. საერთოდ, ეს ბავშვების დღესასწაულია, მათ უხარიათ, ისინი არიან ბედნიერები. ქეთოს სახლის სასრიალო უნდოდა და წელს თოვლის ბაბუამ მოუტანა. იმის გამო, რომ კონცერტი ბათუმში იყო, თოვლის ბაბუ ჩვენთან ადრე მოვიდა. აბა, სხვებთანაც ხომ უნდა მოესწრო მისვლა (იცინის). ისე, მეც ძალიან დიდხანს არ ვამხელდი, რომ უკვე აღარ მჯეროდა თოვლის ბაბუის. ვხვდებოდი, რომ არ არსებობდა, მაგრამ არ ვახმოვანებდი. თოვლის ბაბუები, ალბათ, მაინც ჩვენ ვართ ჩვენი ახლობლებისთვის, საკუთარი თავისთვის. თუ მთელი წელი კარგად „მოვიქცევით”, მერე ცხოვრებაც დაგვასაჩუქრებს.

– შვილთან ურთიერთობა იცვლება, როდესაც ის კონტაქტზე გამოდის, იწყებს ლაპარაკს, ურთიერთობას...

– გეთანხმები. სულ შეიცვალა ჩვენი ურთიერთობა, ისეთ რაღაცეებს ამბობს, ვგიჟდები. ვერასდროს რომ ვერ წარმოიდგენ თუ ამაზე იფიქრა, ან ყურადღება მიაქცია. სულ ახალ-ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ მასთან ურთიერთობაში, რაც მეც მავსებს. დაბადების დღეზე ისე იმღერა ჩემი სიმღერა, საერთოდ არ მეგონა, თუ იცოდა. საკმაოდ დამოუკიდებელი ტიპია, საკუთარი აზრები აქვს, გადაწვეტილებები, პრინციპები...

– შენც ასეთი იყავი მის ასაკში?

– არა, ხასიათით უფრო მამას ჰგავს. ყოველთვის გადაწყვეტით იცის, რისი ჩაცმა უნდა. დახეულ ჩუსტებს არ იხდის, ახალს არ იცმევს, ვერ დააძინებ თავის დროზე. მე ძალიან მორიდებული, წყნარი ბავშვი ვიყავი, ჩემთვის ვთამაშობდი. ოღონდ არავის შევეწუხებინე, ჩემთვის ხელი არ შეეშალათ და არც მე შევაწუხებდი ვინმეს. ბავშვობიდან ვიცოდი, რა მინდოდა, საით მივდიოდი. სულ სცენაზე ვიდექი ჩემს ოცნებებში. მინდოდა ის, რაც დღეს ვარ. რა თქმა უნდა, ამ გზაზე ძალიან ბევრი იმედგაცრუება, გულისტკენა იყო – შემხვდა წინააღმდეგობები, ისეთი ბარიერები, რომლებიც შეიძლებოდა არ ყოფილიყო, თითქოს ხელოვნურად იყო შექმნილი. ბავშვობიდან ბევრი ასეთი რამ მოხდა. ბევრჯერ ყოფილა სიტუაცია, მიფიქრია, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, მაინც არაფერი გამოდის, მაინც იმავე ადგილს ვტკეპნი-მეთქი, მაგრამ მერე, მოულოდნელად, რაღაც ისეთი მოხდებოდა, რაც ხელახლა მაძლევდა სტიმულს.

– შოუ-ბიზნესშიც იყო ასეთი შემთხვევები?

– ნაკლებად. რაღაც ისეთ გარემოში აღმოვჩნდი, სადაც ყველა მეხმარებოდა და გვერდში მედგა. ტელეპროექტი, საიდანაც გამოვჩნდი პირველი იყო ქართულ არხებზე და იქ ისეთი ადამიანები დამხვდნენ, რომლებსაც ძალიან ვუყვარდი და სულ მეხმარებოდნენ მამხნევებდნენ, მიფრთხილდებოდნენ ყველანაირად.

– შენ ხარ ადამიანი, რომლის გარშემოც არანაირი სკანდალი არ ყოფილა.

– არ ვარ თვითონ ასეთი ნატურა. ალბათ, ადამიანები მაინც თავისი ბუნებით, ხასიათით ქმნიან ისეთ გარემოს, რომ მათთან დაკავშირებით ატყდეს სკანდალები, იჭორაონ. მშვიდი, წყნარი ვარ, თუ რაღაცას არ მეტყვიან, არ ვუპასუხებ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავის დაცვა და პასუხის გაცემა არ შემიძლია. გააჩნია, სად და რა სიტუაციაში ხარ. თვითონ ადამიანისგან მომდინარეობს ეს ყველაფერი. თუ რაღაც მეწყინა, არც იმის გულში ჩადება მჩვევია, არ მამახსოვრდება დიდხანს. ისე, რომ მერე სადღაც გამახსენდეს, პასუხი გავცე ან სამაგიერო გადავუხადო – ეს არ ხდება. შეიძლება, გრძნობ, რომ სადღაც უნდა იყო, მაგრამ იქ არ დაგპატიჟეს, არ მიგიწვიეს, გამოგტოვეს ან რაღაც ეგეთი, მერე რა. ალბათ, ასე იყო საჭირო. რთულია საკუთარ თავზე ლაპარაკი, ქებასავით გამომდის, მაგრამ ასეა. არ ვიქმნი ზედმეტ პრობლემებს იმისგან, რამაც შეიძლება, ხვალ მნიშვნელობა დაკარგოს. არ ვარ კონფლიქტური, მარტივად ვუყურებ ყველაფერს.


скачать dle 11.3