კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დარბოდა ლენუკა ყიფშიძე ბაქანზე ბარგი-ბარხანით და რა შარში ხვევდა მას ბავშვობაში მისი ძმა საგვარეულო განძის გამო

ლენუკა ყიფშიძე ისეთ ოჯახში გაიზარდა, შეუძლებელი იყო ისეთი არ ყოფილიყო, როგორიც დღეს არის. შეგვიძლია, მასზე თამამად ვთქვათ, რომ ის წარმატებული, ბედნიერი და საყვარელი ადამიანია, რომელიც გამოირჩევა თავისი შარმით, კომუნიკაბელურობით, თბილი საუბრით და რაც მთავარია, სისადავით. როგორც თავად აღნიშნავს, ის ხშირად ვარდება სასაცილო სიტუაციაში.

რატომ აპირებდა ლენუკა 23-ე სართულიდან „ფრენას”, როგორ იპარებოდა სახლიდან საგვარეულო „განძის” მოსაპოვებლად და რის გამო დაგლიჯა ის ძაღლმა, ამ ამბებს თავად მოგვიყვება და ბევრსაც გვახალისებს.

– ლენუკა, ბევრ ხალხთან გიწევს ურთიერთობა. სასაცილო ამბებში თუ ხვდები და მერე როგორ იძვრენ ხოლმე თავს?

– სასაცილო სიტუაციებში ძალიან ხშირად ვხვდები და კიდევ კარგი, ღმერთმა იუმორის გრძნობა მომცა, რომ ადვილად დავიძვრინო თავი ამ ამბებიდან. ვცდილობ, გაურკვეველ და გამოუვალ სიტუაციაში არ ჩავვარდე, მაგრამ, იმდენ ხალხთან მიწევს ურთიერთობა, მინდა თუ არა, მაინც ვვარდები.

– ერთხელ, შენმა ძმამ თქვა, თითქოს ბავშვობაში სახლიდან ხშირად იპარებოდი და მიზეზად ასახელებდი, განძი უნდა მოვიტანო და გამიშვითო. ეს სიმართლეა? და, რა განძის საძებნელად მიდიოდი გუდა-ნაბადაკრული?

– ისეთი ცუდი ბავშვი ვყოფილვარ, მტრისას (იცინის). სტუმრად რომ მოდიოდნენ ჩვენთან, სახლში ისეთებს ჩავდიოდი, როდის წავიდოდნენ, ერთი სული ჰქონდათ. კიოდნენ დედაჩემის დაქალები, ეს ბავშვი დაახრჩვეთ ან გადააგდეთ და ახალი გააკეთეთ. ეს ვინ არის, გაგვაგიჟაო (იცინის). დედა რომ გავხდი, მერე მივხვდი, რას უძლებდნენ ჩემი მშობლები. ისე, არც ჩემი ძმა იყო მამა აბრამის ბატკანი.

– რატომ, ისიც ცელქი და აუტანელი ბავშვი იყო?

– ცელქობისა და აუტანლობის რა მოგახსენოთ, მაგრამ ისეთი აზრები მოსდიოდა თავში... მე კიდევ გადარევა მინდოდა (იცინის)? მოკლედ, ადგებოდა, ჩაალაგებდა ზურგჩანთაში ტანსაცმელებს, მოიკიდებდა ზურგზე, ჩამკიდებდა ხელს და ქუჩაში მივყავდი.

– და სად მიყავდი ასე აბარგული?

– სად და, მეუბნებოდა, მთაწმინდაზე განძია დამარხული, ის განძი ჩვენ უნდა ვიპოვოთ და ამოვთხაროთო (იცინის). დავადებდით თავს და მივდიოდით ეს უაზრო ბავშვები განძის საძიებლად. მშობლები გამოგვეკიდებოდნენ მერე და სახლში გვაბრუნებდნენ. აბა, ასეთი ბავშვები რომ გეყოლება, წარმოიდგინეთ, რამდენი თვალი და ყური უნდა გქონდეს, რომ ისინი აკონტროლო – სადმე არ გაგეპარონ. ახლა მეცოდებიან ჩემები.

– მგზავრობის დროს საინტერესო სიტუაციებში არ ხვდები ხოლმე?

– გააჩნია რით ვმგზავრობ. თვითმფრინავის ისე მეშინია, ვერ გეტყვით. მაგალითად, მე და ჩემი შვილი კვიპროსზე მივდიოდით დასასვენებლად. ისეთმა შიშმა ამიტანა... დავიწყე ცრემლების ღვარღვარი... სტიუარდესა რომ დავინახე, ვეცი, ვეკითხები, ხომ არ ჩამოვვარდებით-მეთქი. ისე ცივად მიპასუხა, ნუ პანიკობ გოგონი, დამშვიდდი და ნერვები მოთოკე, მგზავრებს ნუ აშინებო, ენა მუცელში ჩამივარდა (იცინის). გავიხედე, ახლა ჩემი შვილი მომიბრუნდა, დედიკო, ხომ არ ჩამოვარდება თვითმფრინავი, ხომ არ დავიღუპებითო. სულ გადავირიე. უნდა გენახათ, ჩემ თვალწინ როგორ მიჰქროდა ჩემი ცხოვრების კადრები, თვალს ვერ ვადევნებდი (იცინის). ღმერთს მადლობას ვწირავდი, მიწაზე რომ დავდგი ფეხი, ცხოვრების კადრებს დავეძებდი?

– თუ თვითმფრინავით მგზავრობის გეშინია, ადექი და მატარებლით იარე, რა პრობლემაა?

– საქმე ისაა, რომ ეგეც პრობლემაა (იცინის). უფრო სწორად, მე ამბავი გადამხდა მატარებელთან დაკავშირებით, დღესაც ვბჟირდები, რომ მახსენდება. ერთი სიტყვით, მე და ბებიაჩემი დასასვენებლად მივდიოდით ზღვაზე, კვარიათში. მივდივართ, ბაქანზე ჩვენი ბარგი-ბარხანით და დავინახე, მატარებელი დგას... უფრო სწორად, დგას კი არა, დაიძრა ნელ-ნელა და სადაცაა, სიჩქარეს აკრეფს. ბებიაჩემს შევყვირე, არიქა, ბებია მატარებელი გადის და გავიქცეთ-მეთქი და ბაქნიდან ბაქანზე ასე ბარგი-ბარხანით ვარბენინე. როგორც იქნა, ავხტით დაძრულ მატარებელზე და სული რომ მოვითქვით, მგზავრს ვკითხეთ, მატარებელი კვარიათში რამდენ ხანში ჩავაო. აგვხედ-ჩაგვხედა და გვიპასუხა, რა კვარიათი გენაცვალე, ეს მატარებელი ბაქოში მიდისო. აი, აქ „გავიჭედე”... (იცინის). თურმე, მატარებელი არ შეგვშლია (იცინის). კვარიათის მაგივრად, კინაღამ ბაქოში არ ამოვყავით თავი მე და ბებიაჩემმა?

– მერე, რა ქენით, როცა გაარკვიეთ, რომ მატარებელი შეგეშალათ?

– რაღას ვიზამდით? როგორც ავხტით, ისევე ჩამოვხტით ჩვენი ბარგი-ბარხანით. იმ დღეს სახლში დავბრუნდით და მეორე დღეს გავემგზავრეთ კვარიათში. თან, სანამ ჩავსხდებოდით მატარებელში, ალბათ ხუთასჯერ მაინც ვიკითხეთ, ხომ მიდის კვარიათში და ხომ არ გვეშლებაო (იცინის).

– თქვი, ფრენა არ მიყვარსო, არადა, 23-ე სართულიდან აპირებდი „გადმოფრენას”, თანაც „პარაშუტის” გარეშე. ეს როგორ იყო?

– (იცინის). ეს იძულებითი ფრენა იქნებოდა და საბედნიეროდ, არ შედგა. სასტუმროს სახურავზე იყო ფილმის გადაღება დანიშნული. მოაწყვეს პოდიუმი, მოდელებს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გვეცვა და იქ უნდა გაგვევლო. ძირს დაფენილი ქსოვილი, პრიალა ფაქტურის იყო და ფეხსაცმელი ცურავდა. ფეხი დამიცურდა და ბეწვზე გადავრჩი 23-ე სართულიდან „გადმოფრენას”. იქვე დაცვის ბიჭები იდგნენ და რომ გავხედე, გახევებულები იყვნენ და სახეზე ფერი აღარ ედოთ საწყლებს (იცინის).

– ისე, მახსოვს, ერთხელ პოდიუმზე ფეხშიშველი გამოხვედი. ეს შენი უსაფრთხოებისთვის იყო, თუ ასე ჩაიფიქრა დიზაინერმა?

– მართლა გამოვედი პოდიუმზე ფეხშიშველი, მაგრამ, ეს არც დიზაინერის ორიგინალურობის ბრალი იყო და არც ჩემი უსაფრთხოებისთვის ჩაფიქრებული. უბრალოდ, პოდიუმზე ჩემი გასვლის დრო იყო, მაჩქარებდნენ, ჩქარა, ჩქარა, დროზე, დროზეო და... ამ სიჩქარეში დავიბენი, ვეღარ მოვასწარი ფეხსაცმლის ჩაცმა-მორგება. რაღას ვიზამდი? ავდექი და ასე ფეხშიშველი გავედი პოდიუმზე. ბევრს ეგონა, ეს ასე ჰქონდა დიზაინერს ჩაფიქრებული, რას მიხვდებოდნენ, ჩემი იდეა თუ იყო (იცინის).

– ლენუკა, ვიცი, ცხოველები გიყვარს. მათთან დაკავშირებული სასაცილო ამბავიც ხომ არ გაქვს გასახსენებელი?

– სასაცილო ახლა არის, თორემ მაშინ ისე გავმწარდი... მაგრამ, ასეთი რამ მარტო მე თუ დამემართებოდა (იცინის). მეზობლად, დარაჯს „ავჩარკა“ ჰყავდა. ისეთი ავი ძაღლი იყო, არავის იკარებდა. არადა, ზუსტად ისეთი „ავჩარკა“ მაშინ ჩვენც გვყავდა. მისმა პატრონმა გვითხრა, პურს თუ აჭმევთ მოგეჩვევათო. მეც ვაჭმევდი პურს და მეგონა, მივიჩვევდი. ერთ დღეს კი ისე „მივიჩვიე”, კინაღამ ხელი დავკარგე (იცინის). პური მივაწოდე, იმას ეტყობა, ხორციც მოუნდა და ისეთი მიკბინა ხელზე, სისხლი დამაღვრევინა. გამაქანეს, გამიკეთეს შრატი და მთელი ერთი თვე თვალებში ვუყურებდით მთელი ოჯახი იმ ძაღლს, ხომ არაფერი მოუვიდაო.

– შენმა მეგობრებმა მითხრეს, ისე დგას ლენუკა თხილამურებზე, საკუთარი თავი არ ეცოდებაო. ეს რაღას ნიშნავს?

– ვერა და ვერ ვისწავლე თხილამურებზე დგომა. ისე სასაცილოდ ვდგავარ, ვერ წარმოიდგენთ. ისე ვფაფხურობ და იმდენჯერ ვიქცევი, ხალხი ისტერიკაში ვარდება (იცინის).

– ისტერიკაში რა აგდებთ, დაცემა ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა ამ დროს?

– კი, ჩვეულებრივი მომენტია ამ დროს დაცემა, მაგრამ, ისე ვეცემი, სულ ჰგონიათ, რაღაც მოვიტეხე. რომ წამოვხტები და ისევ თხილამურებზე ვიწყებ ფაფხურს, უნდა ნახოთ, მათი თვალები, უხმოდ მეუბნებიან, ან შენ რას წვალობ, ან ჩვენ რას გვიხეთქავ გულს, ჩვენ თუ არ ვეცოდებით, საკუთრი თავი მაინც შეიცოდოსო. (იცინის).


скачать dle 11.3