კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

30 თებერვალი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „თბილისელები“ ¹30–4(526)



ჯაბამ ყურადღებით მოისმინა ინფორმაცია და შორენას უთხრა:

– მართალი ხარ, ემოციებს ავყევი და გონება დავკარგე, მაგრამ ლაჩარი ნამდვილად არ ვარ.

– მაპატიე, ძვირფასო, რომ გაწყენინე, მაგრამ, სხვა გზა არ მქონდა და, ასე რომ არ მეთქვა, მართლა „სოდს” ჩაუვარდებოდი ხელში. ლაჩარი კი ნამდვილად არ მგონიხარ და არც უგუნური უნდა იყო, – მიუგო შორენამ ჯაბას და ჰკითხა: – როგორ ყავას დალევ?

– სულერთია, – თქვა ჯაბამ და ჩაფიქრდა, ხოლო შორენამ რომ ყავა მოუტანა, უთხრა: – წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა მომხდარიყო. მე მაინც ვფიქრობ, რომ ვინმე ძველმა, გადაგდებულმა კლიენტმა შეუკვეთა ბიძაჩემის მკვლელობა.

– მთავარია, ჯამბულ ბიძია გადარჩეს და დანარჩენს მოევლება, – მიუგო შორენამ ჯაბას, ყავა მოსვა და კარზე ზარის ხმა გაისმა.

– ამ დილაადრიან ვინ უნდა იყოს? – თქვა ჯაბამ.

– ვნახავ, შენ კი საძინებელში დაიმალე – უთხრა შორენამ ჯაბას და კარისკენ გაემართა, ნახევარი წუთის შემდეგ კი ვიტალისთან და კახასთან ერთად დაბრუნდა ოთახში, რომლებიც სავარძლებში ჩაეშვნენ და მასპინძელს უხმოდ ადევნებდნენ თვალყურს.

ბაბუების ვიზიტით გამოწვეული დაბნეულობა რომ დაემალა, შორენა სამზარეულოში გავიდა ყავის მოსადუღებლად. გოგონა ხუთიოდე წუთის შემდეგ დაბრუნდა და ოთახში მაგიდა შემოაგორა, რომელზეც ყავადანი, ფინჯნები, ნამცხვარი და კონიაკი ელაგა, სტუმრებს გაუღიმა და უთხრა:

– მიირთვით.

– რა მოხდა, შორენა, რაშია საქმე? – ჰკითხა გოგონას ვიტალიმ, რომელიც ყურადღებით ათვალიერებდა მასპინძელს, – აკი ქალაქიდან გავდივარო?

– აღარ წავედი, – მიუგო შორენამ.

– ესე იგი, მოსკოვში მივფრინავთ?

– არა, მოსკოვში გაფრენაც გადაიდო ჯერჯერობით. ვერ მივდივარ და დიდ ბოდიშს გიხდი, ვიტალი ბაბუა.

– რა ხდება, შვილო, ყველაფერი მოგვიყევი, აქ ჩვენ შენს დასახმარებლად მოვედით, – უთხრა ვიტალიმ შორენას.

– ისეთი არაფერი, ვიტალი ბაბუა, – უხერხულად გაეღიმა შორენას, ფინჯნებში ყავა ჩამოასხა და კონიაკის ჭიქებიც შეავსო, მაგრამ ვიტალის არც კი გაუხედავს მათკენ და შორენას უთხრა:

– მოიცა, შვილო, რა დროს დალევაა, ჩვენ აქ შენს დასახმარებლად მოვედით, – გაიმეორა ვიტალიმ, – გვითხარი, რაშია საქმე, რა ხდება. ჩვენ შენი მეგობრები ვართ და არ გვენდობი?

– არაფერი არ ხდება, ვიტალი ბაბუა. რას ამბობ, როგორ არ გენდობი. უბრალოდ, რაღაც პატარა, ქალური პრობლემა შემექმნა, რომელსაც სულ მალე დავძლევ და რომელზე ლაპარაკი მეუხერხულება კიდეც.

– ვითომ ასეა? – ჰკითხა ვიტალიმ გოგონას და ყურადღებით შეათვალიერა, – თქვი, შვილი, რაშია საქმე.

კახამ, რომელიც მანამდე ვიტალისა და შორენას ლაპარაკში არ ერეოდა, ყურადღებით უცქერდა ტელევიზორს და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ არც კი ესმოდა მათი დიალოგი, თავი მიაბრუნა და უთხრა:

– მე ვიცი, რაც ხდება.

– რა იცი, რას გულისხმობ, კახა? – ჰკითხა ვიტალიმ მეგობარს.

– რას და, რაც შენ გაინტერესებს და რის გაგებასაც მე დაჟინებით ვცდილობ მაგ ბავშვისგან, – ღიმილით მიუგო მეგობარს კახამ, – რა იყო, რამ დაგაბნია, დაგავიწყდა, რისთვის მოვედით აქ? შენ თვითონ არ დამირეკე და მითხარი, შორენას რაღაც პრობლემები აქვს და მივიდეთო?

– მერე, შენ იცი, რა ხდება? – ჰკითხა მეგობარს გაოცებულმა ვიტალიმ.

– ვიცი.

– თუ იცოდი, მაშინ, აქამდე რატომ არ მითხარი?

– ახლა გავიგე და მანამდე როგორ გეტყოდი?

– არ ვიცი, რას გულისხმობ, მაგრამ, თუ ხუმრობ, ნამდვილად არ მეხუმრება. თუ მართლა რამე იცი თქვი, რაღას მაწვალებ?

კახამ შორენას შეხედა და ჰკითხა:

– ვთქვა?

შორენა ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ კახას მიახლოებით მაინც შეიძლებოდა, სცოდნოდა რაში იყო საქმე, თანაც, ხომ არ ეტყოდა, არ თქვაო და კახას ღიმილით უთხრა:

– თქვი, კახა ბაბუა.

– ხომ არ გეწყინება და გამიბრაზდები შვილო?

– არა, კახა ბაბუა, რა უნდა მეწყინოს, ან რისთვის უნდა გაგიბრაზდეთ, მით უმეტეს, რომ ისეთი არაფერია, – თქვა შორენამ.

– ვითომ? – ჩაეცინა კახას და გოგონას უთხრა – ესე იგი ვთქვა, ხომ?

– ბრძანე კახა ბაბუა.

– სიმართლე თუ გამოდგა, ჯიუტად ხომ არ უარყოფ?

– არა, – მტკიცედ მიუგო შორენამ.

– მაშ, კარგი, – სერიოზული სახით თქვა კახამ. შემდეგ სავარძლიდან წამოდგა და ოთახში გაიარ-გამოიარა, ბოლოს კი ვიტალის და შორენას წინ შეჩერდა და დინჯად თქვა: – შორენამ მოსკოვში გაფრენა იმიტომ გადადო, რომ მარტო არაა და სტუმარი ჰყავს, რომელიც, ალბათ, ახლა გაფაციცებით გვისმენს.

კახას სიტყვებმა შორენას გული აუძგერა და მღელვარების დაფარვას ღიმილით ცდილობდა, ვიტალი კი გაოცებული უმზერდა მეგობარს, რომელიც განაგრძობდა:

– მეტსაც გეტყვით: იმ ადამიანის ვინაობის დასახელებაც კი შემიძლია, ვინც ჩვენ ახლა გვისმენს, ანუ შორენას სტუმრის, კახამ პაუზა გააკეთა და შორენას თვალი თვალში გაუყარა, რომელსაც უფრო და უფრო უჭირდა მღელვარების შეკავება და მცირე პაუზის შემდეგ თქვა: – თუ არ ვცდები, ეს ყმაწვილი ჯაბა ონიანია, რომელიც, სავარაუდოდ, აი იმ ოთახში იმყოფება, – კახამ იმ საძინებლისკენ გაიშვირა ხელი, სადაც მართლაც იმყოფებოდა ჯაბა ონიანი.

შორენასთვის ისეთი მოულოდნელი იყო კახას სიტყვები, რომ ოფლმა დაასხა, წამოწითლდა და ისე მიაჩერდა კახას, როგორც სასწაულმოქმედსა და ჯადოქარს, თან ენა მუცელში ჩაუვარდა და ადგილზე გაიყინა. ვიტალი კი ჩაფიქრდა, გაეღიმა და უხმოდ დააქნია თავი, შემდეგ შორენას მიუბრუნდა:

– აბა, რას იტყვი, სიმართლეს ამბობს კახა?

შორენა კვლავ ერთ ადგილზე იყო გაშეშებული, როდესაც საძინებლის კარი გაიღო, ჯაბა გამოვიდა და თქვა:

– სრული სიმართლეა. გამარჯობა!

– გაგიმარჯოს, გაგიმარჯოს, – ერთხმად მიუგეს ბაბუებმა ჯაბას, ვიტალიმ კი დაამატა: – მშვენიერი სტუმარი ჰყოლია ჩვენს შორენას.

– ჰო, ცუდი ბიჭი არ ჩანს, მაგრამ, ცუდი ისაა, რომ „სოდის” ძებნილია, – თქვა კახამ, ჯაბას ხელი ჩამოართვა და გაეცნო: – მე კახა მქვია, მეორე ბაბუას კი – ვიტალი.

– ძალიან სასიამოვნოა – ჯაბამ ორივე სტუმარს ჩამოართვა ხელი, გაეცნო და კახას ჰკითხა:

– ასეთი რამ შერლოკ ჰოლმსზე დაწერილ მოთხრობებში მაქვს წაკითხული. თქვენ როგორ გაიგეთ, აქ რომ ვიყავი?

– ისევე, როგორც ამას შერლოკ ჰოლმსი აკეთებდა, – გაეღიმა კახას, – რასაც დედუქციის მეთოდი ეწოდება და რაც დაკვირვებასა და ანალიზზეა დამყარებული.

– მაინც როგორ?

– დავიწყოთ იმით, რომ, როდესაც ისეთი ქალიშვილი, როგორიც შორენაა, ისეთ სერიოზულ საქმეს გადადებს, რასაც მოსკოვში გაფრენა და დედის მოძებნაა, ესე იგი, მას საამისოდ სერიოზული მიზეზი აქვს. ხომ ასეა? – ჰკითხა კახამ ჯაბას.

– დიახ, ასეა.

– ეს ერთი, – თქვა კახამ, – გადავიდეთ შემდეგზე და თანმიმდევრულად მივყვეთ მოვლენათა უწყვეტ, ერთმანეთზე გადაბმულ ჯაჭვს, რამაც საბოლოო ჯამში თქვენამდე მომიყვანა.

– მივყვეთ, – დაეთანხმა კახას ჯაბა.

კახამ ოთახში შეკრებილებს გადახედა და განაგრძო:

– აქ რომ მოვდიოდი, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ შორენამ მოსკოვში გაფრენა გადადო და მივხვდი, რაღაც სერიოზული მოხდა. ხოლო, სანამ ვიტალი შორენას გამოტეხვას ცდილობდა, მე საინფორმაციო გამოშვებას მოვუსმინე და ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის. რადგან ვიცოდი, რომ შორენა საგიჟეთში მუშაობდა და ისიც გაგონილი მქონდა, რომ ჯაბა ონიანი ამ ორი დღის წინ საგიჟეთიდან გაიქცა, რასაც ტელევიზორში გასული სიუჟეტიც დაემატა, არც ისე რთული სავარაუდო იყო, რომ, შეიძლებოდა, საგიჟეთიდან გაქცეული ჯაბა ონიანი ჩვენს ულამაზეს შორენასთან ყოფილიყო შეფარებული.

– ეს ხომ მხოლოდ ვარაუდია, ბატონო კახა, – სიტყვა გააწყვეტინა კახას ჯაბამ, – ხომ შეიძლებოდა, რომ სხვასთან ვყოფილიყავი და არა შორენასთან? აქ ლოგიკა მაინცდამაინც არ ჩანს.

– მოითმინეთ, ახალგაზრდავ, ნუ ჩქარობთ და ყველაფერს აგიხსნით, – გაეღიმა კახას, – პირველი ინფორმაცია ბიძათქვენის დაჭრის შესახებ დილის 9 საათზე გავიდა ტელევიზიით, ხუთი წუთით ადრე კი შორენა და ვიტალი შეთანხმდნენ, რომ აეროპორტში შეხვდებოდნენ ერთმანეთს. ესე იგი, ცხრას რომ ხუთი წუთი აკლდა, შორენა ჯერ კიდევ მოსკოვში მიფრინავდა. ხოლო ათის ნახევარზე შორენამ ვიტალის დაურეკა და უთხრა, – რომ მოსკოვში გაფრენა გადაიდო, ესე იგი, რაღაც მოხდა, რამაც გოგონას ასეთი ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგა. ანუ, მისთვის ან ვინმეს უნდა დაერეკა, ან პირადად მისულიყო და შორენასთვის ისეთი რამ ეთქვა, რაც გოგონას მოსკოვში გამგზავრებას გადაადებინებდა. უფრო კი მას ტელევიზიიდან უნდა შეეტყო ისეთი სიახლე, რაც მის გამგზავრებას შეაფერხებდა. ტელევიზიით კი, დროის ამ მონაკვეთში, ჯამბულ ონიანზე თავდასხმის გარდა, სხვა სიახლე არ გასულა.

– ხომ შეიძლებოდა, შორენასთვის ვინმეს დაერეკა და ისეთი რამ ეთქვა, რაც მის მოსკოვში გამგზავრებას ჩაშლიდა? – არ ეშვებოდა კახას ჯაბა.

– რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, მაგრამ ასეთი რამ რომ არ ყოფილა, ძნელი მისახვედრი არ იყო.

– საიდან მიხვდით?

– იქიდან, რომ შორენას ძალიან ცოტა ნაცნობები ჰყავს, – თქვა კახამ, ერთადერთი მისი ნამდვილი მეგობარი ჩემი შვილიშვილია, თაკოს კი მისთვის არ დაურეკავს. შეიძლება, მეზობლის გამო გადაედო გამგზავრება, მაგრამ, აქ რომ მოვედით, სამეზობლოში სრული სიმშვიდე დაგვხვდა და ესეც გამოირიცხა. აქედან გამომდინარე კი, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ რაღაც იდუმალთან გვქონდა საქმე: საგიჟეთი, იქიდან გაქცეული ძებნილი, ძებნილის ბიძა ერთმანეთზე გადაება და, როდესაც დავფიქრდი, ვივარაუდე, რომ შორენამ თქვენ გამო გადადო მოსკოვში გამგზავრება და, მეტსაც გეტყვით – იმიტომ, რომ თქვენ დაჭერისგან გადაერჩინეთ.

ჯაბა გაოგნებული უყურებდა კახას და უთხრა:

– მართალს ბრძანებთ, მაგრამ ამას როგორღა მიხვდით?

– სულ ადვილად, – გაეცინა კახას, – თქვენ ორი დღის წინ გაიქეცით საგიჟეთიდან და ამდენივე დღეა, რაც აქ იმალებით. ხოლო, თუკი ბიძათქვენზე თავდასხმის ინფორმაციის გამოაშკარავებამდე შორენა მოსკოვში მიფრინავდა: შემდეგ კი გადაიფიქრა, იმას ნიშნავს, რომ მან ეს იმიტომ გააკეთა, რათა თქვენ ღუდუშაურის კლინიკაში არ წასულიყავით ბიძათქვენის სანახავად, სადაც უეჭველად „სოდის” კლანჭებში აღმოჩნდებოდით.

– ბრავო, ბატონო კახა! – მარცხენა ხელის ცერა თითი გაბზიკა ჯაბამ, – შერლოკ ჰოლმსი თქვენთან შედარებით უწყინარი ბავშვია და თქვენთან საქმის დაჭერა საკმაოდ სახიფათოა.

– გარდა ამისა, – გაეცინა კახას, – აქ რომ შემოვედი, შორენასა და ვიტალის სუნის გარდა, უცხო სუნი ვიყნოსე, რომელიც კაცისას უფრო ჰგავდა, ვიდრე ქალისას და ეს ერთ-ერთი დამატებითი არგუმენტი იყო საიმისოდ, რომ შორენა ვიღაცას მალავდა სახლში.

– რა ადვილი ყოფილა, – როგორც იქნა, ენა ამოიდგა შორენამ, რომელიც მანამდე გაფაციცებით უსმენდა კახასა და ჯაბას საუბარს, – მე კი ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა, როდესაც კახა ბაბუამ საძინებლისკენ გაიშვირა ხელი და თქვა, იქ ჯაბა ონიანი იმალებაო.

– ძველი თაობის კაცია, – უთხრა ვიტალიმ შორენას, – „კაგებეში” უარესებსაც ისწავლიდა კაცი.

– „კაგებეს” თავი დავანებოთ, – ხელი ჩაიქნია კახამ და ქალ-ვაჟს ჰკითხა: – რას აპირებთ?

– ჯერჯერობით, უკეთესის იმედით, ჯამბულ ბიძას გამოჯანმრთელებას დაველოდებით და, თუ მშვიდობა იქნა, მერე ვნახოთ, – უთხრა შორენამ კახას, – ტელევიზორში სიმართლე თქვეს, ჯამბულ ბიძია მართლაც ჯაბას საქმეების მოსაგვარებლად ჩამოვიდა მოსკოვიდან, გუშინ აქ იყო და დღეს პოლიციის მაღალჩინოსანი უნდა ენახა, რომ ჯაბას დახსნაზე დალაპარაკებოდა, მაგრამ, ასეთი სამწუხარო რამ მოხდა.

შორენამ ბაბუებს მთაწმინდაზე დამწვარი 200 ათასი ევროს ამბავიც უამბო და დაამატა:

– აი, ასეთი წარუმატებლობები წაეწყო ერთმანეთზე: ჯერ ჯაბასთან ერთად გაქცეული პაციენტი მოკლა პოლიციამ, შემდეგ 200 ათასი ევრო დაიწვა, ბოლოს კი ჯამბულ ბიძიას ესროლეს.

– სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო, მაგრამ, შენი აქ ყოფნა მაინცდამაინც აუცილებელი არაა და, მგონი, ჯობია, შენ და ვიტალი მოსკოვში გაემგზავროთ – უთხრა კახამ შორენას, – მით უმეტეს, რომ, როგორც ვატყობ, ჯაბამ გადაიფიქრა დაჭრილი ბიძის მონახულება, რომელსაც მას მაინც არავინ უჩვენებს.

– კი, გადაიფიქრა, – თქვა შორენამ და პაუზა გააკეთა. ჯაბას გახედა და თქვა: – ღმერთმა არ ქნას, მაგრამ, ჯამბულ ბიძიას რომ რამე მოუვიდეს და ჯაბა აქედან წავიდეს, მაშინაც ხომ „სოდს” ჩაუვარდება ხელში?

– წესით, არ უნდა წავიდეს, – თქვა კახამ და ჯაბას გადახედა, – ის ვერც დაჭრილ ბიძას უშველის რამეს და, ღმერთმა არ ქნას, ვერც გარდაცვლილს. ასე რომ, თუკი რამე მოხდა, ჯაბამ აქედან მაინც არ უნდა გადადგას ფეხი. ხოლო თუ ეს მოინდომა, მას შენ ვერ დააკავებ. ცხელ გულზე რომ უნდოდა წასვლა, სულ სხვა ამბავია. კიდევ კარგი, რომ შენ მის გვერდით იყავი და ეს მცდარი ნაბიჯი არ გადაადგმევინე. მაგრამ, ახლა თუ მოისურვა ასეთი რამის გაკეთება, უკვე ცხელი გული არაფერ შუაში იქნება და შეგნებულად გააკეთებს ამას, რაშიც შენ ვერ შეუშლი ხელს. ამიტომ, ვფიქრობ, უკეთესი იქნება, მოსკოვში გაემგზავრო და, რაც გადაწყვეტილი გაქვს, ის გააკეთო, ჯაბას კი მე მოვაკითხავ ხოლმე, თუკი ის ამის წინააღმდეგი არ იქნება. ჯერ კიდევ დროა, რომ მოემზადო გასამგზავრებლად.

– რა ვიცი, აბა, იქნებ, არ ღირს? – თქვა შორენამ და ჯაბას გადახედა.

– ბატონი კახა მართალია, – თქვა ჯაბამ, რომელიც ყურადღებით უსმენდა კახას მსჯელობას, – აქედან წასვლა რომ მოვინდომო, ვერავინ დამაკავებს, მათ შორის, ვერც შენ. მე არსად წასვლას არ ვაპირებ.

ღმერთმა არ ქნას, ჯამბულ ბიძიას რამე რომ დაემართოს, ფეხს არც მაშინ მოვიცვლი აქედან და მანამდე არ წავალ, სანამ მოქმედების დეტალურ გეგმას არ შევადგენ. ასე რომ, შენ აუცილებლად უნდა გაემგზავრო ბატონ ვიტალისთან ერთად მოსკოვში და ნურაფერზე ინერვიულებ.

– სწორია, შვილო, – თქვა ვიტალიმ, – ეს საქმე რომ გადავდოთ, რა იცი, რა მოხდება და, ვინ იცის, მოგვეცემა კიდევ ოდესმე ასეთი შანსი, რომ პეტრე გორსალიას კვალს მივყვეთ? ამიტომ, აუცილებლად უნდა გავფრინდეთ მოსკოვში და დაწყებული საქმე დავასრულოთ.

შორენას ბევრი ლაპარაკი აღარ დასჭირვებია, მოსკოვში გასამგზავრებელ სამზადისს შეუდგა, შუადღისთვის უკვე მზად იყო და ბაბუებს უთხრა:

– მე მზად ვარ. ეს კი ჩემი სახლის გასაღებია, – შორენამ კახას ბინის გასაღები გაუწოდა – გუშინ, ზუსტად ასეთივე აცმა ჯამბულ ბიძიას მივეცი. ეეჰ, საცოდავი, რა კარგი კაცია და ასე ვინ გაიმეტა.

– ცოტა მტერი ჰყავდა? – თქვა ჯაბამ, – მარტო ის მილიარდერი იაპონელი რად ღირს. რა იცი, როგორ იყო გამწარებული, რომ ასე გააცურეს, გულში ჩაიდო, ბოლოს კი შეუსრულა. მე შენ გეტყვი, შემსრულებელს ვერ იპოვიდა ან ფულის გადახდა გაუჭირდებოდა!

– ოცდაათი წლის შემდეგ? – უთხრა შორენამ ჯაბას – მას მერე ხომ თითქმის ოცდაათი წელი გავიდა, ის იაპონელი, შეიძლება, ცოცხალიც კი აღარაა.

– ვინ იაპონელზეა ლაპარაკი? – ჰკითხა ქალ-ვაჟს ვიტალიმ.

შორენამ ბაბუებს იაპონელი მილიარდერის ისტორია მოუყვა და დააბოლოვა:

– მას შემდეგ ამდენი დრო გავიდა და, დავიჯერო, იმ იაპონელმა იძია შური ჯამბულ ბიძიაზე?

– შურისძიებამ დრო არ იცის, შვილო, – თქვა კახამ, – კაცმა არ ჩაიდოს გულში ბოღმა და არ მოინდომოს, თორემ, მკვდარს ამოთხრის მიწიდან და ცხედარზე იძიებს შურს.

– ნელ-ნელა წასასვლელად მოვემზადოთ. უკვე 3 საათია, ჩვენი თვითმფრინავი კი საღამოს ექვსზე მიფრინავს და, ჯობია, ადრე მივიდეთ, ვიდრე დაგვაგვიანდეს – თქვა ვიტალიმ.

შორენა და ვიტალი ოთხის ნახევარზე გამოვიდნენ სახლიდან, ტაქსიში ჩასხდნენ და აეროპორტისკენ აიღეს გეზი. ჯაბამ და კახამ კი – ტელევიზიაში გამოცხადებულ პოლიციის განცხადებას მოუსმინეს, სადაც ჯაბას რამდენიმე სურათი აჩვენეს და თქვეს, რომ ვინც მის ადგილსამყოფელს შეატყობინებს სამართალდამცველებს, 50 ათასი ლარით დაჯილდოვდებაო.

– საკმაოდ ძვირად შეუფასებიხარ პოლიციას, შვილო, – ღიმილით უთხრა კახამ ჯაბას, – ეტყობა, გამწარებულები გეძებენ.

– ეჰ, – ხელი ჩაიქნია ჯაბამ, – საცოდავი ბიძაჩემი... ნეტავ, ის ბიზნესმენი არ გადამეგდო ან ბიძაჩემი არ ჩამოსულიყო მოსკოვიდან, ან, სულაც, არ გავქცეულიყავი და ვგდებულიყავი იმ დასაწვავ საგიჟეთში!..

– რომ არ გამოქცეულიყავი, ახლა „სოდში“ იქნებოდი, იქიდან კი ცხვირს არავინ გამოგაყოფინებდა და საშინელ დღეში ჩავარდებოდი, – მიუგო კახამ ჯაბას, ჩაფიქრდა და დაამატა. – იცი, რა, შვილო? მოსახდენი იყო და მოხდა. დროს უკან ვეღარ დააბრუნებ და ახლა იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ამ გასაჭირიდან უმსხვერპლოდ თუ არა, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ.

– მეტი რა მსხვერპლი უნდა იყოს, როდესაც ბიძაჩემი ცოცხალ-მკვდარია და გადარჩენის შანსი თითქმის არ აქვს? – თქვა თვალცრემლიანმა ჯაბამ.

– ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ემოციებს არ ავყვეთ და ყველაფერს ცივი გონებით მივუდგეთ, – მშვიდად უთხრა ჯაბას კახამ, – სიმშვიდის გარეშე წონასწორობას ვეღარ შეინარჩუნებ, ცენტროვკადაკარგული ადამიანის მოხელთება კი უადვილესია – ეს ჯერ კიდევ „კაგებეში“ მუშაობისას ავითვისე. რომ იცოდე, ძებნილების უმრავლესობას ამგვარად იჭერენ, ყოველ შემთხვევაში, ჩემს დროს ასე იყო.

– როგორ? – ვერ მიხვდა ჯაბა.

– ცენტროვკას აკარგვინებდნენ – წონასწორობიდან გამოჰყავდათ: დისტანციურად მართავდნენ, პროვოცირებას ახდენდნენ, ბოლოს კი თავის ბადეში ხლართავდნენ და იჭერდნენ, – თქვა კახამ.

– მაინც, როგორ? როგორ უნდა მართო ძებნილი დისტანციურად, როდესაც არ იცი, სადაა? ტელეპათიას გულისხმობთ?

– არანაირი ტელეპათია, – გაეცინა კახას, – ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია: ძებნილზე გაავრცელებდნენ ხმებს, რომ ის საშინელი პიროვნებაა და ისეთ ტყუილს მოუგონებდნენ, თავად ძებნილსაც კი შიშის ზარს სცემდა მასზე მოგონილი ტყუილი და სწორედ ეს აკარგვინებდა მას წონასწორობას. მით უმეტეს, სხვას, უბრალო ადამიანს, ძებნილის პოტენციურ დამხმარეს რა მოუვიდოდა! აბა, შენ თვითონ დაფიქრდი: დავუშვათ, დახმარებისთვის მიადექი წვრილშვილიან კაცს, რომელსაც შთააგონეს, რომ იმიტომ გეძებენ, თითქოს, პატარა ბავშვი გააუპატიურე, ოჯახი გაძარცვე და ამგვარი საშინელებები. ასეთი ადამიანი ასიდან ოთხმოცდაცხრამეტ შემთხვევაში ჩაგიშვებს. ეს მაშინ იყო. ახლა კი უარესია – უფრო დახვეწილი მეთოდებით მოქმედებენ და, თუკი მაშინ ერთი ადამიანი მაინც დაგინდობდა, ახლა ასიდან ასივე გაგწირავს და, იცი, რატომ? იმიტომ, რომ ამ გაჭირვებულ, გაურკვევლობაში მყოფ ადამიანებს შენი ჩაშვებისთვის 50 ათას ლარს სთავაზობენ და იმ კატეგორიის ხალხიდან, ვისზეც ეს განცხადებაა გათვლილი, ამ ფულზე უარს არავინ იტყვის. აი, სწორედ იმიტომ არ უნდა დაკარგო წონასწორობა, რომ ტურებით სავსე ჯუნგლები ისე გაიარო, კბილიც არავინ გაგკრას, ხოლო, თუ კბილი გაგკრეს და სისხლი იყნოსეს, მერწმუნე, აუცილებლად დაგგლეჯენ და შენგან სველ ადგილსაც არ დატოვებენ.

– ესე იგი, არავის არ უნდა ენდო?

– არავის, – თავი გააქნია კახამ, – ბოლომდე არავის.

– არც თქვენ?

– მე ჯერჯერობით კი, – ღიმილით მიუგო კახამ ჯაბას და მხარზე ხელი მოუთათუნა, – ჩემს სიტყვებს ისე ნუ გაიგებ, შვილო, რომ ეს ქვეყანა მთლად წყალწაღებულია, ადამიანებს კი მხოლოდ ჩაშვება, ფულის მოხვეჭა და ცუდის კეთება შეუძლიათ. ეს რომ ასე იყოს, შენ ახლა აქ არ იქნებოდი. მე, უბრალოდ, სიფრთხილისკენ მოგიწოდებ და ნათლად აგიხსენი, რა შეიძლება მოხდეს, თუკი წონასწორობას დაკარგავ.

– მართალს ბრძანებთ, ბატონო კახა, ყველანაირად ვეცდები, რომ წონასწორობა არ დავკარგო, – თქვა ჯაბამ.

– ეცდები კი არა, არ უნდა დაკარგო, – ღიმილით უთხრა კახამ ყმაწვილს.

– არც დავკარგავ.

– ჰოდა, ძალიან კარგი! მე მჯერა შენი, – უთხრა კახამ ჯაბას, საათს დახედა და ჩაილაპარაკა: – ორმოცდახუთ წუთში გაფრინდებიან.

– რამდენ ხანში ჩავლენ? – დაინტერესდა ჯაბა.

– პირდაპირი რეისი რომ იყოს, ორსაათ-ნახევარში, მაგრამ, გადაჯდომიან-ფორმალობიანად ხუთი-ექვსი საათი მაინც დასჭირდებათ, – თქვა კახამ და ტელევიზორს მიაჩერდა, სადაც რელიგიური სიუჟეტი გადიოდა, რომელიც მალევე დასრულდა და ემოციურად წამოიძახა: – ღმერთო ჩემო, რა ტყუილად მიფრინავენ ვიტალი და შორენა მოსკოვში! ნეტავი არ დამეჩემებინა და დღეს მაინც არ გამეშვა.

– რატომ, რა მოხდა? – ჰკითხა ჯაბამ კახას.

– რა და, ვისაც ვეძებთ, თბილისშია, აი, ახლა რომ სიუჟეტი იყო, იქ ვნახე. რუსეთიდან საქართველოში მართლმადიდებელთა ჯგუფი ჩამოვიდა, რომლებმაც სხვადასხვა ადგილები უნდა მოილოცონ და პეტრე გორსალიაც მათ შორისაა, – თქვა კახამ.

– ხომ არ შეგეშალათ, ბატონო კახა?

– არა, ნამდვილად ისაა, – თქვა კახამ, საათს გახედა და სინანულით დაამატა: – გადევნებას აზრი არ აქვს, მაინც ვერ მივუსწრებ, ტელეფონები კი არ წაუღიათ და, რომც წაეღოთ, გამორთული ექნებოდათ.

კახამ ტელევიზორი სხვა არხზე გადართო, რომ რუსეთიდან ჩამოსული მომლოცველების შესახებ სიუჟეტი ენახა და ყურადღებით დაკვირვებოდა ბერს, რომელშიც გორსალია შეიცნო. ამ დროს კახას მობილურმა დარეკა, მაგრამ უცხო ნომერი დაიწერა და პასუხს არ აპირებდა, რადგან მთელი ყურადღება ტელევიზორისკენ ჰქონდა გადატანილი. თუმცა, ბოლოს მაინც უპასუხა:

– გისმენთ!

– კახა ბაბუა, დამავიწყდა მეთქვა, რომ დენის ფული მაქვს გადასახდელი, სულ რაღაც ათ ლარამდე და, რომ არ გამითიშონ... – მოესმა კახას შორენას ხმა, მაგრამ მან გოგონას სიტყვა გააწყვეტინა:

– შორენა, შვილო, აღარ გაფრინდეთ და სახლში დაბრუნდით!

– რატომ, მოხდა რამე? – აღმოხდა შეშინებულ შორენას, რომელმაც იფიქრა, ალბათ, ჯაბას შეემთხვა რამეო.

– ნუ გეშინია, შვილო, ცუდი არაფერია. უბრალოდ, რისთვისაც მიემგზავრებით, იმ საქმის მოგვარება აქ შეიძლება. მოდით და ყველაფერს მოგიყვებით, – უთხრა შორენას კახამ.

– კარგი, მოვდივართ!

– გელოდები, – მიუგო კახამ გოგონას, ტელეფონი გათიშა და ყურადღებით მიაჩერდა სიუჟეტს, რომელშიც მოსკოვიდან ჩამოსულ მომლოცველებზე იყო ლაპარაკი. მან ერთ-ერთი ბერისკენ გაიშვირა ხელი და ჯაბას უთხრა, – აი, პეტრე გორსალია, ნამდვილად ისაა, არ მეშლება. ახლა ისღა უნდა გავიგოთ, სად წავლენ მომლოცველები, გორსალია ვნახოთ, დაველაპარაკოთ და შორენას დედის ამბავი შევიტყოთ.

კახამ საპატრიარქოს არხზე გადართო ტელევიზორი, სადაც რუსი მომლოცველი ბერების საქართველოში ვიზიტი დაწვრილებით იყო გაშუქებული და პეტრე გორსალიაც უფრო მკაფიოდ და მეტხანს ჩანდა კადრებში, თუმცა, სხვა ბერებისგან განსხვავებით, მას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია კამერის წინ.

– რა კარგად აეწყო ყველაფერი, – ამბობდა გახარებული კახა, – გორსალიას მოსკოვში ვეძებდი და თვითონ გვეწვია საქართველოში.

– რომ არაფერი თქვას გორსალიამ? – უთხრა კახას ჯაბამ, – ხომ შეიძლება, რომ წარსულის გახსენება არ მოუნდეს და შორენას დედაზე არაფერი თქვას? მით უმეტეს, არ ვიცით, რა მოხდა. ხომ შეიძლება, ისეთი რამ იყოს მომხდარი, რომ გორსალიას ამის გახსენება არ უნდოდეს, ან, სულაც, იქნებ, აღარცაა ის ქალი ცოცხალი?

– თუ მკვდარია, სამწუხაროა, მაგრამ, წესით, ცოცხალი უნდა იყოს, რადგან მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო. გორსალია კი ყოველ მიზეზ გარეშე უნდა ავალაპარაკოთ. ბოლოს და ბოლოს, ბერია და შვილს დედის ნახვაზე როგორ ეტყვის უარს? ისე კი, როგორც წეღან გეუბნებოდი, ყველაფერია მოსალოდნელი ადამიანისგან და ასი პროცენტით ვერავის ენდობი.

კახა და ჯაბა ყავას სვამდნენ, როდესაც შორენა და ვიტალი დაბრუნდნენ. პირველი შორენა შემოვიდა და როდესაც საღ-სალამათი ჯაბა დაინახა, გულზე მოეშვა, გაიღიმა და კახას უთხრა:

– სიმართლე გითხრათ, არ დაგიჯერეთ, კახა ბაბუა და, ვიფიქრე, ალბათ, ჯაბა წავიდა-მეთქი. რა მოხდა, რატომ მოგვაბრუნეთ?

– გორსალია თბილისში ჩამოვიდა და იმიტომ, – მიუგო კახამ გოგონას.

– გორსალია თბილისშია? – ჰკითხა მეგობარს გაოცებულმა ვიტალიმ.

– კი, ასეა, – დაუდასტურა კახამ ვიტალის და ტელევიზორისკენ გაიშვირა ხელი, სადაც ერთ-ერთი არხის საინფორმაციო გამოშვებაში მოსკოვიდან ჩამოსული ბერების ვიზიტს აშუქებდნენ, – აი, ისიც, შეხედე, ვიტალი!

– ნამდვილად პეტრე გორსალიაა, – დაუდასტურა მეგობარს ვიტალიმ, – ოღონდ, მობერებული, წვერმოშვებული და ბერის სამოსში.

– მოკლედ, ასე ვქნათ, ჩემო ძვირფასებო, – თქვა კახამ, – რვა საათი სრულდება, მაგრამ არა უშავს. ვიტალი სახლში წავა, რომ დაისვენოს. მე კი ჯერ საპატრიარქოში მივალ და მომლოცველი ბერების ამბავს შევიტყობ, სად და როდის მიემგზავრებიან, უკვე თუ არ გაემგზავრნენ. თქვენ კი, ბავშვებო, დაისვენეთ. თუ რამე ახალი ან სასწრაფო საქმე არ იქნა, დილამდე აღარ შეგაწუხებთ.

კახა და ვიტალი წავიდნენ, შორენამ კი ჯაბას გაუღიმა და უთხრა:

– ყავას დალევ?

– შენ? – შეუბრუნა კითხვა ჯაბამ.

– თუ შენ დალევ, მეც დავლევ.

– მიდი, გააკეთე, – თქვა ჯაბამ და სიგარეტი გააბოლა.

ხუთიოდე წუთის შემდეგ შორენამ გორგოლაჭებიანი მაგიდა შემოაგორა ოთახში, რომელზეც ყავა, ნამცხვრები და შოკოლადები ელაგა. მან ფინჯნებში ყავა ჩამოასხა და ჯაბას უთხრა:

– მიირთვი!

ჯაბამ ყავა მოსვა და შორენას ჰკითხა:

– ნერვიულობ?

– ცოტა არ იყოს, კი, – მიუგო შორენამ, – გული მიჩქარდება მოლოდინისგან. ამდენი ხანია, ვეძებ დედაჩემს და, ალბათ, სულ მალე შევიტყობ მის ამბავს. ნეტავ ახლა სადაა და როგორია?

– სადაა, არ ვიცი, მაგრამ, როგორც ბაბუები ამბობენ, ძალიან ლამაზი ყოფილა და შენ მას ჰგავხარ, – თქვა კახამ.

– მე ძალიან ლამაზი ვარ?

– ულამაზესი, – მიუგო ჯაბამ შორენას და ხელზე აკოცა. შემდეგ წამოდგა, გოგონას ზურგიდან მოუარა, თმებზე მიეფერა. შორენა ნეტარებისგან გაინაბა, ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა.

– ნეტა ვინ უნდა იყოს?! – თქვა შორენამ და დისტანციური პულტით კონდიციონერი ჩართო, რომ სიგარეტის სუნი გაენეიტრალებინა, შემდეგ გორგოლაჭებიანი მაგიდა სამზარეულოში გაიტანა და, სანამ კართან მივიდოდა, ჯაბას უთხრა: – რა იცი, ვინ არის, წადი და საძინებელში დაიმალე. ვინც არ უნდა იყოს, რაც შეიძლება მალე გავისტუმრებ.

ჯაბა საძინებელში გავიდა და კარს აეკრა, რომ საუბარი კარგად მოესმინა. შორენამ კარი გააღო და მის წინ მდგარ ახალგაზრდა კაცს ჰკითხა:

– ვინ გნებავთ?

– გამარჯობა, – მიესალმა უცნობი ახალგაზრდა, – თქვენ, ალბათ, შორენა ხართ?

– დიახ, – მიუგო შორენამ.

– მე პავლე გორსალია ვარ და თქვენთან საქმე მაქვს. შეიძლება შემოვიდე?

გორსალიას გვარის გაგონებაზე შორენა ოდნავ შეცბა, თუმცა სტუმარი სახლში შეიპატიჟა და სავარძელზე მიუთითა:

– დაბრძანდით, ბატონო პავლე. გისმენთ, რა საქმე გაქვთ ჩემთან?

– მე თქვენ ექვსი თვე გეძებდით და ზუსტად ერთი კვირის წინ შევიტყვე თქვენი მისამართი, დღეს კი თქვენთან მოვედი, – უთხრა ახალგაზრდამ შორენას და პაუზა გააკეთა. შორენამ ამით ისარგებლა და სტუმარს ჰკითხა:

– რატომ მეძებდით და თუნდაც ერთი კვირის წინ რატომ არ მოხვედით?

– მამაჩემის გამო. მამაჩემმა მითხრა, რომ უჩემოდო... – დაიბნა სტუმარი, მაგრამ შეყოვნდა, აზრი მოიკრიბა და შორენას უთხრა: – თქვენი მოძებნა მამაჩემმა დამავალა. როცა გიპოვეთ და მას ამის შესახებ შევატყობინე, მითხრა, რომ ჩემს ჩამოსვლამდე არ მიხვიდეო. დღეს კი მამაჩემი თბილისში ჩამოვიდა, დამირეკა და მთხოვა, თქვენთან მოვსულიყავი და მისი თხოვნა გადმომეცა შეხვედრის თაობაზე.

– გასაგებია, მაგრამ მამათქვენი ვინაა, საიდან ჩამოვიდა და ჩემთან შეხვედრა რად უნდა?

– მამაჩემი პეტრე გორსალიაა, უშიშროების ყოფილი გენერალი, ამჟამად კი რუსეთში მოღვაწე ბერი, რომელიც დღეს მოსკოვიდან თბილისში ჩამოფრინდა. თქვენთან შეხვედრა კი რაღაც მნიშვნელოვანი ამბის შესატყობინებლად უნდა. მაგრამ, რა ამბის – ეს მეც არ ვიცი.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3