კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ აქვს ადამიანის ქრისტიანულ ცხოვრებას აზრი და როგორ უნდა წავიღოთ ეკლესიიდან მადლი

მართალია, რომ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი დადის ეკლესიაში, ლოცულობს, ეზიარება, მაგრამ მათმა უმეტესობამ არ იცის იმ წესების შესახებ, რომელთა დაცვა ტაძარში აუცილებელია. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):



– მართლმადიდებლური ეკლესია ადამიანს მოუწოდებს იმისკენ, რომ მან ინდივიდუალურობა შეინარჩუნოს და საკუთარ თავში განავითაროს საუკეთესო თვისებები. თანაც, არა მხოლოდ უნდა განავითაროს ეს ყველაფერი, არამედ უნდა მოიპოვოს მისტიკური ერთობა უფალთან, მაცხოვართან. მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტება, უფრო მეტიც: ჭეშმარიტება თავად მართლმადიდებლობაა, როგორც ამას ეკლესიის მოძღვრები აღნიშნავენ. მთავარია, ადამიანმა კი არ დაკარგოს, პირიქით, მოიპოვოს და განავითაროს სულიერი დისციპლინა. როგორც მამები ამბობენ, სულიერი დისციპლინა არის ღვთისმოსაობა. ამიტომ, თუ ადამიანს არ გააჩნია სულიერი დისციპლინა, ესე იგი არ გააჩნია ის მთავარი, რაც მას ეკლესიური ცხოვრების მოწესრიგებაში ეხმარება. ადამიანები, წესით, ტაძარში უნდა მოდიოდნენ იმისთვის, რომ მიიღონ ღვთაებრივი მადლი. ეკლესია კი ფლობს სრულ მადლს, რომლისგანაც ადამიანები სულიერად იკურნებიან. რაც მთავარია, ადამიანები ამ მადლს უნდა იღებდნენ თავმდაბლობით, მორჩილებით, წესრიგით, სხვანაირად მრევლის სულიერი საკითხების მოწესრიგება ვერ მოხდება. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ის ეკლესიაში მადლის მისაღებად მიდის, სხვანაირად ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა. ეკლესიაში უხილავად მყოფობს უფალი და ადამიანმა არა მხოლოდ უნდა მიიღოს მადლი, არამედ უნდა წაიღოს კიდეც. ჩვენ ვიცით, რომ მადლი ყველას ეძლევა გარკვეული სახით, მცირე თუ დიდი რაოდენობით, მისი საქმეების, რწმენის შესაბამისად. დღეს ბევრი ადამიანი სწორედ იმისთვის მოდის ეკლესიაში, რომ მადლი მიიღოს, მაგრამ ხშირად ისე იქცევიან, რომ, არათუ არ იღებენ მადლს, არამედ ცოდვასაც ამრავლებენ. ეს არის სწორედ იმ დისციპლინის არქონა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით.

– რა იგულისხმება სულიერ დისციპლინაში?

– მაგალითად, ადამიანი ტაძარში დგას გონებაგაფანტული, არ ლოცულობს, არ იღებს სულიერ მონაწილეობას წირვაში, ღვთისმსახურებაში. პირიქით, შეიძლება, ის ამ დროს გვერდით მდგომს ესაუბრება, არ უსმენს ლოცვას. მამები ამბობენ, როდესაც მორწმუნე დგას ტაძარში, მისი დგომა უნდა იყოს მოკრძალებული, პირჯვრის გადაწერაც კი არ უნდა იყოს ზედმეტი, რათა მისმა ქცევამ არ დააბრკოლოს სხვა ადამიანი, ან ხელი არ შეუშალოს მას ლოცვაში. ბევრი ლოცვას ისე ხმამაღლა კითხულობს, რომ ამით სხვა მორწმუნეს უშლის ხელს. ეს ყველაფერი ელემენტარული ქცევის წესებია, რომელიც ტაძარში შესულმა ყველა მორწმუნემ უნდა დაიცვას. თუ ადამიანი ამას დაიცავს, ესე იგი, მას გარკვეულწილად გააჩნია სულიერი დისციპლინა, რომელიც მასში გარეგნულად კი არა, სულიერად მჟღავნდება. სულიერად მოდის მისი განწყობა, სულიერი მომზადება და ასეთი ადამიანი გარკვეულწილად უკვე ჰგავს ნამდვილ, კარგ ქრისტიანს და მისი არსებობა სამრევლო ტაძარში არ იქნება სხვა მლოცველების – ძველებისა თუ ახლად მოსულების – დაბრკოლების მიზეზი. ჩვენ ეკლესიაში მოვდივართ ყოველთა მეუფესთან, უფალთან, ყველაზე აღმატებულთან, რომ ვისაუბროთ მასთან – ლოცვა ხომ უფალთან საუბარი, სულიერი ურთიერთობაა. იმის ნაცვლად, რომ ვილოცოთ, ვისაუბროთ უფალთან, მივიღოთ მადლი, პირიქით, როგორც წმიდანები ამბობენ, ვსაუბრობთ მტვერთან, მიწასთან, ჩვენნაირ მოკვდავებთან. ანუ, გვავიწყდება ზეციური მეუფე და, აქედან გამომდინარე, ვემსგავსებით ფსევდოქრისტიანებს, რომლებიც უხსოვარი დროიდან არსებობდნენ და დღესაც არიან.

– ეკლესიებში ქალები ანალოღიის მარცხნივ დგებიან, მამაკაცები კი – მარჯვნივ. ამის შესახებ თუ არსებობს ეკლესიური სწავლება?

– ასეთი სწავლება არ არსებობს, თუმცა გარდა სწავლებისა, დოგმატებისა, წესებისა, რასაც თავის თავში მოიცავს დედაეკლესია, არსებობს ეკლესიაში დაუწერელი კანონები, ზეპირი გადმოცემები, სამრევლო ისტორია, რომლებიც აწესრიგებს ადამიანთა მოქცევის საკითხებს, მათ შორის, ეკლესიაში დგომისასაც. ესთეტიკურად კარგი იქნება, თუ ერთ მხარეს დადგებიან დედაკაცები და მეორე მხარეს – მამაკაცები. აღდგომის მარხვაში, როდესაც სრულდება პირველშეწირული ლიტურგია, ასევე იკითხება ეფრემ ასურის ლოცვები, რომელიც მოითხოვს მეტანიის რამდენჯერმე აღსრულებას. ჩვენ აღარ ვსაუბრობთ დოგმატებზე, წესებზე, ელემენტარული ესთეტიკური საკითხია, თუ დედაკაცი მაინცდამაინც არ დაიჩოქებს მამაკაცის წინ, არ შეასრულებს მეტანიას და ოდნავ გვერდით იქნება გადაწეული. რა თქმა უნდა, ეს მაშინ უნდა დავიცვათ, თუ ტაძარში არის ამის საშუალება. თუ არ არის საშუალება, ამით წესის დამახინჯებასთან ან დარღვევასთან არ გვექნება საქმე.

– როდესაც ადამიანი ლოცვის, წირვის დროს შემოდის ეკლესიაში, როგორ უნდა მოიქცეს?

– მოძღვრები ყველას ვთხოვთ, მათ შორის ეკლესიის მსახურებსაც; თუ შესაძლებელია, ლოცვისა და წირვის დაწყებამდე ნახევარი ან ერთი საათით ადრე მოვიდნენ. როცა ადამიანს ლოცვაზე, წირვაზე აგვიანდება, ცდილობს, მალე მივიდეს და ამის გამო ეკლესიაში შემოდის დაღლილი, ქოშინით, მის მოწესრიგებას, დამშვიდებას გარკვეული დრო სჭირდება. ამიტომ, ლოცვითი განწყობა რომ შეექმნას, ჯობია, მლოცველი ნახევარი საათით ადრე მოვიდეს, დადგეს ტაძარში, ფიზიკური, სულიერი ძალები მოიკრიბოს, ემთხვიოს ანალოღიას, რომელზეც ტაძრის ან დღესასწაულის ხატია დაბრძანებული, მიაგოს ხატებს პატივი, სანთელი აანთოს, უფალს შეავედროს ქვეყანა, ოჯახი, საკუთარი თავი და შემდეგ დაწყნარებული მდგომარეობით შეხვდეს ლოცვის ან წირვის დაწყებას, რათა აღსრულებული კარგად გაიგოს, შეითვისოს.

– საეკლესიო წესების აღსრულებისას მამაკაცებს აქვთ უპირატესი უფლება, რაც ხანდახან ქალების პროტესტს იწვევს.

– ეს უფრო მოწესრიგებულად არის პატარა, სამრევლო ტაძრებში, სადაც მრევლის რაოდენობა ისეთი დიდი არ არის, როგორც დიდ ტაძრებში. მანდილოსნებმა უნდა გაითავისონ, რომ მამაკაცი თუ წავა წინ, ამაში საწყენი არაფერია. ძველი აღთქმის ებრაელებს, იუდეველებს ჰქონდათ წესი: ქალები არ შედიოდნენ სალოცავში, მათ შორიდან უნდა ედევნებინათ თვალი ღვთისმსახურებისთვის. ახალმა აღთქმამ კი დედაკაცი გაუთანაბრა მამაკაცს, მაგრამ მამაკაცი მაინც პირველ პლანზე დატოვა, ჯერ მამაკაცი შეიქმნა ღვთისგან და შემდეგ მისთვის შეიქმნა დედაკაცი. თუმცა, ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ღვთის თვალში მამაკაცები უფრო დიდები არიან, ვიდრე დედაკაცები, უბრალოდ, ეკლესია აწესებს მამაკაცის უპირატესობას, იმიტომ რომ, პირველი მღვდელმსახური მაცხოვარი იყო და ნებისმიერი მამაკაცი პოტენციურად შეიძლება, გახდეს მღვდელი.

– ყველა ეკლესიაში საკურთხევლის კარის წინ დაბრძანებულია ანალოღია. ხშირად, როდესაც ადამიანები მას წინ გადაუვლიან, სხვებისგან შენიშვნას იღებენ. ამის შესახებ თუ არსებობს რაიმე სწავლება?

– ადამიანი ანალოღიას წინიდან გაუვლის თუ უკნიდან გაივლის, ამაზე სწავლება არ არსებობს. როდესაც ადამიანი შემოდის ეკლესიაში, ბუნებრივია, ის ჯერ მიდის ანალოღიასთან. რა თქმა უნდა, მასთან ზურგით არ დადგება ან უკნიდან არ მივა, მით უმეტეს, თუ ბევრი ხალხი არ არის. მაგრამ, როდესაც პატარა ეკლესიებში დიდი დღესასწაულია და ბევრი ხალხია ეკლესიაში, ანალოღიის წინაც დგანან ადამიანები და უკანაც. შეიძლება, ასეთ დროს ვინმეს მოუხდეს ანალოღიის წინ გავლა და ამაში ცუდი არაფერია, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ, თუ ტაძარში თავისუფლებაა, მაშინ, რა საჭიროა ანალოღიის წინ გადავლა? თუმცა, ამის აკრძალვის ფორმა არ არსებობს, ეს, უბრალოდ, პატივის მიგებაა. სამების საკათედრო ტაძარში ანალოღია ამბიონიდან საკმაოდ მოშორებით დგას და ძალიან ბევრი ადამიანი გადადის მის წინ. რადგან ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ პატარა ტაძრებზე, იქ ანალოღია ძალიან ახლოს დგას ამბიონთან, ზოგჯერ, შეიძლება ამბიონზე მიდგმულიც კი იყოს. ამასთან დაკავშირებით კი არსებობს ასეთი მიდგომა და არა სწავლება, რომ თუ ადამიანი ამ დროს წინ გადაუვლის ანალოღიას, მას, შეიძლება უნებურად მოუწიოს ამბიონზე ასვლა, ამბიონი კი განასახიერებს ლოდს უფლის საფლავზე და არ შეიძლება მასზე ვინმე თავისუფლად ავიდეს და ჩამოვიდეს, გარდა ღვთისმსახურისა და იმ პირებისა, ვინც საკურთხეველს ემსახურება. ამ თვალსაზრისით არ შეიძლება გავლა, თორემ, სხვა შემთხვევაში, რამე წესი ან აკრძალვა არ არსებობს.


скачать dle 11.3