კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის სჭირდება ქალს საყვარელი მამაკაცის გარდა, კიდევ სხვა კაცი

სიყვარული საკმაოდ რთული და უცნაური ფენომენია. ის ყველა ადამიანში ინდივიდუალურად ისახება და ინდივიდუალურ ფორმას იძენს. შეყვარებული ადამიანი ხშირად არაადეკვატურია. მისი საქციელი არაპროგნოზირებადი და ზოგჯერ სრულიად წარმოუდგენელია. მაგრამ, ჩვენ მაინც ჩვენებურად გვიყვარს. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც სიყვარულის შესახებ გაგვიგია და წაგვიკითხავს, როცა თავად ვართ შეყვარებული, საღი აზრი და ლოგიკა „დუმს“. ვმოქმედებთ გულის კარნახით და შეცდომებსაც ვუშვებთ. ჩვენ თავს ვიმართლებთ, რომ შეგვიყვარდა... ანგარიშმიუცემლად... თავდავიწყებით... თუმცა, დაშვებული შეცდომა, ანუ ამ თავდავიწყებით შეყვარების შედეგი ძალიან დიდხანს გვიშლის ხელს მშვიდად ცხოვრებაში და სინდისსაც გვიმძიმებს.



მარიკა (31 წლის): ჩემი პრობლემა და უბედურება ის არის, რომ არანორმალურად მიყვარს საკუთარი ქმარი. გაგიკვირდებათ და მკითხავთ, ეს ხომ ბუნებრივია, ცოლს ქმარი უყვარდესო?! დიახ, ბუნებრივია. მაგრამ, მაშინ არის ბუნებრივი, როცა ყველაზე და ყველაფერზე მაღლა არ დააყენებ და კერპად არ გადააქცევ. ზღვარი და ზომიერება ყველაფერში საჭიროა, მით უფრო სიყვარულში. შენს გრძნობას დროზე უნდა მოსდო სადავეები და დაიმორჩილო, თორემ საშინელებას ჩაგადენინებს. ჩემგან არ გესწავლებათ, რომ შეიძლება, სიყვარული დიდი ბოროტების სათავეც კი გახდეს. ძალიან კარგია, ყველაფერი ის, რასაც სიყვარულის მშვენიერებაზე წერენ, არაჩვეულებრივია, როცა შენი ცხოვრება სიყვარულით ივსება და სხვა განზომილებაში გადადიხარ, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ბოლომდე არ უნდა „მიუშვა“, თორემ დაიღუპები. შეყვარებულ ქალს და კაცსაც, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი სისულელის და საშინელების ჩადენაც კი შეუძლიათ. ბევრჯერ გავოცებულვარ და მითქვამს, ისე როგორ უნდა შეგიყვარდეს ვინმე, რომ ჭკუიდან გადახვიდე-მეთქი. მაგრამ ეს იყო მანამდე, სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე ასეთივე ზღვარგადასული სიყვარულის გავლენა. ისეთი რაღაც გამაკეთებინა და ისეთი შეცდომა დამაშვებინა, აღარც კი ვიცი, როგორ გაგრძელდება ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი ცხოვრება. ძველებურად რომ ვეღარ იქნება, ამას ვხვდები, მაგრამ საკუთარ მომავალს საერთოდ ვეღარ ვხედავ... საშინელებაა... ცხოვრება, თუ ისევ ჩვენ, ზოგჯერ ისეთ სიურპრიზებს ვუწყობთ საკუთარ თავს, რომ „ჩასაფრებული“ მტერიც კი, იმდენად ვერ დაგვაზარალებდა.

გათხოვებამდე ვხვდებოდი ადამიანს, რომელთანაც თავს ძალიან კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობდი. ძალიან კარგად ვიყავი მასთან და ვხვდებოდი, რომ თუ ცოლად გავყვებოდი, საკმაოდ მშვიდი და სტაბილური ცხოვრება მექნებოდა. სხვათა შორის, ყველა ჩემი მეგობარი და ახლობელი ელოდა, რომ ჩვენი შეხვედრები ქორწინებით დასრულდებოდა... მაგრამ...

– მაგრამ სხვა შეგიყვარდათ?

– დიახ... და ეს გრძნობა ნამდვილი სიგიჟე იყო. საერთოდ, არაფერზე აღარ მიფიქრია. ტვინში რომელიღაც ჭანჭიკი გადამიტრიალდა და „ჩამეკეტა“. საერთოდ, გიჟურ სიყვარულს რომ სიკეთე არ მოაქვს, ეს ხომ ფაქტია. მაგრამ, რომ შეგიყვარდება, მერე უკვე ძნელია, საღად იაზროვნო და „ცივი“ გონებით განსაჯო. იცით, რა მჭირდა?! ცოლად რომ არ მოვეყვანე, ნამდვილად გავგიჟდებოდი. ჩემი დაქალი მეუბნებოდა, ქმარი რომ გახდება, ეს „ბნედები“ გაგივლის და ცოტას დამშვიდდებიო. მართლა არაადეკვატურად ვიქცეოდი. სულ ჩემ გვერდით მინდოდა, ყოფილიყო. ტელეფონით მეძინა, არიქა, რომ დარეკოს და ვერ გავიგონო-მეთქი... სულს ვერ ვითქვამდი ამ სიყვარულით. თქვენ გამოგიცდიათ ისეთი სიყვარული, ჟანგბადი რომ აღარ გყოფნის და რომ „იხრჩობი“? ასე ვიყავი და... ვარ დღესაც.

– არაფერი შეიცვალა, რაც მისი ცოლი გახდით?

– აბსოლუტურად არაფერი. თან, გუშინდელი ცოლ-ქმარი კი არ ვართ, ხუთი წელია უკვე. ის ჩვეულებრივი ქმარია. შეიძლება ვუყვარვარ, მაგრამ ამას დიდად არ გამოხატავს. „სტანდარტული“ ქმარია.

– „სტანდარტული“ ქმარი რას ნიშნავს.

– არ იცით? „პოზა“ რომ უჭირავს: ცოლი ჩემი საკუთრებააო და მობეზრებული ნივთივით მასში ქალს აღარ ხედავს, არც ესაუბრება და არც პრობლემებს უქმნის... ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არაფერიც არ არის რიგზე. მე მაგიჟებს ჩემი ქმრის გულგრილობა და ყურადღება მოვალეობის მოხდის მიზნით.

– დაქორწინებამდე არ იყო გულგრილი?

– ახლა, ამ გადმოსახედიდან უკვე ვიტყვი, რომ ჩემსავით გადარეული არ ყოფილა. ვუყვარდი, როგორ არა. ცოტა თითქოს იბრძოდა კიდეც – იმ ტიპისთვის, რომ ჩემი თავი არ დაეთმო. ეტყობა, სულერთი არ ვიყავი მისთვის.

– არ იცით, უყვარდით თუ არა?

– მე ვიცოდი, რომ მე მიყვარდა. ცოტა ეგოისტურად ჟღერს, მაგრამ ახლა გულახდილი უნდა ვიყო. სხვანაირად, რა აზრი აქვს ჩვენს საუბარს, ხომ მართალია?! თან, თვითონაც მინდა, საკუთარ თავში გავერკვე. ზუსტად უნდა ვიცოდე, რამ მომიყვანა აქამდე.

– უსაზღვრო სიყვარულამდე?

– არა. მაგის განსაზღვრა და იმაზე პასუხის გაცემა, ასე რატომ შემიყვარდაო, სასაცილოა. ეგ არ მიგულისხმია. მე რომ ვუღალატე ქმარს, ეს არის შეცდომა, რომელიც მშვიდად ცხოვრებაში ხელს მიშლის და არ მასვენებს. მე ხომ შემთხვევით კი არა, სრულიად შეგნებულად ვუღალატე ქმარს.

– გამონაკლისი ხართ. ქალების უმრავლესობა იმას ამტკიცებს, რომ მისი ეს ნაბიჯი გაუაზრებელი და შემთხვევითი იყო.

– რა გითხრათ. ყველას თავისი სიმართლე აქვს. მე ვერავის განვსჯი. სხვის საქციელზე მე ვერ ვიქნები პასუხისმგებელი და უფლებაც არ მაქვს ამის. საკუთარ საქციელზეც მეყოფა პასუხისმგებლობა. ჩემი ეს ნაბიჯი სრულიად გააზრებული და შედეგზე ორიენტირებული იყო.

– შედეგზე ორიენტირებული?

– მესმის თქვენი გაოცება, მაგრამ მართლა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. ფსიქოლოგსაც მივაკითხე. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ იმედი გამიცრუა.

– რატომ?

– დამიწყო შეგონებები, შენ თუ არ უშველე საკუთარ თავს, სხვა ვერავინ დაგეხმარება... ემოციები უნდა გააკონტროლო, თორემ ქმარი საერთოდ გაგექცევაო. მე კიდევ ეს მინდოდა?! უარესად გავხდი. რას ჰქვია, გამექცევა-მეთქი. აბა, რას იზამს. ეგ შენი სიყვარული მისთვის მხოლოდ ტვირთია და როგორმე უნდა განიკურნოო. ადვილი სათქმელია, განიკურნო. წარმოიდგინეთ, ექიმი, რომელიც პაციენტს ეუბნება, კი, ძალიან ავად ხარ, უნდა იმკურნალოო, მაგრამ წამალს არ აძლევს. მრჩეველიც არ გამომიჩნდა წესიერი. ვხედავდი, როგორ ღრმად შევდიოდი ჩიხში. ვნერვიულობდი, მაგრამ სიყვარული კიდევ უფრო მიძლიერდებოდა. ეს არ არის ნორმალურიო, მეტყვით ალბათ და მეც ვიცი, რომ ნორმალურობის საზღვარს კარგა შორს ვიყავი გაცდენილი. ჰოდა, სულელური ნაბიჯიც გადავდგი...

– ამიტომ უღალატეთ ქმარს? ეს წამალი „გამოუწერეთ“ საკუთარ თავს?

– ასე მარტივად არ ყოფილა საქმე. თუმცა არსი ჩემი საქციელისა, მაინც ეს არის. რამდენიც უნდა ვამტკიცო, რომ ღალატზე კეთილი განზრახვით წავედი, შედეგი, ნებისმიერ შემთხვევაში ერთია. ფაქტი ფაქტად რჩება. მე ვიწექი უცხო კაცთან. უცხოა ის ჩემთვის, იმიტომ რომ ერთმანეთთან არაფერი გვაკავშირებს, აბსოლუტურად არაფერი. გრძნობაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი, მაგრამ ვნებაც კი არ მქონია მის მიმართ. ხომ შეიძლება, ქმარი გიყვარდეს და სხვა მამაკაცმაც რაღაცით მიგიზიდოს. ჩემს შემთხვევაში, ესეც არ ყოფილა.

– ძალიან უცნაურ რაღაცას ამბობთ: ქმარი გიყვარდეს და სხვა კაცმა მიგიზიდოსო... ქმარი არანორმალურად მიყვარდა და იმ კაცთან ვუღალატე, რომელიც ჩემთვის საერთოდ არაფერს წარმოადგენდაო...

– დიახ. ასეა. საკუთარ თავთან ვარ წინააღმდეგობაში და იმიტომაც გამირთულდა ცხოვრება. მე მინდოდა, გავთავისუფლებულიყავი ამ ავადმყოფური სიყვარულისგან და იმიტომ ვუღალატე ქმარს. ვფიქრობდი, რომ ამის შემდეგ უფლება აღარ მექნებოდა, ასე მყვარებოდა, ან რაღაც ისეთს ვიგრძნობდი, რაც სიყვარულს გაანეიტრალებდა. მე ხომ გაღმერთებული მყავდა ჩემი ქმარი. მოკლედ რომ ვთქვათ, ექსპერიმენტი ჩავატარე საკუთარ თავზე და საკუთარ ცხოვრებაზე...

– ძალიან საშიში ექსპერიმენტია.

– დიახ, საკმაოდ საშიში და რთული. ახლა კი ვხვდები, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია. ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს. თუმცა, არც არავისგან ვითხოვ ამას. ჯერ მე, თვითონ უნდა ვაპატიო საკუთარ თავს.

– თქვენმა ქმარმა იცის, ღალატის შესახებ?

– არა, რა თქმა უნდა. ამას როგორ გავამხელ. ზუსტად ვიცი, რომ არც არასოდეს ვეტყვი, თუ ისევ ერთად ვიქნებით...

– აპირებთ, რომ წამოხვიდეთ მისგან?

– მე არაფერს ვაპირებ. უფრო სწორად აღარაფერს. მაგრამ ეს ჩემზე ნაკლებად არის დამოკიდებული. ცხოვრება როგორიც არის, ხომ იცით?! მე არ ვიცი, ხვალ რა მოხდება. წარმოიდგინეთ, ჩემმა ქმარმა რომ გაიგოს, რაც გავაკეთე. სულ იმას ვუმტკიცებდი და ვუმტკიცებ, რომ მიყვარს... უცებ, ვუღალატე. როგორ გგონიათ, გაიგებს, რომ მისმა სიყვარულმა გამაკეთებინა ეს და სწორედ, დიდმა გრძნობამ მაიძულა და მიბიძგა აქეთ?

– მაპატიეთ, მგარამ ეს ჩემთვისაც აბსოლუტურად გაუგებარია.

– მივხვდი. გეტყობათ. მინდა, გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არანორმალურად მტკივა. როცა ვფიქრობ, სადამდე მივედი, ვიტანჯები. ჩემი ქმრის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია...

– ანუ, ღალატმაც ვერ გიშველათ.

– ვერა. კიდევ უფრო დამიმძიმა სიტუაცია. სიყვარული არ გამნელებია და კიდევ, სინდისის ქენჯნაც დამემატა. აი, ამას როგორ ვუშველო, უკვე აღარ ვიცი. ფსიქოლოგთან წასვლას აზრი არ აქვს. ზუსტად ვიცი, რა საუბარიც გვექნება. თქვენთან იმიტომ მოვედი, რომ ვფიქრობდი, ამ ფორმით დაველაპარაკებოდი საკუთარ თავს. თუმცა, გულზე არ მომეშვა. გამოსავალს მაინც ვერ ვხედავ.

– ის პიროვნება ვინ არის, ვისთანაც ქმარს უღალატეთ? ასე ადვილია, ერთბაშად იპოვო შესაფერისი „ობიექტი“ ღალატისთვის?

– ამაზე ლაპარაკი არ მინდა. საერთოდ, არაფრის თქმა არ მინდა იმ პიროვნების შესახებ. რატომ უნდა შევუქმნა პრობლემები. ის საერთოდ არაფერ შუაშია. თუმცა, იმას კი გეტყვით, რომ მთავარია, სურვილი და ყველაფრისთვის გამოიძებნება შესაფერისი „ობიექტი“. ეს ნამდვილად არ არის პრობლემა, დამიჯერეთ... პრობლემა სხვა რამეშია, რატომ დამემართა ასეთი რაღაც, რამ მიმიყვანა იქამდე, რომ საყვარელი მამაკაცის გარდა, „სხვა“ კაციც დამჭირდა. დიახ, დამჭირდა... სხვას ვერაფერს დავარქმევ ამას. საშინელებაა, მაგრამ ჩემი რეალობა სწორედ ეს არის. ფაქტია, რომ ჩემი დიდი პრობლემა – ჩემი სიყვარულია!

– თქვენ მიგაჩნიათ, რომ ცოლს ქმარი არ უნდა უყვარდეს?

– არა. მე ასე არ მიმაჩნია, მაგრამ ასე გიჟურად არ უნდა უყვარდეს, როგორც მე მიყვარს. შეუძლებელია, ქმარმა ასეთივე სიყვარულით გიპასუხოს და სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა. უკიდურესობამდე მიჰყავხარ ამას.

– ქმარს რომ უყვარდეს ცოლი ასეთი, როგორც თქვენ ამბობთ, არანორმალური გრძნობით?

– იმასაც პრობლემები შეექმნება. თქვენ როგორ გგონიათ?! ამ პრობლემას სქესი არ აქვს. თქვენ არ გინახავთ სიყვარულისგან ჭკუადაკარგული მამაკაცები? არაადეკვატურად რომ იქცევიან და ცოლებს ყურმოჭრილი მონებივით ეფინებიან ფეხქვეშ?! მე ძალიან მეცოდებიან ასეთი მამაკაცები, რადგან მესმის მათი. ვიცი, რამაც მიიყვანა ისინი ამ უკიდურესობამდე. საკუთარი თავიც მეცოდება... არ არის ჩემი საშველი...

– გეთანხმებით, საერთოდ რთული სიტუაცია გაქვთ. გადაწყვეტილება მარტო თქვენ უნდა მიიღოთ.

– რა გადაწყვეტილება?! ისეთი გადაწყვეტილება არ არსებობს, მე რომ ამ ჩიხიდან გამომიყვანს. ეტყობა, სიმშვიდეს ვეღარასდროს მოვიპოვებ... ეს ჩემი სამუდამო ტვირთია... ნეტავი, შემძლებოდა, სიყვარულისთვის წინააღმდეგობა გამეწია, მაგრამ ძალიან სუსტი აღმოვჩნდი.


скачать dle 11.3