კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური ინტიმური

ჩემმა მატარებელმა კარგა ხნის წინ ჩაიარა...

ახლა იმ ასაკში ვარ, როცა იტყვიან ხოლმე, ჩემმა მატარებელმა ჩაიარაო – მალე 40 წელს მივუკაკუნებ. საღამოობით, როცა სახლში მარტო ვარ, ხშირად ვფიქრობ ხოლმე ჩემს წარსულ ცხოვრებაზე და, მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ძალიან მიყვარს და თანაც, არც ერთი აღარ არის ცოცხალი, მაინც მათ ვადანაშაულებ იმაში, რომ ასე აეწყო ჩემი ცხოვრება. ორივე უაღრესად განათლებული, დახვეწილი და პატიოსანი ადამიანი იყო. არამატერიალისტები, რომანტიკულები, მეოცნებეები იყვნენ და მეც ასე მზრდიდნენ. შედეგიც მათთვის სასურველი მიიღეს: ჩაცმა-დახურვა თითქმის არ მაინტერესებდა – მხოლოდ იმ დონეზე, რომ რაღაც საშუალო მცმოდა; არც ფუფუნების საგნები მიტაცებდა და ვერც იმათთან ვპულობდი საერთო ენას, ვინც ეგრეთ წოდებულ „სვეცკურ” ცხოვრებას „აწვებოდა”. საკმაოდ ლამაზი გოგო ვიყავი, მაგრამ, არამოდური, არათანამედროვე და, შესაბამისად, არც თაყვანისმცემლების ჯარი დამდევდა. ერთხელ, ერთმა თანაკლასელმა ბიჭმა მითხრა, შენ იშვიათად თუ მოეწონები ბიჭებს, რადგან კაცს უჭირს თავისზე ჭკვიან და განათლებულ გოგოსთან ურთიერთობა. თანაც, საერთოდ არ იპრანჭები, არავის ეკეკლუცები და ამიტომ, შეიძლება, უშნო და პრანჭია გოგოს მეტი თაყვანისმცემელი ჰყავდესო. მაშინ ამ სიტყვებისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მხოლოდ ის ვუთხარი ღიმილით, რასაც სინამდვილეში ვფიქრობდი: არც მე მომწონს ისეთი ბიჭები, ვინც მხოლოდ ჩაცმა-დახურვასა და პრანჭვას აქცევს ყურადღებას და ორ წინადადებას ვერ გადააბამს ერთმანეთს-მეთქი.

აქტიურად არ მიძებნია, მაგრამ გულში ყოველთვის ვეძებდი ისეთ ბიჭს, რომელიც ჩემს შინაგან სამყაროს დაინახავდა და დააფასებდა. მეორე კურსზე რომ ვიყავი, ერთი ბიჭი გავიცანი ახლობლის დაბადების დღეზე. ძალიან სიმპათიური იყო და, თან, ძალიან ინტელიგენტური. გოგონებშიც პოპულარული გახლდათ. ვგრძნობდი, რომ სერიოზულად მომწონდა, მაგრამ, ისეთი გოგოები დასდევდნენ კუდში, ვიფიქრე, ეს მე ზედაც არ შემომხედავს-მეთქი, ძალით ჩავიხშე გრძნობები და კარგი მეგობრები გავხდით. მერეც, რამდენიმე წლის შემდეგ, კიდევ მქონდა ასეთი შემთხვევა და, ისევ ჩემი კომპლექსების გამო, კვლავ უარი ვთქვი ჩემი გრძნობის გამჟღავნებაზე – ასეთ კაცს ჩემნაირი ქალი არ მოეწონება-მეთქი. 30 წელს რომ გადავაბიჯე და ჩემი „ოცნების პრინცი” აღარ გამოჩნდა, იმ კაცს გავყევი, რომელიც არ მიყვარდა. სიმართლე გითხრათ, უკვე ისე ვიყავი დაკომპლექსებული, იმისგანაც კი გამიკვირდა ჩემი ცოლად შერთვა რომ მოინდომა. მიუხედავად იმისა, რომ გულში მაინც ვგრძნობდი, არაფრით მჯობდა. ერთი სიტყვით, შევქმენი ოჯახი და შევუდექი ქართველი ქალის ტრადიციულ ცხოვრებას: ქმარ-შვილი, სამსახური, ოჯახის საქმეები და ასე შემდეგ. სულ გადარბენაში ვიყავი და მაგდანას ლურჯასავით აკიდებული მოვდიოდი სახლში.

ერთხელ, პანაშვიდზე წავედი და სრულიად შემთხვევით შევხვდი ჩემს ორივე ყოფილ სიმპათიას, ანუ იმ ბიჭებს, რომელთა ღირსადაც არ ჩავთვალე მაშინ თავი. გადმოვიდნენ გასისინებული „ჯიპებიდან”, რევერანსებით გადმოიყვანეს მანქანებიდან თავიანთი მეორე ნახევრები, რომლებიც ძვირფას ქურქებში იყვნენ გამოწყობილი და ბრილიანტებით აბრჭყვიალებული. ორივეს რომ შევხედე, გული მეტკინა. არ გეგონოთ, შური მალაპარაკებდეს, მაგრამ, აშკარა იყო, თავის დროზე ორივეს ცოლს კარგად „უჩალიჩია”, რომ ეს ბიჭები ხელში ჩაეგდოთ. ის ქალები რომ გენახათ, თქვენც ასე იფიქრებდით. ბიჭები, რომლებიც ახალგაზრდობაში ბუზს არ ისვამდნენ თავზე და ჩვეულებრივ გოგოებთან უბრალო ნაცნობობასაც კი არ კადრულობდნენ, ისე იყვნენ განებივრებულები ლამაზმანებისგან, ახლა თვალებში შესციცინებდნენ უშნო, გოიმ ცოლებს და ფიანდაზად ეგებოდნენ. ისინი კი ისეთი სახით მოჰყვებოდნენ ქმრებს, იქით აყვედრიდნენ, რომ მათ გვერდით დგომა იკადრეს.

მე ორივეს ავარიდე თვალი და ფეხით გავუყევი გზას სახლისკენ, სადაც მელოდა ჩემი ქმარი, ტრადიციული ფრაზით:

– სად დაბოდიალობ, ქალო, აქამდე! მთელი დღეა, მშიერი გელოდები. რა მოიტანე საჭმელი?..

ლალი, 39 წლის.



ჩემნაირი გოგოები

ბიჭებს არ მოსწონთ

ძალიან მომწონს ერთი ბიჭი, მაგრამ ის ყურადღებას არ მაქცევს, ვერც კი მამჩნევს. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ჩემი დაქალი მეუბნება, თუ გინდა, ბიჭი შენით დაინტერესდეს, უნდა გახდე (ცოტა პუტკუნა ვარ), მოდურად გეცვას და თანამედროვე ჟარგონებში ერკვეოდე, თან, ცოტა თამამიც უნდა იყოო. გახდომის პრობლემა არ მაქვს, სულაც არ გამიჭირდება დიეტის დაცვა, აი, დანარჩენის კი, რა მოგახსენოთ – ჩემს მშობლებს არ აქვთ იმის საშუალება, უკანასკნელ მოდაზე ჩამაცვან, არც თამამი ვარ და ჟარგონებს ხომ ორგანულად ვერ ვიტან. მოკლედ, ისე გამოდის, რომ ჩემნაირი გოგოები ბიჭებს არ მოსწონთ და, მთელი ცხოვრება უსიყვარულოდ უნდა გავატარო, ან მთლიანად გადავკეთდე და ისეთი გავხდე, როგორიც არ ვარ და არც მინდა, ვიყო.

თათა, 17 წლის.



3 წლით უფროსი გოგო მიყვარს

ჩემი გულისტკივილი მინდა, გაგანდოთ.

ვსწავლობ მეცხრე კლასში და მიყვარს მეთორმეტეკლასელი გოგონა, თანაც, უკვე ორი წელია. ძალიან დიდხანს ვმალავდი ჩემს გრძნობას, მაგრამ ბოლოს მაინც გამჟღავნდა და მარტო ძმაკაცები კი არა, მთელი კლასი დამცინის. ჩემს კლასს ვინ ჩივის, ნანას თანაკლასელებმაც გაიგეს და, როცა კი დამინახავენ (განსაკუთრებით – გოგონები), მაშინვე ფხუკუნს იწყებენ, რაზეც მე ვწითლდები. ამას კი ხარხარი მოჰყვება ხოლმე. ნანას თანაკლასელი ბიჭები შედარებით უფრო ღირსეულად იქცევიან. მართალია, ეღიმებათ ხოლმე, მაგრამ, არ დამცინიან და თანაგრძნობას გამოხატავენ. თვითონ ნანა კი, ეტყობა, მაგრად ერთობა ჩემზე, რაც ძალიან მწყინს. სულ რაღაც 3 წლით ვარ უმცროსი და ისე მექცევა, როგორც პატარა ბავშვს. სკოლის პერიოდში იგრძნობა რამდენიმეწლიანი სხვაობა ასაკში, თორემ, ათი-თხუთმეტი წლის შემდეგ, სამწლიანი შუალედი აღარაფერია. მე ვიცი ცოლ-ქმარი (თანაც, რამდენიმე წყვილი), როცა ქმარი თითქმის 10 წლითაა უმცროსი, მაგრამ მაინც გადასარევი ურთიერთობა აქვთ. ამიტომ, იმედს ვიტოვებ, როცა გავიზრდები და კაცობაში შევალ, ჩემი სიყვარული არავის დასაცინი აღარ იქნება.

ზუკა, 13 წლის.



არ გათხოვდეთ სიბრალულის გამო

მინდა, ყველა ქალი გავაფრთხილო: არასდროს გაჰყვეთ ცოლად კაცს სიბრალულის გამო! ამას ჩემი საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით. ჯობია, უსიყვარულოდ გათხოვდეთ, უფრო მეტიც, გერჩივნოთ, გაჰყვეთ კაცს, რომელსაც ვერ იტანთ, ვიდრე იმას, ვინც თქვენთვის ყოველთვის სულერთი იყო, მაგრამ, გეცოდებოდათ.

ჩემს ისტორიას გიამბობთ და მიხვდებით, რომ მართალს გეუბნებით: მერვე კლასში რომ ვიყავი, ბინა შევიცვალეთ და სხვა უბანში გადავედით საცხოვრებლად. იმავე სადარბაზოში, პირველ სართულზე, ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა ჩემზე ხუთი წლით უფროსი ბიჭი, ზაზა, რომელიც იქ გადასვლიდან რამდენიმე დღეში გავიცანი შემთხვევით ეზოში და იმ წუთიდან სიცოცხლე მქონდა გამწარებული. აჩრდილივით სულ კუდში დამდევდა, თავისი ჭკუით, მფარველობას მიწევდა და დილის 9 საათამდე სკოლასთან მდარაჯობდა, მერე სახლამდე მაცილებდა და გზაში ტვინს მიწყალებდა თავის გრძნობებსა და ერთგულებაზე ლაპარაკით. თავიდან მისი მეშინოდა და გავურბოდი; მერე, უფრო ახლოს რომ გავიცანი, დავრწმუნდი, რომ მისგან არანაირი საშიშროება არ მელოდა და თავს მხოლოდ იმიტომღა ვარიდებდი, რომ ყელში მქონდა ამოსული მისი სულელური ლაპარაკი. მერე ამასაც შევეჩვიე და უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევდი. ის კი მაინც არ მეშვებოდა. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. ამასობაში სკოლა დავამთავრე, სტუდენტი გავხდი, მისი გრძნობა კი არ განელებულა. აღარ იცოდა, როგორ ესიამოვნებინა ჩემთვის, სულ სიურპრიზებს მიწყობდა, ჩემი სიტყვა მისთვის კანონი იყო: რა უნდა მეთქვა, რომ მას მაშინვე არ შეესრულებინა. ამ ყველაფრის მიუხედავად, მის მიმართ სიყვარულმა მაინც არ გაიღვიძა ჩემში. პატივს ვცემდი, ახლობლად მიმაჩნდა, ვენდობოდი, მაგრამ სიყვარულს ნამდვილად არ ვგრძნობდი. რატომ – არ ვიცი, მაგრამ მისი ასეთი თან გადაყოლა, რაღაც ნერვს მიღიზიანებდა. ჩემს სადაქალოში თავიდან შაყირობდნენ ზაზაზე, მერე კი უკვე მეჩხუბებოდნენ – ბიჭი თან გყვება, ასე სხვა არავინ შეგიყვარებს და ცოტა თბილად მოექეციო. ზაზას ასეთმა ერთგულებამ ჩემში სიყვარული არა, მაგრამ სიბრალული კი ნამდვილად გამოიწვია. ერთ დღესაც, გადავაბიჯე საკუთარ თავს და როდესაც ჩემმა რომეომ ალბათ მეასეჯერ მთხოვა ხელი, თანხმობა ვუთხარი. უნდა გენახათ, რა სახე ჰქონდა: ბედნიერი, გაოგნებული. ისე გადაირია სიხარულისგან, შემეშინდა კიდეც, ხომ არ გაგიჟდა-მეთქი. ჩემს მშობლებსაც გაუხარდათ, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ ასეთ ქმართან ბედნიერი ვიქნებოდი.

ქორწილი ვიწრო წრეში გადავიხადეთ და საქორწინო მოგზაურობაში წავედით. პირველ სამ-ოთხ დღეს ზაზამ თავისი შესაძლებლობების პიკს მიაღწია, ისეთი ფოიერვერკები მომიწყო, მაგრამ მეხუთე დღეს თითქოს უცბად შეცვალეს: მზრუნველი და აღტაცებული ქმრის ნაცვლად, ჩემ წინ იდგა უხასიათო, უკმაყოფილო, პრეტენზიული კაცი, რომელიც მაყვედრიდა თავის სიყვარულს, თან გადაყოლას, ყოველ კაპიკს, რაც ჩემთვის დაუხარჯავს და ყოველ საჩუქარს, რაც ჩემთვის მოურთმევია. ისეთი გაოგნებული დავრჩი, ასეთი მოულოდნელი და რადიკალური ცვლილების გამო, რომ აბსოლუტური უსუსურობა და სასოწარკვეთილება დამეუფლა. ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე, გავიპარები და ჩემს მშობლებთან დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ, ვერ გავბედე, უფრო კი, ალბათ, შემრცხვა ამის გაკეთება. მერე თავის დაწყნარება დავიწყე – დროთა განმავლობაში გაუვლის-მეთქი, მაგრამ, პირიქით მოხდა: მოსიყვარულე და მზრუნველი ქმრის ნაცვლად, ხელში შემრჩა დესპოტი, უხასიათო, ეჭვიანი და დაბოღმილი კაცი, რომელიც ჩემს ყოველ სიტყვასა და ნაბიჯს აკონტროლებდა, რომელმაც სამსახური დამატოვებინა და, როგორც იტყვიან, ცოცხი და ტილო მომცა ხელში და კონკრეტული ფუნქცია დამაკისრა: სახლი, სამზარეულო და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის პარალელურად, დედამთილიც არ მაკლდება ხელს – ამდენი წელი რომ აწამე ჩემი შვილი, რა გგონია, თავზე ხელს გადაგისვამო? ერთი სიტყვით, ნამდვილ ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი. ჩემს მშობლებს ვერაფერს ვეუბნები, მაგრამ დედაჩემი ხვდება, რომ რაღაც ისე ვერ არის და ცდილობს, მათქმევინოს. მაგრამ, ჯერჯერობით არ ვუტყდები. თუმცა, არ ვიცი, როდემდე გავუძლებ ასეთ პირობებში ცხოვრებას.

სოფო, 24 წლის.



შეუხედავ გოგონებს ვურჩევ...

მინდა, მეგობრული რჩევა მივცე თინეიჯერ და სტუდენტ გოგონებს, განსაკუთრებით იმათ, ვინც დიდი სილამაზით არ გამოირჩევა (ბოდიშს ვიხდი პირდაპირობისთვის): გასაგებია, რომ თქვენი არცთუ გადასარევი გარეგნობის გამო, გაკლიათ ყურადღება ბიჭების მხრიდან, არადა, ბუნებრივია, რომ ეს ყურადღება გინდოდეთ და ცდილობდეთ კიდეც, რამით „შეირემონტოთ” თავი. მაგრამ, თუ არ მიწყენთ და ერწმუნებით ჩემს სიტყვებს, იცოდეთ, რაც უფრო მეტად პრეტენზიულად და გამომწვევად შეიმოსებით და დაიხატებით, მით მეტად დაიმსახურებთ ჩვენს ცინიზმსა და სიბრალულს. ეს კი სასიამოვნო და სასურველი ნამდვილად არ უნდა იყოს თვით ყველაზე უშნო და უთავმოყვარეო გოგოსთვისაც კი. საერთოდ კი, რაც უფრო შეუხედავია ქალი, მით უფრო სადად და კლასიკურ სტილში უნდა ჩაიცვას, რომ ცოტათი მაინც შეილამაზოს თავი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიჭები კი მიაქცევენ ყურადღებას, ოღონდ, დაცინვის ან გაშაყირების მიზნით.

ტატო, 22 წლის.



ქმარი გულწრფელობის

გამო შემიყვარდა

გავთხოვდი გარიგებით. არც მე ვგიჟდებოდი მასზე და არც ის იჭრიდა ვენებს ჩემ გამო. შეიძლება, გაგიკვირდეთ, ოცდამეერთე საუკუნეში რაღა დროს გარიგებით გათხოვებააო, მაგრამ, დამიჯერეთ, დღესაც კი, ყოველი ათი ქორწინებიდან ოთხი-ხუთი გარიგებით ხდება, ჰოდა, მეც იმ „ოთხ-ხუთში” მოვყევი.

30 წლის ვიყავი და, რადგან კიდევ კარგა ხანს არ ვაპირებდი გათხოვებას, ოჯახმა და ნათესავებმა ერთობლივი ძალებით შემომიტიეს და, ალბათ, მეათე მცდელობაზე (მანამდე, დაახლოებით, რვა-ცხრა „კანდიდატი” გამაცნეს, მაგრამ, ვერც ერთზე დამითანხმეს), როგორც იქნა, გადამაწყვეტინეს. ამდენი ჩიჩინის შემდეგ, მეც ვიფიქრე, ასე მარტო ყოფნას, ცუდი ქმარიც კი ჯობია-მეთქი და გავყევი.

ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ქმარი ცუდი ადამიანია ან უპატივცემულოდ მეპყრობა. დარწმუნებული ვარ, თავისებურად ვუყვარვარ კიდეც, მაგრამ, რაღაცნაირი დუნე ტიპია, ისეთი, ემოციების გამომჟღავნების რომ რცხვენია. გამოგიტყდებით და, ცოტა ინტელექტიც აკლია. ამას გრძნობს და, ეტყობა, ეს შეგრძნება აბნევს კიდეც, რადგან, მარტონი როცა ვართ და რამე ელემენტარულ საკითხზე ვსაუბრობთ, მაშინაც კი ვერ იხსნის უხერხულობას, რაც თან მაბრაზებს და მაღიზიანებს, თან რაღაცნაირ სიბრალულს იწვევს ჩემში.

ამას წინათ, ისიც კი მითხრა, შენ ძალიან ნაკითხი ხარ, მე კი წიგნების კითხვით თავი არასდროს მომიკლავს, რასაც ახლა ძალიან ვნანობ და მინდა, თუნდაც დაგვიანებით, მაგრამ ეს საკითხი გამოვასწორო. ამიტომ, მირჩიე, რა წიგნები წავიკითხო, ცოტათი მაინც რომ დაგეწიოო. სიმართლე გითხრათ, ამ სიტყვებმა გული მომიკლა, მაგრამ, ისე გულწრფელად მთხოვა, ხათრი ვეღარ გავუტეხე და შევუდექი მისი განათლებასა და ინტელექტის გაღრმავებას. თქვენ წარმოიდგინეთ, არაჩვეულებრივად ბეჯითი, მონდომებული და ნიჭიერი მოწაფე გამოდგა. ორ-სამ დღეში კითხულობს თითო წიგნს. როგორი დაღლილიც არ უნდა იყოს, ღამეებს ათენებს კითხვაში და მერე თავის მოსაზრებებს მიზიარებს. როცა ვაქებ, ისეთი ბედნიერია, ვერ წარმოიდგენთ. შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ, სწორედ ამ გულწრფელობის გამო, ჩემი ქმარი თანდათან უფრო და უფრო მეტად მიყვარს, რასაც თვითონაც გრძნობს და ბედნიერებისგან ჭკუაზე არ არის – აღარ იცის, რით გამახაროს და რა მასიამოვნოს.

თამთა, 32 წლის.




скачать dle 11.3