კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ირაკლი გიოშვილი „სიბიესის“ წამყვანი, სად გაიცნო უმა ტურმანის მამა და რას უკონტროლებდა ის ჟერარ დეპარდიეს

„თბილისელებში” მუშაობის ერთი ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ ძალიან ხშირად საშუალება გვეძლევა, მოგითხროთ ისეთ ადამიანებზე, რომლებიც უცხოეთში მუშაობენ, საინტერესო ცხოვრება და ძალიან დიდი მიზნები აქვთ. ერთ-ერთი ასეთი ირაკლი გიოშვილია – ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს. თუმცა, მისმა გზამ ნიუ-იორკამდე ბრაზილიასა და აბუდაბიზე გაიარა.

ირაკლი გიოშვილი: დავიბადე 1985 წლის 24 აგვისტოს, თბილისში. გავიზარდე ხილიანზე. მოგზაურობა დავიწყე საკმაოდ ადრე, თორმეტი წლის ასაკში და ინგლისი იყო პირველი ქვეყანა, სადაც ჩავედი. ამერიკაში პირველად ჩამოვედი როგორც გაცვლითი პროგრამით და სკოლა აქ დავამთავრე. სკოლის დამთავრების შემდეგ ერთი წელი კიდევ დავრჩი და, შეიძლება ითქვას, აქედან საფუძველი ჩაეყარა ჩემი და ამერიკის ურთიერთობას.

– თუმცა, თბილისში თეატრალური დაამთავრე...

– დრამისა და კინოს ფაკულტეტი როგორც სამსახიობო ისე სარეჟისორო. ბატონ გიზო ჟორდანიას ჯგუფში ვიყავი. ყოველთვის მინდოდა, თეატრალურში სწავლა, ეს ის სფერო იყო, რომელსაც საკუთარ თავს ვუკავშირებდი. დავიწყე სწავლა, დავფიქრდი, რომ შესაძლოა, ეს არ არის ის, რისი კეთებაც მინდა. მრავალფეროვნება – აი, ეს მინდოდა. ცოტა დრო გვაქვს და ჯობია, რაც შეიძლება მეტი ნახო. სულ მაინტერესებდა ლინგვისტიკა, ენები. ვისწავლე რამდენიმე უცხო ენა. ისე მოხდა, რომ ამ ჩემი უცხო ენების ცოდნის გამო, თბილისში უკვე რამდენიმე სამსახური მქონდა გამოცვლილი. დღევანდელი გადმოსახედიდან ამაზე მეცინება, მაგრამ ერთი პერიოდი, ქართულ ტელეარხებზე გასული ლათინოამერიკული სერიალების თარჯიმანი ვიყავი. კონკრეტულად, ბრაზილიური განხრით.

– რამდენადაც ვიცი, „გლობოშიც” იყავი ჩასული.

– კი. იქ მოხვედრა ცოტა სიურეალური ამბავია. 2009 წელს, ნიუ-იორკში, მოძრაობის თეატრთან ერთად, ბროდვეიზე რაღაც სპექტაკლზე ვმუშაობდი. ერთი თვე ვიყავი სტაჟირებაზე, მერე ერთი მსახიობი ავად გახდა და სპექტაკლზე შემიყვანეს...

– ანუ, გიმართლებს კიდეც.

– გამართლებასაც დალოდება უნდა. ცხოვრებაში ის მოვა, მაგრამ ამისთვის ბევრი რაღაც უნდა გააკეთო. ადამიანებს ჰგონიათ, რომ წარმატება მოულოდნელად, თავისით მოდის, მაგრამ ასე არაა. ამისთვის ბევრი უნდა იმუშაო საკუთარ თავზე. მოკლედ, ამ სპექტაკლზე ვმუშაობთ და უცებ ზარია. ჩემთვის უცნობი ქალბატონი მირეკავს აბუდაბიდან – აღმოჩნდა ბრაზილიელი კინოპრომოუტერი. მან მითხრა, როგორც გავიგე, შენ ის ქართველი ხარ, რომელმაც პორტუგალიური კარგად იცის და რაღაც შემოთავაზება მაქვსო. თავიდან სერიოზულადაც არ მიმიღია, ვიფიქრე, ვიღაც მაშაყირებდა. ბოლოს ვილაპარაკეთ. ეს ქალბატონი წარმოშობით ბრაზილიელია, მაგრამ უკვე ოცი წელია, ამერიკაში ცხოვრობს. დროებით, სამუშაოდ აბუდაბიში იყო გადასული, რადგან საერთაშორისო კინოპროექტებზე მუშაობს. საქართველოშიც ყოფილა და ნახა ფარაჯანოვის, კოკოჩაშვილის, ძმები შენგელაიების ფილმები და აღფრთოვანებული გახლდათ. რატომ არ აქვს სამყაროს ნანახი ეს ფილმები, თუნდაც ბრაზილიაშიო. დაწერა პროექტი, რომელიც ბრაზილიის კულტურის სამინისტროს და ბანკის მიერ დაფინანსდა. ამ პროექტის პროდიუსერი აღმოვჩნდი, ვაწარმოებდი ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს. რაც მთავარია, ეს ფილმები არასდროს უთარგმნიათ პორტუგალიურად. თორმეტი ფილმი ვთარგმნე ქართულიდან პორტუგალიურად და სუბტიტრებად დაერთო. ლათინური ამერიკის ტერიტორიაზე, კონკრეტულად, რიოსა და სან-პაულოში ქართული კინოს დღეები პირველად შედგა და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა. დეკემბერი, როცა ჩვენი ფესტივალი, ჩატარდა ყველაზე ცხელი პერიოდია ბრაზილიაში. პირველი ჩვენების დროსაც კი, სავსე იყო დარბაზი და ერთმა კრიტიკოსმა თქვა. ამ სიცხეში რიოელები სანაპიროს ნაცვლად, ფილმების სანახავად თუ მოვიდნენ, ესე იგი რაღაც ძალიან კარგი ხდებაო. ჩვენი იქაური პროდიუსერი, პრესის მოსაზიდად ცდილობდა, ქართული კინოს დღეებზე იქაური ვარსკვლავები მოეწვია. „გლობოს” მსახიობები მოვიდნენ გახსნაზეც და დახურვაზეც.

– და იყავი „გლობოშიც”.

– კი. სერიალების წარმოება ცეხივითაა. ეს პროდუქტია, რომელიც უნდა შეფუთო და გამოუშვა. სრულიად მთელი ქვეყანა, ტაქსის მძღოლიდან დაწყებული, მინისტრის ცოლით დამთავრებული, დღის მთავარ სერიალს უყურებს. გავიცანი უამრავი მსახიობი. ყველაზე მეტად ვისი გაცნობაც მინდოდა, სუზანა ვიეირა იყო. მაგრამ, ახალი წლის არდადეგებზე, სამოგზაუროდ იყო წასული ევროპაში. იყვნენ ლაზარო რამოსი, დებორა ფალაბელა, კაროლინა ფერასი, ვაგნერ მაურა... ამის შემდეგ უკვე იყო შემოთავაზება, რომ „გლობოში” მივსულიყავი და გადაღებას დავსწრებოდი. გაოგნებულები იყვნენ, რომ ისეთ შორეულ და მათთვის უცნობ ქვეყანაშიც კი, როგორიც საქართველოა, მათი სერიალები პოპულარული იყო. ვიყავი მისული „გლობოში”, გავიცანი კომპანიის მესვეურები. ინდუსტრიის თვალსაზრისით, ჰოლივუდს“ სიდიდით თუ ჩამოუვარდება, თორემ წარმოების პროცესი ზუსტად იგივეა, რაც ამერიკაში. მანქანაა, რომელიც საათივითაა აწყობილი – დღეში ოთხი სერია რომ უნდა ჩაწერო, რასაც გადაბმულად თვრამეტი საათი სჭირდება. იქ რეპეტიციაზე, დახვეწაზე, ლაპარაკიც ზედმეტია. მსახიობები რობოტებივით მუშაობენ, მაგრამ შესაბამისი ანაზღაურებაც აქვთ.

– დავუბრუნდეთ ისევ შენს კარიერულ გზას.

– თეატრალურის შემდეგ, გადავწყვიტე ჩემი კარიერა ჟურნალისტიკური და სატელევიზიო კუთხით გამეგრძელებინა. კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა მაგისტრატურაში მედია-კომუნიკაციების განხრით. ჩავედი დენვერში, წელიწადნახევარი იქ ვცხოვრობდი. მალევე მუშაობა დავიწყე „სიბიესში”, ჯერ სტაჟიორად და შემდეგ უკვე ჟურნალისტად. „სიბიესი”, ალბათ, იცით, ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური სამაუწყებლო კომპანია ამერიკაში, ისევე როგორც „სიენენი”, „ენბისი”. ეს ხდებოდა 2008 წლის ზაფხულში. ისე აეწყო, რომ ძალიან ბევრი რაღაც დაემთხვა და ერთდროულად მოხდა. დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი. „სიბიესის” წარმომადგენელი მიხვდა, რომ ეს მოვლენა, რომელიც მსოფლიოს ყველა არხის მიერ გაშუქდა, შეეძლოთ სხვა კუთხით წარმოეჩინათ. კოლორადოს შტატში ძალიან ცოტა ქართველი ცხოვრობს და ამ დროს მათ ოფისში მუშაობდა ერთ-ერთი მათგანი. ამ შემთხვევაში, პირდაპირ ეთერში დამსვეს როგორც რესპონდენტი და ვპასუხობდი კითხვებს საქართველოზე, ოსეთზე, ამ კონფლიქტზე. ნაწილობრივ ყურადღება მივიქციე. ამას მოჰყვა ის, რომ შაბათ-კვირის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი გავხდი. მოხდა ისე, რომ პრეზიდენტ ობამას დემოკრატიული კონვენციის გამოცხადება და კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო მოვლენის გაშუქება მომიწია. იქ გავიცანი რობერტ ტურმანი, უმა ტურმანის მამა, რომელიც საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე ჩამოვიდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ უმა ტურმანი უკვე ორი წლის შემდეგ გავიცანი აბუდაბის კინოფესტივალზე. მას მოვუყევი როგორ შევხვდი მამამისს დენვერში მისი წიგნის პრეზენტაციაზე. ეს ცხოვრება რაღაც ძალიან საინტერესოდ ალაგებს ყველაფერს.

– ამერიკა ოცნებების ქვეყანაა?

– იმ ფასადისგან, რომელსაც ამერიკა მთელ მსოფლიოს აჩვენებს, ბევრად განსხვავდება ყოველდღიური ამერიკა. ამაში ყველა აქ მცხოვრები ემიგრანტი დამერწმუნება. ხედვა შევცვალე – თუ არ გახვედი თვითონ, არავინ მოვა. შენ ყველაფერი უნდა სცადო. კოლორადოში ბევრი არაფერი ხდება. შემეძლო დავრჩენილიყავი და „სიბიესში” მემუშავა, გავხდებოდი საღამოს ეთერის ჟურნალისტი. მაგრამ, ეს არ იყო ის, რასაც ამერიკაში ვეძებდი. ჩავედი ქალაქ ჩიკაგოში, დეპოლის უნივერსიტეტში შევიტანე საბუთები და 2009 წელს იქ დავიწყე მაგისტრატურაში სწავლა, რომელიც სულ რაღაც ორი თვის წინ დავამთავრე. პარალელურად, კიდევ ერთი სერიალი ვთარგმნე საქართველოსთვის, შესაბამისი ანაზღაურების ფასად. ზაფხულებს ბოლო ორი წლის განმავლობაში ნიუ-იორკში ვატარებდი, სადაც სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობდი. მათ შორის იყო ბრაზილიური კინოფესტივალი, რომელიც „მომაში” ანუ „მუზიუმ ოფ მოდერნ არტში” გაიმართა. პარალელურად, ბროდვეიზე ვაკეთებდი სპექტაკლს და თან, ჩიკაგოში ვმუშაობდი კინოფესტივალზე. აქედან მოვხვდი კინოფესტივალების ინდუსტრიაში, თუ შეიძლება ასე დავარქვათ. კინოწარმოება ერთია და მეორე სამყაროა კინოფესტივალები, რომელიც მას გარს აკრავს. ბოლო ფესტივალი, რომელიც გავაკეთე, ეს იყო აბუდაბის კინოფესტივალი ნოემბერში. მიმუშავია დუბაიში, აბუდაბიში და ნიუ-იორკში.

– კონკრეტულად, რა გევალებოდა?

– ჟიურის კოორდინატორი ვიყავი. ჟიურის 23 წევრი მყავდა ჩაბარებული. მათ შორის იყვნენ: ჟერარ დეპარდიე, ედრიენ ბროუდი, ჯულიანა მური, კლაივ ოუვენი, ჯონათან რიზ მაიერსი, სამი დღით იყო ჩამოსული უმა ტურმანი და ძალიან ბევრი საუდის არაბეთის, ეგვიპტისა და მუსლიმანური ქვეყნების რეჟისორები, მსახიობები და სხვა. იყო სიდიქ ბარმაკი ავღანელი ოსკაროსანი რეჟისორი და ბევრი სხვა.

– როგორია მათთან ურთიერთობა?

– გააჩნია ვისთან. ყველაზე უშუალო, ადამიანური, ნაკლებად პრეტენზიული, ქალბატონებიდან ჯულიანა მურია. უსაყვარლესი ადამიანია, რომელსაც არანაირად არ აქვს ვარსკვლავური პრეტენზიები. მამაკაცებიდან საკმაოდ პრეტენზიულია ჟერარ დეპარდიე და ყველაზე ნაკლებად – ედრიენ ბროუდი. აბუდაბი როგორც ერთ-ერთი ემირატი, შედარებით უფრო გახსნილი და ლიბერალურია, ვიდრე სხვა საემიროები. მაგრამ, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება, გაყიდვა და მსგავსი რაღაცეები არ შეიძლება. ჟერარ დეპარდიე, როგორც ნამდვილი ფრანგი და გურმანი, მუდმივად ითხოვდა სასმელს ჭამის დროს. მთვრალი ჟერარ დეპარდიეს სცენაზე აშვება კი მაინცდამაინც კარგი აზრი არ არის. ეს თავად დაამტკიცა კიდეც. ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა ნასვამი დეპარდიე ავიდა სცენაზე. იქაურ კულტურის მინისტრს მისთვის რაღაცის თქმა უნდოდა. რომ დაინახა არაბთა ტრადიციულ კოსტიუმში ჩაცმული ეს კაცი, პირდაპირ სცენაზე ჰკითხა, ეს იესოს სამოსი სად იყიდეო. ამას ძალიან დიდი ხმაური მოჰყვა პრესაში, ხალხში. პიტერ სკარლეტმა, რომელიც ჟიურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო გაგვაფრთხილა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დეპარდიეს და გააკონტროლეთ მისი ალკოჰოლის მიღებაო. ჩვენც ვუთხარით მას, რომ აბუდაბიში არ იყიდება სასმელი. მოვატყუეთ. ერთხელ ირანულ რესტორანში წავიყვანეთ, სადაც ოფიციანტები გავაფრთხილეთ, რომ თუ რამეა, მისთვის ეთქვათ, არანაირი სასმელი ამ რესტორანში არ იყიდებაო. მე, ჟიურის წარმომადგენლები და პიტერ სკარლეტი ვსხედვართ და უცებ, ვხედავთ, ოფიციანტმა ჩაიარა და სხვა მაგიდაზე ბოთლით ღვინო მიიტანა. ფესტივალის ხარჯზე იმდენი მოვახერხეთ, რომ იმ წყვილს ვიაიპი ოთახი ავუღეთ და ცალკე გადავიყვანეთ, მხოლოდ იმიტომ რომ დეპარდიეს არ ენახა, როგორ სვამდნენ ღვინოს. ეს არის ის სიურეალური პრობლემები, რომლითაც ფესტივალის განმავლობაში ცხოვრობ. უმა იყო ერთადერთი, რომელიც ითხოვდა ვიზაჟისტები მის ოთახში გაეგზავნათ. ერთხელ ედრიენ ბროუდიმ ოთახის გასაღები დაკარგა. მივდივარ ამ ექვსვარსკვლავიანი სასტუმროს დერეფანში და ვხედავ ბროუდის, რომელსაც ჩემოდნიდან ყველაფერი ამოყრილი აქვს, იატაკზე ზის და ეძებს გასაღებს. თან მთხოვს: იქნებ, დამეხმარო მოძებნაშიო გამოვიძახე სართულის დამხმარე ადამიანი, რომელმაც ახალი გასაღები მისცა ბროუდის. ამით იმის თქმა მინდა, რომ სულ ელემენტარული რაღაცეებიც კი პანიკაში აგდებთ მათ. იმწუთას კი იმაზე საშინლად ვნერვიულობთ. ათასობით ადამიანი მუშაობს და ნერვიულობს ამ ყველაფერზე, უზარმაზარ მასშტაბებზეა გათვლილი ყველა დეტალი, რომელიც სხვადასხვა დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. მაგალითად, არსებობს წითელი ხალიჩის დეპარტამენტი, რომელიც მთელი მეცნიერებაა. ვარსკვლავის რამდენიმე წუთით ხალიჩაზე გავლა ყველაზე მასშტაბური წარმოდგენაა. ყველა ჟურნალისტს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. წამებშია დათვლილი – ვინ სად, რამდენ ხანს ჩერდება. მწვანე ოთახში გაყვანა და მთელი ამბები... მაგრამ, ეს ყველაფერი სულ სიურპრიზებით არის სავსე. მაგალითად, ერთ დღესაც მწვანე ოთახში გავიხედე და ვხედავ, უმა ტურმანი როგორ ელაპარაკება არაბეთის შეიხს სუფთა არაბულით. ჩემთვის ეს გამაოგნებელი იყო. მსახიობები ცხოვრებაში მართლა ძალიან ლამაზები არიან. აქ სილამაზის სხვა დონესთან გაქვს შეხება, როდესაც მათ თვალს ვერ წყვეტ, სულ გინდა უყურო და ხელის შეხებაც კი არ გინდა.

– ახლა რას აკეთებ?

– ძირითადად, ფესტივალებზე ვმუშაობ. ახლა უნდა წავსულიყავი სანდენსის ფესტივალზე, მაგრამ სხვა პროექტის გამო გადაიდო. წინასწარ ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ რამდენიმე ფესტივალი იგეგმება, სადაც ვიმუშავებ. ყველა ჯგუფის ოცნებაა კანისა და ბერლინის კინოფესტივალებზე მოხვედრა და იქ მუშაობა. საინტერესოა, რომ აბუდაბი ფინანსურად ბევრად უფრო წელში გამართულია, ვიდრე კანი, მაგრამ მას ისტორიული მნიშვნელობა აქვს. მოკლედ, ამ ეტაპზე ჯერ ისევ ფესტივალების ამბებში ვტრიალებ. პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ქართული კინოს დღეები ჩატარდეს „მომა-ში” და ჩიკაგოს არტინსტიტუტში.


скачать dle 11.3