კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას აპირებს ქეთი ქემოკლიძე ავსტრიის მთებში და რა გაუმხილა მას თვითმფრინავში პლასიდო დომინგომ

ქეთი ქემოკლიძე უკვე წლებია, რაც უცხოეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანია, რის გამოც მთელი რიგი თეატრებისა სიამოვნებით იწვევენ მას სხვადასხვა ქვეყნის დიდ სცენებზე. ქეთიმ მონაწილეობა მიიღო პლასიდო დომინგოს „ოპერელიაში” და ის დიდმა მაესტრომ თავად დააჯილდოვა პრიზით, მისი სტიპენდიანტიც გახდა და დღეს მის გვერდით არაერთ პარტიასაც ასრულებს. ქეთის ნიჭიერება ცნობილმა ესპანელმა კინორეჟისორმა კარლოს საურამაც დააფასა და ის თავის ფილმში – „მე, დონ ჯოვანიში“, ათამაშა, კერძოდ, მას ადრინა ფერარეზეს როლი ანდო. ამ ფილმის ოპერატორი კი ოსკაროსანი ვიტორიო სტორარო გახლდათ, რომელმაც ნიჭიერი ქართველი მსახიობისა და მომღერლის საუკეთესო თვისებები კიდევ უფრო გამოკვეთა. ასე რომ, ქეთევანმა თავისი ნიჭიერებით, სილამაზითა და მონდომებით არაერთი ცნობილი უცხოელი ვარსკვლავი მოხიბლა, უამრავი თაყვანისმცემელი გაიჩინა და თვით პლასიდო დომინგოს ერთ-ერთი რჩეული მომღერალი გახდა.

ქეთევანმა ევროპისა და ამერიკის საოპერო სცენებზე დაახლოებით ოცამდე პარტია იმღერა. მას ბევრი მიწვევა აქვს სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ის საკუთარ ქვეყანაში გაცილებით ემოციურად, სიამოვნებითა და პასუხისმგებლობით მღერის.



– ქეთი, გასული წელი შენთვის როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში, მეტად წარმატებული აღმოჩნდა. უამრავ ქვეყანაში გქონდა მიწვევა, თუმცა განსაკუთრებული, მაინც სიცილია იყო. ხომ არ ვცდები?

– მართალია, გასული წელი ჩემთვის მეტად დატვირთული აღმოჩნდა პროფესიული თვალსაზრისით. ძალიან სასიამოვნო სიახლეების წინაშეც დავდექი. სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი სიცილიის დედაქალაქ პალერმოში, სადაც შევცვალე როსინის რეპერტუარში ყველაზე ცნობილი მეცო-სოპრანო დანიელა ბარჩელონა. მართლაც ულამაზესია სიცილია, პალერმო და მისი ოპერა. სხვათა შორის, ოპერის ამ შენობაშია გადაღებული ძალიან ცნობილი ფილმი „ნათლიმამა”. უამრავი უცხო ქვეყანა და ქალაქი მაქვს ნანახი, პალერმომ კი განსაკუთრებულად მომხიბლა თავისი ულამაზესი არქიტექტურით, ამინდითა და საოცარი სამზარეულოთი. რეპეტიციის დასაწყისში ოპერის დირექტორმა გამაფრთხილა, მოერიდე სიცილიურ სამზარეულოსო. რომ ვკითხე, რატომ-მეთქი, მიპასუხა, გამოცდილი მომღერლები სარეპეტიციო პერიოდში სიცილიური კერძების წყალობით ისე სუქდებიან, რომ სპექტაკლებისთვის, ახალი კოსტიუმების შეკერვა გვიწევს და შენც ასე არ დაგემართოს, წინასწარ გაფრთხილებო (იცინის). სპექტაკლებმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა და მართლაც დიდი ემოცია და სიყვარული მივიღეთ მაყურებლისგან. თავისუფალ დროს კი ჩემს მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად ისტორიულ ქალაქებს ვათვალიერებდი და უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი.

– ამბობენ, იტალიელები ქართველებს ჰგვანანო. ეს მსგავსება შენც შეამჩნიე?

– სხვათა შორის, სამხრეთ იტალიელები მართლაც წააგავნან ქართველებს სტუმართმოყვარეობით, მხიარული განწყობით, საქციელით და განსაკუთრებით – საგზაო წესების დარღვევით (იცინის).

– მსოფლიოში საუკეთესო ოპერის სცენაზე, საკუთარი თავის „დაცვა” ფარ-ხმლითაც მოგიწია. მოდი, ესეც მოგვიყევი, როგორ აღმოჩნდი ლონდონში და რატომ გახდა აუცილებელი ფარიკაობაში ვარჯიში?

– პალერმოს შემდეგ ლონდონში, სამეფო თეატრში მქონდა დებიუტი. „ქოვენთ გარდენი“, როგორც მას უწოდებენ, მსოფლიოს საუკეთესო ოპერად ითვლება. ამ ოპერის დირექტორმა მომისმინა პლასიდო დომინგოს კონკურსზე და შემომთავაზა კონტრაქტის დადება. მოკლედ, ვასრულებდი მამაკაცის როლს, რომლის შესასრულებლადაც დამჭირდა ფარიკაობის შესწავლა. ჩემდა გასაკვირად, ძალიან ნიჭიერი აღმოვჩნდი და ისე გამიტაცა ამ სპორტმა, რომ თავისუფალ დროს შექსპირის „გლობოს თეატრში” ფარიკაობის წრეზე დავდიოდი. ჩემმა პედაგოგმა აღნიშნა ერთხელ, ახლა გავიგე, რატომ არის ასეთი საოცარი და დამაჯერებელი ქართული „ხანჯლური” ცეკვაო. (იცინის). მოკლედ, რაც ფარიკაობის სცენა დაიდგა, მას შემდეგ გადაწყვიტა რეჟისორმა, ჩემი როლის ყველა შემსრულებელმა ისწავლოს ჩემთვის დადგმული ფარიკაობის როლი. ბრიტანულმა დებიუტმა მართლაც საოცრად ჩაიარა. სამეფო სცენის ისტორიულ ფარდასთან აპლოდისმენტების მიღება საოცარი შეგრძნებაა, თან, ბრიტანელი მსმენელი საოცრად თბილი და აქტიურია. ლონდონი ძალიან თბილი, ცოცხალი და ახალგაზრდული ქალაქია.

– ქეთი, შენ პლასიდო დომინგოს ერთ-ერთი რჩეული მომღერალი ხარ. ალბათ, ამიტომ იყო, როდესაც ის ბათუმში ჩამოვიდა, არ დავიწყებიხარ და სამშობლოში თავად მოგიწვია და თუ არ ვცდები, თვითმფრინავის ბილეთიც თავად დაგიჯავშნა.

– ლოგიკური და ბუნებრივი იყო, დომინგოს რომ გავახსენდი, რადგან მისი კონკურსის ლაურეატი ვარ და მისივე მოწვევით ვიმღერე ვაშინგტონის თეატრში შარშან, სეზონის გახსნაზე. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ მას დიდი სურვილი ჰქონოდა ბათუმში მის გვერდით ვყოფილიყავი. რომ დამირეკა, მითხრა კიდეც, მინდა ჩემ გვერდით იყოო. დუეტიც უნდა გვემღერა ერთად, მაგრამ, ბოლო წუთში ეს ტექნიკურად შეუძლებელი გახდა და ვეღარ მოხერხდა. დილით რომ გავიღვიძე, დამხვდა ჩვენი კონცერტმაისტერის, ნინო სანიკიძის მეილი, სადაც ეწერა, რომ მაესტროს უნდოდა ჩემთან საუბარი. რამდენიმე წუთში თავად დომინგომ დამირეკა და მითხრა, ჩაალაგე ტანსაცმელი და გადმოფრინდი საქართველოში, ბილეთი უკვე გამოგიგზავნეო. ერთ საათში მოვემზადე, ჩავლაგდი და 16-საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩავაღწიე ბათუმამდე. მაესტრო სიხარულს ვერ მალავდა, რომ ჩამოვასწარი კონცერტს, მაგრამ წუხდა, უძინარი და დაღლილი რომ ვიყავი. კონცერტზე რომ ვიმღერე, მითხრა, არ გემჩნეოდა დაღლა და უძილობა, ყოჩაღი გოგო ხარ, რომ თავი ასე მამაცურად გაართვიო.

– მოგეწონა განახლებული ბათუმი?

– სამწუხაროდ, ბათუმის დათვალიერება ვერ მოვასწარი, რადგან ფიზიკურად აღარ მქონდა დრო, მაგრამ, იმ ადგილით, სადაც კონცერტი ჩატარდა, მართლა გადავირიე, ულამაზესი იყო. დამიჯერეთ, ბათუმის „შერატონიც” არ ჩამოუვარდება სხვა ქალაქების „შერატონებს”, სადაც კი ვყოფილვარ. მეამაყება, რომ ქართველი ვარ.

– ბათუმიდან დომინგოსთან ერთად გაფრინდი. რაზე გესაუბრებოდა მაესტრო ცაში, თუ საიდუმლო არ არის? და, საინტერესოა, რა შთაბეჭდილებებით წავიდა საქართველოდან?

– როცა დამირეკა, მაშინ მითხრა, შენ ოღონდ საქართველოში ჩამოსვლა მოასწარი და, აქედან უკან, ვენაში, ერთად დავბრუნდებითო. მე, ბატონი ლადო ათანელი და მისი მეუღლე ვიყავით ქართველებიდან თვითმფრინავში მაესტროს გვერდით. დომინგო მართლა ვერ მალავდა აღფრთოვანებას, ისე მოეწონა ბათუმი და დიდი სურვილი გამოთქვა თბილისში ჩამოსვლაზე და განახლებულ ოპერაში სიმღერაზე. ვენაში რომ ვნახე პრემიერაზე, იქაც ამაზე მესაუბრა – რა კარგი იყო ბათუმი, ახლაც შთაბეჭდილებების ქვეშ ვარო. ასე რომ, ქართველებს სტუმართმოყვარეობა არ გვეშლება და ვიცით, როგორ მოვხიბლოთ სტუმარი. გამოგიტყდებით, საქართველოში როცა ჩამოვდივარ, გული სხვანაირად მიძგერს, სხვანაირად მემღერება და, საერთოდ, ყველა და ყველაფერი გაასმაგებულად მიყვარს.

– მეუღლე რატომ არ გახლდა თან?

– როცა მაესტრომ დამირეკა, ჩემი მეუღლე სამსახურში იყო და ამის გამო შეუძლებელი გახდა მისი ჩემთან ერთად წამოსვლა. სხვათა შორის, ახალ წელსაც ვერ შევხვდით ერთად – მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი და მეჯვარე, ლალიკო გიგაშვილი, ერთად წავედით გრენობლში, საახალწლო მიღებაზე თეატრში. ისე, წლებია, ჩემი თავის მეკვლე მე ვარ და ვამართლებ (იცინის). მე და ჩემი მეუღლე ერთადერთხელ შევხვდით ერთად ახალ წელს. რა ვქნა, სამწუხაროდ, ჩემი სამსახურის გამო, ამ დროს ვერ ვახერხებთ ერთად ყოფნას.

– ქეთი, წელს ევროპაში დიდთოვლობა იყო, მსგავსი უამინდობა უკვე წლებია, არ ყოფილა. როგორ უძლებ სიცივეს, საქართველოს თბილ კლიმატს არ ნატრობ ხოლმე?

– არ მიყვარს ზამთარი, სიცივე და თოვლი – ჩემი ბავშვობის დაღია, როცა ზამთარი უშუქობასთან, უგაზობასთან და პრობლემებთან ასოცირდებოდა. რაც უნდა თბილად მეცვას, სულ მცივა და ვიყინები, თან, როცა ბევრი მაცვია, თავს არაკომფორტულად ვგრძნობ და, იცით, რითი ვიმშვიდებ ხოლმე თავს? ვმღერი: „უ პრიროდი ნეტ პლახოი პოგოდი” (იცინის). საქართველო კი ზამთარშიც და ზაფხულშიც ერთნაირად მენატრება და სულ მანდ მინდა ყოფნა. მაქვს წმიდა ქეთევანის ხატი და, ასევე, პატრიარქის ნაჩუქარი ჯვარი, რომელიც მუდამ ჩემთანაა და მჯერა, სამშობლოდან შორს მყოფს ის დამიცავს.

– მართალია, ზამთარი არ გიყვარს, მაგრამ, ზამთრის კურორტებზე დასვენებას ხომ არ გეგმავ?

– დასვენება და განტვირთვა მართლაც მჭირდება და მეგობრებთან ერთად ვგეგმავ გამგზავრებას ავსტრიის მთებში. მოხათრებული მოთხილამურე კი ვარ, მაგრამ, მაინც ვეცდები, არ შეგარცხვინოთ (იცინის).


скачать dle 11.3