კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ავსტრიის ტელევიზიამ გადაიღო ფილმი „გიორგი ლაცაბიძე – მოცარტის ნაკვალევზე“

ქართველი პიანისტი გიორგი ლაცაბიძე იმ მუსიკოსებს მიეკუთვნება, რომლებსაც თავის სამშობლოში ნაკლებად იცნობენ, უცხოეთში კი მათი წარმატება უკიდეგანოა. გიორგი ლაცაბიძის შესახებ ინფორმაციას მსურველი „ვიკიპედიაში“ 35 ენაზე მიიღებს. ქართველი პიანისტი ერთ-ერთ უცხოურ საიტზე (www. pianisti.ge) მსოფლიო ტოპ-პიანისტების სიაში შევიდა. ამ სიაში ქართველებიდან მხოლოდ ელისო ვირსალაძე და გიორგი ლაცაბიძე აღმოჩნდნენ. რამდენიმე წლის წინ ზალცბურგში გადაიღეს ფილმი „გიორგი ლაცაბიძე – მოცარტის ნაკვალევზე”. ეს ფილმი სატელევიზიო ეთერით მთელ ევროპაში გაუშვეს მოცარტის დაბადების დღეს. რამდენიმე წელია, გიორგი ლაცაბიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს... წარმოუდგენლად გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, იგი ლოს-ანჯელესიდან გვესაუბრა...

– ბატონო გიორგი, თუ შეგიძლიათ, დაგვისახელეთ დიდი პიანისტები, რომლებმაც თქვენზე შთაგონება მოახდინეს.

– ჩემი სწავლის განმავლობაში, ვისაც სცენაზე მოვუსმინე და ვისგანაც შთაგონება მივიღე, პირველ ყოვლისა, მინდა დავასახელო რადუ ლუპუ, ხოლო, ჩანაწერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ესენი იყვნენ: სერგეი რახმანინოვი, ვლადიმირ სოფრონცკი და დინუ ლიპატი. ყველაზე ახლოს კი ჩემთან ვლადიმირ ჰოროვიცია.

– გაგვაცანით თქვენი თავი, როგორც პედაგოგი...

– გარდა იმისა, რომ დაკავებული ვარ კონცერტებით, მუსიკალური ნაწარმოებების სწავლებას განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს მოღვაწეობაში. სასიამოვნოა საერთაშორისო რეპუტაცია, მასტერკლასებისა და კონცერტების შესრულება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც მუსიკოსი, პროფესორი და საერთაშორისო ჟიურის წევრი, მთლიანად ჩართული ვარ ჩემს კარიერაში.

– როდის გახდა მუსიკა თქვენი ცხოვრების თანამგზავრი?

– მუსიკას 3 წლის ასაკში ვეზიარე – მაშინ, როცა პირველად ვნახე ფორტეპიანო და ნახვისთანავე ისე მომეწონა, ვიგრძენი, რომ ეს ინსტრუმენტი იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ჩემს ცხოვრებაში. 5 წლის ასაკში მელოდიების შექმნაც კი დავიწყე. მამაჩემმა ჩემი პატარა კომპოზიციები უბრალო მაგნიტოფონზე ჩაწერა. ამ დროს მე ძალიან პატარა ვიყავი და არავისგან არაფერი მისწავლია. ერთადერთი, რაც შემეძლო, იყო ის, რომ დავმჯდარიყავი პიანინოსთან, დამეწყო იმპროვიზირება და ნაწარმოების შექმნა. ძალიან კარგად მახსოვს თუ როგორ მექცა ჩვევად, დავინახავდი თუ არა ფორტეპიანოს, აუცილებლად უნდა დამეკრა. ჩვენ სახლში არ გვქონდა ინსტრუმენტი და დედა საგანგებოდ წავიდა მოსკოვში, ჩემთვის პიანინო რომ ეყიდა. როცა ჩამოიტანეს, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ბავშვი ვიყავი. ერთხელ ახლად შეძენილ პიანინოზე სანთელი დამეღვარა და კლავიშები ძლიერ დაზიანდა, რის გამოც სამი დღე ვტიროდი... ძალიან მიყვარდა შოპენის ნოქტიურნებისა და ჰაიდნის სონატების კითხვა, მეზობლებისთვის ვმართავდი სახლის კონცერტებს. შენობა, სადაც ჩვენი ოჯახი ცხოვრობდა, აშენებული იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ – ეს იყო რვასართულიანი შენობა, თხელი კედლები, ასე რომ, ყველაფერი ისმოდა... იქ ცხოვრება საშინელება იყო, მაგრამ, მე მომწონდა, რადგან ვიცოდი, რომ, ჩემი მუსიკა ყველას ესმოდა. მახსოვს, თავად დავხატე ბილეთები ჩემი მეზობლებისთვის, რათა ჩემს „სახლის კონცერტს” დასწრებოდნენ და „კონცერტამდე” ერთი საათით ადრე დავარიგე... იმ დღეს ყველა ნასიამოვნები დარჩა, მე კი – ყველაზე მეტად. განსაკუთრებით კარგად მახსოვს ჩვენი რუსი მეზობლები, ისინი ძალიან მიყვარდა, რადგან ჩემს „კონცერტებს” ყოველთვის ესწრებოდნენ... და მაინც, არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი, რადგან არც ჩემს ოჯახში და არც წინაპრებში მუსიკოსი არავინ ყოფილა.

– ვინ იყვნენ თქვენი პედაგოგები?

– მივესალმები ჩემს საყვარელ და განუმეორებელ პედაგოგს, ქალბატონ რუსიკო ხოჯავას, ასევე ყველას თბილისის კონსერვატორიაში... უცხოეთში ჩემი პედაგოგები იყვნენ: გერიტ ციფერბატი, ჰანოვერ ჰოპშულე, კლაუს კაუფმანი, სტიუარტ გორდონი... თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ იტალიასა და საფრანგეთში კონკურსებში გავიმარჯვე. მიმიწვიეს ცნობილმა ავსტრიელმა, გერმანელმა, ფრანგმა და რუსმა მუსიკოსებმა ფესტივალებსა თუ მასტერკლასებში მონაწილეობის მისაღებად. გერმანიაში მუსიკის უმაღლეს სკოლაში განვაგრძე სწავლა. პირველი კურსიდანვე მთელ ევროპაში ვმოგზაურობდი კონცერტებით, სანამ ზალცბურგის ცნობილ სასწავლებელში – „მოცარტეუმში” არ მოვხვდი. ამ წლებში ავსტრიის ტელევიზიამ გადაიღო ფილმი ჩემ შესახებ – „გიორგი ლაცაბიძე – მოცარტის ნაკვალევზე”... 2007 წლიდან ლოს-ანჯელესის სამუსიკო უნივერსიტეტში დავიწყე მუშაობა სადოქტორო ხარისხზე.

– თქვენი გამოცდილებიდან რას მისცემდით ახალგაზრდა სტუდენტებს, რომლებსაც სურთ, გახდნენ პიანისტები?

– დღეს ძალიან რთულია, დაიწყო კარიერა ადრეულ ასაკში. თუ ახალგაზრდა მუსიკოსს აქვს ძლიერი სურვილი და ნიჭი, მაშინ მან მთელი ენერგიითა და პასუხისმგებლობით უნდა მიუძღვნას თავი ამ საქმეს; არავითარ შემთხვევაში არ უნდა დანებდნენ პირველივე დაბრკოლებას და უნდა გადალახონ იმედგაცრუება და სირთულეები. მინდა გითხრათ, რომ იქნება რაღაც ხელის შემშლელი პირობები, მაგრამ, არ უნდა შეჩერდნენ, არასდროს დათმონ და იყვნენ თავისი საქმის ერთგულნი. მე მჯერა, რომ, თუ იმას გააკეთებ, რაც ნამდვილად გიყვარს, აუცილებლად ყველაფერი გამოვა.

– რა არის დიდი პიანისტის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება?

– გულწრფელობა, რაც ძალიან ცოტა ხელოვანს ახასიათებს. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის მხოლოდ კარგად მოფიქრებული სიმულაცია სხვების ნდობის მოსაპოვებლად. გულწრფელობა არის გასაღები, რომელიც აღებს იმ კარს, რომლის მიღმაც თქვენ დაინახავთ ცალკეულ ნაწილებს და რაღაც ახალს...

– ვიცით, რომ წელს ძალიან წარმატებული სეზონი გქონდათ, გვიამბეთ ამის შესახებ.

– ლონდონში, „ვიგმორ ჰოლში“ დებიუტი დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის, არა მარტო იმიტომ, რომ ისტორიულ, პრესტიჟულ დარბაზში დაკვრა იყო დიდი პატივი, არამედ ფენომენალურად შეუდარებელი აკუსტიკის თვითშეგრძნება სცენაზე არნახული სიამოვნებაა... 2010 წლის ივლისში ტაივანში ვიყავი მიწვეული ერთთვიანი კონკურსის ჟიურის წევრად. პროგრამა მოიცავდა ტაივანელი და ჩინელი სტუდენტების გამოცდებსა და მასტერკლასების ჩატარებას. დამეთანხმებით ყოველდღიური შვიდსაათიანი მოსმენების შემდეგ ძნელია, გამონახო დრო საკუთარი თავისთვის, მაგრამ, მომიწია, რადგან თვის ბოლოს საქველმოქმედო კონცერტი უნდა გამემართა. ეს ჩემთვის მეორე დიდი მისია იყო, რადგან კონცერტებიდან შემოსული თანხა ტაივანელი მზრუნველობამოკლებული და დამბლადაცემული ბავშვებისთვის გადაირიცხებოდა. ბედნიერი ვიყავი როცა გავიგე, რომ შემოსული თანხა 72 000 დოლარს აღემატებოდა.

– თუ არ ვცდები, თქვენ მუსიკას ახლაც წერთ...

– დიახ, მუსიკას ფილმებისთვის ვწერ. „ჰოლივუდ ონვარდ ინტერთეიმენთ ზემ-ის“ წევრი ვარ. ფილმი „ბინდის ხიბლი” ერთ-ერთი მათგანია, რომელზეც ვიმუშავე. ვფიქრობ, დიდი პატივი იყო ჩემთვის იმ ფილმზე მუშაობა, რომელიც თხუთმეტამდე საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს და „სანტა მონიკა ფილმის“ ფესტივალზე საუკეთესო ნომინაციაში გავიდა.

– სად იმყოფებით ამჟამად და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– ამჟამად ლოს-ანჯელესში ვმოღვაწეობ, თუმცა, არ არის გამორიცხული, სხვა შტატებში მომიწიოს გადასვლა. სამომავლო გეგმებში შედის, ჩავწერო ბეთჰოვენის 32 სონატა და მოცარტის ყველა საფორტეპიანო კონცერტი. დებიუტი მექნება „კარნეგი-ჰოლში“, „კონცერტგებაუში“, „მიუზიკ ვერეინში“. დავუკრა ლონდონის, ნიუ-იორკის, ვენის სიმფონიურ ორკესტრებთან. შევეცდები, შევასრულო საფორტეპიანო ლიტერატურის 80 პროცენტი მსოფლიო არენაზე... ყოველი ჩემი წარმატება ჩემი სამშობლოს წარმატებაა და ჩემი ქვეყნის სასახელოდ ყველაფერს გავაკეთებ.


скачать dle 11.3