კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მზადდება ეკა მჟავანაძის „ლეჩო“ და რატომ აკეთებს ის სადილს პატარა ქვაბით

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, ეკა მჟავანაძეს, მაყურებელი კარგად იცნობს სერიალიდან „გოგონა გარეუბნიდან“. მანამდე კი, ის „იმედის“ არხზე კომედიურ სერიალ „საპონში“ გამოჩნდა. ზოგიერთისგან განსხვავებით, დიასახლისობასთან მწყრალად არ არის. ინტერვიუდან გაირკვა, რომ იგი დიასახლისისა და მსახიობის საქმიანობას მშვენივრად უთავსებს ერთმანეთს.



ეკა მჟავანაძე: 24 წლის გავთხოვდი. რომ გითხრათ, მანამდე სადილების მზადებითა და რეცხვა-წმენდით ან ხეხვით ვიკლავდი თავს-მეთქი, მოგატყუებთ. ჩემი მეუღლე, მაშინ საქმრო, ხელის სათხოვნელად რომ მოვიდა ჩვენთან ოჯახში, დედაჩემი სასტიკ უარზე იყო, არ თანხმდებოდა ჩემს გათხოვებას. ჩემს მეუღლეს უთხრა: რად გინდა ეგეთი ქალი, საბანი რომ დაბერტყოს, თან გადაჰყვება იმ საბანსო. მართლაც არაფრის მაქნისი ვიყავი, დედისერთასავით მზრდიდნენ. მართალია, ორი უფროსი და მყავდა, მაგრამ ისინი რომ გათხოვდნენ, მე 8 წლის ვიყავი, ჰოდა, ასე მანებივრებდნენ ოჯახში. ბებიაჩემს რომ ვეტყოდი, ბებო, წყალი მომიტანე-მეთქი, საწყალი, 90 წლის ვერიჩკა ადგებოდა ყავარჯნის კაკუნით და მოჰქონდა წყალი. მოკლედ, არაფერს არ ვაკეთებდი, მაგრამ, ცოდნით ვიცოდი. სამეგრელოში გვაქვს სახლი დედაჩემის მხრიდან. დედა გვარად დადიანია. იქ რომ ჩავდიოდი, ბებიას ვეხმარებოდი ხოლმე. მეზობლები გამუდმებით ჭორაობდნენ ჩემზე: „დედა! უმაქნისი, არტისტი, გაფუჭებული, არაფერი მაგან არ იცის“... (იცინის). ჩემთან მეგობრები ხშირად იკრიბებოდნენ ხოლმე, მიდიოდა სმა, ქეიფი და მოლხენა, მეზობლებს კონცერტებს ვასმენინებდი. ასე ჭრიჭინასავით გავატარე ახალგაზრდობა. რომ გავთხოვდი, ბუნებრივია, რაღაც-რაღაცეები შეიცვალა. პირველ ორსულობაზე რაღაც სიგიჟე დამემართა საჭმელზე. ზოგს ხომ აქვს ტოქსიკოზი, ზოგი საჭმელს ვერ ჭამს, მე კი ისე მივაძეხი, ოცი კილო მოვიმატე – სულ მშიოდა, სულ ვჭამდი. ახლაც რომ ვფიქრობ, მგონია, ეს რაღაც პათოლოგია იყო, არანორმალურობა. ცალკე ვცხოვრობდით და კეთებაც მე თვითონ მიწევდა. გავივლიდი – ვჭამდი, გამოვივლიდი – სულ ვჭამდი. არადა, ბავშვობაში საშინლად უჭმელი ვიყავი, სულ თეფშით დამდევდნენ. ორსულობისას კი ვერმიშელსა და „მანის“, რომელსაც დასანახად ვერ ვიტან, რძეში ვხარშავდი და ვჭამდი და ვაყოლებდი ფუნთუშას, ჩაის, კარაქს. 45-კილოგრამიანმა ქალმა 5-კილოიანი ბავშვი გავაჩინე.

– ბაზარში თუ დადიოდით ხოლმე, ან, ახლა თუ დადიხართ?

– სწორედ მაგას ვამბობდი. ვერაზე ვარ გაზრდილი, ვერის ბაზართან ახლოს ვცხოვრობდი და ბავშვობიდან ვგიჟდებოდი ბაზარზე. ახლა სადღაა საკოლმეურნეო ბაზრები, თორემ, ადრე სულ დავდიოდი. ზუსტად ორსულობისას, ავდგებოდი უთენია, დილის 7 საათზე და წავიდოდი ბაზარში, ისეთი სიხარბე მჭირდა, მაცივარი სავსე რომ ყოფილიყო პროდუქტით, მაინც ნაირ-ნაირი მინდოდა. ვიყიდდი უამრავ პროდუქტს, ხილ-ბოსტნეულს და, ხან ტაქსით წამოვიდოდი, ხან მეუღლეს ვურეკავდი. ტაქსით რომ მოვიდოდი, მეუღლე გიჟდებოდა – ეგონა, მეძინა, მე კი უთენია ბაზარში ვიყავი. გიჟსა და გადარეულს მეძახდა. (იცინის).

ახლა ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ კარგი დიასახლისი ვარ. ეს ჩემი მეუღლის დამსახურებაცაა, რომელიც საკმაოდ მომთხოვნი იყო ამ მხრივ. მამაკაცების ოჯახი მყავს – მეუღლე და ორი ვაჟი. ერთი 20 წლისაა, მეორე – 14-ის. მართალია, დიდი გურმანები არ არიან, მაგრამ მაინც მამაკაცები არიან და სხვანაირად იკვებებიან. საერთოდ, მამაკაცი პრეტენზიული მჭამელია. სახლიდან ისე არასდროს გამოვდივარ, რომ სადილი არ გავამზადო – დილაადრიან ვდგები და ვაკეთებ. მთელი დღის რეჟიმი გაწერილი მაქვს. არ მიყვარს, ადამიანმა დროის განაწილება რომ არ იცის. სადილს დიდი ქვაბით არ ვაკეთებ – მეორე დღეს უკვე აღარ მიირთმევენ და რა აზრი აქვს?! მიყვარს ზამთრის მარაგის თადარიგის დაჭერა. გადასარევად ვაკეთებ კონსერვებს, მწნილებს, ზეთში მოხრაკულ ბოსტნეულს, ჯემს, მურაბას... რა ვიცი, ყველაფერს. სხვათა შორის, არასდროს გამსკდომია ქილა. ერთი კონსერვი ვიცი, „ლეჩო“ ჰქვია და ჩემს საახლობლოში ყველას უყვარს, თან – სამარხვოა. თუ ვინმე მოდის და მთხოვს, ყველას ვატან, თუმცა, მერე ქილებს აღარ მიბრუნებენ და ვარ ერთ ამბავში.

– რა პროდუქტით მზადდება თქვენი „ლეჩო“?

– ახლავე გეტყვით: მწვანე და წითელი ბულგარული წიწაკა – დაჭრილი, სტაფილო – დაჭრილი, ტომატი უნდა აუცილებლად ერთ ულუფას დაახლოებით 800 გრამი ტომატ-პასტა, რომელიც წყალში იხსნება. მერე ყველაფერ ამას ვხრაკავ ზეთში, ვუმატებ ძმარს და უგემრიელესი გამოდის. ზამთარში კარტოფილთან, მჭადთან და ყველთან ერთად უგემრიელესია.

– სიამოვნებით რას ამზადებთ, რომელი კუთხის სამზარეულო გიყვართ?

– მეგრული საჭმელების კეთება მიყვარს ძალიან. ღომს ვამზადებ არაჩვეულებრივს, ელარჯს. ჩემი კარდალით დავდივარ ხოლმე მეგობრებთან და იქაც ვამზადებ, ოღონდ, ასეთ დროს სამზარეულოდან ყველას დავითხოვ ხოლმე – არ მიყვარს, ხელს რომ მიშლიან (იცინის). ჩემებსაც შევაყვარე სახლში – რა ქნან, მე ვგიჟდები და ისინიც გეახლებიან. კახურ მწვადზე ვგიჟდები! მეგრული ბაჟე და ღომი ჩემთვის ხომ პირველია, მაგრამ, კახური მწვადი არანაკლებ მიყვარს. კიდევ, კუჭმაჭი მიყვარს ძალიან. სამეგრელოში განსაკუთრებულს აკეთებენ, „ჯურჯანს“ ეძახიან. თუ დიდი სუფრაა, საკლავს რომ დაკლავენ, მთელი სამეზობლოს ქალები მდინარეზე ჩადიან და იქ საგულდაგულოდ რეცხავენ ფაშვს, შიგნეულს... ზუსტად არ ვიცი, როგორ მზადდება, მაგრამ უგემრიელესია. კუპატიც მიყვარს, თუმცა, ვერ ვამზადებ, ვყიდულობ ხოლმე. ასევე, მიყვარს მხალეული – პრასი, ისპანახი, ჭარხალი...

– ეკალა?

– ეკალა – ნაკლებად.

– თქვენ თავად სადაური ხართ?

– გურული ვარ, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბასილეთიდან, თუმცა, სამწუხაროდ, არც ჩოხატაურში ვყოფილვარ, არც ბასილეთში. გურული საჭმელებიც მიყვარს – მჭადი, ლობიო... წითელი ლობიო უყვართ ჩემს შვილებს, ოღონდ, ამოლესილი არა. ხშირად ვამზადებ ხოლმე. „ბასილასა“ და გურული ღვეზელის გამოცხობა არ ვიცი. ცომთან, რატომღაც, მწყრალად ვარ – არ გამომდის. ამდენი წელია, ცომის მოზელა ვერ ვისწავლე, თუმცა მშვენიერ კექსს ვაცხობ. „ბურჟუიკა“ არ მქონდა და მეზობელს ვთხოვდი ხოლმე. მერე შემრცხვა, სადღაც წავაწყდი ძველს, სახლიდან გამოტანილს და ვიყიდე. ჰოდა, იმის მერე ვაცხობ და ვაცხობ. თქვენც გასწავლით: 2 კვერცხი, 1 ქილა მაწონი, 200 გრამი კარაქი, შაქარი გემოვნებით, ფქვილი. აჯაფსანდალივით ვყრი შიგ ყველაფერს და ათ წუთში ვაცხობ. თუ ჯემი მაქვს, იმასაც ვუმატებ, ასევე ჩახეხილ ლიმონს; ზაფხულში კი – ცოცხალ ხილს. ქიშმიში ჩემთან არ უყვართ. ბლინებს ვაკეთებ ხშირად.

– ესე იგი, შუს, ეკლერს, კრემიან ნამცხვრებს არ აცხობთ?

– არა. შუსა და ეკლერის თითხნის დრო და თავი სად მაქვს? მაშინ, სულ სამზარეულოში უნდა ვტრიალებდე თავწაკრული და წინსაფრიანი. თუ მჭირდება, ვყიდულობ ხოლმე. „იდეალის“, ფირფიტებს ვყიდულობ, კრემიც არ გამომდის ცუდი.

– უცხოური სამზარეულო და სანელებლები თუ გიყვართ? იაპონურ რესტორანში დადიხართ?

– უჰ, კი, სულ იქ ვზივარ (იცინის). თუ დამპატიჟებს ვინმე, თორემ... ცხარე და მჟავე მიყვარს. ვგიჟდები თევზზე – მიყვარს თართი, ორაგული, სკუმბრია. ჩემი და ბაქოში ცხოვრობს და იქიდან მიგზავნიდა უმაღლესი ხარისხის თევზეულს.

– მეუღლე და შვილები გეხმარებიან საოჯახო საქმეებში?

– სხვათა შორის, ბავშვობიდანვე შევაჩვიე წესრიგს. სანდრო 5-6 წლის იყო, ლოგინს რომ თავად ასწორებდა. ახლაც საკუთარ ტანსაცმელს თვითონ ალაგებენ, არჩევენ სეზონის მიხედვით. თუ საჭირო ხდება, გარეცხვა და დალაგებაც შეუძლიათ. არც მშივრები დარჩებიან, მარტივი საჭმელების გაკეთებასაც ახერხებენ უჩემოდ – ტოსტების, შემწვარი კვერცხის. სხვათა შორის, უწესრიგო და ფეთხუმ რძალს ვერ ვიგუებ. თუ ჩემს შვილს ეყვარება, კი ბატონო, მაგრამ, მირჩევნია, ცალკე იცხოვრონ. არ მიყვარს აყრილ-დაყრილი სახლი, ნიჟარაში ჭუჭყიანი ჭურჭელი და ასე შემდეგ.

– საოჯახო საქმეებიდან რომელს ვერ იტანთ?

– დაუთოებას, განსაკუთრებით – ზაფხულში. ხელით კარგა ხანია, არ გამირეცხავს, ისეთი მანქანა მაქვს, რეცხავს, წურავს, მღერის და ცეკვავს! ლაქების ამოყვანაც მისი საქმეა. ძირითადად „არიელს“ და „ტაიდს“ ვხმარობ. ადრე „ვიატკა“ მქონდა, რეცხავდა გადასარევად, მაგრამ, მოკვდა საცოდავი. ახლა „ბოში“ მაქვს. დამხმარეც მყოლია შინ სხვადასხვა დროს. ერთხელ ერთი ახალგაზრდა გოგო დავიქირავე და მივუთითე, რა უნდა გაეკეთებინა. მოვედი და რას ვხედავ! ავეჯზე ზიგზაგივით არ გადაუწმენდია მტვერი, თანაც ალაგ-ალაგ?! დღის 2 საათზე მეუბნება, გამიშვით, დედა მყავს ავადო. ფულიც მივეცი და გავისტუმრე, ოღონდ წასულიყო და აღარ დამენახა.

– საჭმელი ხშირად გეწვებათ?

– სულ მავიწყდება და ქვაბები ისეთი გამურულია, მტრისას! რამდენჯერ მეზობლისთვის გასაღები დამიტოვებია და დამირეკავს, შედი, ნახე, ცეცხლზე რამე ხომ არ დამრჩა-მეთქი. მერე მრცხვენია და ვყრი ასეთ ქვაბებს – ხეხვას აზრი აღარ აქვს.


скачать dle 11.3