კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უბედურებები გამოიარა თამრიკო ჭოხონელიძემ ცხოვრებაში და რატომ ვერ ასცდა მისი ოჯახი დანგრევას

რამდენიმე წლის წინათ თამრიკო ჭოხონელიძე ქმარს, მსახიობ და პარლამენტარ გია როინიშვილს დაშორდა. დარტყმები მომღერალს მანამდეც ბევრი აქვს გადატანილი, როცა ოჯახის უსაყვარლესი ადამიანები დაკარგა, როცა თბილისის ომი იყო და ბავშვების გაზრდა საშინელ პირობებში მოუწია, როცა ვიღაცამ სიმღერა აუკრძალა. ამ ლამაზი ქალბატონის ცხოვრებაში, საბედნიეროდ, ყველაფერი ცუდი უკან დარჩა, ნეგატიური მოვლენა პოზიტიურმა შეცვალა. გული მხოლოდ იმაზე წყდება, წლები ისე გავიდა, რომ საკუთარი თავი გვერდზე დარჩა.



– ყველას ერთნაირად გვაინტერესებს, როგორია თამრიკო ჭოხონელიძის უიღბლო პერიოდები.

– ორმოცდათექვსმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა ჩემი უსაყვარლესი ადამიანი, ბაბუა. მაშინ რვა წლის ვიყავი, მაგრამ მახსოვს, გულში რამხელა ტკივილი ვიგრძენი. მოსკოვში მივდიოდი, საბავშვო ტელეგადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. დილით სადღაც გავიდა და ბილეთის ფული დატოვა, მეც ამიღეთ ბილეთი, ამას როგორ უნდა ანდო ბავშვიო, მამაჩემზე თქვა. მე გავყვებიო და უცებ ეს ამბავი მოხდა. დიდხანს ვერ გამოვედი მდგომარეობიდან. ამ დროს დაიბადა ჩემი და, თინიკო. სიხარულთან ერთად დიდი ელდაც იყო, რადგან დედა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთი თვის განმავლობაში საავადმყოფოში იწვა. ახლობლები მოდიოდნენ, მიდიოდნენ, ყველა გაფითრებული სახით გვეკითხებოდა, როგორ არისო. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ორჯერ გადაიტანა კლინიკური სიკვდილი. ამაზე სულ გავგიჟდი. მე და სოფიკო რაღაცაზე წავკინკლავდით და ერთ-ერთმა ახლობელმა მითხრა: შენ უფრო მეტად გმართებს თავდაჭერილობა, იმიტომ რომ უფროსი დაიკო ხარ. იცი, შეიძლება, დედიკო არც მოვიდეს სახლშიო. ეს კიდევ ერთი დარტყმა იყო და ალბათ, ამას ვერც გადავლახავდი, რომ არა უფლის რწმენა. თან, ძალიან პატარა ვიყავი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გადამელახა. ჩემს თავში დავიჭირე ის ძალა და რწმენა, რომ, როდესაც ვიღაცას უჭირს, და იქ ვარ, აუცილებლად დავეხმარები. მეუბნებიან, პანიკიორი ხარო. შეიძლება, ასეც არის, მაგრამ რა ვქნა? როცა რაიმე საშიშროებას ვგრძნობ, განგაშს ვტეხ. ცხოვრებაში კიდევ ბევრი ტკივილი შემხვედრია, თუნდაც მამა რომ გარდაიცვალა. მინდა, ერთი ამბავი გავიხსენო: მამა კონსერვატორიაში ფოლკლორის კათედრის გამგე გახლდათ. ლექციების შემდეგ ხშირად რჩებოდა კონსერვატორიაში, ძალიან უყვარდა ჭადრაკი და თანამშრომლებთან თამაშობდა. ერთ მშვენიერ დღეს რეზო ტაკიძესთან ერთად ზის, მეც იქ ვარ. დავინახე, რაღაც უცნაურად შეარხია ხელი და კისერი. ინტუიციურად ვიგრძენი, რომ პრობლემა ჰქონდა გულთან დაკავშირებით. ლექციების შემდეგ მოუთმენლად ველოდებოდი, ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე... მერე მითხრა: საქმე არ გაქვს, რატომ მელოდებიო. მინდოდა, სადმე თუ წავიდოდა, ერთად წავსულიყავით, რომ გზაში რამე არ გასჭირვებოდა. ასე მივდიოდით ერთად და მოვდიოდით. ათი დღის შემდეგ ჩუმად გამოვუძახე სასწრაფოს. იმ მომენტში მამაჩემი აივანზე იდგა და სიგარეტს ეწეოდა. სასწრაფოს ექიმებმა რომ დაინახეს, გაოგნდნენ და ჰკითხეს, ხომ არ იხუმრეთო. მამაჩემმა შემომხედა. რა თქმა უნდა, ეჭვი ჩემზე მიიტანა და ზრდილობის გამო დაწვა. გაესინჯა. აღმოჩნდა ინფარქტი. არავინ იცის, როგორ დამთავრდებოდა ყველაფერი, მე რომ ამბავი არ ამეტეხა. თუ ეს ძალა საკუთარ თავში ვერ იპოვე, მაშინ არსებობს სერიოზული სამსახური ფსიქოლოგების, არსებობს მოძღვარი და ისინი დაგეხმარებიან პრობლემების გადალახვაში. პირადად მე, მიმიმართავს ფსიქოლოგისთვის და ძალიან დამხმარებია. ცხოვრებას რომ ვაკვირდები, ვხვდები, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, სხვის იმედად ყოფნა. ბევრმა შეიძლება გაგიღიმოს და გითხრას, რომ შენიანია და შენი სატკივარი სტკივა, მაგრამ მერწმუნეთ, ასე არ არის. საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედო. ვამაყობ, რომ გარშემო ბევრი გულშემატკივარი მყავს ახლობლებისა და მეგობრების სახით. ეს იმიტომ, რომ თვითონ არ ვარ ყალბი ვინმეს მიმართ. ძალიან მეშინია „არას“ თქმის, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, არ გადავთქვამ, თუმცა, სანამ ამას ვიტყვი, დიდხანს ვფიქრობ. უძილო ღამეებიც მქონია, მიფიქრია, მე ხომ არ შემეშალა რამე. მაგრამ, მერე, როცა ვაანალიზებ, ვხვდები, რომ მე კი არა, მას შეეშალა. ასეთი ადამიანი ჯობია დაკარგო.

– როგორც ვიცი, პრობლემები კონცერტებთან დაკავშირებითაც გქონიათ, როცა ვიღაცას არ მოსწონდა თქვენი ნამღერი და არ უნდოდა, სცენაზე გამოსულიყავით. როგორ უყურებდით ამ ყველაფერს?

– მუსიკა ბავშვობიდან მაცოცხლებს და მასულდგმულებს და მოხდა ისე, რომ ცხოვრებაში ორი ადამიანის გამო ვინანე – ნეტავ, საერთოდ რატომ ვმღერი-მეთქი. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი უფლის წინაშე. არ მქონდა ამის უფლება, ეს მეთქვა, მაგრამ იმ ზომამდე მივედი, რომ ვთქვი. ისე უცნაურად წავიდა ჩემი ცხოვრების რაღაც პერიოდი, მივხვდი, რომ ჩემი სიმღერა სხვას უშლიდა. გულში ლახვარივით მომხვდა, სერიოზული დარტყმა იყო ჩემთვის, როდესაც ეს ადამიანი მოვიდა და პირდაპირ მითხრა: ვიდრე ცოცხალი ვარ, ჩემი ნამღერი არ იმღეროო. მართალია, ცოტა ხანს არ მიმღერია, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არავის აქვს უფლება, სიმღერა ამიკრძალოს.

– მგონი, ვხვდები, ვისზეც არის საუბარი. ეს ქალბატონი არც ასაკითაა პატარა და მას არა მარტო ქართულ შოუ-ბიზნესში, სხვა ქვეყანაშიც ელიტურ მომღერლად თვლიან და ძალიან აფასებენ.

– ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. მაშინ ისე წარიმართა საუბარი, მეგონა, მართლა რაღაც დავაშავე, ვიღაცას საკუთრებას ვართმევდი და მინდოდა, ბოდიში მომეხადა. მერე მივხვდი, რომ ყველა მელოდია, რაც კი აქამდე გაჟღერებულა ამა თუ იმ მომღერლის მიერ, თითოეულ ადამიანს ეკუთვნის, ყველასია. ეს არ იყო სწორი და ღმერთმა მიუტევოს მას. ერთი შეხედვით, თითქოს ისეთი არც არაფერი მომხდარა, ხალხს შვილები უკვდებათ და ცხოვრება თავზე ენგრევათ, მაგრამ ჩემთვის ეს იყო დიდი სტრესი. დღეს სასაცილოდ მეჩვენება – რატომ მქონდა ამაზე ასეთი რეაქცია. არ ვარ ვიღაცის საჯიჯგნი, იმიტომ რომ არასდროს არავის ვეღობები გზაზე და თვალში არ ვეჩხირები. გული მწყდება, რომ ბევრ რაღაცაში ფუჭად დაიხარჯა დრო, თუნდაც იმაში, რაზეც ამდენი ვინერვიულე, რაზეც ჩუმად ვტიროდი. ვინც მე თავის დროზე სიმღერა ამიკრძალა, ის ადამიანი ჩემთვის კუმირი იყო. დღესაც ძალიან პატივსაცემო ფიგურაა და ისევ პატივს ვცემ, ოღონდ, როგორც მომღერალს. უბრალოდ, ჩემს თავზე მომდის ბრაზი, რატომ შემეშინდა. შემეშინდა, ყველაზე ძვირფასი არ დამეკარგა, რაც გამაჩნია. თან, ეს ერთხელ და ორჯერ არ ყოფილა. მინიშნებების სახით იყო სხვადასხვა კონცერტებზე. მქონია იმდენად მძიმე პერიოდები, როცა მიფიქრია, ახლა რომ არ ვიმღერო, შეიძლება, გული გამისკდეს-მეთქი. ხშირად გამოვუყვანივარ სიმღერას კონკრეტული მდგომარეობიდან, რომ იტყვიან, წამლად მერგო.

– ძალიან აქტიური ქალი ხართ, არაჩვეულებრივი დედა. როგორც ვიცი, ცხოვრებისეულ სირთულეებს ყოველთვის თვითონ ართმევდით თავს, თუნდაც მაშინ, როცა ბავშვები პატარები გყავდათ. ახალგაზრდა ქალისთვის ეს ხომ რთულია, როცა გინდა, რომ ოჯახშიც ყველაფერი წესრიგში გქონდეს, გარეთაც და საკუთარი თავიც?

– პირველად ოჯახურ პრობლემას შევეჯახე, როცა ერთ მშვენიერ დღეს თბილისში ბუნებრივი აირი საერთოდ გაქრა. მივვარდი ბაღში და მასწავლებლებს ვთხოვე – ვიდრე რაღაცას მოვახერხებ, ბავშვები მშივრები არ დარჩნენ-მეთქი. არც ჩვენ გვაქვს ბუნებრივი აირი და ელექტროენერგიაო. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ბავშვები როგორ გამეზარდა ასეთ პირობებში. როგორ დავანთო ცეცხლი, რომ საჭმელი გავუკეთო, როგორც კუნძულზე მიტოვებული ადამიანი ქვას ქვას რომ უხახუნებს, ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მერე ერთმა მეზობელმა თქვა: ბაზრობაზე მწვანე, ირანული ნავთქურები იყიდებაო. არ მქონდა ფული, მაგრამ მეზობელს ვესესხე და წავედი. ვიყიდე. მისი გამოყენების გამოცდილება რომ არ მქონდა, ვერ მივხვდი, რომ ნავთი უნდა ჩამესხა. არ ვიცი, ნავთი სად იყიდება. მითხრეს, დიღმის გზაზეაო. ნაცნობი ტაქსის მძღოლი მოვნახე, ვთხოვე, დიღომში გამიყვანე-მეთქი. წავედი, მოვიტანე. იმ იმედით ვიყავი, რომ აუცილებლად რაღაცას მოვახერხებდი. იმ დღეს მარჯანიშვილის თეატრში დოდო ჭიჭინაძის საღამო იყო, რომელზეც უნდა მემღერა. მოვიტანე სახლში და ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილებს არ გაუჭირდებათ და საახლობლოშიც, თუ ვინმეს დასჭირდა, მოიხმარს. უცებ ხელზე გადამესხა ნავთი. ხომ იცი, როგორ იცის კანში ჩაჯდომა, რითი არ დავიბანე, მაგრამ სუნი არ მომცილდა. მოახლოვდა საღამო და წავედი თეატრში. ჩავიცვი კაბა, მაკიაჟი გავიკეთე. ვხედავ ჩემს ირგვლივ დადის გოგი დოლიძე და თავისთვის ჩუმად ლაპარაკობს – რა სუნია, რა სუნია... არ შევიმჩნიე. ბოლოს ვუთხარი, ჩემს ხელს უსუნე, მე ამდის ნავთის სუნი-მეთქი. გოგის გადამდები სიცილი ჰქონდა. ისეთი სიცილი აუვარდა. გავა ახლა გაპრანჭული, განაზებული და იმღერებს – „გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში...“ და ამ დროს ნავთის სუნით ყარსო. ჩემში რაც მომწონს, ის არის, რომ არასოდეს ჩემი პრობლემებით სხვებს არ ვაწუხებ. ახალი წელი მოდიოდა და ვგრძნობდი, რომ ჩემს შვილებს ლამაზ ახალ წელს ვერ ვუთენებდი. წავედი, ვიყიდე, პრიალა, ფერადი ქაღალდი. მაშინ კანფეტები ასე არ იშოვებოდა, როგორც დღეს არის. მითხრეს, როგორ მზადდება შოკოლადი რძეში და კაკაოში, გავაკეთე და შევახვიე ამ ბრჭყვიალა ქაღალდებში. მინდოდა ისეთი ახალი წელი მომეწყო, როგორიც წინა წლები იყო. ჩემს შვილებს რომ ჰკითხო, რთულ პერიოდებს ვერ გაიხსენებენ, იმიტომ რომ ეს მათთვის არ მიგრძნობინებია. მაშინაც ძალიან ბევრს ვშრომობდი და ახლაც ბევრს ვშრომობ, რომ ოჯახს არაფერი მოაკლდეს. კიდევ კარგი, არავის ჯიბეში ჩამიყვია ხელი. ვისაც ჰქონდა იმის საშუალება, რომ შვილის სწავლაში ფული გადაეხადა, იხდიდა. ბევრ ახლობელს ფულს ვერ ვართმევდი. ზოგჯერ პროდუქტი მოჰქონდათ ფულის სანაცვლოდ – რძე, ყველი...

– ყველაზე მეტად მაინც რაზე გწყდებათ გული?

– ერთადერთი, რასაც ვერ ვპატიობ საკუთარ თავს ის არის, რომ თავს ვერ მივხედე. თუნდაც ჩემს ჯანმრთელობას, მაგრამ ხვალინდელი დღის გათენება მაშინ გიხარია, როცა იცი, რომ თუნდაც ერთი და ორი ადამიანისთვის დიდი იმედი ხარ. ჩემი პირადი, ძალიან ბევრი რამ გვერდზე გადავდე. ზოგიერთი ქალი ჩემ ადგილას შეიძლება, სასოწარკვეთილებამდეც მისულიყო, რომ ასე დავასამარე ყველაფერი. მეგონა, ძლიერი არ ვიყავი, თურმე, ვყოფილვარ. ყველა მოვლენას ლოგიკით მივსდევ. უკან იხედები და ფიქრობ, ეს ნაბიჯი ხომ იმიტომ გადავდგი, რომ მიყვარდა, მე ხომ ეს მის გამო გავაკეთე?.. არავინ იცის, სხვასთან რომ ვყოფილიყავი, როგორ ვიქნებოდი. ეს სხვა კი, ერთი არ იყო, რამდენიმე იყო, რომლებიც ოქროს კოშკებს მიგებდნენ.

ყველაფრის მიუხედავად, მაინც ისევ ისეთი მოსიყვარულე ვარ და არ გავბოროტებულვარ. ჩემს განვლილ გზას რომ გადავხედავ და აღმოვაჩენ, რომ რაღაცეებში არ ვიყავი მართალი, უფრო მიმსუბუქებს სხვა ადამიანებთან ურთიერთობას. მაგრამ, ეს ისეთი უმნიშვნელო რაღაცეები იყო, რომ, რა თქმა უნდა, ამას ასეთი ბოლო არ უნდა ჰქონოდა. არა უშავს. ალბათ, ეს არის ჩემი ჯვარი, ეს მეწერა შუბლზე. რას ვიზამთ? მე მგონია, რომ მესამე აქ არაფერ შუაშია. ორ ადამიანს შორის მოხდა ბზარი. იმ მესამეს თავისი გასაჭირიც ეყოფა, რომ მესამეა. თუ მართლა კარგი ადამიანია და თავის წონაზე დგას, პირველი უნდა გახდეს. ამიტომ, ასეთი ადამიანი ცოდო და უბადრუკია. იმან მაინც ვერაფერს მიაღწია. ჩვენი შეცდომები ვერ გავითავისეთ თავის დროზე და ერთმანეთს ვაბრალებდით. მონატრება მაქვს იმ დიდი გრძნობის, რომელიც ჩვენ შორის იყო, თორემ მე და გია ჩვეულებრივად ვმეგობრობთ. ამ ეტაპზე შეუძლებლად მეჩვენება ჩვენი ერთად ცხოვრება. რაღაც რომ ქრება, ძალიან დიდი რამ უნდა მოხდეს, რომ აღდგეს. არანაირად არ მიმაჩნია, რომ ეს სწორია, როგორც ახლა მე ვცხოვრობ. მაგრამ, თუ ვინმე მსგავს სიტუაციაში ჩავარდა და ჩათვალა, რომ ამის იქით ცხოვრება აღარ არის, დამთავრდა ქალობა და ყველაფერიო, ცდება. არაფერიც არ დამთავრდა.


скачать dle 11.3