კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი ბრძანებით გამართეს პომპეზური შეხვედრები სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა და რა ხეირს ელის აქედან ერევანი

საქართველოს პრეზიდენტის სომხეთში ვიზიტის წინ რუსეთში ჯავახეთის დიასპორამ გაავრცელა განცხადება, მოწოდებით, „შეწყდეს ჯავახეთის სომეხი აქტივისტების დევნა და მოხდეს ეგრეთ წოდებული „შავი სიების“ ანულირება“. შემდეგ ვკითხულობთ, რომ „ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი რეგიონში აშკარად ატარებს დისკრიმინაციულ პოლიტიკას“. ისინი ხაზს უსვამენ, რომ „2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სულ უფრო და უფრო გაძლიერდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების კონტროლი ქართული სამართალდამცველების მხრიდან, აკრძალულია იმ პოლიტიკოსების შესვლა ჯავახეთში, რომლებიც ჯავახელი სომხების პრობლემებს სწავლობენ. იქმნება პრობლემები სომხურენოვანი ლიტერატურის ჯავახეთში შეტანისას“ და ასე შემდეგ. ჩვენ ვერსად აღმოვაჩინეთ ჯავახეთის დიასპორის ადგილსამყოფელი, როგორც განგვიმარტეს, ისინი მხოლოდ ვირტუალურად ეკონტაქტებიან გარე სამყაროს. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ მათ განცხადებებს სომხური გამოცემები ავრცელებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ სომხეთში ჯავახეთის დიასპორის აზრებს იზიარებენ კიდეც. ამიტომაც კომენტარი სომეხ პოლიტოლოგს, მანველ სარქისიანს ვთხოვეთ.



– მესმის, რომ თქვენ არ ხართ ამ განცხადებაზე პასუხისმგებელი, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს დიასპორა გამოხატავს სომხების აზრსაც აღნიშნულ საკითხებზე. თქვენც ფიქრობთ, რომ სამცხე-ჯავახეთში ირღვევა სომეხი მოსახლეობის უფლებები?

– თუ ეს პრობლემა დგას, ამის გადაწყვეტა უნდა სცადოთ შიგნით, რომ რეზონანსი არ გამოიწვიოს, რადგან ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები ქვეყნის გარეთ, რომლებიც ამას გამოიყენებენ.

– რის თქმა გინდათ: ჯავახეთი პრობლემა არის თუ არ არის?

– ჩვენ გარდამავალ პერიოდში ვცხოვრობთ, როდესაც თითოეული ნაცია სვამს საკითხს საკუთარ პრობლემატიკაზე და ცდილობს, თავისებურად გადაჭრას. უმჯობესია, საკითხები ადგილზე გადაწყდეს, რადგან რეალურად, არ მგონია, ჯავახეთი საქართველოსთვის პრობლემას წარმოადგენდეს.

– საქართველოს არ ჰგონია, რომ ჯავახეთი პრობლემურია, ამას სათვისტომო ამბობს. ისინი იმასაც ამბობენ, რომ მიმდინარეობს რეგიონის „დეარმენიზაცია“. ეთანხმებით?

– ეს უნდა თქვან ჯავახელმა სომხებმა. მათ ნაცვლად ვერავინ ილაპარაკებს ამის შესახებ. თუ ისინი ამბობენ, რომ „დეარმენიზაცია“ მიმდინარეობს, ამას ნებისმიერი გამოიყენებს.

– იმ მიმართვაში არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, რაც მე ადრე არასდროს მსენია. კერძოდ, „როგორც ცნობილია, მეოცე საუკუნეში ამჟამად სამცხე-ჯავახკად წოდებული ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში შევიდა კავკასიის ბიუროს გადაწყვეტილებით, რეფერენდუმის ჩატარების გარეშე.“ ანუ პირდაპირაა მინიშნებული, რომ სამცხე-ჯავახეთი, თურმე, საქართველოს მიწა არასდროს ყოფილა. თქვენც იზიარებთ ამ ვერსიას?

– ეს ყველაფერი საბჭოთა დროიდან მოდის, როდესაც რუსულ-თურქული მოლაპარაკებებით წყდებოდა ქვეყნების ბედი და ადამიანებს არაფერს ეკითხებოდნენ. რასაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ. თუმცა დღეს ამაზე ლაპარაკი უაზრობაა. ჩვენ დღევანდელი რეალობიდან უნდა გამოვიდეთ და ვეცადოთ, თავად გადავჭრათ ჩვენი პრობლემები. იცით, რომ თურქეთს დღეს აქვს პრეტენზია, იბატონოს ევროპიდან ჩინეთამდე და თავად გადაჭრას ამ ტერიტორიაზე არსებული პრობლემები. ამდენად, თუ ჩვენ არ გადავწყვეტთ ჩვენს პრობლემებს, აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც პატრონი, რომელიც ამის გაკეთებას მოინდომებს. ასე რომ, თუ ვიღაც გადაწყვეტს, რომ საქართველო დასუსტებულია, გამოიყენებს ჯავახეთის თემასაც.

– ესე იგი, ამბობთ, რომ ჯავახეთი საქართველოსთვის სუსტი რგოლია?

– რა თქმა უნდა და სომხეთთან მოლაპარაკების გზით ამ პრობლემას არ უნდა მივცეთ გაღრმავების საშუალება. არ უნდა ჩავრიოთ სხვა ქვეყნები ამ საკითხში. რუსეთიც არ შევიდოდა აფხაზეთსა და „ოსეტიაში“, პრობლემის გადაჭრა ადგილზე რომ მოხერხებულიყო.

– როგორ აფასებთ ქართულ-სომხური ურთიერთობის აქტივაციას იმ ფონზე, რომ სომხეთი რუსეთის კლიენტი ქვეყანაა, საქართველო – ამერიკის? თუმცა მესმის, რომ სომხები და ქართველები მანამდე იცნობდნენ ერთმანეთს, სანამ რუსეთი და ამერიკა გაჩნდებოდნენ?

– არ მგონია, სომხეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს ისეთი დონისთვის მიეღწიათ, რომ გაეგოთ ასეთი ურთიერთობების მნიშვნელობა. „ბიძიებმა“ უთხრეს და დაიწყეს ერთმანეთთან ურთიერობა. ამიტომაც ვამბობ, პრობლემების გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს დიდი საერთო ინტერები, მაგრამ არ ვაწარმოებთ პირდაპირ მოლაპარაკებებს. როდესაც უცბად იწყება ასეთი პომპეზური შეხვედრები, ჩნდება ეჭვი, ამის უკან ვიღაც დგას. თუმცა ბრმა უნდა იყო, ვერ დაინახო, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობები.

– და რომელი „ბიძის“ ინიციატივით შედგა ეს პომპეზური შეხვედრები?

– სომხებს სომხების „ბიძიამ“ უთხრა, თუმცა ასეთი ურთიერთობა ნამდვილად არ ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ დაამყაროს ურთიერთობა რუსეთთან, შემდეგ – ირანთან და ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ საქართველომ რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყოს. თუ ეს ამერიკული იდეა იყო, იმ შემთხვევაშიც არ ვფიქრობ, რომ ეს ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს.

– რას აძლევს ამერიკას სომხურ-ქართული მეგობრობა?

– ეს ყველაფერი ძალთა ბალანსის ასპექტში უნდა განვიხილოთ. დასავლური სამყაროსთვის და რუსეთისთვისაც ძალიან დიდი პრობლემაა თურქეთი. ეს ქვეყანა ძალიან სახიფათო და არაწინასწარმეტყველებადი გახდა. ეს უკვე აშკარაა. ამას ემატება აზერბაიჯანის მილიტარისტული განცხადებები, ამიტომ ზესახელმწიფოების ამოცანაა, შეიმუშაონ ამის გამანეიტრალებელი მექანიზმები. ჩემი აზრით, ეს კარგადაა მოფიქრებული. სომხეთი ცდილობს, დაამყაროს ურთიერთობა საბერძნეთთან, კვიპროსთან, საქართველოსთან… საქართველო მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული ტერიტორიაა. თუ ასეთი თანამშრომლობა იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის, ეს შეაკავებს თურქეთისა და აზერბაიჯანის ექსპანსიონისტურ ტენდენციებს. აზერბაიჯანის არმია მხოლოდ ყარაბაღში ხომ არ გაჩერდება?!

– აბა, სად წავა?

– საქართველოშიც ვერ შევა, ირანშიც.

– კარგი, რა. ირანში?!

– რეალურად ვერსადაც ვერ შევა, ყარაბაღშიც კი.

– ჩვენ ერთი ზომის ქვეყნები ვართ და ირანი მხოლოდ ამიტომ გამოვყავი.

– როდესაც პოლიტიკას მილიტარისტული კურსი აქვს აღებული, ეს პროცესი არასდროს ჩერდება და შესაძლოა, ჩრდილოეთ კავკასიაშიც გადავიდეს. ბევრი ქვეყანა ამჩნევს ამ საფრთხეს და მგონია, რომ საქართველოს პრეზიდენტიც. ბატონმა სააკაშვილმა საკმაოდ ბრძნული ნაბიჯი გადადგა და აჩვენა, რომ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმაც შეუძლია. ეს არის სომხეთის მეშვეობით ირანთან ურთიერთობის პერსპექტივა.

– ეს საინტერესო ხაზია? – ირანის მეშვეობით თურქეთის ნეიტრალიზაცია.

– ამას აქვს გეოპოლიტიკური აზრი. რა თქმა უნდა, ირანი, სომხეთი და საქართველო შეძლებენ თურქეთის ნეიტრალიზაციას. ადამიანები უფრო ფართოდ უყურებენ მოვლენებს და არა მხოლოდ შეზღუდულ ჭრილში, რომ ირანი ამერიკის მტერია და ამიტომ მასთან ურთიერთობა არ უნდა გქონდეს.

– მესმის, მაგრამ ჩვენგან არ იქნება პოლიტიკური სიბეცე იმის მოლოდინი, რომ ირანით გავანეიტრალებთ თურქეთს?

– ეს დიდი პრობლემაა, მაგრამ, თუ ძალთა ბალანსის პრიზმაში შევხედავთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველო-სომხეთ-ირანის ხაზს თურქეთი-აზერბაიჯანის განეიტრალებისთვის. სწორედ სომხეთი აძლევს საშუალებას საქართველოს, იმეგობროს თურქეთთთან და აზერბაიჯანთან. თუ სომხეთი დასუსტდება, ეს მეგობრობა მათთვის აღარ იქნება აქტუალური.

– სომხეთი და საქართველო დააბალანსებენ თურქეთსა და აზერბაიჯანს?!

– რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ ირანთან ურთიერთობა პროგრესირებს. საქართველო ამ ხაზის მეშვეობით გადის სპარსეთის ყურეში. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ილაპარაკა სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკების გაერთიანებაზე და ეს პერსპექტივაზეა გათვლილი.

– თქვენ სერიოზულად ამბობთ, რომ ირანი დაგვეხმარება თურქეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის განეიტრალებაში? თურქეთი ნატოს წევრია, ბოლოს და ბოლოს, ირანი კი, რა არის, არავინ იცის?

– ირანის ინტერესები დაგვეხმარება. ირანი იზოლირებული ქვეყანაა და ეს მათ ესმით. პოლიტიკას ფართოდ უნდა შეხედოთ. ერთი მხრივ, შესაძლოა, იჩხუბო რუსეთთან და, მეორე მხრივ, სხვა პრობლემები მოაგვარო. ხვალ შესაძლოა, რუსეთი საერთოდაც წავიდეს ჩრდილოეთ კავკასიიდან. ეს უზარმაზარი აგრესიული ტერიტორიაა და ორ დღეში ერთხელ იქნება „ნაბეგი“ თბილისზე.

– არა მხოლოდ თბილისზე?

– შორსაც.

– გვერდით, თქვენკენაც.

– ერთი სიტყვით, ეს პრობლემაც უნდა გავითვალისწინოთ. მე ყოველთვის ვიყავი სომხურ-ქართული ურთიერთობის მომხრე. ასეთია პოლიტიკის ლოგიკა.

– რა გამოდის, თუ საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას თურქეთ-აზერბაიჯანის განეიტრალების პოლიტიკურ თამაშში, რომელიც, პირადად მე, რუსეთის ორგანიზებული მგონია, მაშინ ჯავახეთს აუმოქმედებს რუსეთი. ეს შანტაჟია?

– მშვიდად იძინეთ, რუსეთი არაფრის გაკეთებას არ აპირებს.

– ძალიან მშვიდად მძინავს, თქვენ ამაზე ნუ იდარდებთ.

– თუ ვინმეს ეს უნდოდა, უკვე გააკეთებდნენ. მაპატიეთ, მაგრამ 2008 წლის შემდეგ საქართველოს შიშისგან თვალები გაუფართოვდა. ეს 2008 წლის სინდრომია. რუსეთმა, რაც საქართველოსგან უნდოდა, უკვე წაიღო. რუსეთს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ნატოსთან და შტატებთან. რუსებს ახლა კასპიის ზღვა აინტერესებთ. ასე რომ, რუსულ-სომხურ-ქართულ ურთიერთობაში ველი გახსნილია, იმიტომ რომ ეს კარგი საშუალებაა თურქეთის გასანეიტრალებლად. რაც უფრო ახლოსაა საქართველო სომხეთთან, მით მეტი ბერკეტია საქართველოს ხელში და შესაძლებელი იქნება, თურქეთისგან ერთი დოლარის ნაცვლად, ოცი დოლარი მიიღოთ. ბოლოს და ბოლოს, რა უნდა საქართველოს? ქვეყნის ფეხზე დაყენება და განვითარება.

– ოღონდ რუსეთის დახმარებით ეს ნამდვილად არ მოხდება.

– რუსეთმა დაივიწყა საქართველო. რაში სჭირდება? მათ აქვთ პრობლემა აზერბაიჯანსა და სომხეთში.

– სომხეთში რა პრობლემა აქვს რუსეთს?

– თურქეთ-აზერბაიჯანის დაახლოება, აზერბაიჯანის მილიტარიზაცია.

– მე სომხეთზე გკითხეთ.

– სომხეთში ძლიერდებიან და ცდილობენ, ნებისმიერი გზით ჰქონდეთ პლაცდარმი, რომ შორს არ წავიდეს თურქეთი. ეს რუსეთის ტრადიციული პოლიტიკაა და ის არასდროს შეცვლილა.

– არალოგიკური არ არის, რუსეთს საქართველო არ აინტერესებდეს და სომხეთში ცდილობდეს პოზიციის განმტკიცებას? რომ არა საქართველო, სომხეთიც ვერ გახდებოდა რუსეთისთვის ასე მომხიბვლელი?

– თავის დროზე იყო დიდი პრობლემა ნატოსთან მიმართებაში. საქართველომ უდროოდ დაიწყო თავისი ბედის ნატოსთან და დასავლეთთან დაკავშირება. იმ დროს, როდესაც საქართველო მათკენ მიიწევდა, ნატომ და დასავლეთმა რუსეთთან დაიწყეს მოლაპარაკება. საქართველოს ხელისუფლებამ მომენტი გაუშვა: ერთი მხრივ, რუსეთის შანტაჟი დაიწყო ნატოთი, მეორე მხრივ კი, დასავლეთმა და რუსეთმა დაახლოება დაიწყეს. საქართველომ ვერ იგრძნო, საით მიდიოდა დასავლური პოლიტიკა. ეს ტრაგედიაა, მაგრამ ტრაგედია შეიძლება, სასიკეთოდ მოტრიალდეს, თუ გაცნობიერდება შეცდომები. ეს მომენტი არათუ საქართველომ, ვერც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა გააცნობიერეს. მათ უნდოდათ, რომ დაპირისპირებოდნენ რუსეთს და ამით გამხდარიყვნენ მნიშვნელოვნები, მაგრამ, როგორც კი ამერიკამ გადატვირთვა დაიწყო რუსეთთან, ისინი, ესტონეთით დაწყებული, ქუჩაში დარჩნენ.

– ესტონეთი ევროკავშირშია, ქუჩაში მე და თქვენ უფრო ვართ. არა?

– მათ იმედი ჰქონდათ, რომ საკვანძო როლებს მიიღებდნენ და ამის გამო დამატებით ფინანსებს ელოდნენ. სინამდვილეში კი, ცხოვრებამ დაგვანახვა, რომ დაგვიანებული ტენდენცია იყო რუსეთთან დაპირისპირება და ყველა „დაიწვა“. საქართველოც ამ პროცესში მოხვდა და ამაში ცუდი არაფერია. უნდა გაიგოთ, რომ რეალურად რუსეთის პრობლემა არ არსებობს. რუსეთმა დაკარგა ინტერესი საქართველოსადმი. პირადად მე, მომწონს სომხურ-ქართული მოსალოდნელი ალიანსი.

– რეგიონში სომხეთი რუსეთის მოკავშირეა, თურქეთი – აზერბაიჯანის. საქართველო მარტო რჩება, რეგიონული მოკავშირის გარეშე.

– საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ორი მიმართულებით ითამაშოს, რომ არ გაიმეოროს ის, რაც 2008 წელს მოხდა. „მოჟნო იგრატ ლოვკო“.

– შემდეგ ნაბიჯებად რას ელით?

– მე მომწონს, რომ ჩვენთან თქვენი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჩამოვიდა. მეტიც, უნდა გავაფორმოთ ხელშეკრულება სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. უფრო სერიოზული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ გაცილებით სოლიდურ პოზაში ილაპარაკოთ და არა ისე, როგორც დღეს აზერბაიჯანი გელაპარაკებათ, ორ კილოგრამ გაზს მოგცემთო.

– არ არის საჭირო დაკნინება, ძალიან ხელსაყრელ ფასად გვაძლევს აზერბაიჯანი გაზს.

– უფრო კარგ ფასად მოგცემთ, როგორც კი სამხედრო ხელშეკრულებას დადებთ სომხეთთან. არ მინდა, ჭკუა დაგარიგოთ, მაგრამ სწრაფად უნდა გამოხვიდეთ 2008 წლის სინდრომისგან და ნახოთ, საით მიდის სამყარო. აქედან გამომდინარე კი განსაზღვროს, სად ურჩევნია საქართველოს: თურქეთთან თუ სომხეთთან. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სერიოზულ თემებზე ლაპარაკის. შესაძლოა, კახეთში ჩატარდეს ქართულ-სომხური ერთობლივი სამხედრო წვრთნები, შემდეგ სომხეთში ჩავატაროთ.

– ძალიან კომიკური ვითარება შეიქმნება, არა?! ქართველი სამხედროები წვრთნებს ჩაატარებენ რუსეთის მოკავშირე სომხეთში, როდესაც რუსეთის ჯარს აქვს გეგმა, როგორ დაესხას თავს თბილისს სომხეთში დისლოცირებული სამხედრო ბაზიდან?

– ამაზე იგება პოლიტიკა.

– რამე ხომ არ იცით? მზადდება ასეთი ერთობლივი წვრთნების ჩატარება?

– არაფერი ვიცი, მაგრამ გთავაზობთ.

– ესე იგი, ჯერ კახეთში ჩავატაროთ ქართულ-სომხური წვრთნები და შემდეგ ქართლში – ქართულ-აზერბაიჯანული? რა მხიარული სცენარია.

– რა თქმა უნდა, თუ აზერბაიჯანის არ გეშინიათ.

– თუ სომხეთის არ გვეშინია, აზერბაიჯანის რატომღა უნდა შეგვეშინდეს?

– ეს იქნება ტოლერანტობის დემონსტრირება. სტერეოტიპული სქემებით შორს ვერ წავალთ. თუმცა მიხეილ სააკაშვილმა გადადგა პირველი ნაბიჯი ამ სქემების დასამსხვრევად.


скачать dle 11.3