კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

როგორ უშველა კიევში ჩასულ შორენა ბეგაშვილს ნიკოლას ქეიჯმა და რატომ “იჟეშტებიან„ მისი მეტოქე მამაკაცები

მსახიობი შორენა ბეგაშვილი ძალიან კომუნიკაბელური და თბილი ადამიანია. მას უამრავი სასაცილო ამბავი გადახდენია თავს და ამის გახსენებაზე ახლაც გულიანად იცინის. შორენამ უცხოელი მამაკაცებიც გადარია თავისი მომხიბვლელობით, სპილოზე ამხედრებულმაც იჯირითა და არაერთხელ მოუხდა „მარშუტკის“ მძღოლებისთვის ბოდიშის მოხდა, უფულოდ მგზავრობის გამო. თუმცა, ამაზე, ჯობია, თავად შორენას მოვუსმინოთ და მისგან შევიტყოთ თავს გადახდენილი სასაცილო ამბები.



შორენა ბეგაშვილი: არ ვიცი, რატომ, მაგრამ ძალიან ხშირად ვხვდები კურიოზულ სიტუაციებში და მერე თავის დაძვრენას სიცილისა და იუმორის წყალობით ვახერხებ. სულ ალიაქოთში, გადარბენებზე ვარ, მეჩქარება ხოლმე და ამ სიჩქარეში ხშირად მავიწყდება საფულე. უფრო სწორად, მიყვარს ჩანთების ცვლა და ნივთების გადალაგებისას საფულე ხშირად მრჩება. იმდენად უხერხულ და ცუდ სიტუაციაში ჩავვარდნილვარ ამის გამო, ვერ წარმოიდგენთ. ერთხელ, რუსთავში ვიყავი დედაჩემთან. ჩემს მეგობარს გავუცვალე ჩანთა წამოსვლის წინ. მოკლედ, გადაპრანჭული ვარ, ჩავჯექი „მარშუტკაში“ და თბილისს რომ მოვუახლოვდით, აღმოვაჩინე, რომ საფულე დამრჩა. შემრცხვა, მაგრამ რაღას ვიზამდი? მძღოლს ვთხოვე, გეხვეწები, დამიმახსოვრე-მეთქი. გადაირია, ეს გოგო რას მეუბნება, რა უნდა ჩემგანო (იცინის). არადა, დამახსოვრება იმიტომ მინდოდა, რომ ფული მიმეტანა მერე. მეორე დღესვე გამოვართვი ჩემს მეგობარს მანქანა, ჩავედი რუსთავში და ჩავუტანე იმ მძღოლს ლარიანი. რა ვქნა, ასე ორმაგი ფასი მიჯდება ჩემი დაუდევრობა.

– შორენა, დაქალებთან დალევა „მოსულა“?

– დროის დეფიციტის გამო, მეგობრებთან ხშირად შეხვედრებს ვეღარ ვახერხებ. თუმცა, რაც შეეხება დაქალებთან ერთად დალევას, ჯერ გატიალებული მთვრალი არავის ვუნახავვარ (იცინის). თუმცა, ერთხელ, ახალ წელს, შევიკრიბეთ გოგონები და დავლიეთ საშინელი „ამარეტო“. მაგრად დავთვერით, ჩავედით ეზოში საგუნდაოდ, გვეგონა შევირგეთ სასმელი, მაგრამ... მეორე დღეს ისეთმა გავიღვიძე, მივხვდი, ამდენი აღარ უნდა დამელია აღარასოდეს. ეს დღე კარგი მაგალითი იყო. საშინელ ადამიანად მაქცია სასმელმა და არ მაქვს სურვილი, ასეთი სხვებმაც მნახონ. ამიტომ, ვცდილობ, სასმელს მოვერიდო ან ზომას არ გადავაჭარბო.

– ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავს და ცდილობენ, ორიგინალური მეთოდებითა თუ ხერხებით დაიპყრონ შენი გული. ხომ არ ვცდები?

– არ ცდები, მაგრამ ორიგინალურობასაც ხომ გააჩნია? ის, რომ „რაფაელოს“ ყუთი დაგხვდება კარებთან ან ყვავილები, გასაგებია, მაგრამ ფეხბურთის ნახმარი ბურთები?! მეოთხე სართულზე ვცხოვრობ და მხვდება ყოველდღე აივანზე, ფეხბურთის გაცქვნეფილი, დაძონძილი, ნახმარი ბურთები. ისიც კი არ ვიცი, ვერ ვხვდები, ვინ შეიძლება იყოს.

– მეოთხე სართულზე როგორ ამოაქვს ეს ბურთები? ან, იქნებ, ფეხბურთელია?

– ფეხბურთელია თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, ეტყობა, ისვრის მეოთხე სართულზე და, მადლობა ღმერთს, რომ ფანჯრებს არ მიმტვრევს. თან, ხომ წარმოგიდგენიათ, სახლში რომ ვიყო და ბურთი ფანჯარას მოხვდეს, ხომ გადავირიე შიშით? საღამოს სახლში რომ ვბრუნდები, ბურთი აივანზე მხვდება. მაგალითად, წინა კვირას ოთხი დიდი და ერთი პატარა ბურთი დამხვდა აივანზე. ბიჭი რომ მყავდეს, კი ითამაშებდა, მაგრამ გოგონა მყავს. იმ ვიღაცას, მგონი, ბურთები რომ მობეზრდება, ერთ დღესაც ფეხბურთელის დიდი ზომის მაისური დამხვდება გაშლილი აივანზე.

– ახლახან ინდოეთში იყავი. ალბათ ინდოელი მამაკაცებიც მოხიბლე შენი გარეგნობით. ამბობენ, შორენას ყველა უღიმოდა ქუჩაშიო. ასე იყო?

– მართალია, ახლახან მე და ქეთა ლორთქიფანიძე ინდოეთში ვიყავით. ძალიან ბევრი მაღაზია მოვიარეთ, ფული დავხარჯეთ და, ძვირფასი სამკაულის მაღაზიაში რომ შევედით, მერე დაგვწყდა გული, ასეთ სისულელეებში და უაზრობებში რომ გადავყარეთ თანხა. ვათვალიერებთ, ყველაფერი გვინდა, ყველაფერი მოგვწონს და არ ვიცით, რა ვქნათ. ბოლოს და ბოლოს, ამოვარჩიე „სვაროვსკისთვლიანი“, ნაზი კოლიე, თავისი საყურითა და ბეჭდით, ქეთამ კი – დიდი ლამაზი ბეჭედი. მოკლედ, გადავწყვიტეთ, ესენი ვიყიდოთ, არადა, ფულიც აღარ გვრჩება. მივედით გამყიდველ ბიჭთან, ქართულად ვაცოდებთ თავს, ვწუწუნებთ. ახლა ამაზე ფასი რომ არ დაგვიკლო, საცოდაობა არ არის, როგორ გვინდა, რა ვქნათ და ასე შემდეგ... თან ხელში გვაქვს ჩაბღაუჯებული ის ნივთები. ამ დროს, გავიხედეთ, მაღაზიაში შემოვიდა რუსი ცოლ-ქმარი. კაცი ძალიან სიმპათიური იყო, ცოლი კი... წარმოიდგინეთ ყვითელთმიანი, „ცისფერ წენებიანი“, კეკელკა და ქვაზე დახატული ეშმაკი. დასხდნენ, დაუდო ამ ქმარმა კატალოგი და ეუბნება, რაც გინდა, ამოარჩიეო. ეს ქალიც ჭკუაზე არ არის. მე და ქეთა გავსკდით გულზე. ჩვენ დაგვიკელიო, ვწუწუნებთ და ეს რუსის ქალი კიდევ ზის სავარძელში და კატალოგიდან ირჩევს სამკაულს. დავიბოღმეთ, მაგრამ როგორ დავიბოღმეთ. იმ გამყიდველმაც კი შეგვამჩნია. მოგვიახლოვდა და გვითხრა, არ წახვიდეთ, ამათ გავაცილებ, და მერე მოგხედავთ თქვენო. ბოლოს, იმდენად დაბალ ფასში მოგვცა ეს სამკაულები, რომ თავად გავოცდით. ამ დღის შემდეგ, ინდოელი მამაკაცების ფანი ვარ. (იცინის). იმ წუთას რომ დაგენახათ ჩვენი სახეები, გასკდებოდით სიცილით.

– ქუჩაში თვალს არ გაყოლებდნენ?

– როგორ არა. ქუჩაში რომ მივდიოდი, კი არ მიყურებდნენ, გადამეტებულ მზერას მაყოლებდნენ. ქეთას ვეუბნებოდი, დავიჯერო, აქაც უყურებენ „კაბარეს“-მეთქი? (იცინის), მეც ვუღიმოდი, მეგონა, მოვწონდი ყველას, ყველა ქართველი მსახიობის ფანი იყო და... აღმოჩნდა, რომ სხვაში ვეშლებოდი.

– ვისში ეშლებოდი?

– ერთ დღეს ინდოელმა ქალმა მოგვიტანა გაზეთი, გამიღიმა და მითხრა: ეს ხომ თქვენ ხართო. დავხედე გაზეთში სურათს და გავოგნდი. იმდენად მგავდა „მის ინდოეთი“, თავად დავფიქრდი, ეს ხომ არ ვარ და არ ვიცი-მეთქი (იცინის). ყველა ნაკვთი ჩემნაირი ჰქონდა. ასე რომ, იქაც აღმომაჩნდა ორეული.

– კონკურს „ცხელ კალენდარში“ იღებდი მონაწილეობას და, როგორც ვიცი, იქაც ვერ ასცდი კურიოზულ სიტუაციას. იქნებ ესეც გაიხსენო?

– კონკურსი ბათუმში ტარდებოდა. გოგონები უნდა გამოვსულიყავით საცურაო კოსტიუმებით. მე გასტროლებზე ვიყავი თეატრიდან და ქუთაისიდან მომიწია ბათუმში ჩასვლა. ჩემი ერთი ჩემოდანი თბილისში გავატანე და აღმოჩნდა, რომ სწორედ იმაში იდო ჩემი საცურაო კოსტიუმის ქვედა ნაწილი. რა უნდა მექნა? კონკურსზე რომ გამოვედით, ყველას ღია საცურაო კოსტიუმი ეცვა, მე კი ზემოთ „კუპალნიკის“ ნაწილი და ქვემოთ – „იუბკა“. (იცინის). ამ ჩემი დატვირთული გრაფიკისა და აქეთ-იქით გაწამაწია სიარულის გამო ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი. მაგრამ, მაინც გავიმარჯვე და გავხდი „მის სექტემბერი“.

– სპორტული მანქანით დადიოდი და არაერთხელ დაგინახეს, როგორ „ეგონკავებოდი“ მამაკაც მძღოლებს. როგორი იყო მათთან შერკინება?

– ძირითადად, თვითონ მიწვევდნენ, რომ „მეგონკავა“. ეტყობა, ძალიან მოსწონდათ გოგონასთან „გონკაობა“ (იცინის). ერთხელ, მეჩქარებოდა, საქმეზე მივდიოდი. ბიჭებით სავსე მანქანამ დამიწყო „გონკაობა“. რადგან მაგვიანდებოდა, აღარ დავუთმე გზა. ეტყობა, იმას ეგონა, ავყევი „გონკებში“. გავიხედე და, უცბად, მაგარი დარტყმის ხმაა – პირდაპირ სამარშრუტო ტაქსის არ შეეჯახა ცხვირით?! ვიფიქრე, ბიჭი მე „მეგონკავებოდა“, მოვატრიალებ მანქანას, ვნახავ, რამე ხომ არ მოუვიდათ-მეთქი, მაგრამ ისე გავიჭედე, რომ ვეღარ მოვაბრუნე მანქანა და ვერც ის გავიგე როგორ დღეში ჩაცვივდნენ ჩემი მეტოქეები. აი, ასეთი „მეგონკავე“ ვარ (იცინის). ასე რომ, ჩემთან შეჯიბრს არ გირჩევთ. კი შემეცოდა, რომ „აიჟეშტა“ ის ტიპი, მაგრამ, რა მექნა, ჩემი ბრალი ნამდვილად არ იყო. არ ღირს ჩემთან მეტოქეობა, როცა საქმეზე მეჩქარება და რა ვქნა....

– სადმე თუ დაკარგულხარ?

– კიევში ვიყავი სარეკლამო რგოლის გადაღებაზე. ვიფიქრე, წავალ, მაღაზიებს მოვივლი-მეთქი. ბევრი ვიარე და აღმოჩნდა, რომ გზას ვეღარ ვიკვლევ უკან. რუსული კი ვიცი, მაგრამ მისამართი არ მახსოვდა, სადაც დაბინავებული ვიყავით. უცბად გამახსენდა, რომ ფოტოაპარატში მქონდა გადაღებული იმ ქუჩის ხედი – ფანჯრიდან გადავიღე ნიკოლას ქეიჯის დიდი პლაკატი, რომელიც იმ სახლის წინ იყო გამოფენილი. „დავაძრე“ აპარატი და გამვლელ-გამოვლელს ვეკითხებოდი, ეს სად არის გაკრული-მეთქი. ზოგს გიჟი ვეგონე, რა გინდა, რა პლაკატი, რის ქეიჯიო (იცინის). ბოლოს ერთმა ღვთისნიერმა მითხრა, სადაც უნდა წავსულიყავი. ვშაყირობ ხოლმე, ნიკოლას ქეიჯი რომ არა, ხომ დავიკარგებოდი ამხელა კიევში-მეთქი.

– საკუთარმა ძაღლმა მართლა დაგტოვა ფეხშიშველი, თუ ამ ისტორიას მეგობრები გიგონებენ?

– არ მიგონებენ, მართლა შემიჭამა ჩემი საყვარელი, ახალი ფეხსაცმელები. მოკლედ, ვიყიდე ის ყავისფერი ფეხსაცმელი, რომელიც ძალიან გულით მინდოდა და ვერ წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერი ვიყავი. სახლში ძაღლი მყავდა, უსაყვარლესი როტვეილერი და ოთახში ვკეტავდით, როცა სადმე მივდიოდით, რამე რომ არ გაეფუჭებინა. იმ დღეს დაგვავიწყდა ჩაკეტვა და სახლში რომ დავბრუნდი, ისე იყო განადგურებული ჩემი „ბაჩიები“, კინაღამ ჭკუიდან გადავედი. დამდგარა და გემრიელად არ შეუხრამუნებია?! ამას ვაპატიებდი? დავსაჯე და სოფელში ვუკარი თავი. ახლა სოფლელი ძაღლი ბრძანდება, ქალაქელობა ვერ შეიშნოვა და თავის თავს დააბრალოს. (იცინის).

ნონა დათეშიძე

скачать dle 11.3