კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გააშორა სოფო ხალვაში ქმარს და როგორ იბრძოლა სიყვარულისთვის ლაშა ხარაზიშვილმა



ჟურნალისტ ლაშა ხარაზიშვილს არ გასჭირვებია კითხვები დაესვა, ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მომღერლისთვის, სოფო ხალვაშისთვის და ზოგიერთი ნიუანსი გაერკვია მისი ცხოვრებიდან. თუმცა, არც ლაშას პირადი ცხოვრებაა ინტერესმოკლებული. ტელევიზორში „ჯეოსტარის“ პრომოებმა კი, დასაწყისში საუბარი კონკურსებისკენ წაიყვანა.



ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ლაშა ხარაზიშვილი





– რამდენადაც მახსოვს, შენი კარიერა კონკურსით დაიწყო. როგორ ფიქრობ, განაპირობებს კონკურსში წარმატება-წარუმატებლობა მომღერლის ბედს? თუ არ გაგიმართლა, ხომ შეიძლება, საერთოდ დაყარო ფარ-ხმალი და აღარ ირწმუნო შენი ნიჭიერება?

– იცი, გააჩნია ადამიანს, მის პოზიციას, მის სიძლიერეს. კონკურსები სერიოზულად ეხმარება დამწყებ მომღერალს საკუთარი თავის წარმოჩენაში. მაშინ, როდესაც არავინ გიცნობს, არ გაქვს კავშირები, იმხელა ფინანსები, რომ სიმღერები ჩაწერო და სცენაზე დადგე, კონკურსი მართლაც არაჩვეულებრივი საშუალებაა, სადაც შენზე სულ პროფესიონალები ზრუნავენ. ამიტომ, დიდად დარდი და ფიქრი, მოვიგებ თუ არაო, არ არის საჭირო. როდესაც უბრალოდ მონაწილეობ, შენ გხედავენ, გაფასებენ, სიმპათიით იმსჭვალებიან. შენ შენს ნიჭს ავლენ და თან კოლოსალურ ცოდნასა და გამოცდილებას იძენ.

– მიუხედავად იმისა, რომ კონკურსანტებს ბუნებრივი ნიჭი აქვთ, კონკურსის შემდეგ მაინც სხვანაირად იხვეწებიან.

– ასეა. ნიჭს სწორად წარმართვა სჭირდება. ზოგადად კონკურსზე და კონცერტზე გასვლა აბსოლუტურად სხვადასხვა რამაა. ბოლოს ვამბობდი, რომ ყველანაირი კონკურსი მეზიზღება და არასდროს არ მივიღებ მონაწილეობას-მეთქი, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ის საკონკურსო ციებ-ცხელება მომწონს, რაღაც სხვა ეშხი აქვს ამ ყველაფერს. შურის მომენტი კი არ არის ამ დროს, პირიქით, ჯანმრთელ კონკურენციას გრძნობ; სულ აკვირდები და ფიქრობ, რას გააკეთებენ, როგორ. შესაბამისად, შენც გინდა, სულ უკეთესი და უკეთესი იყო, შეჯიბრების მომენტია. უფრო მეტს სწავლობ სხვებისგანაც და საკუთარ თავშიც ახალ აღმოჩენებს აკეთებ: „აი, ესეც შემძლებია“!.. კონკურსს ძალიან ბევრი ვერ უძლებს.

– რატომ? სულ მაინტერესებს. ქართული კონკურსები ხომ არ ჰგავს „მის ამერიკის“ კონკურსს, ერთმანეთს ფეხს რომ უდებენ პოდიუმზე და ჩუმად თმას აჭრიან?! (იცინიან).

– არა, რა თქმა უნდა. ქართული ხასიათია, რომ კონკურსებზე ასეთი რამ არ ხდება, ყველა ერთმანეთის გვერდით დგას. ეს დიდი წნეხი, სერიოზული სტრესი და სანერვიულო იმიტომაა, რომ გადიხარ სცენაზე და იცი, უნდა შეგაფასონ. ამ დროს ვერ აგიწერ, რა ხდება შიგნით. ხვდები, რომ ამ შენი ერთი ნამღერით ან გამოეთიშები კონკურსს და ეს ძალიან არ გინდა, ან დარჩები. ვერ იღებ სიამოვნებას, ყველაფერზე ფიქრობ: საკუთარ თავზეც, სხვებზეც, მეგობრებზეც, დარჩები თუ არა, როგორ შეგაფასებენ. წამში უამრავი აზრი მოგდის თავში და ცუდად ხარ. კონცერტზე კი, უბრალოდ, დგახარ სცენაზე, მღერი და, ამით უდიდეს სიამოვნებას იღებ.

– შენთვის რა ეტაპი იყო შენი პირველი კონკურსი?

– „ნუცას სკოლა“?! ქრონიკულად ვნერვიულობდი. ძალიან პატარა და შეშინებული ვიყავი. (იცინის) ახლანდელი გადასახედიდან, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე იქ. ძალიან მორიდებულად ვიდექი ხოლმე და ვმღეროდი. არა, ახლაც არ ვარ თავხედი, მაგრამ იმ პერიოდთან შედარებით აშკარად მომემატა თავდაჯერებულობა. დროს თავისი რაღაცეები მოაქვს.

– მომღერლობა იყო ის, რაზეც თავიდანვე ოცნებობდი? როგორ წარმოგედგინა შენი მომავალი?

– იცი, როგორი ოცნება მქონდა? საკმარისი იყო, თვალები დამეხუჭა და ყოველთვის უზარმაზარ სცენაზე ვჩნდებოდი, ძალიან ბევრი შუქი იყო, და დარბაზი კი – ხალხით სავსე. იმედია, ამ ოცნებას რეალობაშიც დავინახავ, ანუ, ჩემი ბავშვური ოცნებების ახდენისკენ მივდივარ.

– ეს უფრო გამართლება იყო თუ შრომის ლოგიკური შედეგი?

– ალბათ, ორივე ერთად. გამართლება იმაში მდგომარეობს, რომ ზუსტად იმ ადგილას მოხვდე, სადაც საჭირო ხარ, მაგრამ, თუ მოხვდი და მერე ძალიან ბევრი არ იშრომე, არაფერი გამოვა. ანუ, ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული.

– ისე, არ ფიქრობ, კიდევ მიიღო მონაწილეობა კონკურსში?

– არა. ისე, კატეგორიულად აღარაფერს ვამბობ ხოლმე, რადგან, რაზეც ვიტყვი – „არა“, ზუსტად ის მემართება.

– ამ ბოლო დროს სერიოზული გამოცოცხლებაა კონცერტების მხრივ. საინფორმაციოში სულ არის რამე ნიუსი კონცერტის ან რაღაც ღონისძიების შესახებ.

– არის პერიოდი, როდესაც ყოველ მეორე დღეს რამე კონცერტია, სულ ამბავია. მაგრამ, ისეთი პერიოდებიც არის, საერთოდ რომ არაფერი ხდება, სულ არ გაქვს საქმე. მაგრამ ეს მდგომარეობაც ძალიან მომწონს, რადგან სახლში ვარ, ბავშვთან, მისი მოვლით დაკავებული. ერთმანეთს ავსებს ჩემი საქმე და პირადი ცხოვრება. სულ რომ კონცერტები და ტურნეები იყოს, მაინც, ვფიქრობ, რჩება საკმარისი დრო ოჯახისთვის. სიმღერის დროს კი ყოველთვის გამონახავ.

– რამხელაა შენი გოგონა?

– წლის და რვა თვისაა, ჯერ ვერ დაიწყო ტიკტიკი და ამაზე ძალიან ნერვიულობს, ხელებით და ფეხებით ცდილობს, რაღაც გაგვაგებინოს და გამოსდის კიდეც.

– ზაფხული როგორ გაატარე?

– მთელი ზაფხული ჩემს საყვარელ ქალაქში, ბათუმში გავატარე, სადაც დავიბადე და, არ არსებობს ზაფხული, იქ რომ არ ჩავიდე. რაც უნდა დატვირთული ზაფხული იყოს, ცოტა ხნით მაინც ვახერხებ ხოლმე ჩასვლას, ახლა თვე-ნახევარი ვიყავი იქ და, რასაც ჰქვია, მართლა დავისვენე. არც უამინდობა მანერვიულებდა და არც არაფერი. თან ჩემს სახლში როცა ვარ, სულ რომ ერთი კვირა წვიმდეს, არ მაწუხებს.

– საერთოდ, რა მოგონებები გაკავშირებს შენს ქალაქთან?

– საუკეთესო მოგონებები – ჩემი ბავშვობა, ყველაფერი კარგი. თან, ყველა მეგობარი ბათუმიდან მყავს. სულ ვამბობ, ამით ძალიან მდიდარი ვარ-მეთქი, რადგან, სამი წლიდან მოყოლებული ვისთან ერთადაც ვიზრდებოდი, ახლაც იგივე მეგობრები არიან ჩემ გვერდით, დღემდე ერთად ვართ.

– ამბობენ, ვინც ბავშვობის მეგობრების შენარჩუნებას ახერხებს ის კარგი ადამიანიაო.

– არ ვიცი, კარგი ვარ თუ არა, უბრალოდ, ყველა ერთად ვცდილობთ, რომ ერთმანეთს არ ვაწყენინოთ, ერთმანეთის გვერდით ვიყოთ და მგონი, გამოგვდის.

– ესე იგი, ვარსკვლავური დაავადება არ შეგყრია.

– უი, რას ამბობ?! ალბათ, თავს მოვიკლავ ეგეთი საშინელება რომ დამემართოს. ჩვენს სამეგობროში, იცი, როგორი სიტუაციაა? სანამ ერთი იტყვის რამეს, უკვე წინასწარ ვიცით, რაც უნდა თქვას – ასეთი რაღაცეები გვჭირს. იმდენად კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, რომ ზედმეტი სიტყვები აღარ არის საჭირო.

– შენი აზრით, რატომ ემართებათ ადამიანებს ეს ვარსკვლავური ამბიციები?

– არ ვიცი, მართლა ამოუხსნელია ჩემთვის. ვერ ვიტყვი, რა არის იმის მიზეზი, რომ უცებ აწიო ცხვირი. სულ ვამბობ ხოლმე, როგორც კი აწევ ცხვირს, მაშინვე დაენარცხები. მინახავს ასეთი ადამიანები და ვიცი. თან, ეს არ არის პროფესიული ანუ ცნობილ ადამიანებს ემართებათ-მეთქი, ვერ ვიტყვი. ადამიანი ასეთი ან ხარ ან – არა. შეიძლება, სკოლის მოსწავლე იყოს და უცებ ასეთი უბედურება დაემართოს. ოჯახი, გარემო ქმნის ალბათ ამ ყველაფერს.

– ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხალხისთვის საყვარელი მომღერალი ხარ, მაგრამ შენს გარშემო ცოტაა ჭორი თუ სკანდალი. როგორ გგონია რისი ბრალია ეს?

– დაგეთანხმები, რომ სკანდალები ჩემ გარშემო ცოტაა, მაგრამ ჭორი, როგორც ასეთი, ძალიან ბევრი გამიგია. ჭორების ძირითადი ნაწილი ჩემს საქმეზე მოდის: (იცინიან) „სოფო აღარ მღერის, სოფომ კონცერტზე უარი თქვა“. მაგრამ პირად ცხოვრებაზეც ამბობენ რაღაცეებს. ჩემს მეუღლეს არ უყვარს გამოჩენა, ყურადღების ცენტრში ყოფნა, ჟურნალისტებს და ფოტოკამერებს ხშირად თავს არიდებს. ალბათ, ამის გამო ამბობენ: „სოფო ქმარს გაშორდა, ძალიან ცუდი ქმარი ჰყოლია, ნარკომანი ყოფილა და სოფო დაშორდა... არსად არ უშვებს“... სულ მაშორებენ და, რატომ, არ ვიცი (იცინიან).

– ამაზე როგორი რეაქციები გაქვს?

– შეჩვეული ვარ. ჩემი მეუღლეც ისეთ ოჯახში გაიზარდა, რომელიც ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო და, ისიც, ასე თუ ისე, მიჩვეულია ყურადღებას. იცის, რა მოჰყვება ხოლმე ცნობილობას.

– ფეხბურთში ერკვევი?

– არა, (იცინიან), აბსოლუტურად ვერ ვერკვევი.

– მეც სულ ცოტა ხნის წინ შემეძინა შვილი და ეს, ალბათ, ყველაზე დიდი სასწაულია. როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია ცოლ-ქმრის ურთიერთობაში შვილი?

– ცხოვრებაში ყველაფერს თავისი ეტაპი აქვს. ახალდაქორწინებული უფრო ეიფორიაში ხარ. სიყვარული ყველა ეტაპზე სხვადასხვანაირია და, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ღრმად გიყვარს. ამასაც, რა თქმა უნდა, შვილი აღრმავებს და სერიოზულად კრავს ცოლ-ქმარს შორის კავშირს. ის სულ სხვა სიყვარულია, ენით გამოუთქმელი. ვერასდროს ვერ ავხსნი ამ გრძნობას. ვერც წარმომედგინა რა იყო, მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ვისაც არ ჰყავს შვილი ან, თავს იკავებს გაჩენისგან: სასწრაფოდ გააჩინეთ შვილები!

– შენი მეორე შვილი სად არის?

(იცინიან) ალბათ, მალე იქნება.





ინტერვიუ 2. ჟურნალისტია სოფო ხალვაში





– საიდან დაიწყო შენი სატელევიზიო კარიერა – პირდაპირ ტელევიზიით თუ პრესით?

– ტელევიზიით. თუ გახსოვს, იყო ტელეკომპანია „იბერია“, სადაც მეორე კურსის სტუდენტმა დავიწყე მუშაობა. ჯერ დილის გადაცემას ვაკეთებდით, რომელიც საბოლოოდ ეთერში აღარ გავიდა და მერე სპორტულ რედაქციაში გადავედი, სადაც სპორტული გადაცემა მიმყავდა.

– ესე იგი, სპორტი გიყვარს?

– შემიყვარდა (იცინიან). რაზეც მუშაობ, ის ძალაუნებურად გიყვარდება. ის გადაცემა პირდაპირ ეთერში არ იყო. პირდაპირ ეთერში დილის „ალიონი“ მიმყავდა – ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება. „ალიონში“ ცოტა ხანს პრესის მიმოხილვასაც ვაკეთებდი.

– რას ნიშნავს – იყო საინფორმაციოს წამყვანი?

– ამ დროს უფრო ჩარჩოებში ხარ მოქცეული. აბსოლუტურად განსხვავდება სხვა გადაცემების წაყვანისგან, აქ უფრო მეტი პასუხისმგებლობაც გაკისრია, სერიოზულ ნიუსებზე მუშაობ და შენც უფრო სერიოზული, დამჯდარი, დაღვინებული იერი უნდა გქონდეს. უცხოეთში საინფორმაციოს წამყვანები უფრო ხანდაზმულები არიან, რათა მეტი დამაჯერებლობა ჰქონდეთო, მაგრამ ჩვენთან თვითონ ტელევიზიაც იმდენად ახალგაზრდაა, რომ სხვა გზა არ იყო. ისე, მეც გამიჩნდა ეგ შეკითხვა, როდესაც ზაზა შენგელიამ „ალიონიდან“ საინფორმაციოში გადამიყვანა. კი ბატონო, მინდა, ეს საინტერესოა, ახალია, მაგრამ ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი ამ პოზიციაზე-მეთქი. ნდობის მომენტი მაყურებელში ასაკოვან ადამიანთან მეტია, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში სხვა გზა არ იყო. ყველა და ყველაფერი ახალგაზრდაა.

– თანაც, უფრო პატარას ჰგავხარ, ვიდრე ხარ.

– ასეა. ეკრანზე, გრიმითა და განათებით, პირიქით, მეუბნებიან უფრო დიდს ჰგავხარო (იცინიან) ბებერი, საბედნიეროდ, არავის ვგონივარ, მაგრამ, რეალურად, ცხოვრებაში, მთლად პატარა ბიჭი ვარ, გენაცვალე (იცინიან)!

– გიწევს ეკრანზე თამაში?

– არა. მსახიობური თამაში, პირიქით, ეკრანზე ძალიან სასაცილო ჩანს. სახე უნდა შექმნა ისეთი, რომელიც მაყურებლისთვის მისაღები იქნება. ამბის გადმოცემამ უნდა დააკმაყოფილოს მსმენელი.

– როგორ ფიქრობ დამაჯერებელი ხარ?

– არ ვიცი, სხვისი თვალით როგორ ჩანს, მაგრამ, რადგან ამ ადგილზე ვმუშაობ, მაძლევენ იმის საშუალებას, რომ არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება წავიყვანო, ეს ნიშნავს, რომ ჩემ მიერ გადმოცემული ამბავი საინტერესოა და კარგად მიდის მაყურებლამდე.

– რამდენადაც ვიცი, სხვა ადგილზეც მუშაობ. როგორ ახერხებ დროის განაწილებას?

– დიახ, პარალელურად რადიოში ვმუშაობ. ერთი დღე ტელევიზიაში, მეორე – რადიოში. ანუ კვირის ყოველი დღე ძალიან სავსეა. ისე, რადიოში უფრო შეზღუდული ვარ დროის მხრივ, რადგან მთელი დღის განმავლობაში იქ ვარ. აი, კვირა კი უკვე „გულაობის“ დღეა.

– (იცინიან) როგორ „გულაობ“?

– არა, არ „ვგულაობ“! კვირა თავის მხრივ არის ძალიან დატვირთული. იმდენი რამ გროვდება ხოლმე კვირის განმავლობაში, რომ კვირას ჩემს პირად და ოჯახის საქმეებს ვაგვარებ, მეგობრებს ვნახულობ, ყველაფერი ერთად არის ხოლმე გასაკეთებელი. კვირას უფრო ვიღლები, მაგრამ ეს გაცილებით სასიამოვნო დაღლაა. მრავალფეროვანი რაღაცეები ხდება.

– ცდილობ, რომ მრავალფეროვანი ცხოვრება გქონდეს, როგორც შენ, ისე შენს ოჯახს?

– მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩემი ცხოვრება არ იყოს სტანდარტული და ერთფეროვანი. მით უმეტეს, ამას ჩემი ოჯახის წევრებისთვის ისე ვაკეთებ, როგორც საშუალება მეძლევა. ხანდახან რაღაცას დავგეგმავ და არ გამოდის, ხანდახან – პირიქით.

– როგორი მეუღლე და მამა ხარ?

– ამაზე, ალბათ, ცოტა მერე უნდა ვილაპარაკოთ. ხომ იცი, დრო აჩვენებს ყველაფერს, თავიდან, ალბათ, ყველა კარგია (იცინიან). ისე, ამბობენ, რომ კარგი ბიჭი ვარ.

– მამაკაცის გადმოსახედიდან მაინტერესებს, როგორი უნდა იყოს ქალისთვის კარგი მეუღლე?

– მამაკაცი, ალბათ, მაინც სხვანაირად აღიქვამს ყველაფერს, სხვა აზრები აქვს. მაგრამ მთავარი, ალბათ, როგორც ქალისთვის, ისე კაცისთვის, სიყვარულია. ძალიან უნდა გიყვარდეს და მისგანაც საპასუხო სიყვარული უნდა დაიმსახურო შენი მამაკაცური თვისებებით, დამოკიდებულებით, ქცევით.

– შენ როგორ დაიმსახურე შენი ცოლის სიყვარული?

– გამიჭირდება ასე მოყოლა. საერთოდ, ცხოვრებაში ჰაერზე არაფერი მოდის და ყველაფრისთვის ბრძოლაა საჭირო. შესაბამისად, ადამიანისთვისაც, გრძნობისთვისაც და ურთიერთობისთვისაც უნდა იბრძოლო. შეიძლება, გმირობები არ ჩამიდენია, მაგრამ მართლა ბევრი რამ გავაკეთე. სანამ დავოჯახდებოდით, ძალიან ვცდილობდი, რომ ამ სიტუაციამდე მოვსულიყავი, ოჯახი შეგვექმნა.

– ფიქრობ, რომ იღბლიანი ხარ?

– მგონია, რომ ვარ იღბლიანი, რადგან ცხოვრებაში ბევრ რაღაცაში გამიმართლა, თუნდაც ჩემს პროფესიაში, კარიერაში, ოჯახში... შემიძლია, ვთქვა, რომ იღბლიან ვარსკვლავზე დავიბადე. არა, მხოლოდ იღბალიც არაფერ შუაშია, ცოტა შენც უნდა მიეხმარო.

– რომანტიკული ხარ?

– მელოდრამებს არ ვუყურებ, მაგრამ ზომიერად რომანტიკული ვარ. ვერც ცოლქმრობამ შეცვალა ჩემი ეს დამოკიდებულება ცხოვრებისადმი. სულ ვამბობ, რომ ცხოვრება მშვენიერია. ჩემთვის ის საინტერესოა მაშინ, როდესაც რომანტიზმიც არის, თავგადასავლებიც, ურთიერთობაშიც სულ სიახლეებია. არაფრით არ მგონია, რომ ოჯახის შექმნით რაღაც ეტაპი, თავის რომანტიზმთან ერთად, დამთავრდა. პირიქით, მერე უფრო ღვინდება ყველაფერი და უფრო ტკბილია.

– გეთანხმები.

– უბრალოდ, ყოველდღიურობაა. სულ ხომ არ ხარ კარგ ხასიათზე! ხან რაღაცის მიმართ უფრო ინდეფერენტული ხარ, ხან – პირიქით, უფრო მგრძნობიარე და ემოციური.

– ბავშვის აღზრდაში თუ იღებ მონაწილეობას?

– მაქსიმალურად. როდესაც მაქვს დრო და საშუალება, მეუღლეს ყველაფერში ვეხმარები. მივხვდი, რამხელა მისია აკისრიათ ქალებს, რასაც დედობა ჰქვია ეს ცალკე ფენომენია. მამაკაცმა უნდა ნახოს და გამოსცადოს, რამხელა შრომა უწევს ქალს, ამიტომ ყოველთვის გვერდში უნდა დაუდგეს თავის ცოლს, მეგობარს, ქალს, რომელიც უყვარს.

– როგორი დასვენება გიყვარს? როგორ იყენებ ხოლმე შვებულების ნანატრ დღეებს?

– ადამიანისთვის, რომელიც ტელევიზიაში მუშაობს, დასვენება ნამდვილი ნატვრაა. თან, ისეთი გრაფიკი გვაქვს, რომ ვიღაცის ხარჯზე ისვენებ, ვიღაცამ უნდა შეგცვალოს. თუ იმ მეორეს რაიმე პრობლემა გაუჩნდა, შეიძლება, უცებ სამსახურში დაბრუნება მოგიწიოს. მაგრამ, ასე თუ ისე, დასვენებას ვახერხებ ხოლმე. მირჩევნია მშვიდ ადგილას დასვენება, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. ორი წელია, ვერ დავისვენე და ამიტომ უკვე მომავალი ზაფხულისთვის ვაწყობ გეგმებს. აუცილებლად სადმე უცხოეთში გავემგზავრები, სადაც ბევრს წავიკითხავ, ვიცურავებ და, რასაც ჰქვია, დავისვენებ. ისე, თუ ოცნებაზე მიდგა საქმე, სიამოვნებით წავიდოდი კუბაში – მომწონს ეგზოტიკა.



სალომე გველესიანი


скачать dle 11.3