კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ექცევა ადამიანს ცოდვა ჩვევად და შეუძლია თუ არა მას, წინასწარ გაიგოს საკუთარი სასჯელი

ყოველმა ქრისტიანმა კარგად ვიცით, რომ ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა, ამიტომ შექმნისას, ადამიანს უცოდველი ბუნება ებოძა. თითოეული ადამიანი კი წინაპართაგან მემკვიდრეობით მიღებულ ცოდვას თავის საკუთარ ცოდვასაც უმატებს, რაც ხშირად კიდევ უფრო მეტ ცოდვას წარმოშობს და ეს კი ხშირად ადამიანში ნევროზით დაავადების მიზეზი ხდება. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი (თევდორაშვილი).

– ცოდვა – სულიერი კეთრია, ავადმყოფობა და წყლული, რომელმაც დააზიანა მთელი ადამიანური ბუნება, მისი სულიც და ხორციც. ცოდვამ დააზიანა სულის სამივე უნარი, ძალა: გონება, გრძნობა და ნებისყოფა. მაგრამ, შესაძლებელია, ცოდვით უფრო მეტად დაზიანდა ადამიანის გული – ცენტრი მისი განცდებისა, კეთილისა და ბოროტის, ნაღველისა და სიხარულის შეგრძნებებისა და გულმაც ქრისტიანულად ამაღლების შეგრძნების უნარი დაკარგა. მაგრამ, ასევე მძიმედ ზიანდება ადამიანის ნებისყოფა.

– როგორ ვითარდება ცოდვა ადამიანის სულში?

– ქრისტიანული ასკეტიზმისა და ღვთისმოსაობისთვის მოღვაწე წმიდა მამები ცოდვის სამ სტადიას – ხარისხს განსაზღვრავენ: პირველი მომენტი ცოდვისა არის ნდომა, როცა ადამიანის ცნობიერებაში მხოლოდ გამოისახება ესა თუ ის საცდური. თუკი პირველ მომენტში ადამიანი მტკიცედ და დაუყოვნებლივ უარყოფს ცოდვას, ის კი არ შესცოდავს, არამედ დაამარცხებს ცოდვას და ამ დროს ყველაზე ადვილია ცოდვის დაძლევა. თუკი ნდომა უარყოფილი და დაძლეული არ იქნება, ის გადადის გაურკვეველ მისწრაფებაში, შემდეგ კი – ცოდვის ჩადენის მკაფიო სურვილში. ამ დროს ადამიანი ცოდვისკენ მიდრეკას იწყებს, თუმცა, ამ შემთხვევაში, მას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეუძლია, არ აჰყვეს ცოდვის საცდურს და არ შესცოდოს, რაშიც მას საკუთარი სინდისი და ღმერთი დაეხმარება, თუკი მას მიმართავს. გაცილებით ძნელია ცოდვასთან ბრძოლა მაშინ, როცა ის ხშირი გარემოების გამო ადამიანს ჩვევად გადაექცევა. საერთოდ, ნებისმიერი ჩვევის შეძენის შემდეგ, ადამიანი ამ ჩვევად გადაქცეულ ქმედებას ძალზე იოლად სჩადის, თითქოს შეუმჩნევლად, თავისთავად. ამიტომაცაა, რომ მას ჩვევად ქცეული ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლა უჭირს, რამდენადაც მისთვის უკვე ძნელია არა მხოლოდ საკუთარი თავის დაძლევა, არამედ მოახლოებული ცოდვის შემჩნევაც. უმაღლესი ხარისხის ცოდვაა, როცა ის უკვე სრულებით იმონებს ადამიანს. არის ვნება ამა თუ იმ ცოდვისმიერი ტიპისა და ამ მდგომარეობაში მას უკვე აღარ შეუძლია, ეზიზღებოდეს საკუთარი თავი, როგორც მანკიერება და მთლიანად ემორჩილება მას თავის განცდაში, მოქმედებასა თუ განწყობაში. აქ უკვე ადამიანი პირდაპირ უღებს გულის კარს სატანას და მას ასეთ შემთხვევაში მას კურთხეული ეკლესიის გარეშე უკვე ვერაფერი უშველის.

– რისგან იღებს სათავეს ადამიანში წარმოშობილი საცდური?

– როცა ადამიანის წინაშე საცდური წარმოიშობა, ის ძირითადად სამი წყაროდან იღებს სათავეს: თავად ადამიანის სხეულიდან, წუთისოფლისგან და ეშმაკისგან. ადამიანის სხეული წარმოადგენს წყაროს ზნეობის საწინააღმდეგო მიდრეკილებისა და მისწრაფებისა. წინაპართა ცოდვა – ეს ჩვენი საერთო მიდრეკილებაა ცოდვისკენ. მემკვიდრეობითობა ჩვენს წინაპართა ცოდვებისგან და ჩვენი საკუთარი ცოდვები – ყველაფერი ეს გროვდება, ერთმანეთს აძლიერებს და ჩვენს სხეულში ქმნის საცდურს, ცოდვიან განწყობილებას. უფრო ხშირად ცოდვის წყაროდ ჩვენი გარემომცველი წუთისოფელი გვევლინება, რომელიც, იოანე მოციქულის სიტყვით, „ბოროტებაშია ჩაფლული“, რომელთან მეგობრობაც, მეორე მოციქულის აზრით, ღმერთთან მტრობაა. თუმცა, ძირითადი წყარო ცოდვისა, რა თქმა უნდა, ეშმაკია, რომლის შესახებაც იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: „ცოდვის ჩამდენი ეშმაკი არის, რადგან თავდაპირველად ეშმაკმა შესცოდა“.

– მამაო, შეიძლება ნევროზი ცოდვით იყოს გამოწვეული?

– ნევროზს სამართლიანად უწოდებენ „ვნებათა მიშვებულ ფორმას.” წმიდა მამები ამ სიტყვას განმარტავდნენ, როგორც სულის ცოდვიან განწყობას. ნერვული სიმპტომატიკის სიღრმეში ადამიანის გულში არსებული სიყვარულის განლევა დევს საფუძვლად, ხოლო იქ, სადაც სიყვარული არ არსებობს, ყვავის გულგრილობა, მოუთმენლობა, გაღიზიანება და მრისხანება. ნევროზით დაავადებულმა ერთმა ადამიანმა აღიარა: „მე მღუპავს შური. როცა დავინახავ, რომ მეზობელს ან ნაცნობს უკეთესი რამ აქვს, ადგილს ვერ ვპოულობ, თითქოს ვიწვი შიგნიდან“. ეს კარგად მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად რეალურია კავშირი ნევროზსა და ვნებებს შორის. ნევროზის ღრმა არსი საიდუმლოებაა, რომელიც მხოლოდ ღვთისთვის არის ცნობილი, მაგრამ ბვვრი ადამიანი ამ სენისგან განკურნებას ღვთის შეწევნისა და ქრისტეს რწმენის გარეშე ცდილობდა და ცდილობს. ნევროზით შეპყრობილი ბევრი ადამიანი გულგრილობასა და სიცივეზე ჩივის. ღირსი სერაფიმ საროველი გვასწავლის: „ღმერთი ცეცხლია, რომელიც ადამიანის გულსა და შინაგან სამყაროს ათბობს და ახურებს. ასე რომ, თუ გულში სიცივეს ვგრძნობთ, ეს ეშმაკისგან არის, რამეთუ ეშმაკი ცივია. ამიტომ, ღმერთს მოვუხმობთ, რომელიც მოვა და ჩვენს გულს გაათბობს სრულყოფილი სიყვარულით არა მარტო ღვთისადმი, არამედ მოყვასისადმი. სითბო სიკეთის მოძულე ეშმაკეულ სიცივეს გაანადგურებს“. ნევროზისგან განკურნების ერთ-ერთი გზა ღვთისადმი სიყვარული, მორჩილების გრძნობა და მომეტებული სურვილების დათმობაა. აი, რას ამბობს ამის შესახებ წმიდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი: „სხეული შემდგარია მრავალი, თანაც სხვადასხვანაირი ნაწილისგან, რომელნიც, თავის მხრივ, ოთხი სტიქიისგანაა შექმნილი. როდესაც ის შეუძლოდ გახდება, სხვადასხვა წამლობას საჭიროებს სხვადასხვა სამკურნალო მცენარეების გამოყენებით. სულს, კი უნივთოსა და მარტივს, დაუძლურების ჟამს, ერთადერთი წამლობა კურნავს – სულიწმიდა, მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“.

– როგორც თქვენ თქვით, ხშირად შური ხდება ადამიანის დასნეულების, გაბოროტების მიზეზი. რას გვეტყვით ამ ცოდვის შესახებ?

– როცა ჩვენი უფალი მოციქულებთან უკანასკნელ დღეებზე საუბრობდა, ამბობდა: „მაშინ გამრავლებითა უსჯულოებისაითა განხმეს სიყვარული მრავალთა“. ეს წინასწარმეტყველება უკვე სრულდება ჩვენს დღეებში, როდესაც ქრისტიანული რწმენის მტერთა მიერ ხალხში გულმოდგინედ ინერგება შური და ბოროტისმოსურვეობა. ხოლო „შურიანი თვალი“ თავად მაცხოვარმა მიათვალა უმძიმეს ცოდვათა რიგს. შური, თავისი არსით, შეუძლებელია ქრისტიანულად განწყობილი ადამიანისთვის. ყოველ კარგ ოჯახში, მის შიგნით, შეუძლებელია, შური არსებობდეს, იქ ყველა ხარობს. ასევე, უნდა იყოს ყველა ქრისტიანის ურთიერთდამოკიდებულებაში – როგორც ერთი ზეციური მამის შვილთა შორის. ამიტომაც გვეუბნება პავლე მოციქული, რომ არა მხოლოდ ვიტიროთ მოტირალებთან ერთად, არამედ გავიხაროთ მათთან ერთად, ვინც გახარებულია, იმის საპირისპიროდ, ვისაც სხვათა წარმატებები შურს. ხოლო იმისთვის, რათა გავთავისუფლდეთ შურისგან, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ცოდვიან გრძნობას ჩვენი პატივმოყვარეობა და ეგოისტური მეტოქეობა უდევს საფუძვლად.

– მამაო, შეიძლება, ადამიანმა წინასწარ განსაზღვროს, რა იქნება მისი მსჯავრი ან რისთვის იქნება ის შეწყალებული?

– მსჯავრი ზუსტად სახარების მიხედვით წარიმართება. სახარების ნათელი სიტყვებით, ჩვენ წინასწარ შეგვიძლია, განვჭვრიტოთ, რისთვის ვიქნებით მსჯავრდებულები და როგორ შეიძლება შეწყალებულნი ვიყოთ შემწყალებლის, ანუ უფლის სიყვარულით. ჩვენი შეწყალება, ჩვენი მარადიული ცხოვრება, შემოქმედის წინაშე კეთილკრძალულ ძრწოლაშია. შიში – არ შევცოდო, შიში – არ შეურაცხვყო სიყვარული, მოყვასი, საკუთარი თავი – ეს ადამიანს საკუთარი ცხოვრების გაკონტროლებასა და უფლის მცნების დაცვაში ეხმარება. ის მცირე ძრწოლა, რომელსაც ადამიანი განიცდის, არის მარცვალი მეორედ შობისა, რაზედაც მაცხოვარი ნიკოდიმოსთან საუბრობდა და რომლის გარეშეც ვერავინ შევა სასუფეველში. სიყვარული ძრწოლაა საღმრთო ნათლის მიმართ, ეს ის საქორწილო სამოსელია, ურომლისოდაც სასუფეველში შესვლა შეუძლებელია. სულის სისუფთავე ადამიანს წინმავალ ცხოვრებაში უწყვეტი ლოცვით განწმედისა და განმტკიცებისკენ მოუწოდებს. ეს პრაქტიკა სულს აცოცხლებს, კვებავს, ხვეწს, წმენდს ბოროტისგან, ბნელი ძალებისგან. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, განიკურნოს, თუ ის ეკლესიის წიაღში ცხოვრობს, ლოცულობს, მიუტევებს სხვებს ცოდვებს, თავადაც შეინანიებს, ამას კი უფალი ყოველთვის შეისმენს და სამჯავროზე ჩვენს სულებს შეიწყალებს.


скачать dle 11.3