კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გამოდიოდა აფხაზეთის სამთავრო სამეგრელოს მთავრის დროშით და როგორ გაიყოფენ დღეს აფხაზი და ქართველი შერვაშიძეები საგვარეულო გერბს ტყუპი ძმების, დიოსკურების გამოსახულებით

ისე მოხდა, რომ ჩვენ ახლა უკვე სამნი ვართ: მსოფლიოს უდიდესი უმრავლესობის მიერ აღიარებული საქართველო ერთიან საზღვრებში და აბსოლუტური უმცირესობის მიერ აღიარებული აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“ ზემოხსენებული საქართველოსგან მითვისებულ ტერიტორიებზე. სანამ ჩვენ ჩვენსას ვედავებით, სეპარატისტებმა „სახელმწიფო სიმბოლოებიც“ შეიქმნეს. რა ინფორმაციას შეიცავს აფხაზურსა და ოსურ „დროშებზე“ გამოსახული სიმბოლოები. თემაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის დირექტორი, აფხაზოლოგი თეიმურაზ გვანცელაძე და ეთნოლოგი ნუგზარ ანთელავა გვესაუბრებიან.

– რას გამოხატავს აფხაზური „დროშა“?

თეიმურაზ გვანცელაძე: აფხაზური დროშის მთავარი კომპონენტებია მწვანე და თეთრი ზოლები. თეთრი ფერი ყველა ქვეყნის, რეგიონისა თუ ავტონომიური წარმონაქმნის დროშაზე სიკეთის, წინსვლისა და სინათლის სიმბოლოა. რაც შეეხება მწვანე ფერს: მე არ ვიცი, თვითონ აფხაზების აზრი, თუ რა დატვირთვა მიანიჭეს ამ ფერს, მაგრამ, ჩემი ვარაუდით, ეს ისლამურ რელიგიასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ვფიქრობ, დროშის ავტორებისგან ეს ერთგვარი გზავნილია თურქეთში მცხოვრებ თავიანთ სისხლსა და ხორცთან, მუჰაჯირების შთამომავლებთან, რითაც მიანიშნეს, ეს არის თქვენი სამშობლო, იქნებ უკან დაბრუნდეთ ან, თუ არ დაბრუნდებით, მხარი მაინც დაგვიჭირეთო. თუმცა მხოლოდ მათ არა, ეს მწვანე ფერი ყველა მაჰმადიანური ქვეყნისადმია გზავნილი. მოგეხსენებათ, კონფლიქტის დროს აფხაზთა მხარეს იბრძოდნენ თურქეთიდან, სირიიდან და სხვა მუსლიმანური ქვეყნების მოქალაქეები.

– და ეს არის, ალბათ, გზავნილი ჩრდილოკავკასიელებისადმიც?

– რა თქმა უნდა, ჩრდილოკავკასიელებიც იგულისხმებიან. რაც შეეხება დროშაზე გამოსახულ სხვა სიმბოლოს: ეს არის ნების, ანუ ხელის მტევნის გამოსახულება, ხუთი შეერთებული თითით. ეს არ არის სუფთა აფხაზური სიმბოლო. ეს არის საერთო იბერიულ-კავკასიური სიმბოლო: ანუ ქართველების, აფხაზების, ჩერქეზების, ინგუშებისა და დაღესტნელების სიმბოლო. ამის შესახებ აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძეს ძალიან საინტერესო გამოკვლევა აქვს. წელს ქალბატონი ქეთევანის დაბადების ასი წლისთავია და ჩვენი საზოგადოება, ალბათ, იზრუნებს, რომ ღირსეულად აღნიშნოს ეს თარიღი. ქეთევან ლომთათიძის გამოკვლევის თანახმად, ეს სიმბოლო გამოხატავს ნებას. ამაზე თვითონ ქართული ენაც მიგვანიშნებს: სიტყვა „ნები“ და „ნება“ ერთი ფუძისაა და ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ძალიან ბევრ ხალხში მარჯვენა ხელის აწევა და ნების ჩვენება თანხმობას ნიშნავდა. სწორედ აქედან მოდის ეს სიმბოლო, მაგრამ აფხაზებმა ის თავის ეროვნულ სიმბოლოდ გაიხადეს და მათ ამის უფლება აქვთ, ისევე, როგორც ნებისმიერ იბერიულ-კავკასიურ ხალხს, ბუნებრივია, ჩვენც, მაგრამ აფხაზებმა ეს სიმბოლო აიღეს ძველი, შუა საუკუნეების რუკებიდან.

– თუმცა, ჩემი, როგორც არასპეციალისტის აზრით, მათი დროშა აშკარად ამოვარდნილია თანამედროვე დროშების კონტექსტიდან?

– მტევნის, ანუ ნების გამოსახულება გვხვდება შუა საუკუნეების ევროპელი მოგზაურებისა და ზღვაოსნების რუკებზე, რომლებზეც კავკასია, კერძოდ, საქართველო, მათ შორის, აფხაზეთია გამოსახული. რამდენიმე რუკაზე სოხუმის ახლოს გამოსახულია დროშები, რომლებზეც ხელის ნები, ანუ მტევანია. თუმცა არის სხვა გამოსახულებიანი დროშებიც. მაგალითად, მარტინ სანუდოს რუკაზე, იქ, სადაც სოხუმია, გამოსახულია საქართველოს დღევანდელი ეროვნული დროშა: თეთრ ფონზე დიდი, წითელი ჯვარი ოთხი წრით. დაახლოებით, იმავე პერიოდის სხვა რუკებზე, მაგალითად, წრეების ნაცვლად ჯვრებია. საერთოდ, წითელი და შინდისფერი თეთრთან ერთად, ქართული დროშებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ფერებია. გარდა ამისა, აფხაზები სიმბოლოებად იყენებენ გადაჯვარედინებულ ისრებს: სამი გადაჯვარედინებული ისარი და მათ შორის ჩახატული ექვსი ვარსკვლავი. გადაჯვარედინებული ისრები აღნიშნავს სამ მონათესავე ეთნოსს: ერთი – აფხაზურ-აბაზგურ ერთობას ჩერქეზებთან; მეორე – ადიღეელებსა და ყაბარდოელებთან ერთობას და მესამე უბიხების სიმბოლოა. ექვსი ვარსკვლავი კი არის ექვსი აფხაზურ-ადიღეური ტომის აღმნიშვნელი. აფხაზებს აქვთ კიდევ ერთი სიმბოლო: რაშზე მჯდომი მამაკაცი, რომელიც ცხენს მიაჭენებს. ეს არის აფხაზური ფოლკლორის ერთ-ერთი პერსონაჟი: აბრსკილი, რომელიც ენათესავება ქართულ ამირანს, ბერძნულ პრომეთეს და ბევრი სხვა ხალხის მსგავს პერსონაჟს. აფხაზური მითოლოგიის მიხედვით, აბრსკილი სიკეთისთვის მებრძოლია, რომელიც ადამიანებს გაჭირვებაში ეხმარება, მხარში უდგას, ებრძვის ბოროტებას და მას ჰყავს ზღაპრული რაში. ეს არის წინსწრაფვისა და გამარჯვების სიმბოლო. პრინციპულად თუ მივუდგებით, ჩვენ, ქართველებსაც, შეგვეძლო, გამოგვესახა ცხენზე მჯდომი ამირანი და ეს ჩვენს ეროვნულ სიმბოლოდ გვექცია. სხვათა შორის, 1918 წლის გერბზე სწორედ ცხენზე მჯდომი წმიდა გიორგი იყო გამოსახული, ანუ ცხენზე მჯდომი წმინდანისა თუ მითოლოგიური გმირის გამოსახვა ჩვეულებრივი მოვლენაა. სხვა საკითხია, რომ აფხაზებმა ეს სიმბოლოები შეადგინეს ისე, არც ქართველებისთვის და არც სხვა მონათესავე ხალხებისთვის არაფერი შეუთანხმებიათ. თუმცა პირადად მე, ვერაფერს ვხედავ გასაკვირს იმაში, რომ მათ ისრებით გამოხატული აქვთ ნათესაობა სხვა კავკასიელ ხალხებთან, მაგრამ აჯობებდა, ობიექტურები ყოფილიყვნენ და ქართველებთან ნათესაობაც აღენიშნათ.

– რამე თუ გამოხატავს აფხაზურ თანამედროვე ან ისტორიულ სიმბოლიკაში ქართველებთან ნათესაობას? მით უფრო, რომ ის, რაც გაერთიანებულმა ქართულმა სახელმწიფომ შექმნა, თანაბრად ეკუთვნის ამ ორ ეთნოსს, რადგან ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავზომავთ, რამდენი ლიტრი სისხლი იყო ბაგრატ მესამეში ქართული და რამდენი – აფხაზური?

– შეიძლება, იმაში არ დაგეთანხმოთ. არ მგონია, ბაგრატ მესამეს დღევანდელი აფხაზების სისხლი ჰქონოდა.

– ეს გამიჯვნა ჩვენი საუბრის თემა არ არის.

– მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მონათესავე ხალხი ვართ. დღეს აფხაზეთში ძალიან ბევრი ქართულგვარიანი ადამიანია და ისინი, რა თქმა უნდა, ქართველები არიან წარმოშობით.

– 80 პროცენტიაო?

– ეს ზუსტად არავის დაუთვლია. საჭიროა ადგილზე ჩასვლა და აღრიცხვა, სხვათა შორის, ყველა აფხაზმა მინიმუმ შვიდი თაობის სახელები მაინც უნდა იცოდეს. ასეთია მათი ტრადიცია.

– და მაინც, არანაირი სიმბოლიკა არ გამოხატავდა აფხაზეთის სამეფოში ქართველებთან ნათესაობას?

– მათ საკუთარი დამწერლობა არ ჰქონდათ, ასე რომ, მათ ისტორიულ დოკუმენტებზე დამყარებით, რაღაც დასკვნის გაკეთება, შეუძლებელია. ზეპირ გადმოცემებში ასეთი რამ არ ჩანს, მაგრამ ფაქტია ის, რომ, როდესაც აფხაზეთის მთავარი სამეგრელოს მთავარს ემორჩილებოდა, აფხაზები დადიანის დროშის ქვეშ იბრძოდნენ. აფხაზებს გვიან შუა საუკუნეებში გაუჩნდათ თავიანთი დროშა, რომელზეც თხაა გამოსახული.

– თხა რატომ?

– მათი საკრალური ცხოველია.

– თხა მაშინვე მთის ასოციაციას იწვევს და არა ზღვისას?

– დღეს აფხაზები ცდილობენ, მიითვისონ შერვაშიძეების გვარის ძველი სიმბოლო. ეს არის ტყუპი ძმების – დიოსკურების გამოსახულება. მაგრამ საქმე ისაა, რომ დღეს შერვაშიძეების ერთი ნაწილი აფხაზია, მეორე – ქართველი. ამდენად, ერთსაც აქვს უფლება, გამოიყენოს ეს სიმბოლო და მეორესაც. ასე რომ, დღეს რთულია იმის თქმა, ვისგან მოდის ესა თუ ის სიმბოლო.

– სეპარატისტ ოსებთან მიმართებაში როგორ არის საქმე? ჩვენ, ალბათ, ვერ აღმოვაჩენთ ქართულ კვალს მათ სიმბოლიკაში, რადგან ისტორიული საერთო ფესვები არათუ ოსებსა და ქართველებს არ ჰქონიათ, არამედ მათი კავკასიის მკვიდრობაც ეჭვქვეშაა?

ნუგზარ ანთელავა: არ იქნება მართებული, ვთქვათ, რომ ოსებს ნათესაობა ჩვენთან ან კავკასიელ ხალხებთან არ ჰქონიათ.

– ისეთი არ გვქონია, როგორც აფხაზებთან?!

– ყოველ შემთხვევაში, გასული საუკუნის 50-იანი წლების შუა პერიოდამდე მიჩნეული იყო, რომ ოსები იყვნენ ალანთა პირდაპირი შთამომავლები. მაგრამ, ოსთა სამწუხაროდ, მთლად ასე არ არის საქმე. ძალიან მაღალი დონის მკვლევრები ამბობენ, რომ ოსები არ არიან ალანების პირდაპირი შთამომავლები არც ანთროპოლოგიური, არც სუფთა კულტუროლოგიური კუთხით. ამბობენ, რომ დღევანდელმა ოსებმა ალანებისგან მიიღეს ის ენა, რომელზეც დღეს მეტყველებენ. ეს არის ირანული წარმოშობის ენა, კერძოდ, ჩრდილო ირანული. შესაძლოა, ეს სადავო საკითხია, მაგრამ არქეოლოგიური მასალა არ იძლევა იმ დასკვნის საშუალებას, რომ ოსები ალანთა შთამომავლები არიან. თუმცა ოსურ ფოლკლორში არის ზოგიერთი მონაცემი, რითაც შეიძლება, ილაპარაკო ალანურ სამყაროსთან მათ ნათესაობაზე. ერთი სიტყვით, ეს საკამათო საკითხია და გვერდზე გადავდოთ.

– ჩვენი სეპარატისტი ოსების დროშაზე რა სიმბოლოებია?

– თვითონ ეს სიმბოლიკაც არ არის სუფთა ალანური. ის, რაც მათ ეგრეთ წოდებულ დროშაზეა გამოსახული, რა თქმა უნდა, სუფთა კავკასიური სიმბოლიკაა. მთელი ყუბანური კულტურის ძეგლებზეა გამოსახული ის სიმბოლოები, რაც მათ დროშაზეა მოცემული. რაც შეეხება ფერს: ყვითელი რელიგიურად დატვირთული ფერიცაა ოსებისთვის და შეიძლება, ამ ფერს ის განსაკუთრებული დატვირთვაც ჰქონდეს, რომ ხაზს უსვამდეს ოსების მსოფლმხედველობით კავშირს ალანებთან, რადგან ყვითელი წმიდა ფერი იყო ალანებისთვის. ოსურ მითოლოგიაში ლაპარაკია ყვითელი ფერის ცხვარზე, რომელიც რეალურად არ არსებობს.

– აფაზებს – თხა, ოსებს – ცხვარი?!

– ეს მომთაბარე ხალხებისთვის დამახასიათებელი სიმბოლოებია. ყვითელი ფერი შესაძლოა, მზესაც უკავშირდებოდეს, თუმცა თვითონ მზის კულტი ოსურ მითოლოგიაში ნაკლებად ჩანს.

– საიდან გვაქვს მონაცემები ოსთა შესახებ?

– ერთადერთი წყაროა ეთნოგრაფიული სინამდვილე. საერთოდ, უდამწერლობო ხალხებს გაფაციცებული ისტორიული მეხსიერება აქვთ, რაც ვლინდება მათ ფოლკლორში, მითებში, ენობრივ პლასტებში და ეს არის მათ შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყარო. რა თქმა უნდა, გვაქვს ქართული წყაროები კავკასიელებზე, მაგრამ იქ მხოლოდ მინიშნებებია. ვახუშტი ბატონიშვილი წერს კავკასიელ ხალხთა დროშების შესახებ და, მათ შორისაა, აფხაზეთის სამთავროს დროშაც, თუმცა არ არის ოსების დროშა. იმიტომ რომ, ოსებს არ ჰქონიათ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი.

– ჯიქი საიდან მოხვდა მათ დროშაზე?

– ეს საერთო კავკასიური სიმბოლოა, მაგალითად, ჩეჩნების დროშაზე მგელია გამოსახული.

– ჩეჩნები არიან კიდეც მგლებივით, ვითომ ოსები არიან ჯიქებივით?

თეიმურაზ გვანცელაძე: ალბათ, უნდათ, რომ ასეთები იყვნენ. სხვათა შორის, ოსებს აქვთ მგლის კულტი.

– გამოდის, რომ სეპარატისტებმა ჩვენთან ჭიდილში, მას შემდეგ, რაც ტერიტორიას გვედავებიან და დღეის მდგომარეობით, წართმეულიც აქვთ, შექმნეს „დროშა“, როგორც სიმბოლო?

ნუგზარ ანთელავა: რა თქმა უნდა, აბა, მანამდე დროშა როგორ ექნებოდათ?! ხალხს, რომელსაც სახელმწიფო არ ჰქონდა, დროშა არც სჭირდებოდა.

– აფხაზურის არ იყოს, ეს ოსური „დროშაც“ ამოვარდნილია თანამედროვე კონტექსტიდან?

– აფხაზურზეც ასე ბრძანეთ. ამოვარდნილი რას ჰქვია?!

– მე არ ვამბობ, რომ ქართული დროშაა ერთადერთი ავანგარდული დროშა სამყაროში, მაგრამ ეს დროშა ასახავს ჩვენს ისტორიულ წარსულს. იმის თქმა მინდა, რომ ეს ორი „დროშა“ მარტივია თავისი შინაარსით, განზრახ არ ვამბობ, პრიმიტიული-მეთქი? როდესაც პირველად ქმნი, უფრო სოლიდური მაინც უნდა შექმნა, ჩემი აზრით.

– სიმბოლიკა ფაქიზი საკითხია. ჩვენ ხშირად ვაწყობთ ჩვენს ცხოვრებას აღმოსავლურ სიმბოლიკაზე: ხან კატის წელს ვხვდებით და ხან – ვეფხვისას. არადა ჩვენც გვაქვს ჩვენი სიმბოლოები. მაგალითად, იაპონელის სიზმარს ქართული სიმბოლოებით ვერ ახსნი და პირიქით, რადგან იაპონელისთვის გველის დასიზმრება სხვა რამეს ნიშნავს, ჩვენთვის – სხვას. შეიძლება, ჩვენი სიზმარი ჩინელმა ახსნას?! სიმბოლოები არის ტრადიციული, ამიტომაც ვერ ვიტყვი, რომ ოსებისა და აფხაზების სიმბოლიკა ამოვარდნილია საერთო ევროპული კონტექსტიდან. მე არ დავარქმევდი მათ არათანამედროვეს, ეს მომდინარეობს მათი ეროვნული ცნობიერებიდან.

– მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ეს სიმბოლოები თავისთავად მეტყველებს, რომ მათ არ აქვთ არანაირი სახელმწიფოებრივი ტრადიცია. თქვენგან განსხვავებით, ჩემი სიტყვები არ არის დამძიმებული პოლიტიკური პასუხისმგებლობით და მაქვს, თუნდაც, კატეგორიული აზრის გამოთქმის უფლება.

თეიმურაზ გვანცელაძე: მართალია, მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ ოსები შუა აზიიდან არიან მოსული, მაგრამ მიუხედავად წარმომავლობისა, ისინი მაინც კავკასიურ ტრადიციას ემყარებიან. იმდენი ხანია, ცხოვრებენ კავკასიაში, რომ სრული უფლება აქვთ, თავი კავკასიელებად მიიჩნიონ. მათ რაღაც ისესხეს მეზობელი ხალხების ტრადიციებიდან, თავისებურად გადახარშეს და ეს გამოსახეს თავის სიმბოლოებში. მაგალითად, თურქებს ისტორიულად არასდროს უცხოვრიათ ზღვის პირას, მაგრამ უკვე იმდენი ხანია, ცხოვრობენ, რომ საუკეთესო მეზღვაურები გახდნენ და თევზმაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მათ სამზარეულოში. ის, რაც ჩვენ დღეს გვჭირს, იმის ბრალია, რომ ვერც ქართველებმა, ვერც ოსებმა და ვერც აფხაზებმა ვერ ვიმარჯვეთ და ამის კიდევ უფრო გამწვავება მართებული არ იქნება. არავინ მოგვიწონებს, რომ ვთქვათ, მოსულები ხართ და აქედან უნდა წახვიდეთო.

– ჩვენ ვამბობთ, ჩვენი ნუ მიგაქვთ, თუ წასვლა გინდათო?

– ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჭკუა და ვეძებოთ საერთო და არა განმასხვავებელი. აფხაზურ სიმბოლიკაში აბრსკილი და ქართულ სიმბოლიკაში ამირანი რომ ერთი და იგივეა, ეს არის ჩვენი ნათესაური კავშირის დასტური და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. თუმცა იმ გადაჯვარედინებულ ისრებში აფხაზებს ობიექტურობის გამო ქართველებთან ნათესაობაც უნდა გამოესახა.


скачать dle 11.3