კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (119)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

რა აკავშირებს იმპერატორ აკიჰიტოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმთან და რის გამო გაატარეს ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კრიტიკის ქარცეცხლში

იგი ერთადერთი მონარქია არა მხოლოდ აზიაში, არამედ მთელ მსოფლიოში, რომელიც იმპერატორის ტიტულს ატარებს და მის შესახებ იაპონიაში მხოლოდ აღმატებულ ხარისხში ლაპარაკობენ. მისი უდიდებულესობა იმპერატორი აკიჰიტო იაპონური სამეფო დინასტიის 125-ე წარმომადგენელია და სამშობლოში მას, პატივისცემის ნიშნად, ხშირად მზის შვილსაც კი უწოდებენ. ამჯერად სწორედ ამ აზიელი მონარქის ცხოვრების საინტერესო ფაქტებს შემოგთავაზებთ.

* იმპერატორ ჰიროჰიტოს უფროსი ვაჟიშვილი და ტახტის მემკვიდრე – აკიჰიტო 1933 წელს ტოკიოში დაიბადა. პრინცი აკიჰიტო გაკუსიუნის პერების სკოლაში სწავლობდა. გარდა ამისა, ტრადიციული საიმპერატორო ოჯახის აღმზრდელის, კოიძუმისთან ერთად, მის განათლებაზე ბრიტანელი აღმზრდელი, ცნობილი საბავშვო მწერალი ელიზაბეთ გრეი უინინგი ზრუნავდა. ის პრინცს ინგლისური ენის შესწავლასა და დასავლური კულტურის გაცნობაში ეხმარებოდა. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში პრინცი ექვსი თვით გაემგზავრა ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში. ამ მოგზაურობის ცენტრალური ნაწილი გახლდათ პრინცის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, სადაც იგი 1953 წელს, იმპერატორ ჰიროჰიტოს ოფიციალური წარმომადგენლის სახელით, დედოფალ ელიზაბეთ მეორის ტახტზე ასვლის ცერემონიალს დაესწრო.

* 1959 წელს, 26 წლის აკიჰიტო ფქვილის მწარმოებელი კომპანიის სედა ჰიდესაბუროს ქალიშვილზე, სედა მიტიკოზე დაქორწინდა. ამით კი, დაარღვია მრავალსაუკუნოვანი საიმპერატორო ტრადიცია, რომელიც აიძულებდა ტახტის მემკვიდრეს აუცილებლად არისტოკრატული ოჯახის წარმომადგენელზე დაქორწინებულიყო. აკიჰიტომ მეუღლესთან ერთად მოახერხა შეეცვალა დოგმები, რითაც ხელმძღვანელობდა საიმპერატორო ოჯახი საუკუნეების განმავლობაში. მიუხედავად დროის ნაკლებობისა და ხშირი საგარეო ვიზიტებისა, იმპერატორი და დედოფალი თვითონ ზრდიდნენ შვილებს და არც ერთი დღე არ უსარგებლიათ ძიძის ან კამერდინერის მომსახურებით.

* იაპონიის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრის რანგში აკიჰიტო ოფიციალური მიწვევით მსოფლიოს 37 სახელმწიფოში იყო ნამყოფი. 1971 წელს ევროპასა და 1975 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის პერიოდში იგი იმპერატორის წარმომადგენლის ფუნქციას ასრულებდა. გარდა ამისა, პრინცი აკიჰიტო იყო 1966 წლის წყნარი ოკეანის მეთერთმეტე სამეცნიერო კონგრესის, 1967 წლის ტოკიოს უნივერსიადის და 1970 წლის „ექსპო-70 ოსაკის” საპატიო თავმჯდომარე.

* აკიჰიტოს მმართველობის ხანა 1989 წლის 8 იანვარს დაიწყო. საიმპერატორო ტახტზე ასვლისთანავე მას სახელი ჰეისეი ეწოდა, რაც იაპონურად „მშვიდობის მოყვარეს” ნიშნავს. მის იმპერატორად კურთხევას მსოფლიოს 158 ქვეყნისა და ორი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო. ტახტის დაკავებიდან ორ დღეში, იაპონურ საზოგადოებასთან გამართულ აუდიენციაზე იმპერატორმა განაცხადა: „პირობას ვდებ, მუდამ ვიქნები ჩემი ხალხის გვერდით და დავიცავ კონსტიტუციას”.

* იმპერატორი აკიჰიტო გატაცებულია ბიოლოგიით. იგი არის 25-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ზღვის ხარების შესახებ. 1986 წელს იგი აირჩიეს ლონდონის ლინეის საზოგადოების – ბიოლოგების საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრად. გარდა ამისა, იმპერატორი დაინტერესებულია მსოფლიო ისტორიით, ვიოლონჩელოზე დაკვრით, ცხენზე ჯირითითა და ჩოგბურთით, სწორედ საჩოგბურთო კორტებზე გაიცნო მან თავისი მომავალი მეუღლე – მიტიკო.

* ტოკიოში, პრინც აკისინოსა და პრინცესა კიკოს ოჯახში დაბადებულ შვილიშვილს და ტახტის სავარაუდო მემკვიდრეს, იმპერატორმა აკიჰიტომ დაბადებისთანავე ძველი იაპონური ტრადიციის თანახმად, 26-სანტიმეტრიანი სამურაის ხმალი აჩუქა. ძვირფას ქსოვილში გახვეული ხმალი ახალშობილს იმპერატორის ემისარმა მიუტანა და თავთან დაუდო. ხმლის ფუნქციაა დაიცვას პრინცი ბნელი ძალებისგან. მახვილის ავტორი კი იაპონიაში ცნობილი ოსტატი აკიცუგუ ამადაა, რომელიც თავისი ხელობის გამო „იაპონიის ნაციონალურ საუნჯედ” არის აღიარებული. ხმალთან დაკავშირებით ასევე აღსანიშნავია, რომ სამურაების მცირე ზომის მახვილს სახელწოდებით – კატანა, იმპერატორმა საკუთარი სახელიც დაურთო და ამიერიდან „კატანა აკიჰიტო” ეწოდება.

* საიმპერატორო ოჯახის მიმართ იაპონელი ხალხის უკიდურესად დადებითი დამოკიდებულების მიუხედავად, რამდენიმე ხნის წინ, იაპონურ პრესაში სკანდალურმა ცნობამ გაჟონა, რამაც ამომავალი მზის ქვეყნის მოქალაქეები შოკში ჩააგდო. აღმოჩნდა, რომ იმპერატორ აკიჰიტოს ღვიძლი ბიძაშვილი, ტახტის სავარაუდო მემკვიდრე – პრინცი ტომოჰიტო გამოუსწორებელი ალკოჰოლიკია. ასევე ცნობილი გახდა, რომ პრინცს არაერთი კურსი გაუვლია ალკოჰოლური დამოკიდებულების განსაკურნად, თუმცა უშედეგოდ. გარდა ამისა, პრინცი ტომოჰიტო უძილობისგან იტანჯება და ძლიერმოქმედ დასაძინებელ საშუალებებს მოიხმარს. ტომოჰიტო მეხუთეა ტახტის სავარაუდო მემკვიდრეებს შორის და სწორედ მას ეკუთვნის სკანდალური ფრაზა იმპერატორის მისამართით, ტომოჰიტოს აზრით, თუკი იმპერატორს მეუღლე ვაჟიშვილს არ გაუჩენს, იგი ვალდებულია მოიყვანოს ქალი, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს.

* გასულ წელს იმპერატორმა აკიჰიტომ გამოაქვეყნა რამდენიმე ტანკა (ხუთსტროფიანი ლექსი), რომელიც იმ მოვლენებს მიუძღვნა, მასზე ყველაზე დიდი გავლენა რომ იქონიეს. ერთ-ერთი ასეთი ლექსი იმპერატორის ლატვიაში ვიზიტს ეხებოდა, სადაც მონარქი საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრა. ხუთსტროფიან ლექსში იმპერატორი ეხება ლატვიელების დეპორტაციას ციმბირში, მათ ყოფას საკონცენტრაციო ბანაკებში, სადაც აუტანლად ეპყრობოდნენ ტყვეებს საბჭოთა ჯარისკაცები.

* დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიოში ბარაკ ობამას მიერ იაპონიის იმპერატორ აკიჰიტოს წინაშე თავის დახრას პატივისცემის ნიშნად. მონარქის წინაშე თავდახრილი ობამას ფოტოები მსოფლიოს ჟურნალ-გაზეთების გარეკანზე განთავსდა. ფოტოებს ობამას მიმართ მწვავე კრიტიკაც ახლდა. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ობამას საქციელი მოიწონეს, იაპონია იყო. იაპონურ პრესაში დაიწერა კიდეც, რომ ბარაკ ობამა ზოგიერთ იაპონელზე უკეთესი იაპონელია და უფრო მეტად სცემს პატივს ამომავალი მზის ქვეყნის ტრადიციებს, ვიდრე სხვები.

* დაახლოებით 77 ათასი ადამიანი მივიდა იმპერატორ აკიჰიტოს სასახლესთან და მონარქს ახალი, 2011 წლის დადგომა მიულოცა. იმპერატორი ტყვიაგაუმტარი შუშაბანდიდან მიესალმა მოსულ მოქალაქეებს და ახალი წლის დადგომა მიულოცა. აღსანიშნავია, რომ იაპონიის მოქალაქეებს მხოლოდ წელიწადში ორჯერ აქვთ უფლება მიუახლოვდნენ იმპერატორის სასახლეს – 23 დეკემბერს აკიჰიტოს დაბადების დღეს და 2 იანვარს ახალი წლის აღსანიშნავად.


скачать dle 11.3