კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ბინადრობდნენ მილიონობით წლის წინ ინდაურისხელა დინოზავრები და რატომ მოექცა მარტვილის რაიონი პალეონტოლოგთა და არქეოლოგთა ყურადღების ცენტრში

2010 წლის ზაფხულში ქართული საზოგადოება და სამეცნიერო წრეები ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო აღმოჩენის მოწმენი გახდნენ: „ილიაუნის” პალეონტოლოგიურმა ექსპედიციამ, მდინარე აბაშის ხეობაში დინოზავრის ორი ახალი ნაკვალევი აღმოაჩინა და, თუ აქამდე მხოლოდ სათაფლიასთან აღბეჭდილი უზარმაზარი ნაკვალევით ვიწონებდით თავს, ახლა მას ორი ახალიც დაემატა. აღმოჩენა ცვლილებებს გამოიწვევს დღემდე არსებულ მონაცემებში, ამის დასადგენად პალეონტოლოგ, პროფესორ ვასილ გაბუნიას მივმართეთ.

– რასთან დაკავშირებით გაემგზავრეთ არქეოლოგიურ ექსპედიციაში?

– 2010 წლის ზაფხულში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეგმური საველე-სასწავლო პრაქტიკა ჩატარდა. მომავალმა გეოლოგებმა და გეოგრაფებმა, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, მოინახულეს სამეგრელოს რეგიონის საინტერესო ადგილები, შეისწავლეს მდინარეების – ტეხურის, წაჩხურის და აბაშის ხეობები, მღვიმეები, ჩანჩქერები და კანიონები. ერთ-ერთი ასეთი კვლევისას, მდინარე აბაშის კანიონში, ორ ნატერფალს გადავაწყდით: ერთი მცირე ზომის მტაცებელ დინოზავრს ეკუთვნოდა, ხოლო მეორე – უფრო მოზრდილ ბალახის მჭამელს. ილიას უნივერსიტეტმა რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი კვლევითი ექსპედიცია განახორციელა ამ რაიონში.

– რა არტეფაქტები აღმოაჩინა ექსპედიციამ მდინარე აბაშის ხეობაში – მხოლოდ ნაკვალევია აღმოჩენილი თუ განამარხებული ცხოველების ნაშთებიც?

– ჩვენ გამოვავლინეთ არა მხოლოდ ახალი ნატერფალები, არამედ, როგორც ვვარაუდობთ, პრეისტორიული ხანის ქვეწარმავლების ძვლების ფრაგმენტებიც. ასევე, მრავლად აღმოჩნდა ნამარხი ზღვის ზღარბების, სხვადასხვა მოლუსკის, მათ შორის, დიდი ზომის ერთგვარი რვაფეხების – ნაუტილუსების ნიჟარები. ნამარხები ძალიან მკვრივ კირქვებშია „ჩაბეჭდილი“, ამიტომ მათი დაუზიანებლად ამოღება გაძნელებულია.

– რატომ კეთდება ძირითადი აქცენტი დასავლეთ საქართველოზე, აღმოსავლეთში თუ არის ამ მხრივ რაიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა და თუ განსხვავდება დასავლეთისა და აღმოსავლეთის სახეობები?

– საქართველოში პრეისტორიული ცხოველების ნაშთებს ძალზე იშვიათად ვხვდებით. ამის მიზეზი ისიც არის, რომ ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ტყით და ველებით არის დაფარული და გეოლოგიური გაშიშვლებები მხოლოდ მდინარეების ხეობებსა და ნახევრად უდაბნოებში გვხვდება. აფხაზეთში, მდინარე ააფსტას ხეობაში, ნაპოვნია მტაცებელი დინოზავრის ერთი მალა. აღმოსავლეთ საქართველოში, აზერბაიჯანის დასავლეთ საზღვართან (ძეგაში) კი პირველყოფილი ოკეანის დიდი ზომის მტაცებელი ქვეწარმავლის – მოზაზავრის ქვედა ყბის ფრაგმენტი.

– თუ არის რაიმე კავშირი სათაფლიის ადრე აღმოჩენილ ნაკვალევთან?

– სათაფლიის ნაკვალევიანი შრე უნიკალურია თავისი მრავალფეროვნებითა და დაცულობით. თუმცა, ამ ადგილებში განამარხებული ძვლები ჯერ არ გამოვლენილა. სათაფლიის დინოზავრების ასაკი 135 მილიონი წელია.

– რა სახეობის ცხოველების ნაშთებია აღმოჩენილი და დაახლოებით რა ხნისაა არტეფაქტები?

– რაც შეეხება „აბაშელ“ დინოზავრებს, პირველადი დასკვნებით, მათი ასაკი 65-67 მილიონ წელს არ აღემატება. ეს ის პერიოდია, როდესაც დედამიწაზე გლობალური კატასტროფა უნდა მოხდეს და ამ ცხოველების 250 მილიონწლიან ბატონობას წერტილი დაესვას. დინოზავრების ამოწყვეტის რამდენიმე თეორია არსებობს. პირადად მე დედამიწის ასტეროიდთან შეჯახების თეორიის მომხრე ვარ. ამ კატასტროფულ მოვლენას თან სდევდა გეოლოგიურ ნალექებში ნივთიერება ირიდიუმის დიდი რაოდენობით დაგროვება. თუ შემდგომი კვლევებისას ასეთ შრესაც გადავაწყდით, თამამად შეგვეძლება, ვთქვათ, რომ მარტვილის რაიონში პლანეტარული მასშტაბის კატასტროფის დაგვიანებული მოწმეები გავხდით. ნაკვალევის დამტოვებელი დინოზავრები მცირე ზომის ცხოველებს განეკუთვნებოდნენ. ჯერ ძნელი სათქმელია, ბალღ დინოზავრებთან გვაქვს საქმე თუ ზრდასრულებთან. ერთი რამის თქმა კი დანამდვილებით შეგვიძლია: მათგან უმეტესობა ბალახის მჭამელი იყო. წარმოსახვითი „დროის მანქანით“ წარსულში რომ „ვიმოგზაუროთ”, ვნახავთ, რომ ეს ადგილები ტროპიკული ოკეანის „თეტისის“ ლაგუნაა; აქა-იქ მდიდარი მცენარეულობითა და ქათქათა ქვიშით დაფარული დიდი ზომის კუნძულები მოჩანს; ზღვაში დაცურავენ ნაუტილუსები; ნაუტილუსებზე ნადირობენ წყლის გიგანტური მტაცებელი ქვეწარმავლები – პლეზიოზავრები და მეზოზავრები. კუნძულების პლაჟებზე კი, თანამედროვე ინდაურის ზომის მტაცებელი და შედარებით უფრო დიდი ზომის ბალახისმჭამელი დინოზავრები დასეირნობენ. სველ ქვიშაზე გავლისას ეს მძიმეწონიანი ცხოველები ღრმა კვალს ტოვებენ. ნაკვალევს მზე აშრობს, გამაგრებულ ჩაღრმავებას ისევ ქვიშა ფარავს. შემდეგ ამ ქვიშის ფენაც მაგრდება... დინოზავრები დიდი ხანია, აღარ არიან, მაგრამ მათ ნაკვალევს მრავალი მეტრის სისქის გაკირქვებული ქვიშის ფენა ინახავს.

– არსებობს ამ ნაკვალევების წაშლის რაიმე საფრთხე?

– 100-120 წელი სჭირდება მზეს, ქარსა და წყალს, რომ მილიონობით წლების განმავლობაში „დაკონსერვებული” ისტორია წაშალოს. ამიტომ, სწორედ ამ პერიოდში უნდა აღმოაჩინოს ის მეცნიერმა. სამწუხაროდ, ნაკვალევი თანამედროვე ვანდალებისგანაცაა დასაცავი. მაგალითად, ჩვენ მიერ აღმოჩენილი ერთადერთი მტაცებელი დინოზავრის 3-ნაკვალევიანი მწკრივი ერთ დღესაც მიზანმიმართულად განადგურებული დაგვხვდა. ეს ისეთივე ბოროტებაა, როგორიც ისტორიული ძეგლის განადგურება. დღეს უნიკალურ ნატერფალთა მხოლოდ ყალიბები და ფოტო-ვიდეომასალაღა შემოგვრჩა...

– განამარხებული არტეფაქტების ამოღება ადვილად ხერხდება?

– კანიონის კედლებში მრავლადაა კაჟის ჩანართები, რომელთა ნაწილსაც ძვლების ფორმა აქვს. განამარხების რთულ პროცესში, მილიონობით წლების განმავლობაში, ქიმიური და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად ძვლები იცვლიან თვისებებს. რჩება მხოლოდ ძვლის ფორმის მქონე ქანი. ის ხშირად განსხვავდება დედაქანისგან ფერითა და შემადგენლობით. აბაშის კანიონის ძვლები იმდენად მყარადაა „ჩაბეჭდილი“, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტებით მათი დაუზიანებლად ამოღება შეუძლებელია. ექსპედიციის წევრებმა მხოლოდ ერთი – ზღვის ქვეწარმავალ მაზოზავრის მალის მსგავსი კონკრეცია და დიდი ზომის ნეკნის მსგავსი კაჟოვანი ჩანართი ამოიღეს. მასალის ლაბორატორიული კვლევა საშუალებას მოგვცემს, გავიგოთ, რასთან გვაქვს საქმე.

– არტეფაქტონების გარდა, კიდევ რით არის ამ მდინარის ხეობა საინტერესო და პერსპექტიული?

– გარდა პალეონტოლოგიური და გეოლოგიური წარმონაქმნების სიმრავლისა, მდინარე აბაშის ეს მონაკვეთი განსაკუთრებული სილამაზითაც გამოირჩევა: აქ მრავლადაა კლდის სიღრმეებიდან გამომდინარე ჩანჩქერები, უცნაური ფორმის თეთრი ფერის ლოდები, მარადმწვანე გვიმრები, ბზისა და უთხოვარის კორომები. მდინარე კი ფერს შაბიამნისფრიდან ზურმუხტისფრამდე იცვლის განათების მიხედვით.

– მსოფლიოს სამეცნიერო წრეები და ჟურნალისტები თუ დაინტერესდნენ ამ ამბით?

– ამჯერად მიმდინარეობს აღმოჩენილი მასალის დამუშავება. მალე წინასწარი შედეგებიც გვექნება მზად, რათა მსოფლიოს სამეცნიერო წრეებსაც ვაცნობოთ ჩვენი აღმოჩენის შესახებ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011 წლის გეგმაში სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმის კირქვოვანი მასივების კომპლექსური შესწავლა შევიდა. აქაური ადგილები მდიდარია ქვის ხანის არქეოლოგიური ძგლებით. თითქმის შეუსწავლელია რეგიონის სპალეოლოგია, ჰიროლოგია, გეოლოგია, გეოგრაფია, ცხოველთა და მცენარეთა სამყარო. მომზადდება ვიდეოფილმების სერია.

– ტურისტული პოტენციალი თუ აქვს ამ ხეობას?

– აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო დაინტერესდა სამეგრელოს რეგიონით. ახლა მზადების პროცესშია საკანონმდებლო აქტი, რომლის მიხედვითაც სამეგრელოს ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმაზე დაიწყება მუშაობა. მდინარე აბაშის სათავეები და, მათ შორის, ჩვენ მიერ აღმოჩენილი ადგილსაპოვებელი, მალე ბუნების ძეგლად გამოცხადდება. სატელევიზიო სიუჟეტების შემდეგ აქაურობას ტურისტების უპრეცედენტო ნაკადი მოაწყდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. პირველ ეტაპზე ვფიქრობთ საინფორმაციო ბუკლეტების გამოშვებას. კანიონის შესასვლელში არის გაუქმებული წყლის წისქვილი. მისი აღდგენის შემთხვევაში, ვიზიტორს შეეძლება, გაეცნოს წისქვილის მუშაობის პრინციპებს, გასინჯოს ახალდაფქული სიმინდის ფქვილისგან მომზადებული მჭადი და ღომი. ასევე, იგემოს ადგილობრივი სულგუნი, კუპატი, ხილი და სხვა პროდუქტები.



წისქვილთან ახლოს მდებარეობს რიყის ქვებით ამოშენებული მცირე ზომის ისტორიული საკალმახეც. დღეს გვირაბი და საკალმახე აუზი გასაწმენდია. საკალმახის აღდგენა ხელს შეუწყობს ამ ადგილის კიდევ მეტ პოპულარიზაციას.

მდინარე აბაშისა და მისი შენაკადების შესწავლას დიდი სამეცნიერო პოტენციალი აქვს. ამჟამად ილიას უნივერსიტეტი კონსულტაციას უწევს მუზეუმს ექსპოზიციის მოწყობაში.

P. S. ამ ადგილებს მეგრულად „ოფუცხოლე” ჰქვია, რაც „ფაციფუცს” ნიშნავს. თურმე ოდესღაც ეს კანიონი ყაჩაღების სამალავი იყო და მგზავრებსაც სწრაფად, ფაციფუცით უნდა გაევლოთ ის.


скачать dle 11.3