კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ახალი სუნთქვა გაჩნდა თინა მახარაძის ხასიათში და რატომ არ ჰქონდა მას ცოტა ხნის წინ ადამიანებთან ურთიერთობის სურვილი

ახალგაზრდა მსახიობი თინა მახარაძე ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”. იგი რეალურ ცხოვრებაში თავისი პერსონაჟისგან ძალიან განსხვავდება როგორც გარეგნულად, ისე ხასიათით. თინა ძალიან საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა და ბევრი რამ შევიტყვეთ მის შესახებ.

– სერიალ „გოგონა გარეუბნიდან” ხალხმა ასე თუ ისე, გაგიცნო, მაგრამ, ბევრი რამ მაინც არ ვიცით შენ შესახებ. როგორ ცხოვრობს თინა მახარაძე რეალურ ცხოვრებაში?

– ვსწავლობ თეატრალურ უნივერსიტეტში, ვარ მეოთხე კურსის სტუდენტი. ძალიან მომწონს ჩემი პროფესია, მინდა, ბოლომდე გავყვე ამ საქმეს და გავხდე პროფესიონალი მსახიობი. ამ ეტაპზე, როგორც იცით, ვთამაშობ სერიალში „გოგონა გარეუბნიდან.” ამჟამად მაქვს არდადეგები და ჩემი პირველი საფიქრალი სწორედ ის არის, როგორ გამოვიყენო ეს პერიოდი. რაც სერიალში დავიწყე გადაღება, ვეღარ ვახერხებ, დრო დავუთმო ჩემს ინტერესებსა და მათ განვითარებას. ახლა ვაპირებ, რომ ეს თხუთმეტი დღე ამისთვის გამოვიყენო.

– რას ნიშნავს შენთვის მსახიობობა?

– ეს არის მთელი ჩემი ოცნება, მიზანი. ამას შეიძლება, ვუწოდო ჩემი იდეაფიქსი. ვერც კი წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა პროფესიაში, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობობის გარდა სხვა ბევრი რამ მაინტერესებს.

– შენ თამაშობ ერთ-ერთ მთავარ როლს სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”. როგორ მოხდა შენი ამ როლზე დამტკიცება?

– საერთოდ არაფერი გამიკეთებია ამისთვის. იმ პერიოდში რეპეტიციები მქონდა რუსთავში, ჩვენი ახალგაზრდული დასი რომელიღაც სპექტაკლზე მუშაობდა. იქ ჩემმა ჯგუფელმა დამირეკა და მითხრა, რომ ქასთინგზე გავსულიყავი – მთელი ჯგუფი ჩავწერე და შენც ნუ გამოაკლდებიო. უარი არ ვუთხარი და უცებ შევირბინე. გამოვიყურებოდი საშინლად. ვიყავი მოჯონჯღლილი, როგორც ახლა ვარ, „დაჟე“, უფრო უარესად: დახეული მაისურით, ჯინსებით, შორტებით, კედებით, გაჩეჩილი თმითა და დიდი ყურსასმენებით. თუმცა, მოხდა ისე, რომ ამიყვანეს.

– შენი გმირისგან განსხვავდები ფიზიკურად და, ალბათ ხასიათითაც. ადვილად გაითავისე ეს როლი?

– შანსი არ არის, ჩაიცვა ისე, როგორც თამუნას აცვია, გაიკეთო ის გრიმი და კბილები და არ გახდე თამუნა ჭელიძე. მომენტალურად ვხდები სრულიად სხვა ადამიანი. ამ როლის გათავისება ნამდვილად არ ყოფილა ადვილი, რადგან, სრულიად განსხვავებული პიროვნებაა. თუმცა, ვცდილობ, კარგად გამომივიდეს. ეს მაყურებელმა უნდა შეაფასოს. მინდა გითხრათ, რომ მე და თამუნა ჭელიძე ორი თვისებით ვგავართ ერთმანეთს: მეც მასავით კეთილი ვარ და მასავით დაბნეული (იცინის).

– როგორც ჩანს, პროფესიული თვალსაზრისით, ძალიან დატვირთული ხარ. რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

– პირად ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ყოველთვის რაღაც ხდება. ტყუილი იქნება, რომ ვთქვა, არავინ მყვარებია-მეთქი. პირიქით ძალიან ხშირად ვარ შეყვარებული. როცა არავინ მიყვარს, მაშინ ვარ ყველაზე „ფეხებზე მკიდია” ადამიანი – არასდროს არაფერი არ მაინტერესებს ხოლმე, მაგრამ, თუ შეყვარებული ვარ, ვხდები ძალიან მგრძნობიარე, ერთგული. პატარა რაღაცაზეც კი ვნერვიულობ ხოლმე.

– ახლა თუ ხარ შეყვარებული?

– არ ვიცი (იცინის). სულ რომ ხვალ ვთხოვდებოდე, მაინც არ ვიტყვი მთელი ხალხის გასაგონად ვთხოვდები-მეთქი. ახლო წრეში, რა თქმა უნდა, ეცოდინებათ. რაც შეეხება საჯაროდ გამოცხადებას, როცა გავთხოვდები, მაშინ გაიგებენ (იცინის).

– ცხოვრებაში ხშირად რისკავ?

– კი, ძალიან მიყვარს გარისკვა, არასდროს ვფიქრობ ხოლმე შედეგზე. თუნდაც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თუ ბევრი არ გარისკე, არაფერი გამოვა. როცა მსახიობი ხარ, ყველაფერზე თანახმა უნდა იყო. ცოტა ხნის წინ შემომთავაზა ერთ-ერთმა დამწყებმა რეჟისორმა ფილმში ძალიან თამამ სცენებში თამაში. ეს არის ძალიან პროვოკაციული გოგონა, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი. აუცილებლად დავთანხმდები, თუ ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე მოვახერხე. სულ არ მაინტერესებს, რას იტყვის ამაზე საზოგადოება. მთავარია, როლი იყოს საინტერესო, თორემ, სხვა ადამიანი რას იტყვის, ყველაზე ნაკლებად მადარდებს.

– ესე იგი, საზოგადოების მიერ დაწესებულ ჩარჩოებში არ „ჯდები“.

– არასდროს არ „ვჯდები“ სხვის მიერ დაწესებულ ჩარჩოში, ჩემს ჩარჩოს ყოველთვის თვითონ ვაყალიბებ. მე სულ სხვა პრინციპები მაქვს და სხვის აზრზე ნამდვილად ვერ ვივლი.

– საუბარში ახსენე, რომ მსახიობობის გარდა გაქვს სხვა უამრავი ინტერესი, გატაცება, ჰობი.

– ნამდვილად ასეა. უამრავი სხვა ინტერესი მაქვს ცხოვრებაში. მაქვს იმის ამბიცია, რომ სხვებისგან აბსოლუტურად განსხვავებულად ვცხოვრობ. ძალიან ბევრი რამ მიყვარს ამ ცხოვრებაში: მიყვარს ხატვა, რომელიც არ გამომდის, მაგრამ მაინც ვხატავ. ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მსიამოვნებს: როცა მეკითხება – ვკითხულობ. როცა მეხატება – ვხატავ, როცა მეძინება – ვიძინებ. სულ გადარბენაზე ვარ. ტყუილი იქნება, რომ ვთქვა მეგობრებთან ვატარებ დიდ დროს-მეთქი. ყველაზე ნაკლებ დროს მათთან ვატარებ. საერთოდ, არ მყავს ბევრი მეგობარი, სულ სამი თუ იქნება ისეთი, ვისაც ბოლომდე ვენდობი. ძალიან მიყვარს ადამიანებთან საუბარი, დისკუსიები. შეიძლება, დავსხდეთ და სამი საათის განმავლობაში ვიკამათოთ ერთ თემაზე, რაც სიამოვნებას მგვრის, ეს ნიშნავს იმას, რომ მე და ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები ვაზროვნებთ, ვფიქრობთ და ეს ძალიან კარგია.

– შენს უარყოფით თვისებად რა მიგაჩნია?

– ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ყოველთვის ხმამაღლა ვაფიქსირებ ჩემს აზრს. ხშირად ვარ ძალიან რადიკალური – თუ რაღაც არ მომწონს, არ მახასიათებს ანგარიშგაწევა, ეს, რა თქმა უნდა, ჩემი მინუსია. აქედან გამომდინარე, შეიძლება გამიჭირდეს საზოგადოებასთან ადაპტაცია, თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, საზოგადოება არ არის ჩემთვის ავტორიტეტული.

– ზემოთ ახსენე, რომ სხვის აზრს იშვიათად ითვალისწინებ და ყოველთვის იმას აკეთებ, რაც შენ გინდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ძალიან ჯიუტი ხარ?

– კი, ძალიან ჯიუტი ვარ და ვიცი, რომ ეს ძალიან ცუდია. ნეტა შემეძლოს ამის გამოსწორება. მაშინ ჩემი ცხოვრება გაცილებით მარტივი, კარგი და სასიამოვნო იქნებოდა. არავის პრობლემებს არ შევუქმნიდი და მეც არავინ არ შემიქმნიდა. მოკლედ, ყველაფერი ჩემი სიჯიუტიდან მოდის.

– ადამიანებთან ადვილად შედიხარ კონტაქტში?

– იყო დრო, როცა არავის ვუმეგობრდებოდი, არავინ მაინტერესებდა. ამ ბოლო დროს კი ჩემში ახალი სუნთქვა გაჩნდა და უცბად კომუნიკაბელური გავხდი. ადრე ვინმესთან კონტაქტში შესვლის სურვილი არ მქონდა, გარეთ გასვლაც კი არ მინდოდა. ჩემი სტიქია მქონდა. დროთა განმავლობაში კი მივხვდი, რომ ძალიან საინტერესოა ადამიანებთან ურთიერთობა, მათთან საუბარი, თუნდაც კამათი.

– საერთოდ ცვალებადი ადამიანი ხარ თუ ყოველთვის ერთნაირი თინა ხარ?

– საშინლად ცვალებადი ვარ. მაგალითად, შეიძლება, ახლა აქ შემოვიდეს ვიღაც, ვისი ხმის ტემბრიც არ მომეწონოს და ძალიან ცუდ ხასიათზე დავდგე. ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ მე მაქვს ერთი პრობლემა: იდეაფიქსად გამიხდა, რომ თითოეული ადამიანისგან ვითხოვ აბსოლუტურ სიმართლეს. თუ ადამიანში დავინახე სულ პატარა სიყალბე, ჩვენი ურთიერთობა იქ დამთავრდება. ბოლომდე უნაკლო ნამდვილად არ ვარ. შეიძლება, უამრავი „წიკი” და პრობლემა მაქვს და, ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ ადვილად ასატანი ვარ.

– როგორ ადამიანთან ვერ იმეგობრებ ვერასდროს?

– ვერ ვიმეგობრებ იმასთან, ვინც არასდროს არ იღიმება, რომელსაც უყვარს ზურგსუკან ჭორაობა. ხშირად ყოფილა შემთხვევა, არ მომწონებია ადამიანი, მაგრამ ახლოს გაცნობის შემდეგ აზრი შემცვლია. ამ შემთხვევაში ძალიან დამნაშავედ ვგრძნობ ხოლმე თავს. თუ ადამიანს გულს ვტკენ, მერე ძალიან ვნანობ ხოლმე. აუცილებლად მოვუხდი ბოდიშს, თუ დამნაშავე ვარ. საერთოდ, ძალიან ფეთქებადი ვარ. უცბად შეიძლება რაღაცაზე გავბრაზდე, ავფეთქდე, მაგრამ, ცოტა ხნის შემდეგ ვწყნარდები. ყველა ადამიანი ერთნაირი ხომ არ არის. ზოგს ასე უნდა მიდგომა, ზოგს – ისე. მე არ შემიძლია, დავდგე და ის ვაკეთო, ყველას რაც სიამოვნებს.

– ცხოვრებაში თამაში თუ გიწევს?

– ძალიან მინდა, რომ შემეძლოს ცხოვრებაში თამაში, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში არ გამომდის, თუმცა ეს აუცილებელია. კარგია, ვისაც ეს კარგად ეხერხება. ცხოვრებაში გაცილებით მეტს აღწევენ. თუნდაც ამით განვსხვავდები მე სხვებისგან.

– შენ თავს არაორდინარულ პიროვნებად მიიჩნევ?

– ადრე მეგონა, რომ ყველასგან განსხვავებული ვიყავი, რასაც მე ვფიქრობდი, ამას სხვა არავინ ფიქრობდა. ბოლომდე მეც არ ვიცი, როგორი ვარ. ერთ წუთში ასეთი ვარ, მეორე წუთში, შეიძლება, სულ სხვანაირი ვიყო.

– ყველასგან განსხვავებული ხასიათი მაქვსო, ახსენე. ამის გამო ჭორების მსხვერპლი არ ხდები ხოლმე?

– ძალიან ხშირად მესმის ჩემზე ისეთი უაზრო და საშინელი ჭორები, ვფიქრობ ხოლმე, როგორ არ ეზარება ამ ხალხს ამ ყველაფრის გამოგონება. ცოტა ხნის წინ გავიგე, ამბობდნენ, ნიჭიერი ბევრია, მაგრამ ასე არ უმართლებთ და მანდ სხვა რაღაცაშია საქმეო. კიდევ არის ერთი საინტერესო ჭორი ჩემ შესახებ – თითქოს მე ნარკომანი ვარ. არ ვიცი, რა შეიძლება ვუწოდო იმათ, ვინც ამას იგონებს. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და, რატომ ყოფენ ცხვირს იქ, სადაც საჭირო არ არის, ნამდვილად ვერ ვხვდები.


скачать dle 11.3