კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ “ევასებოდა„ ნახალოვკელი ბორის ბედია თეთრწვერა და ფუმფულა თოვლის ბაბუას და როგორ აკივლებდა ყოველ ახალ წელს მეზობლებს ის

წლების წინ, როდესაც „რუსთავი 2-ის” არხზე, პროექტ „ჯეოსტარში” ბორის ბედია გამოჩნდა, მისი მონაცემები ყველამ ერთხმად შეაფასა და დიდი სცენისკენ დაულოცა გზა. ეჭვი არავის შეჰპარვია, რომ ბორისი თავისი ხმის ტემბრით, ემოციური შესრულებითა და დახვეწილი ჟესტებით, არაერთი გოგონას გულს დაიპყრობდა.

ბორისისთვის არც გამოუვალი თუ კურიოზული სიტუაციებია უცხო და არც საახალწლოდ დაჰკლებია სახალისო ამბები, როცა საკუთარი ვინაობის დამალვის გამო, „სასიამოვნოდ” გაულანძღავთ. როგორც მასთან საუბარში შევიტყვე, თურმე ფრენის პანიკურად ეშინია, ამ დროს არაამქვეყნიური ხდება, გოგონებთან ურთიერთობისას კი ტაიმაუტის აღება უწევს ხშირად. ბორისი ძალიან გულღია, ხალისიანი და ენაწყლიანი რესპონდენტია და მის გვერდით, ნებისმიერი ადამიანი თავს კომფორტულად იგრძნობს.

– ხშირად თუ ხვდები გამოუვალ და სასაცილო სიტუაციებში? და ასეთ ამბებში მეგრული მაკვარანცხობა თუ გშველის?

– რასაკვირველია, როგორც ყველა ადამიანი, მეც ვხვდები გამოუვალ თუ სასაცილო სიტუაციებში და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ დროს, თავის დასაძვრენად, მეგრული მაკვარანცხობა კი არა, „აბეზალოვკაა” ტყუილი უნდა ვთქვა და ეს უფრო მშველის (იცინის).

– ბორის, ყველა გცნობს. ამის გამო თუ ჩავარდნილხარ საინტერესო და კურიოზულ სიტუაციაში?

– ერთი ისტორია გამახსენდა: „ჯეოსტარის” ერთ-ერთი ტურს რომ გამოვეთიშე ნაკლები ესემესების გამო, იმ პერიოდში ტაქსით მომიწია მგზავრობა. მეჩქარებოდა, თან, ძალიან ციოდა, ჩაფუთნილი ვიყავი, კაშნე ისე მქონდა მოხვეული, მარტო თვალები მიჩანდა. გავაჩერე ტაქსი და უკან ჩავჯექი. მძღოლი აჟიტირებული იყო და გამიბა საუბარი: კაცო, ის მეგრელი ბიჭი როგორ გამიგდეს „ჯეოსტარიდან”, მაშ ეს სამართალია, იმას „ვბალეშჩიკობდი” და როგორ ვერ გაიმარჯვაო. მეც ავყევი მძღოლს: კარგი რა, ბიძაჩემო, რას მღეროდა, შენ შემოგევლე, მაგაზე უკეთ მღერიან, გასაგდები იყო და გააგდეს-მეთქი. გადაირია, გაცოფდა: არაფრის აზრზე არ ყოფილხარ, სიმღერისა არაფერი გესმის, თორემ მასე არ იჭიკჭიკებდი, ჩემი ბიჭიო. მოკლედ, რომ აიჯაგრა ჩემზე და აღარ გაჩერდა, ავდექი და ვუთხარი, ჰო კარგი, მე ვარ ის მეგრელი გამოგდებული ბიჭი-მეთქი. აი, იქ უნდა გენახათ რა მოხდა.

– რა მოხდა?

– გააჩერა მანქანა, გადავიდა, გააღო ჩემი კარი, გადამეხვია, მკოცნა და მკოცნა. ვიფიქრე, რა მალაპარაკებდა, ველანძღე, ამდენ დროს ხომ არ დაკარგავდა ჩემს ხვევნა-კოცნაში და დროზე მიმიყვანდა ადგილზე-მეთქი (იცინის). ასე რომ, ჩემს თავზე ცუდის თქმა არ მიღირს, ჰოდა, მეც ვიქებ და ვიდიდებ, აბა, რა ვქნა (იცინის).

– ბორის, შენმა ახლობლებმა მითხრეს, თუ სუფრასთან დალია და სიმღერა დაიწყო, ვეღარ გააჩუმებენო. მართალია?

– ნაწილობრივ მართალია (იცინის). ერთხელ მარტვილში ვიყავი. სუფრა გაიშალა, მოიტანეს „საფერავი“. ერთი ჭიქა რომ დავლიე, ძალიან მომეწონა, მეორე რომ მივაყოლე, კიდევ უფრო მომეწონა, მესამე მივაყოლე, მეოთხე... და ისე დავთვერი, თქვენი მოწონებული. თავიდან, მთხოვდნენ, ბორის, იმღერეო, მაგრამ არ ვმღეროდი, ცოტა მერიდებოდა, უფრო სწორად მრცხვენოდა. მაგრამ, რომ დავლიე და ძარღვებს დაუარა „საფერავმა“, დავაღე პირი, დავიწყე სიმღერა და რაც კი ხმა ამომდიოდა, იმხელაზე გავკიოდი. ჩემი მოკეტვა ადვილი იქნებოდა (იცინის)? ისე განწირული ვმღეროდი, სულ თავბედი ვაწყევლინე თანამოსუფრეებს. მგონი, ფიქრობდნენ, რას ვთხოვდით სიმღერას, ვერ იჯდა ჩუმადო (იცინის).

– შეყვარებული როგორი ხარ? თუ ნასვამი ასეთ ხასიათზე დგები, შეყვარებულს, ალბათ, ვეღარ გაჩერებენ, იმდენს მღერი, არა?

– სულ ვამბობ, ყველაზე დიდი, ორკვირიანი სიყვარული „გავქაჩო”-მეთქი (იცინის). თუ გიყვარს, კაცმა უნდა იმღერო და თანაც ხმაურიანად, აბა, როგორ?! სხვათა შორის, გატაცებებიც მქონია, ყვავილებიც მიმიტანია, ქუჩაშიც მიმღერია გოგონასთვის, მაგრამ მერე მივმხვდარვარ, რომ ეს ის არ არის და სიყვარულში ტაიმაუტი ამიღია. ვა, სიყვარულში შესვენებ-დასვენების პერიოდებიც ხომ უნდა გქონდეს ადამიანს?!

– გოგონასთვის სიყვარული სიმღერით თუ აგიხსნია?

– სიმღერით არ ამიხსნია სიყვარული, მაგრამ დამიმტკიცებია. ერთხელ, დიდუბის ეკლესიასთან შევხვდი ერთ გოგონას. დაიჟინა, გინდა თუ არა, არ გიყვარვარ, არ მჯერა, შენ სხვებს უმღერი, მე კი არაო. ვიფიქრე, სხვა გზა არ მაქვს, აქვე უნდა დავუმტკიცო ამას ჩემი გრძნობები-მეთქი. დავიჩოქე და ასე ვუმღერე მთელ ხმაზე კლასიკა. სულ გადაირია, ყველა ჩვენ გვიყურებდა. მერე, ერთ გოგონას ვუმღერე კორპუსთან ფონოგრამაზე. მეათე სართულზე ცხოვრობდა და იქამდე ვაწვდენდით ბიჭები ხმას. საბოლოო ჯამში, იმასაც დავშორდი. იცით, როგორი ხასიათი მაქვს? მგონია მიყვარს, მერე მივხვდები, რომ არ მიყვარს. ავიღებ ტაიმაუტს, მერე ისევ მგონია, მიყვარს, თუმცა მალევე ვხვდები რომ არ მიყვარს, ისევ ავიღებ ტაიმ-აუტს და ვარ ასე „გატაიმაუტებული” (იცინის).

– ბორის, ბავშვობაში მეზობლებს ასაფეთქებლებით გულს არ უხეთქავდი?

– როგორ არა. მე და ჩემი საძმაკაცო, ახალ წელს დავირბენდით კორპუსს და ყველა კართან ვდებდით ასაფეთქებლებს. მივაჭერდით ზარს ხელს, გააღებდნენ გაღიმებულები და... ბახ!... მიდიოდა საახალწლო წივილ-კივილი (იცინის).

– მერე, ასე ცუდად რომ იქცეოდი, თოვლის ბაბუს მოჰქონდა შენთვის საჩუქრები?

– მთელი ბავშვობა ველოდებოდი თოვლის ბაბუას, სულ გული მწყდებოდა, რომ ვავიწყდებოდი და ჩემთან არ მოდიოდა. არ დამავიწყდება, როგორ ვნატრობდი, ნეტავ, ჩემთანაც მოვიდეს ფუმფულა თოვლის ბაბუა თეთრი წვერით და საჩუქრებით-მეთქი. ეს ნატვრა არ ამიხდა, ეტყობა, ნახალოვკელები არ „ვევასებოდით” (იცინის). ახლა რომც მოვიდეს, მაინც აღარ მჯერა მისი არსებობის და თუ საჩუქარს გამომიგზავნის, ამაზე უარს არ ვეტყვი.

– ბორის, თუ დაკარგულხარ უცხო მხარეში და ამის გამო შიში თუ გიჭამია მეგრელ კაცს, შუაგულ ევროპაში?

– შიში ვჭამე კი არა... არ ვიტირე, რო... (იცინის). უცხოეთში ყოფნის დროს ვცდილობ, ტანსაცმელები შევიძინო. რა დაგიმალოთ და, ძალიან მიყვარს კარგი ჩაცმა-დახურვა და ამისთვის ფული არ მენანება. მოკლედ, უცხოეთში ჩასულმაც გადავწყვიტე „წაშოფინგება” და ისე გავერთე ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით, რომ გზა ვეღარ გავიკვლიე. მაგრამ ტანსაცმლის ყიდვა მაინც მოვასწარი, სანამ ვიტირებდი.

– სერიოზულად იტირე იმ უცხო ხალხში?

– ჰო, მართლა, სერიოზულად გადმოვყარე ნიანგის ცრემლები. (იცინის). ტელეფონი მე არ მქონდა, ჰოლანდიური მე არ ვიცოდი და ჩემი ქართულ-მეგრულით იქ ვის გავაოცებდი? გამვლელ-გამოვლელები გიჟებივით მომშტერებოდნენ, ამ მამაცხონებულს ამდენი „პაკუპკები” გაუკეთებია, დატვირთულა და რა ატირებსო. ასე რომ, არც ჩემმა მეგრულმა გაჭრა და არც ჩემმა ცრემლებმა. ბოლოს ისევ მეგრულმა ჯიშმა იყივლა, გონს მოვედი, კარგად გავიხედ-გამოვიხედე, დავიწყე წინ და უკან ბოდიალი და არ „გავჩითე” ერთი ჩემიანი შორიდან? „დავგაზე“ და ისეთი გავვარდი, ბოლი დავაყენე (იცინის).

– ისე, მგზავრობის შიში თუ გაქვს და ექსტრემალური სიტუაცია თუ შეგქმნია?

– ძალიან მეშინია ფრენის და ეს შიში ვერა და ვერ მოვიშორე. თვითმფრინავი რომ აფრინდება, ისეთ დღეში ვარ, ცხოვრების ყველა წამი თვალწინ კადრებივით დარბის და მგზავრები ჩემს დაწყნარებას უნდებიან. დაფრენის დროს კი თვალწინ გვირაბი მოჩანს. აი, ისეთი, რომ ამბობენ, ლეთარგიული ძილის დროს ვნახეთ, იმქვეყნად ქროლვისასო.

– მერე გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს?

– ჩანს, როგორ არა (იცინის). ასე რომ, ყოველი თვითმფრინავის აფრენ-დაფრენა, ჩემთვის იმქვეყნად ვიზიტივითაა და რა ვქნა? ისეთ დღეში ვარ, მგონი, სტიუარდესები ფიქრობენ, დაჯექი რა სახლში, აქ რას გვიწიოკებ ამ პატიოსან მგზავრებსო (იცინის). რა ვქნა, ჩემი ბრალი ხომ არ არის, მეშინია და თუ აუცილებელია იქ გამგზავრება, უცხოეთისკენ გზას ფეხით ხომ არ დავადგები?


скачать dle 11.3