კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოკლა მეგობარი 52 წლის კოჭლმა და ბრმა მამაკაცმა

ორი ადამიანის მკვლელობისთვის 52 წლის მალხაზ მ-ს 32 წლით პატიმრობა მიესაჯა. წარსულში გაუპატიურების მცდელობისთვის ნასამართლევი მკვლელი არა მხოლოდ კოჭლი, ცალი თვალით ბრმაა. სწორედ ამ გარემოებების გამო, მის მიერ ჩადანილი უსასტიკესი მკვლელობები თვით სამართალდამცველებმაც ეჭვქვეშ დააყენეს და დამნაშავე კინაღამ უდანაშაულოდ გამოაცხადეს. თუმცა, საბოლოოდ, მის მიერ ჩადენილი სისასტიკე უტყუარად დადასტურდა.

მალხაზ მ. განსასჯელის სკამზე თავდაპირველად გაუპატიურებისთვის მოხვდა. გამოძიების მასალებით, 46 წლის ასაკში მან ქმრიანი ქალის გაუპატიურება თავად ქალის სახლში სცადა, მაგრამ მსხვერპლმა აჯობა – კაცს სახეში ჯერ მჟავა შეასხა, შემდეგ მეორე სართულიდან დააგორა. ხმაურზე გამოსულმა მეზობლებმა, მალხაზ მ-ს სასტიკად სცემეს. შედეგად, მოძალადემ ერთ თვალში მხედველობა მთლიანად დაკარგა. გარდა ამისა, კიბიდან დაგორების გამო, ფეხი ბარძაყში მოსტყდა და საბოლოოდ დაინვალიდდა. ამის მიუხედავად, ციხეს მაინც ვერ ასცდა – გაუპატიურების მცდელობისთვის 3 წლით საკანში გამოამწყვდიეს...

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მალხაზ მ. მარტოდმარტო ცხოვრობდა, მხოლოდ თანასაკნელები თუ აკითხავდნენ. არც მეზობლებს ეკონტაქტებოდა და არც ახლობლებს. მეზობლების თქმით, მართალია, მათ არაფერს ერჩოდა, მაგრამ მისი უცნაურობების გამო თავს არიდებდნენ – იმდენად აგრესიული იყო, გამარჯობის თქმისაც კი გვეშინოდაო.

მალხაზ მ. მეორედ 50 წლის ასაკში მკვლელობისთვის გაასამართლეს. საქმე ისაა, რომ 2009 წლის 28 აგვისტოს მისი მეზობლები უცნაურმა სუნმა შეაწუხა და პოლიცია გამოიძახეს – ივარაუდეს, რომ მათი ინვალიდი მეზობელი უპატრონობით გარდაიცვალა, მაგრამ პოლიციამ მის ბინაში სრულიად უცხო ადამიანის გვამი აღმოაჩინა.

იმ მომენტში თავად სახლის პატრონი თბილისში საერთოდ არ იმყოფებოდა. როგორც გაირკვა, ორი დღით ადრე ის რაიონში ნათესავის წლისთავზე წასულა. როდესაც მალხაზ მ. თბილისში ჩამოიყვანეს, ის ირწმუნებოდა, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ ბრალი მაინც წაუყენეს. მისი ვერსიის თანახმად, მან გასაღები მეგობრის მეგობარს ათხოვა, რომელსაც მის ბინაში საცოლე უნდა მიეყვანა. მისი თქმით, გასაღების გადასაცემად მას ორთაჭალის ავტოსადგურში შეხვდა, სადაც შეუთანხმდა, რომ თბილისში წამოსვლამდე წინასწარ დაურეკავდა და გასაღების დასაბრუნებლად შეხვედრას იქიდან დაუთქვამდა. თუმცა, ვინ იყო ის პიროვნება, მისი ვინაობა ვერ დაასახელა. მხოლოდ მეგობრის მეტსახელი – „ჩიკო“ იცოდა, რაც გამოძიებას ვერაფერში დაეხმარებოდა. ამიტომ, სამართალდამცველებმა ჩათვალეს, რომ ეჭვმიტანილი ცრუობდა, – მათ უცნობისთვის გასაღების დატოვება წარმოუდგენლად მიიჩნიეს და მალხაზ მ. დამნაშავედ ცნეს. გარდა ამ გარემოებისა, არდაჯერების მიზეზი ბინაში აღმოჩენილი მტკიცებულებებიც გახდა – მკვლელობის ადგილზე მხოლოდ სახლის პატრონისა და გარდაცვლილის თითის ანაბეჭდები აღმოჩნდა, რაც მალხაზ მ-ს დამნაშავეობაზე მიანიშნებდა. ამიტომ, ეჭვმიტანილი დამნაშავედ ცნეს და 8 წელი ისე მიუსაჯეს, გაუგებარი დარჩა მკვლელობის მოტივი. ერთადერთი ის დადგინდა, რომ გარდაცვლილი გორის რაიონში მცხოვრები 50 წლის მამაკაცი ვინმე ირაკლი ლ. იყო.

ვინაიდან პატიმარს ფული არ ჰქონდა, მისი დაცვა სახაზინო ადვოკატმა ითავა, რითაც მალხაზ მ-ს ძალიან გაუმართლა – ფაქტობრივად, ადვოკატმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „უდანაშაულო ინვალიდი“ ციხიდან ეხსნა.

მალხაზ მ-ს ინვალიდობის გამო ადვოკატმა ყველა ინსტანციაში იჩივლა, ყველას არწმუნებდა, რომ უდანაშაულოს ბრალს ტყუილად სდებდნენ და იმდენს მიაღწია, რომ გამოძიებას მუხლი შეაცვლევინა, კერძოდ, დაამტკიცა, რომ ამ კატეგორიის ინვალიდს ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე მკვლელობის ჩადენა არ შეეძლო, ანუ, იმის მიუხედავად, რომ მტკიცებულებები მალხაზ მ-ს ბრალეულობაზე მეტყველებდა, ადვოკატის წყალობით, საპატიმრო მან ოთხ თვეში დატოვა. თუმცა, სასამართლოს ბრალდება მთლიანად არ მოუხსნია – ვინაიდან გვამი მის ბინაში აღმოჩნდა, გაუფრთხილებლობაში დაადანაშაულეს და 5 წელი პირობითი მიუსაჯეს.

ციხიდან გათავისუფლებულმა მალხაზ მ-მ თბილისში მდებარე მის სახელზე გაფორმებული ბინა 7 000 დოლარად დააგირავა და საცხოვრებლად რაიონში გადავიდა. ბინის ფულით კი მაღაზია იყიდა, გამყიდველი დაიქირავა და პროდუქტებით ვაჭრობდა.

გამოძიების ვერსიით, ზუსტად სამი თვის შემდეგ, მალხაზ მ-ს სოფელში ძველმა ნაცნობმა, ვინმე სიკო ც-მ ჩააკითხა. სტუმარს მასპინძელი ქუჩაში შეხვდა და, ვიდრე სახლში აიყვანდა, პროდუქტები და ჭაჭის არაყი შეიძინა. დიდი ხნის ნაცნობმა მეგობრებმა ქეიფი დაიწყეს, თუმცა, როგორც ირკვევა, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო, სტუმარ-მასპინძელს ჩხუბი მოუვიდა. დაუჯერებელია, მაგრამ, მიუხედავად ინვალიდობისა, მალხაზ მ-მ სტუმარს ყელში წაუჭირა და მოახრჩო. შედეგად, სიკო ც. ასფიქსიით გარდაიცვალა.

დანაშაულის დაფარვის მიზნით, მკვლელმა მას ტანსაცმელი გახადა, დანით აჩეხა, ნაწილები პარკში ჩააწყო, ზემოდან ზეწარი შემოახვია და რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთი პიროვნების ფერმაში ღორებთან დატოვა. უკან დაბრუნებულმა კი ტანსაცმელი ეზოში ჩაიტანა, ნავთი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ხოლო, როდესაც „საქმეს მორჩა“, მაღაზიაში შეიარა, გამყიდველს ნავაჭრი თანხა მთლიანად გამოართვა, დაუბარა, სასწრაფო საქმეზე თბილისში მივდივარო და დაარწმუნა, რომ ერთ კვირაში დაბრუნდებოდა.

ამ ყველაფრის შემდეგ, მალხაზ მ. სახლში დაბრუნდა, შეძლებისდაგვარად არეული ოთახი მიალაგა, დაიძინა და დაახლოებით დილის 7 საათზე სახლიდან წავიდა.

სისხლის სამართლის საქმეში ყველაზე საინტერესო ის გარემოებაა, თუ როგორ იპოვეს მოკლული. მკვლელობის მეორე დილით, ფერმის პატრონმა შვილთან ერთად ფერმაში ღორებს ჩააკითხა – სადგომი უნდა დაესუფთავებინათ და საკვები მიეტანათ. ფერმაში ჯერ ბავშვი შევიდა. ვინაიდან ყინავდა, მამას მანქანიდან წყალი უნდა გამოეშვა, მაგრამ, ცოტა ხანში ფერმიდან ბავშვის კივილი მოისმა.

მამის ჩვენებიდან: „ბავშვის ყვირილი შემომესმა. ვივარაუდე, რომ ღორებმა შეაშინეს და მისკენ წავედი. ამ დროს ბავშვი წელში მოხრილი, გულისრევით მოდიოდა. ვიფიქრე, სუნის გამო გახდა ცუდად, მაგრამ, სადგომში რომ შევედი, მეც ცუდად გავხდი. გეჯაში, სადაც ღორებს საჭმელს ვუყრით, ნახევრად შეჭმული ადამიანის ნაწილები ეყარა. რომ არა თმა, ვიფიქრებდი, რომ ძვლები საქონლისა იყო, მაგრამ, ის აშკარად ადამიანს ეკუთვნოდა. მეც ცუდად გავხდი, მაგრამ ბავშვის გამო თავს მოვერიე, მასთან ერთად უკან გამოვბრუნდი და მომხდარი პოლიციას შევატყობინე. შემდეგ სამართალდამცველებმაც დაადასტურეს, რომ ძვლები ადამიანს ეკუთვნოდა“.

დამნაშავის შესახებ სამართალდამცველებისთვის მესამე დღეს გახდა ცნობილი. როგორც ერთ-ერთმა მეზობელმა, ვალერიან უ-მ განაცხადა, ის გვიანობამდე ფეხბურთს უყურებდა. გამთენიისას მეზობლის კარის გაღებისა და მისი ხმაურით დახურვის ხმა გაიგო. თავიდან წამოდგომა დაეზარა, მაგრამ 10 წუთში, როდესაც ფანჯარაში გაიხედა, მათ მეზობლად ახლადჩამოსული მალხაზ მ. დაინახა, რომელიც რაღაცას მიათრევდა. მისი დანახვა ასეთ დროს ჩვეულებრივი ამბავი იყო – ადრეც ხშირად დაუნახავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ის გაუკვირდა, რომ მალხაზი თეთრ ქსოვილში გახვეულ მძიმე ტვირთს ტალახში მიათრევდა. ამის მიუხედავად, ცუდი მაინც არ უფიქრია, მაგრამ დილით ეჭვი იმის გამო გაუჩნდა, რომ ეზოში დამწვარი ქსოვილის ნაჭრები, მათ შორის თეთრი ზეწრის ნაკუწები დახვდა, რომელსაც სისხლის კვალი აჩნდა... მოწმის თქმით, მან თანასოფლელებისგან იცოდა, რომ მალხაზ მ. წარსულში სასჯელს ჯერ გაუპატიურებისთვის, შემდეგ კი მკვლელობისთვის იხდიდა.

მეორე მეზობლის ჩვენებით, განსასჯელს თითქმის ათი წელია, იცნობს. მისი თქმით, იმ ღამეს, გამთენიისას, ცეცხლის შუქმა გამოაღვიძა, მაგრამ ვინაიდან ბავშვები საბურავებს ხშირად წვავდნენ, იფიქრა, იგივე მეორდებოდა და დასაძინებლად ისე დაწვა, ფანჯარაში აღარც გაუხედავს. დილით კი ჩხუბმა გამოაღვიძა – მეზობელი იმ ადამიანს სწყევლიდა, ვინც მის გასუფთავებულ ეზოში სისხლიანი ქსოვილი დაწვა...

სწორედ ამიტომ აიღო პოლიციამ ეჭვი მალხაზ მ-ზე, რომელიც თბილისში, ტაქსიში დააკავეს. როგორც ყოველთვის, განსასჯელმა დანაშაული უარყო, მაგრამ ყველაფერი გარდაცვლილის ძმის ჩარევით გამოაშკარავდა. საქმე ისაა, რომ გაუჩინარებული სიკო ც-ს ძმამ პოლიციას მიმართა. დაზარალებული მოითხოვდა, ეპოვათ მისი ძმა, რომელიც თიანეთიდან მალხაზ მ-სთან საქმეზე წავიდა, მაგრამ ვეღარ უკავშირდებოდა. როგორც გაირკვა, აწ გარდაცვლილი მალხაზ მ-სთან იმ მიზეზით გაემგზავრა, რომ სოფელში ყურძნის ყიდვასა და მის სახლში დაწურვას აპირებდა.

ამ ინფორმაციის შეტყობინების შემდეგ, გარდაცვლილის ძვლებს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის ნიმუშებიც მისი ძმისას შედარდა. შედეგად, დადასტურდა, რომ გარდაცვლილი ნამდვილად სიკო ც. იყო.

რაც შეეხება თავად პატიმარს, მისი ჩვენებით, გარდაცვლილს ციხიდან იცნობდა: „ქეიფისას „იაზვურად“ დამიწყო ლაპარაკი, ნერვებს მიშლიდა, თავში მირტყამდა და ჩემს ნათესავებს ლანძღავდა. რა გავაკეთე, არ მახსოვს. როცა მეხსიერება დამიბრუნდა, გვამი სახლში აღარ იყო, არ მახსოვს, რა ჩავიდინე“.

საბოლოოდ, სასამართლომ მისი თავის მართლება არ გაიზიარა, ჩათვალა, რომ დამნაშავეს მკვლელობა აფექტში არ ჩაუდენია და მალხაზ მ. ციხეში 32 წლით „გაამწესა“.


скачать dle 11.3