კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ თხოვდებიან მოზარდი გოგონები მშობლების ჯიბრით და რატომ ინგრევა საქართველოში ოჯახები მასობრივად

90-იან წლებში საქართველოში 14-15 წლის ასაკში ქორწინება მასობრივ მოვლენად იქცა. დუხჭირი ცხოვრების პირობებში პატარა ასაკში ოჯახი ბევრმა შექმნა, რაც ხშირ შემთხვევაში კარგი შედეგით არ დასრულებულა. ნაადრევი ქორწინების მიზეზებსა და ამ მხრივ დღევანდელ ვითარებაზე ფსიქოლოგი ანა ჩანგაშვილი გვესაუბრება.

– ყველას კარგად გვახსოვს ავად სახსენებელი 90-იანი წლები – სწორედ ამ პერიოდში გასაჭირსა და უშუქობასთან ერთად, იყო ნაადრევი ქორწინებების ნამდვილი ბუმი. დასავლეთში საკმაოდ გვიან ქორწინდებიან და განქორწინებათა რიცხვიც დიდია. აღმოსავლეთში კი პირიქით ხდება. ჩვენ ამ ორს შორის რაღაც უხერხულად ვართ გაჩხერილები.

– აზიურ ქვეყნებში ოჯახის ინსტიტუტი და ოჯახური ღირებულებები უფრო მტკიცეა და მკაცრად დაცული, ვიდრე ევროპულში. აზიაში ოჯახი პატრიარქალურია, ევროპაში კი მას დიდ პატივს არ სცემენ. ჩვენში სოციალური გარემოს გაუმჯობესების, წინსვლის, მეტი ინფორმაციულობის კვალდაკვალ, ადრეულმა ქორწინებამ ნამდვილად იკლო, მაგრამ, ოჯახების რღვევის მაჩვენებელი ჯერ კიდევ სავალალოა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ადრეული ქორწინებების ხარჯზე. შესაძლოა, გვიან მოხდეს ქორწინება, მაგრამ წყვილმა „თავი ამოწუროს“ და დაშორდეს ერთმანეთს. ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების განათლებას.

– რა არის ნაადრევი დაქორწინების ძირითადი მიზეზი? მოდი, ჯერ გოგონებზე ვისაუბროთ.

– იცით, ეს ფართო, ვრცელი საუბრის თემაა. ფსიქოლოგიაში არ არის მიღებული რაიმე ერთი ზუსტი საზომით ყველა პრობლემის მიმართ მიდგომა, არ მიყვარს სტერეოტიპები – ეს ასე უნდა იყოს. ის ისე... ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და, აქედან გამომდინარე, ცალკე კვლევისა და განხილვის საგანია თითოეული შემთხვევაც. თუმცა, რა თქმა უნდა, ზოგადად მიღებული კლასიფიკაცია მაინც არსებობს თეორიაში. ძირითად გამომწვევად ორი მიზეზი ითვლება: ერთია ლტოლვა საწინააღმდეგო სქესის მიმართ, როცა გოგონა მანამდე მისთვის უცნობ შეგრძნებებს ელტვის და ეძებს; ის ნებისმიერ მსუბუქ, ბავშვურ გატაცებასაც სიყვარულად მოიაზრებს. მეორე და უფრო რთული მიზეზი – ოჯახიდან გაქცევის, თავის დაღწევის სურვილია. თუ ოჯახში არ არის მოზარდისთვის კომფორტული გარემო, თუ დედ-მამა ხშირად ჩხუბობს, თუ მას სიყვარულის დეფიციტი აქვს, მეტიც, შესაძლოა, ხელით ეხებიან კიდეც, ან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, ასეთ შემთხვევაში, ის მზადაა, პირველსავე შემხვედრს გაჰყვეს ცოლად, ოღონდ ოჯახს თავი დააღწიოს. ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ გამოდის. ზოგჯერ ქმარიც მოძალადეა, ან ოჯახი ინგრევა... მოკლედ, საქმე უფრო რთულად არის, ვიდრე ჩვენ ამ ინტერვიუში შეგვიძლია ვისაუბროთ, სამწუხაროდ, ამ ასაკში ვერ აცნობიერებენ, რომ ოჯახი უდიდესი ტვირთია. ხშირია მშობლების ჯიბრით ქორწინებაც – ამით ისინი ქვეცნობიერ და, არცთუ იშვიათად, ცნობიერ პროტესტს გამოხატავენ. ვიცნობ რამდენიმე ძალიან კარგ გოგონას, რომლებიც 14-15 წლის ასაკში გათხოვდნენ, რომ გაჰქცეოდნენ უყურადღებობას, უსიყვარულობას, გაუცხოებულ ურთიერთობებს.

– განქორწინების შემთხვევაში რა ხდება, რა გზას ადგებიან მარტოხელა დედები?

– განქორწინების შემთხვევაში კიდევ ერთი დაჩაგრული და ფსიქიკაშელახული ადამიანი რჩება ბავშვის სახით, რომ აღარაფერი ვთქვათ მარტოხელა დედებზე, რომლებიც მართლაც უკიდურეს გასაჭირში ზრდიან შვილს. ცხადია, ყოველთვის ასე არ არის. ზოგი ფიქრობს, რომ მისი ოჯახის დანგრევა მთელი სამყაროს გასაჭირია და ამიტომ სხვები არიან ვალდებულნი, დაეხმარონ. დიდი ნაწილი მშობლების ხარჯზე ცხოვრობს, თხოვდებიან იმ იმედით, რომ, თუ ვერ შეეწყობიან, გასცილდებიან და მშობლები გვერდში დაუდგებიან. ეს კი არასწორია. ზოგიერთი დედა შვილს ტოვებს კიდეც, ზოგი ბოლომდე თავს წირავს შვილისთვის და უკიდურესად მძიმე ფსიქოსოციალურ პირობებში ზრდის მას. გააჩნია, ესეც ინდივიდუალურია, ვინ როგორი მორალის მქონეა, რა შეგნების, რა ღირებულებების. არც ისაა დასამალი და უცხო, რომ ბევრი მცდარ გზას ირჩევს და მრავალ პარტნიორს იცვლის. ზოგი მეორედ ქორწინდება, მაგრამ, არც ეს ამართლებს ყველა შემთხვევაში. ხშირად მატერიალური საკითხიც თამაშობს გადამწყვეტ როლს, რაც საკმაოდ ბანალური მიზეზია. ამ ასაკში ყველაზე მეტად უნდა ადამიანს დასვენება, გართობა, რაც ფულთანაა დაკავშირებული და ამიტომ გაუგებრობაც ხშირია ხოლმე. ხშირად ადრე თხოვდებიან სოციალურად შეჭირვებული ოჯახის შვილები, ან კიდევ, პირიქით – ფუფუნებაში გაზრდილი გოგონები, რომლებიც მიჩვეულები არიან ყველა სურვილის სწრაფად შესრულებას. ესეც მათი მორიგი ახირებაა. ადამიანი ელტვის იმას, რაც არ აქვს და არ აფასებს იმას, რაც აქვს.

– თქვენ თქვით, ხშირად შვილებს ტოვებენო. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო შედეგია. რა ხდება ამის მიზეზი?

– ამის მიზეზია ის, რომ მოზარდი არც ფსიქიკურად, არც მატერიალურად და არც სხვა მხრივ, ოჯახისთვის მზად არ არის. ხშირად იმდენად დაბნეულია, რომ შვილად ვერც კი აღიქვამს ბავშვს, რომელიც თავად გააჩინა: სათანადო ყურადღებას ვერ აქცევს, სიყვარულს ვერ გამოხატავს. როცა ხვდებიან, რომ, ერთად ყოფნის გარდა, ოჯახი უზარმაზარი ტვირთია, ცდილობენ, ამ ტვირთს თავი დააღწიონ. სიტყვა „მეუღლე“ ტყუილად არ არის ქართულ ენაში. უღელი ორივემ თანაბრად უნდა ზიდოს, ამას კი მოთმინება, თავმდაბლობა, სიყვარული, ქრისტიანული სათნოება სჭირდება, რაც, სამწუხაროდ, თანამედროვე ახალგაზრდებს ასე აკლიათ. ისიც ვიცით, რომ ბევრი მათგანი სწავლის გაგრძელებას, თავის რეალიზებას ვეღარ ახერხებს. როცა ოჯახური ბედნიერება ფერმკრთალდება, ამაზე ფიქრს მხოლოდ მაშინღა იწყებენ, ძალიან იშვიათია ჩვენს სინამდვილეში ისეთი წყვილი, როდესაც მეუღლე ხელს უწყობს სწავლასა და წინსვლაში – ამის არც საშუალებაა, არც სურვილი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მოზარდმა გააცნობიეროს, რა სურს მას უწინარესად, რა არის მისთვის ღირებული: სწავლა, საკუთარი ნიჭის გამოვლენა თუ სხვა რამ. 90-იანებში ძირითადად თხოვდებოდნენ გოგონები, რომლებსაც შედარებით დაბალი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ, ანუ, არ აინტერესებდათ ზოგადად სწავლა. ასეთ გოგონებს შემდეგ არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდებათ საკუთარი სტატუსისა და მდგომარეობის გამო. აქ დიდი მნიშვნელობა ოჯახსაც ენიჭება: რამდენად მეგობრულია მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა, რა ღირებულებებია მიღებული თავად ოჯახში, რა არის მათი ორიენტირი.

– ალბათ, მნიშვნელოვანი ისიც არის, რომ მშობელმა შვილს კი არ უჩიჩინოს, არამედ წინასწარ მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნას ყველაფერი ქორწინებისა თუ სქესობრივი ცხოვრების შესახებ. იმასაც მიახვედროს, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა და არა თამაში.

– რა თქმა უნდა, ამაში საძრახისს ვერაფერს ვხედავ. მშობელმა უნდა აუხსნას შვილს, რა არის სქესობრივი ცხოვრება, რატომ არ შეიძლება მისი ადრე დაწყება და ასე შემდეგ; ან, რა სირთულეები ახლავს ოჯახის შექმნას. ამიტომაა საჭირო შვილთან მეგობრობა. ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, თორემ, თუ ბავშვობიდან არ მოდის ეს ურთიერთობა, გარდატეხის ასაკში ერთ-საათიან კონფერენციას ვერ მოუწყობ შვილს სექსის თემაზე. ამიტომ არის, რომ გოგონები, რომლებიც ძალიან შებოჭილები, შეზღუდულები არიან მშობლების მიერ საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში, არიან დაკომპლექსებულები და ცვივდებიან ორ უკიდურესობაში: შეიძლება, საერთოდ არ გათხოვდნენ, იმდენად გაუჭირდეთ მამაკაცთან ურთიერთობა, ან კიდევ, როგორც კი შანსი მიეცემათ, გემო გაუსინჯონ „აკრძალულ ხილს“ და ცუდ გზას დაადგნენ. ეს შემდგომში კიდევ უფრო თრგუნავს და აკომპლექსებს მათ, რადგან თავისუფალი სქესობრივი ურთიერთობები ჩვენს ქვეყანაში ნორმა არ არის და იმედი მაქვს, არც იქნება.

ხშირ შემთხვევაში გოგონები არ არიან მზად როგორც ოჯახური ცხოვრების, ისე, სქესობრივი ურთიერთობებისთვისაც. რაც მათ ძალიან დიდ ტრავმას აყენებს. ორგანიზმი არ არის საამისოდ მომწიფებული, შემდეგ ორსულობის, ჰორმონული ცვლილებების გამო სტრესს იღებენ და ფსიქოლოგს მიმართავენ კიდეც.

– ბევრი ვილაპარაკეთ გოგონებზე. ბიჭების შემთხვევაში რა ხდება, ზოგჯერ გოგონა და ვაჟი ტოლები არიან, ზოგჯერ მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა.

– ნაადრევი ქორწინების შემთხვევაში, იქ, სადაც ასაკობრივი სხვაობა 5-6 წელია, დამიჯერეთ, ოჯახი უფრო მყარია. სქესობრივი და ფსიქიკური მომწიფებით გოგონა თანატოლ ვაჟს როგორც წესი წინ უსწრებს. გაცილებით რთულადაა საქმე მაშინ, როცა თანატოლები არიან. ვაჟს ხშირად გული უცრუვდება ოჯახზე, მის ცხოვრებაში ახალი გატაცება ჩნდება და იცვლის მეუღლეებს, სულ ძიებაშია. თუმცა, ზრდასრულ წყვილებს ეს არ ეხება – თანატოლებიც შესანიშნავად აწესრიგებენ ოჯახურ ცხოვრებას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეკლესიური ცხოვრება, ოჯახის სიმყარე და ფსიქოლოგთან ვიზიტი. თუმცა, პანაცეა არ არსებობს, მეუღლეებმა თავად უნდა შეინარჩუნონ ერთმანეთი.


скачать dle 11.3