კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იყიდება „ლაკო ბუკია“ ევროპაში და შეიტანს თუ არა ის თავის ბრენდს ახლო მომავალში ამერიკაში

ნიჭიერი დიზაინერისთვის, ლაკო ბუკიასთვის გასული წელი საკმაოდ წარმატებული იყო. თუმცა, 2011 წლისგან ის კიდევ ბევრ წარმატებას ელოდება. ლაკო 20 იანვარს ლონდონში მიემგზავრება და უკვე მეორედ ლონდონის „ფეშენ-ვიქში” მიიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, მას წინ კიდევ ბევრი საინტერესო გეგმა აქვს.

ლაკო ბუკია: კარიერის მხრივ, 2010 წელი ჩემთვის ყველაზე წარმატებული იყო. საქმიანობა 2009 წელს დავიწყე და ნელ-ნელა მივდიოდი წინ. 2010 წელს კი, ძალიან ბევრი რამ მოხდა. თუმცა, 2011 წელი უფრო წარმატებული იქნება. ლონდონის „ფეშენ-ვიქზე“ გამოსვლა ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატებაა.

– ამხელა წარმატებას რომ მიაღწიო, ძალიან ბევრი შრომა, ნიჭია საჭირო. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, იღბალიც მნიშვნელოვანია.

– იღბალი აუცილებელია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ერთ დღეს გავიღვიძე და ყველაფერი თავისით მოვიდა. ბევრი შრომა გჭირდება, მაგრამ არ უნდა დანებდე. წინააღმდეგობა ძალიან ბევრი იყო, მაგრამ ვგრძნობდი, რომ საბოლოოდ უნდა გამოსულიყო. თან სულ ვამბობ, აუცილებლად გამოვა, ახლა თუ არა, მერე მაინც-მეთქი. ალბათ, ჩემი საქმე ძალიან რომ მიყვარს, ამიტომაც არ ვნებდები არასდროს. ზოგადად, ნებისმიერ საქმეს თავიდან დიდი ენთუზიაზმით ვიწყებ, ყველაფერს ვდებ, მაგრამ თუ იმას ვერ მივიღებ, რაც მინდა, მერე მბეზრდება. თუმცა, ეს საქმე, რასაც ახლა აქტიურად ვაკეთებ, არასდროს მბეზრდება, ალბათ იმიტომ რომ, შედეგს ყოველთვის ვიღებ.

– ალბათ, ამ დროს ყველაზე დიდ კმაყოფილებას განიცდი.

– ისეთი ბედნიერი ვარ, ვერც კი გადმოგცემ, საოცარი გრძნობაა. ახლა, ჩვენების წინა პერიოდი მაქვს, ვემზადები, ძალიან დაკავებული ვარ, იმდენი საქმე მაქვს, მაგრამ ბოლო მომენტში, როდესაც ყველაფერი მთავრდება, ისეთი კმაყოფილი ვარ. ეს გრძნობა რომ განვიცადო, მირჩევნია, ბევრი რამ ვაკეთო. ძალიან სასიამოვნოა ხალხის ემოციები, თან ისეთი ადამიანების, რომლებიც საერთოდ არ გიცნობენ. მოდიან და გულწრფელად გილოცავენ. საქართველოში ხალხის მხრიდან ასეთი ემოციები ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ უბრალოდ, მოგილოცონ. იქ კი მართლა მილოცავენ.

– შენ თქვი, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა მხვდებაო, ამ დროს როგორი ხარ?

– გარედან შეიძლება ისე ჩანს, თითქოს ყველაფერი ადვილად მოდის, მაგრამ ძალიან ბევრი რამის გაკეთება მდგომებია და ვერ გამიკეთებია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას მერე აღარ გავაკეთებ. საერთოდ, ძალიან ემოციური ვარ, როცა წინააღმდეგობა მხვდება, რაღაც მომენტში, შეიძლება ავფეთქდე, ვიჩხუბო, ვიტირო, მთელი დღის განმავლობაში არავის ველაპარაკო. ბევრჯერ ყოფილა, ამიღია თვითმფრინავის ბილეთი და სხვა ქვეყანაში მარტო გავმგზავრებულვარ. მერე იქ ორი-სამი დღე მიფიქრია და მითქვამს, მერე რა მოხდა, ახლიდან დავიწყებ ყველაფერს-მეთქი და ჩამოვსულვარ. ვფიქრობ ხოლმე, რატომ უნდა მაჯობის ვიღაცამ, მე უფრო ძლიერი ვარ. უბრალოდ, რაღაც მომენტში სისუსტე მძლევს. როდესაც სადმე მივდივარ, დედას უკვე აღარ ვეუბნები. ჩავფრინდები და იქიდან ვურეკავ – დედა, მე აქ ვარ-მეთქი. ის კი გიჟდება. ერთხელ რაღაც პრობლემა მქონდა, ძალიან განვიცადე, ავიღე ბილეთი და შოტლანდიაში, ედინბურგში გავფრინდი. სამი დღე მარტო ვიყავი და რომ ჩამოვედი, ახალი ძალები და ენერგია მქონდა. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მარტოც კი, ბევრს ვფიქრობ ამ დროს.

– შენი სფერო მუდმივ სიახლესთან არის დაკავშირებული.

– ყველაზე მეტ ახალ იდეას, ინსპირაციის წყაროს, სწორედ მოგზაურობა, ახალი ქალაქების, ქვეყნების მონახულება, ახალი ურთიერთობები მაძლევს. მქონია ისეთი შემთხვევა, გამოფენაზე ვყოფილვარ და მაშინ მომსვლია ბევრი იდეა. ამ დროს ხელებზე ვიხატავ ხოლმე. უნივერსიტეტში გვასწავლეს და სულ თან დამაქვს ჩემი წიგნი, სადაც ყველა ემოციას, მუხტს ვინიშნავ და იმასაც ვიწერ, რა მომეწონა, არ მომეწონა. მერე ეს ძალიან მეხმარება. დედაჩემი სულ მეუბნება, უფრო მეტი უნდა ხატოო, მაგრამ სანამ იმ მომენტამდე მივალ – დავჯდე და დავხატო, მანამდე გონებაში მაქვს მთელი კოლექცია მოფიქრებული, დახატული და მერე გადმომაქვს ფურცელზე. თუმცა, ზუსტად ისეთი არ გამომდის, კორექტივებს ვუკეთებ.

– თებერვალში ისევ მიიღებ ლონდონის „ფეშენ-ვიქში“ მონაწილეობას. ახლა მზადების პროცესში იქნები.

– ორგანიზატორებმა მითხრეს, რომ შენ აუცილებლად უნდა მიიღო მონაწილეობაო და ძალიან გამიხარდა. ამჯერად საპასუხისმგებლო საქმე ავიღე საკუთარ თავზე – ქართულ თემას ვაკეთებ, ანუ კოლექციაში ქართული საცეკვაო კოსტიუმების ელემენტები იქნება გამოყენებული. ერთი მხრივ ეს რთულია, რადგან ეს თემა ჩემთვის ძალიან ნაცნობია, ბავშვობიდან „სუხიშვილებს“, ქართულ კოსტიუმებს ვუყურებ, ამიტომ, ისეთი უნდა გავაკეთო, ჩემთვისაც და უცხოელებისთვისაც საინტერესო და სიახლე იყოს. ანუ, ცოტა განსხვავებული, მაგრამ ჩვენებური კოლექცია იქნება. დედაჩემი მეუბნებოდა, შენი არ არისო – განსხვავებულია, მაგრამ ჩემი ხელწერა, ელემენტები მაინც აქვს. უკვე ვემზადები, ბევრი რამ მაქვს მოსასწრები. მინდა, ჩემთვის „სუხიშვილებთან“ ერთად სარეკლამო კლიპი გადავიღო და თან წავიღო. ვნახოთ, რამდენად მოხერხდება. სამზადისის პროცესში ყველაზე დაღლილი, გაფანტული ვარ. მარტო საქმეზე ვფიქრობ. ბევრი საქმე მაქვს და სახლში რომ მივდივარ, შეიძლება, უხეშიც ვიყო. ცოტა მძიმე ხასიათი მაქვს და ოჯახის წევრები ხელს მიწყობენ.

– ვიცი, რომ ძალიან გიყვარს კურდღლები და გინდოდა, გყოლოდა. ჰოდა გაჩუქეს კიდეც. ასეთი სიუპრიზები ხშირად არის შენს ცხოვრებაში?

– ცხოველები ძალიან მიყვარს, მაგრამ ბავშვობიდან კურდღლებზე მჭირს რაღაც, ალბათ, იმიტომ რომ, ბაჭიას მამსგავსებდნენ. ერთხელ, ჩემმა მეგობრებმა მომიყვანეს, წყნეთში მყავდა და ინგლისში რომ წავედი, დედამ გააჩუქა. გულში ჩამრჩა, ძალიან მინდოდა, და მომიყვანეს, ერთი თვის იყო და უკვე გავზარდე. მყავს მეგობრები, რომლებიც სულ მიკეთებენ სიუპრიზებს, მაგრამ მე თვითონ ვარ ისეთი – სიურპრიზებს ვუმზადებ სხვებს, თან ისეთი სიხშირით, რომ მეგობრებს უკვე ამის დროს აღარ ვუტოვებ.

– დიზაინერები ხშირად ამბობენ, საკუთარი თავისთვის სამოსს ვერ ვიკერავთო.

– წესად მაქვს, ჩვენების შემდეგ აუცილებლად მეცვას ჩემი კაბა და ასეთ დროს სულ ვიკერავ. კიდევ მაშინ, თუ ქორწილში მივდივარ, ან რამე განსაკუთრებულ წვეულებაზე. ყოველდღიური სამოსის შექმნაზე დროს ვერ დავხარჯავ. თან, ჩემთვის მნიშვნელოვანია, როცა ვინმეს შეკვეთას ვასრულებ. ჩემთვის გამოვა თუ არა, რა პრობლემაა, თუ არ გამოვა, არ ჩავიცვამ და ეს არის.

– ცოტა ხნის წინ ამერიკაში იყავი. ალბათ, ეს გამგზავრებაც გარკვეულ გეგმებთან იყო დაკავშირებული.

– ერთი რამის თქმა შემიძლია, საქმე მიდის იქამდე, რომ ლაკო ბუკიას ბრენდი ამერიკაშიც იყოს, ნიუ-იორკშიც. ლონდონში და ინგლისის დიდ ქალაქებში უკვე იცნობენ ჩემს ბრენდს, შარშან პარიზის „შოუ-რუმზე“ ვიყავი. წელსაც მივდივარ. ამერიკა ჩემთვის სიახლეა.

– როგორც თქვი, ინგლისში იყიდება შენი სამოსი...

– კი, ყველაზე დიდი მოთხოვნა ფეხსაცმელზეა. ხალხი ფეხსაცმელსა და აქსესუარებზე უფრო არ ინანებს ფულს, ვიდრე სამოსში. ტანსაცმელიც ძალიან მოსწონთ, დიდი მოთხოვნაა, იყო შეკვეთები. მაგრამ, ჩემი ქსოვილები და კოლექცია ძალიან ძვირად ღირებულია. ამიტომ, ბევრი არ არის ისეთი მაღაზია, მათი ყიდვა რომ შეძლოს. ვისაც შეუძლია, ისინი ყიდულობენ. დროა საჭირო იმისთვის, რომ მათ ბაზარზე ნელ-ნელა შეხვიდე.

– და ბოლოს, სულ დაკავებული ხარ, განტვირთვას თუ ახერხებ?

– მაგალითად, ინგლისში, ჩემს ტახტზე უნდა ვიჯდე, ვუყურებდე ფილმებს, ან წიგნი ვიკითხო. საქართველოში მეგობრებთან ერთად ყოფნა მირჩევნია. თუმცა, არ ვარ ისეთი ტიპი, რომ ყოველდღე ვიარო კლუბებში, ზომიერად. ლონდონი სულ მენატრება. 5 წელია, იქ ვცხოვრობ, ჩემი მეორე სახლია. თან, ის პერიოდი, როდესაც აზრზე მოვდიოდი, რა იყო ცხოვრება, იქ გავიარე. საქართველოში კი მაქვს ჩემი ცხოვრება, მაგრამ აქ არიან ოჯახის წევრები, ნათესავები. იქ კი ყველა გადაწყვეტილებას თვითონ ვიღებ, თუნდაც ოჯახურს – სახლში რა პროდუქტი მივიტანო. თან, ლონდონში არის ბევრი ადგილი, სადაც შემიძლია მარტო ვიყო, ვისეირნო და ამან მომანიჭოს ბედნიერება. თბილისში, შანსი არ არის, მარტომ ისეირნო. ვიღაც აუცილებლად შეგხვდება და გკითხავს, რატომ ხარ მარტოო.


скачать dle 11.3