კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ უნდა მიჰყვეს გათხოვილი ქალი დინებას და რა საფრთხეს უქმნის მას ემოციების აყოლა



ძველი ურთიერთობის აღდგენა ყოველთვის რთულია. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ წარსულისკენ ხედვა, მისი ისევ რეალობად ქცევის სურვილი, უმეტეს შემთხვევაში, წამგებიანია. მით უმეტეს, თუ საქმე სიყვარულს ეხება, იმ სიყვარულს, რომელიც ერთხელ უკვე დაკარგე. წლები ცვლის ადამიანებს – თანაც ძალიან. ოცნებებში დახატული პიროვნება, რომელიც მარტო იმიტომ გააფეტიშეთ, რომ დღეს თქვენ გვერდით აღარ არის, მასთან გატარებული დღეები კი ლამაზ მოგონებად დარჩა, შეიძლება, სულაც არ აღმოჩნდეს ისეთი უნიკალური, როგორადაც თქვენ შერაცხეთ. ქალებს, ზოგჯერ კი მამაკაცებსაც ახასიათებთ სენტიმენტალური ოცნება იმ სიყვარულზე, რომელიც დაიკარგა. მისტირიან მას და სჯერათ, რომ უზარმაზარი ბედნიერება გაუფრინდათ ხელიდან. სინამდვილეში, ეს მხოლოდ მირაჟია. ილუზია, რომელიც ვერ უძლებს რეალობაში გადმოტანას. ამ ადამიანებს ერთხელ უკვე ჰქონდათ შანსი, ცხოვრება დაეკავშირებინათ იმ პიროვნებისთვის, ვის მიმართაც ლტოლვას გრძნობდნენ. რადგან ეს მაშინ არ მოხდა, აღარ არის საჭირო, მშრალ ქვიშაში ციხესიმაგრის აგებაზე ზრუნვა.



ლეილა (34 წლის): მე ერთი ჩვეულებრივი ქალი ვარ და რატომღაც მგონია, რომ პრობლემაც ჩვეულებრივი მაქვს. უბრალოდ, ძალიან ბევრს არ ჰყოფნის გამბედაობა, ხმამაღლა ილაპარაკოს ამაზე.

– თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ ბევრ ქალს აქვს სურვილი, უღალატოს ქმარს?

– არა. სწორად ვერ გამიგეთ. მე სხვა რამის თქმა მინდა, იმის, რომ ბევრ ქალს არ უმართლებს სიყვარულში და მერე აუცილებლობის გამო თხოვდებიან. ანუ, თხოვდებიან იმიტომ, რომ ასეა საჭირო. ოჯახი უნდა ჰქონდეთ და მორჩა! აღარ ცდილობენ, ეს ურთიერთობა სიყვარულზე იყოს დამყარებული. მოწონება-შეჩვევითაც კმაყოფილდებიან და ფიქრობენ, შეყვარებულიც ვიყავი, მაგრამ ამან ბედნიერება არ მომიტანაო. სიმართლის რაღაც მარცვალი ამაში ნამდვილად არის. სიყვარულს ყოველთვის არ მოაქვს ბედნიერება. ყოველთვის კი არა, უმეტეს შემთხვევაში, არ მოაქვს. ჩემი შემთხვევა, ამის კარგი მაგალითია. გავთხოვდი იმიტომ, რომ მომბეზრდა, სრულიად იდიოტური, უაზრო და უზრდელური შეკითხვის მოსმენა: აღარ თხოვდები? შენ ისევ გაუთხოვარი ხარ?... ვერ ვხვდები, რატომ უჩნდებათ სურვილი, ასე უხეშად ჩაჰყონ ცხვირი სხვის პირად ცხოვრებაში. რა არის ეს? – უზნეობა, უკულტურობა, მასხრად აგდება თუ წარმოუდგენელი სისულელე. ისე დავიღალე ამ კითხვის მოსმენით, რომ ნაცნობებს ვემალებოდი. მე ჩემი სადარდელი მქონდა. კაცმა, რომელიც მიყვარდა და რომელსაც ექვსი წლის განმავლობაში ვხვდებოდი, სხვა მოიყვანა ცოლად. უზარმაზარი ტკივილი გადავიტანე. სკოლის მოსწავლეს შემიყვარდა. დღეებს ვითვლიდი, როდის დადგებოდა ის დრო, როცა ერთად ყოფნას შევძლებდით. ვერ ვიტყვი, რომ მასაც არ ვუყვარდი. არ შეიძლება, ადამიანმა ისე მაღალპროფესიონალურად ითამაშოს. ჩვენ გარშემო ყველა ჩვენს სიყვარულზე ლაპარაკობდა. მშობლებმაც იცოდნენ და ისინიც დარწმუნებული იყვნენ, რომ ყველაფერი ქორწილით დამთავრდებოდა. დღესაც არ ვიცი, რა მოხდა, საიდან „გამოხტა“ ის გოგო, როგორ მოხიბლა და აურია თავგზა. არ ვიმჩნევდი. თავს ვირწმუნებდი, რომ დროებითი გატაცება იყო და მალე გაუვლიდა, მაგრამ შეყვარებული ცხვირწინ ამაცალეს.

– სხვა ქალი გამოჩნდა მის ცხოვრებაში და თქვენს თავს ის ამჯობინა?

– ასე გამოვიდა. იმ მომენტში, მართლა იმასთან ყოფნა არჩია. როცა მითხრეს, რომ ცოლად მოიყვანაო, ვერ ვიჯერებდი. ლოგინად ჩავვარდი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. კინაღამ მოვკვდი. დედაჩემი ვერ გავაჩერეთ. მიუვარდა ჩემი ყოფილი შეყვარებულის მშობლებს და ერთი ამბავი დააწია. სხვათა შორის, არც ისინი იყვნენ კარგ დღეში.

– არ იყვნენ შვილის არჩევანით კმაყოფილი?

– არა, რა თქმა უნდა, არა. ვერც კი წარმოედგინათ, რომ მე არ გავხდებოდი მათი რძალი. ექვსი წელი, ექვსი დღე ხომ არ არის?! მის ოჯახში მივდიოდი, ისიც მოდიოდა ჩვენთან. დედამისს საქორწინო ბეჭედიც ჩემი ზომის ჰქონდა ნაყიდი... მაგრამ ამან ჩემი მდგომარეობა ოდნავადაც ვერ შეამსუბუქა. რას მიშველიდა ან იმის გაგება, რომ რძალი ძალიან დიდხანს სახლში არ შეუშვეს. სულ ვფიქრობდი, რა მოხდა, რატომ მიმატოვა-მეთქი. ჩემმა ერთმა დაქალმა მითხრა, ის მოხდა, რომ დაუწვა და ლოგინში გადარია. აბა, შენ რომ თითს არ ადებინებდი, რა გეგონა. მთავარი ლოგინიაო.

– ის იგულისხმა, რომ თქვენ ტრადიციული ურთიერთობა გქონდათ და ამას ვერ გაუძლო?

– დიახ. ჩვენი ურთიერთობა სექსამდე არ მივიდა. მე მინდოდა, ყველაფერი ტრადიციულად და ლამაზად ყოფილიყო: თეთრი კაბა, ჯვრისწერა, პირველი ღამე... რომ გითხრათ, ის თავს იკლავდა, აუცილებლად სექსშიც უნდა გამოვცადოთ ერთმანეთიო, მოგატყუებთ. ჩვეულებრივი შეყვარებულები ვიყავით. ერთმანეთის კარგად გვესმოდა. ვერ ვძლებდით უერთმანეთოდ. შეიძლება, სექსიც რომ გვქონოდა, მართლა ასე არ შეტრიალებულიყო საქმე, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ბედისწერის შეცვლა შეუძლებელია. ოთხი წელი ვიგლოვე მიცვალებულივით. ამ ოთხი წლის განმავლობაში, კინოში არ წავსულვარ და იმ კაფეების თუ ქუჩების სიახლოვეს არ გამივლია, სადაც მასთან ერთად დავდიოდი. ეს ისეთი ტანჯვა იყო, სიტყვით ვერ გადმოვცემ. ჩემი მდგომარეობა ოდნავ შეამსუბუქა იმან, რომ ისინი უცხოეთში გაემგზავრნენ და ჩემი ბედნიერ წყვილთან „შემთხვევითი შეხვედრის“ შანსი საერთოდ გამოირიცხა. წარმოიდგინეთ, თექვსმეტი წლისა დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ცხოვრების მამაკაცი ნაპოვნი მყავდა. ოცდაორი წლისას კი მეგონა, რომ ცხოვრება დამთავრდა. ძალიან სერიოზული სტრესი მივიღე. ჩემი ოჯახი ყველანაირად გვერდით დამიდგა. რას აღარ აკეთებდნენ, რომ წარსული დამევიწყებინა. თუ რამეს შოულობდნენ, ყველაფერს მე მახარჯავდნენ. მამაჩემმა მანქანაც მიყიდა და მართვაც მასწავლა. მერე დაიწყო გაცნობების მთელი სერია. ხან ვის გამაცნობდნენ, ხან – ვის. უნდოდათ, გავთხოვილიყავი და ოჯახი შემექმნა. დედაჩემი ყოველდღე მიმეორებდა, მზრუნველი მამაკაცი გჭირდება, ისეთი, როგორიც მამაშენია და ძალიან ბედნიერი იქნებიო. იმას აღარ ამბობდა, რომ თვითონაც უყვარდა მამაჩემი. ჩემი სიყვარული კი წარსულში დარჩა. თუმცა, ვცდილობდი, მასზე აღარ მეფიქრა. ოცდარვა წლისამ გავიცანი ჩემი მეუღლე. საერთო მეგობრის ქორწილში შევხვდი. მე მეჯვარე ვიყავი და მერე მითხრა, დაგინახე თუ არა, მაშინვე შემიყვარდიო. გამეცინა. ხომ არ ვეტყოდი, სიყვარულის უკვე დიდი ხანია, აღარ მჯერა-მეთქი. სხვათა შორის, არ დამიმალავს, რომ შეყვარებული მყავდა.

– აუცილებელი იყო ამის თქმა?

– მაშინ ვფიქრობდი, რომ აუცილებელი იყო. მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ კაცს ყველაფერი არ უნდა უთხრა. შენი წარსული შენთვის უნდა შეინახო. ის ყველაფერი, რაც განიცადე და გადაიტანე, მხოლოდ შენი საკუთრებაა და არავის, მით უმეტეს ქმარს, არ უნდა გაანდო. გავთხოვდი ისე, რომ სიყვარული მის მიმართ არ მქონია, მაგრამ სხვა კანდიდატებს შორის იმით გამოვარჩიე, რომ მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობდი. ჩემს მშობლებსაც ის მოეწონათ სხვებზე მეტად.

– მატერიალური დაინტერესებაც ხომ არ იყო ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორი?

– დიახ, იყო და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. როცა სიყვარული არ არის, რაღაცამ ხომ უნდა გააკეთოს კომპენსაცია. ჩემს მომავალ მეუღლეს საკუთარი ბიზნესი ჰქონდა და შეეძლო, ჩემთვის ისეთი კომფორტი შეექმნა, როგორზეც ბევრი ქალი ოცნებობს.

ვთქვი, რატომაც არა-მეთქი. რატომ არ უნდა მქონოდა უზრუნველი ცხოვრება. მე ხომ საკმარისად გავიტანჯე. არც ნერვიულობა დამკლებია და არც ცრემლი. ისღა მაკლდა, ფინანსურ პრობლემებზეც მენერვიულა. ოჯახში ხომ მაინც უნდა მქონოდა სიმშვიდე. ჩემს მომავალ ქმარს მოვთხოვე, რომანტიკული შეხვედრების და პაემნების გარეშე დავქორწინებულიყავით. ნამდვილად არ მქონდა იმისი სურვილი, რომ შეყვარებულობანა მეთამაშა.

– ანუ, თქვენმა მომავალმა ქმარმა იცოდა, რომ არ გიყვარდათ?

– ეს თემა არ განგვიხილავს. არ უკითხავს, გიყვარვარ თუ არაო და არც მე გამომიჩენია ინიციატივა, ჩემი გრძნობები გადამეშალა მისთვის. მარტო ის ვუთხარი, რომ ექვსი წლის წინათ შეყვარებული მყავდა.

– როგორ მიიღო ეს ამბავი?

– ძალიან ნორმალურად. შეყვარებულის ყოლა რა არის, რომ ამის გამო ტრაგედია შექმნა. ალბათ იფიქრა, რომ ეს ყველაფერი უკვე წარსულში დარჩა. ძალიან კარგი ოჯახი გვქონდა. ერთხელაც არ მინანია, ჩემ მიერ გადადგმული ნაბიჯი. ჩემი ქმარი არაჩვეულებრივი მამაა. ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი ქმარია. ყველა ქალი ინატრებდა მისნაირ ქმარს.

– მაშ, რა არის თქვენი პრობლემა?

– ის, რომ ძველმა სიყვარულმა თავი შემახსენა. არაფერი ყოფილა დავიწყებული. თურმე, მთელი ამ წლების განმავლობაში მარტო ის მყვარებია. მხოლოდ თავს ვიტყუებდი. შეიძლება ფიქრობთ, რომ მე სულელი ვარ და როგორ შეიძლება მიყვარდეს ადამიანი, რომელმაც ასე დამამცირა, გული მატკინა და ჩემი გრძნობა ფეხქვეშ გათელა. მაგრამ, საკუთარ თავთან ბრძოლა ძალიან ძნელი ყოფილა და მე ამ ბრძოლაში დავმარცხდი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემმა თანაკლასელმა სკაიპში მომწერა, შენი ყოფილი სიყვარული საქართველოში დაბრუნებულა და რაღაცეებს „ჩალიჩობსო“. ჯერ ვიფიქრე, მოდი არ ვუპასუხებ-მეთქი, მაგრამ მერე მივწერე, არ მაინტერესებს ცოლიანი კაცის თავგადასავალი-მეთქი. შენ რა, ჭურში ზიხარ? – რამდენი ხანია, ცოლს გაშორდაო. ამ ინფორმაციამ მოსვენება დამაკარგვინა. კალაპოტიდან ამომაგდო. მორჩა, სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქრობდი. გაორება დამემართა. დავდიოდი, საქმეს ვაკეთებდი, ბავშვს ვუვლიდი, თუ ვლაპარაკობდი, გონება მარტო ამით მქონდა დაკავებული. ნეტავი, თუ ნანობს-მეთქი. მინდოდა სინანულს გაეგიჟებინა. ჩემი დაკარგვა ტრაგედია ყოფილიყო მისთვის. ასე დავიწყე წარსულის ქექვა და იმდენი ვქენი, სანამ ძველი გრძნობა ბოლომდე არ გამოვაღვიძე. მისი ნახვის სურვილმა ამიტანა. ვცდილობდი, გავმკლავებოდი მას. სერიოზულად ვებრძოდი საკუთარ თავს. ვცდილობდი, სიამაყით მეჯობნა. საკუთარ თავს ვუმეორებდი, არ არის იმის ღირსიც კი, რომ მასზე ფიქრობდე-მეთქი. გაგიმართლა, ასეთი ქმარი გყავს, თვალებში გიყურებს, ბედნიერი ხარ. იმას კი ცხოვრება დაენგრა, რადგან შენმა ცოდვამ არ მოასვენა-მეთქი. მაგრამ გულის სიღრმეში, მის ნახვაზე ვოცნებობდი. ვნატრობდი, ერთხელ მაინც შემხვედროდა. სპეციალურად დავდიოდი იმ ქუჩაზე, სადაც ის ცხოვრობდა და ერთხელაც მოსახდენი მოხდა. ბედს რომ გამოწვევას გაუგზავნი, ერთხელაც მიიღებს ამ გამოწვევას და მერე დაემშვიდობე წყნარ ცხოვრებას. დამინახა იმანაც და ნელა წამოვიდა ჩემსკენ. გაშეშებული ვიდექი. ფეხები ვერ დავიმორჩილე, თორემ გავიქცეოდი. იმ წუთში ყველაფერი ცუდი, რაც მისი უსინდისო ღალატის გამო გადავიტანე, დამავიწყდა და მხოლოდ ჩვენი ერთად ყოფნის ბედნიერი წუთებიღა მახსოვდა. ახლოს რომ მოვიდა, მარტო მაშინ გამოვფხიზლდი. არ მახსოვს, რამდენ ხანს ვიჯექი მის მანქანაში. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. უფრო სწორად, ის ლაპარაკობდა. მე ვუსმენდი.

– ალბათ გიმტკიცებდათ, რომ ყველაფერი რაც მოხდა, არ იყო მისი ბრალი?!

– არა, პირიქით. ყველაფერი ჩემი ბრალიაო. როგორ შემეძლო, შენთვის მეღალატა და საქმე იმ ქალთან დამეჭირა. ერთი დღე არ ვყოფილვარ ბედნიერი და არც მყვარებიაო.

– აბა, მომიტაცაო?

– მესმის თქვენი ირონია, მაგრამ მომეჩვენა, რომ გულწრფელი იყო. მამაკაცები ხშირად აჰყვებიან, ხოლმე ვნებას და მერე ნანობენ იმ შედეგებზე, რაც მათ ქარაფშუტობას მოსდევს. ძალიან ბევრ მამაკაცს ემართება ასეთი რაღაც. ჩემი შეყვარებულიც არ აღმოჩნდა გამორჩეული ნებისყოფის. ვერ გაუძლო გამოცდას და გატყდა. შეიძლება, იფიქრა, არა უშავს, თუ ერთხელ დავწვები სხვასთან, ამით არაფერი დაშავდება, ღალატადაც არ ჩაითვლება, ჯერ ხომ ცოლ-ქმარიც არ ვართო, მაგრამ ერთზე ვეღარ გაჩერდა და კარგადაც დაება.

– ანუ კარგად გესმით, რაც მოხდა და მაინც მის გამართლებას ცდილობთ?

– არ ვიცი, რა მემართება. ვიცი, რომ არ უნდა ვაპატიო. ვიცი, რომ კეთილგონიერი უნდა ვიყო. რომ არ უნდა ვიხედებოდე წარსულისკენ და იმას გავუფრთხილდე, რაც ახლა მაქვს, მაგრამ რა ვქნა, რომ გული სხვას მეუბნება.

– გადაწყვეტილი გაქვთ, მას დაუბრუნდეთ?

– საქმე ასე მარტივად არ არის. გადავწყვიტო და დავუბრუნდე, ასე არ გამოვა. მე ოჯახი მაქვს და ქმარი მყავს, რომელიც შეიძლება ისე არ მიყვარს, მაგრამ ძალიან დიდ პატივს ვცემ. მასთან ძალიან ბევრი თბილი მოგონება მაკავშირებს. საერთო შვილი გვყავს, რომელიც ორივეს არანორმალურად გვიყვარს. კიდევ არიან მეგობრები, ახლობლები, ნათესავები, გვაქვს საერთო ინტერესები. არ არის ადვილი, ხელის ერთი მოსმით, გადაუსვა ხაზი ყველაფერს. თუმცა, ისე ცხოვრებაც არ შემიძლია, თითქოს არაფერი მომხდარა. ძველი იარა უკვე გახსნილია და პირს ადვილად აღარ შეკრავს. ხან ისეთ ჭკუაზე ვარ, ლამის მივატოვო ყველა და ყველაფერი, უკანმოუხედავად გავიქცე მასთან და ცხოვრება თავიდან დავიწყო, მაგრამ რაღაც მაკავებს.

– ალბათ საკმარისად არ ენდობით თქვენს ძველ შეყვარებულს.

– უფრო ასეა. მართალია, მის მიმართ სიყვარული არ გამქრობია, მაგრამ ვერც მის საქციელს ვივიწყებ ბოლომდე. ყველა შეხვედრაზე მეუბნება, რომ მთელი ეს წლები მარტო მე ვუყვარდი და ძალიან გაიტანჯა, რომ ბევრჯერ უნდოდა, დაერეკა ჩემთვის და ეთქვა, რომ ისევ ვუყვარდი. მითხრა, შენი ცხოვრების შესახებ ყველაფერი ვიცი. ბევრჯერ გამოგყოლივარ მალულად უკან. ბევრჯერ მოვსულვარ პარკში, სადაც შენს შვილს ასეირნებდი და საათობით მიყურებია თქვენთვისო. ვერ წარმოიდგენ, მაშინ რას განვიცდიდი. მე ვიყავი დამნაშავე იმაში, რომ დაგკარგე. ყველაფერში მე ვიყავი დამნაშავე და ამიტომაც არ მქონდა უფლება, ცხოვრება შენთვისაც ამერიაო. ახლაც ვერაფერს გეტყოდი, მაგრამ ვხედავ, რომ ისევ გიყვარვარ. გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო. მე ვერაფერს დაგაძალებ. არ მაქვს ამისი მოთხოვნის უფლება. მაგრამ უშენოდ ძალიან ცუდად ვარ. ისე ცუდად, რომ მთელი ჩემი ცხოვრება უსიხარულოდ მიდის. შენ თუ ჩემთან წამოხვალ, შეუძლებელს შევძლებ და ყველაფერს თავიდან დავიწყებო. თითქმის ყოველდღე ვისმენ ასეთ მონოლოგს. ან ჭკუაზე როგორ ვარ. მსახიობად ვიქეცი. არ მინდა ჩემმა ქმარმა რამე შემატყოს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

– ჯერჯერობით, ანუ სადამდე?

– იქამდე, სანამ გადაწყვეტილებას არ მივიღებ. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. გაორებული ვერ ვიქნები. საშინელებაა, როცა გონება მუდმივად დაკავებული გაქვს ერთ ადამიანზე ფიქრით, ფიზიკურად კი სხვის გვერდით ხარ. ჩემი ქმარი სულელი არ არის. ერთხელაც აუცილებლად მიხვდება ყველაფერს და მერე უფრო მძიმე სიტუაცია შეიქმნება. მე არ ვიცი, რას მოიმოქმედებს ჩემი ქმარი. რაღაც უბედურება რომ დაატრიალოს, ვინ იქნება პასუხისმგებელი? რა თქმა უნდა, – მე. მეოცნებე არ ვარ და კარგად ვხედავ შექმნილ რეალობას. და სიმართლე გითხრათ, ძალიან მეშინია. ჯერ ერთი, ჩემს ქმარს ვერაფრით დავაჯერებ, რომ მისთვის ფიზიკურად არ მიღალატია.

– რომ არ გიყვართ, ეს ღალატი არ არის?

– მე არასოდეს მითქვამს მისთვის, მიყვარხარ-მეთქი. არ მომიტყუებია. ასე, რომ ამ მხრივ სინდისი სუფთა მაქვს. ჩემი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბოლომდე არ მჯერა, ჩემი ყოფილი შეყვარებულის. კიდევ რომ მომატყუოს? ისევ რომ გამოჩნდეს ვიღაც, ვინც ვნებას გაუღვიძებს და თავს დააკარგვინებს, მერე?! იქნებ ბუნება აქვს ასეთი და მაშინდელი მისი საქციელი სულაც არ ყოფილა შემთხვევითი. ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ?!

– დიახ, მესმის. მაშინ საერთოდ არ უნდა დაგეშვათ, მისი თქვენს ცხოვრებაში დაბრუნება.

– მართალი ბრძანდებით. მაგრამ უკვე გვიანია. საერთოდ, გათხოვილ ქალს არა აქვს უფლება, თავისი ოჯახის სტაბილურობა და კეთილდღეობა საფრთხის ქვეშ დააყენოს. მით უფრო, თუ ეს ოჯახი, მისთვის ღირებულია.



ნინო წულუკიძე


скачать dle 11.3