კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღამის ფანტაზიები

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „თბილისელები“ ¹29-26(444)

დეა მძიმედ სუნთქავდა, გაწეწილი თმა სახეზე ჰქონდა მიკრული და ბოროტი სიხარულით შესცქეროდა გამშრალ და გაოგნებულ მედიკოს, რომელიც საერთოდ დამუნჯდა.

– ეს გინდოდა? – ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა დეამ და დაჭმუჭნული კაბის გასწორებას შეეცადა, – ასე ნუ მიყურებ. შენ მაიძულე, ყველაფერი მეთქვა. შეიძლება, კახპა ვარ, მაგრამ შენი მტრობა მართლა არაფერში მჭირდება. შენი ნებაა, დამიჯერებ თუ არა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ერთი სიტყვაც არ ყოფილა მოგონილი. კიდევ რას გეტყვი, იცი? ყველაზე უფრო მე ახლა ჩემი ოჯახი მაღელვებს, რომლის დანგრევაც არ უნდა დავუშვა.

– სხვისი კი ფეხებზე გკიდია, არა?!

– რომ არ მკიდია, იმიტომაც დავიღალე ყბები. გეყოფა, ნუ ჩამოგტირის ცხვირ-პირი. ის ბიჭი არც ისეთი სულელია, თავი „გაიშიფროს“.

მედიკომ თავი გადააქნია.

– შენ ან მართლა ზღვარსგადასული ზნედაცემული ხარ, ან წარმოუდგენლად სულელი. რას ნიშნავს, თავს არ „გაიშიფრავს“? მე როგორ უნდა შევეგუო იმ ფაქტს, რომ სიძეც „ბიჭი გამოძახებით“ მეყოლება. შენთვის ეს, ალბათ, არ არის ტრაგედია, მაგრამ ჩემი გული ამას ვერ გაუძლებს. როგორ უნდა შევხედო ნუცას თვალებში?

– ღმერთო, ეს თვალები რაღა უბედურებაა! სანერვიულო არაფერი გაქვს, მაგრამ, თუ ჯიუტად გინდა, რომ ინერვიულო, ორივესთვის უკეთესი იქნება, თუ ამას შენს სახლში გააკეთებ.

– მაგდებ?

– რაც გინდა, ის იფიქრე, მაგრამ პირდაპირ გეტყვი: ახლა შენს დანახვაზეც კი ცუდად ვხდები.

– კარგი, წავალ, მაგრამ, იცოდე, ჯერ ჩვენ შორის არაფერია გარკვეული.

– პირიქით, ჩვენ შორის დიდი ხანია, ყველაფერი არაჩვეულებრივად არის გარკვეული. ერთმანეთთან არაფერი გვაკავშირებს, აბსოლუტურად არაფერი და იმედი მაქვს, ყოველთვის ასე იქნება.

მედიკო ნელა წამოდგა იატაკიდან, სადაც დეასთან ხელჩართული ჩხუბის შემდეგ აღმოჩნდა.

– ახლა უკვე ვხვდები, რატომ გძულდა ნუციკო ყოველთვის, – ჩაილაპარაკა თითქოს გულდაწყვეტილმა და ნიშნისმოგებით დაუმატა, – ცოტათი ხომ მაინც მოგჩეჩე!

– რა სულელი ხარ, – გაიცინა დეამ, – შენნაირ ქალებს ქმრები ყოველთვის ღალატობენ. ვინც უნდა გყოლოდა ქმრად, აუცილებლად გიღალატებდა, ამას თავს ვერ აარიდებდი. ამიტომ ძალიანაც ნუ ინერვიულებ.

– რა თქმა უნდა, შენნაირი ყოველთვის მოიძებნება. კახპებს რა გამოლევს.

– თუ ფიქრობ, რომ ამით შეურაცხყოფას მაყენებ, ძალიან ცდები.

– მე ვცდილობ ამას? აბა, რას ამბობ? სულელი კი გგონივარ, მაგრამ არც ისეთი სულელი ვარ, ვერ ვხვდებოდე, რომ შენი რეპუტაციის ადამიანის შეურაცხყოფა შეუძლებელია.

– მიდი, მიდი, მოიოხე გული. წინ იმდენი უსიამოვნო სიურპრიზი გელის... ჯერ ხომ შენი შემცვლელი არ გინახავს. წარმომიდგენია, როგორი ეფექტური იქნება თქვენი შეხვედრა. ანა ისეთი უტიფარია და უზრდელი, ნამდვილად გამოგიყვანს წონასწორობიდან.

– ეგ არ არის შენი პრობლემა.

– ვიცი. უბრალოდ, ფანტაზიას ვივითარებ.

მედიკომ ჩანთა აიღო.

– ნეტავი, ნუცა არ გადაჰყროდა იმ ბიჭს და თუნდაც ვახტანგს სამი ანასნაირი შეერთო ცოლად... იცი, როგორ მეზიზღებით ყველა? მაგრამ ყველაზე მეტად ის მაცოფებს, არაფრით რომ არ აღმოვჩნდი თქვენზე უკეთესი.

– იმიტომ, რომ ცდუნებას ვერ გაუძელი და იმ ბიჭს ლოგინში ჩაუწექი? – დეა არ ელოდა ისეთ რეაქციას, რომელიც მის სიტყვებს მოჰყვა. მედიკო ერთბაშად აფეთქდა და მთელი ხმით იყვირა:

– არ ჩავწოლივარ, არ ჩავწოლივარ-მეთქი! – მერე დაბარბაცდა და იატაკზე უგრძნობლად ჩაიკეცა...

ნუცამ ნელა ასწია თავი და ცრემლიანი თვალებით გოგას შეხედა:

– შენ ფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია?

– რატომ არა?! ჩვენ ხომ ყოველთვის კარგად ვუგებდით ერთმანეთს. გახსოვს, ბავშვობაში როგორ მიყვარდა თქვენთან მოსვლა? ზოგჯერ კი ვჩხუბობდით, მაგრამ მაინც ჩემს ყველა სხვა ამხანაგს მერჩივნე. ეტყობა, მაშინვე ვგრძნობდი რაღაც ნათესაურს შენ მიმართ.

– ჰო, მაგრამ იმდენი რაღაც მოხდა... მამაჩემი მამაშენია, თუმცა შენ ის გძულს. დედაჩემი დედაშენს ვერ იტანს და საამისოდ მიზეზიც აქვს. ძალიან ბევრი სიძულვილია ჩვენ შორის.

– სულაც არა, მე ძალიან მიყვარხარ. ხომ გავგიჟდი, როცა პირველად ეს ამბავი გავიგე, მაგრამ მერე, ცოტა რომ დავმშვიდდი, აღმოვაჩინე, რომ ძალიან გამიხარდა. შენნაირ დაზე მარტო ოცნება თუ შემეძლო. ძალიან მაგარია. ძლივს ვიპოვე ადამიანი, რომელზეც შემიძლია, ვიზრუნო და ამით ჩემი არსებობა გავამართლო.

– რა სულელი ხარ! – გაიცინა ნუცამ და გოგას ალერსით მოუსვა ცხვირზე თითი, – ნეტავი შიგნით რა ხდება?

– სად, შიგნით?

ნუცამ თავი სახლისკენ გადააქნია.

– ეგ ლამის დამავიწყდა. შენ რა გაწუხებს, უჩვენოდაც გაარკვევენ ურთიერთობას.

ნუცამ წყენით დაბუშტა ტუჩები:

– ამას არ უნდა ამბობდე. ვახტანგი მაინც მამაშენია, მოგწონს შენ ეს თუ არა. საშინელებაა იმის გაფიქრება, რომ მამა და შვილი ერთ ქალთან იწექით.

– ეგ ჩემი პრობლემა არ არის. იმან იდარდოს, ვისაც ეგ კახპა ცოლად უნდოდა.

– გოგა, ნუ ამბობ ასე. ძალიან ცუდია, თუ მართლა ამას ფიქრობ.

– დიახ, ზუსტად ამას ვფიქრობ და სინდისიც არ მაწუხებს. ვახტანგის პრობლემაა, თუ მარტო ბოზები მოსწონს.

– გოგა! გეყოფა.. ვერ ხვდები, რომ დედაშენის და მამაშენის ლანძღვით საკუთარ თავს აყენებ შეურაცხყოფას?

– ვხვდები, მაგრამ მირჩევნია, ამაზე არ ვილაპარაკო. იმათ გაუმართლათ, რომ შენ ხარ აქ, თორემ საშინელებას მოვიმოქმედებდი. პატარა ბოზი მეუბნებოდა, საქმრო მყავსო, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ...

– თუ ის ვახტანგი იქნებოდა... – სევდიანად ჩაილაპარაკა ნუცამ და წამწამები ისევ ცრემლმა დაუსველა.

– გეყოფა, არ იტირო, თორემ შევუვარდები, თმაში ხელს ჩავავლებ და გარეთ გამოვათრევ.

– იმას რას ერჩი?

– მართალი ხარ, რას ვერჩი? მთავარი დამნაშავე დედაჩემია და მამაშენი.

– მამაშენიც! – მოუჭრა ნუცამ.

– ვახტანგს მამად არასოდეს ვაღიარებ, ამაზე არ მელაპარაკო. საერთოდ კი, იცი, რა ვქნათ?! თვითმფრინავში ჩავსხდეთ და აქედან ავორთქლდეთ.

– კარგი იქნებოდა, მაგრამ არ გამოვა, – ამოიოხრა ნუცამ.

– რატომ არ გამოვა? მე ლონდონში სახლიც მაქვს და სამსახურიც. მოგხედავ როგორმე. ხომ ვაპირებდით ამის გაკეთებას.

– მაგას ნუ გამახსენებ, – გააფრთხილა ნუცამ.

– მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ერთად კარგად ვიქნებით. ესენი აქ დარჩნენ და, სანამ არ მოსწყინდებათ, არკვიონ ურთიერთობები.

– ბრძოლის ველიდან გავიპაროთ? – გაეღიმა ნუცას.

– ეს არ არის ჩვენი ბრძოლა, აი, რაშია საქმე.

– ჰო, მაგრამ მაინც არ გამოვა, – ყოყმანით თქვა ნუცამ.

– რატომ? დედაშენის გამო?

– არა. არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია და რომელზეც მე... მე...

გოგამ თავი დაუქნია.

– ვიცი. ვიცნობ, სანდროზე ამბობ ამას.

ნუცამ გაოცებით შეხედა.

– შენ... რა იცი... იცნობ სანდროს? საიდან?

– ჰო, ვიცნობ. მაგრამ საიდან გავიცანი და როგორ, ამაზე როდისმე სხვა დროს ვილაპარაკოთ. შენ ის მითხარი, მართლა გიყვარს?

ნუცამ მაშინვე არ უპასუხა, მხოლოდ თავი დახარა და გაწითლდა.

– გასაგებია. შეგიძლია, არაფერი თქვა. მერე, სახე რატომ ჩამოგტირის, იჩხუბეთ?

– არ ვიცი.

– რას ნიშნავს, არ იცი?

– ჰო, არ ვიცი. კარგა ხანია, არ მინახავს. მგონი, გამირბის.

– აჰა! თურმე რატომ ხარ ასეთი მოწყენილი. მაგასაც საკუთარ თავზე ვიღებ... „მოსულა“?

– „მოსულა“, მაგრამ იქნებ მიზეზი აქვს, ასე მოიქცეს.

– მეც სწორედ მაგ მიზეზზე გელაპარაკები. ნუ გეშინია, ამ პრობლემას მაინც მოვაგვარებ.

ნუცამ თავი გადააქნია. გვერდზე გაიხედა და მათკენ სწრაფად მომავალი ანა დაინახა. სანამ ნუცა რამეს იტყოდა, ანამ დაასწრო და დაუფარავი ზიზღით მიახალა.

– იქ, მგონი, მამათქვენი კვდება. იატაკზე წევს და ხროტინებს. იქნებ მიხედოთ. შეიძლება, ჩემს სიყვარულს და მზრუნველობას არ იმსახურებს, მაგრამ თქვენ იქნებ გიღირდეთ მისი გადარჩენა.

ნუცამ წამოიყვირა, წამოხტა და სირბილით მიაშურა კიბეს, გოგაც უკან გამოედევნა. ანამ ჩაიცინა და ხმაურით გაიკეტა ეზოს ჭიშკარი...

***

რუსიკომ გრძელი, პრიალა კონვერტი ჩანთაში ჩაიდო და მდივანს დაურეკა. ქალმა თითქმის მაშინვე შემოაღო კარი.

– ჩემთვის არავის დაურეკავს?

– არა, ქალბატონო რუსუდან, თუმცა... არა, დარეკეს, საკმაოდ უცნაური ზარი იყო. ვიფიქრე, რომ ვიღაცას ნომერი შეეშალა, იმიტომ, რომ...

– არ მაინტერესებს, შენ რა იფიქრე, – უკმაყოფილოდ აუქნია ხელი რუსამ, – მოკლედ მითხარი, რა გითხრეს?

– დიახ, მეც მაგას გეუბნებით... ვიღაც ბიჭი იყო და ასეთი რაღაც თქვა, – გადაეცით, რომ არაფერი იცვლება.

– ძალიან კარგი. შეგიძლია, წახვიდე.

– სად?

– რას ნიშნავს, სად? სახლში ან სხვაგან – ეს შენ უკეთ იცი.

– ჯერ ხომ მხოლოდ 4 საათია? სამუშაო დღე ჯერ არ დამთავრებულა.

– რამდენს ლაპარაკობ? მე გიშვებ, წადი. თუ არ გინდა, დარჩი. ერთი სიტყვით, როგორც გინდა, ისე მოიქეცი, სრულ თავისუფლებას განიჭებ, – გაღიზიანდა რუსა.

შეცბუნებულმა მდივანმა უკან დაიხია.

– მაპატიეთ, მაგრამ ვიღაც გელოდებათ...

– მერე, ახლა მეუბნები ამას?.. პირველი თვეა, ჩემთან მუშაობ? რამ დაგაბნია და გამოგაშტერა? შემოვიდეს. რას მიყურებ? გადი და უთხარი შემოვიდეს...

მდივანი ფეხაკრეფით გაიპარა კაბინეტიდან და რამდენიმე წუთში ოთახში გოგა შემოვიდა. რუსა აშკარად არ ელოდა მის დანახვას და გაოცებაც ვერ დამალა.

– აქ რა გინდა?

– საქმე მაქვს.

– მოდი, დაჯექი. დალევ რამეს? – რუსა ბართან მივიდა.

– წყალს სიამოვნებით დავლევდი.

ქალმა ჭიქაში ყინული ჩაყარა, წყალიც დაუსხა და მიუტანა. გოგამ მადლობის ნიშნად თავი დაუქნია, ჭიქა გამოართვა და ნელა, პატარა ყლუპებით დაიწყო დალევა.

რუსამ იგრძნო, რომ მოთმინების ფიალა ევსებოდა...

– რით შემიძლია გემსახურო?

– ერთ ადამიანს ვეძებ და ვფიქრობ, რომ შეგიძლია, შენ დამეხმარო.

– მე?! – გაიოცა რუსამ.

– ჰო. სანდროს ნახვა მინდა. იცი, სად არის? – პირდაპირ მიახალა გოგამ და დაჟინებით მიაშტერდა.

რუსა მიხვდა, რომ სანდროსთან მისი ნაცნობობის უარყოფას აზრი არ ჰქონდა, თუმცა პირდაპირ პასუხს მაინც აარიდა თავი.

– უნდა ვიცოდე?

გოგამ თავი დაუქნია და ჭიქა გაუწოდა.

– რომ გითხრა, იმ დღის შემდეგ აღარ მინახავს-მეთქი?!

– თქმა ყველაფრის შეიძლება. მთავარია, მე დაგიჯერებ თუ არა.

– ეგ უკვე შენი ნებაა... – მხრები აიჩეჩა რუსამ, – მაგრამ მე მართლა არაფერი ვიცი მის შესახებ და, საერთოდ, იქნებ თქვენი ოჯახის პრობლემებში მე აღარ გამრიოთ. დილით სწორედ ეს ვუთხარი მამაშენსაც.

გოგა მოიღუშა:

– ვახტანგი მამაჩემი არ არის და მისი პრობლემებიც ფეხებზე მკიდია, რასაც ნუცაზე ვერ ვიტყვი. სანდრო უნდა ვნახო.

– მესმის შენი, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარები. ვწუხვარ, – რუსამ თავის ხელჩანთას დახედა.

– სადმე მიდიოდი და შეგაყოვნე?

– ჰო, საქმიანი შეხვედრა მაქვს.

– მაშინ, თავს აღარ შეგაწყენ, – გოგა კარისკენ შებრუნდა.

– მოიცა, – რუსა ბიჭთან მივიდა და მხარზე დაადო ხელი, – თქვენთან რა ხდება, რეზო ხომ არ შეგხმიანებიათ?

გოგამ მხრები აიჩეჩა:

– არ ვიცი, რაზე ლაპარაკობ. თუ რამე გაინტერესებს, შეგიძლია, დეას დაურეკო.

– კარგი. ვხვდები, რომ ამაზე ლაპარაკი არ გსიამოვნებს.

– ჰო, არ მსიამოვნებს, მაგრამ დეა ხომ შენი მეგობარია. არ გამიკვირდება, თუ მის უზნეობას ხელს დააფარებ. იცი, რა მაინტერესებს? ოღონდ, შეგიძლია, არ მიპასუხო... ვახტანგთან შენც იწექი?! – გოგამ ერთხანს ჩუმად უყურა შესამჩნევად გაფითრებულ ქალს და დამცინავი ღიმილით გაიხურა კარი...

სანდრომ სიგარეტის ნამწვით სავსე საფერფლეს დახედა. ოთახი სავსე იყო სიგარეტის კვამლით, მაგრამ ადგომა და ფანჯრის გაღება არ უფიქრია, არც ნამწვების გადაყრა. რუსა აგვიანებდა, შეიძლება, არც აგვიანებდა და განერვიულებულს თვითონ ეჩვენებოდა, რომ დრო უსასრულოდ გაიჭიმა. როგორც იქნა, ჰოლში მისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის რიტმული კაკუნი მოისმა...

– რა ჰქენი? – მოუთმენლად მიეგება სანდრო.

– როგორც შეგპირდი, მოგიტანე, – რუსამ პრიალა კონვერტი გაუწოდა, – რეისი ხვალ დილით არის, გამთენიისას. გაფრენამდე ზუსტად ათი საათი რჩება. ასე რომ, დრო კიდევ გაქვს...

– დრო რისთვის?

– იცი, რისთვისაც.

– არა, არა. ეგ საკითხი დახურულია. მით უმეტეს, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა. ნუცას საკმარისზე მეტი პრობლემები აქვს, მეც რომ არ დავემატო.

– მით უმეტეს, უნდა დარჩე. იქნებ, შენ ხარ ის ხავსი, რომელსაც ნუცა მოებღაუჭება?

– უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია. ყველაფრისთვის დიდი მადლობა. ევროპაში, ალბათ, შევხვდებით.

რუსას გაეღიმა...

– ჰო, თუ ვიგრძნობ, რომ მენატრები, ბილეთს ავიღებ და ჩამოვალ... იცი, ვის უნდოდა შენი ნახვა?

სანდრომ კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.

– გოგას. არ ვიცი, რატომ იფიქრა, რომ ჩემთან იქნებოდი...

– იმიტომ, რომ ადამიანებში იშვიათად ვცდები! – გოგამ ოთახში მყოფებს დამცინავი მზერა შეავლო, – ვიცოდი, რომ მატყუებდი და უკან გამოგყევი. კარი კი შენმა შინამოსამსახურემ გამიღო. ეტყობა, დაგავიწყდა, გაგეფრთხილებინა. თუმცა, ესეც ვერ გიშველიდათ. მაინც მოვახერხებდი შეხვედრას. უნდა გელაპარაკო, – მიუბრუნდა სანდროს და პრიალა კონვერტს დააშტერდა, – ასეც ვიცოდი, „ითესები“. გინდა, მშრალად გამოხვიდე იმ წუმპიდან. არ გამოვა, ნუცას ასე ვერ მიატოვებ.

– მე ამას ნუცას გამო ვაკეთებ. მისთვის უკეთესი იქნება, თუკი აქედან შორს ვიქნები. უფრო ადვილად დამივიწყებს და იმ ადამიანს შეხვდება, ვინც მას ბედნიერს გახდის.

– შენ რა იცი, ვისთან იქნება ნუცა ბედნიერი, რატომ წყვეტ მის ნაცვლად?

– სანდროს იმის თქმა უნდა, რომ ნუცა ვერასოდეს შეეგუება იმ ფაქტს, რომ მისი საყვარელი მამაკაცი ფულს იმით შოულობდა, რომ ქალებს ანიჭებდა სიამოვნებას, – საუბარში ჩაერია რუსა.

– შეგიძლია, მარტო დაგვტოვო? – უთხრა გოგამ რუსას და ისე შეხედა, რომ ქალმა წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ გაბედა.

– ნუ გეშინია, არ შევჭამ, ორ სიტყვას ვეტყვი და წავალ...

რუსამ სანდროს გახედა. ბიჭმა ოდნავ დაუქნია თავი...

***

რეზომ მანქანის საბარგული დაკეტა და ნუცას გაუღიმა:

– მგონი, არაფერი გვრჩება.

– ჰო, აქ მართლაც აღარაფერი დამრჩენია. მადლობელი ვარ, რომ უარი არ მითხარით აეროპორტში წაყვანაზე. რა თქმა უნდა, შემეძლო, ტაქსითაც წავსულიყავი, მაგრამ...

– აბა, რას ამბობ? ტაქსით რომ წასულიყავი, არასოდეს გაპატიებდი ამას. გოგამ რა თქვა?

– თქვენ წადით და მეც მოვალო. რაღაც საქმეები აქვს მოსაგვარებელი.

– რა საქმეებია, არ უთქვამს? – რეზოს მოუსვენრობა დაეტყო. ნუცამ გაიღიმა. ფეხის წვერებზე წამოიწია და კაცს ლოყაზე აკოცა.

– ტყუილად ნერვიულობთ. „იმასთან“ შესახვედრად ნამდვილად არ წასულა.

რეზო წამოწითლდა:

– ძალიან ეგოისტი ვარ. რა უფლება მაქვს, მისი ნახვა დავუშალო, მაგრამ საკუთარ გულთან ჭიდილი არასდროს შემეძლო. ბრძოლას ყოველთვის მე ვაგებდი. კარგია, რომ გოგა მე არ მგავს.

– პირიქით, ძალიან კარგია, რომ თქვენ გგავთ, – გულწრფელად თქვა ნუცამ და მანქანის სავარძელზე მოკალათდა. ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა და რამდენჯერმე ნაძალადევად გაიღიმა კიდეც, მაგრამ რეზო მიხვდა, რაც ხდებოდა მის გულში.

– დედაშენს არ გამომშვიდობებიხარ?

– არა. ამისთვის საავადმყოფოში უნდა გამევლო, მე კი დრო არ მქონდა. წერილი დავუტოვე.

რეზომ თავი გადააქნია:

– ძალიან მკაცრადაც ნუ განსჯი. პირიქით, შეეცადე, გაუგო.

– ვცადე, მაგრამ ჯერჯერობით ვერ შევძელი. ყველას საკუთარი შეხედულება აქვს თავმოყვარეობაზე. ვნახოთ, დრო რომ გავა, შეიძლება, სხვანაირად ვიფიქრო.

– ჰო, დრო ბევრ რამეს ცვლის და თავის ადგილს მიუჩენს ხოლმე. იმაზე რას იტყვი, რაც გუშინ შენ და გოგას გითხარით?

ნუცამ შუბლზე ჩამოშლილი თმა შეისწორა. რეზომ იფიქრა, რომ გოგომ შეგნებულად აარიდა პასუხს თავი.

– მართალი ხარ. ჩემს შემთხვევაშიც იმავეს ფიქრობ, რაც წეღან მედიკოზე თქვი – ყველას საკუთარი შეხედულება აქვს თავმოყვარეობაზეო. მაგრამ მე ასეთი ვარ და ვეღარ შევიცვლები.

– არც არის საჭირო. უბრალოდ, თქვენი გუშინდელი გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის, შეიძლება, გოგასთვისაც. თუმცა, არაფერი უთქვამს. სწორად გამიგეთ, მე არ ვიცი, უფრო სწორად არ შემიძლია, ახლა ვთქვა, რას მოიტანს ეს მომავალში. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც ჩაიფიქრეთ. მთავარია, გულწრფელად გინდოდეთ ის ბავშვი და არა ვინმეს დასასჯელად.

რეზო ჩუმად უსმენდა ნუცას და ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს. მისი სიტყვები ენიშნა. ამაზე თვითონაც ბევრი იფიქრა. რამდენჯერმე ჰკითხა საკუთარ თავს, შურისძიება ხომ არ გამოძრავებსო. მაგრამ გადამწყვეტი პასუხი ვერ მიიღო. ჭრილობა მეტისმეტად ახალი იყო, რომ შურისძიებაზე არ ეფიქრა. ნუცამ იგრძნო, რომ თავისი პასუხით კაცი ააფორიაქა. ხელზე ნაზად შეახო ხელი და მხარზე მიეხუტა:

– მე მჯერა თქვენი. გოგასაც. იმისი მჯერა, რომ გიყვართ ადამიანები და მათ საზიანოს არაფერს ჩაიდენთ. გააკეთეთ ის, რაც მართლა გინდათ და იფიქრეთ იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მერე კი ჩვენთან ჩამოდით.

რეზოს სახე გაუნათდა. გოგოს მადლიერებით შეხედა და სიჩქარეს მოუმატა...

... დეა ხვდებოდა, რომ მისი ცხოვრება ნელ-ნელა კარგავდა აზრს. სრულ მარტოობაში გატარებული რამდენიმე დღე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ყველაფერი გაეანალიზებინა და აეწონ-დაეწონა. შეცდომები იმაზე გაცილებით მეტი აღმოაჩნდა, ვიდრე თავიდან წარმოიდგენდა. ყველაზე დიდი და „ხელშესახები“ შეცდომა ვახტანგი იყო. დეა მას მიიჩნევდა დანარჩენი „წვრილმანი“ შეცდომების მაპროვოცირებლად. ამიტომ სულაც არ სწყენია, როცა მისი ცუდად ყოფნის ამბავი შეიტყო. პირიქით, ბოროტი სიხარულით ისიც კი ინატრა, ნეტავი მოკვდებოდესო. თითქოს კაცის სიკვდილი წაშლიდა წარსულს, მძიმე ტვირთად რომ აწვა მხრებზე. გოგა ისე გაემგზავრა, არც გამომშვიდობებია. დეამ ყველაზე უკეთ იცოდა შვილის ჯიუტი ხასიათი და დარწმუნებული იყო იმაშიც, რომ კიდევ დიდი დრო გავიდოდა, სანამ გოგა მის პატიებას შეძლებდა, თუკი საერთოდ შესძლებდა ამას. რეზოს დაბრუნების იმედიც თოვლივით ადნებოდა ხელში...

დეამ ცივი ყავა მოსვა და დაიჯღანა. ოთახში შემოსული ქმარი მაშინვე არ დაუნახავს. კარს მასიური სავარძელი თითქმის მთლიანად ფარავდა. მისი ნაბიჯების ხმაც უფრო იგრძნო, ვიდრე გაიგონა...

ცოლის მზერაში აფეთქებულმა სიხარულის ნაპერწკალმა კაცს მხნეობა შემატა. ეს იყო ის, რაც მას სჭირდებოდა, მაგრამ შუბლი არ გახსნა და მასთან ჩასახუტებლად მიგებებული დეა ხელით შეაჩერა.

– ჯერ მოიცადე, შეიძლება, ტყუილად გიხარია ჩემი დანახვა.

დეა შედგა. მის აღფრთოვანებას თითქოს ცივი წყალი გადაასხეს.

– შენი ნივთების წასაღებად მოხვედი? არ დარჩები? იმდენი რამ მაქვს სათქმელი...

– დაახლოებით ვიცი, რაც უნდა მითხრა და შეიძლება, დავრჩე კიდეც, მაგრამ ალბათ, ხვდები, რომ ძველებურად ვეღარ ვიცხოვრებთ. მე აღარასოდეს ვიქნები ის ბუნჩულა რეზო, რომელიც შენ მოგწონდა და გინდოდა. ახალი რეზო კი ძალიან ხშირად გაგაოცებს. ჰკითხე საკუთარ თავს, გაუძლებ ამ ყველაფერს?

– მე უკვე ვკითხე. თანახმა ვარ, ყველაფერზე თანახმა ვარ. ოღონდ დარჩი, – ნაჩქარევად ჩაილაპარაკა დეამ და ისევ ქმრისკენ გაიწია.

– მოიცადე. ჯერ ყველაფერი არ მითქვამს. კიდევ არის რაღაც... შენ შეგიძლია, უარი თქვა, მაგრამ მე ჩემს გადაწყვეტილებას არ შევცვლი... მოკლედ ასეა... ძალიან ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ შენს უზნეობას გარკვეულწილად მეც შევუწყვე ხელი, როცა ყველანაირ საზრუნავს აგარიდე. ალბათ, ხვდები, რასაც ვგულისხმობ... შვილიც სხვამ გაგიზარდა. შენ არ იცი, უფრო სწორად, დაგავიწყდა, რა მოეთხოვება და რაზე უნდა იფიქროს ქალმა, როცა მას ქმარი და შვილი ჰყავს. მე ამ შეცდომას გამოვასწორებ – შანსს მოგცემ, შენში მიძინებული ქალური პასუხისმგებლობა გავაღვიძო და ის მთავარი მოვალეობა გაგახსენო, რომელიც ქალს დააკისრა ბუნებამ...

– არ მესმის, რაზე ლაპარაკობ... – ჩაილაპარაკა შეცბუნებულმა დეამ.

– ახლავე გაიგებ. გოგას უკვე ველაპარაკე. მართალია, არ უთქვამს, რომ ჩვენს სიტუაციაში ეს საუკეთესო გამოსავალია, მაგრამ არც წინააღმდეგობა გაუწევია. შენ იცი, რასაც შენი შვილი შენზე ფიქრობს... მე ასეთი გადაწყვეტილება მივიღე... ბავშვი უნდა ვიშვილოთ...

დეა მოულოდნელობისგან გაშეშდა...

– რა?! – წამოიყვირა სასოწარკვეთილმა.

– ჰო, ბავშვი უნდა ვიშვილოთ, პატარა, ჩვილი, რომელსაც შენ გაზრდი, ყოველგვარი ძიძებისა და დამხმარეების გარეშე. შენ იზრუნებ მასზე, აჭმევ, დააძინებ, დაბან, სასეირნოდ წაიყვან... ერთი სიტყვით, ყველაფერს გაუკეთებ. დედამისი გახდები, ამ სიტყვის პირდაპირი და საუკეთესო გაგებით. შენი უბედურება ის არის, რომ არასდროს, არავისზე აგიღია პასუხისმგებლობა. ამ ბავშვის შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად იქნება.

– მე უკვე მყავს შვილი... – ამოიბლუკუნა დეამ.

რეზომ თავი დაუქნია.

– შვილი, რომელსაც არაფერში სჭირდები, შენი დანახვაც კი არ უნდა. იქნებ, ამ ბავშვმა მისი სიყვარული და პატივისცემაც დაგიბრუნოს? ყოველ შემთხვევაში, ამის შანსიც მოგეცემა. როგორ გამოიყენებ, შენზეა დამოკიდებული, – კაცმა მაჯის საათს დახედა, – მე ყველაფერი ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა.

– დრო მაქვს, რომ მოვიფიქრო? – ძლივს გასაგონი ხმით ჩაილაპარაკა ქალმა.

– მხოლოდ ათი წუთი. ეს დრო სრულიად მეყოფა იმისთვის, რომ სამზარეულოში გავიდე და ყავა დავლიო. იმედია, ხვდები, რომ ბავშვი სათამაშო არ არის, პატარა შეცდომასაც არ გაპატიებ...

– თუ უარს გეტყვი?

– შენი ნებაა. მაშინ, ჩემს ნივთებს წავიღებ და ვეღარასოდეს მნახავ. მინდა, ერთი რამე გაიგო, დეა: მე არაფერს გაიძულებ, ეს ულტიმატუმი არ არის. შანსს გაძლევ, რომ ნორმალურად იცხოვრო. დარწმუნებული ვარ, შენ ეს გამოგივა.

– ის მაინც მითხარი, კიდევ გიყვარვარ? – ამოისლუკუნა ქალმა და ქმარს მოლოდინით სავსე მზერა მიაპყრო.

– ო, ეგ არ უნდა გეკითხა, როგორ ფიქრობ, ამას რატომ ვაკეთებ? გაცილებით ადვილი შენი მიტოვება იქნებოდა, მაგრამ...

– თანახმა ვარ! – წამოიყვირა დეამ და, მიუხედავად იმისა, რომ კაცს ამის სურვილი არ გამოუხატავს ქმარს კისერზე ჩამოეკიდა...

ეპილოგის მაგივრად...

ვახტანგმა ფრთხილად ასწია ზეწარი და ბალიშსა და ლეიბს შორის შემალული მობილური ამოაძვრინა... მერე ქურდივით მიმოიხედა ოთახში და, როცა დარწმუნდა, რომ ვერავინ დაინახავდა, ცალი თითით ნომერი აკრიფა...

– მე ვარ... ვახტანგი... არ გათიშო, ძალიან გთხოვ... დრო ცოტა მაქვს... ყოველ წუთს შეიძლება, პალატაში ვინმე შემოვიდეს... არა, არ მეშინია, მაგრამ... ანა, საყვარელო, მომისმინე... მოდი, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ... ვიცი, რომ არაფერში გჭირდები... ეგეც ვიცი... მაპატიე, მაპატიე, მომხდარში თავად ვარ დამნაშავე... ხომ ხედავ, არ გეწინააღმდეგები... არა, არა. აქ მოსვლას არ გთხოვ. არც მე მინდა, რომ ასეთ მდგომარეობაში მნახო... უბრალოდ, იმედი მომეცი, რომ ხელს არ მკრავ... საყვარელო, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ... ანუშკი... არ გამითიშო... ანა...

– ვის ელაპარაკებოდი? – მედიკომ მაწვნიანი ფინჯანი კომოდზე დადგა და ქმარს შუბლზე ხელისგული შეახო.

– სიცხე არ უნდა გქონდეს... ვის ელაპარაკებოდი-მეთქი?

– გოგასთან ვცდილობდი დაკავშირებას, მაგრამ არ მიპასუხა, – ყალბად ამოიოხრა კაცმა და მობილური „გულმოკლულმა“ გაუწოდა.

– შენი ნერვიულობა არ შეიძლება, ექიმმა ხომ თქვა. არ გინდა, დროზე გამოხვიდე აქედან? გოგას კი დრო უნდა მისცე გონზე მოსასვლელად.

ვახტანგმა ცოლის ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა.

– შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა. რა ბედნიერებაა, რომ მაპატიე...

მედიკომ ამოიოხრა:

– ახლაც არ ვიცი, ეს რატომ გავაკეთე. იმედია, არ ვინანებ.

– საყვარელო... მე შენი უზნეო ბიჭი ვარ, უჩემოდ ვერ გაძლებდი.

– ჰო, ალბათ... თუმცა... – მედიკო შეყოყმანდა.

– არაფერი თქვა, საყვარელო, ვიცი, რომ დამნაშავე ვარ. ძალიან გატკინე გული, მაგრამ უნდა დამიჯერო, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ.

– ძალიან მინდა, ამის მჯეროდეს... ახლა წამოჯდომაში დაგეხმარები და მაწონს გაჭმევ, საავადმყოფო სერიოზული საუბრებისთვის შესაფერი ადგილი არ არის, ამისთვის დრო კიდევ გვექნება.

ვახტანგმა მორჩილი ბავშვივით გაუღიმა ცოლს...

***

ნუცა მოუსვენრად აწრიალდა... თვითმფრინავი ნელ-ნელა კრეფდა სიჩქარეს. გოგომ ილუმინატორში გაიხედა. მერე თავის გვერდით ცარიელ სავარძელს გაუშტერა მზერა და დამცავი ქამრები შეიხსნა...

– არა, არა, ამის გაკეთება არ შეიძლება, თვითმფრინავის შინაგანაწესს ნუ დაარღვევ!

ნუცას სუნთქვაც კი შეეკრა მღელვარებისგან და თავზე წამომდგარ ბიჭს შიშით ახედა. არა, ნამდვილად არ მოსჩვენებია მის წინ სანდრო იდგა და იღიმებოდა.

– შეიძლება, დავჯდე? – მიუთითა ცარიელ სავარძელზე.

– მე... მე... არ ვიცი... აქ გოგა უნდა მოვიდეს... ეს მისი ადგილია.

– გოგა მეორე სალონშია. ბილეთი გამიცვალა. დამარწმუნა, რომ შენ წინააღმდეგი არ იქნებოდი...

ნუცას მზერაში სიხარულის ნაპერწკალი გაკრთა და იგრძნო, როგორ ჩამოუგორდა ლოყაზე ბედნიერების ცრემლი...

დასასრული

скачать dle 11.3