კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ძირეული განსხვავება დაანახვეს ქალსა და კაცს შორის ივა კუზანოვს შვილიშვილებმა და როდის უშლის ნერვებს მას მეუღლე



ივა კუზანოვი პროფესიამ ისე დააახლოვა ქალთა სქესს, რომ მეეჭვება კიდევ მოიძებნოს მამაკაცი, რომელსაც ქალბატონები თავის სანუკვარ, ინტიმურ სურვილებს ასეთი გულახდილობით უმხელდნენ. მიუხედავად ამისა, ბატონ ივას მიაჩნია, რომ ქალების ბევრი არაფერი ესმის და აშკარად გაუმართლა, ღმერთმა მისთვის „კაცის“ ტყავი რომ გაიმეტა. იმაშიც დარწმუნებულია, რომ არ არსებობს ულამაზო ქალი და რომ, სრულყოფილებისკენ ლტოლვა, წმინდა ქალური ფენომენია.



ივა კუზანოვი: ქალის ფსიქოლოგია ძალიან რთული ფენომენია და ვერ დავიბრალებ, რომ ეს საკითხი კარგად მესმის. თქვენ ფიქრობთ, რომ მე ქალებს თავის ენაზე ველაპარაკები?! – არ არსებობს ასეთი ენა. მაგრამ არსებობს მათი მოსმენისა და გაგების სურვილი. თუ მამაკაცს ქალის არ ესმის, ეს მისი პრობლემაა და არა ქალის.

– თქვენთან მოსული ქალების ხომ გესმით?!

– ვცდილობ, მესმოდეს. ჩემთან მოსული ქალების უმრავლესობას, არ მოსწონს საკუთარი გარეგნობა. ამ დროს, იმ მამაკაცს, რომელიც გვერდით ჰყავს, ისეთი უყვარს, როგორიც არის. ქალი მაინც უკმაყოფილოა. რა უნდა, ამ დროს ამ ქალს?! შეგიძლიათ მიპასუხოთ?!

– ალბათ, ახირებულია. ან უნდა, რომ სხვა მამაკაცებს მოაწონოს თავი.

– არ არის საქმე ასე მარტივად. საერთოდ, ამბობენ, რომ ქალი როცა ლამაზდება, ამას საკუთარი თავისთვის აკეთებს, მაგრამ მას ამოძრავებს სურვილი, მოსწონდეს ყველას. თუ გასათხოვარია – გათხოვდეს. იპოვოს ცხოვრების თანამგზავრი, შექმნას ოჯახი, გააჩინოს შვილები. ქალი მატერიალისტია. ის რაღაც არარეალური მიზნისთვის არ გაირჯება.

– ხომ არ ფიქრობთ, რომ ქალი არის არსება, რომელიც არასდროს არაფრით კმაყოფილდება?

– თუ სრულყოფილებისკენ მის ლტოლვას გულისხმობთ, ეს ასეც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ქალი არ უნდა კმაყოფილდებოდეს მიღწეულით. ქალისთვის ეს არის ნორმალური. თუ ლამაზია, ამ სილამაზის წარმოჩინებაზე უნდა იზრუნოს. ბევრი ლამაზი ქალია, მაგრამ ისე იცვამს და იხურავს, ზედ არავინ უყურებს. მარტო ბუნებრივი მონაცემები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მამაკაცის ყურადღება დაიმსახურო. ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს და ამასთან იპოვოს ის მარცვალი, რაც მას სხვა ქალებისგან გამოარჩევს.

– ძნელია ქალობა. კაცს სულაც არ მოეთხოვება ამდენი რამ.

– რატომ? კაციც უნდა იყოს ფორმაში და თავსაც უნდა უვლიდეს. უბრალოდ, ქალისგან განსხვავებით, მამაკაცს ამისთვის ნაკლები დრო სჭირდება. მაგრამ ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ კაცისთვის სულერთია, როგორ გამოიყურება. კაცმა უნდა დაიბანოს, დაივარცხნოს, თუ თმა აქვს (იცინის), გაიპარსოს, ოდეკოლონი დაისხას, ჩაიცვას სუფთა პერანგი და გამოვიდეს გარეთ. ნახევარ საათში მორჩება ამ ყველაფერს. ქალს მინიმუმ, საათ-ნახევარი სჭირდება ფორმაში მოსასვლელად.

– რაც ძალიან არ მოსწონთ მამაკაცებს.

– (იცინის) მე, მაგალითად, ძალიან ვბრაზობ, როცა სადმე მივდივართ, გვაგვიანდება და ამ დროს ჩემი ქალბატონი მეუღლე კიდევ არ არის მზად. ნერვები მეშლება.

– წარმოიდგინეთ, თქვენ რომ ყოფილიყავით ქალი...

– არა, ვერ წარმოვიდგენ. კატეგორიულად არ მინდა. წარმოსახვის დონეზეც კი... მე მომწონს, რომ მამაკაცი ვარ. ხოლო, რა უფრო რთულია, ქალობა, თუ კაცობა, მაგ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს.

– არ გინდათ აღიაროთ, რომ ქალობა უფრო რთულია?

– გააჩნია, ვისთვის. მამაკაცს აქვს თავისი პირდაპირი დანიშნულება, ქალს – თავისი. ღმერთისგან არის განაწილებული. რა მოეთხოვება მამაკაცს – იყოს მამაკაცური, მოუაროს ოჯახს, ქალს, უპატრონოს მას. არჩინოს ის და შვილები. დაიცვას და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება. მიზანი უნდა ჰქონდეს და სულ წინ და წინ მიიწევდეს ამ მიზნისკენ. ქალს რა მოეთხოვება?! – მოხიბლოს ეს მამაკაცი. (იცინის).

– ოჰ, მოსასმენად რა კარგია?!

– მარტო მოსასმენად – არა, საერთოდ კარგია და ბუნებრივი, რაც ვთქვი. ეს ბალანსი არ უნდა დაირღვეს. ეს არის ცხოვრება. მამაკაცია ვალდებული შემოიტანოს ოჯახში. ქალმა კი მის შემოტანილს უნდა მიხედოს. დააბინაოს და ისე მოიქცეს, რომ მამაკაცი დარჩეს მასთან. ისევ სახლში მისვლა მოუნდეს. მე ასე მიმაჩნია.

– თქვენს ოჯახში დიდხანს იყო დარღვეული ბალანსი მამაკაცების სასარგებლოდ.

– დიახ. იმიტომ, რომ ვაჟები მყავს. მაგრამ, შვილიშვილები გაჩნდნენ გოგონები. ერთ ვაჟსაც გოგონა და ვაჟი ჰყავს, მეორესაც. იცით, როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისგან? აბსოლუტურად. ივიკო, რომელიც წელს პირველ კლასში მივიდა, თითქმის ქეთოს თანატოლია. სრულიად სხვა ინტერესები აქვს. უნდა მარტო თოფი, გაისროლე... მოკალი... ქეთო ნაზია, ქალური, სულ იმაზე წუხს – რა ჩაიცვას, რა უხდება და რა არა, ანუ უკვე ქალია. როცა მათ ვუყურებ, გაოცებული ვარ. ისეთი ნიუანსებია, რაც მათთვის არავის უსწავლებია. ბუნებრივად მოსდგამთ.

– იმის თქმა გინდათ, რომ თუ ბიჭუნას, რომელსაც სათამაშო თვალით არ უნახავს, მივცემთ დედოფალას და მანქანას, ის მანქანას აირჩევს?

– აუცილებლად. გეუბნებით, რომ ჩემი შვილიშვილების მაგალითით დავრწმუნდი ამაში. ბუნება საოცარი რამ არის. ის თვითონ ზრუნავს, რომ სქესთა შორის სერიოზული განსხვავება არსებობდეს. ამიტომ ქალი ქალია, კაცი – კაცი.

– ხომ არ ცდილობს ბაბუ, კორექცია შეიტანოს შვილიშვილების გარეგნობაში?

– მე არავის გარეგნობაში არ ვცდილობ კორექციის შეტანას. მაგრამ ყველა კუზანოვს, დიდი, მოფრიალებული ყურები აქვს. (იცინის) ეს არის კუზანოვების მამაკაცების ნაკლი. ივიკოს მაინც ძალიან აქვს გადმოწეული. ამიტომ, ბავშვი რომ არ დაკომპლექსდეს, თუკი მას სურვილი ექნება, ალბათ გავაკეთებთ კორექციას.

– ოჯახის წევრებსაც არ ასვენებთ? კიდევ ვის შეახეთ თქვენი სკალპელი?

– (იცინის) მხოლოდ ერთ რძალს. შვილებს და მეორე რძალს – არა.

– მათ ვერაფერი უპოვეთ?

– არ უნდოდათ. (იცინის) საერთოდ, მე არავის ვეუბნები, შენ ეს გაქვს გასაკეთებელი და მოდი გავაკეთოთ-მეთქი. არც პაციენტს და არც ოჯახის წევრს. მოდიან ჩემთან ქალბატონები და პირველი, რასაც მეკითხებიან, არის – რას გამიკეთებდით? მე ვპასუხობ არაფერს. როგორ, ყველაფერი მოგწონთ? ასეთი ლამაზი ვარ? დიახ, ლამაზი ხართ. მე აბსოლუტურად გულწრფელი ვარ, როცა ვამბობ, რომ ყველა ქალი ლამაზია. მართლა ასეა. სხვა საქმეა, ვინ როგორ წარმოაჩენს საკუთარ თავს. მარტო მაღალი მკერდი და სწორი ფეხები, არ შველის საქმეს. ეს, ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. ზოგ ქალს სულ არ აქვს ლამაზი ფეხები, მაგრამ ისე გაივლის, ყველა მამაკაცი უკან გაედევნება.

– ამბობენ, რომ ქალი არის პროგრესის მამოძრავებელი და რომ არ ყოფილიყო ქალი, მამაკაცი დღესაც გამოქვაბულში იჯდებოდა.

– (იცინის) პროგრესის მამოძრავებელი არის. მამაკაცმა რომ ქალს თავი მოაწონოს, ბევრი რაღაც უნდა გააკეთოს. მიაღწიოს მიზანს, იშოვოს ფული – ქალი არის მამოძრავებელი ფაქტორი. ჩემი საქმიანობის სტიმულიც, დიდწილად ქალია.

– რა უნდა ჰქნას ქალმა, რომ კაცი არ გააბრაზოს?

– საერთოდ, ახლა ბევრი რამე შეიცვალა. ქალი ბევრად თავისუფალი გახდა. ჩვენი დედები და მამები ადვილად ვერ დაანგრევდნენ ოჯახს. ადვილად კი არა, საერთოდ ვერ დაანგრევდნენ. იმიტომ, რომ სირცხვილი იყო. ახლა აღარ არის ამის პრობლემა.

– კარგია ეს, თუ ცუდი?

– ალბათ, კარგია. მეუღლეებს შორის სიყვარული რომ უნდა იყოს, ამაზე აღარ არის საუბარი. მაგრამ სექსსაც არანაკლები მნიშვნელობა აქვს. თუ ამ საკითხში წყვილს ჰარმონია არა აქვს, მათი ერთად ყოფნა არც ერთისთვის არ იქნება სასიამოვნო და სასურველი. წინათ, მაჭანკლობით შექმნილი ოჯახი არ ირღვეოდა, მაგრამ ქალიც და კაციც დაკაბალებულები იყვნენ ამ ურთიერთობით. დღეს ვერავინ ვერავის ვერაფერს აიძულებს. მით უმეტეს, სექსის საკითხებში.

– ანუ, წინათ ქალიც და კაციც ძალიან საცოდავები იყვნენ და ვალდებულებების მონები?!

– დიახ. ასე იყო. დღეს არ მოგწონს ერთი, წახვალ მეორესთან.

– არ მოგწონს მეორე, მესამესთან გადაინაცვლებ...

– (იცინის) ჰო. ჩვენს მენტალიტეტში და ტრადიციებში მთლად კარგად ვერ ჯდება „ბოიფრენდისა“ და „გერლფრენდის“ ინსტიტუტი, მაგრამ მასაც აქვს გამართლება. ქალის და მამაკაცის ურთიერთობა მარტო სულის კი არა, სხეულის თანხვედრაც არის. თუმცა, ყველა ქვეყანას და ერს აქვს თავისი მოდელი და ამ მოდელის მიხედვით უნდა იცხოვროს. მე, პირადად მომხრე ვარ ტრადიციების შენარჩუნების.

– ანუ ქალიშვილობის ქორწინებამდე შენახვის?

– დიახ, ბატონო. სასურველი იქნება, თუკი შეინახავს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია. ჩვენი ხალხის მენტალიტეტი ბოლო ათი წლის განმავლობაში ძალიან შეიცვალა. ცხოვრება წინსვლაა და მას ვერანაირი ტრადიციით ვერ შეაჩერებ. ადრე ქალს რომ ეტყოდი, მიბრძანდით კაბინეტში, გაიხადეთ, უნდა გაგსინჯოთო, ერთი საათი სჭირდებოდა რომ მორცხვობა დაეძლია. ახლა თქმაც არ უნდათ. შემოსულები არ არიან, რომ უკვე იხდიან. (იცინის) ის კი არა, ქუჩაში დადიან გახდილები. იარონ, ბატონო, მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, მაგრამ რა საჭიროა, გამოაჩინო სხეულის ის ნაწილი, რომელიც ლამაზი არ გაქვს. მე ესთეტიკის და სილამაზის მომხრე ვარ. ქამარზე გადმოკიდებული ჭიპი ვერანაირად ვერ იქნება ლამაზი.

– რას იტყოდით იმ მამაკაცებზე, რომლებიც ქალის ტყავში შეძვრომას ცდილობენ?

– ბუნებრივია და მაშასადამე, მისაღებიც, როცა ყველა თავის ტყავში რჩება. ისინი, ვისაც თქვენ გულისხმობდით, არიან ჭეშმარიტი ტრანსსექსუალები. ბუნება ასეთ შეცდომას ათასში ერთს უშვებს და მათი სიტუაცია სხვანაირია. ისინი სწორედაც რომ, თავის ტყავში არ არიან. საშინელებაა, როცა სხვის ტყავში ხარ. ამიტომ, ასეთ პაციენტს ყველანაირად უნდა დაეხმარო, საკუთარი თავის პოვნაში. სხვა ყველა შემთხვევაში, ქალი ქალის ტყავში უნდა დარჩეს, კაცი კი – კაცისაში. ექსპერიმენტები საჭირო არ არის.



ნინო წულუკიძე


скачать dle 11.3