კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ გააცნო ზურა პოლოლიკაშვილმა ნინო დარასელს ესპანეთის მეფე



უკვე ერთი თვეა, რაც ნინო დარასელი ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსად დაინიშნა. სახელმწიფო მოხელის სამსახური თავისუფლებისმოყვარე ნინოსთვის ახალი ამპლუა იყო, თუმცა ძველ მეგობარს უარი ვერ უთხრა და მისი ცხრათვიანი ნებაყოფლობითი „შინაპატიმრობაც“ დასრულდა. ახლა ნინოს ეკონომიკური ტერმინოლოგიის შესწავლა უწევს, მართალია, პოლიტიკური ამბები, ოჯახიდან გამომდინარე, მისთვის უცხო ხილი არ ყოფილა, მაგრამ, უკვე თვითონაც მოუხდა პოლიტიკური ნათლობის „გავლა“. რა შეიცვალა ნინოს ცხოვრებაში მეორე შვილის გაჩენის და მოულოდნელი „გაჩინოვნიკების“ შემდეგ, რა შანსი დაკარგა მან ზურაბ პოლოლიკაშვილის წყალობით და რას აბრალებს ხშირად დედას, ამის შესახებ ნინო თავად გიამბობთ.



– ნინო, როგორ შეეჩვიე ახალ სამსახურს, მოგწონს სახელმწიფო მოხელის როლში ყოფნა?

– ერთი თვეა, რაც ამ სამსახურში ვარ და ჩემ ირგვლივ ყველაფერი შეიცვალა. სახელმწიფო სამსახური მაინც განსხვავებული ყოფილა. გულწრფელად გეტყვით, მე რომ საწარმოთა მართვის სააგენტოში ან პრივატიზაციის დეპარტამენტში დამეწყო მუშაობა, ნამდვილად ვერაფერს გავაკეთებდი, მაგრამ ახლა, ასე თუ ისე, მაინც ნაცნობ საქმეში ვარ ჩართული. მე ვხელმძღვანელობ პრესასთან ურთიერთობისა და ფიარის სამსახურს. ძალიან ბევრმა ადამიანმა, ეს რომ გაიგო, გაოცებულმა მკითხა – უი, ეკონომიკის სამინისტროში დაიწყე მუშაობაო? – მე მგონი, ეჭვი აქვთ, რომ მინისტრის მოადგილედ ან მრჩევლად დამნიშნეს (იცინის). აქ ძალიან დაძაბული სამუშაო გრაფიკია და ამ რეჟიმში უცებ „გადაწყობა“ იოლი არ იყო. რაც მეორე შვილი გავაჩინე, ვიყავი მხოლოდ დედა, მეტს არაფერს ვაკეთებდი. უცებ ამ რეჟიმში გადასვლამ კი თავის ტკივილები დამიბრუნა, ძველებურად შაკიკმაც შემომიტია, ასე რომ, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ახალ საქმიანობას მთლად კარგად ვერ შევეწყვე, მაგრამ აქ ისეთი კარგი და მშრომელი ხალხი დამხვდა, ჩემს შაკიკსაც ეშველება რამე (იცინის).

– თითქმის ყოველთვის ისეთ საქმეს აკეთებდი, რომ მაქსიმალურად ინარჩუნებდი თავისუფლებას, აქ სულ განსხვავებული სამუშაო რეჟიმი გექნება.

– ახლა ასეთი სამსახური მისწრება იყო, ჩემთვის დიდხანს უმუშევრად ყოფნა წარმოუდგენელია. ამას გარდა, ზედმეტმა თავისუფლებამ მოდუნება იცის. ბოლო პერიოდში ძალიან გვიან ვიღვიძებდი, რასაც არ ვიყავი მიჩვეული და დისკომფორტს ვგრძნობდი. ჩემს ოჯახში ყველა ძალიან აქტიური, ენერგიული ადამიანია, ასეთი ვარ მეც – მირჩევნია, რეჟიმში ვიყო, მეყო სახლში ცხრა თვე რომ ვიჯექი, მაგრამ ყველაზე უფრო საპატიო მიზეზი მქონდა – შვილს ვზრდიდი. მუშაობის დაწყებაზე ვფიქრობდი – „საზოგადოებრივ არხზე“ შემეცნებით-გასართობი გადაცემის გაკეთება მინდოდა. ამ იდეის განხორციელებას უახლოეს მომავალში ვაპირებ. სხვა გეგმები ნამდვილად არ მქონია, მით უმეტეს, რომელიმე სამინისტროში მუშაობის დაწყებაზე არ მიფიქრია. როცა ზურა მინისტრად დაინიშნა, აქ მუშაობის დაწყება მეც შემომთავაზა და ამ თემაზე სასაუბროდ სამინისტროში მოვედი, იმდენი საქმე ეყარა თავზე და ისეთ გაწამაწიაში იყო, რომ აღარ დამიწყია – „მაცალე, მოვიფიქრებ“... ამაზე საუბარი უხერხული იყო და მაშინვე დავთანხმდი. ერთადერთი ადამიანი, ვისაც რჩევა ვკითხე, არის ჩემი მეუღლე, რომელმაც მაშინვე მითხრა: უნდა დასთანხმდე, აბა, რა უნდა ქნაო. ნიკა ყველაფერში ძალიან მეხმარება, მით უმეტეს, ეკონომიკაში მჭირდება თანადგომა (იცინის). ყველაზე მნიშვნელოვანი ზურას ფაქტორი იყო: ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, ზურა ნიკას ბავშვობის მეგობარი და ჩვენი შვილის ნათლიაა. სულ ვხუმრობ, კიდევ კარგი, სხვა სამინისტროში არ დაგნიშნეს-მეთქი, თუმცა, მაინც უცხო სფეროში აღმოვჩნდი. ეკონომიკური ტერმინოლოგია ჩემთვის ისეთი უცხო იყო, ვამბობდი, გინდ აქ მიმუშავია, გინდ ჩინეთის საელჩოში-მეთქი, მაგრამ, ისეთი გამძაფრებული მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ დღე და ღამე ეკონომიკურ ტერმინებს ვსწავლობ. როგორია საქართველოს ეკონომიკის რამდენიმე დღეში სწავლა?! მაგრამ პირობას ვდებ, რომ საქართველოს ეკონომიკას ზიანს არ მივაყენებ (იცინის). თუ მსგავსი საფრთხე ვიგრძენი, როგორც მოვედი, ისე წავალ, ერთი წამით არ დავფიქრდები.

– ერთდროულად აქ მუშაობას და სატელევიზიო გადაცემის გაკეთებას შეძლებ?

– უნდა მოვახერხო. ახლა მაქვს სამი სამსახური: ვარ დედა, ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს და, როგორც კი სამსახურს ვამთავრებ, სახლში გავრბივარ; ამასთან ერთად, ვარ ეკონომიკის სამინისტროს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, უკვე ვიწყებ საავტორო გადაცემაზე მუშაობას. ასე რომ, სამი ორდენი მეკუთვნის. სამ ორდენს თუ არ მომცემენ, ერთზეც თანახმა ვარ. (იცინის).

– ეკონომიკის ახალ მინისტრთან დიდი ხნის მეგობრობა გაკავშირებს. როცა შეფი ძალიან ახლობელია, ეს ხშირად პრობლემებსაც ქმნის, თქვენთან რა ხდება?

– სამსახურში დავივიწყე, რომ ზურა ჩემი ახლობელია. უკვე ისე გავაცნობიერე მისი უფროსობა, რომ მეტსახელით აღარ მივმართავ, – „პოლიკას“ ნაცვლად „ზურას“ ვეძახი. ეს ისე ბუნებრივად მოხდა, ზურას თავადაც კი გაუკვირდა – რა ხდებაო, მკითხა. ვცდილობ, ზედმეტად არ შევაწუხო – თუ არ ჩავეწერე კაბინეტში შესვლაზე, გაუფრთხილებლად არ შევდივარ მასთან. სამსახურს გარეთ ვართ მეგობრები, სამსახურში – თანამშრომლები, თუმცა, რაც მინისტრად დაინიშნა, როგორც ახლობელი დავკარგე (იცინის). ზურა შუაღამემდე სამსახურშია და არაოფიციალურ ვითარებაში თითქმის ვეღარ ვხვდები. როცა შეფი შენი ახლობელია, ეს ერთგვარად კარგიც არის – თუ დავიმსახურე, მის შენიშვნას უფრო მეტად მივიღებ და ავიტან. ჩემი აზრით, ძალიან კარგია, როცა ადამიანებს სამსახურში თავისი ერთგული ადამიანები მიჰყავთ. მე მათ შორის ვარ, ვისაც ყველაზე მეტად შესტკივა გული ზურაზე და ვისაც ყველაზე მეტად უნდა მისი წარმატება.

– ამბობენ, რომ ბატონი ზურაბი ძალიან კარგად იცნობს ესპანეთის მეფეს, დედოფალს, ცნობილ ფეხბურთელებს...

– ზურა ძალიან კომუნიკაბელური ადამიანია, იოლად ამყარებს კონტაქტს. ურთიერთობაში ისეთი თბილი და გულწრფელია, რომ მასთან დამეგობრება ძალიან იოლია. მას ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელთანაც ასევე ახლო ურთიერთობა მაქვს. ზურას ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს ესპანეთის ფეხბურთის სამყაროსთან და, მგონი, ამაში მე და ზაზუკასაც მიგვიძღვის წვლილი. ზურამ ზაზუკას მეგობრებსაც კი მიხედა ესპანეთში. ის ახლოს იცნობს ლაპორტას, მისი მეგობარია „ატლეტიკოს“ პრეზიდენტი. ასევე, ძალიან ახლოს იცნობს ესპანეთის მეფესა და დედოფალს და ხშირად დადიოდა მათთან ვახშამზე. რამდენჯერმე მეც შემომთავაზა წაყვანა, ეს იქ მიღებული ყოფილა, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე. ახლა საერთოდ დავკარგე ესპანეთის მეფის გაცნობის შანსი (იცინის).

– 9 თვის შვილი ვის ჩააბარე გასაზრდელად?

– ბევრი დამხმარე მყავს, მაგრამ ჩემს შვილს მაინც მე ვზრდი. დილით ვიღვიძებ, ბავშვს ვუვლი და მოვქრივარ სამსახურში. როგორც კი სამსახური დამთავდება, არმაზში გავრბივარ. ისეთი რეჟიმით ვცხოვრობ, რომ მეგობრებსაც კი ვეღარ ვურეკავ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვცხოვრობ რეჟიმით „ზავოდ – კრაოტ“ (იცინის). ეს ამპლუა მომწონს, ჩვენს სამინისტროში იაპონელებივით მშრომელი ადამიანები არიან და ეს მეც გადამედო. ახლა ჩემი ცხოვრების რეჟიმი ძალიან შეცვლილია, აღარც „ტუსოვკები“ მახსოვს, აღარც წვეულებები. მარიტამ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

– ნინო, დედა როგორ შეხვდა შენს „გაჩინოვნიკებას“?

– მშვენივრად. ჩვენს ოჯახში ყველა ყოველთვის მუშაობს და დედასაც დისკომფორტი ჰქონდა იმის გამო, რომ რამდენიმე თვე მე არაფერს ვაკეთებდი. ყველას გაუხარდა მუშაობა რომ დავიწყე, მათ შორის ჩემს ქმარსაც. ხომ არის ოჯახები, სადაც ქმარს მოსწონს, ცოლი რომ სახლში ხვდება და საქმეებს აკეთებს?! (იცინის) კმაყოფილი დარჩა ჩემი უფროსი შვილიც, რომელიც ერთადერთი იყო ჩემი ოჯახის წევრებს შორის, ვინც სამსახურში მოვიდა და აქაურობა დაათვალიერა. ზაზუკას იმიტომაც უხარია, რომ მის გასაკონტროლებლად ცოტა დრო მრჩება, მარიტას კი „სწყინს“, მასთან რომ აღარ ვარ მუდმივად. დედა არ ყოფილა აქ, მაგრამ ყველანაირად მგულშემატკივრობს. ისე, ჩემს საქმეებში არ ერევა, რჩევებსაც აღარ მაძლევს, იმიტომ, რომ, თუ რამე არ გამომივიდა, მერე მას ვაბრალებ ხოლმე. ყველაზე კომპეტენტური ჩემი მეუღლის რჩევებია. პრაქტიკამ დამარწმუნა, რომ, როცა მას ვუჯერებ, კარგად მიმდის საქმე, როცა არ ვუჯერებ – არცთუ ისე კარგად. ამაში ბევრჯერ გამოვცადე ნიკა. რჩევებს, რა თქმა უნდა, დედასაც ვეკითხები, მაგრამ ნიკასგან უფრო საჭირო დირექტივებს ვიღებ (იცინის). დედა სხვანაირი ადამიანია, არასდროს ერევა კულუარულ ამბებში, ყველა პოლიტიკურ ჭორს ჩემგან იგებს, მაგრამ ახლა არაფერს აღარ ვეუბნები. რაც უფრო ნაკლები უარყოფითი ინფორმაცია ექნება, მით უკეთესი. მეც ვცდილობ, რომ ეს „ნაგავი“ თავიდან ავიცილო და „სპამში“ ვაგდებ – ასე უფრო იოლია ცხოვრება. საერთოდ აღარ ვნერვიულობ იმაზე, რასაც ვეღარ შევცვლი.



თამუნა სამადაშვილი


скачать dle 11.3