კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

როგორ ნადირობდა „კაგებე“ თავის გაქცეულ, მოღალატე თანამშრომლებზე

გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კაგებეს“ პოდპოლკოვნიკი ვარლამ ნოსიკი გაიქცა, რომელმაც იქ გამოსცა წიგნი „ოთხმოცდაცხრამეტი სამხილი“. ამ წიგნში ყოფილი საბჭოთა „ჩეკისტი“ ულმობლად ამხელს საბჭოთა უშიშროების ყველა მანკიერებას. ჩვენს დღევანდელ პუბლიკაციაში გთავაზობთ ნაწყვეტს ამ წიგნიდან, სადაც ავტორი პირველ პირში მოგვითხრობს.



„თეთრი ეშვი“

სანამ თავად არ გავხდი დევნილი და ნადირობის ობიექტი საბჭოთა სპეცსამსახურის მხრიდან, მანამ ვერ აღვიქვი სრულად ის სულიერ-მორალური მდგომარეობა, რასაც ასეთ ყოფაში განიცდიდნენ ადამიანები. ამრიგად, ოცი წლის განმავლობაში მონადირე ვიყავი და ჩემს ანგარიშზე არაერთი მსხვერპლია, რასაც ამჟამად მწარედ ვინანიებ. მაშინ კი...

1963 წლის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი კოლეგა, 26 წლის ოლგა დემიდოვა გაიქცა და ჩვენი უწყება „ცეერუში“ ამხილა. თავად მხილების ფაქტი იმდენად არ სწყენიათ ჩვენი უწყების მესვეურებს, რამდენადაც მის მიერ ჩაგდებული დავალება. ოლგას დასავლეთგერმანელი მილიონრის, ვალტერ შმელის ვაჟი, 28 წლის იოჰანი უნდა მოეკლა. მან კი ჯერ თავისი მსხვერპლი გააფრთხილა, შემდეგ კი მისი მილიონერი მამის ფულით, შტატებში გაიქცა იოჰანთან ერთად და მასზე დაქორწინდა კიდეც. იოჰანის ლიკვიდაცია „კაგებეს“ მამა-მილიონრის შეუმდგარი შანტაჟის სანაცვლოდ უნდოდა და რომ არ გამოუვიდათ, მთელი გესლის დანთხევა ოლგაზე გადაწყვიტეს.

26 წლის ოლგა დემიდოვა ნამდვილი ეშმაკის ფეხი იყო. ჩვენს უწყებაში ის თოთხმეტი წლის ასაკიდან მოხვდა და ნამდვილ მოუხელთებელ შემსრულებლად ჩამოყალიბდა. პროფესიული ცოდნის გარდა, ოლგას მისი უზადო გარეგნობაც უწყობდა ხელს საქმეში და მისი ყველა სამუშაოც უნაკლოდ იყო შესრულებული. ოლგას საბრძოლო მეტსახელი იყო „თეთრი ეშვი“ და უწყებაში მას ამ სახელით იცნობდნენ. პირადად მე არ ვიცნობდი „თეთრ ეშვს“. თუმცა, მასზე მრავალი ლეგენდა მქონდა გაგონილი და რას წარმოვიდგენდი, თუ სწორედ მე გამამწესებდნენ მის ჯალათად. ერთ-ერთი მონათხრობის მიხედვით, „თეთრი ეშვი“ ადამიანის მოკვლით სექსუალურ კმაყოფილებას განიცდიდა და ამით ის უდიდესად ნეტარებდა. ყვებოდნენ იმასაც, რომ ერთ-ერთი სნაიპერული გასროლის შემდეგ, როდესაც ოლგამ ლონდონში ვიღაც ჟურნალისტი გამოასალმა სიცოცხლეს, ისეთ სექსუალურ ექსტაზში ჩავარდა, რომ ძლივს გამოასწრო მდევარს. თუმცა, ასე იყო თუ ისე, ოლგა კვლავ სუპერქილერად რჩებოდა „კაგებეში“ და უდიდესი დაფასებით სარგებლობდა მანამდე, სანამ იოჰან შმელთან ერთად არ გაუჩინარდა.

განსაკუთრებული მისია

1963 წლის ივლისში, ანუ „თეთრი ეშვის“ გაქცევიდან ექვსი თვის მერე, მოსკოვში გამომიძახეს. კუთვნილ შვებულებას ყირიმში ვატარებდი და დედაქალაქში დაბრუნება დიდად არ მეპიტნავა. თუმცა, მოვალეობა მოვალეობაა და პოლკოვნიკ ზახაროვის კაბინეტში მობილიზებული შევედი, უფროსს მივესალმე და მის მოპირდაპირე სავარძელში მოვკალათდი. მან კი ყოველგვარი შესავლის გარეშე დაიწყო:

– ზეგ მაიამიში მიემგზავრები და ოლგა დემიდოვას მოკლავ. იცოდე, რომ ძალიან საპასუხისმგებლო დავალებაა და მისი წარმატებით შესრულება გარდამტეხი მომენტი იქნება შენს კარიერაში. დანარჩენს ოპერატიულ ნაწილში გეტყვიან. შეგიძლია, წახვიდე, წარმატებას გისურვებ და აბა, შენ იცი, „თეთრი ეშვი“ მოსპე...

„თეთრი ეშვის“ გაგონებაზე ინსტინქტურად შევხტი, რადგან მისი გვარი არ ვიცოდი. პოლკოვნიკმა ეს შემნიშნა, გაეცინა და დაამატა:

– ლეგენდას კლავ, ლეგენდას და აბა, შენ იცი, ჩვენი უწყება არ შეარცხვინო.

ოპერატიულ განყოფილებაში დემიდოვას დოსიე და მისი დახასიათება, უნარ-ჩვევები გამაცნეს. ბოლოს შტატების პასპორტი მომცეს, ჩემი ლეგენდა შემასწავლეს და ბუდაპეშტ-ბერლინის გავლით, მაიამი ბიჩზე ჩავფრინდი. საბჭოთა დაზვერვის მონაცემებით, „თეთრი ეშვი“ და იოჰან შმელი ფეშენებელურ სასტუმრო „ასტორიაში“ ცხოვრობდნენ. მათი გადაადგილება შეზღუდული იყო და თუკი სადმე მიდიოდნენ, რაც ძალზე იშვიათად ხდებოდა, პირადი მცველების მთელი ამალა დასდევდათ. საგულდაგულო შემოწმების შემდეგ, წყვილის ირგვლივ 21 კარგად შეიარაღებული ჯეელი დავთვალე, რომლებიც წამით არ ტოვებდნენ მათ ყურადღების გარეშე და მზად იყვნენ, რომ ყოველ წუთს საკუთარი სხეულით დაეცვათ მათი სიცოცხლე. საქმეს ისიც ართულებდა, რომ სნაიპერული გასროლითაც ვერაფერს გახდებოდი. რადგან იმ კვადრატში მცირე ადგილიც კი არ იყო, საიდანაც შეუმჩნევლად შეიძლებოდა სროლა. ერთი სიტყვით, ჩემი დავალების შესრულების შანსი უმცირესი იყო... მაგრამ დავალების შეუსრულებლობა გამორიცხული იყო და გამოსავალი მაინც მოვძებნე. მე შევამჩნიე, რომ „თეთრი ეშვი“ ცურვის დიდი მოყვარული იყო და 2-3 საათის განმავლობაში არ ამოდიოდა წყლიდან. ამიტომ, მისი ლიკვიდაცია წყალში გადავწყვიტე. მაგრამ აქ იყო ორი მთავარი დაბრკოლება. პირველი ის, რომ პლაჟის აკვატორია წყალზემოთ და წყალქვემოთ მძლავრი ფოლადის ბადეებით იყო შემოსაზღვრული და მეორე, როდესაც წყვილი ბანაობდა, პლაჟზე და წყალში მათი დაცვა არავის უშვებდა. ერთი სიტყვით, დავალების შესრულების წინა ღამეს, პლაჟის დასავლეთ მხარეს კუთხის ფოლადის ბადე წყალქვეშ ხერხით გადავჭერი და შევნიღბე. მეორე დღეს კი, როდესაც ოლგა და იოჰანი წყალში შევიდნენ, მე წყალქვეშ შევცურე და დაველოდე, სანამ იოჰანი ნაპირზე გავიდოდა და ოლგას მარტო დატოვებდა. სწორედ მაშინ ვიხელთე დრო, ოლგას მოწამლული „გარპუნი“ ვესროლე წყლის ქვევიდან და სასწრაფოდ დავტოვე იქაურობა.

„თეთრი ეშვის“ ლიკვიდაციისთვის საბრძოლო წითელი დროშის ორდენი გადმომცეს და უფროსი ლეიტენანტის ჩინი მომანიჭეს...

скачать dle 11.3