კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხდება საქართველოში ბავშვების გაშვილება და როდის აქვს უფლება მშობელს, დაიბრუნოს გაშვილებული შვილი



ბავშვის შვილად აყვანის თემა საქართველოში ყოველთვის ბევრ პრობლემასთან იყო დაკავშირებული, რის გამოც ადამიანებს, რომლებსაც წლების განმავლობაში უწევდათ ლოდინი, რათა ოფიციალური უწყების დახმარებით, ბავშვი შვილად აეყვანათ, მოქალაქეებთან პრივატული გარიგება და ბავშვის არაოფიციალური ყიდვა ერჩივნათ. მაშინ, როცა ქართული ოჯახები შვილების გარეშე რჩებოდნენ, ძალიან ბევრი ბავშვი გადიოდა უცხოეთში, რაც ხშირად სახელმწიფო მოხელეთა კორუფციული საქმიანობის შედეგად ხდებოდა. უკვე რვა თვეა, რაც შვილად აყვანის პროცესის კურირება ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა. კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად მოხდა გაშვილების პროცესის გამარტივება, ცვლილებები იგეგმება უახლოეს მომავალშიც. ამ ცვლილებების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვზე ზრუნვის სამსახურის უფროსს ეკა სანებლიძეს გავესაუბრეთ. – ქალბატონო ეკა, რა შეიცვალა ბავშვის შვილად აყვანის პროცედურებში კანონში გატარებული ცვლილებების შედეგად?

– მას შემდეგ, რაც კანონში შევიდა ცვლილებები, შვილად აყვანის პროცესი შედარებით გამარტივდა. მოწესრიგდა ეს ინსტიტუცია და პროცესი ერთიან მექანიზმში მოექცა. ბავშვთა სახლები გადატვირთულია ბავშვებით. რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი იყო ხელაღებით ყველა ბავშვის გაშვილება, უნდა გაგვერკვია იმ ბავშვების კატეგორია, ვისი შვილად აყვანაც შეიძლება. ბავშვი რომ გაშვილდეს, მას, პირველ ყოვლისა უნდა მიენიჭოს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი, თუ ეს სტატუსი არ აქვს, მისი გაშვილება აკრძალულია. სტატუსის მინიჭება ხდება მაშინ, თუ ბავშვს გარდაცვლილი ან დაკარგული ჰყავს მშობლები და ეს აღიარებულია სასამართლოს მიერ. სტატუსი მიენიჭებათ ასევე ბავშვებს, რომელთაც ჰყავთ ქმედუუნარო მშობლები ან მშობლები, რომლებიც თანხმობას აცხადებენ ბავშვის გაშვილებაზე. მხოლოდ ეს კრიტერიუმები შეიძლება გახდეს ბავშვის გაშვილების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ გამოჩნდება დაკარგული მშობელი, რომელსაც ექნება გაუჩინარების საპატიო მიზეზები, ანუ ის დაკარგული იყო მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო, მას აღუდგება უფლებები ბავშვზე. მას შემდეგ, რაც ბავშვს ენიჭება სტატუსი, იწყება გაშვილების პროცედურა. არსებობს მშვილებელ კანდიდატთა რეესტრი, რომელშიც შედიან ადამიანები, ვისაც განცხადებული აქვთ ბავშვის შვილად აყვანის სურვილი. მშვილებელი არ უნდა იყოს ნასამართლევი, უნდა ჰქონდეს ბავშვის გაზრდისთვის შესაბამისი გარემო, უნდა შეეძლოს სტრესთან გამკლავება, ბავშვებთან ურთიერთობა და ასე შემდეგ.

– ადამიანებს წლობით უწევდათ რიგში დგომა, რომ ბავშვი შვილად აეყვანათ. არსებობდა ოფიციალური სიები, თუმცა, კორუფციული გარიგებების შედეგად, რიგის მიუხედავად, ვერ ახერხებდნენ ბავშვის აყვანას. არსებობს რაიმე დამცავი მექანიზმი რეესტრის გასაკონტროლებლად?

– მე არ მინდა, ისე წარმოვაჩინო, რომ ჩვენი სამსახური განსაკუთრებულად მუშაობს და ადრე არაფერს აკეთებდნენ, თუმცა ამ ინსტიტუტის მიმართ მართლაც არ არსებობდა ნდობა. სამსახურს, რომელიც ბავშვის შვილად აყვანას კურირებდა, იმიჯი ჰქონდა შელახული. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ადამიანებს, თუმცა გასაშვილებელი ბავშვების რიცხვი ბევრად უფრო ცოტაა, ვიდრე მშვილებელ კანდიდატთა რაოდენობა. მხოლოდ წელს, ცხრა თვის განმავლობაში, ჩვენთან დარეგისტრირდა ბავშვის აყვანის 270 მსურველი, გასაშვილებლის სტატუსი კი მიენიჭა 70 ბავშვს. ჩვენთვის პრიორიტეტია რეესტრი რიგითობის პრინციპით, ანუ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ელიან თავიანთ რიგს. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს ბავშვის ინტერესი. კანონის მიხედვით, თუ არსებობს ნათესავი, რომელსაც გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანა სურს, მაშინ მას ეს უფლება ეძლევა რეესტრის გვერდის ავლით. ნათესავების წრე ასევე კანონით არის განსაზღვრული. თუ ბავშვს გამოუჩნდება მეურვე, ჩვენ არ მივდივართ გაშვილების პროცესამდე.

– გაამართლა თუ არა შვილობილობის ინსტიტუტმა და რა თანხას უხდის სახელმწიფო ოჯახებს, რომლებსაც ბავშვები გასაზრდელად თავიანთ ოჯახებში მიჰყავთ?

– ეს არის შვილად აყვანის ინსტიტუციის ალტერნატივა. სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია იქით, რომ, რაც შეიძლება ცოტა ბავშვი იმყოფებოდეს ბავშვთა სახლებში, სადაც ბავშვები არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში არიან. ჩვენ ყველანაირად შევისწავლით ოჯახებს, რომლებიც აკეთებენ განაცხადს, რომ სურთ, ჰყავდეთ შვილობილი. ამის შემდეგ გადაგვყავს მათთან ბავშვი ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულება შეიძლება იყოს ერთთვიანი და ერთწლიანიც კი, თუ ამ ოჯახთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება გვაქვს. მიმღები ოჯახების დიდი ნაწილი წლების განმავლობაში მუშაობს სხვადასხვა ბავშვთან, ახლად დარეგისტრირებულ მიმღებ ოჯახებს კი გრძელვადიან ხელშეკრულებებს არ ვუდებთ. ჯანმრთელი ბავშვის წაყვანის შემთხვევაში მიმღებ ოჯახს სახელმწიფო უხდის თვეში 200 ლარს, ხოლო თუ ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს ან ინვალიდია, ოჯახს ვუხდით 300 ლარს. მიმღებმა ოჯახმა ბავშვს უნდა დაუკმაყოფილოს ის პირობები, რაც მისთვის აუცილებელია, ბავშვის სამედიცინო მომსახურებას კი სახელმწიფო უზრუნველყოფს. მოქალაქეებისთვის ეს არის სამსახური, რის გამოც იღებენ ხელფასს, ხოლო ბავშვებისთვის ესაა ინსტიტუციიდან გასვლის საუკეთესო ხერხი.

– ასეთ ოჯახებს ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭებათ?

– დღეს მოქმედ კანონმდებლობაში ასეთ ოჯახებს პრიორიტეტი ენიჭებათ, მათ აქვთ ბავშვთან ურთიერთობის გამოცდილება, თავად ბავშვიც შეჩვეულია მათ გარემოს და, შესაბამისად, როდესაც მიმღები ოჯახი გამოხატავს სურვილს, იშვილოს ბავშვი, მას სხვა ოჯახებთან შედარებით პრივილეგიები აქვს. ამან შექმნა საკმაოდ ბევრი პრობლემა: ახლად დარეგისტრირებულ მიმღებ ოჯახებში ხდებოდა ისეთი ბავშვების გადაყვანა, რომლებსაც მალე მიენიჭებოდათ გასაშვილებლის სტატუსი, რის შემდეგაც ხდებოდა მათი გაშვილება ამავე ოჯახებზე. ამ ხრიკის შედეგად ბავშვის გარეშე რჩებოდნენ ის ადამიანები, რომლებსაც რიგი რეესტრის მიხედვით ეკუთვნოდათ. ამ პერიოდისთვის თავს ვარიდებთ ამ ძველ და ცუდ გამოცდილებას და ბავშვს, რომლის გაშვილებაც გვსურს, პირდაპირ მშვილებელს ვთავაზობთ. ჩვენ გადავამოწმეთ რეესტრი, რომელიც 1997 წელს დარეგისტრირებული ადამიანებისგანაც კი შედგებოდა. მონაცემთა ბაზიდან ამოვარდა ის ხალხი, ვინც იშვილა ბავშვი, ვინც მოხუცდა. დღევანდელი კანონმდებლობით განსაზღვრულია მშვილებლის ასაკის მხოლოდ ქვედა ზღვარი – მინიმუმი არის 16 წელი, ასაკის მაქსიმალური ზღვარი კი, ცვლილებების შედეგად, ალბათ, 50 წლით განისაზღვრება. ამჟამად ვმუშაობთ ცვლილებების პროექტზე, თუმცა დეტალების გახმაურებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ამ ცვლილებების შემდეგ მექანიზმი უფრო მოქნილი გახდება.

– რაც შეეხება უცხოეთში ბავშვების გაშვილების თემას, ეს საკითხიც ამ სამსახურის სუსტი რგოლი იყო. როგორია ბოლო წლების სტატისტიკა და გართულდა თუ არა საქართველოდან ბავშვების გაყვანის პროცედურები?

– სტატისტიკა საკმაოდ მრავლისმეტყველია: 2003 წელს უცხოეთში გაშვილდა 150 ბავშვი, საქართველოში კი – 45. 2004 წელს ამ რიცხვმა საგრძნობლად იკლო და უცხოეთში 39 ბავშვი გაშვილდა, 2005 წელს – 17 ბავშვი, 2006 წელს – 9, 2007 წელს – 5, 2008 წელს კი 7 ბავშვი 98-დან. უცხოელებზე გაშვილება რთული პროცედურაა. ბავშვი რომ უცხოეთში გაშვილდეს, სტატუსის მინიჭებიდან 18 თვე უნდა იყოს გასული, საქართველოში ბავშვის გაშვილება კი სტატუსის მინიჭებისთანავე შეიძლება.

– ვინ იღებს პასუხისმგებლობას საქართველოდან გაშვილებულ ბავშვებზე?

– ჩვენ ცალკე გვაქვს უცხოელ მშვილებელ კანდიდატთა სიაც. უცხოეთში ძირითადად ხვდებიან დაავადებული ბავშვები, ვინაიდან საქართველოში მათი შვილად აყვანა პრაქტიკულად არ ხდება. ბავშვების საერთაშორისო გაშვილება ხდება ჰააგის კონვენციით. ის ორგანიზაციები, ვინც მონაწილეობას იღებენ ბავშვების გაშვილებაში, გავლილი აქვთ აკრედიტაცია და ჩვენთან თანამშრომლობაზე გამოდიან სახელმწიფოს სახელით. ამას გარდა, ჩვენ მთელი მსოფლიოს ქვეყნები ნამდვილად არ გვაწყდებიან ბავშვებისთვის, მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებთან ვმუშაობთ. ბავშვის უსაფრთხოებაზე პასუხს აგებს სახელმწიფო, ყველა საერთაშორისო შვილად აყვანა წინასწარ უნდა შეთანხმდეს როგორც გამშვილებელი, ასევე მიმღები ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებთან – ესეც ბავშვის დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია. ჩვენ გავზარდეთ ჰააგის კონვენციის მოთხოვნები რატიფიცირების დროს და, ჩვენი კანონმდებლობით, ყველა ქვეყანას, ვისაც საქართველოში ბავშვის აყვანა სურს, დავაკისრეთ ვალდებულება: სანამ ბავშვი 18 წლის გახდება, მიმღები მხარე ვალდებულია, აგზავნოს ჩვენთან მოხსენებითი ბარათები ბავშვის მდგომარეობის შესახებ.

– საქართველოში საკმაოდ ხშირია შვილად აყვანა ზედმეტი ბიუროკრატიის, გახმაურებისა და თქვენი სამსახურის გვერდის ავლით. ეს ფაქტები თუ ხვდება თქვენი საქმიანობის კომპეტენციაში?

– ყველას, ვისაც ბავშვის შვილად აყვანა სურს, ვურჩევ, თავი შეიკავონ პრივატული გარიგებებისგან. ჯერ ერთი, ეს არის არაკანონიერი ქმედება, რადგან პირდაპირი მიშვილება აკრძალულია. ამას გარდა, ეს ადამიანები ვერასდროს ვერ აიღებენ ნამდვილ დაბადების მოწმობას, ყალბი დაბადების მოწმობა კი, ადრე თუ გვიან, მათ დიდ პრობლემებს შეუქმნის. ასეთი საბუთები თითქმის აღარ კეთდება და თუ კეთდება, ის აუცილებლად გამოაშკარავდება ან საავადმყოფოში, ან სკოლაში. თუ პრივატული გარიგება ახალი გაფორმებულია, ჩვენ კანონით გვაქვს უფლება, ბავშვი გამოვიყვანოთ იმ ოჯახიდან, ხოლო, როცა ბავშვი დიდი ხანია, იზრდება ოჯახში, იქ ყველანაირად უნდა დავიცვათ კანონის მოთხოვნები, ბავშვის ინტერესები და დავეხმაროთ მშვილებელ ოჯახს, რომ შვილად აყვანის პროცესი კანონიერად დარეგისტრირდეს.



თამუნა სამადაშვილი


скачать dle 11.3