კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აქტები



მანანადაფრქვეულები



ბევრი აკრიტიკეს თუ ცოტა – პრეზიდენტი დღენიადაგ ჰაერშიაო, ხანიც გამოხდა (ალბათ, იმიტომ, რომ არაფერია მუდმივი მზისქვეშეთში) და ბ-ნი სააკაშვილი ახლა უკვე დღენიადაგ სამშობლოშია. უფრო მეტიც, თუკი ადრე (განსაკუთრებით, პირველ ვადაში) უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქუდი რომ შეგეგდოთ, არ შევიდოდა, წელი არ დამთავრებულა და იქ უკვე სამჯერ იყო (რაც, ნებსით თუ უნებლიეთ, გვაფიქრებინებს, რომ პრეზიდენტს გაუჭირდა, რა თქმა უნდა, კეთილი მომსმენების თვალსაზრისით). სულ ბოლოს ხალხის რჩეულები გასულ კვირას დააფასა და ახალი აქტი (ეკონომიკური თავისუფლებისა) პირადად გააცნო. აქტის მთავარი ლაიტმოტივი ისაა, რომ ამიერიდან და სამარადჟამოდ ეკონომიკა მხოლოდ გამოლიბერალებული უნდა იყოს! მიზანი კი – ის, რომ ეს პროცესი ვერც ერთმა მთავრობამ ვერ შეაჩეროს (ჰოი, საკვირველებავ და, მაშინაც კი, თუკი ეს მთავრობა შეიცვლება). ამ ყოველივეს მთავარი მოტივი, ბუნებრივია, ამომრჩევლის ბედნიერებაა, ხოლო, რაკი ამ ქვეყნის პარადოქსი ისიცაა, რომ, ჩვეულებისამებრ, ხალხი თავის რჩეულებზე უარესად ცხოვრობს, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაგვპირდა, რომ იქ, ზემოთ, ქამრებს კიდევ უფრო მჭიდროდ შემოირტყამენ (საბიუჯეტო ხარჯები კანონის ძალით არასდროს გადააჭარბებს მთლიანი შიდა პროდუქტის 30 პროცენტსო!). თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, ჯერ ერთი, ქამრების შემოჭერა ხელისუფლებამ უკვე დაიწყო, მოხელეთა ხელფასი კი კარგა ხანია, წელიწადში 100 000-ს მიუახლოვდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მეორე შემოჭერის შემდეგ ეფექტი გაორმაგდება (ანუ 200 000-ს მაინც გაუტოლდება). დაპირების თანახმად, ბიზნესი მთლად გიჟივით თუ არა, თავისუფალი მაინც გახდება და გადასახადების გაზრდა მხოლოდ რეფერენდუმის გზით იქნება შესაძლებელი, აიკრძალება სახელმწიფო ახალი მარეგულირებელი ორგანოების შექმნა (რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ცის ის ნაგლეჯი, რომელიც შემოგვრჩა, მანანის ფრქვევასაც შეუდგება).

ხელისუფალთა მტკიცე რწმენით, ლიბერალიზმი ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა, რაც, თურმე, განგვასხვავებს რუსეთისგან (ესე იგი, მიზანი ერთია, დიადი, ნათელი: დავეწიოთ და გავუსწროთ რუსეთს!). შესაბამისად, რუსეთისგან გათავისუფლების ქვაკუთხედიც ჩვენი შეუქცევადად გამოლიბერალურება ყოფილა, მაშინ, როდესაც გულუბრყვილოებს გათავისუფლება ოკუპანტების აქედან გაყრა გგონიათ?!







ასლის ასლი და არსი



ჰაიდი ტალიავინმა და საქართველოს პრეზიდენტმა ლამის დამთხვეულად გამოაქვეყნეს თავ-თავიანთი აქტები: ქალბატონმა აგვისტოს ომისა, ვაჟბატონმა – ეკონომიკური თავისუფლებისა. ხოლო, რაკი სახელისუფლო ბატონების გათვლით, სავარაუდოდ, მეორე აქტის მიზანი პირველის დაჩრდილვაც იყო, ელმედიამ ეს თემა მყისიერად აიტაცა. მათ არც ის ბიზენსმენები ჩამორჩნენ, რომელთაც ოპონენტები ხელისუფლების ნავში ჯდომას საყვედურობენ. პიონერის მისია, ჩვეულებისამებრ, ფადი ასლის ერგო ან ირგო (ისეთი აღფრთოვანებული ჩანდა, რომ მისი კომენტარი თითქმის ხელისუფლების კომენტარის ასლიც იყო): ხომ იყო და იყო მიმზიდველი ქართული საინვესტიციო გარემო, ამის შემდეგ კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება და ინვესტორებიც სულ კისრისტეხით გამოიქცევიანო (ბუნებრივია, არც ორიგინალს და, მით უმეტეს, არც ასლს არ გახსენებია, რომ ტალიავინის ზემოხსენებული დასკვნა ინვესტორთა მარათონს რადიკალურად შეუცვლის მიმართულებას, მიუხედავად ბ-ნი იაკობაშვილის მტკიცებისა, „არსად წერია, რომ ომი საქართველომ დაიწყოო“). აღმოსავლელ ბიზნესმენს არც ადგილობრივები ჩამორჩნენ; სახელდობრ, „არსის“ გენდირექტორმა ეკონომიკის გამოლიბერალურობის ტენდენცია ზომაზე მეტად მოიწონა და ცოცხალი მაგალითითაც გაამყარა: რასაც უკრაინაში 2-3 წელი სჭირდება, ჩვენთან ამდენივე დღეში მოაგვარებო (ბუნებრივია, ნათქვამის არსს რომ ჩასწვდე, „არსივით“, სულ მცირე, მერიის ტენდერში მაინც უნდა იყო გამარჯვებული და სახელმწიფო ხარჯით ძველ თბილისს უნდა აშენებდე). თუმცა, სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე აღტაცებულად მაინც ექს პრემიერ-მინისტრი გურგენიძე გამოიყურებოდა. მართალია, კვლავაც არაფერი უთქვამს, რას მოახმარა გასული წლის აპრილში ევროობლიგაციების სახით აღებული ნახევარი მილიარდი (რომელიც ჩვენს მრავალმილიარდიან ვალს ზედ დაედო), სამაგიეროდ, გვითხრა, ბედნიერი ვარ და კიდევ უფრო ამაყი, რაკი გამჩენმა იმ ქვეყნის მოქალაქეობა მარგუნა (ან კი რატომ ვერ იქნები ბედნიერი, თუკი ბანკებს ხელთათმანებივით გამოიცვლი?!), სადაც მსუბუქი ბიზნესგარემოაო (და მერე რა, რომ, ოპონენტთა აზრით, შესაძლოა, ქართული მიწა მართლაც მსუბუქი აღმოჩნდეს ქართული ეკონომიკისთვის?!). სხვათა შორის, ბ-ნმა გურგენიძემ საზოგადოებას ტელეეკრანიდან გასული წლის 11 აგვისტოს ღამითაც მიმართა (ოკუპანტები ტანკებს რომ აგლახავებდნენ გორი-თბილისის გზაზე და შავ-შავი „ჯიპები“ საზღვრებთან რომ ქუჩდებოდნენ გაქუსვლის იმედით), გაცილებით მეტყველი სახით: ვიდრე გასულ კვირას: დამშვიდობების ნაცვლად მოგვესალმა და ისე და იმგვარად ილაპარაკა, საქართველოს დაზაფრული მოსახლეობა კიდევ უფრო დაზაფრა (რადგან ქვეყნის მაშინ ჯერ კიდევ მეორე პირს სახეზე ფერი არ ედო, ალბათ, იმიტომ, რომ შიში ოხერია). შესაბამისად, ისღა დაგვრჩა სანატრელი: იქნებ ოდესმე ჩვენც ვიამაყოთ!







უღმერთოდ უშნოები



„შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა, ვითა ქორი“



არა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების წიაღში წვიმს (ნოვაციების წვიმა მაქვს მხედველობაში), სასწავლო პროგრამებშიც ელიან ცვალებად მოღრუბლულობას: კერძოდ, მოარული ხმებით, ახალ ქართველ განმანათლებლებს გუმანში პროგრამიდან „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა“ და „დიდოსტატის მარჯვენის“ სრულად, „ვეფხისტყაოსნის“ კი ნაწილობრივ ამოღება აქვთ. მე არ შევუდგები იმის ახსნას, თუ რატომ უნდა ისწავლებოდეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ აუცილებელი წესით (ისიცაა, თუ გრიგოლის ღვაწლი გეცოდინება, აბა, როგორ მოუტრიალდება ვინმეს ენა, გაკადროს ან იკადროს, რომ ამ ქალაქში 15 საუკუნის განმავლობაში არ გაკეთებულა იმდენი, რამდენიც ბოლო ხუთ წელიწადშიო), თუმცა აშკარაა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ შემცირება, სწორედაც რომ, დროულია, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც „ნაძრახ სიცოცხლეზეა“ შეგონება (რადგან ახლა პირიქითაა: სახელოვან სიკვდილს ნაძრახი სიცოცხლე იყიდის, გაყიდის და, თუ დასჭირდა, ისევ თავიდან იყიდის!). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ მატარებელმა, როდესაც „შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორიო“, უღმერთოდ ჩაგვიქროლა, ისღა დაგვრჩენია, შვება პრეზიდენტის ფავორიტ პოეტ-ბიზნესმენის – ბ-ნი კაკალაშვილის პოეზიაში ვპოვოთ, ოღონდ, ავტირდეთ განა, როგორც „ლირი ყველასგან მიტოვებული“, როგორც „ღმერთი… ღმერთობის გამო“...





დუბლიორები



მართალია, საქართველოს მთავრობა შინ და გარეთ ერსა თუ ბერს არწმუნებს, რომ ქვეყნის გამთლიანებას აწი უკვე არაძალადობრივი გზით აპირებს, მაგრამ მაინც ფხიზლადაა (რადგან მარცხი ელანძეა), იმდენად ფხიზლად, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ახლა უკვე ჟურნალისტებს ჩაუტარდათ სამხედრო მასტერ-კლასი. სწავლების მიზანი ჟურნალისტებისთვის ომისა და მშვიდობის გაშუქების უნარ-ჩვევის განმტკიცება გახლდათ. მაგრამ, რაკი ჩვენთვის ძალადობა ახლა უკვე მიუღებელია, სასწავლო (მაგრამ მაინც საომარი) სცენარი, შიდა ქართული პრობლემების ფონზე, ნეიტრალური, ხოლო საზოგადოდ დემოკრატიული იყო (ძველი და ნაცადი პრინციპიც: „მეც ნახირ-ნახირაო“): კოალიციის სამხედროებს სომალელი ტერორისტების ტერორისტული გამოხდომები უნდა აღეკვეთათ და მათი გენერალი დაეტყვევებინათ. სცენარი აქტუალური და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო (იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ავღანეთი ჩვენი ომია და, მერე რა, რომ „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო“). ხოლო, რადგან ნატოს გენმდივნის მტკიცებით, ნატოს კარი კვლავაც ღიაა, ამერიკელი ჩინოსნების რწმენით კი, საქართველომ ერთგულად უმეგობრა ამერიკას (რასაც პირიქით მთლად ასე დამაჯერებლად ვერ ვიტყვით), რის დასტურიც ქართული კონტინგენტის ახლა უკვე ავღანეთში (გაქანებული საომარი მოქმედებების ადგილას) გაშვებაა, არ არის გამორიცხული, ახლა უკვე ქართველ ჟურნალისტებს ამზადებდნენ ცხელ წერტილებში სადუბლიოროდ. აქედან გამომდინარე კი, კვლავაც აქტუალურია რიტორიკული კითხვა: როდემდე უნდა ვითამაშოთ „ომობანა“ და ხომ არ აჯობებდა მისი „სახლობანათი“ ჩანაცვლება?!





„ეძებე კაცი…“





მაშინ, როდესაც საქართველოს კულტურის სამინისტროს იმას ედავებიან, რომ ბაგრატის ტაძარი იუნესკოს ლამის მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძურიდან ამოაღებინა (მოხერხებაც ამას უნდა?!), სულ სხვა პრობლემებია საფრანგეთის კულტურულ უწყებაში. კერძოდ, საფრანგეთის კულტურის მინისტრს, 62 წლის ფრედერიკ მიტერანს პედოფილიაში ადანაშაულებენ (ოპონენტები) და მის გადადგომას ითხოვენ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც, რა დაგღუპავს და – შენი ენაო: ბ-ნ მიტერანს 2005 წელს ავტობიოგრაფიული წიგნი დაუწერია (მაშინ, სულ რაღაც, ტელეწამყვანი იყო), რომელშიც დაწვრილებით აღუწერია, თუ როგორ უხდიდა ტაილანდის ბორდელებში სექსისთვის ფულს „ბიჭუნებს“. შესაბამისად, ფრანგი საზოგადოების აღშფოთებაც „ბიჭუნებმა“ გამოიწვია (რადგან, პედოფილიაა დანაშაული, თორემ ერთსქესიანი სიყვარული ბუნებრივია). მეორე მხრივ, ბ-ნი მიტერანი ირწმუნება, რომ „ბიჭუნებში“ დაახლოებით 40 წლის მამაკაცები იგულისხმა (უბრალოდ, ისინი წიგნში, ალბათ, მოფერებით „გარსონებად“ მოიხსენია). თანაც განმარტავს, რომ მათ შორის კავშირი მხოლოდ და მხოლოდ ორმხრივი თანხმობით მყარდებოდა. მეტიც, საზოგადოებას მოუწოდებს, პედოფილია ჰომოსექსუალიზმისგან მკვეთრად გამიჯნოს. აქედან გამომდინარე, გადადგომას არც აპირებს, მით უფრო, რომ ბ-ნ სარკოზის მისთვის მხარდაჭერაც აღუთქვამს (ჩვენთვისაც რომ აღმოეჩინა ასეთი ეფექტური მხარდაჭერა, იქნებ ოკუპანტები ახალგორიდან მაინც გასულიყვნენ?!); თავის მხრივ, პრეზიდენტს ბ-ნი მიტერანის ავტობიოგრაფიული წიგნი მოსწონებია: თამამი და ნიჭიერად დაწერილიაო. ამ ყოველივეს გათვალისწინებით კი (როცა ყველაფერი შედარებითია), ვფიქრობ, მაინც გაგვიმართლა, რომ ამ ეტაპზე ჩვენი კულტურული პრობლემა მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძურიდან მხოლოდ ბაგრატის ტაძრის ამოღება-დატოვებაა.







ამნეზიისა და ფიტნესის სიკეთე



რაკი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს „სიცრუის დეტექტორზე“ ვერავინ ამოწმებს, აღმოჩნდა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი რეფორმატორული ნოვაციების თავსხმას გვიმზადებს: კერძოდ, ამიერიდან უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის მსურველები ოთხ სავალდებულო საგანს ჩააბარებენ. ქ-ნმა მიმინოშვილმა ბრძანა, ეს სამართლიანი მიდგომაა, რათა ყველა აბიტურიენტი თანაბარ პირობებში იყოსო. თუმცა წინა წლებშიც იმავე პათოსით უბნობდა, რომ სამართლიანი ზოგიერთი აბიტურიენტის მიერ 3, დანარჩენების მიერ კი 4 გამოცდის ჩაბარება იყო. მეტიც, მიმდინარე წლიდან მეთორმეტე კლასში ახალი საგნის – უნარ-ჩვევების – დამატებასაც აპირებენ, ოღონდ, წინა წლებში ამტკიცებდნენ, რომ უნარ-ჩვევების არათუ ცალკე საგნად სწავლება, მის მოსამზადებლად რეპეტიტორთან სიარულიც კი სიბნელე და სიბეცეაო (ქ-ნი მიმინოშვილი განმარტავდა, რომ ეს უნარ-ჩვევა ცალკე საგანი არ არის, მოსწავლე მას სკოლაში სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში ითვისებს და სწორედ ეს არის ამ გამოცდის ხიბლიო).

ასე იყო თუ ისე, რაკი ჩვენს ჩინოვნიკებს ამნეზია შეჰყრიათ, ან, ყოველ შემთხვევაში, იმის იმედი მაინც აქვთ, რომ ამნეზიის ტყვეობაში დანარჩენი მოსახლეობაა, საქმე იშოვეს და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვისაც ახლებურად ემზადებიან: რეფორმაშიც ჩაეთვლებათ, თან ფულსაც მიახარჯავენ. ამის პარალელურად, ისევ უცნობია, რით დასრულდა კონტროლის პალატის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში ფულის უყაირათოდ (უყაირათოდ-მეთქი, ლიტერატურულად ვამბობ, თორემ ამას, წესით, გაფლანგვა ჰქვია) ხარჯვის გამოვლენის ფაქტი (როგორც გაირკვა, მეტად სოლიდური თანხა გახარჯულა ცენტრის თანამშრომლების ფიტნეს-კლუბებში გაკაჟების დასაფინანსებლად, თუმცა ცენტრის წარმომადგენელი განმარტავდა, ეს თანამშრომელთა წახალისების ერთ-ერთი ფორმააო), სამაგიეროდ, ჩნდება ეჭვი, რომ, თუ განათლებას ვერ ეშველება, მისი მესვეურები მაინც დაიყენებენ ვენერასა და აპოლონის ფორმებს.







შტურმში – „გრადების“ გარეშე



როცა აყვავდა დემოკრატია



ყველა ქოთანს თავისი თავსახური აქვს, ყველა ფრაზასა და ინტერპრეტაციას კი – თავისი აუდიტორია. სავარაუდოდ, ტალიავინის კომისიად წოდებული დასკვნის ჩრდილოვანი მხარეები რომ გაენეიტრალებინა, ქართულმა საერთო მაუწყებლებმა იერიში კომისიის ეთნიკურად გერმანელ წევრებზე მიიტანეს (ოღონდ, ისიცაა, რომ ეს იერიში შიდა აუდიტორიის ყურებისთვის იყო გათვლილი). განსაკუთრებულ შტურმში (ოღონდ „გრადების“ გარეშე) ოტო ლუხტერხანდატი მოექცა (როგორც გამოკვეთილად ქართველთყლაპია). მეტიც, ითქვა, რომ მას „გაზპრომმა“ „რუსული ინტერესების ლობირების“ სანაცვლოდ ჰონორარიც უფეშქაშა. ამის პარალელურად, ქართულმა ელმედიამ (ოპონენტები „ხელისუფლების მიერ კონტროლირებადებს“ რომ უწოდებენ) თავის მაყურებელს ამცნო, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმაც მიიღო საჩუქარი „გაზპრომისგან“, რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ, თურმე, მასაც მიუღია მონაწილეობა ტალიავინისად წოდებული კომისიის ქართველთყლაპიურ პათოსზე. ეს განცხადებაც, ბუნებრივია, ქართველი მაყურებლის ყურებისთვის იყო გათვლილი, ოღონდ, რაკი სამივე „საერთო მაუწყებელი“ თანამგზავრზეც გადის, ყურები კი ყველას აქვს, საქართველოში გერმანიის საელჩომ ქართული მედიისგან გავრცელებული მცდარი ინფორმაციის შესწორება მოითხოვა. მეტიც, „იმედოვნებს, რომ მომავალში აღარ ექნება ადგილი მსგავს ჟურნალისტურ შეცდომებს“. ხოლო, რაკი ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამას „ჟურნალისტურ შეცდომასთან“ ნაკლები კავშირი აქვს და ისიც გვახსოვს, რომ დასავლელი ექსპერტები საქართველოში მიმდინარე პროცესებს დემოკრატიის აყვავებად აფასებდნენ, სავარაუდოდ, არა მხოლოდ გერმანიის საელჩომ, ის მოიმკო, რაც დათესა!





გვერდები მოამზადა

ნინო ხაჩიძემ


скачать dle 11.3