კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უყვარს ყველაზე მეტად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და როდის ასაჩუქრებს ის თანხით საკუთარ სტიქაროსნებს

ის საოცარი და გადამდები სიმშვიდით გამოირჩევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე საუბრობს. ის ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელიც ძალიან კარგად, ახლოს იცნობს მის უწმიდესობას და 2 წელი თითქმის 24 საათის განმავლობაში მის გვერდით იმყოფებოდა, მისი ცხოვრებით ცხოვრობდა და სიხარულთან ერთად ბევრ ტკივილსაც განიცდიდა. დღეს ლევან ჭიქინაშვილი სამების ტაძრის მედავითნე, ფსიქოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტის სამების ჯგუფის სტუდენტების კურატორია.

– როგორი ხარ სტუდენტებთან ურთიერთობისას, მკაცრი?

– მკაცრადაც ვექცევი, მაგრამ მიყვარს ისინი და ნაკლებად ვსჯი. როცა სტუდენტი საუბრობს, მოძრაობს, ლექციაზე აგვიანებს, ვეუბნები, სამებაში ადი და არასწორი საქციელის გამო შენდობა ითხოვე-მეთქი. ისინიც ადიან და მესანთლეს ეკითხებიან, რომელ ხატთან ვითხოვოთ შენდობა ჩვენი არასწორი საქციელის გამოო. ძალიან ბევრნი არიან, 900-მდე. ორი ცვლაა, დილის და საღამოსი. ამიტომ, ერთი რომ ლაპარაკობს, სხვებიც აჰყვებიან, მასწავლებელს კი ხელი ეშლება. აქედან გამომდინარე, ზოგჯერ საჭიროა, სიმკაცრის გამოჩენა, ოღონდ ისე არა, რომ ეწყინოთ.

– როდის დაიწყე ეკლესიური ცხოვრება?

– აგრარულ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ვთამაშობდი ფეხბურთს. ლექციებს არასდროს ვაცდენდი, სტიპენდიაც მქონდა, ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტი ვიყავი. ჩემი დეკანი ახლა რექტორია. სულ კარგად მიხსენებს, უწმიდესსაც ხვდება და როცა სამებაში მოდის, ყველას ეუბნება, ლევანი ჩემი სტუდენტი იყოო. იგივე გრძელდებოდა აკადემიაშიც, ყოველთვის მოწესრიგებული ვიყავი. ჩემს მეგობარ გიორგი არაბულთან ერთად ვვარჯიშობდი. გიორგი დადიოდა დიდ დიღომში ყოველთა ქართველთა წმიდანთა სახელობის ეკლესიაში. ერთად როდესაც ვიყავით, მეც მასთან ერთად შევდიოდი ტაძარში. მერე უკვე მარტო დავიწყე სიარული ეკლესიაში. 7 თვე დავდიოდი, მხოლოდ ვიდექი და ვუყურებდი მსახურებას. შემდეგ მამა დავითთან (შაქარაშვილთან) მივედი და ასე დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. რაღაც დრო რომ გავიდა, მამა დავითმა მითხრა, ახლა სტიქარი უნდა ჩაგაცვაო. ზედმეტად მორიდებული ვიყავი, უარი ვუთხარი, არა, სტიქარს არ ჩავიცვამ-მეთქი. ასე გრძელდებოდა 6-7 თვე. ერთხელაც ზეთი უნდა ეცხო და მკითხა, საბოლოოდ გეკითხები, სტიქარს ჩაიცვამ თუ არაო. შევხედე და ვუთხარი, არა-მეთქი. შემიკერეს სტიქარი და ჩამაცვეს. მერე საკურთხევლიდან არ გამოვდიოდი. შემდეგ მედავითნეობა ვისწავლე. ყველა წიგნს მოვაგროვებდი, ტიპიკონი მედო და ჩემთვის ვიტარებდი მსახურებას. ექვსი თვის შემდეგ, ჩემმა მოძღვარმა მითხრა, უწმიდესთან უნდა წახვიდე სტიქაროსნადო, უარი ვუთხარი. ბოლოს მამა დავითმა მრევლთან გამოაცხადა, ლევანი უწმიდესთან უნდა წავიდეს სტიქაროსნადო. რომ ვკითხულობდი, მეტირებოდა, არ მინდოდა ტაძრიდან წასვლა. ბოლოს მითხრა, არ გეგონოს, რომ ტაძრიდან გაგდებ, ეს შენთვის კარგი გზააო. მამა დემეტრესთან მიმიყვანეს. უწმიდესმა მიკურთხა სტიქარი.

– ეს იყო თქვენი პირველი შეხვედრა?

– არა. ჩვენს ეკლესიაში მედავითნე იყო მამა კახაბერ ასათიანი, რომელიც, ასევე, იყო სამებაში დიაკვანი. მამა კახაბერს გავყევი სამებაში. კანკელის წინ, კიბეებთან გავჩერდი. მაშინ არ ვიყავი უწმიდესის სტიქაროსანი. ამ დროს მოვიდა მეუფე სერაფიმე, უკან ვიღაც მოჰყვებოდა – ალბათ, მძღოლი, ხელში შესამოსელი და მიტრა ეჭირა. მე რომ მომიახლოვდნენ, მეუფემ უთხრა ჩემზე, ამას მიეცი მიტრა და ჩანთაო. მერე მე მომმართა, საკურთხეველი დაალაგე და ჩვენც შემოვალთო. ისეთი ბედნიერი ვიყავი, შევიტანე და გავჩერდი ერთ კუთხეში. საკურთხეველში ზიარება რომ დამთავრდა, ყველა მივიდა პატრიარქთან მისალოცად. მე, რადგან არ ვიყავი შემოსილი, ამიტომ მერიდებოდა მისვლა, ვუყურებდი მხოლოდ. მერე მამაომ მეორე მხარეს გადამიყვანა, იქნებ მიხვიდეო. შემომხედა პატრიარქმა, გამიღიმა, მეც გავთამამდი, მივედი და კურთხევა ავიღე. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა. შემდეგ სულ დავდიოდი წირვა-ლოცვებზე, არასდროს გამიცდენია. შეიძლება, თითებზე დავითვალო, რამდენჯერ არ ვიყავი. შემდეგ ორი წელი ვცხოვრობდი საპატრიარქოში, უწმიდესთან, 24 საათი იქ ვიყავი. როდესაც უწმიდესი მობრძანდება, ადამიანები ცდილობენ, ხელით შეეხონ, კურთხევა აიღონ და ძალიან ბედნიერები არიან. ყველას უხარია. მე კი სულ მასთან ვიყავი, ტრაპეზობაც ერთად გვიწევდა. პატრიარქი პირად ურთიერთობაში ძალიან უშუალოა. ისეთი უბრალოა, შეიძლება, ისეთი რამ გკითხოს, შეგრცხვება, როგორ ვუპასუხოო. როდესაც პატრიარქთან ვიყავი, ყველა მეუბნებოდა, რა ბედნიერი ხარო. ამ ბედნიერების უკან ბევრი რამ იყო, მათ შორის გულისტკივილიც. ეს ბედნიერება რომ გაგრძელებულიყო, შეგენარჩუნებინა, ამას დიდი შრომა უნდოდა, ბევრი რამ უნდა მოგეთმინა. მეც ღირსეულად და ერთგულად ვასრულებდი ამ პასუხისმგებლობას. ყოველი დღე იწყებოდა დილის 6-საათიანი ლოცვით. შემდეგ ზამთრის ბაღში შევდიოდით, გვესაუბრებოდა, ზოგჯერ მარტოც რჩებოდა. უამრავი ადამიანი მოდიოდა, რაღაცეებს ეკითხებოდნენ, სთხოვდნენ. მე პატრიარქთან სხვანაირი ურთიერთობა მქონდა – უსიტყვო. შენიშვნა არ მოუცია. ძალიან მოკრძალებული და მორიდებული ვიყავი. ერთხელ და ორჯერ რომ მეტყოდა, ვიტრაპეზოთო, მერიდებოდა და ვერ შევდიოდი. ყველაფერი დავთმე, ოჯახი, დედა, ძმა, ნათესავები. მათთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია, თვეების განმავლობაში ვერ ვნახულობდი. 2 წელი სახლში არც დავრჩენილვარ, მიყვარდა და ერთგულად ვემსახურებოდი. დილის ექვსის ნახევრიდან ღამის ორ საათამდე სულ მასთან ვიყავი, ვფხიზლობდი, ყველაფერში ჩართული ვიყავი.

– ორი წელი პატრიარქის ცხოვრებით ცხოვრობდი. მერე, უცებ რომ შეგეცვალა ცხოვრების სტილი, ალბათ, გაგიჭირდა შეგუება?

– ყოველი დღე აქტიური იყო, მძიმეც. სულ სიხარული არ იყო. ყველა მეუბნებოდა, როგორ ითმენ, ამდენი როგორ შეგიძლიაო. ელოდებოდნენ – ახლა დამთავრდება, ვეღარ შეძლებსო. მაგრამ მე რამდენ ხანსაც ვიყავი, იმდენ ხანს მტკიცედ ვიდექი, ღირსეულად. მერე რაღაცეები რომ შეიცვალა, ყველაფერი უფრო მსუბუქი გახდა – არაფერი იყო იმასთან შედარებით. ახლა ვარ სამების ტაძრის მედავითნე, ფსიქოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტის სამების ჯგუფის სტუდენტების კურატორი.

– როგორ მოხვდი პატრიარქთან?

– თვითონ შემომთავაზეს. მაშინ აკადემიაში, ბოლო კურსზე ვიყავი. პატრიარქი სულ კითხულობდა – არ დაამთავრა ჩათვლები და გამოცდები, ხელი არ შეეშალოსო. სულ იქ უნდოდა რომ ვყოფილიყავი. ბოლო ჩათვლა რომ ჩავაბარე, 2007 წლის ამაღლების დღესასწაულზე გადავედი პატრიარქთან. მანამდე, 2003 წლიდან მასთან ვიყავი, ყველა მიცნობდა, ჩემ შესახებ იცოდნენ. დაახლოებით 2 წელი, სამებაში ყოველდღე ვიყავი დარაჯად. შენდებოდა, ყურადღება იყო საჭირო და შემდეგ გადამიყვანეს პატრიარქთან.

– ვიცი, რომ მისი უწმიდესობა ძალიან ყურადღებიანია.

– უყვარს საჩუქრების გაკეთება. ყველას რაღაცას აჩუქნებს ხოლმე. საპატრიარქოში, წინ არის ბაღი. ერთხელ იქ ვიყავით ჩასულები, ბაღს ათვალიერებდა. ცოტა მოშორებით, ეზოში ახალგაზრდა ბიჭები იდგნენ. ერთმა წრე დაარტყა და უწმიდესისკენ წამოვიდა. ხელი მოვკიდე, რომ ახლოს არ მისულიყო. არ ვიცოდი, ვინ იყო. მან დაიჩოქა, ფეხზე ემთხვია და ფეხსაცმელი გაუწმინდა. უწმიდესმა დალოცა. ბაღი დავათვალიერეთ და რომ ავედით ზემოთ, ვერცხლის სამაჯური მომცა, იმ ბიჭს გადაეცი ჩემგანო. ჩავედი, მოვძებნე, მივეცი, – ეს უწმიდესმა გამოგიგზავნა-მეთქი. ხელზე გაიკეთა და რომ გამოვიარეთ, იქ, სადაც ბიჭები იდგნენ, აჩვენა. ნახეთ, პატრიარქმა რა მაჩუქაო, ისეთი ბედნიერი იყო... ასე, ძალიან ბევრ ადამიანს ახარებდა. გზაზე ან სამებაში ვინმე გაჭირვებული რომ შეხვდებოდა, გვეტყოდა, საპატრიარქოში ჩამოიყვანეთო. ჩავიყვანდით და რაც ჰქონდა, ყველაფერს ჩუქნიდა. უცხოეთშიც რომ მიდიოდა, სულ საჩუქრები ჩამოჰქონდა. დიდ დღესასწაულებზე სტიქაროსნებს სულ აძლევს თანხას. საკურთხეველში თუ 30 სტიქაროსანია, რომ დაიწყებს პატრიარქი ფულის დარიგებას, უცებ გახდება – 150. ერთხელ მოგვიყვა, ვიღაც ქალბატონმა მაწონი მომართვაო და ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ეს იყოო. არ არჩევს საჩუქრებს – ერთი პატარა სანთელიც უხარია. მერე ამით სხვას რომ ახარებს, მას ეს უფრო სიამოვნებს.

– ბევრ რამეს ისწავლიდი პატრიარქისგან.

– აკადემიაში რომ ვსწავლობდით, მაშინ სასულიერო სემინარიის რექტორი იყო. მოდიოდა კვირაში ორ-სამჯერ, სტუდენტებს ყველაფერზე გვესაუბრებოდა, ჰიგიენაზე, ანალიტიკურ აზროვნებაზე, ქვეყნისთვის ფიქრზე. ხშირად გვიმეორებდა ამ სიტყვებს – მოსმენის კულტურა ისწავლეთ, არ შეიძლება, კატეგორიული აზროვნებაო. საქმე მალე უნდა გააკეთო, იაქტიურო, დაიხარჯო, ყურადღებიანი, თბილი, მოსიყვარულე იყო, აპატიო სხვებსო – ამ თვისებების ზოგი ნაწილი შევითვისე... ერთხელ, ღამე 12-საათიანი ლოცვა უნდა წაგვეკითხა. უწმიდესმა მკითხა, რომელი საათიაო. 12-ს აკლია რამდენიმე წუთი-მეთქი. სხვამ უთხრა – 12 საათიაო. შემომხედა და მითხრა, შენი საათივით ურევო. მე სერიოზულად მივიღე. გადავწყვიტე, ვიკითხავ და თუ ფიქრობენ, კარგად არ ვიქცევი, დღესვე წავალ-მეთქი. უწმიდესს ვკითხე: მართლა ვურევ-მეთქი. მომხედა, გაიცინა, ლოყაზე ხელი მომარტყა და მითხრა, არა, გეხუმრეო.

მინდა, ჩვენს უწმიდესს ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, გარშემო – ბევრი ერთგული ადამიანი და ღმერთმა შეუსრულოს, მას უდიდესი ნატვრა, ოცნება – უწმიდესი სულ საქართველოს გამთლიანებაზე ფიქრობს. ბოლო დროს ასეთი სიტყვები თქვა, მინდა ისე არ წავიდე ამქვეყნიდან, საქართველო არ ვნახო გამთლიანებულიო. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და ეს სურვილი და ფიქრი აუსრულოს!


скачать dle 11.3