კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

რატომ ატყუებდა ნანა ფაჩუაშვილს მეუღლე და რაში სჯობნიან, მისი აზრით, ქალები კაცებს



ნანა ფაჩუაშვილი: საყოფაცხოვრებო პრობლემები არის ის, რასაც ვერაფრით ვეგუები და მომენტალურად ვრეაგირებ, როგორც კი რაღაც ფუჭდება. უკვე შევეჩვიე იმას, რომ ეს ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია. საუბედუროდ, მოხდა ისე, რომ ქალებმა მამაკაცების ფუნქციებიც შევითავსეთ. ასეთი ხვედრი გვერგო წილად და, რისი ბრალია, ვერ გეტყვით, მაგრამ პირადად მე უკვე დინებას მივყვები და ვეღარ ვჩერდები (იცინის). დასვენება რა არის, დამავიწყდა. ის კი არა, თუ არაფერია გასაკეთებელი, ვიგონებ საქმეს, არც ჩემი ტვინი ჩერდება და არც ხელები. ძალიან მოწესრიგებული და მობილიზებული ადამიანი ვარ ამ მხრივ. გერმანული სისხლი არ სჩქეფს ჩემს ძარღვებში, მაგრამ გერმანელივით ვიცი დროის ფასი. არავითარ შემთხვევაში არ გადავდებ საქმეს. „დღეს იყოს და ხვალ გავაკეთებ“ – ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. რატომ გადავდო, თუკი დღეს შეიძლება მისი გაკეთება?! მე მგონი, არ არის ეს ცუდი თვისება. ძალიან არ მომწონს, როცა ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ვამჩნევ, როგორ ცდილობენ საქმის გადადებას. საერთოდ ახალგაზრდებს უყვართ ეს.

– არა მხოლოდ ახალგაზრდებს, მამაკაცებსაც უყვართ საქმის გადადება.

– გეთანხმებით, უმრავლესობა მართლაც ასეა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ოჯახის მამაკაცები ყოველთვის ასეთები იყვნენ და არიან კიდეც.

– მეუღლეც არ იყო ოპერატიული, ქალბატონო ნანა?

– არა, იმასაც ეზარებოდა და, რადგან იცოდა ჩემი ხასიათი, ზოგჯერ მატყუებდა ხოლმე, გავაკეთეო. მერე, მეორე დღეს ისევ ჩემი გასაკეთებელი ხდებოდა. საერთოდ, ქალები ვჯობნით კაცებს საქმის კეთებაში.

– სწორედ ამის გამოც გაგვინებივრდნენ.

– ქართველი მამაკაცები მართლაც ნამეტანი განებივრდნენ. უცხოეთში სხვა სიტუაციაა. იქ ოჯახებში ქალებს ბევრად ნაკლები ფუნქცია და ვალდებულება აქვთ აღებული საკუთარ თავზე. ქართველი ცოლი და დედა სასწაულებს აკეთებს, ამიტომაც ფასობს ქართველი ცოლი უცხოეთში განსაკუთრებულად. ჩამოდიან ევროპელი და ამერიკელი მამაკაცები აქ და უმრავლესობას ქართველი ცოლი უნდა – იციან, რომ იქნება მეოჯახე და ერთგული. მე მაინც მგონია, რომ ჩვენ, ქართველ ქალებს, ტრადიციულად მოგვდგამს ოჯახზე განსაკუთრებული ზრუნვა. მაგრამ რამდენად კარგია ეს, თავად ქალისთვის, უკვე აღარ ვიცი. შეიძლება, ცუდია, იმიტომ რომ, როგორც წეღან ვთქვით, მამაკაცები გვინებივრდებიან.

– ხელმარჯვე ოსტატადაც ხომ არ იქეცით?

– არა, არა! ბევრი ვერაფერი მეხერხება: არ ვიცი კერვა, არ ვქსოვ, არ ვარ ჩხირკედელა. მაგრამ ძალიან კარგად ვალაგებ და სამზარეულოშიც არა მიშავს რა. თუმცა, მონდომებას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს. მე და ჩემი მეუღლე ახალგაზრდები რომ ვიყავით, მოვინდომეთ სახლში საკუთარი ხელით რემონტის გაკეთება. ვფიქრობდით, რა უნდა, დაასხამ არეულ ცემენტს, დაადებ ფილას და ეგ არისო. წავედით, ვიყიდეთ მეტლახი და ჩვენივე ხელით დავაგეთ. კი დავაგეთ, მაგრამ ეტყობოდა, არაპროფესიონალის გაკეთებული რომ იყო. ლურსმნის დაჭედებასაც კი ცოდნა უნდა. კიდევ ერთხელ მოვინდომე ძალიან და ჩემი სახლის სადარბაზო შევღებე (იცინის). ახლა უკვე ახალ სახლში ვცხოვრობ და სადარბაზო ისეთი შელახული იყო, ერთ დღესაც ძალიან არ მომეწონა. ვიყიდე საღებავი და დავიწყე ღებვა, როცა ჩემი მამაკაცები სახლში არ იყვნენ. რომ მოვიდნენ, ძალიან გამკიცხეს, მაგრამ სამი სართულის შეღებვა მოვასწარი. ზეთიანი საღებავით და „კატოკით“ მეც საკმაოდ „კარგი“ შესახედავი ვიყავი, მაგრამ სადარბაზო გალამაზდა. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მეოთხე სართულის მეზობელმა სრულიად სერიოზულად მისაყვედურა, ბარემ ამოსულიყავი აქამდეო. მე ცოტა გავბრაზდი – მსახიობი ვარ, „მალიარი“ კი არა-მეთქი. რა არის იცით? თუ გაქვს სურვილი, რომ შენ გარშემო სისუფთავე და სილამაზე იყოს, კედელსაც შეღებავ და სხვა რამესაც გააკეთებ.

– მამაკაცსაც შეიძლება გაუჩნდეს ამისი სურვილი?

– შეიძლება, თუკი გვერდით ეყოლება მეუღლე, რომელიც ამას შეაჩვევს. უნდა აღვზარდოთ და გამოვასწოროთ, (იცინის) აბა, როგორ?! სხვადასხვა მეთოდებით: ზოგჯერ მოფერება ჭრის, ზოგჯერ მკაცრი ხელია საჭირო. უნდა შევძლოთ.

– რა დღეში ვართ ქალები?!

– ეს ჩვენი ხვედრია. მაგრამ, მაინც სუსტი სქესის წარმომადგენლები ვართ და უნდა დავემორჩილოთ მამაკაცებს.

– ელიავას ბაზრობას იცნობთ?

– ძალიან კარგად. მისი ყველა კუთხე-კუნჭული ვიცი. ზუსტად გეტყვით, სად რა იყიდება და რა ფასად. ახლახან გადავედი ახალ ბინაში და, რემონტი თუ დიზაინი – ყველაფერი ჩემი ხელმძღვანელობით გაკეთდა. მე არ მეზარება კომფორტისთვის გარჯა, მომწონს ყველაფერი ლამაზი, თანამედროვე და კომფორტული.

საკუთარი ავტომობილის ენა მესმის, მისი „გულისცემა“. ძალიან კარგი მანქანა მყავს. „მერსედესი-კუპე“. სახურავი მთლიანად შუშის აქვს და ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ გადახდილია. ძალიან კარგი შეგრძნებაა. არ ხარ ჩაკეტილ სივრცეში და ეს მომწონს. თუმცა, ვერ დავიტრაბახებ, რომ კარგი მძღოლი ვარ. როგორც ქალების უმრავლესობა, მეც მოუწესრიგებელი ვარ ამ მხრივ.

საყიდლებზე სიარული გიყვართ?

– ძალიან მიყვარს. რომელ ქალს არ უყვარს? თუ ვინმე გეუბნებათ, საყიდლებზე სიარული მეზარებაო, იტყუება. მე თვალიერებაც ძალიან მიყვარს. დავდივარ ავეჯის მაღაზიებში და ვათვალიერებ ლამაზ ნივთებს. უცხოეთში როცა ვარ, ვბრაზობ, რომ ბევრი რამის ყიდვა არ შემიძლია, მაგრამ ვიტრინებთან მაინც ვტკბები ხოლმე მათი ცქერით. საერთოდ, ცხოვრება მშვენიერია, მიუხედავად ყველაფრისა და ჩვენ არ გვაქვს უფლება, მოწყენილები და გაბრაზებულები ვიყოთ, ცუდ გუნებაზე გავიღვიძოთ და მერე ეს ჩვენი ცუდი განწყობა სხვასაც გადავდოთ.


скачать dle 11.3