კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედის ტორეადორი



გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹28-39(457)



ზურაბი ბოლთას სცემდა. კოლოფში სიგარეტი აღარ დარჩა. თვითონაც ვერ შენიშნა, როგორ მოსწია ერთმანეთის მიყოლებით ათი ღერი. ოთახი კვამლით გაჯერდა და თითქოს ჰაერიც დამძიმდა. დიანა მაშინვე ფანჯარას მივარდა და გამოაღო. ქმრისთვის მერე მოიცალა.

– რა ხდება, თავს იკლავ? რამდენი მოგიწევია...

– რატომ შემოხვედი, მე ხომ არ დამიძახია?

– რას ნიშნავს, რატომ შემოვედი? ხომ არ დაგავიწყდა, რომ ამ სახლში მეც ვცხოვრობ და, საერთოდ, შენი ცოლი ვარ?!

– სამწუხაროდ, კარგი მეხსიერება მაქვს, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა კაცმა.

ქალმა მისი მზერაც შენიშნა და არც მისი სახის გამომეტყველება გამოჰპარვია.

– იმედი მაქვს, შენი გულისწყრომის მიზეზი მე არ ვარ.

– იმედი არაჩვეულებრივი რამეა, მაგრამ მე ამ ფუფუნებას მოკლებული ვარ. დიანა, მომეშვი. ხომ ხედავ, ლაპარაკის ხალისი არ მაქვს. თუ გინდა, რამით დამეხმარო, სიგარეტი მომიტანე.

ქალმა თავი გადააქნია.

– იქნებ მითხრა, რა დაგემართა?

– ლაპარაკის გუნებაზე არ ვარ-მეთქი. მომიტანე სიგარეტი... თუმცა, არა, არ მინდა. მე თვითონ მოვიტან, – ზურაბი სკამის საზურგეზე გადაკიდებულ პიჯაკს დასწვდა.

– კარგი, მოგიტან სიგარეტს. ისეთი სახე გაქვს, მეშინია, ქუჩაში ვინმეს არ ეჩხუბო. სამსახურში გაქვს პრობლემა?

– ჰო, – უხალისოდ დაუქნია კაცმა თავი.

– გინდა, მამაჩემს ვუთხრა და სერგისთან ურთიერთობა მოგიგვაროს?

– არა! – იყვირა კაცმა. დიანა მოულოდნელობისგან შეხტა.

– რა გაყვირებს? ვერ ვიტან, როცა მიყვირი, – თვალები აეცრემლა ქალს, – მე შენთვის არაფერი დამიშავებია..

ზურაბმა მყისიერად გააცნობიერა, რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ცოლთან სერიოზულ კონფლიქტს, მით უმეტეს, თუ ის ყველაფერს მამამისს მოუყვებოდა და სწრაფად დაიხია უკან:

– მაპატიე. არ მინდოდა. მართლა ძალიან ვარ გაღიზიანებული. საშინელებაა, როცა ვიღაც მუდმივად ჭკუას გასწავლის და მბრძანებლობს. სერგი ცუდი პიროვნება არ არის, მაგრამ ის მაინც უფროსია. მამაკაცისთვის, თუ ის საკუთარ თავს პატივს სცემს, ხელქვეითის როლში ყოფნა ძალიან დამთრგუნველია.

დიანა მოლბა. ქმართან მივიდა და მხარზე მიეხუტა.

– ცოტა ხანსაც მოითმინე, საყვარელო. მამას აუცილებლად ვეტყვი და დაგეხმარება.

– ვიცი. ვიცი, რომ დამეხმარება, მაგრამ მე თავად მინდა, რაღაცას მივაღწიო. ვითრგუნები, როცა მამაშენი თავისი ფრთის ქვეშ ჩვენს შეფარებას ცდილობს.

დიანას არ მოეწონა ქმრის სიტყვებში შეფარული ირონია.

– რა უსამართლო ხარ! მამაჩემს უნდა, რომ კარგად ვიყოთ და გზას გაგიკვალავს. რა არის ამაში ცუდი?

– ცუდია-მეთქი, არ მითქვამს, მაგრამ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია.

– მაშინ, შენ თვითონ მოიკალი თავი მუშაობით, შეასრულე სერგის მითითებები და ნუღარც წუწუნებ.

– არ ვწუწუნებ, უბრალოდ, ცუდ გუნებაზე ვარ, მაგრამ შენ ამის გაგება არ გინდა.

ქალმა მხრები აიჩეჩა:

– არ ვიცი, არ ვიცი... მართლაც სხვა რაღაც მგონია ამ ყველაფრის მიზეზი.

– რა სისულელეა! რა გინდა მაგით რომ თქვა?

– არაფერი. არაფრის თქმა არ მინდა, მაგრამ...

– მაგრამ, რა... – გაღიზიანდა კაცი.

– არაფერი, – დიანა შებრუნდა და ოთახიდან გავიდა. ზურაბმა შეკრული წარბების ქვემოდან გახედა ცოლს და რაღაც გაურკვევლად ჩაიბურტყუნა. ხელი ტელეფონის ყურმილისკენ გაიწოდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა, მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა ელენესთან დარეკვას. „ესე იგი, აღარაფერში ვჭირდები... რა თქმა უნდა, ქმარი თანამდებობის პირი ჰყავს, არც ფული აკლია. მე რით მოვხიბლავ? თანაც, ბოღმა აქვს – უნდა, სამაგიერო გადამიხადოს, ცოლად რომ არ შევირთე. რომ მყვარებოდა, ალბათ, შევირთავდი. ჩემი გრძნობა ძლიერი არ აღმოჩნდა და დიანაც იმიტომ გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. გასაკვირი არაფერია: ქორწინება ან საქმიანი გარიგება უნდა იყოს, ან არანორმალური სიყვარულის დაგვირგვინება. მაგრამ, პირველი ვარიანტი გაცილებით ჯობია. გრძნობა, როგორი ძლიერიც უნდა იყოს, დროს მაინც ვერ გაუძლებს და აუცილებლად გაქრება. კარგად გათვლილი საქმიანი გარიგება კი, ნებისმიერ შემთხვევაში მომგებიანია. ასე რომ, საკუთარ თავს ვერაფერს ვუსაყვედურებ, ნამდვილად სწორი არჩევანი გავაკეთე. აი, ქალბატონი ელენე კი აუცილებლად ინანებს, ძაღლივით რომ მომექცა. ჰმ, დავიჯერო, სერგი ისეთი მამაკაცია, რომ ყველაფერი დაავიწყდა?!“ – ზურაბმა ცარიელი კოლოფი მოჭმუჭნა და კედელს ესროლა...

***

ლევანმა მხოლოდ მეორე დღეს გამოძებნა რამდენიმე თავისუფალი წუთი და აქტიურად შეუდგა საჭირო ტელეფონის ნომრის მოძიებას. არ გასჭირვებია – ცნობილი ოჯახი ქალაქის გარეუბანში, ძალიან პრესტიჟულ ადგილას ცხოვრობდა. ლევანმა სამთავრობო ჯგუფთან ერთად ვახშამზე უარი თქვა, თავის ტკივილი მოიმიზეზა და ნომერში დარჩა. ტელევიზორის წინ იჯდა პულტით ხელში და ფიქრობდა, ღირდა თუ არა მეგობრის დედის მონახულება. თინიკოს სიჩუმეც აწუხებდა. არა, კი არ აწუხებდა, დისკომფორტს უქმნიდა. ჩვეულებრივ, ცოლი ყოველ სამ საათში ურეკავდა ხოლმე, ან მესიჯებს უგზავნიდა. რა თქმა უნდა, შეეძლო, თვითონ დაერეკა, მაგრამ, რატომღაც, არ ჩქარობდა. ადგა, მაცივართან მივიდა, ვისკის ბოთლი გამოიღო და დაისხა. ორი-სამი ყლუპის შემდეგ მოთმინებამ უმტყუნა. მობილური აიღო და თიკას დაურეკა, კიდევ ერთი უცნაურობა: ქალს ტელეფონი გამორთული ჰქონდა. „ესღა მაკლდა. მირჩევნია, გულს მიწყალებდეს თავისი ზარებით, ვიდრე ასე ჩუმად იყოს. მობილურს ღამითაც არ თიშავს და ახლა რა უნდა მომხდარიყო ამისთანა“... ლევანი აფორიაქდა. ყოველთვის უჭირდა ერთდროოულად რამდენიმე საკითხზე ფიქრი – ეს სისუსტე ბავშვობიდან ჰქონდა. თუ კითხულობდა, არაფერი ესმოდა; თუ უსმენდა, ვერ ფიქრობდა; თუ ფიქრობდა, ბრმა და ყრუ ერთდროულად ხდებოდა... ერთი სიტყვით, უკვე დაგეგმილი ვიზიტი ერთბაშად მეორეხარისხოვანი გახდა. მერე ფეხით გავლა მოუნდა. სურვილი ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ ყველა სხვა გრძნობა დაჯაბნა. პიჯაკი აიღო და პარიზის განათებულ ქუჩებში გავიდა. პირველად არ ეჩქარებოდა არსად. დიდი ხანია, თავი ასე თავისუფლად არ უგრძვნია. აქ არსად იყვნენ „კუდები“, – ანუ ჟურნალისტები. თავატკიებული მინისტრის უკან დევნას მათ გემრიელი ვახშამი ერჩივნათ და ლევანსაც შეეძლო, უბრალოდ, ეხეტიალა. ცნობილი ბრენდების განათებულ საფირმო მაღაზიებს ჩაუარა და უნებლიეთ გაეღიმა. ცოლთან ერთად რომ ყოფილიყო, თიკას შეიარაღებული რაზმი ვერ გამოიყვანდა იქიდან. ანგარიშმიუცემლად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და საიუველირო სალონის კარი შეაღო. უყურადღებოდ, მექანიკურად ათვალიერებდა აელვარებულ ვიტრინებს. ერთ-ერთთან შეჩერდა და მინის ქვეშ გამოფენილ ყელსაბამებს ჩააშტერდა. ოქროს წვრილ სიმზე წამოცმულ კულონს იის ფორმა და ფერი ჰქონდა, ძალიან ლამაზი იყო – პატარა და დახვეწილი. ლევანს შეკრული წარბები გაეხსნა...

***

გოგომ ლამაზი, ოდნავ აპრეხილი ცხვირი შეიჭმუხნა და ბიჭს მსუბუქად წაარტყა წკიპურტი შუბლზე:

– აბა, აბა, ნუ იტყუები! ნამდვილ ცრუპენტელად იქეცი. ძალიან კარგად ვიცი, ჩემი სახელი არაფრით რომ არ არის სახარბიელო. დედაჩემს თითქმის ყოველდღე ვსაყვედურობ. აბა, ია რა დასარქმევი იყო. სულ ორი ბგერაა – „ი“ და „ა“. სასაცილომდე პრიმიტიულია.

– რას ამბობ! შენს სახელს გლობალურ-ეროვნული დატვირთვა აქვს, – არ დაეთანხმა ბიჭი.

გოგომ თვალები მოწკურა.

– მაინც?

– ყველა პირველკლასელი, გესმის? ყველა, – საჩვენებელი თითი შემართა ლევანმა, – შენი სახელით იწყებს წერა-კითხვის სწავლას!

– ვაა, რა მაგარი ხარ, ტო! – ტაში დაუკრა ვახომ, – როგორ მოიფიქრე. მე მაგდენს ვერ მოვტვინავდი. ნახე, რა გითხრა?!

გოგო აკისკისდა.

– რამ გაგამხიარულათ? შეიძლება მეც გავიგო? – ნიკუშამ ეჭვით შეათვალიერა სიცილისგან ჩაბჟირებული ბიჭები და აკისკისებული ია.

– ლევანმა დამიმტკიცა, რომ ჩემს სახელს გლობალური მნიშვნელობა აქვს.

– მართლა? – ნიკუშამ პირქუშად გახედა მეგობარს. ლევანმაც ჯიქურ გაუსწორა თვალი.

– ჰო, მართლა, შენთვის რაღაცის თქმა მინდოდა... წამოდი, ეზოში გავიდეთ, – თქვა უცებ ნიკუშამ. ვახომ მაშინვე „მოწვა“.

– ეეე, მოიცადე, რა დაგემართა, ტო... რა ინდაურივით იფხორები. ხომ იცი, ეგეთ რაღაცეებს ვერ ვიტან. თუ მართლა სათქმელი გაქვს რამე, აქ უთხარი.

– არა, გავიდეთ, არ არის პრობლემა, – ლევანმა ვახოს მხარზე დაარტყა ხელი...

ეზოში გავიდნენ. ლევანმა დაასწრო და სანამ ნიკუშა რამეს იტყოდა, დაიწყო:

– ვიცი, რაც უნდა თქვა. ეჭვიანობ. სულ ტყუილად, მე ია მიყვარს, მაგრამ ისე არა, როგორც შენ გგონია.

– შენ რა იცი, მე რა მგონია? – ჩაიღრინა ნიკუშამ.

– ვიცი და არ გინდა... მე ასეთი რაღაცეები არ მეშლება, ამ მხრივ, შეგიძლია, მშვიდად იყო.

– ია ჩემია, – მესაკუთრის ტონით ჩაილაპარაკა ნიკუშამ.

– ნუ იბღვირები, თუ ძმა ხარ. არავინ გართმევს.

– ვერც წამართმევს! – დაიქადნა ნიკუშამ.

– შენ ცუდი სიზმარი ხომ არ ნახე? – გაღიმება სცადა ლევანმა, – მარცხენა ფეხზე ხარ ამდგარი? რას ნიშნავს – „ია ჩემია“? თუ სიმართლე გინდა, ია არავისიც არ არის. შეგეძლო, გეთქვა, ერთმანეთი გვიყვარსო და უფრო გასაგები იქნებოდა.

– მე შენთან ჩხუბს არ ვაპირებ.

– ვიცი, მეგობრებთან არ ჩხუბობენ, მაგრამ, თუ არ გიყვარს, რატომ არ ეტყვი?

ნიკუშა გახევდა. ერთბაშად ვერაფერი უპასუხა. ლევანი მიხვდა, რომ სუსტი ადგილი მოუძებნა და გათამამდა:

– ჰო, რატომ არ ეუბნები? რას ელოდები? თუ, უთქმელადაც შენია?

– ლევან, გითხარი, შენთან ჩხუბი არ მინდა-მეთქი!

– ჰოდა, ნურც მეჩხუბები!

– რომ მიწვევ?! შენ სულელი გგონივარ? დიდი ხანია, რაღაცას გამჩნევ. არ მოსულა ჩვენში ესეთები.

– ვიცი, არ მჭირდება შეხსენება. იას კი მეტი ყურადღება სჭირდება.

– რა, შემოგჩივლა, ყურადღება მაკლიაო? – დამცინავად ჩაილაპარაკა ნიკუშამ, რომელსაც ხმაში უკვე აღარ ჰქონდა პირვანდელი რიხი.

– არ სჭირდება შეჩივლება, ისედაც ეტყობა, ბრმა კი არ ვარ.

– გეყოფა, არავის დაუვალებია შენთვის იაზე ზრუნვა!

– მართალია. არავის დაუვალებია, მაგრამ...

– ჰოდა, თუ „მაგრამ“, შენს საქმეს მიხედე. მე ჩემი გეგმები მაქვს, ყველაფერს ხომ არ გეტყვი. არ შემიძლია ყვავილებით სირბილი და ვერც ასფალტზე დავუწერდი დიდი ასოებით, მიყვარხარ-მეთქი. ბანკეტზე ხელს ვთხოვ და მორჩება ამით.

ლევანი გაშრა, მაგრამ არ შეიმჩნია. მიხვდა, რომ ნიკუშას, მასში მომხდარი უმნიშვნელო ცვლილებაც არ გამოეპარებოდა.

– ძალიან კარგი, – ჩაილაპარაკა ნაძალადევი ღიმილით და წასასვლელად შებრუნდა.

– მოიცადე! ნიკუშამ მხარზე დაადო ხელი. ლევანი ნელა შემოტრიალდა, მეგობრისთვის სახეზე არ შეუხედავს.

– წყენა არ ჩაიდო. მეგობრები ვართ?!

ლევანმა თავი დაუქნია.

ბანკეტს განაჩენივით ელოდა. არ უნდოდა იმის წარმოდგენა, რომ იას სამუდამოდ დაკარგავდა. ვერც ნიკას ზეიმის ყურებას შეძლებდა მშვიდად და უემოციოდ. ბოლოს გადაწყვიტა, საერთოდ არ წასულიყო ბანკეტზე, მაგრამ ბიჭებისთვის არაფერი უთქვამს. პირიქით, საღამოს დათოსაც დაურეკა და ვახოსაც, ორივე გააფრთხილა, არ დაიგვიანოთო. ამიტომ ძალიან გაუკვირდა, როცა დილაუთენია აქოშინებულმა ვახომ მოირბინა.

– რა გინდა, ბიჭო, რა სახე გაქვს? გთხოვე, გამომიარე-მეთქი?! საღამომდე ვერ მოიცადე?

– საღამომდე? – ვახო ხვნეშით ჩაჯდა სავარძელში და ოფლით დასველებული შუბლი მოიწმინდა, – შენ არაფერი გაგიგია? ჩვენს ქეიფს დედა მოუკვდა. მორჩა, მაგარი ცუდი ამბავი მოხდა!

– მერე, თქვი, რა ღობე-ყორეს ედები!..

– კაროჩე, ნიკუშას მამას ინფარქტი მოუვიდა, რა... წუხელის თუ გამთენიისას, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ნიკუშას საქმე წასულია. მორჩა! იცი, ნიკუშა რა დღეშია?! დათო იქ დავტოვე და გადარეულივით გამოვიქეცი. დროზე წამოდი. იმისი მარტო დატოვება არ შეიძლება.

– მოიცა, წესიერად გამაგებინე, დამშვიდდი და ისე. ვისი დატოვება არ შეიძლება მარტო ან სერგი ბიძია როგორ არის?

– სერგი ბიძია მოკვდა. ვაა, ხომ გითხარი, ინფარქტი მოუვიდა-მეთქი! შენ რა, არ მისმენ? სად დაფრინავ, ბიჭო? ნიკუშა კი მორგშია.

– მორგში? – ლევანმა იგრძნო, როგორ დაუარა მთელ სხეულში სიცივის ტალღამ, – ნიკუშა მორგშია?

– ჰო, აბა, სად უნდა იყოს? კარდიოლოგიური განყოფილების მორგში. სერგი ბიძია იქა ჰყავთ. რა ვერ გაიგე, ტო?!.

– მოიცა, – ლევანის გონებამდე ნელ-ნელა მიაღწია ვახოს სიტყვების შინაარსმა მთელი სისრულით, – მერე, ია?! დღეს ნიკუშას მისთვის ცოლობა უნდა ეთხოვა.

– შენ გაუბერე? – წაუსტვინა ვახომ, – რა დროს ცოლია, ტო, კაცს მამა მოუკვდა, მერე როგორი მამა! რა ეშველება ნიკუშას, არ ვიცი. რა ცოლის თავი აქვს! ნახა ამანაც დრო! აზრზე მოდი, რა!..

– ჰო, მართალი ხარ. არა აქვს ცოლის თავი, რა დროს ცოლია. არც ნიკას მარტო დატოვება შეიძლება. წავიდეთ, ახლავე ჩავიცვამ...

საავადმყოფოს დერეფანში შესულმა ლევანმა ფანჯარასთან მდგარ თანაკლასელებს შორის ია შენიშნა და უნებლიეთ სიხარული იგრძნო. ეს ისე ბუნებრივად, ანგარიშმიუცემლად მოხდა, რომ მერე საკუთარი თავის შერცხვა, მაგრამ ამით რეალობას ვერ შეცვლიდა. ნიკუშას ტრაგედია არ იყო მისთვის სულერთი, მაგრამ იმასაც ვერ უარყოფდა, რომ ამ ტრაგედიამ იასკენ გზა გაუხსნა. ყოველ შემთხვევაში, იმ წუთისთვის ეჭვი არ ეპარებოდა საკუთარ გამარჯვებაში. მაშინ ვერც იფიქრებდა, რომ იასთან ყოფნაში ხელს ნიკუშა კი არა, საკუთარი ამბიციები შეუშლიდა...

ფიქრებში გართულმა ვერ გაიგო, როგორ მიუახლოვდა ზურგიდან ვიღაც. ნაცნობი ხმის გაგონებამ დააფრთხო. მაშინვე ვერ მიხვდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. ვერ მიხვდა იმიტომ, რომ ვერ წარმოედგინა ცოლის იქ ყოფნა. თინიკომ ქმარს უხეშად ჰკრა ხელი და გვერდზე მიაგდო. მერე ლევანის ხელში შერჩენილ ყელსაბამს ჩააშტერდა.

– ახლა არ მითხრა, რომ ამას ჩემთვის ყიდულობ, იმიტომ, რომ მაინც არ დაგიჯერებ!

ლევანი ნელ-ნელა მოეგო გონს და გაოცება მრისხანებით შეეცვალა:

– შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ? შენ გეკითხები, რა გინდა აქ?

– ის, რაც შენ, – არ შეეპუა ქალი, – აბა, რა გეგონა, საშუალებას მოგცემდი, აქ შენს კახპასთან ერთად გეგრიალა?!

ლევანმა მიმოიხედა. ცოლთან კამათისთვის ძალიან შეუფერებელი ადგილი იყო, მით უმეტეს, პრესტიჟულ საიუველირო სალონში მასთან ჩხუბს ვერ დაიწყებდა. ამიტომ თავს ძალა დაატანა, ნერვები მოთოკა და ნაძალადევი სიმშვიდით ჩაილაპარაკა:

– წამოდი, ჩემს ნომერში ავიდეთ, დავილაპარაკოთ!

– შენს ნომერში? მერე, ის კახპა? კარადაში დამალავ თუ გააგდებ?

– თიკა, არ გინდა, აქ ისტერიკას ნუ ატეხ, სირცხვილია.

– ჰოო? შენ ლაპარაკობ სირცხვილზე? შენ? უსინდისო!

ლევანი იძულებული გახდა, ცოლისთვის მკლავში მოეკიდა ხელი და მაღაზიიდან ძალით გაეყვანა. ქუჩაში ხმას ცოტა აუწია:

– რა დღეში ხარ! უკან გამომედევნე? როგორ გაბედე? გინდა, ყველასთან თავი მომჭრა და სასაცილო გამხადო? იცი, აქ რამდენი ჟურნალისტია? ეს სკანდალი მჭირდება? როგორ გგონია, მჭირდება?

– ხელი გამიშვი, მეტკინა და ნუ ღრიალებ! სკანდალს შენ აწყობ. ცოლს რომ ღალატობ, ეს არის სკანდალი და არა ის, რომ მე აქ ვარ, ჩემი კანონიერი ქმრის გვერდით. გამოტყდი. შემომხედე და ისე მითხარი, იმისთვის არჩევდი, ხომ საჩუქარს?

– ნამდვილი გიჟი ხარ, არანორმალური! – ლევანს ხელისგულიც კი აექავა, ისე მოუნდა ცოლისთვის სახეში გაერტყა. ეს სურვილი რომ დაეძლია, ორივე ხელი შარვლის ჯიბეებში ჩაიტენა და ქალს შეუბღვირა, – თუ კიდევ შეგრჩა სულ ცოტა ტვინი მაინც, გაანძრიე და მიხვდები, რომ სამთავრობო მივლინებაში საყვარელთან ერთად ვერ წამოვიდოდი!

– მე არ მჯერა, რომ მივლინებაში ხარ. ვინ დამარწმუნებს ამაში?

– არა, შენ ექიმი გჭირდება. ავად ხარ, თანაც სერიოზულად ავად. შენს ავადმყოფობას მანიაკალური შიზოფრენია ჰქვია. ვიდრე გავგიჟებულვარ, წამოეთრიე და სანამ სასტუმროს ნომერში არ შევალთ, შენი ხმა არ გავიგონო.

თინიკომ ქმრის ხმაში ისეთი სუსხი იგრძნო, რომ სიტყვაც აღარ უთქვამს, მხოლოდ თავისთვის ჩაიბურტყუნა რაღაც გაურკვევლად და ქმარს მორჩილად აედევნა უკან. ლევანი გუნებაში სასტუმრომდე დარჩენილ მანძილს ითვლიდა. თინიკომ ყველა ზღვარი გადალახა. ნერვებს აქამდეც ხშირად უშლიდა, მაგრამ მივლინებაში წასულს რომ ჩუმად უკან გაჰკიდებოდა, ამას კაცი ყველაზე უარეს სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა. ტაქსი გააჩერა, თიკა თითქმის ხელის კვრით ჩასვა შიგ და სასტუმრომდე ხმა არ ამოუღია. ნომრის კარი მიხურა თუ არა, ცოლს რისხვად დაატყდა თავს:

– არა, როგორ გაბედე! როგორ გაბედე-მეთქი! ყველაფერს ვითმენდი შენგან, მაგრამ ეს უკვე სისულელე აღარ არის. ეს სისულელეზე მეტია და მართლა აღარ ვიცი, რა გიყო, რა მოგიხერხო!

თიკა ქმრის აპარტამენტების თვალიერებას მორჩა, დივანზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა.

– სხვა ნომერი აიღე, არა?! პრინციპში, სწორად მოქცეულხარ. ასე გაცილებით უსაფრთხოა. მე კი მართლა სულელი ვარ, რომ შენ გამო ნერვებს ვიშლი. ნამდვილად არ ღირხარ ამად, თვალთმაქც და უსინდისო მამაკაცს ვთხოვ ერთგულებას – ეს იგივეა, ქათამს რომ ფრენა მოსთხოვო.

– გაჩუმდი! – მაგიდის ზედაპირს ხელი დაარტყა ლევანმა, მერე კი, ხმას დაუწია, – გაჩუმდი, თორემ საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ, იცოდე!

– ჰოო?! მაინც, რას მიზამ, მცემ? მერე, რას მიაღწევ ამით, „გამომასწორებ“? – რანაირად? მე არ ვარ შენი საკუთრება და ვერც აქ ჩამოსვლას ამიკრძალავდა ვინმე. მივხვდი: ამ სასტუმროში არ არის, მაგრამ სადმე, ახლოს ნამდვილად გეყოლება. მეტყვი, ვინ არის, თუ, ესეც მე გამოვიძიო?

– ხმა ჩაიწყვიტე! – ნერვებმა უმტყუნა ლევანს, – ახლა აეროპორტში დავრეკავ და პირველივე რეისით უკან გაფრინდები. სანამ ჟურნალისტებს სუნი აუღიათ და საქვეყნო სალაპარაკოდ გაუხდიათ შენი სიგიჟის ამბავი.

– არსადაც არ წავალ. ჩემი რეისი ხუთი დღის შემდეგ არის. ასე რომ, არსად მეჩქარება, აქ ვრჩები.

ლევანი გაწითლდა:

– თინიკო, ცეცხლს ეთამაშები, ასეთი თამაში კი ძალიან ცუდად შეიძლება დამთავრდეს! გაემგზავრები, რამდენიმე დღეში მეც დავბრუნდები და სახლში გავარკვიოთ ჩვენი ურთიერთობა.

– გასარკვევი არაფერი გვაქვს. შენ მე მღალატობ, ამაში უკვე დავრწმუნდი, ფაქტზე დაგიჭირე!

– რა ფაქტზე, სულ გააფრინე?! რა იყო ფაქტი, ის, რომ ხელში უბადრუკი ყელსაბამი მეჭირა?! შენ ნორმალური ხარ? უბრალოდ, ვათვალიერებდი, ისე ვათვალიერებდი, გესმის?! ისე, უბრალოდ! ლამაზი იყო და მომეწონა!

ქალმა გაიცინა:

– როგორ არა, მოგეწონა! რაღაც აქამდე არ შემინიშნავს ყელსაბამებით შენი გატაცება. მახსოვს, საქორწინო ბეჭედი ვერ აარჩიე... საიდან ასეთი სენტიმენტალიზმი? ამას გირჩევნია, მითხრა, ვინ არის ის კახპა, რატომღაც, მგონია, რომ მე ვიცნობ.

– ავადმყოფი ხარ! – ლევანმა ცოლს პირიდან სიგარეტი გამოაცალა და გააფთრებით დასრისა საფერფლეზე, – თუ გინდა, გაპატიო ეს სიგიჟე, დამიჯერებ და თბილისში დაბრუნდები!

– არა!

ლევანმა ამოიოხრა:

– თიკა, მომისმინე! აქ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე ვარ. გეფიცები, სახლში რომ დარჩენილიყავი და ტელევიზორისთვის გეყურებინა, ნახავდი, უკვე რამდენი შეხვედრა მქონდა!

– მერე რა, ეგ იმ საქმეს ხელს არ უშლის, – მხრები აიჩეჩა ქალმა, – მე არ მითქვამს, რომ უსაქმური ხარ. თბილისშიც ბევრს მუშაობდი, მაგრამ საყვარლის მონახულებას მაინც ახერხებდი.

– გეუბნები, შიზოფრენია გაქვს! რა საყვარელი, რას ლაპარაკობ? თუ სიმართლე გინდა, ყველაფრის მიზეზი მამაშენია!

– მამაჩემი? მამაჩემი რა შუაშია? იშვიათი ნიჭი გაქვს, ყველა უბედურება მამაჩემს მიაწერო. შენ რომ სულ სადღაც დაფრინავ, მამაჩემის ბრალია?

– გეუბნები, მამაშენია-მეთქი დამნაშავე, მაგისი გაფუჭებული საქმის გამოსწორებას ვცდილობ!

– მატყუებ!

– არ გატყუებ, მართლა ასეა. მოგიყვებოდი ყველაფერს, მაგრამ შენი ისტერიკების ამბავი რომ ვიცი, არ მომისმენ და კუდს მაინც ისე გამოაბამ, როგორც შენ გაწყობს.

თიკა გაფაციცდა:

– აბა, მომიყევი!

კაცმა ინანა, რომ საიდუმლო გაამჟღავნა.

– თიკა, იცოდე, არავინ არ უნდა გაიგოს!

– არავინ გაიგებს. ვგიჟდები საიდუმლოებებზე, მაგრამ ჩემს მოტყუებას ნუ ეცდები, თავს ვერ დაიძვრენ. თუ რაღაც იაფფასიანი ხრიკი გაქვს ჩაფიქრებული, მაშინვე მივხვდები.

ლევანი შეიჭმუხნა:

– საშინელებაა იმ ადამიანთან ლაპარაკი, რომელსაც შენი არ სჯერა. შენ თუ არ მენდობი, მე როგორღა გენდო? იცი, ცოლი რისთვის არის საჭირო? – შენი თანამზრახველი რომ იყოს. მე კი ამას მოკლებული ვარ.

თინას ენიშნა ქმრის სიტყვები, მაგრამ მაინც იქით შეუტია:

– საკუთარ თავს დააბრალე! შენს ნაჭუჭში ხარ ჩაკეტილი და შიგნით არ მიშვებ. როდის მითხარი, რომ ჩემი თანადგომა გჭირდება და უარი მიიღე? მიდი, დაიწყე, გელოდები! ვერ ვითმენ, ერთი სული მაქვს, სანამ გავიგებ, მამაჩემს რა პრობლემა აქვს ისეთი, შენ რომ განდო მისი მოგვარება!

– დაიფიცე, რომ დედაშენსაც არ ეტყვი, არც არავის ეტყვი, საერთოდ არავის. ისე მოიქცევი, თითქოს არაფერი იცი.

– გეყოფა! რა უბედურებაა ამდენი ინტრიგა, საკუთარი თავის მტერი კი არ ვარ...

ლევანმა სიგარეტს მოუკიდა...

***

... პარიზი იმ ქალაქების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის ერთხელ ნახვა საკმარისი არ არის. არც ერთხელ და არც სამჯერ... ვერ იტყვი, დავათვალიერე და მორჩაო. მნიშვნელობა არა აქვს, იქ ერთ კვირას დარჩები, ერთ თვეს თუ მთელ წელიწადს გაატარებ. პარიზი უნდა შეიგრძნო, ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მოიარო მისი ყოველი ქუჩა თუ შესახვევი. ას წელზე მეტი ხნის წინ გენიალურმა კომპოზიტორმა შოპენმა არაჩვეულებრივად ჩამოაყალიბა ამ უნიკალური მეგაპოლისის ფორმულირება: „პარიზი – ეს ყველაფერია, ყველაფერი, რასაც კი ინატრებ“. ის ყველასია და, იმავდროულად – არავისი. ფრანგი იმპრესიონისტი მხატვრები ამ ქალაქს „ქალწულ-მეძავს“ ეძახდნენ, ყველას რომ ატკბობს თავისი სხეულით, მაგრამ მაინც ქალწულად რჩება. პარიზს საკუთარი სუნიც აქვს. ეს იმ ყავის სუნია, რომელსაც პაწაწინა კაფეში დალევთ, რომელიმე პატარა ქუჩაზე. კიდევ სენის სუნი აქვს. მდინარე სენა დიდიც არის და პატარაც, თბილიც და ცივიც... თბილია იმ უიმედოდ შეყვარებული ადამიანისთვის, რომელიც პირდაპირ თავით ხტება მის ტალღებში... თუმცა, არ გვინდა ასეთ სევდიან ამბებზე საუბარი. პარიზი ხომ განსაკუთრებით მხიარულია და „ცელქი“... მწვანე ხეივნები და მაცდურად აბრჭყვიალებული ვიტრინები ის ჯადოსნური მოზაიკაა, რომელიც გხიბლავს და გაიძულებს, საკუთარი, განსაკუთრებული ურთიერთობა დაამყარო ამ ქალაქთან...

არსებობს კლასიკური და თანამედროვე პარიზი. დღემდე ვერ გადაწყდა – ეიფელის კოშკი კლასიკურია თუ თანამედროვე. ინჟინერ ეიფელის ეს „ხუჭუჭა“ ქმნილება, რომელიც თავიდან დროებით ნაგებობად იყო ჩაფიქრებული, პარიზის მთავარ სიმბოლოდ იქცა. თუმცა პარიზი მაინც არ არის ეიფელის კოშკი. არც ტრიუმფალური თაღი და არც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. ის ცოცხალი სხეულია, რომელიც სუნთქავს, იზრდება, ვითარდება, მაგრამ პირველყოფილ მშვენიერებასაც არ კარგავს...

ფანჯარასთან მდგარი ქალი ნელა შეირხა. ფარდა გადასწია და თავის თლილ თითებს ჩააშტერდა. არათითზე უზარმაზარი ბეჭედი ეკეთა, მძიმე და მასიური, მაგრამ ნატიფი ხვეულებით... კაცი ზურგიდან მიუახლოვდა და მხრებზე მოხვია ხელი.

– წავიდეთ... ვივახშმოთ... რესტორანი ერთი კვირის წინ დავჯავშნეთ. უხერხულია, თუ ჩვენი მაგიდა ცარიელი აღმოჩნდება.

ქალი გაღიზიანდა:

– რა არის უხერხული... ის, რომ არ მშია? ან, რატომ უნდა შეგვეკვეთა ვახშამი ერთი კვირით ადრე, რა უბედურებაა?... ერთ კვირაში იმდენი რამე შეიძლება მოხდეს...

კაცმა გაიღიმა და ყელზე აკოცა:

– ეს გურმანების ქალაქია, საყვარელო. ფრანგები ღორმუცელები ვართ და ამ ნაკლს ვერაფერს უშველი.

– ჰო, ღორმუცელები ხართ... არ მინდა, არ მშია. ყავას დავლევ...

– ელენ, ძალიან გთხოვ... მე ვიცი, რამაც შეგაშფოთა – იმ სატელეფონო ზარმა... მაშინვე შეგეტყო, რომ ანერვიულდი.

– მართალი ხარ... ძალიან ვნერვიულობ, – გამოტყდა ქალი, – რა აზრი აქვს ამის უარყოფას... იქნებ... იქნებ... არც ღირდა... ჰა?!

პასუხად კაცმა მისი ხელი აიღო, აკოცა და ლოყაზე მიიხუტა...



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3