კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული სალაროს გამტაცებელი წყვილი უცხოეთში გაქცევას აპირებდა



„ფანტომის“ საქმე ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული იყო გასული საუკუნის 70-ანი წლების საბჭოთა კავშირში და, იმის გამო, რომ მონაწილეთა დიდი ნაწილი დღესაც ცოცხალია, ზოგიერთი მათგანის სახელ-გვარები შევცვალეთ.

ქურდული სალარო

1967 წლის 2 მაისს ქალაქ სოლიკამსკის მკაცრი რეჟიმის ციხეში, რომელსაც პატიმრები „ბელი ლებედს“ უწოდებენ, 68 წლის კანონიერი ქურდი ვლადიმირ სტაროსტინი, მეტსახელად „სტაროსტა“ მოკლეს. ის ათკაციან ქურდულ საკანში დილით იპოვეს მკვდარი და ექსპერტიზამ მას ასფიქსია დაუდგინა. სტაროსტა ბალიშით იყო გაგუდული და მკვლელობა ისე მოხდა, რომ საკანში მყოფ დანარჩენ ათ ქურდს არაფერი გაუგია. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სტაროსტას მკვლელობის დროს დანარჩენებს ღრმად ეძინათ. ძილის მიზეზი კი კონიაკის მასალაში გარეული წამალი აღმოჩნდა, რომელსაც ქურდები წინა ღამეს სვამდნენ. იმავე დღეს, სოლიკამსკის ერთ-ერთ სკვერში იპოვეს აგრეთვე 25 წლის ვიქტორ პანოვის და 31 წლის ანატოლი ლოვჩევის პისტოლეტით დახოცილი გვამები. ისინი „ბელი ლებედის“ ციხის ზედამხედველები იყვნენ და სწორედ იმ ღამეს მორიგეობდნენ, როდესაც სტაროსტა გამოასალმეს სიცოცხლეს. გამოძიების მთავარი ვერსიით, რომელსაც მაიორი ნაუმ გელერი აწარმოებდა, პანოვი და ლოვჩევი, უბრალოდ, თავიდან მოიშორეს, რათა მას სტაროსტას მკვლელის ვინაობა არ დაესახელებინა, რადგან, ეჭვს არ იწვევდა, რომ ქურდის მკვლელი საკანში გარედან შეუშვეს და ეს პანოვმა და ლოვჩევმა გააკეთეს. მანამდე კი, იმავე პანოვმა და ლოვჩევმა შეუტანეს ქურდებს მოწამლული კონიაკი და დააძინეს.

სტაროსტა იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ქურდი იყო, მას დიდ პატივს სცემდნენ კოლეგები და ამ შემთხვევამ უდიდესი აღშფოთება გამოიწვია. მოკლული ქურდი ოცდახუთწლიან სასჯელს იხდიდა და 1942 წელს დაპატიმრებულს 1967 წლის 3 მაისს, ანუ სიკვდილის მეორე დღეს უმთავრდებოდა საპატიმრო ვადა. გამომძიებელმა ნაუმ გელერმა რამდენიმე ძირითადი ვერსია შეიმუშავა სტაროსტას საქმესთან დაკავშირებით, რომლებიც მალევე გააბათილა და ერთად ერთზე შეჩერდა, რაც იმაში მდომარეობდა, რომ სტაროსტა რაღაც საიდუმლოს გამო იქნა მოკლული. მაიორის აზრით, სახელოვან ქურდს ეს საიდუმლო მკვლელმა ჯერ ათქმევინა, შემდეგ კი მოკლა და მოგვიანებით ორი ზედამხედველიც მიაყოლა. გელერის ამ ვერსიას ისიც ამყარებდა, რომ მოკლული ქურდის სხეულზე წამების კვალი იქნა აღმოჩენილი. მაიორს არც იმის გაგება გასჭირვებია, რომ სტაროსტას საიდუმლო ქურდული სალაროს ადგილმდებარეობის ცოდნა იყო, სადაც ძველმა ქურდებმა ჯერ კიდევ სამამულო ომის დაწყებამდე შეინახეს ფული, ოქრო და სხვა ძვირფასეულობა და ამ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე სტაროსტაც იყო, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ამ საგანძურის შენახვაში. ეს ისტორია ახალგაზრდა ქურდებს თვით სტაროსტასგან სმენიათ ბევრჯერ. თუმცა მას არასდროს, არავისთვის დაუსახელებია განძთსაცავის ადგილმდებარეობა და მხოლოდ ამას ამბობდა: სვაბოდაზე რომ გავალ, სხოდკას მოვიწვევ და ობშჩიაკის ამბავსაც იქ გადავწყვეტთო. ეს ისტორია მილიციის ყურამდეც იყო მისული, მაგრამ მათ ეს მორიგი ქურდული ბლეფი ეგონათ და ყურადღებას არ აქცევდნენ...

სამი წლის შემდეგ

1970 წლის 23 მაისს თბილისის რკინიგზის სადგურზე ჩამომდგარი მოსკოვი-თბილისის მატარებლიდან 38 წლის მამაკაცი ჩამოვიდა, რომელსაც ხელში პატარა ზომის ძველმოდური ჩემოდანი ეკავა. მან სწრაფი ნაბიჯით გაიარა ბაქანი, მარჯვნივ, კიბეებზე დაეშვა და ტაქსების გაჩერებისკენ გაემართა. ახალგაზრდა მილიციელს, რომელიც იმ დღეს ვაგზალზე მორიგეობდა, ჩემოდნიანი საეჭვოდ მოეჩვენა, დაეწია და წარუდგა:

– რიგითი აბჟანდაძე. თუ შეიძლება, თქვენი საბუთები მანახეთ, მოქალაქევ!

ჩემოდნიანმა ჭაბუკ მილიციელს მძიმედ გახედა და უთხრა:

– რაშია საქმე, დავაშავე რამე?

– თქვენი საბუთები, მოქალაქევ, უნდა შევამოწმო!

ჩემოდნიანმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი, პიჯაკის ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო, მილიციელს მიაწოდა და ჩაილაპარაკა:

– მოსვენებას არ მაძლევენ! ჯერ არ ჩამოვსულვარ და უკვე მილიცია დამადგა!

აბჟანდაძემ ქაღალდი გაშალა და წაიკითხა „ცნობა ეძლევა ლერი ბალიაშვილს მასზედ, რომ ის 1970 წლის 16 მაისს გათავისუფლდა ქალაქ სოლიკამსკის მკაცრი რეჟიმის ციხიდან. ცნობა ნამდვილია და ვარგისია მილიციაში წარსადგენად, რათა გაიცეს პასპორტი“.

რიგითმა მილიციელმა ჯერ ჩემოდნიანი აათვალიერ-ჩაათვალიერა, შემდეგ ჩემოდანს დახედა და ბალიაშვილს ჰკითხა:

– ჩემოდანში რა გაქვთ?

– ბინძური საცვლები.

– ბინძური საცვლები? – გაიმეორა აბჟანდაძემ, შემდეგ „ბელი ლებედში“ გაცემული ცნობა ჯიბეში ჩაიდო და ბალიაშვილს უთხრა, – მილიციის განყოფილებაში წამომყევით, იქ გავარკვიოთ თქვენი საქმე.

ბალიაშვილს სიტყვა აღარ შეუბრუნებია აბჟანდაძისთვის და სადგურის მილიციის განყოფილებაში წაჰყვა მას, მაგრამ, თხუთმეტიოდე წუთის მერე გამოვიდა, ტაქსიში ურიგოდ ჩაჯდა და საბურთალოსკენ გაემართა...

ლერი ბალიაშვილი თბილისელი მძარცველი იყო და სოლიკამსკში რვაწლიანი პატიმრობა მოიხადა ჯგუფური დანაშაულისთვის. საბურთალოზე ის თავის ძველ საყვარელთან, ანა გალდავასთან მივიდა, რომელიც ლერის ბოროტმოქმედების ჩადენაშიც ეხმარებოდა. ქალმა რომ ლერი დაინახა, თვალები გაუბრწყინდა და კისერზე ჩამოეკიდა. ხვევნა-კოცნით გული რომ იჯერეს, გალდავამ ლერის უთხრა:

– ყველაფერი რიგზეა, სამივე საიქიოში გავისტუმრე და, შეგვიძლია, მშვიდად შევუდგეთ საქმეს.

ლერის ბოროტად ჩაეცინა და ანას უთხრა:

– ნამდვილი ეშმაკის მოციქული ხარ, დაუნდობელი და ცივსისხლიანი.

– შენთვის ვზრუნავდი, – თქვა ანამ.

– მხოლოდ ჩემთვის?

– ჩვენთვის. თქვი ახლა, სადაა განძი?

– ვორონცოვზე, მაგრამ ბევრი საჩალიჩო გვექნება. ახლა კი – ლოგინში! – უთხრა ლერიმ ანას და საყვარელი საძინებელ ოთახში გააქანა.

ჩაჟანგული ზანდუკი

სტაროსტას მკვლელობა იმ ანტიქურდული შეთქმულების შედეგი იყო, რომელიც „ფანტომმა“, იგივე ლერი ბალიაშვილმა, მოაწყო და თავადვე შეასრულა. სოლიკამსკში ვინმე არტურ პეტროსიანი და იური ვასინი ცხოვრობდნენ, რომლებიც ადრე ფანტომის მეწყვილეები იყვნენ სხვადასხვა თბილისურ ბოროტმოქმედებაში. ბალიაშვილმა სწორედ მათი დახმარებით მოისყიდა ციხის ზედამხედველები და მათვე მოაკვლევინა ისინი ქალაქის სკვერში. მოგვიანებით კი, კვალის სრულად დაფარვის მიზნით, პეტროსიანი და ვასინი ანა გალდავამ მოწამლა, თბილისში კი ამ შეთქმულების კიდევ ერთი მონაწილე – პეტრე მონიავა გამოასალმა სიცოცხლეს. მონიავა ძველი ქურდი იყო, რომელიც შემდეგ კოლეგებმა არაქურდად დატოვეს. ფანტომის საკანში მოხვედრილმა მონიავამ დააჯერა ბალიაშვილი, რომ სტაროსტას მონათხრობი არა მისი ფანტაზიის ნაყოფი, არამედ რეალობა იყო. სწორედ მონიავამ მისცა ბიძგი ანტიქურდულ შეთქმულებას და თავადვე შეეწირა მას...

თბილისში დაბრუნებული ფანტომი ანა გალდავასთან ცხოვრობდა. პარალელურად კი, სტაროსტას მიერ მითითებულ სახლს ეძებდა ვორონცოვზე, სადაც ქურდული სალარო უნდა ყოფილიყო გადამალული. გალდავასა და ბალიაშვილს განძის მითვისება და უცხოეთში გაქცევა ჰქონდათ გადაწყვეტილი. ამისთვის კი ისინი დღე-ღამეს ასწორებდნენ, ძალებს არ ზოგავდნენ. საბოლოოდ, მათი მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდა: 25 ივლისს, 83 წლის პენსიონრის, ლენა კოვალიოვას ბინის იატაკში, საყვარლებმა ჩაჟანგულ ზანდუკს მიაგნეს. ზანდუკი საკმაოდ მოზრდილი იყო და დაახლოებით 60 კილოგრამს იწონიდა. მასში ხმარებიდან გამოსული ფულის კუპიურები – სულ 15 მილიონი მანეთი იპოვეს, თუმცა იქვე პატარა ტომარაც იდო, რომელშიც ოქროს სამკაულები და ძვირფასი ქვები ეყარა. წყვილი სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო. გალდავამ თქვა:

– ამ ტომარის შიგთავსი 3-4 მილიონის ღირებულებისაა. დროზე უნდა გავეცალოთ აქაურობას.

– ამ მძორს რა ვუყოთ? – ფანტომმა საწოლზე მიბმულ ლენა კოვალიოვაზე მიუთითა, რომელიც გარდაცვლილი ქურდის, ვალენტინ კოვალიოვის ქვრივი იყო.

– რა უნდა ვუყოთ, სახლთან ერთად დავწვათ, – მხრები აიჩეჩა გალდავამ. შემდეგ საკუთარი ხელით გადაასხა გაკოჭილ ქალს ბენზინი და, სანამ ფანტომთან ერთად გავიდოდა სახლიდან, მას ცეცხლი წაუკიდა...

თითქმის 200 წლის წინანდელი სახლი ასანთის კოლოფივით მალე დაიწვა და შემთხვევის ადგილზე მისულ მეხანძრეებს იქ დანახშირებული ქალის ცხედარი დახვდათ...

გამომძიებელი გელერი

ანა გალდავა და ფანტომი შემთხვევის ადგილიდან სწრაფად მიიმალნენ. მათ ჯერ მარქსის ხიდი გადაიარეს, შემდეგ კოლმეურნეობის მოედანზე ტაქსი გააჩერეს და საბურთალოზე წავიდნენ. წყვილი უზომოდ იყო გახარებული ქურდული სალაროს აღმოჩენით და საბოლოო კვალის მოსპობით და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მათ გამოცდილი თვალი უთვალთვალებდა. ეს იყო ნაუმ გელერი.

ნაუმ გელერი ჯერ კიდევ სტაროსტას მკვლელობის საქმეზე გაიცნეს ქურდებმა და სთხოვეს, მოეძებნა მათი კოლეგის მკვლელი და სამაგიეროდ დიდ ფულს შეჰპირდნენ. 20 ათასი მანეთი კი წინასწარვე გადასცეს. მაიორმა, რომელსაც მტკიცედ სჯეროდა, რომ სტაროსტა ქურდული სალაროს გამო მოკლეს, გულდასმით დაიწყო ამ საქმის გამოძიება და ფანტომის კვალს დაადგა. გელერი ჯერ კიდევ სოლიკამსკიდან გამოჰყვა ციხიდან გათავისუფლებულ ბალიაშვილს და ქურდების მიერ მიცემული ფულით ნაყიდი „მოსკვიჩით“ დასდევდა გალდავასა და ფანტომს. სწორედ „მოსკვიჩით“ აედევნა გელერი ტაქსის და გალდავას სახლის ახლოს გააჩერა, აცალა სახლში შესვლა და „ტეტეს“ პისტოლეტით შეიარაღებული დაადგა თავზე. წყვილი ჯერ შეცბა და სახტად დარჩა, მაგრამ ფანტომმა ნებისყოფა მოიკრიბა და მაიორს უთხრა:

– ცუდი დრო და ადგილი შეგირჩევიათ საყაჩაღოდ!

– მე ყაჩაღი არ ვარ.

– მაშ ვინ?

– მილიციის მაიორი.

– მით უმეტეს, რა გნებავთ?1

– ქურდული სალარო, რომელიც თქვენ ამ ორი საათის წინ ვორონცოვიდან წამოიღეთ!

– რაღაც გეშლებათ!

– არაფერი არ მეშლება. შენ კი ქურდები მოგხედავენ სტაროსტას მკვლელობისა და ქურდული სალაროს მითვისებისთვის.

ფანტომი მიხვდა, რომ გაება, რადგან კარგად იცოდა, რომ ქურდები მას დანაშაულს არ აპატიებდნენ და მილიციაზე მეტად მათი ეშინოდა. ამიტომ უკიდურეს ნაბიჯზე წავიდა და გელერს დაეტაკა, მაგრამ, მაიორმა პისტოლეტიდან გასროლა მოასწრო და ფანტომი მარჯვენა მხარში დაჭრა. ამით ისარგებლა ანა გალდავამ, გელერს უთო ჩაარტყა თავში და გათიშა. შემდეგ მისივე ხელბორკილებით რადიატორზე მიაბა და თავის საყვარელს გამჭოლი ჭრილობა შეუხვია. მილიციის მაიორი კი ქალმა ნაჯახით დაჩეხა, ხუთ ტომარაში გადაანაწილა და უზარმაზარ საკანალიზაციო მილში ჩაყარა...

სისხლიანი შეტაკება

ანა გალდავა პროფესიით ექთანი იყო და ფანტომს ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა. ბალიაშვილის ჭრილობა გამჭოლი აღმოჩნდა, მას არაფერი ჰქონდა დაზიანებული და ამ გარემოებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ფანტომის გამოჯანმრთელებაში. ამასობაში სექტემბერიც მოახლოვდა და როდესაც გელერი თბილისიდან არ დაბრუნდა, ორი როსტოველი ქურდი: ვიტალი ნოსოვი, მეტსახელად „პაშკა“ და იური მოროზოვი, მეტსახელად „სახალინი“, რომლებმაც იცოდნენ, რომ მაიორი ფანტომს უთვალთვალებდა, ანა გალდავას სახლს ეწვივნენ. მაგრამ წყვილი მომზადებული შეხვდა ამ ვიზიტს და ქურდები მათ ჯერ შეიპყრეს, შედეგად სასტიკად აწამეს, ნაჯახით დაჩეხეს და საკანალიზაციო მილში ჩაყარეს... თუმცა, უკანა გზაზე მათ მილიციის პატრული გადაეყარა, არ დაემორჩილნენ და სისხლიანი შეტაკება დაიწყო. სროლა თითქმის ნახევარ საათს გაგრძელდა. წყვილმა ოთხი მილიციელი დააწვინა, რომელთა შორის ორი ადგილზევე გარდაიცვალა, ერთი – სასწრაფო დახმარების მანქანაში, მეოთხე კი კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში. მძიმედ იყვნენ დაჭრილები ფანტომი და გალდავაც, თუმცა, ორივეს გადარჩენა მოხერხდა. 1971 წლის 1 მარტს კი უმაღლესმა სასამართლომ მათ სიკვდილის განაჩენი გამოუტანა. ანა გალდავას „პრიმა“ მუხლი მიუყენეს, რადგან ქალებს იმ პერიოდში არ ხვრეტდნენ. თუმცა, ორივე ქურდების დავალებით პატრიმრებმა დაჩეხეს ციხეში.

ნიკა ლაშაური


скачать dle 11.3