კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი გადასახადები იზრდება ახალი საგადასახადო კოდექსით 2011 წლის იანვრიდან

ყველასთვის ცნობილია, რომ ამ ზაფხულს საქართველოს პარლამენტმა ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც ძალაში 2011 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, დიდი ზარ-ზეიმით მიიღო. ამ ზარ-ზეიმის მიზეზი სახუმარო არ ყოფილა – ახალი საგადასახადო კოდექსი „რევოლუციურად“ მოინათლა და დიადი მიზანიც დაეკისრა: ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, რათა უცხოელი ინვესტორიც მოიზიდოს და ადგილობრივ ბიზნესმენსაც „პაჩკა-პაჩკა დოლარები“ მოუტანოს. თუმცა, ახალი ჯერაც არ ამოქმედებულიყო, როდესაც გავარკვიეთ, რომ მასში ცვლილებები უნდა შევიდეს, კვლავაც დიადი, ოღონდ, ახლა უკვე ძველი – ისევ და ისევ ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით. ექსპერტ თემურ კოპალეიშვილთან ერთად შევეცდებით იმის გარკვევას, თუ რით უმსუბუქებს მეწარმეებს სამეწარმეო მდგომარეობას 2011 წელს ასამოქმედებელი ახალი საგადასახადო კოდექსი (დავასწრებ მოვლენებს და აქვე გეტყვით, რომ თითქმის არაფრით, უფრო – პირიქით) და რა ცვლილებების შეტანა იგეგმება მასში.

– ახლახან შევიტყვეთ, რომ 2011 წელს ასამოქმედებელ ახალ საგადასახადო კოდექსში, რომელსაც დეპუტატების ხმები ჯერაც არ შეშრობია, ცვლილებები შედის?

– ფაქტობრივად, ახალ საგადასახადო კოდექსს არაფერი გაუუმჯობესებია. რაც შეეხება ცვლილებებს, ლაპარაკია ტურისტულ ზონებთან დაკავშირებულ შეღავათებზე, რომლებზეც, სანამ კანონს მიიღებდნენ და მასში ჩაწერდნენ, პრეზიდენტმა გააკეთა სიტყვიერი განცხადება, რომ გაათავისუფლებდა გადასახადებისგან იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ქობულეთის ტურისტულ ზონაში ააშენებდნენ სასტუმროებს. ბუნებრივია, პრეზიდენტი ზეპირი განცხადების საფუძველზე ვერავის გაათავისუფლებს გადასახადებისგან, რადგან ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა. წლის ბოლომდე, ალბათ, ეს განცხადება იქცევა კანონად და 2026 წლის პირველ იანვრამდე, ის სუბიექტები, რომლებიც სასტუმროებს ააშენებენ ქობულეთსა და ანაკლიაში, გათავისუფლდებიან მოგებისა და ქონების გადასახადებისგან.

– გადავიდეთ ჩვენი საუბრის ძირითად თემაზე: რით ამსუბუქებს მეწარმეების მდგომარეობას ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც 2011 წლიდან შედის ძალაში და რით ჯობია ის დღეს მოქმედ კოდექსს?

– საგადასახადო კოდექსის პროექტში, რომელიც მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა განსახილველად, იყო სიახლე, კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადის ზღვრის აწევა 200 000 ლარამდე, მაგრამ შემდეგ ეს ციფრი ისევ 100 000-ლარზე ჩამოიყვანეს და არგუმენტად მოიტანეს ის, რომ საშუალება არ გვაქვს, ასე შევამციროთ საგადასახადო შემოსავლებიო. ამიტომაც ვსვამ კითხვას: თავის დროზე არ დაიანგარიშეს, რა შედეგს მოუტანდა სახელმწიფოს დამატებული ღირებულების გადასახადის 200 000-მდე აწევა?! როგორც ჩანს, არ დაუანგარიშებიათ.

– მე ზუსტად მახსოვს, პრეზიდენტმა თქვა, სახელმწიფო უარს ამბობს თავის შემოსავლებზე ბიზნესის სასარგებლოდო.

– უნდა გითხრათ, რომ საგადასახადო კოდექსის პროექტთან ერთად წარდგენილი იყო განმარტებითი ბარათი, სადაც არის მუხლი, რომლის მიხედვითაც დასაბუთებული უნდა იყოს ნებისმიერი ცვლილება. მაგრამ იქ არ ყოფილა მოცემული არც ის, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო 200 000 და არც ის, რატომ დატოვეს 100 000. აქვე უნდა ითქვას, რომ 200 000-იანი ზღვარის დაწესება არ ნიშნავდა მეწარმის დამატებული ღირებულების გადასახადიდან სრულად გათავისუფლებას, ეს ნიშნავდა ფასნამატის გათავისუფლებას დამატებული ღირებულების გადასახადისგან.

– ესე იგი, საშუალო და მსხვილ ბიზნესს არანაირი შეღავათი არ ექნება ახალი საგადასახადო კოდექსით?

– ერთადერთი დადებითი ცვლილება არის ის, რომ დამატებული ღირებულების გადასახადისა და აქციზის ანგარიშგება მოხდება ყოველკვარტალურად და არა ყოველთვიურად, თუმცა მსხვილი ბიზნესისთვის თორმეტი დეკლარაციის წარდგენაც არ იყო არანაირი პრობლემა. დადებითია სავაჭრო ზონის სტატუსის შემოღებაც, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ, როგორც იქნა, გადაწყვიტა, მიეხედა ბაზრობებისთვის, მაგრამ, გაკეთდა ძალიან უცნაური რამ: დეკლარაციების შევსება და გადასახადების გადახდა დაავალეს ბაზრობების ორგანიზატორებს.

– ანუ მფლობელებს.

– დიახ, მესაკუთრეებს დაევალათ ბაზრობაზე მოვაჭრე სუბიექტების დეკლარაციების წარდგენაც და გადასახადების გადახდაც. ესე იგი, ბაზრობის ადმინისტრაცია ითავსებს საგადასახადო აგენტის ფუნქციას. დავუშვათ, შპს-ს დაქირავებული აქვს მაღაზია ამა თუ იმ ბაზრობაზე, მაგრამ მის ნაცვლად დეკლარაციას ავსებს ბაზრობის დირექცია. ვსვამ შეკითხვას, რამდენი ბუღალტერი უნდა ჰყავდეს ბაზრობას, რომ ეს გააკეთოს? შემდეგ მანვე უნდა აკრიფოს გადასახადები და გადაიხადოს.

– თუკი ბაზრობის დირექციას დასჭირდება ბევრი ბუღალტერი, ცხადია, რომ ამ ბუღალტრის ხელფასს გადაახდევინებს დამქირავებლებს?

– რა თქმა უნდა. ერთადერთი დადებითი ის არის, რომ ბაზრობის ადმინისტრაციას უფრო კვალიფიციური ბუღალტერი ეყოლება.

– ვის უმსუბუქებს მდგომარეობას ბაზრობებისადმი ახალი საგადასახადო მიდგომა, იმას გარდა, რომ უფრო მეტი ბუღალტერი დასაქმდება?

– ავიღოთ ელიავას ბაზრობა, სადაც 800-ზე მეტი ჯიხური დგას, საერთო ჯამში კი, თუ არ ვცდები, 2 000-3 000 სუბიექტია. როგორ უნდა შეამოწმოს საგადასახადომ ელიავას ბაზრობის დირექცია? ის ისევ თითოეულ სუბიექტთან უნდა მივიდეს. ასე რომ, მაინცდამაინც დიდ შეღავათს ვერც სახელმწიფო იღებს, ვერც ბაზრობის ადმინისტრაცია და ვერც გადამხდელი, ანუ ეს მთავარი პრობლემა ისევ მოუწესრიგებელი დარჩა და, როდესაც კოდექსი ამუშავდება, ეს პრობლემები გამოჩნდება.

– მცირე ბიზნესთან მიმართებაში შემცირდა საგადასახადო წნეხიო, – ეს მართლაც ასეა?

– დიდი ხმაური ატყდა იმაზე, რომ შემოვიდა მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსი, რაც მისასალმებელია, მაგრამ საქმე ბოლომდე არ მიიყვანეს. მიკრობიზნესი განისაზღვრა 30 000 ლარამდე წლიური ბრუნვის შემთხვევაში, მცირე ბიზნესი – 100 000 ლარამდე ბრუნვის შემთხვევაში. მიკრობიზნესი არანაირ გადასახადს არ იხდის, მაგრამ ეს ნორმა უკვე გვაქვს მოქმედ კოდექსში, რომელშიც წერია, რომ საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება ფიზიკური პირი, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ შრომას და ეწევა ქვემოჩამოთვლილ საქმიანობებს. ეს საქმიანობები ამოკრეფილი იყო საერთაშორისო კლასიფიკატორებიდან: ზოგი რამ მართლაც, კარგი იყო, ზოგი – უბრალოდ, კომიკური. მაგალითად, დღემდე მოქმედი კოდექსით, გადასახადებისგან თავისუფლდება პირი, რომელიც აწარმოებს აკორდეონებს, ბაიანებსა და ტუჩის გარმონებს.

– ფანდური და სალამური მაინც ჩაეწერათ, დალოცვილებს!

– ესენი არ ეწერა საერთაშორისო კლასიფიკატორებში და ამიტომ არ ჩაწერეს, თუმცა, შეეძლოთ. ახალ საგადასახადო კოდექსში კი წერია, რომ ფიზიკური პირი იმ შემთხვევაში თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისგან (თუმცა ჩანაწერი „ყოველგვარი“ არ არის, წერია მხოლოდ „საშემოსავლო გადასახადი“ და არაფერია ნათქვამი ქონების გადასახადზე), რომლის ერთობლივი შემოსავალი არ აჭარბებს 30 000-ს.

– ერთობლივი შემოსავალი განვმარტოთ, რადგან, ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ 30 000-ლარიანი მოგება არ იბეგრება.

– იგულისხმება რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი. მაგალითად, რომელიღაც სოფელში მოხუცი ქალბატონი ქსოვს წინდებს და ყიდის თითოეულს ათ ლარად. მთლიანი ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს; თუ აღემატება, მაშინ ეს მიკრობიზნესი აღარ არის. წლიური 30 000-იანი ბრუნვა კი დღეში 80 ლარია. ანუ იმ 30 000-ლარიან ბრუნვაში, შესაძლოა, ფიზიკურ პირს დარჩეს 10-პროცენტიანი მოგება, რაც ყოველთვიურად მაქსიმუმ 250 ლარია, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შემთხვევაში, ეს თანხა 20 პროცენტით დაიბეგრებოდა. აი, ამ ყოველთვიურ 50 ლარზე თქვა უარი სახელმწიფომ მიკრობიზნესიდან.

– ყოჩაღ!

– ეს, რაც შეეხებოდა მიკრობიზნესს, ახლა წავიდეთ მცირე ბიზნესზე: მცირე ბიზნესად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, თუ ერთობლივი შემოსავალი არ აჭარბებს 100 000 ლარს. ცუდია ის, რომ მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება მხოლოდ ფიზიკურ პირს; თუ ის შპს-ა და წლიურად 100 000-იანი ბრუნვა აქვს, ეს უკვე აღარ არის მცირე ბიზნესი და ჩვეულებრივ იბეგრება, რაც ნონსენსია, რადგან მცირე ბიზნესი მხოლოდ და მხოლოდ ბრუნვასთან უნდა იყოს დაკავშირებული და არა ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმასთან. 100 000-ლარიანი ერთობლივი შემოსავალი არის აბსურდი და ამას ახლავე დაგიმტკიცებთ: წარმოვიდგინოთ სუბიქტი, რომელსაც დღეში აქვს 240-ლარიანი ბრუნვა, პროდუქცია დაუჯდა 200 ლარი და დაამატა 20 პროცენტი – საქართველოში მაღაზიას დაახლოებით 20-პროცენტიანი ფასნამატი აქვს. მიუხედავად იმისა, თუ როგორი საწარმოა: შპს, ინდმეწარმე, მცირე საწარმო თუ მცირე საწარმო ბაზრობაზე. ეს დღიური 240-ლარიანი ბრუნვა წელიწადში ყველასთვის 86 400-ლარს შეადგენს. ეს ციფრი იმიტომ ავიღე, რომ ახლოსაა 100 000-თან. თითოეულის შემოსავალი ფასნამატის ხარჯზე 14 400 ლარია. სავარაუდო ხარჯი იმ ყოველთვიური 240 ლარიდან მინიმუმ 10 ლარი მაინც იქნება დღეში, თუ მეტი არა, რადგან აბსოლუტური უმრავლესობა ქირაობს ადგილს, იხდის ელექტროენერგიის ფასს, უხდის ხელფასს გამყიდველს და ასე შემდეგ. ეს ხარჯი წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, შეადგენს 3 600 ლარს. შესაბამისად, თითოეულის წლიური შემოსავალი ფასნამატის ხარჯზე 10 800 ლარია, ოღონდ, თუკი შპს და ინდმეწარმე იბეგრება 10 800 ლარიდან, ერთის შემთხვევაში ეს დასაბეგრი მოგებაა, მეორის შემთხვევაში – დასაბეგრი შემოსავალი. ამიტომაც, შპს-ს მოგება, 10 800 ლარი იბეგრება 15-პროცენტიანი მოგების გადასახადით (ამ შემთხვევაში, ეს თანხა შეადგენს 1 620 ლარს), ინდმეწარმის შემოსავალი კი 20-პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადით (ამ შემთხვევაში, ეს თანხა შეადგენს 2 160 ლარს). რაც შეეხება მცირე საწარმოებს: მცირე საწარმოების დასაბეგრი შემოსავალია წლიური ბრუნვა (ერთობლივი შემოსავალი), ანუ 86 400 ლარი! მცირე საწარმოს წლიური ბრუნვა – 86 400 ლარი იბეგრება 5-პროცენტიანი განაკვეთით, რაც შეადგენს 4 320 ლარს, მცირე საწარმო (ბაზრობაზე) კი იბეგრება 3 პროცენტით, რაც შეადგენს 2 592 ლარს. ესე იგი, ყველაზე მეტს იხდის მცირე საწარმო! აქედან გამომდინარე, მაპატიეთ გამოთქმისთვის, მაგრამ, იდიოტი უნდა იყოს მეწარმე, რომ მცირე საწარმოს სტატუსი მოითხოვოს. კოდექსში წერია, რომ მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს საქმიანობის ის სახეები, რომლებისთვისაც მცირე საწარმოს სტატუსის მინიჭება არ შეიძლება. გავათავისუფლოთ მთავრობა ამ ვალდებულებისგან! ამ სამუშაოს გაწევა მას არ დასჭირდება.

– ნამდვილად თვითონ მივა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მიმატება-გამოკლებას ფლობს, ამ დასკვნამდე.

– არავინ მოითხოვს მცირე საწარმოს სტატუსის მინიჭებას, იმიტომ რომ, ამას არანაირი აზრი არ აქვს. ამასთან, მე მოგიტანეთ 100 000-იანი ბრუნვის მქონე საწარმოთა მაგალითი, 100 000-იანი ზღვარი კი ძალიან მცირეა.

– გასაგებია, რომ ადამიანები დაითვლიან და თვითონაც დაიანგარიშებენ, უმსუბუქდებათ თუ უმძიმდებათ საგადასახადო ტვირთი. რატომ გააფიარეს, გადასახადები მცირდებაო, არამეწარმეთა ყურს რომ ესიამოვნოს?

– არ მგონია, ეს შეგნებულად იყოს გაკეთებული. ჩემი აზრით, უბრალოდ, არ დაუთვლიათ. ალბათ, იფიქრეს, რომ შპს იბეგრება 15-პროცენტიანი განაკვეთით, ინდმეწარმე – 20-პროცენტიანით, მცირე საწარმოები კი – 3 და 5 პროცენტითო, მაგრამ ეს 3 და 5 პროცენტი რომ ერთობლივი შემოსავლიდან იბეგრება და უფრო მეტი თანხა გამოდის?! თან, გააჩნია, რა საქონელს ყიდის. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის საიუველირო ნაწარმი, რომლის თვითღირებულება ძალიან მაღალია და იქ ერთობლივი შემოსავალი უზარმაზარია; სიუველირო პროდუქციის რეალიზებისას 20-პროცენტიან ფასნამატს ვერ დააწესებთ, მაგრამ, ხომ მაინც ერთობლივი შემოსავალი დაიბეგრება?! ჯერჯერობით ამაზე არავინ ლაპარაკობს და, მე მაინტერესებს, რატომ?! ხომ არსებობს მცირე საწარმოთა ასოციაცია და რამდენიმე სხვა მსგავსი გაერთიანება, რატომ არ იღებენ ხმას?! რატომ არ ტეხენ განგაშს ამის გამო?!

– კიდევ რომელი გადასახადი იზრდება?

– სხვა მაგალითებიც არის: კოდექსის ძირითად ტექსტში მითითებულია სამომავლო ნორმები, სადაც პრაქტიკულად ტყუილი ნორმები წერია. მაგალითად, კოდექსში ვკითხულობთ, რომ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 15 პროცენტია, რაც ტყუილია. რეალური მდგომარეობის სანახავად უნდა გახვიდე კოდექსის ბოლოში, სადაც წერია, რომ 2011-დან 2013-წლამდე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი არის 20 პროცენტი, 2013-დან 14 წლის პირველ იანვრამდე იქნება 18 პროცენტი. ანუ, 15-პროცენტიანი განაკვეთი ამოქმედდება მხოლოდ 2014 წლიდან. ახლა გეტყვით, რა გვიწერია დღეს მოქმედ კოდექსში – 2011 წლის იანვრიდან საშემოსავლო გადასახადი უნდა იყოს 18 პროცენტი! ეს შევცვალეთ და ახალ საგადასახადო კოდექსში, რომელიც 2011 წლის იანვრიდან ამოქმედდება, საშემოსავლო გადასახადი იქნება 20 პროცენტი. ესე იგი, იზრდება. მეტსაც გეტყვით, ახალი კოდექსის სამომავლო ნორმებში წერია, რომ დივიდენდები იბეგრება 0 პროცენტითო (ჩაეწერათ – უქმდებაო). არადა, ესეც 2014 წლიდან იქნება, 2011 წლიდან კი ისევ 5-პროცენტიანი განაკვეთი იქნება; ასევე, 20-პროცენტი ხდება როიალტიდან და იჯარიდან მიღებული შემოსავალი, არადა, დღეს მოქმედი კოდექსით, იბეგრებოდა 12 პროცენტით. ჩადებული იყო სპეციალური ნორმა, რომელიც განსაზღვრავდა, რომ ისინი, ვისაც არ ერიცხებოდა სოციალური გადასახადი, თორმეტპროცენტიანი განაკვეთით დაიბეგრებოდნენ, იანვრიდან კი, ახალი კოდექსით, ეს იზრდება 20-პროცენტამდე. კიდევ ერთი: არარეზიდენტებისთვის იზრდება სატრანსპორტო გადაზიდვების გადასახადი 4-დან 10-პროცენტამდე. არ მინდა, დავიჯერო, რომ ეს ნორმა რუსეთიდანაა გადმოღებული, რადგან იქაც 10 პროცენტია, უფრო მოსალოდნელია, რომ ეს ამერიკიდან გადმოიღეს, მაგრამ იქ დამატებითი ღირებულების გადასახადი საერთოდ არ არის, სრულიად განსხვავებული საგადასახადო სისტემაა. ასევე, აქციზი შემოდის მობილურ კომუნიკაციებზე, რატომ? დაბალია ჩვენი გადასახდელი?!

– არა, ურთიერთჩართვის ტარიფის განახევრების შემდეგ, სახელმწიფომ იფიქრა, რომ მომხმარებლებისთვის საუბრის ტარიფის გაიაფებას, ჯობდა, თვითონ წაეღო ეს თანხა.

– ასევე, საშემოსავლო გადასახადიდან თავისუფლდება ის თანხა, რომელიც გაიცემა სამსახურებრივი მოვალეობისას დაღუპულ ან დასახიჩრებულ პირებზე, ოღონდ, ეს ვრცელდება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს მუშაკებზე.

– რატომ, მაღაროში ან მშენებლობაზე თუ ვინმე დასახიჩრდა ან დაიღუპა, ის ადამიანი არ არის?

– სხვებზე არაფერი წერია. კოდექსში ისეთი ტერმინებია, რომ ვერც გაიგებ, რას გულისხმობს. ხშირია გამეორებები. ნათქვამია, რომ მოგების გადასახადისგან თავისუფლდება გრანტები და აქციების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი. ესეც ტყუილია: გრანტი და აქციების რეალიზაცია არ არის მოგება, ეს არის შემოსავალი და, როგორ ათავისუფლებ იმას, რაც არ იბეგრება?!


скачать dle 11.3