კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აერია სქესი გიორგი ჯაჯანიძეს და ვის ტყვეობაში მოხვდა ის

ერთი თვეა, რაც ფსიქოლოგ გიორგი ჯაჯანიძეს „მზის“ ეთერში შემეცნებით-გასართობი პროგრამა „მზესუმზირა“ მიჰყავს. მართალია, მზესუმზირა უქმად ყოფნასთან და ჭორაობასთან არის დაკავშირებული, მაგრამ გიორგი არც ერთს სწყალობს და არც მეორეს. მუდმივად, რამდენიმე ადგილზე ერთად მუშაობს და ყოველთვის სხვათა ისტორიების მესაიდუმლედ რჩება. ტელეწამყვანის ამპლუაშიც გიორგი ისეთივე არაორდინარულია, როგორც ცხოვრებაში – ჭრელ პერანგებს თავად იკერავს. უკვე დიდი, ხანია ექვსი ნომერი კალოშით დადის და ტყეში, ციყვებთან ერთად ცხოვრებაზე ოცნებობს.

გიორგი ჯაჯანიძე: სატელევიზიო ეთერი ძალიან მენატრებოდა. იმის მიუხედავად, რომ, რაც თავი მახსოვს, ტელევიზიასთან ვარ დაკავშირებული, სულ მქონდა სურვილი, წამეყვანა გადაცემა. რამდენიმე წლის წინ ეს ბედნიერება მეწვია – ნანა ჯაფარიძესთან ერთი წელი ვიყავი გადაცემის წამყვანი, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმ ერთი წლის განმავლობაში, გადაბმულად სულ სამი-ოთხი წინადადება თუ მაქვს ნათქვამი. ახლა, როცა „მზის“ გენერალურმა პროდიუსერმა მაკა ლომიძემ დამიძახა ახალ პროექტზე, კიდევ ერთხელ მომეცა პირდაპირ ეთერში შემეცნებით-გასართობ გადაცემაზე მუშაობის შანსი. ბოლო ათი წელი, დილის ექვს საათზე ვიძინებდი, ახლა, დილის ცხრა საათზე მიწევს ადგომა. ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა, მაგრამ ეს რეჟიმი მომწონს. მე, ბექა ელბაქიძე და მაკა შალიკაშვილი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ვართ. ბექა კონსერვატორი და გაწონასწორებული წამყვანია, მაკა, როგორც მსახიობი და ქალი ცნობისმოყვარე და არაორდინარული, მე, როგორც ამბობენ – სკანდალური, ამის მიუხედავად ჩვენი ტრიო შედგა. მაკას და ბექას ფონზე ჩემი სიდაბლე რომ დავმალოთ, ბოლომდე აწეულ სკამზე ვზივარ. თავიდან ბალიშის გამოყენებას ვფიქრობდი, მაგრამ სკამმა მიშველა, მთელი ცხოვრება მინდოდა ვყოფილიყავი მაღალი, მაგრამ აბა, ეს როგორ გამომივიდოდა მე თვითონ? ამაზე იმდენს ვხუმრობ ხოლმე, ჩემმა მეგობარმა ნანა პატარკაციშვილმა მსოფლიოში უნიკალური ჟირაფი მაჩუქა. დიზაინერის გაკეთებულია, ჩემს გარდა ასეთი ჟირაფი არავის ჰყავს (იცინის). მაკასთვის ტელეგადაცემა დებიუტი იყო, ბექა ძალიან გამოცდილი წამყვანია. ხანდახან მე და ბექა ეთერშიც კი ვჩხუბობთ, მაგრამ სერიოზულ დაპირისპირებამდე არ მისულა საქმე. მაკა ჩვენს ჩუმ კონფლიქტში მანდილს გვიგდებს ხოლმე. თუმცა, მე იმდენად არაკონფლიქტური ადამიანი ვარ, უმანდილოდაც გავდივარ ფონს. ყველა რესპონდენტი, ან ჩემი მეგობარია, ან ჩემი ყოფილი სტუდენტი, ან ყოფილი კოლეგა. ასე რომ, ყველასთან ახლო ურთიერთობა მაქვს. ამის მიუხედავად, არ მიჭირს ეთერში ვკითხო იმ ჩემს ახლობელს, უღალატია თუ არა ქმრისთვის, როგორი სექსი აქვს პარტნიორთან, რატომ მოიმატა წონაში, რა ზომა მკერდი აქვს.

– ეს ხომ ისედაც საყვარელი თემები იყო შენთვის.

– ეს ჩვეულებრივი შეკითხვებია, რამაც შეიძლება დაგაინტერესოს. ხანდახან ჩემი კოლეგები მეხუმრებიან, რა თემაზეც არ უნდა დავიწყოთ ეთერში საუბარი, ბოლოს მაინც სექსამდე მიდიხარო. მაგრამ, სექსის გარეშე არაფერი გამოდის. ლაპარაკიც მიყვარს და სექსიც. ჯერ მაგისთვის არ დავბერებულვარ (იცინის). ყველაზე მთავარი იცი, რაა? ეს სამყარო დგას სექსზე. თუ ადამიანებს არ აქვთ ნორმალური სექსი, პროდუქტიულები არ არიან. ერთ ცნობილ ქალს, რომელსაც წარმატებული პოლიტიკური კარიერა აქვს და მოგვიანებით გათხოვდა, ვკითხე: რაღა დროს შენი გათხოვება იყო-მეთქი? მითხრა: მე რომ გაუთხოვარი დავრჩენილიყავი, დაუკმაყოფილებელი ვიქნებოდი და უფრო მეტი შეცდომა შეიძლება ჩამედინაო. რატომ არ შეიძლება, მე ამაზე ვისაუბრო „მზესუმზირაში“.

– მზესუმზირა გიყვარს?

– არა, რადგან ჯერ ერთი მზესუმზირა უსაქმურობასთან ასოცირდება და მე მთელი ცხოვრება სულ ვმუშაობ. ამას გარდა, მზესუმზირა მაინც დაკავშირებულია ჩამოჯდომასთან და ჭორაობასთან, მე ჩამოჯდომა კი მიყვარს, მაგრამ ჭორაობა – არა. ცხოვრებაში იმდენჯერ გავხდი ჭორაობის მსხვერპლი, რის გამოც ბევრი სტრესი გადავიტანე, რომ ვერ ვიტან, როცა ჭორაობენ. არ დაიჯეროთ, როცა ცნობილი სახეებისგან გაიგებთ: მე არ ვაქცევ ყურადღებას ჭორსო. მე ძალიან განვიცდი, რას ამბობენ ადამიანები ჩემზე. საოცარი რამ დამემართა. 20-წლამდე ძალიან მაინტერესებდა, რას ლაპარაკობდა ხალხი ჩემზე, მერე 20-დან 40-წლამდე მქონდა სრული ეიფორია, ღრუბლებს ზემოთ ვიყავი. არ მაინტერესებდა არავის აზრი, სხვა განზომილებაში ვიყავი ატაცებული. რაც დავბერდი, ისევ ის დამემართა, რაც ბიჭობაში მჭირდა – სხვების აზრს დიდ ყურადღებას ვაქცევ. აი, თურმე რატომ ამბობენ, მოხუცებს ბავშვის ჭკუა აქვთო. ახლა მგონი, ვიღაცამ ტვინი ჩუმად გადამინერგა – მაქვს 17 წლის ბიჭის ჭკუა, ვიქცევი ისე, როგორც 17 წლის ბიჭი შეიძლება მოიქცეს. მაცვია ფერადი ტანსაცმელი, არ მძინავს ღამეები, ვუშვებ შეცდომებს და საერთოდ არ ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე. გავხდი ისეთი ექსტრემალი, როგორიც შეიძლება იყოს 17 წლის ბიჭი. მუდმივად მიჩნდება სურვილი, გავუსინჯო გემო ყველა აკრძალულ ხილს, გავფრინდე კოსმოსში, გადმოვხტე პარაშუტიდან. მშიშარა არ ვარ, არ მეშინია ღამის, მიცვალებულის, სასაფლაოსი, ძაღლის, გველის. მეშინია გარეწარი ადამიანის, რადგან ბევრი მზაკვარის მსხვერპლი ვყოფილვარ წარსულში. სიკვდილისაც კი არ მეშინია. პირიქით, მინდა, როცა მოვკვდები ჩემი რომელიმე ორგანო ვინმეს გადაუნერგონ, რომ ამით მაინც დავეხმარო ვინმეს, მოკლედ, ბავშვივით ყველა ექსპერიმენტისთვის მზად ვარ (იცინის).

– ეთერში საკმაოდ არაორდინალურად ჩაცმული ჩანხარ, ვინ ზრუნავს შენს ასეთ დიზაინზე?

– მე თვითონ ვზრუნავ და ეს მშვენივრად გამომდის. გავიხსენე ჭრა-კერვა, რომელიც ყოველთვის მეხერხებოდა. დედაჩემი ძალიან კარგად კერავდა ახალგაზრდობაში. მისგან ეს ნიჭი მეც გამომყვა. სულ დაჭრილი იყო ჩვენს სახლში ფარდა, გადასაფარებელი. ახლა მაქვს ბევრი ძაფი, ნაჭერი და ძველისძველი, სკივრიდან ამოღებული ხელის საკერავი მანქანა. ყველა გადაცემაში მაცვია ტანსაცმელი, რომელიც ან ჩემი შეკერილია, ან რაღაც დეტალი აქვს ჩემგან მიმატებული. მიყვარს არაორდინალური ჩაცმა, დახეული პიჯაკები, სამოსი ბევრი ღილით, ფერად-ფერადი შარფები, იასამნისფერი შარვალიც კი ჩავიცვი. ეთერს უხდება მხიარული ფერები, მინდა, რომ ხალხი გამხიარულდეს. ტანსაცმელზე ექსპერიმენტებს იოლად ვატარებ, ერთხანს შავი, ჯადოქრის პლაშჩით დავდიოდი. სახლიდან ასე ჩაცმული გავდივარ ხოლმე, ხალხის რეაქციას რომ ვუყურებ, ძალიან მიკვირს. ბოლო პერიოდში კალოშით დავდივარ, კალოში ძალიან მომწონს. ბაზრობაზე ვიყიდე, გამყიდველმა მკითხა: ალბათ, ბაბუასთვის გინდათ ხომ ეს კალოშიო, არა ჩემთვის-მეთქი, რომ ვუთხარი, ეგონა ვხუმრობდი. იმდენი მეძახეს, სოფლიდან ცალ-ცალი კალოშით ჩამოვიდაო, სანამ ექვსი ნომერი კალოში „მარიოტში“ არ ჩავიცვი. კალოში ბავშვობაშიც მცმია, მახსოვს ის, ტლაპოშემხმარი კალოში, ახლა საბურთალოსა და რუსთაველზე დავდივარ კალოშით (იცინის). სხვათა შორის, მგონი, არავინ არ იცის, რომ კალოშს მარჯვენა და მარცხენა არ აქვს. იმდენი რამ გავიგე კალოშზე, მგონი, მალე დისერტაციასაც კი დავიცავ (იცინის). არ გეგონოთ, რომ კალოშს მარტო ეთერში ვიცვამ, ეთერში ხომ ვწევ ფეხებს მაღლა, რომ ჩემი კალოში გამოჩნდეს და რამდენჯერმე ძალიან რესპექტაბელურ ადგილზეც კალოშით მივედი.

– ეს, ალბათ, ეპატაჟისთვის გჭირდება.

– იცი, რა? მუდმივად ჩემთვის ვაკრიტიკებდი ხოლმე იმ ხალხს, ვისაც თავისი ასაკის შეუფერებლად უყვარს ჩაცმა. ახლა ეს მე თვითონ დამემართა. ისეთ უცნაურ რაღაცეებს ვაგროვებ, უკვირთ ადამიანებს. სახლში იმდენი კოლექცია მაქვს, აღარ ვიცი სად წავიღო. ახლა სასწორების შეგროვებაც დავიწყე. ჩვენი ცხოვრებაც ხომ სასწორს ჰგავს. ერთ მხარეს შენ ხარ, მეორე პინაზე კი ის ქმედებები და ღირებულებები, რითიც ცხოვრობ, თუ ეს არ გააწონასწორე, ვერაფერს შეძლებ. მომწონს სასწორები, დიდი სიამოვნებით ვაგროვებ…

– ცოლების კოლექცია დაასრულე?

– კი, ახლა მე სახლში ცოლი რომ მყავდეს, ალბათ, ფანჯრიდან გადავაგდებდი. თუმცა, ხანდახან ვიწყებ ხოლმე ამაზე ფიქრს. მე მივხვდი, რომ სიყვარული გრძელდება წელიწადი და რვა თვე. სხვა დანარჩენი, რაც ამის იქით ხდება, არის უბრალოდ მიჩვევა. ჩემი ყველა სიყვარული ამდენ ხანს გაგრძელდა. მეტი ვერ გავუძელი, სხვა დანარჩენი იყო ტანჯვა და თვითგვემა. რაც წლები მემატება სიყვარულის უფრო და უფრო მეშინია, მარტოც კარგად ვგრძნობ თავს. კი ამბობენ, ყველაზე რთული მარტოობააო, მაგრამ მე ასე არ მგონია, მარტოობაშიც შეიძლება იყო ბედნიერი. სულ რაღაცას ვფიქრობ, ვიგონებ, ვწერ. მე ვარ საკუთარი თავის ტყვეობაში. თავად ვარ საკუთარი თავის ყველაზე კარგი პარტნიორი. თუმცა, ძალიან მიყვარს ადამიანები. საერთოდ, ქალებისგანაც ბევრი რამ ვისწავლე და მამაკაცებისგანაც. თავისებური კომფორტი ორივე სქესთან მეგობრობას და შეცნობას აქვს. მაგრამ, რაც ასაკში შევედი, სქესიც ამერია (იცინის). იმის მიუხედავად, რომ ადამიანების შეცნობა არ მეშლება, ირგვლივ ყველაფერი ისე შეიცვალა, რომ ვეღარ ვიგებ, რა სურთ ქალებს და რა – მამაკაცებს.

– შენ რა გსურს?

– მე? ამ ბოლო დროს ისე შემიყვარდა ფლორა და ფაუნა, რომ ძალიან მინდა, წავიდე უღრან ტყეში და იქ, ციყვებთან ერთად ვიცხოვრო. ირგვლივ იქნებიან მგლები, რომლებიც არ იჭორავებენ და ასე დავტკბები ცხოვრებით. ასეთი იქნება ჩემი ბოლო ბედი... (იცინის).


скачать dle 11.3