კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

რას თანხმდება ია შუღლიაშვილი სიხარულით და რისი პატიება არ შეუძლია მას არასდროს

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ია შუღლიაშვილი საზოგადოების ნაწილმა სერიალ „გოგონა გარეუბნიდან“ გაიცნო. ის ძალიან კარგად მღერის, თამაშობს სერიალში, სპექტაკლებში, ჰყავს შვილები, ყველაფერს ამას თავს არაჩვეულებრივად ართმევს და ყოველთვის მზადაა სიახლეებისთვის. როგორი ცხოვრების სტილი აქვს ია შუღლიაშვილს და როგორია მისი სიყვარულის ისტორია, ამაზე თავად ია გვესაუბრება.

– ამ ეტაპზე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი უკავია სერიალს „გოგონა გარეუბნიდან“ – ძირითადად გადაღებებზე დავდივარ. ვთამაშობ, აგრეთვე, რამდენიმე სპექტაკლში. ხანდახან კონცერტებიც მაქვს ხოლმე. ასევე, მაქვს ოჯახი, დაკავებული ვარ შვილებით. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაინც ვახერხებ ყველაფრის მოგვარებას. თითქოს ყველაფერი თავისით ხდება. სერიალის გადაღებას ისე ვგეგმავთ, რომ ყველამ ყველაფერი მოასწროს – ვთანხმდებით, ვის როდის გვაქვს სპექტაკლი და ასე შემდეგ.

– ესე იგი, სამსახურსა და ოჯახს შორის დროის გადანაწილებას ადვილად ახერხებთ.

– ყოველთვის ვცდილობ, პირველ ადგილზე ოჯახი დავაყენო და შემდეგ – ყველაფერი დანარჩენი. უმცროსი შვილი 5 წლის მყავს და, ამიტომ, ყველანი მასზე ვართ გადართულები. ჯერ ისეთი შემთხვევა არ მქონია, რომ ოჯახის გამო სამსახურზე მეთქვა უარი ან პირიქით.

– სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“ როგორ მოხვდით, ქასთინგები გაიარეთ?

– გავიარე ქასთინგი, ამის შემდეგ დამირეკეს და დამამტკიცეს როლზე. თავიდან იყო ლაპარაკი ორ როლზე, მაგრამ შემდეგ გადაწყდა, რომ უნდა მეთამაშა ის როლი, რომელსაც ახლა ვასრულებ. ეს არის ვიზაჟისტი ქალი, საკმაოდ მშვიდი და დადებითი პიროვნება.

– თქვენი გმირის მსგავსად, ვიზაჟის გაკეთება თუ გეხერხებათ?

– დიდად არ მიყვარს მაკიაჟის გაკეთება, მაგრამ აქ ნელ-ნელა დავსპეციალისტდი. შესანიშნავი ვიზაჟისტი გვყავს და ვაკვირდები ხოლმე, როგორ გვიკეთებს გრიმს.

– როდესაც თავადაც ჰგავხართ თქვენს გმირს, უფრო გიადვილდებათ თამაში?

– მთავარია, როლი გაითავისო, თორემ, მნიშვნელობა არ აქვს, ჯდება თუ არა ის ჩემს ხასიათში. ძალიან საინტერესოა, როდესაც შენგან რადიკალურად განსხვავებულ როლს თამაშობ, იმიტომ რომ, იქ უფრო მეტს ეძებ, ცდილობ, გაიგო მის შესახებ. როდესაც პერსონაჟი ახლოსაა ხასიათით ჩემთან, ვცდილობ, რომ ის არ გამოჩნდეს, რათა მეგობრისთვის, ნათესავისთვის ჩვეულებრივი ია კი არ ვიყო, ვიყო ვიღაც სხვა.

– როგორც ვიცი, სპექტაკლებშიც თამაშობთ.

– მე ვარ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. ამჟამად ვთამაშობ ორ სპექტაკლში. ძალიან მიყვარს თეატრი. ვცდილობ, ყველაფერი მოვასწრო – სერიალიც, თეატრიც, სიმღერაც.

– როგორც ჩანს, საკმაოდ აქტიური ცხოვრება გაქვთ.

– საერთოდ, პასიურობას აქტიურობა მირჩევნია. როცა ჩემი შვილი პატარა იყო, რაღაც პერიოდი სახლში ჯდომა მომიწია, რაც ძალიან რთული იყო ჩემთვის. მე მიყვარს როცა ძალიან დატვირთული ვარ – ამ დროს უფრო მეტის კეთებას ვასწრებ, ვიდრე პასიურად ყოფნისას.

– გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი პერიოდი.

– ყველაზე ტკბილად მახსენდება 1994-1995 წლები, როცა თეატრშიც და სასიმღერო სცენაზეც, რომ იტყვიან, „რაშმა ჩამომიქროლა“ (იცინის). უფრო აქტიური ვიყავი, უფრო შემოქმედებითად დატვირთული.

– ხშირად გინანიათ? ფიქრობთ ხოლმე, ნეტავი ეს არ გამეკეთებინაო?

– როდესაც რაღაცას ვაკეთებ, ვცდილობ, ისე გავაკეთო, რომ შემდეგ სანანებლად არ გამიხდეს საქმე. თუ მაინც დავუშვი შეცდომა, შემდეგ ვაანალიზებ, რატომ მოხდა ასე, რომ სხვა სიტუაციაში იგივე რამ არ დამემართოს.

– ადვილად შეგიძლიათ აპატიოთ?

– გააჩნია, რა ხარისხის არის დანაშაული. თორემ, მიტევება უნდა შეეძლოს ადამიანს. თუმცა, გულში მაინც მრჩება ხოლმე ტკივილი.

– დედათქვენი იყო ყველასათვის საყვარელი მომღერალი და კომპოზიტორი ინოლა გურგულია, როგორც ჩანს, მისგან გერგოთ მუსიკალური ნიჭი.

– ასე ამბობენ (იცინის). იყო პერიოდი, როცა სასიმღერო სცენაზე უფრო ვიყავი, ვიდრე თეატრის. ამ სერიალმა უფრო გააფართოვა ჩემი ვითომ „ცნობადობის“ ამბავი. სიმღერა არასდროს მიმაჩნდა ჩემს პროფესიად, ეს ყოველთვის იყო ჩემი ნაწილი. ბავშვობიდან მოყოლებული, სიმღერა ბუნებით მაქვს მონიჭებული. როდესაც რამე კონცერტია და მირეკავენ, სიხარულით ვთანხმდები ხოლმე. უსიმღეროდ ცხოვრება არ შემიძლია.

– რა არის თქვენთვის ყველაზე კარგი განტვირთვის საშუალება?

– ყველაზე კარგი დასვენებაა, როდესაც სადმე მშვიდ ადგილას წავალ, სადაც არავინ და არაფერი მაწუხებს – ამ დროს სულიერად ვისვენებ. საერთოდ, ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ამ დროს დადებითი ენერგიით ვივსები. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც მოგზაურობის დროს იღლებიან, მე პირიქით – ვისვენებ. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც არ უყვართ ზღვა. ვგიჟდები ზღვაზე – ამაზე კარგი რა უნდა იყოს?

– რაზე ვერ იტყოდით უარს ვერასდროს?

– ჩემი ცხოვრება ისე მიდის, რომ რაც მინდა, ყოველთვის იმას ვაკეთებ. ჯერჯერობით არ მქონია შემთხვევა, რაღაცის გამო რამეზე უარი მეთქვა. გააჩნია სიტუაციას, პროფესიის დათმობაც შემიძლია, თუ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება. წინასწარ ვერ განსაზღვრავ, საითკენაც ცხოვრება წამიყვანს, იქით წავალ.

– რაც შეეხება თქვენს პირად ცხოვრებას. როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ მეორედ შექმენით ოჯახი და გყავთ პატარა შვილი.

– ჩემი პირველი ოჯახი იმდენად მალე დაინგრა, არც კი ვფიქრობდი მეორედაც თუ გადავდგამდი ამ ნაბიჯს. რაც შეეხება მეორე მეუღლეს, ჩვენ დიდხანს ვიყავით მეგობრები და წლებთან ერთად მოვიდა გრძნობაც, ბოლოს და ბოლოს, მივხვდი, რომ ეს არის ის ადამიანი, რომელიც გიჟდება ჩემზე და ჩემთვის უნდა ყველაფერი.

– გავიგე, თქვენს მეუღლეს ათი წელი უყვარდით, სანამ ცოლად გაჰყვებოდით.

– (იცინის) საიდან ეს ინფორმაცია? კი, ნამდვილად ასე იყო. რატომ ვალოდინე ამდენი ხანი, არ ვიცი, ამაზე პასუხი არ მაქვს (იცინის). თუმცა, ის ათი წელიც დაახლოებით ერთად ვიყავით (იცინის). როცა საჭირო იყო, მაშინ დავქორწინდით.

– როდესაც შეყვარებული ხართ, იცვლებით? როგორი გრძნობაა სიყვარული?

– სიყვარული ტკბილია (იცინის). ყველაფერს სიყვარულით ვაკეთებ. ნებისმიერ საქმეს – უბრალოსაც და ბრალიანსაც. კარგია, როცა ადამიანი შეყვარებულია, ამ დროს ყოველთვის დადებით ენერგიას ასხივებს, ყოველთვის ბედნიერია.

– ემოციური ადამიანი ხართ?

– ადრე უფრო მშვიდი ვიყავი, მაგრამ წლებთან ერთად, ისე მოხდა, რომ ვატყობ, ხშირად ვარ დაძაბული, უფრო ემოციური გავხდი ფაქტების, მოვლენების მიმართ.

– თქვენი წყობიდან გამოყვანა ადვილია?

– ჩემი წყობიდან გამოყვანა ადვილი ნამდვილად არ არის. ძალიან დიდი მოთმინების უნარი მაქვს, თუმცა, გააჩნია სიტუაციასაც. როდესაც უსამართლობას ვხედავ, წყობიდან გამოვდივარ. მით უმეტეს, თუ ბევრი გროვდება, ამ დროს, შეიძლება, ავფეთქდე.

– კომუნიკაბელური ადამიანი ხართ?

– კომუნიკაბელური კი ვარ, მაგრამ, ეტყობა, იმიჯი მაქვს ისეთი, ყველას მკაცრი ვგონივარ. შეიძლება გარეგნობა მაქვს ისეთი, რომ შეუვალ ადამიანს ვგავარ, მაგრამ, ასე არ არის (იცინის). ბავშვობიდან ვგრძნობდი, რომ ჩემთან ყველას დისტანციური დამოკიდებულება ჰქონდა. როდესაც ახლოს გამიცნობენ, მეუბნებიან, რა სხვანაირი მეგონე და რა კარგი ყოფილხარო (იცინის). ეტყობა, ჩემი კონსერვატიული გარეგნობა აშინებს ხალხს (იცინის).

– ადვილად შეგიძლიათ ადამიანის ამოცნობა?

– დიახ, უმეტეს შემთხვევაში ვგრძნობ ხოლმე, როგორი პიროვნებაა, იშვიათად, რომ ვერ გამოვიცნო. ადამიანს, პირველ ყოვლისა, ვუყურებ თვალებში – თვალები ყოველთვის სიმართლეს მეუბნება.

– თქვენს ცხოვრებაში რამეს შეცვლიდით?

– განსაკუთრებულს არაფერს. ცოტა ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი და, საშუალება რომ მქონდეს, ოდნავ ხალისიანი გავხდებოდი. მსახიობობა ძალიან დამეხმარა გახსნაში – უფრო თამამი გავხდი, ვიდრე ვიყავი. მეტს ისეთს არაფერს შევცვლიდი – რაც არის, არის. წინასწარ არასდროს არაფერს ვგეგმავ, როგორც ცხოვრება მაჩვენებს, ისე ვიქცევი.


скачать dle 11.3