კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა როლი ითამაშა ლესლი ნილსენის ცხოვრებაში „შიშველმა პისტოლეტმა“ და ვინ უწოდა მას თიკუნი – „პაროდიების ლოურენს ოლივიე“

იგი პოპულარული მაშინ გახდა, როდესაც მისი პროფესიის წარმომადგენლები კარიერის დასრულებაზე იწყებდნენ ფიქრს. საუბარია ჭაღარათმიან ლესლი ნილსენზე – „შიშველი პისტოლეტის“ და სხვა აბსურდული კომედიების ვარსკვლავზე, მსახიობზე, რომელმაც 80-იანი წლების ჰოლივუდში ახალი ჟანრი დანერგა და რომელმაც ეპატაჟური და ქარიზმატული პოლიციელის – ფრენკ დრებინის განუმეორებელი სახე შექმნა დიდ ეკრანზე. 2010 წლის 29 ნოემბერს საკულტო მსახიობი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა, მან ისეთი დიდი კვალი დატოვა ამერიკული კინემატოგრაფის ისტორიაში, რომ მისი ვარსკვლავი მუდამ იკაშკაშებს ჰოლივუდის ოლიმპზე.

ლესლი უილიამ ნილსენი 1926 წელს, კანადურ ქალაქ რეჯაინში დაიბადა. დედა ლონდონელი ჰყავდა, ხოლო მამა – ინგვარდ ევერსონ ნილსენი – დანიელი ემიგრანტი იყო და კანადის ცხენოსანთა პოლიციაში კონსტებლად მუშაობდა. ლესლის უფროს ძმას, ერიკ ნილსენს, 80-იან წლებში კანადის ვიცე-პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, ხოლო მისი ბიძა, ჯინ ჰერშოლთი, კანადური მუნჯი კინოს ვარსკვლავი იყო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ლესლი კანადის სამეფო საჰაერო ძალებში გაიწვიეს, სადაც მან შესაბამისი მომზადება გაიარა, თუმცა, ასაკის გამო, არ მოუწია ფრონტზე წასვლა და ომის დასრულების შემდეგ მან ედმონტონის რადიოში, დიქტორად დაიწყო მუშაობა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ნილსენი იხსენებდა, რომ თავისი სამსახიობო ოსტატობა მან ჯერ კიდევ ბავშვობაში გამოავლინა, როდესაც ხშირად ატყუებდა მკაცრ მამას, რათა არ დასჯილიყო. მისი ტყუილი იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ მისი მშობლები ასი პროცენტით დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი შვილი არადროს არაფერს დააშავებდა. თუმცა, ნილსენი სკოლაში პირველ „ბანდიტად“ რომ იყო ცნობილი, ყველამ იცოდა, მისი მშობლების გარდა.

მშობლიური კანადის საზღვრებს გარეთ, სადაც ლესლი ნილსენი უყვარდათ, ეთაყვანებოდნენ და არ ივიწყებდნენ, მსახიობს ორი კარიერა ჰქონდა. პირველი (სერიოზული და დრამატული) ახალგაზრდა და ამბიციურმა ლესლიმ გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. იმ პერიოდში ტელევიზია ჯერ კიდევ ვერ უწევდა სათანადო კონკურენციას ჰოლივუდელ კინემატოგრაფისტებს და სწორედ ასეთ არაპოპულარულ ტელევიზიაში მუშაობით გაითქვა სახელი ლესლიმ, რომელიც იმ დროისთვის მიზერულ ჰონორარს – ერთ ტელეშოუში 75-100 დოლარს იღებდა. სწორედ ასეთ ტელეშოუში შეამჩნიეს ლესლი ნილსენი კინოპროდიუსერებმა და 1956 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა ფანტასტიკური ფილმი „აკრძალული პლანეტა“, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან სასაცილო სპეცეფექტებითაა გაჯერებული, თუმცა, იმ დროისთვის „ნოვაციური პროდუქტის“ სახელს ატარებდა და „ოსკარზეც“ კი იყო წარდგენილი რამდენიმე ნომინაციაში. საინტერესო იყო ფილმის ბიუჯეტიც: 1,9 მილიონ დოლარად გადაღებულმა ფილმმა კინოგაქირავებაში 3 მილიონის შეგროვება მოახერხა. ფილმის პრემიერის შემდეფ ნილსენით სხვა პროდიუსერებიც დაინტერესდნენ და მან შვიდ ფილმზე გააფორმა კონტრაქტი კომპანია „მეტრო-გოლდენ-მაიერთან“. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მას საკმაოდ საინტერესო როლებს სთავაზობდნენ, ლესლი მიხვდა, რომ კომპანიას იგი მეორეხარისხოვან „შავ მუშად“ ესაჭიროებოდა და ამიტომ კონტრაქტით ძალიან უკმაყოფილო იყო. ხოლო მას შემდეგ, რაც 1959 წელს იგი არ დაამტკიცეს გახმაურებულ და „ოსკაროსან“ ფილმ „ბენ-ჰურში“ მესალას როლზე, ნილსენმა გააუქმა კონტრაქტი „მეტრო-გოლდენ-მაიერთან“. საინტერესოა, რომ ლესლი ნილსენი მუდამ ცდილობდა, საკუთარი თავი გაცილებით სერიოზულ როლებში ენახა, თუმცა, ორჯერ მისი კანდიდატურა უარყოფილი იქნა: პირველად 1980 წელს, როცა სტენლი კუბრიკმა იგი უარით გაისტუმრა და არ მისცა როლი ფილმში „ნათება“, სადაც ჯეკ ნიკოლსონმა გაიბრწყინა, ხოლო მეორედ, იგი ტიმ ბარტონმა დაიწუნა ასაკის გამო და ვილი ვონკას როლი ფილმში „ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა“ ჯონი დეპს გადასცა.

მსახიობ ლესლი ნილსენის მეორე კარიერა 1980 წელს დაიწყო – მას შემდეგ, რაც კინოეკრანებზე გამოვიდა პაროდიული ჟანრის კომედია „აეროპლანი“. ფილმის ავტორებს – დევიდ ცუკერს, ჯერი ცუკერსა და ჯიმ აბრაჰამს სურდათ, გადაეღოთ აბსურდული კომედია, სადაც მთავარ როლს კომედიურ ჟანრში უცნობი მსახიობი შეასრულებდა. ასეთ მსახიობად მაყურებელს საკმაოდ მივიწყებული ლესლი ნილსენი წარუდგა. ფილმის აბსურდულობაში რომ დარწმუნდეთ საკმარისია გაიხსენოთ სცენა, როდესაც ტურბულენტურ ზონაში მოხვედრილი თვითმფრინავის კაბინაში ლესლი ნილსენის გმირი კონტრაბასზე უკრავს. კომედიას წარმოუდგენელი პოპულაობა ხვდა წილად, ხოლო ლესლი ნილსენი კომედიური ჟანრის ახალ ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. თუმცა, მისი ყველაზე დიდი აღიარება ჯერ კიდევ წინ იყო: 1988 წელს ამერიკის კინოთეატრებში შედგა პაროდია „შიშველი პისტოლეტის“ პრემიერა, რომლის შემდეგაც ჭაღარა პოლიციელმა ფრენკ დრებინმა ყველა ამერიკელის გული დაიპყრო. სწორედ ამ ფილმმა და მისმა ორმა გაგრძელებამ მოუტანა მსახიობს ის პოპულარობა, რომელზეც იგი წლების განმავლობაში ოცნებობდა. „შიშველი პისტოლეტის“ შემდეგ ნილსენმა კომერციულად მომგებიან კიდევ არაერთ ფილმში ითამაშა, მათ შორის ბოლო პერიოდში გახმაურებულ „ყველაზე საშიში კინოს“ ორ სერიაში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის როლი მოირგო და, როგორც ყოველთვის, აბსურდული ქმედებებით დაგვამახსოვრა თავი.

ლესლი ნილსენი, რომელსაც ჰოლივუდელი კრიტიკოსები „პაროდიების ლოურენს ოლივიეს“ უწოდებდნენ, ოთხჯერ იყო დაქორწინებული. მას ორი ქალიშვილი დარჩა მეორე ქორწინებიდან. გადაღებებისგან თავისუფალ დროს მას გოლფის თამაში უყვარდა და საკუთარ თავს გოლფის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევდა ჰოლივუდში. საინტერესოა, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ლესლი ნილსენს სმენასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა: მარჯვენა ყურით ის აბსოლიტურად ყრუ იყო, მარცხენა ყურში კი მხოლოდ 50 პროცენტით ჰქონდა სმენა. თუმცა, ამ ნაკლით მისი კინოკარიერა არ დაზარალებულა.

ლესლი ნილსენის კომედიები არ მიეკუთვნებოდა ინტელექტუალური იუმორით გაჯერებული ფილმების კატეგორიას. ცნობილი ამერიკელი კინოკრიტიკოსი როჯერ ებერტი წერდა: „შიშველი პისტოლეტის“ ნახვისას ჩვენ ჯერ ხუმრობაზე ვიცინით, შემდეგ კი, უკვე საკუთარ თავს დავცინით, რადგან ამ ხუმრობაზე გაგვეცინა, რადგან ხუმრობათა უმეტესობა „ტუალეტური იუმორის“ კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ლესლი ნილსენმა დაუვიწყარი სახეები შექმნა კინემატოგრაფში და მისი გარდაცვალებით მსოფლიომ კომედიური ჟანრის უდიდესი მსახიობი დაკარგა.


скачать dle 11.3