კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას აღიარებს გიო ხუციშვილი ოცი წლის შემდეგ და როდის ჩახედა მან სიკვდილს თვალებში

ძნელი წარმოსადგენია მაგრამ, თურმე ცნობილ ადამიანებსაც ჰქონიათ საკმაოდ მძიმე და არასასიამოვნო პერიოდები. ისინი სწორედ ჩვენი ჟურნალიდან გაიმბობენ თავიანთ ცხოვრებაზე, თან, იმდენად გულახდილად, როგორც ეს ოჯახის წევრებს შორის ან უახლოეს მეგობრებთან, მყუდრო გარემოში შეიძლება, მოხდეს. დღეს „თბილისელების“ სტუმარია მომღერალი, გიო ხუციშვილი.

– როგორც ვიცი, ბევრი სირთულე გაქვთ გამოვლილი და დღესაც ბევრი რაღაცის გაკეთება წვალებ-წვალებით გიწევთ. როგორ უმკლავდებით ცხოვრებას?

– მართალია. ცხოვრება ძალიან რთული რამ არის და ამას, რაც უფრო შედიხარ ასაკში, მით მეტად ხვდები. ძალიან ლაღი ბავშვობა მქონდა, მამაჩემი თანამდებობის პირი იყო, ზაფხულობით სადაც მინდოდა, იქ მივდიოდი დასასვენებლად. ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი მაკლდა, მაგრამ, 18 წლის რომ ვიყავი, მამა გულის შეტევით გარდაიცვალა. უცბად მარტო დავრჩი ამ სასტიკ სამყაროში და იმ ყოფით პრობლემებზე – ონკანი გაფუჭდებოდა თუ ნათურა გადაიწვებოდა – დავიწყე ფიქრი, რასაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია. დედაჩემი სკოლაში ასწავლიდა, ჩემი და მუსიკოსი იყო, მე სტუდენტი ვიყავი – კინოსარეჟისოროზე ვსწავლობდი. ბოჰემური ცხოვრება მქონდა, გიტარა, სასმელი... ვითომ იოლ გზას ვადექი, არადა, იოლი გზით არასდროს მივლია, თან, ცოლი მოვიყვანე, გაჩნდა ერთი შვილი, მეორე... უფრო იმატა პრობლემებმა. ნოდარიკო რომ გაჩნდა, კარგად ვიქეიფე ძმაკაცებთან, იმას კი ვერ ვხვდებოდი, რომ ეს ბავშვი ჩემი გასაზრდელი იყო. დიდად არც სიყვარულის გამეგებოდა რამე და ამიტომაც მე და ჩემი მეუღლე დავშორდით, რაც ჩემი ახალგაზრდობის, სახლში მიუსვლელობის ბრალი იყო. ვერ ვაცნობიერებდი, რომ ოჯახს სხვანაირი მიდგომა სჭირდებოდა. უფულობა, მამაჩემის გარდაცვალება, ჩემი ასეთი არეული ცხოვრება – ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა. მერე ეროვნული მოძრაობა წამოვიდა. როგორც ყველა, მეც ჩართული ვიყავი ამ ამბებში. დაიწყო ომი. ქვეყანას უჭირდა. გადავდე გიტარა გვერდზე და აფხაზეთის ომში წავედი, სადაც დავიჭერი. მეორე ცოლი, მაია, ახალი მოყვანილი მყავდა, უკვე ზუკაც გვყავდა. მაშინ არ იყო პამპერსები, ბავშვის თეთრი საფენი კისერზე გავიკეთე და ისე წავედი ომში.

– როცა მიზანი და პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვს, მაშინ უფრო მარტივია ცხოვრება. ასე არ არის?

– რა თქმა უნდა, ადამიანის ტვინში დგება რაღაც მომენტი, როცა ხვდება, რომ ამგვარი ცხოვრებით საკუთარ თავსაც აწუხებს და სხვებსაც. ამიტომ, ბოჰემური ცხოვრება, სმა, ქეიფი, ახირებები უნდა მოიცილო. გართობა კარგია, ოღონდ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ცდილობ, პრობლემებს გაექცე და, ამ დროს იმას არ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ისევ შენი დასალაგებელია. ომის შემდეგ ძალიან დათრგუნული ვიყავი და მაშინ ვთქვი: მორჩა, დღეიდან ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო-მეთქი და დავიწყე.

– საიდანაც არ უნდა ეცადო ცხოვრების თავიდან დაწყება, მაინც ხელების ეკლებით დაკაწვრა გიწევს. როგორ ააწყვეთ ყველაფერი თავიდან?

– არაფერი აღარ მეთაკილებოდა. ამ ცხოვრებაში ყველაფერს ჩემი შრომით მივაღწიე. ვიღაცას ჩემთვის მანქანა და სახლი არ უყიდია, არც ბიძა მყავდა მილიონერი. სამაგიეროდ, ჩემი მეგობრებისა და ხალხის სიყვარული მქონდა. მაშინ თბილისში იარაღის ტრიალი იყო მოდაში და ამ მორევში გადავეშვი. ერთ დღესაც, ვთქვი, რომ ეს უნდა გავაკეთო და გავაკეთე. ერთი დანჯღრეული „03“ მყავდა. ქარხნიდან შავი პური გამომქონდა, საბარგულს დავტვირთავდი და მაღაზიებში ვაბარებდი. როგორც ომში მონაწილეს, შემეძლო, რაღაც უპირატესობებით მესარგებლა, მაგრამ, არასდროს გამომიყენებია. ეს პერიოდები გავიარე და სულ ვამბობ, ღმერთმა ბევრჯერ მომცა შანსი, ყველაფერი თავიდან დამეწყო. მარტო ის მწყინს, რომ ჩემი თაობა ისე წავიდა, რომ თვითრეალიზება ვერ მოახდინა – ან ომში დაიღუპა, ან ნარკოტიკმა მოუღო ბოლო, რაც, მგონია, რომ სპეციალურად იყო შემოყრილი. მე როგორღაც ამოვძვერი ამ მორევიდან და დღეს ჩემი სახელი მაქვს. რომ შეამჩნიეს, უკვე სხვა ცხოვრება დავიწყე და ფიზიკურად ვშრომობდი, ჩემით დაინტერესდნენ. ჩემი მეგობარი, ირაკლი მეძმარიაშვილი, კრწანისის რაიონის გამგებლად დანიშნეს. ეს ის დროა, როცა არც კინოსტუდიაა და არც არაფერი არ მოქმედებს. კინორეჟისორი ვარ და, სტუდიაში რომ მივდიოდი, ყველა თავის გაჭირვებაზე ლაპარაკობდა, ვინ ფიქრობდა კინოზე. ფილმებს არ იღებდნენ. ორ ფილმში ვითამაშე: „სიყვარული ყველას უნდა“ და „ხარება და გოგიაში“. ჩემმა მეგობარმა ირაკლიმ დამიძახა და მითხრა: მინდა, ჩემი მოადგილე იყო. შენი მჯერა, ვიცი, როგორი პასუხისმგებლობაც გაქვს და გვერდზე დამიდექიო. მამაჩემის ძმაკაცი, ნიკო ლეკიშვილი იყო ქალაქის მერი, იმანაც რეკომენდაცია გამიწია და დამნიშნეს მოადგილედ. მიხაროდა, სამსახური რომ მქონდა. დილის 7 საათზე გამოვდიოდი სახლიდან და, თუ ვინმე საღამოს 10-ზე მიდიოდა სახლში, მე უფრო გვიან შევდიოდი.

– ყველას ცხოვრებაში დამდგარა მომენტი, როცა სახლიდან რაიმე ნივთი გაუტანია გასაყიდად, რომ, ელემენტარულად, თავი გაეტანა. მგონია, რომ კიდევ არის რაღაც, რაც გულს გიმძიმებთ.

– ყოველთვის მიჭირდა. სტუდენტი ვიყავი და ზოგჯერ გზის ფული არ მქონდა. მამაჩემი ძალიან დიდი მოყვარული იყო წიგნების, ბევრს კითხულობდა და მან მიგვაჩვია მე და ჩემი და კითხვას. შუშის თაროებზე საკეტები დააყენა, რომ არავისთვის მეთხოვებინა, ყველა წიგნს შიგნიდან მისი სახელი და გვარი ეწერა და ბეჭედი ერტყა. ერთხელაც, მოვედი სახლში და წიგნები არ დამხვდა – ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი ტრავმა. მამა რომ გარდაიცვალა, დედამ მისი ბიბლიოთეკა გაყიდა, რომ საჭმელი გვეჭამა. ვიცი, სადაც არის ეს წიგნები, მაგრამ, სულ ფეხს ვითრევ. მინდა, მივიდე იმ ადამიანებთან და ვთხოვო, მომყიდონ. ერთხელ მამამ დედაჩემის ბეჭედი, თავის მეგობარს მისცა და სთხოვა, გამიყიდეო. იმანაც მოუტანა თანხა. მერე, ჩემი და 16 წლის რომ გახდა, ის ბეჭედი საჩუქრად მოუტანა. ძალიან იცის დამახსოვრება, ვის რა დროს, რა აქვს შენთვის ნათქვამი და გვერდზე როდის დაგიდგა. როცა წელში გავიმართე და პატარა ბიზნესები წამოვიწყე, მეც დავიწყე იმ ადამიანებზე ფიქრი, ვისაც უჭირდა.

ჩემს შვილებს სულ იმას ვეუბნები, რომ თქვენ თვითონ უნდა მიაღწიოთ ყველაფერს-მეთქი. მართალია, ვეხმარები, მთელი ყურადღება მათზე მაქვს გადატანილი, არ მინდა, ის გამოსცადონ, რაც მე გადავიტანე, მაგრამ, შენს გაკეთებულ საქმეს სხვა ფასი აქვს. აფხაზეთის ომიდან რომ ჩამოვედი, დედაჩემს სახლიც გაყიდული ჰქონდა და, თურმე, სხვის სახლში მივედი, არადა, მეგონა, ჩემი სახლი იყო. დიდი სახლიდან, უცებ, ოროთახიანში აღმოვჩნდით. როგორც ყველა იმ დროის თბილისში მეც ზუსტად ისე ვიყავი. ზუკასთვის ფაფა როგორ მოგვეხარშა, არ ვიცოდით, ნავთის ფულიც არ მქონდა, რომ ნავთქურა ამენთო. დღეს რომ ამბობენ: გიო, გიოს... ამ „გიომდე“ დიდი გზა გამოვიარე.

– როგორც ჩანს, ნატო გელაშვილის სიმღერა – „ცხოვრებისგან გადაღლილიც ვყოფილვარ“... შემთხვევით არ გიმღერიათ.

– საერთოდ, სიმღერაც არ მინდოდა, გვიან დავიწყე. ერთხელ მამუკა ჩარკვიანი შემხვდა და მითხრა: გიო, ისეთები მღერიან, მე და შენც უნდა ავიდეთ სცენაზე, ყველაფერს თავისი დრო აქვსო. ამ სიმღერასაც სწორედ ასე ჰქვია – „თავისი დრო აქვს ყველაფერს, ჩემო“... რაც შეეხება ნატოს სიმღერას, როცა ამ სიმღერას მაძლევდა, მითხრა, ზუსტად შენზეაო. ბევრჯერ ჩამიხედავს სიკვდილისთვის თვალებში. გადავეშვი მორევში, ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე და დინებას წავყევი. მართლა არაფრის თავი აღარ მქონდა და ვფიქრობდი, რაც იქნება, იქნება-მეთქი, მერე მივხვდი, რომ, როცა შვილები გყავს, გვერდით ის ადამიანები გიდგანან, ვისაც უყვარხარ, უფლება არ გაქვს, მათ ასეთი ტრავმა მიაყენო.

– ნანობთ რამეს?

– ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ, არავის განკითხვა არ შემიძლია. ყველა ცოდვილია და მეც ჩემი ცოდვები მაქვს. თუკი ვინმესთვის მიმიყენებია ტრავმა, ბოდიშიც მომიხდია. თუნდაც ჩემი მეორე ცოლისთვის, ჩემი აქეთ-იქით ბოდიალით. მერე ხვდები – ამდენს იმიტომ გითმენს, რომ უყვარხარ. ამიტომ, მინდა იმ დაკარგული წლებისა და სითბოს კომპენსაცია მოვახდინო, რაც დავაკელი.

– ქალები როგორ განვიცდით და რისი გადატანა გვიწევს, გასაგებია, მაგრამ მამაკაცების შემთხვევაში როგორ არის, როცა საყვარელ ადამიანს შორდები?

– სიმართლე გითხრა, ძალიან ძნელი იყო პირველ მეუღლესთან დაშორება. ჩვენ ვართ დეპრესიულები, მაგრამ, მაინც მეგონა, რომ წყენა გაივლიდა, დროებითი იყო, თუმცა, ასე არ აღმოჩნდა. თან, მერე გულიც ცივდება. რამდენიმე თვე ცუდად ვგრძნობდი თავს. ვფიქრობდი, მე დავაშავე რაღაც ისეთი, რაც არ უნდა დაუშავოს კაცმა ქალს-მეთქი. მეც ველოდი მისგან რაღაც რეაქციას და, რადგან ნაბიჯი არ გადმოდგა... ადამიანი ყველაფერს უძლებს და ეგუება.

– მე ვიცი, რომ ბევრ ადამიანს ეხმარებით. რთული არ არის, თან ამხელა ოჯახი ინახო, თან ვიღაცეებს დაეხმარო?

– ეს ქართველების სენია: ერთხელ რომ დაეხმარები და ორჯერ, ჰგონია, რომ მთელი ცხოვრება უნდა დაეხმარო, თვითონ მხარ-თეძოზე უნდა იყოს წამოწოლილი, შენ კი ვალდებულად გთვლის. ასეთი რაღაც არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ის კი არ აინტერესებს, შენ რა პრობლემა გაქვს, შენს შვილებს რა პრობლემა აქვთ. რა თქმა უნდა, როცა უჭირს, მეგობარს უნდა მიეხმარო. მაგრამ შეიძლება, მესამედ და მეოთხედ ვერ შეძლო ეს და ეწყინოს. გირეკავენ და პირდაპირ თავის პრობლემებზე გელაპარაკებიან, არც გკითხულობენ. როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, შეგიძლიათ, გაიკითხოთ და, ვალი არ ამიღია, იმიტომ რომ, ვიცოდი, ვერ დავუბრუნებდი. მაგას მერჩივნა, ისევ რაღაც გამეკეთებინა. ხომ გეუბნები, პურს ვაბარებდი-მეთქი: დილაადრიან ვდგებოდი, ზამთარში, ყინვაში, რომ ქარხნიდან პური გამომეტანა და ადგილზე მიმეტანა. ყველაზე კარგი ინვესტიცია სწავლაში ჩადებული ფულია. ჩემს შვილებს სულ იმას ვეუბნები: სწავლის მეტს არაფერს გთხოვთ, ჭერი გაქვთ, საჭმელი გაქვთ, ჩასაცმელ-დასახური. მე რომ აღარ შემეძლება, მერე თქვენ მომიარეთ-მეთქი. რაც შემეძლო, გავაკეთე და ახლა მათი ჯერია.


скачать dle 11.3