კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

30 თებერვალი







– აი, კახაც მოვიდა, – თქვა ვიტალიმ, კარის გასაღებად გაემართა და მალე კახასთან ერთად დაბრუნდა ოთახში.

– როგორ ხარ, შვილო? – კახამ შორენა გადაკოცნა და სავარძელში ჩაეშვა, – საცობში მოვყევი და იმიტომ დამაგვიანდა. მოგაცდინეთ, ხომ? მგონი, საქმეზე მიდიოდი.

– არა უშავს, მოგვიანებით წავალ, – მიუგო შორენამ.

– მოდი, ვიტალიკ, ამ ბავშვს სათქმელი ვუთხრათ და გავუშვათ, თორემ, ძალიან დააგვიანდება, უკვე ათია დაწყებული, – გასძახა კახამ მასპინძელს, რომელიც გორგოლაჭიანი მაგიდით შემოვიდა ოთახში და ვახშამი შესთავაზა.

– მიირთვით, ძვირფასო სტუმრებო, ივახშმეთ, კონიაკი დალიეთ, ცოტა წავიჭუკჭუკოთ, თქვენისთანა კარგი ხალხი ყოველდღე კი არ მანებივრებს ვიზიტებით, – მხიარულად თქვა კარგ ხასიათზე მყოფმა მასპინძელმა, თან კონიაკის ჭიქები ნახევრად გაავსო კახას საკოლექციო „ვარციხით“, შემდეგ ჭიქა ასწია და თქვა: – თქვენ გაგიმარჯოთ, დიდება უფალს, რომ კეთილ საქმეში დაგვეხმარა და ასე მალე მოგვაძებნინა სწორი გზა. მოკლედ, გაგვიმარჯოს! – მასპინძელმა კონიაკი გადაკრა და სტუმრებიც აიძულა, რომ დაელიათ, შემდეგ კი, შორენას გაუღიმა და უთხრა:

– მოკლედ, ასე, შვილო, ასეთ კარგ ხასიათზე იმიტომ ვარ, რომ ჩემს ხლაფორთს უნაყოფოდ არ ჩაუვლია. სულ რაღაც ორიოდე საათის წინ მოსკოვიდან ჩემმა ნათესავმა დამირეკა და მითხრა, რომ პეტრე გორსალიას ადგილსამყოფელს მიაგნო.

– მართლა? – წამოიძახა გახარებულმა შორენამ, სავარძლიდან წამოხტა, მასპინძელს კისერზე ჩამოეკიდა, და ორივე ლოყაზე აკოცა, – დიდი მადლობა, ვიტალი ბაბუა, მე თქვენთან ვალში ვარ და არ ვიცი, როგორ უნდა გადაგიხადოთ ასეთი პატივისცემა!

– დაჯექი და ბოლომდე მოუსმინე, – უთხრა კახამ შორენას და გოგონა რომ სავარძელს დაუბრუნდა, მასპინძელმა განაგრძო:

– მოკლედ, ასეა საქმე: როგორც ჩვენ ვვარაუდობდით, გენერალ-ლეიტენანტი პეტრე გორსალია მართლაც ბერად აღკვეცილა. თუმცა ის სალოსი ბერია, იცი, რას ნიშნავს სალოსი ბერი? – ჰკითხა ვიტალიმ შორენას.

– არა, არ ვიცი.

– სალოსი ბერი მოხეტიალე ბერია, რომელიც მოწყალებას თხოულობს და ნაწყალობევი ფულით გაჭირვებულებს ეხმარება, – განუმარტა ვიტალიმ გოგონას.

– ანუ, ჩვეულებრივ ენაზე რომ ვთქვათ, მათხოვრობს? – თქვა შორენამ.

– პრინციპში, ჰო, – თავი დააქნია ვიტალიმ, – მაგრამ ეს ჩვეულებრივი მათხოვრობა არ გეგონოს. სალოსები, ფაქტობრივად, სქემონაზვნებს უტოლდებიან.

– სქემონაზონი ვინღაა? – დაინტერესდა შორენა.

– ვინ და, განსაკუთრებული ასკეტიზმით გამორჩეული ბერ-მონაზონი – თქვა ვიტალიმ, კახას გადახედა და უთხრა, – რას წარმოიდგენდა კაცი, რომ თავად პეტრე გორსალია გახდებოდა სალოსი! დაუჯერებელია, ხომ?

– დაუჯერებელი ერთი შეხედვითაა, – თქვა კახამ, – ყველაფერი ღმერთის ნებაა და წინასწარ არავინ ვიცით, როდის, სად და რა მოგველის. მაგრამ, ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, ახლა ამის დრო არაა. ბავშვს საქმეზე ეჩქარება, ბარემ დანარჩენიც უთხარი და დავიშალოთ.

– მოკლედ, ასე, შვილო, – განაგრძო ვიტალიმ, – როგორც უკვე გითხარი, პეტრე გორსალია სალოსია და ერთ ადგილზე არ ჩერდება. ამჟამად მაცხოვრის ტაძრის ლავრაში იმყოფება. იქ კიდევ ერთი თვე დარჩება და უნდა მოვასწროთ მისი ნახვა, თორემ, თუ გაგვასწრო, შეიძლება, კარგა ხანს კიდევ ვერ მივაგნოთ მის კვალს.

– ესე იგი, მოსკოვში უნდა გავემგზავროთ? – იკითხა შორენამ.

– სრული სიმართლეა, – თავი დააქნია ვიტალიმ.

– მაგრამ, მე რომ არც ვიზა მაქვს და არც უცხოეთში გასამგზავრებელი პასპორტი?! თან, მოსკოვშიც არავის ვიცნობ და რაც მთავარია, რუსული არ ვიცი, – სინანულით თქვა გოგონამ.

– ვიზაც ჩემზე იყოს – პასპორტს, მაქსიმუმ, ერთ დღეში გააკეთებ და მოსკოვში გასამგზავრებელი ხარჯები, ბინა და რუსულის ცოდნაც, – მხიარულად თქვა ვიტალიმ, – ასე რომ, ჩემო გოგონა, მოსკოვში ერთად გავემგზავრებით, შენ მხოლოდ იმაზე იზრუნე, რომ სამსახურიდან ორიოდე კვირით გამოგიშვან. მოახერხებ?

– რა თქმა უნდა, მოვახერხებ, ვიტალი ბაბუა, – მიუგო მასპინძელს გახარებულმა შორენამ, – ფული კი მეც საკმაოდ მაქვს, თქვენ კაპიკის დახარჯვაც არ მოგიწევთ.

– ეგ ფული, თუ გინდა, რამის საყიდლად წამოიღე, მოსკოვში ჩემი სტუმარი იქნები. ახლა კი წადი, არ დაგაგვიანდეს და ხვალ გამაგებინე, სამსახურში რას გეტყვიან, – უთხრა მასპინძელმა შორენას.

შორენა და კახა ვიტალისგან რომ წამოვიდნენ, ღამის თერთმეტი საათი იყო დაწყებული.

– ახლა საით, შვილო? – ჰკითხა კახამ შორენას.

– მეტროში, კახა ბაბუა.

– შორს მიდიხარ?

– გლდანში.

– გლდანში? – გაიმეორა კახამ და საათს დახედა, – ოჰო, თერთმეტის ნახევარი სრულდება. გლდანისთვის საკმაოდ გვიანია, თან, როგორც ვიცი, ადრესატის ზუსტი მისამართი არ იცი და უნდა მოძებნო. ეს კი ასეთ დროს, თან გლდანში და, მით უმეტეს, შენისთანა გოგონასთვის, საკმაოდ სახიფათო რამაა. ამიტომ, წამოგყვები.

– არა, რას ბრძანებ, კახა ბაბუა, – იუხერხულა შორენამ, – მე მთელი ცხოვრება ასე დავდივარ, შეჩვეული ვარ, თან, მართლა არ მეშინია, რა არის საშიში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე პატრული დადის და, კიდეც რომ ვინმე შემომიჩნდეს, პასუხის გაცემასაც მოვახერხებ.

– არავითარ შემთხვევაში! მიგაცილებ დანიშნულების ადგილამდე, შენს თავს მასპინძლებს ჩავაბარებ და უკან წამოვალ, – მიუგო კახამ.

– კარგი რა, კახა ბაბუა, ნამდვილად არ მინდა გაცილება, მარტო წავალ. თქვენ კი სახლში წადით, ისედაც ბევრი დრო დახარჯეთ ჩემთვის, დიდი პატივი მეცით და არაა საჭირო ასეთი შეწუხება.

– თუ ჩემ გვერდით სიარული გრცხვენია, შვილო, სხვა საქმეა, თქვი და თავს აღარ მოგაბეზრებ. მართალია, ოცდახუთი წლის არ ვარ, რომ ღირსეული კავალრობა გაგიწიო, მაგრამ არც ისეთი დაჩაჩანაკებული ვარ, – ღიმილით უთხრა კახამ გოგონას.

– რას ბრძანებთ, კახა ბაბუა, – წამოწითლდა შორენა, – თქვენი შეწუხება არ მინდა, თორემ მრცხვენია კი არა, პირიქით, მეამაყება თქვენ გვერდით სიარული, თანაც, მშვენივრად გამოიყურებით.

– ჰოდა, აგაშენა ღმერთმა, ერთი წამი მაცადე, – კახამ შვილიშვილს დაურეკა მობილურით და გააფრთხილა, რომ შეაგვიანდებოდა, შემდეგ ხელკავი გამოსდო შორენას, გაუღიმა, „ჩესტი” აუღო და უთხრა: – თადარიგის პოლკოვნიკი თქვენს განკარგულებაშია, მშვენიერო ქალბატონო! ახლა კი წინ, გლდანისკენ!

გლდანისკენ მიმავალი მატარებელი თითქმის ცარიელი იყო. ვაგონში რამდენიმე მგზავრი იჯდა, მათ შორის ორი ახალგაზრდა ბიჭი, რომლებიც თვალს არ აცილებდნენ შორენას და მოურიდებლად ათვალიერებდნენ. კახამ თავიდანვე შენიშნა ახალგაზრდების გადამეტებული ყურადღება შორენას მიმართ, მაგრამ არ შეიმჩნია და მშვიდად განაგრძობდა გოგონასთან ლაპარაკს. ბიჭების თავხედური მზერა არც შორენას გამოჰპარვია და, ცოტა არ იყოს, გული აუჩქარდა – უსიამოვნო წინათგრძნობა დაეუფლა, თუმცა, არც მან შეიმჩნია ეს და კახასთან ლაპარაკი განაგრძო.

„ბოლო გაჩერება, გთხოვთ, გაათავისუფლოთ ვაგონები!” – გაისმა ცნობილი ფრაზა, როდესაც მატარებელი გაჩერდა. ვაგონიდან შორენა და კახა გადავიდნენ, მათ კი ახალგაზრდები გაჰყვნენ უკან.

თერთმეტს გადაცილებული იყო, როდესაც შორენა და კახა განათებულ გლდანის მასივში მიაბიჯებდნენ და დიტო სულაბერიძის საცხოვრებელ კორპუსს ეძებდნენ. გვიანი დროის მიუხედავად, მიკრორაიონის სკვერები და კორპუსის ეზოები ხალხით იყო სავსე, რადგან აგვისტოს სიცხე მათ დაძინების საშუალებას არ აძლევდა.

კახა და შორენა ყურადღებით ათვალიერებდნენ სახლებზე მიწერილ მისამართებს, მაგრამ მათთვის საჭირო სახლს ვერაფრით მიაგნეს.

– მოდი, ვიკითხავ, შვილო, თორემ ასე დილამდე ვივლით და ვერაფერს მივაგნებთ, – უთხრა კახამ შორენას, რომელმაც შენიშნა, რომ მეტროდან ადევნებული ახალგაზრდები აღარ ჩანდნენ და გაიფიქრა ქუჩებში გამოფენილი ამდენი ხალხი რომ დაინახეს, ალბათ, ჩვენთან მოსვლა ვეღარ გაბედეს და თავის გზაზე წავიდნენო.

კახამ შორენა ტროტუარზე დატოვა, თვითონ კი სკვერში მსხდომ ბიჭებს მიუახლოვდა და გამოელაპარაკა, შემდეგ მადლობა გადაუხადა, შორენასთან დაბრუნდა და უთხრა:

– აი, ამ სკვერს რომ გავცდებით, ძველი გარაჟები ყოფილა, იქ უნდა ჩავუხვიოთ და ჩვენთვის საინტერესო კორპუსიც სწორედ იქ მდებარეობს, – კახამ საათს დახედა და დაამატა, – თორმეტის ნახევარია, აბა, ჩქარა წავიდეთ, თორემ იმ ხალხს არ ეძინოს და არ დავაფეთოთ.

ძველი, მიტოვებული გარაჟების ტერიტორია ჩაბნელებული ადგილი იყო, შიგადაშიგ დაჭაობებული გუბეები იდგა და ბაყაყების ყიყინს ყურთასმენა მიჰქონდა.

გარაჟებს გაუსწორდნენ და დიტო სულაბერიძის კორპუსისკენ აიღეს გეზი, მათ წინ მოულოდნელად ორი სილუეტი აღიმართა, რომლებშიც კახას გამოცდილმა თვალმა მეტროდან აკიდებული ახალგაზრდები შეიცნო. ერთ-ერთმა შორენას მაჯაში სტაცა ხელი, თავისკენ დაქაჩა, მეორე ხელი კი პირზე ააფარა, რომ არ ეყვირა, მეორემ კი კახას რკინის ჯოხი მოუქნია და თადარიგის პოლკოვნიკს რომ არ ემარჯვა და შესაშური რეაქცია არ გამოევლინა, რკინა მას თავს გაუპობდა და სულს გააფრთხობინებდა.

– ფუი, შენი დედაც... – შეიგინა წაბორძიკებულმა თავდამსხმელმა, რომელიც პოზიციის დაბრუნებას ლამობდა და წელში გამართვას შეეცადა. თუმცა, უკვე გვიანი იყო და კახამ მას ჯერ იდაყვი ჩაარტყა კისერში: ძირს დააგდო, შემდეგ მაჯაში წიხლი გამოსცხო, რკინის ძელი გააგდებინა, საფეთქლებში ორივე ხელის იდაყვები ერთდროულად მიარტყა და გათიშა. როცა დარწმუნდა, რომ თავდამსხმელი განეიტრალებული იყო, შორენას მიშველება დააპირა, მაგრამ, იმან, რაც დაინახა, ადგილზე გააქვავა: გოგონამ ჯერ ქუსლი ამოარტყა თავდამსხმელს და მოკეცა, შემდეგ მკვეთრად შემოტრიალდა და გამოცდილი კარატისტივით ისეთი ძლიერი წიხლი უთავაზა, რომ მოწყვეტით დაანარცხა მიწაზე.

– ესეც ასე, – თქვა შორენამ და კახას მოუბრუნდა, – როგორ ხარ, კახა ბაბუა, ხომ არაფერი იტკინე?

– ასე ჩხუბი სად ისწავლე, შვილო? – ჰკითხა შორენას აღფრთოვანებულმა კახამ.

– ბავშვობაში, ჯერ კიდევ ინტერნატში სწავლისას ვვარჯიშობდი კარატეში, რომ აბეზარი გოგო-ბიჭებისგან დამეცვა თავი, – მიუგო კახას გოგონამ და ჰკითხა, – თქვენ სად ისწავლეთ ასეთი ჩხუბი, კახა ბაბუა? მოქნეული რკინა ისე ოსტატურად აიცდინეთ და ისე სწრაფად დააგდეთ ეს გარეწარი, თვალის შევლება ვერ მოვასწარი. არადა, რომ მოგხვედროდათ, მოგკლავდათ.

– ძველი სკოლაა – „კაგებეში“ გვასწავლიდნენ. წამოდი, შვილო, წავიდეთ, შუაღამე სრულდება, – უთხრა კახამ შორენას.

– ამათ რა ვუყოთ, კახა ბაბუა, ასე დავტოვოთ?

– მადლობა თქვან, რომ პოლიციას არ ვატყობინებთ. წამოდი, წავიდეთ.

– ხომ არ შემოგვაკვდნენ, კახა ბაბუა, მოდი, ვნახოთ, – თქვა შორენამ და ჯერ ერთ გათიშულს შეუმოწმა პულსი, შემდეგ მეორეს და რომ დარწმუნდა, ცოცხლები იყვნენ, კახას ხელკავი გაუყარა და მასთან ერთად განაგრძო გზა.

– ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება, შვილო, – მიუგო კახამ გოგონას და ღიმილით დაამატა, – შენ მართლაც არ გდომებია დაცვა.

დიტო სულაბერიძის კორპუსში შესულები მეხუთე სართულზე ლიფტით ავიდნენ და თეთრად შეღებილ რკინის კარზე დარეკეს ზარი. რამდენიმე წამში კარი გაიღო და ზღურბლზე ორმოცდაათიოდე წლის სიმპათიური, კარგად მოვლილი ქალი გამოჩნდა, რომელიც ძალიან ჰგავდა დიტოს. „ალბათ, დიტუნას დედაა“, – გაიფიქრა შორენამ, ქალმა კი ღამის სტუმრები შეათვალიერა და ჰკითხა:

– ვინ გნებავთ?

– გამარჯობა, ქალბატონო, – მიესალმა ქალს შორენა, – სულაბერიძის ბინაა, ხომ?

– დიახ, – დაუდასტურა ქალმა.

– ჟურნალისტი დიტო სულაბერიძე აქ ცხოვრობს? – ჰკითხა შორენამ.

– დიახ, აქ ცხოვრობს, მაგრამ ამჟამად ის უცხოეთშია, რა გნებავთ?

– ჩვენ დიტოსგან ვართ.

– დიტოსგან? – გაიმეორა ქალმა და წყვილს გაოცებული მზერა ესროლა, – ხომ მშვიდობაა?

– შეიძლება, შემოვიდეთ? – ჰკითხა მასპინძელს შორენამ, – დიტომ რაღაც დაგვავალა და უნდა გადმოგცეთ.

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, – გაიღიმა დიასახლისმა და სტუმრები ბინაში შეიპატიჟა, – მობრძანდით, ცოტა არ იყოს, დავიბენი, რომ დაგინახეთ. ჩემს მაზლიშვილს ველოდი და თქვენ შემრჩით, მობრძანდით.

დიასახლისი სუსტად განათებულ და გრილ სასტუმრო ოთახში შეუძღვა სტუმრებს.

– დალი, გურამს უთხარი, რომ ჩემთან შემოვიდეს, – გაისმა მამაკაცის ბოხი ხმა, რომელსაც დიასახლისმა მიუგო:

– გურამი არაა, დიტოს გამოგზავნილი ხალხია.

– დიტოს გამოგზავნილი? – ხმამაღლა გაიმეორა ბოხმა ხმამ და სამიოდე წამში სასტუმრო ოთახში შორტებსა და მოკლე მაისურში გამოწყობილი მამაკაცი გამოვიდა, რომელიც სტუმრებს მიესალმა და შორენაზე შეაჩერა მზერა, ბოლოს კი თქვა, – დაბრძანდით.

შორენა და კახა სავარძლებში ჩაეშვნენ.

– კოტე, – გაეცნო სტუმრებს ბოხხმიანი, შორტებიანი მამაკაცი, შემდეგ კი დიასახლისიც გააცნო, – ეს დალია, ჩემი მეუღლე.

– თქვენ, ალბათ, დიტოს მშობლები ხართ, – უთხრა შორენამ მასპინძლებს.

– დიახ, – მიუგო კოტემ, – ახლა კი თქვენც გაგვეცანით, თქვენ, ალბათ, ჩემი დიტოს ახლობლები ხართ.

– შეიძლება ითქვას, რომ ახლობლები ვართ, – თქვა შორენამ, – მე შორენა ვარ და ფსიქიატრიულ კლინიკაში ვიმყოფები სტაჟირებაზე, ეს კი კახა ბაბუაა, თადარიგის პოლკოვნიკი. ჩვენ აქ დიტოს თხოვნით მოვედით. საქმე ისაა, რომ დიტო სულაც არაა იქ, სადაც თქვენ გგონიათ.

დალი, კოტე და კახა ერთნაირი ცნობისმოყვარეობით უსმენდნენ შორენას, რადგან, დიტოს მშობლების მსგავსად, არც კახამ იცოდა, რაში იყო საქმე.

– აბა, სადაა? – სიტყვა გააწყვეტინა აღელვებულმა დალიმ გოგონას და ნიკაპი აუცახცახდა, კოტემ კი დაამატა:

– ხომ მშვიდობაა, ხალხნო, ჩემს დიტუნას რამე ხომ არ შეემთხვა და ნელ-ნელა ხომ არ გვაპარებთ, რომ გულები არ დაგვისკდეს?

– არა, ნუ გეშინიათ, ცოცხალია, მაგრამ, მთლად მშვიდობა არაა და, დროზე თუ არ უშველეთ ბიჭს, შეიძლება, გამოუსწორებელი რამ მოხდეს, – თქვა შორენამ.

– ღმერთო, ღმერთო, რა დაემართა ჩემს ბიჭს, ჩემს ერთადერთ იმედს, ჩემს დიტუნას?.. – აქვითინდა დალი, მაგრამ კოტემ მას უყვირა, გაჩერდიო და შორენას მიუბრუნდა, – მიდი, შვილო, განაგრძე და გვითხარი, რა უბედურება ტრიალებს ჩვენს თავს.

– დიტომ თქვენ მოგატყუათ, როცა გითხრათ, რომ ტროპიკებში მიემგზავრებოდა სამოგზაუროდ, – უთხრა დიტოს მშობლებს შორენამ, – სინამდვილეში კი ის თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში დაწვა მოტყუებით, რომ ჟურნალისტური გამოძიება ჩაეტარებინა და წიგნი დაეწერა – ჯალათი ფსიქიატრები ემხილებინა. ამ დილით კი თქვენი შვილი „სამხეცეში“ ჩაიყვანეს, ნემსი გაუკეთეს და, თუ დროზე არ დაიხსენით იქიდან, სამუდამოდ გათიშული და დადებილებული დარჩება. დიტომ ბოლო მომენტში გამიმხილა თავისი განზრახვა და თქვენი მისამართიც მან მითხრა. სწორედ ამიტომ გეახელით, რომ რაც შეიძლება, მალე უშველოთ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილს დაკარგავთ.

– ვაი, ეს რა დღე გამითენდა, ეს რა შავი დღე გამითენდა, ღმერთო!.. – მოთქმა დაიწყო დალიმ, მაგრამ კოტემ გააჩერა და შორენას ჰკითხა:

– „სამხეცე“ რას ნიშნავს, შვილო?

– „სამხეცე“ ფსიქიატრიულის სარდაფში მდებარეობს, არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არაა რეგისტრირებული და საიდუმლო შესასვლელი აქვს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ, ვინც იქ ჩაჰყავთ, ცოცხალი თითქმის არავინ ბრუნდება უკან, და თუ ბრუნდება, ისეთი დადებილებული, რომ ვერაფერი შველის. პაციენტებზე იქ არაადამიანურ ექსპერიმენტებს ატარებენ და სწორედ ამის სანახავად ჩავიდა „სამხეცეში” თქვენი დიტო.

– ანუ, – წყალივით მოვარდნილი ოფლი მოიწმინდა კოტე სულაბერიძემ, – დიტომ შეგნებულად ჩაიდინა ისეთი საქციელი, რომ ქვესკნელში, „სამხეცეში“ ჩაეყვანათ, ხომ?

– დიახ, ბატონო კოტე, – დაუდასტურა შორენამ, – ერთი ჟუჟუნა სანიტარი მუშაობს ჩვენთან და აბუჩად აიგდო, მერე ნემსი გაუკეთა მას, რომელიც დიტოსთვის იყო გამიზნული, ბოლოს სანიტრები სცემა პალატაში და „სამხეცეში“ ჩაიყვანეს.

– გასაგებია, – ტუჩები მოიკვნიტა კოტემ, სიგარეტი გააბოლა, თან ცოლს უყვირა გაჩუმდიო, რომელმაც მოთქმა განაგრძო და შორენას ჰკითხა, – ფსიქიატრიულ კლინიკაში რომ პატრული მივიყვანო, დიტოს ვერ გადავარჩენთ?

– ვერა, – მიუგო შორენამ.

– რატომ?

– იმიტომ, ბატონო კოტე, რომ სანამ დიტოს ნახვამდე მივა საქმე, მას ერთ ისეთ განსაკუთრებულ ნემსს გაუკეთებენ, რომელიც თქვენს შვილს მომენტალურად დაადებილებს. ამის მერე კი, მას განახვებენ და ათასი ექსპერტიზაც რომ ჩაუტაროთ დიტოს, რაჟდენ რაჟდენოვიჩს მაინც ვერ ამხელთ დანაშაულში.

– რაჟდენ რაჟდენოვიჩი მთავარი ექიმია? – იკითხა კოტემ.

– მთავარი ექიმი და კლინიკის დირექტორი. ყველაფერი მის ხელშია და მას, უბრალოდ, დიტომდე მიღწევას ვერ დაასწრებთ.

– ესე იგი, ბიჭის გადარჩენის შანსი არ არსებობს? – თქვა კოტე სულაბერიძემ.

– ასეთი გზით არა, – მიუგო შორენამ.

– ფული რომ შევთავაზო იმ რაჟდენ რაჟდენოვიჩს?

– მეეჭვება, რომ ამ გზითაც რამე გამოვიდეს. მართალია, ის ფულის მოყვარულია, მაგრამ ჯერ ერთი, ძალიან დიდ თანხას მოითხოვს, უფრო კი, მგონია, რომ შეეშინდება – იფიქრებს, ჩემი გამოჭერა უნდათო, არ დაგთანხმდებათ და დიტოს დასადებილებელ ნემსს გაუკეთებს. არც ეს ვარიანტი ვარგა, სხვა გზა უნდა გამოინახოს, – თქვა შორენამ და კედლის საათს შეხედა, რომელმაც ერთხელ ჩამოჰკრა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ღამის პირველი საათი იყო.

კოტემ შეამჩნია, რომ შორენამ საათს შეხედა და უთხრა:

– დარდი ნუ გაქვთ, მანქანა მყავს და ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ დროს მიგიყვანთ, თქვენებს რომ არ შეეშინდეთ, აი, ტელეფონი და დაურეკეთ.

– არა, გმადლობთ, – უხერხულად გაეცინა შორენას, – მე მარტო ვცხოვრობ და არავინ მომაკითხავს.

კახას მობილურმა დარეკა, მან ტელეფონი გაშალა და უპასუხა:

– არ შეგეშინდეს, ბაბუ, დაწექი და დაიძინე, მე, ალბათ, შემაგვიანდება და ჩემზე არ იდარდო, – კახამ ტელეფონი გათიშა, მაგიდაზე დადო და თქვა:

– ერთი იდეა მაქვს და, ვფიქრობ, ამ გზით თუ მოვახერხებთ დიტოს შველას, თუმცა, არც ისე ადვილი განსახორციელებელია და, თან – კანონსაწინააღმდეგო.

– ეეჰ, ბატონო კახა, რა დროს კანონია, როცა ასეთ საშინელ დღეში ვართ ჩავარდნილები! ჩემი შვილის დასახსნელად ნებისმიერ დანაშაულზე ვარ წამსვლელი. ბრძანეთ, ბატონო ჩემო, რა იდეა გაქვთ. ვალში ნამდვილად არ დაგრჩებით და პატივისცემა ჩემზე იყოს, – უთხრა კახას კოტემ.

– არანაირი პატივისცემა არ მინდა, – თქვა კახამ, – იდეა კი ისაა, რომ საგიჟეთის დირექტორი ტერორის გზით უნდა აიძულოთ, რომ თქვენი ვაჟი გაათავისუფლოს, ანუ, ან მისი ცოლ-შვილი უნდა აიყვანოთ მძევლად ან თავად ის – ეს საქმე ასე თუ გამოვა. აი, სულ ესაა.

– სწორია, – მწარედ ჩაეცინა კოტეს, – მართალია, კრიმინალთან არასდროს მქონია შეხება და, თუ დამიჯერებთ, ჭიანჭველასთვისაც კი არ დამიბიჯებია ფეხი, მაგრამ დიტუნასთვის უკან არაფერზე დავიხევ. როგორც ვხედავ, სხვა გზა არაა და მე თანახმა ვარ.

– კი მაგრამ, ბატონო კოტე, ეს არც ისე ადვილი საქმეა და მინიმუმ კიდევ ერთი ადამიანი და ერთი იარაღი გჭირდებათ. რა თქმა უნდა, მანქანა და მყუდრო, გარეშე თვალისგან მოფარებული სახლი ან ბინა, – უთხრა კახამ კოტეს.

– მანქანა და სახლი არის. ახლა იარაღი და ხალხი მჭირდება და შემიძლია, დიტუნას დახსნაზე ვიზრუნო, – თქვა კოტემ.

– აი, სულ ესაა, ბატონო კოტე, რისი თქმაც მინდოდა და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან – უთხრა კოტეს შორენამ.

– ბრძანე, შვილო, გისმენ.

– ბატონო კოტე, ჩემმა სახელმა არ უნდა გაიჟღეროს ამ საქმეში და რაც არ უნდა მოხდეს, არავის არ უნდა უთხრათ, რომ დიტუნას ამბავი მე მოგიყევით.

– დარდი ნუ გაქვს, შვილო, – სევდიანად ჩაეღიმა კოტეს, – ვერავინ შეიტყობს, რომ ეს ინფორმაცია შენ მომაწოდე და შანთებითაც რომ მაწამონ, მაინც ვერაფერს მათქმევინებენ.

– კარგი, ბატონო კოტე, წარმატებას გისურვებთ, ჩვენ წავალთ, – უთხრა მასპინძელს კახამ და სავარძლიდან წამოდგა.

– ახლავე, ბატონებო, ტანსაცმელს გამოვიცვლი და მანქანით წაგიყვანთ, – უთხრა კოტემ სტუმრებს და გამოსაცვლელად გაემართა, მაგრამ მასპინძელი კახამ შეაჩერა:

– ნუ წუხდებით, ტაქსით წავალთ, თქვენ კი დაისვენეთ და დიტოს გამოხსნაზე იფიქრეთ.

– არა, რას ბრძანებთ, უკვე ღამის ორი საათია, მე წაგიყვანთ, – თავისას არ იშლიდა მასპინძელი, მაგრამ, კახასა და შორენას კატეგორიული უარის შემდეგ იძულებული გახდა, დაეთმო და მათ უთხრა, – მაპატიეთ მეგობრებო, პატივი ვერ გეცით, მაგრამ დიტო გამომახსნევინა და ჩემზე იყოს. ბატონო კახა! – დაუძახა კოტემ კარისკენ მიმავალ პოლკოვნიკს.

– დიახ, ბატონო, გისმენთ!

– ბატონო კახა, მე ასეთ საქმეებში არანაირი გამოცდილება არ გამაჩნია და, იქნებ თქვენ მირჩიოთ, სად ვიშოვო ცეცხლსასროლი იარაღი? იქნებ ნაცნობი გყავთ, ვინც ასეთ რამეებს ყიდის? ნებისმიერ თანხას გადავიხდი მის შესაძენად.

კახას ძალიან შეეცოდა კოტე და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მას შვილის ასეთი გზით გამოხსნა არ შეეძლო, თუმცა პირადად დახმარებას არ აპირებდა და მიაჩნდა, რომ, რაც უთხრა, ისიც კი ზედმეტი იყო, რადგან, კოტე რომ შეეპყროთ და ამ იდეის ავტორი დაესახელებინა, არც მას დაადგებოდა კარგი დღე. მით უმეტეს, „კაგებეს“ ყოფილი პოლკოვნიკი იყო და ამ უწყებაში ნამუშევარ ადამიანებს თანამედროვე ქართული უშიშროება ცუდი თვალით უყურებდა. მიუხედავად ამისა, კახამ კოტეს უთხრა:

– კიდევ ერთ რჩევას მოგცემთ, ბატონო ჩემო: იარაღი სრულიად ლეგალური გზით შეგიძლიათ შეიძინოთ. მხოლოდ „ფსიხო“ უნდა გააკეთოთ, შემდეგ ნებისმიერ იარაღის მაღაზიაში მიხვალთ და პისტოლეტს შეიძენთ სახლში შენახვის უფლებით. სულ რაღაც სამ-ოთხ დღეში მოაგვარებთ ამ საქმეს, მაგრამ, გახსოვდეთ, საგიჟეთის დირექტორს რომ გაიტაცებთ, იარაღი არ გაისროლოთ, თორემ, ჰილზით მოგაგნებენ და ჩავარდებით.

– გმადლობთ, ბატონო კახა, – გულწრფელი მადლობა გადაუხადა კოტემ კახას, – მთავარია, დიტუნა გამოვიხსნა ამ უბედურებიდან და ჩემი თავი ჯანდაბას. სულერთია, ჩავვარდები თუ არა.

კოტეს და კახას საუბარს დალი უსმენდა და რომ დაასრულეს, ქალმა მეუღლეს უთხრა.

– რის გამტაცებელი ხარ, ჩემო კოტე, მართლა ჭიანჭველისთვის არ დაგიდგამს ცხოვრებაში ფეხი, პროფესორ კაცს წიგნების მეტი არაფერი გჭერია ხელში და იარაღს მოიხმარ? ღმერთო ძლიერო, შენ გვიშველე. შენი ძმისშვილი მაინც იყოს ცოტა სხვანაირი და მთლად შენ არ დაგმსგავსებოდა, – ქალმა საათს გახედა და თქვა, – ჰო, მართლა, სულ გადაგვავიწყდა გურამი. ნეტავ სადაა ამდენ ხანს ეს ბავშვი, განა შეიძლება, რომ მეცადინეობას ასე გადაჰყვე?

– შენც მობილურზე დაურეკე, – უთხრა მეუღლეს კოტემ.

– ვურეკავდი და გათიშული ჰქონდა. მოდი, ახლა დავურეკავ, – თქვა დალიმ და ტელეფონი გაშალა, მაგრამ კარზე ზარის ხმა გაისმა და სტუმრებს გაასწრო, კარი გააღო და შეჰკივლა, – დედა, შვილო, რა დაგემართა, გურიკო, რატომ გაქვს თავი შეხვეული, ბიცოლა?

ბინაში გურამი და მისი მეგობარი ბიჭი შემოვიდნენ. ორივეს ბინტით ჰქონდა თავი შეხვეული. მათ ვერ შენიშნეს ოთახის სიღრმეში მდგარი კახა და შორენა და გურამმა ბიცოლამისს მიუგო:

– რა დაგვემართა, ბიცოლა და, მე და კაკომ გოგონები მივაცილეთ სახლში, რომლებიც ჩვენთან ერთად მეცადინეობდნენ და აქეთ წამოვედით. მიტოვებულ გარაჟებთან რომ ჩამოვუხვიეთ, ვიღაც ხულიგნები დაგვხვდნენ და ფული მოგვთხოვეს. რომ არ აღმოგვაჩნდა, აგვიშარდნენ, ჩხუბი დაგვიწყეს, თავში რაღაც ჩაგვარტყეს და გაიქცნენ. არ ვიცი, რამდენ ხანს ვეყარეთ გათიშულები, მაგრამ მე და კაკო რომ გამოვფხიზლდით, უახლოეს სადღეღამისო აფთიაქში მივედით, ბინტები ვიყიდეთ და აქამდე ძლივს მოვაღწიეთ. ჰო, მართლა, ეს კაკოა, ჩემი მეგობარი და, თუ შეიძლება, ამაღამ ჩვენთან დარჩება.

– როგორ არ შეიძლება, ბიცოლა, დარჩეს, აბა, როგორ? კიდევ კარგი, რომ იმ შეჩვენებულებმა არ დაგხოცეს. არა, ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, არა! რა ჯანდაბად უნდათ ეს პატრული და რაში უხდიან ამდენ ფულს, თუკი წესიერი ხალხის უსაფრთხოება არ დაიცვეს? ეს ანგელოზივით ბავშვები რომ დაეხოცათ ხულიგნებს, ხომ იქნებოდა პატრულის ბრალი? – არ ჩერდებოდა დალი.

კახამ და შორენამ, რომლებიც მანამდე უხმოდ უსმენდნენ თავგატეხილებისა და დალის დიალოგს, კარისკენ აიღეს გეზი და როცა გურამსა და მის მეგობარს ჩაუარეს, ბიჭები მოულოდნელობისგან ადგილზე გაქვავდნენ, სანამ ბინიდან გავიდოდნენ, კახამ კოტეს უთხრა:

– აი, ბატონო კოტე, ეს ყმაწვილი და მისი მეგობარი დაიხმარეთ საქმეში, ეტყობათ, რომ ასეთი რამ არ უნდა ეშლებოდეთ. მაგრამ, გირჩევთ, სანამ ასეთ ნაბიჯს გადადგამთ, ისინი კარგად მოამზადოთ ფსიქოლოგიურად.

– რას ბრძანებთ, ბატონო კახა, – თქვა დალიმ, – გურიკო ბიძამისზე უარესია, წიგნისა და კომპიუტერის მეტი არაფერი იცის და აბა, ასეთ საქმეში როგორ გამოდგება?

– მე კი გარწმუნებთ, რომ შესაბამისი ფსიქოლოგიური მომზადების შედეგად ეს ყმაწვილები გამოგადგებიან, – გაიმეორა კახამ და კარი გამოაღო.

– რას ბრძანებთ, ბატონო კახა... – გაიმეორა დალიმ.

– გაჩუმდი, ქალო! – უღრიალა მეუღლეს კახამ, რომელსაც გუნებაში რაღაც ეჭვებმა გაუელვა და ძმისშვილსა და მის მეგობარს, რომლებიც თაგვებივით იყვნენ გასუსულები, ალმაცერად შეხედა, შემდეგ სტუმრებს დერეფანში გაჰყვა, კარი გამოიხურა და კახას უთხრა:

– სიმართლე მითხარით, ბატონო კახა, ნურაფერს დამიმალავთ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თითქოს გურამის და მის მეგობარს პირველად არ ხედავთ. თუ საიდუმლო არაა, რაშია საქმე?

– სულ რაღაც სამიოდე საათის წინ პირველად ვნახეთ, ახლა კი – მეორედ, – მიუგო კოტეს კახამ.

– ესე იგი, – დაიწყო კოტემ, მაგრამ კახამ მას სიტყვა გააწყვეტინა და უთხრა:

– ესე იგი, ჩემო ბატონო, ის, რომ თქვენი ძმისშვილი გურამი და მისი მეგობარი ამ სამიოდე საათის წინ სწორედ იმ მიტოვებულ გარაჟებთან დაგვესხნენ თავს და მე და შორენას რომ არ გვეყოჩაღა და ღმერთი არ დაგვხმარებოდა, თქვენი მონამორჩილი სავარაუდოდ მკვდარი იქნებოდა ახლა, რადგან გურამმა რკინის ჯოხი მომიქნია თავში, შორენას კი ალბათ, გააუპატიურებდნენ.

– რას ბრძანებთ, ბატონო ჩემო?! – აღმოხდა კოტეს, – დაუჯერებელია!

– და მაინც, ეს სიმართლეა, ჩემო ბატონო და სწორედ ამიტომ გირჩიეთ, რომ თქვენი ვაჟის გამოხსნაში ეს ორი ყმაწვილი დაიხმაროთ, მაგრამ ჯერ შესაბამისად შეამზადოთ ფსიქოლოგიურად და ურჩიეთ, რომ არასოდეს იყაჩაღონ და ქალზე არ იძალადონ. არ გამიკვირდება, თუ მათ ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოაჩნდებათ. ერთი სიტყვით, იმოქმედეთ, ბატონო კოტე, მაგრამ, გახსოვდეთ, რომ ჩვენი სახელი არსად არ უნდა ამოტივტივდეს. აბა, თქვენ იცით, წარმატებას გისურვებთ, მშვიდობით!

– მშვიდობით და ყველაფრისთვის უღრმესი მადლობა, – მიუგო კოტემ კახას და შორენას და ბინაში შებრუნდა. კახა და შორენა კი კიბეებზე დაეშვნენ და, ქუჩაში რომ გავიდნენ, ღამის სამი საათი იქნებოდა.

– ხედავ შენ ამ ლაწირაკებს? – თქვა კახამ, როდესაც შორენასთან ერთად ქუჩაში გავიდა და გოგონას ხელკავი გამოსდო, – ამათი ახლობლები ფიქრობენ, რომ ისინი წიგნებს აკვდებიან, სინამდვილეში კი კრიმინალში არიან გაბმულები. ხომ შეიძლება, რომ ჩვენ მოვეკალით ან პირიქით მომხდარიყო?

– მაგაზე ნუღარ ფიქრობ, კახა ბაბუა, – უთხრა შორენამ კახას, – მთავარია, ყველაფერი კარგად დასრულდა და ჩვენი ვალი მოვიხადეთ, დანარჩენი თვითონ იციან. ბოდიშს კი გიხდით, რომ ლამის დიდ შარში გაგხვიეთ, მაგრამ, ღმერთმა, გადაგვარჩინა.

– შორენა, შვილო, ესე იგი, „სამხეცე” არ გაუუქმებიათ საგიჟეთში? – უთხრა შორენას კახამ, – არა, ამ ქვეყანას მართლა არ ჰყავს პატრონი და ჯალათები ყველა მთავრობას სჭირდება.

– თქვენ რა, იცოდით, „სამხეცე” რომ არსებობდა? – გაუკვირდა შორენას.

– ვიცოდიო?! – ჩაეცინა თადარიგის პოლკოვნიკს, – ვიცოდი კი არა, ერთი პერიოდი მაგ ჯოჯოხეთს „კაგებე“ კურირებდა და, სულაც, „ენკავედეს“ ინიციატივითაა ის შექმნილი. იცი, რას ნიშნავს „ენკავედე“?

– არა.

– რას ნიშნავს და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს – „კაგებეს“ წინამორბედი იყო, პრინციპში, მილიცია და უშიშროება იყო გაერთიანებული და ერთგვარი ფსიქიატრიული ციხე იყო, სადაც, სხვათა შორის, აბსოლუტურად ჯანმრთელ, ნორმალურ, მაგრამ მთავრობისთვის არასასურველ ადამიანებს ათავსებდნენ. შენ რომ ჟუჟუნა სანიტარი ახსენე, ვიცნობ, სწორედ მისი ხელით აწამებდნენ ეგრეთ წოდებულ არაკეთილსაიმედო პაციენტებს. ერთხელ მაგ „სამხეცეში“ დაკითხვაზეც კი ვიყავი და ერთი სასულიერო პირი ვნახე, რომელსაც უმძიმეს დანაშაულებებს აბრალებდნენ, თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ის კაცი პატიოსანი ადამიანი იყო. მე მაშინ ახალგაზრდა თანამშრომელი ვიყავი და კომუნისტური იდეოლოგიით გაბრუებული, თუმცა, იმ კაცისადმი კარგად ვიყავი განწყობილი. მერე ის საწყალი მოსკოვში გადაგზავნეს და, ალბათ, მოსკოველმა ჯალათ-ფსიქიატრებმა მოუღეს ბოლო. საცოდავი... ღმერთმა აცხონოს!

– ხომ არ გახსოვთ, რა ერქვა იმ სასულიერო პირს? – ჰკითხა შორენამ კახას.

– რა თქმა უნდა, მახსოვს – გაბრიელი, – მიუგო კახამ.

– დღესაც ცოცხალია და სწორედ იმ პალატაში წევს, სადაც დიტო სულაბერიძე იწვა, – თქვა შორენამ.

– კარგი, რას ამბობ! – წამოიძახა კახამ, – მადლობა ღმერთს! მე კი, ამ წლების განმავლობაში სინდისი არ მასვენებდა, რომ მას ვერაფრით დავეხმარე და აქედან მოსკოვში გაგზავნეს. ის კი, თურმე, ცოცხალი ყოფილა. ნეტავ, როგორაა ახლა?

– ხანში შესულია, მაგრამ, საკმაოდ მხნედ გამოიყურება. ბევრი ლაპარაკი არ უყვარს და დროის უმეტეს ნაწილს ლოცვაში ატარებს. კედელზე, საწოლის წინ ჯვარი აქვს მიხატული, მუხლს მოიყრის ხოლმე, თავს მიადებს კედელს და ლოცულობს და ლოცულობს, – თქვა შორენამ, გაიცინა და დაამატა, – აი, მე კი არ მოვუდივარ თვალში და, რომ დამინახავს ხოლმე, მრისხანე თვალებით მიყურებს.

– რატომ, რა დაუშავე? – დაინტერესდა კახა.

– რატომ, კახა ბაბუა და, იმიტომ, რომ სამსახურში მოკლე კაბით დავდივარ. მისი აზრით, ალბათ, ნამეტანი სიშიშვლე მიჩანს, ის კი თვალებს მიბრიალებს. ერთხელ ამის გამო ჟუჟუნა სანიტარი შემომელახა და ძლივს გამომგლიჯეს ის ჯალათი ხელიდან, – უთხრა შორენამ კახას, ჟუჟუნას ცემის ისტორია დაწვრილებით უამბო და დაამატა: – ასე რომ, ჟუჟუნა ჩემი მოსისხლე მტერია და, თუკი მომენტი ჩაუვარდა, ალბათ, შეეცდება, ტილივით გამსრისოს.

– აი, ტაქსიც, შვილო. ჯერ შენ მიგიყვან სახლში, მერე კი წავალ, – უთხრა კახამ და მანქანა გააჩერა.


скачать dle 11.3