კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

როცა ცოლად კახპა მოგყავს

ჯონ კოლერი

დოქტორი რანკინი, ჩაფსკვნილი, მოუხერხებელი მამაკაცი, კმაყოფილი დასცქეროდა საკუთარ ნამუშევარს. მან თითქმის დაამთავრა სარდაფში ცემენტის დასხმა, ახლა კი ყურადღებით ათვალიერებდა თავისი შრომის შედეგს. მგონი, კარგად გამოუვიდა, თუმცა, ასეთ საქმეებში გაწაფული არ იყო. როცა გადაწყვიტა, დროა, ხელსაწყოები კარადაში შევინახო და ხელები დავიბანოო, ჭიშკარმა ხმამაღლა გაიჭრიალა და ვიღაცის ფეხის ხმა მოისმა. რანკინი მოულოდნელობისგან შეხტა. მალე თავს ბაკი და ბადი წამოადგნენ.

– დოკ, გამარჯობა! ეი, დოკი! სათევზაოდ არ წამოხვალთ? ისეთი ამინდია, კარგად მოედება... ეი! სახლში არავინ ხართ?!

იმ დილით დოქტორ რანკინს თევზაობისთვის არ ეცალა – გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა. ამიტომ, გაჩუმება არჩია – იფიქრა, იქნებ, წავიდნენო... ბაკი და ბადი პარმაღზე შეჩერდნენ და ერთმანეთში ბჭობა დაიწყეს:

– ნეტავ, სად უნდა წასულიყვნენ?

– წერილი დავუტოვოთ. დავწეროთ, რომ, როგორც კი დაბრუნდება, მაშინვე მდინარისკენ გამოეშუროს.

– ირენი მაინც სად წავიდა? მას მაინც დაელაპარაკებოდა კაცი. ისე, ირენი მაგარი ვინმეა, ძალიან მაგარი.

სწორედ ამ დროს დოკ რანკინი სარდაფიდან ამოვიდა.

– დოკ, აი, თურმე, სად ყოფილხართ! არ გესმოდათ, რომ გეძახდით? სათევზაოდ არ წამოხვალთ? ირენი სადღაა? მთელი ხმით ვყვიროდით, არ ესმოდა – დააყარეს კითხვები.

– ირენი სახლში არ არის, სტუმრად წავიდა.

ბაკი სარდაფში ჩასასვლელ კიბესთან მივიდა და მასპინძლის მხარს ზემოდან ქვემოთ ჩაიხედა.

– იქ რას აკეთებდით, თქვენს პაციენტებს ხომ არ მარხავდით? – თქვა და საკუთარ ხუმრობაზე გაეცინა.

– ცოტა იატაკი ავამაღლე და ცემენტი დავასხი – წყალი დგებოდა.

– წყალი დგებოდა?! – გაიოცა ბადმა, – აბა, რას ამბობთ, აქ წყალს რა უნდა, დოკი? მე ისეთი სახლი გაყიდვინეთ, საუკეთესო... მე რომ არა, ბებერი ჯექსონის ხუხულას იყიდდით. აბა, რას ამბობთ... მე არასდროს მოგყიდდით სახლს სველი სარდაფით.

– არა, არა, ყველაფერი წესრიგშია, – დოკი უკვე ნანობდა, რომ საერთოდ შეეხო სარდაფის თემას.

– ჰოო, ვხედავ, ძალიან დაღლილხართ, – აღნიშნა ბაკმა, – ძლივს სუნთქავთ.

– ცოტა დავიღალე, შეჩვეული არ ვარ მძიმე სამუშაოს.

– ჰოდა, ახლა მდინარეზე დაისვენებთ, წამოდით.

– არ შემიძლია, ბიჭებო, ბევრი საქმე მაქვს – პაციენტები მელოდებიან.

– ოჰ, დოკ... აცადეთ ხალხს ცხოვრება და თქვენც დაისვენეთ. იმედი მაქვს, ჩვენი სასახელო თანამოქალაქე რაოდენობის შემცირებას არ აპირებთ, – იხუმრა ბაკმა და უცებ იკითხა, – ირენი როგორ არის?

ამ შეკითხვამ ექიმი დააბნია.

– ირენი? აჰ, დიახ... არაჩვეულებრივად, უკეთესად რომ არ შეიძლება. მეგობრებთან გაემგზავრა ოლბინიში, თერთმეტსაათიანი მატარებლით.

– თერთმეტსაათიანი მატარებლით ოლბინიში? – გაიოცა ბაკმა, – ძალიან უცნაურია, რომ გზაში არსად შეგვხვდა.

– უჰ, ოლბინი ვთქვი? შემეშალა, უოტერტაუნი უნდა მეთქვა.

ბაკის ცნობისმოყვარეობა ამანაც ვერ დააცხრო:

– უოტერტაუნში? კი მაგრამ, ვისთან? ირენს იქ მეგობრები ჰყავს?

– დიახ, მისის სლუიტერი, – თავი დაუქნია რანკინმა და ამოიოხრა, – ისინი მეზობლები იყვნენ წლების წინ. მისის სლუიტერი ახლაც იქ ცხოვრობს. სიკამორ-სტრიტზე.

– მისის სლუიტერი? – ჩაეკითხა უძრავი ქონებით მოვაჭრე, ბადი, – რომ არ მახსენდება ასეთი არავინ? მეც ხომ იქ ვცხოვრობდი და, საერთოდაც, უოტერტაუნში გავიზარდე! რაღაც აშკარად გეშლებათ.

– არ მეშლება. გუშინ საღამოს ირენმა ამ მისის სლუიტერისგან წერილი მიიღო... რა თქმა უნდა, მას მერე წლები გავიდა...

– არა, არა, დოკ... შეაწყვეტინა ბადმა, – საქმე ისაა, რომ ჩვენ, სამივე – მე, ბაკი და ირენი – დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს. მე და ბაკი ირენის მშობლებსაც კი არაჩვეულებრივად ვიცნობდით. მათ არასდროს ჰყოლიათ მეზობელი, სახელად მისის სლუიტერი.

– და, როდის წავიდა ირენი სადგურში? – ჰკითხა ბადმა, – ფეხით იყო? თქვენ არ მიიყვანეთ სადგურამდე?

– არა... სარდაფში მქონდა საქმე და ვერ წავიყვანე. ჰო, ფეხით წავიდა, მერე რა?

ბაკმა და ბადმა ერთმანეთს გადახედეს.

– ჩვენ გეინ-სტრიტით მოვედით, – ხმადაბლა, დაეჭვებით ჩაილაპარაკა ბაკმა, – ირენი, მით უმეტეს, ჩემოდნით, არ გვინახავს...

– ჩემოდანი არც ჰქონია, – დოქტორი რანკინი უკვე თვალებს აცეცებდა, – პატარა ჩანთით წავიდა... საერთოდაც, ვერ ვხვდები, რატომ მიწყობთ დაკითხვას?

ბადმა ისევ შეხედა ბაკს და წამოიყვირა:

– ო, ღმერთო! ნუთუ... დოკ... არა, არ მჯერა, თქვენგან ამას ნამდვილად არ მოველოდი!

– რაო? ბიჭებო, რა იფიქრეთ, ხომ არ გაგიჟდით, რას გულისხმობთ?

– აჰა, ესე იგი, მართლა... – შეძრწუნებით წამოიძახა ბაკმაც, – ექიმო, ეს რა ჩაიდინეთ?

– თქვენ, მგონი, გაგიჟდით... თქვენ ფიქრობთ, რომ მე ირენი... ჩემი ცოლი... არა, ეს წარმოუდგენელია! ახლავე წადით აქედან, წადით და, თუ გინდათ, შერიფთანაც მიდით, მოვიდეს და ამოთხაროს. ეშმაკებსაც წაუღია თქვენი თავი თქვენი იდიოტური ეჭვებით! ხუთ წუთს გაძლევთ იმისთვის, რომ მშვიდობიანად მოშორდეთ აქაურობას!

ბადი და ბაკი გაოგნებულები შესცქეროდნენ მასპინძელს, წასვლა კი არც ერთს არ უფიქრია.

– არ გესმით? აქედან დამეკარგეთ-მეთქი!

– მოიცა, დოკ... ისეც არ არის საქმე, შენ რომ გგონია. გულახდილები რომ ვიყოთ, შენ ამისთვის ყველა მიზეზი გქონდა, – თქვა ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ ბაკმა.

– აბა, რა! ღმერთია მოწმე, რომ ბაკი მართალია, – დაუდასტურა ბადმაც.

– რა სისულელეს ჩმახავთ, რა მიზეზებზე ლაპარაკობთ?

– ექიმო, თქვენ ხომ თავადაც გესმით, – დაიწყო უძრავი ქონებით მოვაჭრემ, – ეს ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა, ჯერ ცოტა შოკში ვართ... ბოლოს და ბოლოს, შეიძლება, თანამზრახველობისთვის გისოსებს მიღმაც აღმოვჩნდეთ – დანაშაულის დაფარვაც დანაშაულია. მაგრამ, გიმეორებთ, ჩვენ არ გავწირავთ პატიოსან კაცს. ჩვენზე უკეთ ვინ იცის, ვინ იყო ირენი... ხუთი წლის წინ, ჯერ კიდევ თქვენს დაქორწინებამდე, როცა ნახევარი წლით კვალიფიკაციის ასამაღლებლად იყავით წასული... მოკლედ, ალბათ, უნდა გაგვეფრთხილებინეთ...

– მორჩით სისულელეებს! მე უკვე ორმოცდაათის ვარ და ძალიან სულაც არ შევეფერები ირენს – ეს გინდათ, მითხრათ?

– არა, არა, ოცდაერთი წლისაც რომ ყოფილიყავით, მაინც არაფერი შეიცვლებოდა – ბუნების წინააღმდეგ ვერ წახვალთ.

დოქტორმა რანკინმა მხრები აიჩეჩა:

– ჰო, ბევრს მიაჩნია, რომ ირენი არც ისე კარგი ცოლია, არ უყვარს სახლის დალაგება და ძალიან ცუდი დიასახლისია. ვერაფრით ისწავლა კერძების მომზადებაც. მაგრამ, ის ისეთი ახალგაზრდაა და სიცოცხლით სავსე...

– მოიცა ერთი, დოკ... – უხეშად გააწყვეტინა ბაკმა, – ნეტავი რატომ იცავთ? ასეთი ცოლი რომ მყოლოდა, მეც მოვკლავდი.

– რაო?! – გაოგნდა დოკი.

– აბა, რა, – განაგრძო ბადმა, – მთელმა ქალაქმა იცის ამის შესახებ, იმიტომ, რომ თითქმის მთელი ქალაქის კაცებთან იწვა. ჩვენ მას ვაფრთხილებდით, ვეუბნებოდით, რომ გათხოვების მერე მაინც უნდა შეეცვალა ცხოვრების სტილი, მაგრამ...

რანკინი გაშტერებული უსმენდა.

– ჩვენზე ცუდად არ იფიქრო, დოკ... ჩვენ მასთან ერთხელაც არ... ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობთ... თუმცა, თავად წინააღმდეგი არ იყო... ერთი სიტყვით, თუ საქმე სასამართლომდე მივა, შეგიძლია, ჩვენი იმედი გქონდეს, – მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი ბადმა. ბაკმა კი ამოიოხრა:

– ყოველთვის ასე მთავრდება, როცა კაცს ცოლად კახპა მოჰყავს. აი, ნახავთ, მთელი ქალაქი თქვენ მხარეს იქნება.

დოკმა თავზე იტაცა ხელები:

– ახლა რა ვქნა... რა უნდა ვქნა, ამ ყველაფრის შემდეგ?

– შენ უკვე გააკეთე ის, რაც უნდა გაგეკეთებინა. მე და ბადი ახლა წავალთ და, შენ იცი, გამაგრდი, ყველაფერი კარგად იქნება..

საღამომდე დრო რანკინმა სრულ მდუმარებაში გაატარა, პარმაღზე იჯდა და ოხრავდა. ცოლის ხმა მაშინღა გაიგონა, როცა ქალმა მთელი სახლი შემოიარა მის ძებნაში.

– დოკ, მე დავბრუნდი, დოკ, სად ხარ?

– აქ ვარ, ირენ, სარდაფისკენ წამოდი, – თქვა დოკმა დაღლილი ხმით და მძიმედ წამოდგა.

პარმაღზე ახალგაზრდა, ლამაზი ქალი გამოჩნდა, მოდურად ჩაცმული, მოციმციმე თვალებით და ვნებიანი ტუჩებით.

– არ დაიჯერებ, ძვირფასო, მატარებელზე დამაგვიანდა. მერე კი... დოკ, რა მოხდა, რა სახე გაქვს? უკვე დაამთავრე სამუშაო?

– ჰო... დავამთავრე... მაგრამ, ვშიშობ, ყველაფრის გაკეთება თავიდან მომიწევს... ჩამომყევი, ძვირფასო, სარდაფში, მინდა, რაღაც გაჩვენო. შენი რჩევა მჭირდება...


скачать dle 11.3