კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაატარა ქალმა ქმრის ტყვეობაში ექვსი წელი და როგორ ვერ გადაურჩა მის შურისძიებას


38 წლის ანა შუბითიძე საავადმყოფოში მძიმედ დაჭრილი, შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს. ახალგაზრდა ქალბატონს გულ-მკერდის არეში დანით ოთხი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ოთხივე ჭრილობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო. ანა შუბითიძეს სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა მაინც კრიტიკული იყო.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა. როგორც სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი, ანა შუბითიძე საავადმყოფოში მიიყვანეს სახლიდან, სადაც ის ექვსი თვის განმავლობაში ქირით ცხოვრობდა. ამონაწერი ანა შუბითიძის მეზობლის, ნანული გვრიტიშვილის ჩვენებიდან: „ანა შუბითიძე ჩვენს ეზოში საცხოვრებლად რამდენიმე თვის წინ გადმოვიდა, 4 წლის შვილთან ერთად პატარა ოთახი იქირავა. ძალიან ჩუმი, მორიდებული ქალია, თავიდანვე კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ისე გავიდა ორი თვე, მასთან ერთი ადამიანიც კი არ გვინახავს მისული. ორი თვის მერე, ვნახეთ მასთან სტუმრად მყოფი დედა, რომელიც კახეთის სოფლიდან ჩამოვიდა. მას შემდეგ ანასთან არავინ მისულა – თავიდან ცოტა უცნაურადაც კი გვეჩვენებოდა მისი კარჩაკეტილობა. ისეთი იდუმალი გოგო იყო, თითქოს რაღაც საიდუმლოს ინახავდა. ერთხელ ჩვენს ეზოში პოლიცია მივიდა, ანა მათ დანახვაზე დაიბნა, შეშინდა. მისმა რეაქციამ ყველა გაგვაოცა. არც ის ვიცოდით, ვინ ინახავდა ანას და მის შვილს. ანა არსად არ მუშაობდა, ბავშვი მიჰყავდა საბავშვო ბაღში და მაშინვე უკან ბრუნდებოდა, არ ჰყავდა მეგობრები. ეტყობოდა, რომ მატერიალურად ძალიან უჭირდა, მაგრამ ამას არ იმჩნევდა. არ მახსოვს, რომელიმე მეზობელთან რაიმეს სათხოვნელად მისულიყო.

იმ დღეს, როდესაც ანას ეს ინციდენტი შეემთხვა, დილით ადრე ვნახე. ბავშვი მიჰყავდა საბავშვო ბაღში, ცოტა შეწუხებული იყო. ვკითხე: რამე პრობლემა ხომ არ გაქვს, ჩემი შვილის ტოლი ხარ, მითხარი, იქნებ, შევძლო შენი დახმარება-მეთქი. ცივად იუარა, ზრდილობიანად გადამიხადა მადლობა და დამემშვიდობა. საღამოს, უკვე გვიანი იყო, როდესაც ანას სახლიდან მამაკაცის ხმა შემომესმა. ძალიან გამიკვირდა, რადგან ანასთან მამაკაცი წარმოუდგენელი რამ იყო. ანა და ჩემთვის უცნობი მამაკაცი, ერთმანეთს ხმამაღლა ესაუბრებოდნენ. ვერ ვიტყვი, რომ ჩხუბობდნენ. თუმცა, მათ შორის აშკარად უსიამოვნო საუბარი იყო. ანას ოთახი ეზოს ბოლოშია, ყველა მოსახლისგან დაშორებით. ჩვენ მათთან ყველაზე ახლოს ვცხოვრობთ, ამიტომ სხვა მეზობლები ვერ გაიგებდნენ, რა ხდებოდა მის სახლში. ცოტა ხანში, ჩემი მეუღლე გახდა ცუდად, მას ვუვლიდი და გარეთ თორმეტ საათამდე არ გამოვსულვარ, როცა ეზოში გამოვიხედე, ყველა სახლი ჩაბნელებული იყო, შუქი მხოლოდ ანას სახლიდან გამოდიოდა. ძალიან გამიკვირდა, სახლთან ახლოს მივედი, ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. დავაკაკუნე, ანა არ გამომეხმაურა. ცოტა ხანში კიდევ დავაკაკუნე, კიდევ რომ არ გამიხსნა კარი, შევაღე და ოთახში შევედი. ანა საწოლზე მოკრუნჩხული იწვა, ირგვლივ ყველაფერი სისხლით იყო მოსვრილი. იქვე იწვა ბავშვიც, რომელსაც დედის გვერდით ეძინა. ისიც სისხლიანი იყო. ანასთან ახლოს მივედი, ძალიან ცუდად სუნთქავდა, მივხვდი, რომ სისხლისგან იცლებოდა. მაშინვე მეზობლებს დავუძახე, სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ. მათ მძიმედ დაჭრილი ანა საავადმყოფოში გადაიყვანეს”.

სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს. დადგინდა, ანას საახლობლო წრე, რომელიც მხოლოდ მისი ოჯახის წევრებისგან შედგებოდა. ანას სოფელში ჰყავდა მოხუცი დედა და მამა. მისი და კი, რომელიც უკრაინაში იყო გათხოვილი, ანას წლებია, არ ენახა. როგორც ანას დედის, ჟუჟუნა სოლოღაშვილისგან გახდა ცნობილი, ანა წლების განმავლობაში, შვილთან და ქმართან ერთად, თავადაც არ ცხოვრობდა საქართველოში. მან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ჩინეთის საზღვართან ახლოს, ამურის ოლქის პატარა დაბაში გაატარა ბოლო ექვსი წელიწადი, საიდანაც საქართველოში რვა თვის წინ დაბრუნდა. ანას დედის განცხადებით, მისი სიძე – ვალერი დუნდუა, ისევ იმ დაბაში ცხოვრობდა. ამონაწერი ჟუჟუნა სოლოღაშვილის ჩვენებიდან: „ვალერი ჩვენი თანასოფლელი იყო. ის და ანა ათი წლის წინ დაოჯახდნენ. როცა აქ ცხოვრება გაჭირდა, ვალერი არხანგელსკში წავიდა დედის ნათესავებთან. ერთ წელიწადში ანაც თან წაიყვანა. ბავშვი სამი წლის მერე ეყოლათ, უკვე შორეულ აღმოსავლეთში ცხოვრობდნენ. ჩემი შვილი საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდა, რადგან მეუღლე არ უშვებდა, თუმცა ტელეფონზე ხშირად დაიჩივლებდა ხოლმე, მანდ, თქვენთან მინდაო. ანა რუსეთიდან 8 თვის წინ ჩამოვიდა, მას შემდეგ მისი ქმრის კვალი დავკარგეთ, საერთოდ, არ შემოგვეხმიანა. ანამ სოფელში დაბრუნება არ ისურვა – არ უნდოდა ქმრის ნათესავებს შეხვედროდა და ქირით გადავიდა საცხოვრებლად”.

გამოძიებას ანა შუბითიძის მკვლელობის მცდელობის ვერსიები თითქმის არ ჰქონდა. ანას არ ჰყავდა დიდი წრე, რომ ვინმესთან რაიმე კონფლიქტი და დაპირისპირება ჰქონოდა. არ ჰყავდა მოვალეები, მასზე თავდასხმა არც ყაჩაღობის განზრახვით შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან ის საკმაოდ ღარიბულ სახლში, გაჭირვებით ცხოვრობდა. ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც ანა წარსულით იყო დაკავშირებული, მისი მეუღლე – ვალერი დუნდუა იყო. მისი ოჯახის განცხადებით, ვალერი რუსეთში 10 წლის წასული იყო და ის აქ თვალით არავის ენახა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ვალერი დუნდუა არ იმყოფებოდა რუსეთის ტერიტორიაზე და რომ მას საქართველო-რუსეთის საზღვარი ინციდენტამდე ორი კვირით ადრე გადმოელახა. ამ ორი კვირის განმავლობაში, ის მართლაც არ ჩასულა მშობლიურ სოფელში, სადაც წლების განმავლობაში არ იყო ნამყოფი და სადაც მისი ძმები ცხოვრობდნენ. ეს ნამდვილად საეჭვო გარემოება იყო, სამართალდამცველებმა ვალერი დუნდუას ძებნა დაიწყეს და მის კვალს რამდენიმე დღეში მიაგნეს. ის მეზობელ სოფელში იმალებოდა ნათესავთან, რომელმაც ბიძაშვილის მოულოდნელი დაბრუნების ნამდვილი მიზეზი არ იცოდა.

დაკითხვაზე ვალერი დუნდუას თავი მარჯვედ ეჭირა, განაცხადა, რომ ყოფილი ცოლის ადგილსამყოფელი არ იცოდა და არც აინტერესებდა, დაბრუნების მიზეზად კი, ბიზნესინტერესები დაასახელა, რომელიც მას ვითომც და შორეულ ნათესავთან ერთად უნდა წამოეწყო. ამის მიუხედავად, გამოცდილი სამართალდამცველებისთვის ნათელი იყო, რომ ვალერის ყოფილი ცოლის მიმართ შურისძიება ამოძრავებდა. ეს ეჭვი მას შემდეგ გამყარდა, რაც ოპერატიული ინფორმაციით დადგინდა, რომ ანა შუბითიძე ქმარს რუსეთიდან გამოჰპარვია. ამის შემდეგ დაჭრილი ანა შუბითიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გამოკეთდა. ის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, გადარჩენილმა ქალბატონმა სამართალდამცველებს დაწვრილებით მოუთხრო მომხდარი დანაშაულისა და საკუთარი ცხოვრების შესახებ, მან მკვლელობის მცდელობაში ქმარი დაადანაშაულა. ამონაწერი ანა შუბითიძის ჩვენებიდან: „როცა ვალერის ცოლად გავყევი, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, ჩვენი ურთიერთობა მაშინ შეიცვალა, როდესაც საცხოვრებლად რუსეთში გადავედით. ვერც ბავშვმა გადაარჩინა ჩვენი ოჯახი. ვალერი სმას მიეჩვია, ხშირად მღალატობდა, უმიზეზოდ მცემდა. არხანგელსკში ცხოვრების დროს, ასე თუ ისე, ვუძლებდი, მაგრამ მერე შორეულ აღმოსავლეთში, ამურის ოლქში გადავედით. ჩვენი პატარა დაბა ჩინეთის საზღვართან ძალიან ახლოს იყო, დაბა არც ერქვა, უღრან ტაიგაში რამდენიმე ასეული ადამიანი ვცხოვრობდით. ადრე იქ საპატიმრო ბანაკი ყოფილა, სადაც განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს ასახლებდნენ. ჩვენი საცხოვრებლები გაუვალი ტაიგიდან მავთულხლართებით იყო შემოღობილი. გაქცევა რომ გდომებოდა, ვერ გაიქცეოდი, თუმცა მავთუხლართებზე უარესი გარეთ გასულს გელოდა – ყინვა დღისითაც კი 30 გრადუსს აღწევდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ უახლოესი რკინიგზის სადგური ჩვენი დასახლებიდან საკმაოდ შორს გახლდათ. ძალიან ბევრჯერ გადავწყვიტე იქიდან გამოპარვა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. რადგან ეს აზრი თავში ჩავიდე, ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ განზრახვა შემესრულებინა. ექვსი თვე ვემზადებოდი, რომ ჩემი ქმრის ტყვეობიდან თავი დამეღწია. ფული მოვაგროვე. ერთხელ არხანგელსკში მომიხდა ჩასვლა და ერთი ნაცნობის მეშვეობით, საბუთები მოვაწესრიგე. ჩემს ქმარს წარმოდგენა არ ჰქონდა, რას ვაპირებდი და ჩემს ტანჯვა-წამებას განაგრძობდა. ერთ დილას, როცა ვიცოდი, რომ ჩემი ქმარი დაბაში არ იყო, წინასწარ მომზადებული პატარა ჩანთა ჩავალაგე, ბავშვიც წამოვიყვანე და გამოვიქეცი. ძალიან ძნელია იმის მოყოლა, რა გადავიტანე გზაში, როგორ გადამირჩა ბავშვი გაყინვას, როგორ მივაღწიე პატარა დასახლება „სვაბოდნიმდე”. ჩემთვის მთავარი ეს იყო. როცა „სვაბოდნიში“ მოვხვდი, თითქოს სამშვიდობოზე ვიგრძენი თავი. მერე არხანგელსკში ჩავედი. ერთი კვირა ჩემს ნაცნობთან გავათიე, ის დამეხმარა და ომსკში გადაგვაფრინა. იქაც დიდხანს მომიწია დარჩენა, სანამ საბუთები მოვაწესრიგე და ბოლოს მოვხვდი ერევანში, საიდანაც ჩემს სამშობლოში დავბრუნდი. ეს იყო ჯოჯოხეთური გზა, რომლის გავლა ქალისთვის ძალიან ძნელია. საქართველოში ჩამოსულს, არც მიფიქრია, სოფელში დაბრუნება. ვიცოდი, ამას ჩემი ქმარი აუცილებლად შეიტყობდა, მე კი მას წამოსვლისას გზა-კვალის ასაბნევად, ისეთი წერილი დავუტოვე, რომ მას არ უნდა სცოდნოდა ჩემი ადგილსამყოფელი. მე მაინც მქონდა იმის შიში, რომ ის ადრე თუ გვიან მომძებნიდა. ასეც მოხდა. არ ვიცი, როგორ გაიგო ჩემი საცხოვრებელი ადგილი. როცა სახლში მომადგა, გაოცებისგან ენა ჩამივარდა. ნასვამი იყო, მხოლოდ ის მკითხა, რატომ გამოიქეციო. ისიც მითხრა, ერთი თვეა საქართველოში ვარ და შენ გეძებ, კერძო დეტექტივიც კი დავიხმარეო. არ მინდოდა, მეზობლებს რაიმე გაეგოთ და ხმადაბლა ვესაუბრებოდი, არც თვითონ უყვირია. მძინარე ბავშვს მიეფერა, დანა ამოიღო და სხეულზე დამადო. სადისტივით იქცეოდა, არც მარტყამდა დანას და არც თავს მანებებდა. ბოლომდე ვერ ვიჯერებდი, თუ ასე გამწირავდა. როცა მტკიცე ხმით ვუთხარი: მე შენ იმ ჯოჯოხეთში აღარ გამოგყვები, აქ უნდა გავაგრძელო ჩემი ცხოვრება-მეთქი, დანა მხარში ჩამარტყა, მერე ის თითი დამიჭირა, რომელზედაც საქორწინო ბეჭედი მეკეთა, თან მეჩურჩულებოდა: შენ ამ ბეჭდის ტარების ღირსი არ იყავიო, თუმცა ბეჭედი დიდი ხნის მოხსნილი მქონდა. თითის მოჭრა რომ დამიწყო გავუძალიანდი, კიდევ დამარტყა დანა და მე გონება დავკარგე, აღარაფერი მახსოვს”.

ანა შუბითიძის აღსარება მრავლის მნახველი ადამიანებისთვისაც რთული მოსასმენი იყო. მან ქმარი მძიმე დანაშაულში ამხილა. ვალერი დუნდუამაც ჩადენილი დანაშაული აღიარა და ისიც განაცხადა, რომ ცოლს შურისძიების მიზნით გაუსწორდა. სასამართლომ ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ მამაკაცს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


скачать dle 11.3