კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ბიზნესშია ამერიკის შეერთებულ შტატებში უმიზეზოდ დახვრეტილი მხატვრის ცოლ-შვილი

უკანასკნელი სურვილი

ორთაჭალის ციხის პაემნების ოთახი ხალხით იყო სავსე. იქაურობა სიგარეტის კვამლში გახვეულიყო. გისოსებიანი ფანჯრის ხელმარცხნივ ახალგაზრდა, ქერათმიანი ქალი იჯდა და კარს მისჩერებოდა. უცებ კარი გაიღო და ოთახში გამხდარი, შავგვრემანი კაცი შემოვიდა. მას ზედამხედველი შემოჰყვა. შემდეგ თითი ქერათმიანისკენ გაიშვირა და გავიდა. შავგვრემანი პატიმარი ქალს მიუახლოვდა, გაუღიმა და უთხრა:

– დალი გიორგობიანი ბრძანდებით?

– დიახ. თქვენ კი, ალბათ, გელა ხომერიკი, ხომ?

– მე გახლავართ.

– გისმენთ, გელა, რატომ დამიბარეთ, რა გნებავთ?

შავგვრემანი პატიმარი ორთაჭალის მკაცრი რეჟიმის ციხეში იჯდა და თხუთმეტწლიან სასჯელს იხდიდა მკვლელობისთვის. 27 წლის ხომერიკს, თავდაპირველად, დახვრეტა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ უმაღლესმა სასამართლომ მას სასჯელი შეუმსუბუქა და სასიკვდილო განაჩენი თხუთმეტწლიანი პატიმრობით შეუცვალა.

გელა ხომერიკი ქალის გვერდით ჩამოჯდა, ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო:

– მე და თქვენი მეუღლე ერთ საკანში ვისხედით. ის რომ დასახვრეტად წაიყვანეს, ზუსტად სამი დღის შემდეგ გამომიცხადეს „პრიგავორის“ შეცვლის შესახებ. თქვენი კოორდინატები სწორედ მან მომცა და მთხოვა, თუკი ცოცხალი დავრჩებოდი, მაშინ თქვენ შეგხვედროდით და მისი სიტყვები გადმომეცა.

მეუღლის ხსენებაზე ქერათმიანს ცრემლები აუკიაფდა თვალებში, მაგრამ ტირილისგან თავი შეიკავა, შემდეგ პაუზა გააკეთა და შავგვრემანს უთხრა:

– გისმენთ, გელა, მითხარით რა დაგაბარათ ჩემთან ზაზამ.

ზაზა ქორქია სამი თვის წინ დახვრიტეს ორთაჭალის ციხის სარდაფში. ბრალად ლებანიძეების ოჯახის ამოწყვეტა ედებოდა. ბობოლა „ცეხავიკი“ ანზორ ლებანიძე და მისი ცოლ-შვილი 9 თვის წინ დახოცეს თბილისის ერთ-ერთ უბანში, მათი ბინა კი გაძარცვეს. მეორე დღეს მილიციამ ზაზა ქორქია დააპატიმრა, რომლის სახელოსნოშიც „ცეხავიკის“ ბინიდან წამოღებული ორი ანტიკვარული შანდალი და 4 ათასი მანეთი აღმოაჩინეს.

29 წლის ზაზა ქორქია მხატვარი იყო. ჰყავდა მეუღლე და 4 წლის ვაჟი – ლუკა. „ცეხავიკის“ მკვლელობას ის კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა ვერაფრით ხსნიდა, საიდან აღმოჩნდა მის სახელოსნოში ანტიკვარული შანდლები, რომლებზეც მისი თითების ანაბეჭდები იყო. ფულზე კი ამბობდა, რომ ის „ლევი“ შეკვეთისთვის მიიღო. თუმცა, ზაზას მიერ დასახელებულმა შემკვეთმა დასჯის შიშით კატეგორიულად უარყო ეს და ფულიც „ცეხავიკის“ ბინიდან წაღებულად ჩაუთვალეს ბრალდებულ მხატვარს.

ზაზა სამი თვის განმავლობაში ვაჟკაცურად უძლებდა ციხის ჯალათებისგან წამებას. ბოლოს კი გატყდა, მკვლელობა აღიარა და გამომძიებელს ჩვენება მისცა. ამრიგად, საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ სამი ადამიანის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ზაზა ქორქიას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ბრეჟნევთან გაგზავნილ შეწყალების თხოვნაზეც უარყოფითი პასუხი მოვიდა.

– სიკვდილის წინა დღეებში ზაზა აბსოლუტურად მშვიდად გამოიყურებოდა, საერთოდ არ ეტყობოდა მღელვარება. მას რატომღაც სჯეროდა, რომ მე არ დამხვრეტდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, აბსოლუტურად ზუსტად გამოიცნო თავისი დახვრეტის დღეც. 31 ივლისს, გამთენიისას, ბადრაგის ნაბიჯების ხმა გაისმა. მე ფხიზელი ძილი მქონდა, სიკვდილმისჯილთა საკანში კი კიდევ უფრო გამიმძაფრდა და შიშისგან ფეხზე წამოვიჭერი. ზაზამ აბსოლუტურად მშვიდი ხმით მითხრა: „დამშვიდდი, გელა, ისინი ჩემ წასაყვანად მოდიან. ერთი თხოვნა მაქვს და აქედან რომ გახვალ, ჩემს ცოლს დაუკავშირდი, სთხოვე, ჩემი ძმა, ლევანი მოძებნოს და ჩემი ამბავი მოუყვეს. ლევანის კოორდინატები კი კომოდის მარცხენა უჯრის საიდუმლო ფსკერზეა“. დაამთავრა თუ არა ლაპარაკი, ზაზა გადამეხვია. ამ დროს ჩვენი საკნის „კარმუშკა“ გაიღო და ზაზა იხმეს. შემდეგ ბორკილები დაადეს და წაიყვანეს. სამ დღეში კი მე განაჩენი შემიცვალეს და ზევით „ამწიეს“. აი, ქალბატონო დალი, სულ ესაა, რისი თქმაც მინდოდა. მე ზაზას უკანასკნელი სურვილი გადმოგეცით და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, – დააბოლოვა ხომერიკმა.

მონაზვნის წყევლა

როდესაც დალი გიორგობიანი სახლში დაბრუნდა და ხომერიკის მიერ მითითებული სამალავი იპოვა, იქ რუსეთის ერთ-ერთი მიყრუებული ადგილის მისამართი აღმოაჩინა. ქაღალდზე ძველთაძველი მონასტრის ადგილმდებარეობა იყო აღნიშნული და ეწერა, რომ ბერი კირილე იქ მოღვაწეობდა.

დალი ხუთი წლის წინათ გაჰყვა ცოლად ზაზა ქორქიას და არ იცოდა, რომ მას ძმა ჰყავდა. ზაზას მშობლები სიჭაბუკეში დაეხოცა და ძმის არსებობის შესახებ სიტყვაც არ დასცდენია მეუღლესთან. დალი ძალიან გააკვირვა ამ ამბავმა და გადაწყვიტა, რუსეთში გამგზავრებულიყო. მანამდე კი, თავისი ლუკა დედამისს მიაბარა.

ათდღიანი მგზავრობის შემდეგ დალი გიორგობიანმა, როგორც იქნა, მიაგნო უღრან ტყეში გადაკარგულ მონასტერს და ბერი კირილე მოიკითხა. როცა ქალი კირილეს წარუდგინეს, დალიმ შეჰკივლა და გული წაუვიდა. მის წინ მისი მეუღლე იდგა, ოღონდ წვერმოშვებული და ქალს უღიმოდა. როდესაც დალი მოასულიერეს, გაირკვა, რომ კირილე, ერისკაცობაში კი – ლევან ქორქია, დახვრეტილი ზაზას ტყუპისცალი იყო და ძმას გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა.

მამაომ დალისგან ზაზას ამბავი რომ მოისმინა, დაღონდა და თხუთმეტიოდე წუთი უხმოდ იჯდა, მიწას მისჩერებოდა, შემდეგ თავი ასწია და თქვა:

– მე და ზაზას მშობლები ძალიან ადრე დაგვეხოცა. ერთმანეთის მეტი არავინ დაგვრჩა. თვრამეტი წლის რომ შევსრულდით, მე ჯარში წავედი, თუმცა დარჩენა შემეძლო. ზაზა სამხატვრო აკადემიის მეორე კურსზე სწავლობდა. ოცი წლის ასაკში კიდევ ერთი წლით დავრჩი არმიაში, ეგრეთ წოდებული „სვერხსროჩნიკად“ და სადესანტო კურსების დამთავრების შემდეგ, არალეგალურად ერთ-ერთ ქრისტიანულ ქვეყანაში, რომელიც საბჭოეთისადმი მტრულად იყო განწყობილი, გადამისროლეს. იქ კი ერთ-ერთი სამხედრო ოპერაციის დროს, მონაზონი ქალი შემომაკვდა. სიკვდილის წინ მან ასე დამწყევლა – დიდხანს იცოცხლე, გამრავლდი და მანამ არ მოკვდე, სანამ შენი ჯილაგის ამოწყვეტას საკუთარი თვალით არ იხილავო. ამან ჩემზე იმდენად იმოქმედა, რომ თბილისში დაბრუნების შემდეგ, ზაზას გამოვემშვიდობე და მონასტერში გადმოვიხვეწე, იმ სურვილით, რომ ჩემს ჯილაგზე მელოცა და მონაზვნის წყევლა რწმენით გამომესყიდა. ზაზამ ერთი წლის შემდეგ მომაგნო, მაგრამ მე ის გავაგდე და ავუკრძალე ჩემი ხსენებაც კი. როგორც ეტყობა, წყევლამ მოქმედება დაიწყო და პირველი მსხვერპლი ჩემი უდანაშაულო ძმაა. დარწმუნებული ვარ, ასეთ სისასტიკეს ზაზა არასოდეს ჩაიდენდა და ჩემი ძმა უმიზეზოდ დახვრიტეს. მე შენ თბილისში წამოგყვები და შევეცდები, სიმართლე გავარკვიო, რათა ჩემი ძმის პატიოსანი სახელი აღვადგინო.

მამა კირილე მონასტრის წინამძღოლს ერთი თვით დაეთხოვა და თავის რძალს თბილისში გაჰყვა.

ცალთვალა ვასო

თბილისში დაბრუნებულმა მამა კირილემ თმა და წვერი დაიმოკლა და რომ არავის ეცნო, შავი სათვალე გაიკეთა, სამოსი შეიცვალა და თავის ჯარის მეგობარს, ვასო გეგეშიძეს სახლში მიადგა. ვასო ერთადერთი ადამიანი იყო ამქვეყნად, ვინც მამა კირილეს ბერად აღკვეცის ნამდვილი მიზეზი იცოდა. იმ ოპერაციაშიც ერთად მონაწილეობდნენ ვასო და ლევანი, როდესაც ამ უკანასკნელს შემთხვევით მონაზონი შემოაკვდა. ვასო ერთხელ მონასტერშიც კი ეწვია მამა კირილეს და მას აღსარება ჩააბარა. თბილისში, ვასო გეგეშიძეს „ცალთვალა ვასოს“ მეტსახელით იცნობდნენ. ის ბოროტმოქმედი გახდა და დედაქალაქის კრიმინალურ ელიტაში გაერია. თვალი კი ერთ-ერთი კრიმინალური შეტაკებისას დაკარგა. ამ კონფლიქტის დროს მას ადამიანი შემოაკვდა. სწორედ ამ ცოდვის მოსანანიებლად იყო მაშინ ცალთვალა ვასო მამა კირილესთან ჩასული მონასტერში.

– მამაო, შენ ხარ? აქ რა ქარმა გადმოგაგდო? – გაუხარდა „ცალთვალა ვასოს“ მეგობრის დანახვა. გადაეხვია და ბინაში შეიპატიჟა, სადაც მარტო ცხოვრობდა.

მამაომ ვასოს ყველაფერი უამბო და ბოლოს უთხრა:

– ჩემი ძმა ამ საქმის ჩამდენი არ იყო და ლებანიძეების ამოწყვეტა, როგორც ეტყობა, ვიღაცამ იმის შიშით გადააბრალა, რომ ადრე თუ გვიან, ნამდვილ დამნაშავეზე არ გასულიყვნენ. ამ სამყაროს კარგად იცნობ და შენი დახმარება მჭირდება, ჩემი ძმის კეთილი სახელი რომ აღვიდგინო და ბოროტმოქმედი ვამხილო. ჩემს ძმას ცოლ-შვილი დარჩა და არ მინდა, ისინი ტყუილად დაიტანჯონ. მათ ზაზას დახვრეტაც ეყოფათ.

ვასო გეგეშიძე ძველ მეგობარს ყოველმხრივ დახმარებას დაჰპირდა. მათ მოქმედება დაიწყეს.

დიდი „კუში“

ვასო გეგეშიძემ დაადგინა, რომ თბილისის ერთ-ერთ იატაკქვეშა სამორინეში ცნობილმა ყომარბაზმა, მეტსახელად „დუშაშამ“, ვიღაც ახალბედა არიფს 12 ათასი მანეთი მოუგო ზარში. ეს მოგება იმ პერიოდისთვის უზარმაზარი თანხა იყო ახალბედასთვის, თორემ დუშაშას უფრო დიდი „კუშებიც“ მოუგია და მთელმა კრიმინალურმა სამყარომ იცოდა, რომ ცნობილი ყომარბაზი ყოველ სეზონზე ზღვისპირეთიდან დიდი „მაყუთით“ ბრუნდებოდა. მგლურმა ინსტინქტმა ცალთვალა ვასო კვალზე დააყენა. ის დუშაშას სახლში ეწვია.

– ვასოს ვახლავარ! ჩემთან რა გასაჭირმა მოგიყვანა, ძმობილო? – დაინტერესდა დუშაშა.

– დუშაშ, შენ კარგად იცი, რომ მიკიბვ-მოკიბვული არ მიყვარს. სათქმელს პირდაპირ გეტყვი და შენ გადაწყვიტე, როგორ პასუხს გამცემ. იმ არიფის სახელი და კოორდინატები მჭირდება, ვისაც შენ ამ ცოტა ხნის წინ 12 ათასი ააფცქვენი.

– 12 ათასი რა დიდი კუშია, – თავი აარიდა პირდაპირ პასუხს დუშაშამ, – აი, ერთხელ სოჩაში მე და რომეომ...

– დუშაშ, – ეგ ისტორია მილიონჯერ მაქვს შენგან მოსმენილი და პონტებს ნუ მიგდებ. არიფის კოორდინატები მითხარი, ან სხვანაირად დაგელაპარაკები! – კბილებში გამოსცრა ვასომ და ხელი ქამრისკენ წაიღო, სადაც ბრაუნინგი ეგულებოდა.

– სევკა ჰქვია, ხარფუხში ცხოვრობს. ლაწირაკია და „ნიტო“ შკოლნიკია, „ნიტო“ – სტუდენტი. ხოსემ მომიყვანა და ვეყომარე. რა იყო, რატომ გაინტერესებს?

ვასოს დუშაშასთვის პასუხი აღარ გაუცია და ხოსესკენ გაემართა.

თავგანწირვა

ვასომ ხოსე „მალინის“ სარდაფში ჩაათრია და დაადგინა, რომ ვინმე სევკა – სიმონ ტლაშაძე იყო და სამხატვრო ტექნიკუმში სწავლობდა.

– მაყუთიანი ბიჭია, მაგრამ არიფი, ჩემი მეზობლის მდგმურია და იქიდან ვიცნობ. თუმცა, ფული საიდან აქვს, აზრზე არ ვარ. ისე კი მაყუთს არ უჭერს და ფანტავს. რა იყო, ვასოჯან, რამ გაგაბრაზა? – ჰკითხა ხოსემ ვასოს.

– იცოდე, ჩვენი საუბრის შესახებ არსად წამოგცდეს. ეს არც შენ გაწყობს, – უთხრა ვასომ ხოსეს და წავიდა.

სახლში დაბრუნებულმა ვასომ ყველაფერი მამა კირილეს უამბო. შემდეგი ერთი კვირა მეგობრებმა სიმონ ტლაშაძის პიროვნების დადგენას მოანდომეს. გაარკვიეს, რომ 20 წლის გორელი ბიჭი დახვრეტილი ზაზა ქორქიას კარგი ნაცნობი იყო და მის სახელოსნოშიც ხშირად დადიოდა. მათ, აგრეთვე, გაიგეს, რომ დახოცილი ლებანიძეები სიმონის უახლოესი ნათესავები იყვნენ და ეჭვი აღარ შეჰპარვიათ, რომ ყველაფერი სიმონის მიერ იყო მოწყობილი. ზაზა კი მისი საზარელი დანაშაულის გამო დახვრიტეს. მეგობრებმა მოილაპარაკეს, რომ მეორე დილას ტლაშაძეს სწვეოდნენ და დასაძინებლად დაწვნენ. მამა კირილემ ვასოს დასაძინებელი წამალი ჩაუყარა ჩაიში და როცა ცალთვალას ჩაეძინა, ის სახლიდან გამოვიდა. ტლაშაძე კოლმეურნეობის მოედანზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მამა კირილე იქით გაემართა. ბინაში შესვლამდე, ქუჩის ტელეფონით სადღაც დარეკა და შემდეგ მიადგა სიმონს.

– მობრძანდით, – შეიპატიჟა სიმონმა სათვალიანი, წვერმოშვებული მამაკაცი ბინაში და როდესაც ამ უკანასკნელმა სათვალე მოიხსნა, ახალგაზრდა ბოროტმოქმედი ადგილზე გაქვავდა.

– მე ზაზა ქორქიას ტყუპისცალი ვარ და აქ იმიტომ მოვედი, ჩაბარება გირჩიო. მე ბერი ვარ და გირჩევ, ცოდვები მოინანიო.

ტლაშაძე ერთხანს გაქვავებული იდგა, მაგრამ, როდესაც მამაო კირილემ მისკენ ნაბიჯი გადადგა, სიმონმა მოულოდნელად ნაგანი ამოაცურა შარვლიდან და მამაოს სამჯერ ესროლა. შემდეგ გაიქცა, მაგრამ ის მილიციის ოპერჯგუფმა ეზოში დააკავა, რომელიც ბერმა ქუჩის ტელეფონიდან გამოიძახა.

მამა კირილემ კაპიტან გონგლაძის მკლავზე დალია სული და მისი უკანასკნელი სიტყვები იყო:

– უფალო ღმერთო, მადლობა, რომ მე მიგყავარ და ჩემი ჯილაგი ამოწყვეტას გადაურჩა.

P. S. სიმონ ტლაშაძე გაასამართლეს, სიკვდილი მიუსაჯეს და დახვრიტეს. დედა-შვილი ქორქიები კი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში წავიდნენ. მოგვიანებით, ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს და დღესაც იქ ცხოვრობენ. რესტორნების წარმატებულ ბიზნესში არიან.


скачать dle 11.3