კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები







აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

ჯიმშიაშვილი-ჯიმშელეიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯიმშერი. მისი კნინობითი ფორმებია – ჯინი, ჯიმითა, ჯიმოთე, ჯიმუა, ჯიმშარი, ჯიმშელი, ჯიმშიერი, ჯიმშია.

ეს სახელი სპარსული წარმოშობისაა და ახალგაზრდა ლომს ნიშნავს.

ამავე ძირისაა გვარი ჯიმშელეიშვილი.

1721 წელს ბოცვეთში მოიხსენიება დათუნა ჯიმშიაშვილი.

საქართველოში 129 ჯიმშიაშვილი ცხოვრობს: ზესტაფონში – 36, თბილისში – 19, ქუთაისში – 16. არიან სხვაგანაც.

ფერიაშვილი

ფერია ანგელოზს, სინაზეს ნიშნავს. სავარაუდოდ, სწორედ ეს სიტყვა უნდა იყოს ამ გვარის ფუძე.

ზაქარია ჭიჭინაძის გამოკვლევის მიხედვით, ფერიაშვილი ფანიაშვილისგან მომდინარეობს.

როსტომ მეფემ 1658 წელს სოფელ ენაგეთში პაპუნა ბარათაშვილს აჩუქა ფერიაშვილის და მირაქას მამული.

ფერიაშვილები მოხსენიებულები არიან დოკუმენტში, რომელიც დათარიღებულია 1660 წლით.

საქართველოში 213 ფერიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 95, გურჯაანში – 41, გარდაბანში – 38. არიან სხვაგანაც.

ჩიტალაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჩიტი, ჩიტა.

ჩიტალაძეები ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში ცხოვრობდნენ და შემდგომ საცხოვრებლად ასურეთში გადავიდნენ. რაჭაში ცხოვრობენ ლარსა და სადმელში.

საქართველოში 182 ჩიტალაძე ცხოვრობს: თბილისში – 79, ამბროლაურში – 42, თელავში – 9. არიან სხვაგანაც.

გამრეკელაშვილი

გამრეკელი უძველესი ფეოდალური საგვარეულოა მესხეთში. გამრეკელ-თორელები მეთორმეტე საუკუნეში ფლობდნენ თმოგვის ციხეს. მონღოლთა ბატონობის დროს გამრეკელ-თორელი ჯავახეთის მმართველი იყო.

გამრეკელი საკუთარ სახელადაც გვხვდება. სავარაუდოდ, ის სამხედრო თანამდებობის აღმნიშვნელი სიტყვისგან უნდა იყოს წარმომდგარი.

ამავე ძირისაა გვარები – გამრეკელიძე, გამრეკლიძე.

„ბორბალოში მცხოვრებ სვიმონ გამრეკლიშვილს 1829 წელს ეყოლა ვაჟი. განათლა მღვდელმა ანტონ ციმაკურიძემ. სახელი უწოდა შიო. ნათლია იყო თანასოფლელი ნიკოლოზი“.

საქართველოში 350 გამრეკელაშვილი ცხოვრობს: ზესტაფონში – 89, ქარელში – 87, თხილნარში – 51. არიან სხვაგანაც.

იორამაშვილი-იორამიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი იორამი, რომელიც ებრაული წარმოშობისაა და ქართულად ნიშნავს „ღმერთი მაღალი“.

„იორამიშვილი, გვარით ბერძენი იორის შვილი, მოსული ძველადვე საბერძნეთით და მენიუდგან იწოდებიან იორამიშვილებად, აზნაურად იყვნენ მიღებულნი“.

1721 წელს გოლთეთში მოიხსენიება ელიზბარა იორამაშვილი.

1721 წლის აღწერაში, ქაიხოსრო ბარათასშვილის მიერ სიონის ეკლესიისადმი გაცემული ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება იორამ იორამაშვილი.

ამავე ძირისაა გვარი იორამიშვილი.

საქართველოში 159 იორამიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 35, თელავში – 21, რუსთავში – 3. ცხოვრობენ სხვაგანაც.

745 იორამაშვილი.

სუხაშვილი-სუხიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სუხა.

1721 წელს მოიხსენიება როსტომ ნამამლევიშვილის ყმა ქიტუა სუხაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები – სუხანაშვილი, სუხიაშვილი, სუხიშვილი, სუხიტაშვილი.

1883 წელს სოფელ ვარდისუბანში მოიხსენიება გიორგი სუხანაშვილი.

საქართველოში 624 სუხაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 197, კასპში – 175, საგარეჯოში – 115. არიან სხვაგანაც.

949 – სუხიაშვილი.

ბედინაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბედინა.

ასევე, გვხვდება საკუთარი სახელები – ბედანა, ბედია, ბედენა. მათგან კი მომდინარეობს გვარები: ბედანაშვილი, ბედენაშვილი, ბედიანი, ბედია, ბედიანიძე, ბედინაძე, ბედიაშვილი, ბედინეიშვილი, ბედმანიკაშვილი.

1823 წელს, ღოუბანში, აღწერის დროს დაფიქსირებულია თავად ქაიხოსრო ორბელიანის მამულში, გიორგი ბედიანაშვილი ოჯახით.

კოდაში მცხოვრებმა სახელმწიფო ყმამ, მიხეილ ბედიანაშვილმა, ცოლად ითხოვა გრიგოლ გოდერძიშვილის ქალიშვილი ელისაბედი. სასიძოს თავმდები იყვნენ დავით კოჭლაშვილი და გიორგი სუხიტაშვილი.

საქართველოში 500 ბედინაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 184, გარდაბანში – 140, რუსთავში – 50. არიან სხვაგანაც.

შოშიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შოშია.

ყმის ნასყიდობის წიგნში, 1609 წელს, მოხსენიებულია, რომ შანშე ჯავახიშვილს გიორგი ცალქალამანიძისთვის მიუცია შოშია ბესალაშვილი; 1703 წელს კი გიორგი შოშიაშვილს მიუცია ბერი ბერიაშვილისთვის მახარე შოშიაშვილი.

1873 წლის აღწერით, იასე და ალექსანდრე სოლოღაშვილების მამულში მოიხსენიებიან მახარე და მიხეილ შოშიაშვილები.

საქართველოში 1 412 შოშიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 352, თელავში – 243, გარდაბანში – 232. არიან სხვაგანაც.

თუშმალიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თუშმალი, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და ქართულად „სამზარეულოს მოხელეს“ ნიშნავს.

სოფელ მარტყოფში არის თუშმალაანთ საგვარეული კოშკი.

ალავერდა თუშმალიშვილი, როგორც მოწმე, მოიხსენიება სოფელ ენაგეთში 1738 წელს.

საქართველოში 95 თუშმალიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 63, გარდაბანში – 14, გორში – 7. არიან სხვაგანაც.

ლოლაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლოლა.

„ლოლაძეთა წინაპარნი არიან იმერეთიდან გადმოსულნი და ესენი ჩანდნენ ერეკლე მეფის დროს 1695 წელს და ტრაქტატსა შინა არიან მოხსენიებული, როგორც აზნაურნი და რომელნიც სახლობენ აწ იმერეთს და რომელიმე ქართლს“.

1721 წლის ბოცოეთის სახასოში მოიხსენიება გოდერძი ლოლაძე.

საქართველოში 1 890 ლოლაძე ცხოვრობს: თბილისში – 688, საგარეჯოში – 232, ჭიათურაში – 210. არიან სხვაგანაც.

კედელაშვილი-კედელაძე

გვარის ფუძეა მეტსახელი კედელა.

ამავე ძირისაა გვარი კედელაძე.

1721 წელს მოიხსენიება პაატა საგინაშვილის ყმა ბერია კედელაშვილი.

1823 წლის აღწერით, სოფელ ვარდისუბანში ივანე ბარათოვის ყმებად მოიხსენიებიან ნონია კედელაშვილი და მისი ოჯახი.

ვარდისუბნელმა სახაზინო ყმამ სოლომონ კედელაშვილმა, 1884 წელს დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის ეკლესიაში მონათლა ვაჟი სიმონი.

საქართველოში 460 კედელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 132, დუშეთში – 98, დედოფლისწყაროში – 71. არიან სხვაგანაც.

41 კედელაძე: გორში – 34, თბილისში – 5, ბათუმში – 2.

მარგიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მარგა, რომელიც წარმოშობილია სახელი მარგოსგან. თავად დიმიტრი თურქესტანიშვილის გლეხად, სოფელ ერტისში, 1823 წელს, მოიხსენიება გიორგი მარგიშვილი თავისი ოჯახით.

საქართველოში 399 მარგიშვილი ცხოვრობს. თბილისში – 306, რუსთავში – 29, ბათუმში – 15. არიან სხვაგანაც.

ყოჩაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ყოჩა, ყოჩია.

1781 წელს კოდაში მოიხსენიება იოანე მდივანბეგის ყმა ფარემუზა ყოჩაშვილი.

სამაჩვეთში მოიხსენიება ფარსადან ყოჩაშვილი.

საქართველოში 212 ყოჩაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 187, თბილისში – 15, რუსთავში – 10.


скачать dle 11.3